Home Blog Page 6

სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

„სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.

ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა – ირაკლი ჩიქოვანი

„ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი, ყველაზე დიდი პატივია“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა   საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებით მიულოცა ეროვნული დღესასწაული რეკრუტებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი 26 მაისს დადეს და ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ სამშობლოსათვის.

„საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე,  ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეები არასდროს დაივიწყებენ, თუ რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და არასდროს დაივიწყებენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას  შესწირეს სიცოცხლე.

მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათთან ერთად ვეტერანებს, რომლებმაც  თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი შექმნეს.

ქართული ჯარისადმი სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქედი მოიხარა დაღუპული გმირი მეომრების წინაშე და განაცხადა, რომ სწორედ ქართველი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს.

ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ -შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელიწადი ჩვენს სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

„ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად, ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ.

დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა – „ვფიცავ“. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ.

დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სამი ცნების გარეშე საქართველოს არასოდეს უცხოვრია და ვერც მომავალში იცხოვრებს.

„ეს ცნებები ჩვენი ცოცხალი მემკვიდრეობაა; უძველესი, მაგრამ თანამედროვე შინაარსის მატარებელი. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო. ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი; სახლი, სადაც ვცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამისა. მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა-პატრონობა, ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო.

ჩვენი ენა გვაძლევს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალებას, ურთიერთგაგების, სიყვარულის და სიკეთის უნარს. ქართული ენა ის აზრობრივი კალაპოტია, რომელიც ინახავს ჩვენს მეხსიერებას, სახელმწიფოებრივ, კულტურულ და ტრადიციულ კოდს, რაც გვაქცევს განუმეორებელ, უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ ქვეყნად.

დაბოლოს, ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულებების მოტრფიალე ადამიანი ვერასდროს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად.

ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზიზღსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დავუთმობთ. სწორედ ამიტომ ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას, რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენს საერთო სახლში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხოდ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად.

ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა; ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჭვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგულნი ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა.

ძალა ერთობაშია! განურჩევლად ჩვენი აღმსარებლობისა, ეთნიკურობისა და ადგილსამყოფელისა, ჩვენ ვართ ერთი ენერგიით გაერთიანებული, ერთიანი ქართველი ხალხი.

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გილოცავთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, 26 მაისი იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – გამარჯვების, თავისუფლების, ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს. ეს დღე იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ასევე, ყველა იმ პატრიოტი ადამიანის, ვინც სამშობლოს ემსახურა თავდაუზოგავი შრომით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ასეთ პატრიოტებზე დგას დღესაც ჩვენი ქვეყანა, რაც გვაძლევს საფუძველს ყველას გასაგონად ვთქვათ – საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. გილოცავთ 26 მაისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

 ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს, საქართველოს თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი-პრემიერი

საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური თქმით, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს.

„მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მივესალმები გენერლებს და ჯარისკაცებს. მივესალმები წვევამდელებს, რომლებმაც დღეს საქართველოს ერთგულება შეჰფიცეს. ყველას გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ, მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ, 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას: პირველი, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არცერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში; და მეორე, ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო – საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო-მიხეილ ყაველაშვილი

დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი განსაზღვრავს საკუთარ მომავალს და არავინ სხვა.

„მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ჩვენს ძვირფას ქართულ ჯარს, მივესალმები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელ პირებს, ქალაქ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, მივესალმები სრულიად საქართველოს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. ზუსტად 107 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს გვერქვას ქართველი, ვცხოვრობდეთ ქართულ მიწაზე, ვსაუბრობდეთ ქართულად და ვიყოთ ერთ-ერთი უძველესი, ევროპული, ქრისტიანული ერის შვილები. უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია – ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი.

სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ, ამ სამიდან, რომელიმე გამოაკლდება ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება.

ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა, რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე,  ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს, ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იყოთ ამაყი თქვენი თავდადების, გონიერებისა და ერთგულების გამო. უნდა იამაყოთ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. ჩვენ, ერთიანობითა და წინდახედულებით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს.

დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე ზრუნვა მუდმივ მოძრაობასა და მოქმედებას მოითხოვს. როგორც დიდმა ილიამ თქვა: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“. ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე დიდებულ და საამაყო პერიოდამდე -„ოქროს ხანამდე“ სწორედ მუდმივმა მოძრაობამ, გადამწყვეტი მომენტისთვის უწყვეტმა მომზადებამ და დაუღალავმა შრომამ მიიყვანა.

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა და სარწმუნოება სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა. ეს ბრძოლა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. იყო დრო ხმალ-იარაღით ბრძოლის, ისევე როგორც მოთმინების, ატანისა და გამძლეობის. იყო დრო როდესაც, კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალ-იარაღს. ისევე როგორც დღეს, თანამედროვე სამყაროში, ჩვენს სიტყვებსა და შორსმჭვრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება და საკუთარი თავის რწმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარად აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს. ქართველი კაცის მტკიცე ხასიათი და გამორჩეული ვაჟკაცობა ყოველთვის მოიცავს თავგანწირვას საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად. ჩვენი ამოცანა კი არის, არ დადგეს ეს საჭიროება – არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და სამშობლოზე.

მსურს, დღეს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას, საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები – სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო. რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო, საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო, ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა.

მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს.

ქართველი ერის სიძლიერის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი, გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას.

ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება, საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს თითოეული  მოქალაქის წარმატება. სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში. სამშობლო მუდამ თან უნდა გვდევდეს თითოეულ ჩვენგანს.

საქართველო არ არის უბრალოდ ინდივიდების ერთობა, არამედ ეს არის, ქართველი ერის მიერ, საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის უდიდესი და საამაყო ისტორია გააჩნია.

ქართველი ერის საბოლოოდ შეკვრასა და საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ქრისტიანობამ ითამაშა. ჩვენ უხვად გვაქვს ისტორიული ფაქტები, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველი სულიერი მამები საერო პირების მხარდამხარ, თუ როგორ იცავდა ერი და ბერი საკუთარ სამშობლოს ერთსულოვნად. თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ, რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, გვჭირდება მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე.

„ჩვენ საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ და სისრულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (ვიდეო)

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც მრავალი წელია, თიბისი გამორჩეულად აღნიშნავს.

თიბისიმ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გასულ წლებში, ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, დამოუკიდებლობის სკოლა, გმირები და სხვა გამორჩეული პროექტი შექმნა. ბრენდი წელსაც აგრძელებს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას და საზოგადოებას ახალი ვიდეო რგოლით ულოცავს ქვეყნისთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს.

დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად განვლილი განვითარების გზა, არც თიბისისთვის ყოფილა მარტივი. თუმცა, გამოწვევების საპასუხოდ, ყოველ შემდეგ საფეხურზე გამარჯვებული და კიდევ უფრო ძლიერი აგრძელებს სვლას. ყოველთვის ასეთი იყო თიბისი ამ ისტორიაში – შეუპოვარი, დაუნებებელი, გამარჯვებებითა და თვითრწმენით გაძლიერებული. თვითონ გამბედავი, მუდმივად იდგა და დგას ასეთივე ადამიანების გვერდით – ვინც არ ერიდება სურვილებს, დიდი თუ პატარა მიზნების დასახვას; ვინც გაბედულ ნაბიჯებს დგამს წინ; ვისაც სჯერა, რომ გადამწყვეტი ისტორიები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იჯერებ.

დღეს ჩვენი დღეა ყველაზე ჯიუტი, ყველაზე თავნება და ყველაზე დამოუკიდებელი ხალხის დღე, რომლებიც საუკუნეებია ასე ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელიც შეგვიძლია, მთავარია გვჯეროდეს!

https://www.facebook.com/tbcbank/videos/2109228879569509/?rdid=kvtAoydBkKtK5sXj#

®

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს, დაფუძნებულს ამ ქვეყნისადმი ღრმა სიყვარულზე -ჰადას მეიცადი

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მეიცადი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს უსურვებს.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება და სილამაზე უმალვე იპყრობს თვალს, მაგრამ რაც სამუდამოდ ტოვებს გულში კვალს, ეს მისი შინაგანი არსია – გამძლეობა, შემოქმედებითობა, კულტურული სიღრმე, ღირსებითა და იდენტობით გამორჩეული ხალხი. ამ ეროვნულ დღეს გისურვებთ უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს – დაფუძნებულს ამ ქვეყნისადმი ღრმა სიყვარულზე“, – წერს ჰადას მეიცადი.

https://www.facebook.com/hmezad/posts/pfbid02sKSfzUotEDXFTR3i4hNi3sBfRMdTKUhTHwDyQtNWhRk8LGKGwuD1dLhri3UsrmeWl

აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ -მარკო რუბიო 

J

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ მარკო რუბიოს მისალოც ტექსტშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა საერთო ღირებულებებზე დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვისკენ. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული, ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.

26 მაისი – 107 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.

1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:

დამოუკიდებლობის აქტი1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის  საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

დღეს ის 86 წლის გახდებოდა.  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.

ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა – ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავამ – მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ – სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის “ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში” რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად, ავტოკატასტოფის შედეგად  დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია – დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის.

მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.
•⁠ ⁠12:00 -16:45 – კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით
•⁠ ⁠12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი

ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახეზე მოხატვა; ზღაპრის გმირები.
•⁠ ⁠13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ
•⁠ ⁠12:00-19:00 – სოციალური საწარმო ,,კოდალა“;
•⁠ ⁠12:00 – 19:00 – საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება
•⁠ ⁠12:00 – 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან.
•⁠ ⁠12:00 – 20:00 – ღვინის სივრცე – ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია.
•⁠ ⁠12:00 – 19:00 – საგამოფენო სივრცე – ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები.
•⁠ ⁠12:00 – 19:00 – ყვავილების სივრცე – გარდენია შევარდნაძე;
•⁠ ⁠საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები;
•⁠ ⁠სცენა – მუსიკალური ნომრები, საუბრები – ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე.
•⁠ ⁠12:00 – 20:00 – კვების კუთხე და DJ
•⁠ ⁠17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბროლაურში, სახალხო ზეიმის მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ:
12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
12:00-17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება;
13:00 – 15:00 ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
12:00-18:00 მუსიკოსებისა და მსახიობების საზეიმო მსვლელობა;
12:00-20:00 რაჭული კულინარიის კუთხე;
12:00-20:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
17:10 – ჰიმნი თავისუფლებას!
17:30-19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით, მარნეულში, მემორიალთან – „კიდევაც დაიზრდებიან“, სახალხო ზეიმის მონაწილეები მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

პროგრამა:
12:00 – 19:00 – ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული და გასართობი აქტივობები; სახელოსნო სივრცის აქტივობა; ბატუტი; სახის მოხატვა; ყვავილების გვირგვინები; „გიფერი“ და ფოტოს ბეჭდვა.
12:00-17:00 – პროექტი „ქართული ენა გვაერთიანებს“
13:00-13:15 – ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა
13:30 -14:00 მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები ოჩო ფეხების და ანიმაციური გმირების თანხლებით
14:00 – 15:00 – საბავშვო ცეკვის აქტივობა
15:00- 16:50 – ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი
17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ანსამბლი „მარგალიტი“ – ჰაერში გაეშვება ჰელიუმის ბუშტები
17:30 – 20:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრები კი, მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვაში, დაესწრებიან კონცერტს და სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობ აქტივობებს.

პროგრამა:
12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
12:00-18:00 კვების სივრცე
12:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „ქართული ენა გვაერთიანებს“
12:00-18:00 საბავშვო-გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების გასართობი პროგრამა, სახის მოხატვა, ხატვის გაკვეთილები, გიგანტური ჭადრაკი, ყვავილების გვირგვინების დამზადება
13:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა
13:10 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის სიტყვით გამოსვლები
14:00 ანიმაციური საცეკვაო თამაში
15:00-16:30 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით
16:30 – საპნის ბუშტების შოუ
16:45 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად
17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ანსამბლი „მძლევარი“
კულმინაცია: ჰელიუმის ბუშტები
17:15 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში. რაბათის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, კოსტუმირებული მსვლელობები და კონცერტები მოეწყობა.

პროგრამა:
12:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
13:00 – 18:00 – კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერებთან ერთად; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები: სახატავი სივრცე; სახის მოხატვა; თიხის სუვენირების მოხატვა; მცენარეების დარგვა; ყვავილების გვირგვინების გაკეთება; ხის პინების მოხატვა; საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან და მასკოტებთან ერთად;
14:50 – 16:40 – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა
17:00 – 17:05 – დამოუკიდებლობის დღის მილოცვა სცენაზე – ანსამბლი “მესხეთის ბავშვთა სალოტბარო გუნდი”
17:10 – 17:15 – საქართველოს ჰიმნის შესრულება – “მესხეთის ბავშვთა სალოტბარო გუნდი”
ჰიმნის შესრულების დროს, სტუმრებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები, საქართველოს დროშის ფერებში, 26 მაისის ბრენდირებით, რომლებიც ცაში გაეშვება.
17:15 – 17:20 – თანამედროვე საცეკვაო ნომერი – წითელი და თეთრი ლენტებით
17:20 – 19:20 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი გორში. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცეები უმასპინძლებს, აგრეთვე, პროგრამა დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით:

12:00-19:00 თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე – „პირველი რესპუბლიკა“
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე – „გამოჩენილი ადამიანები შიდა ქართლიდან“
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე – „შიდა ქართლი“
12:00-21:00 ინსტალაცია – 26 მაისი
12:00-21:00 ფოტოგადაღების სივრცე
12:00-18:00 ფოტოგადაღების სივრცე – ID ბარათი
12:00-17:00 სამახსოვრო პასპორტების დამზადება
12:00-17:00 მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა
12:00 -17:00 საჯარო რეესტრი – ამზომველების ავტომობილებისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოფენა
12:00-17:00 მობილური იუსტიციის სახლი
12:00-17:00 პენიტენციური სამსახური – სივრცე კვადროციკლებისთვის
12:00-17:00 რესოციალიზაციის მარკეტი – „რე-მარკეტი“
12:00-21:00 მოსასვენებელი სივრცე
12:00-21:00 კვების სივრცე
12:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
13:00-13:30 მსახიობების საზეიმო მსვლელობა
15:00-17:00 შეჯიბრი და საჩვენებელი ვარჯიში ძიუდოში
16:00-16:30 მსახიობების საზეიმო მსვლელობა
17:10-17:13 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა

საბავშვო აქტივობები
12:00-18:00 ხატვის მასტერკლასი
12:00-18:00 ძერწვის მასტერკლასი
12:00-18:00 გიგანტური ფაზლი
12:00-18:00 შემეცნებითი ვიქტორინა
12:00-18:00 ციფრული სივრცე – კიბერ თამაშები
12:00-17:00 სახის მოხატვა
12:00-17:00 ჰულაჰუპების თამაში
12:00-18:00 ცარცით ხატვა
12:00-18:00 საბავშვო ატრაქციონები
13:00-13:30 ილუზიონისტის შოუ
14:00-14:30 საპნის ბუშტების შოუ
15:00-15:10 მუსიკალური მსვლელობა
15:30-15:40 საპნის ბუშტების შოუ
15:40-15:50 ილუზიონისტების შოუ
16:00-16:10 მუსიკალური მსვლელობა
12:00-14:30 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
17:10-17:15 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი
18:00-21:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს ხელშეწყობით, ცენტრალური მოედანი სტუმრებს, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებით უმასპინძლებს, ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.

პროგრამა:
12:00 – 20:00 – შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ავიაშოუ; საბავშვო, გასართობი აქტივობები; დღის კონცერტი; გალა კონცერტი

შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები – შემეცნებით სივრცეში განთავსდება კუბის ფორმის მასშტაბური პავილიონი, სადაც დამთვალიერებელი ნახავს საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლებს თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო; პლანეტარიუმი – მასშტაბური, აუდიო-ვიზუალური, შემეცნებითი წარმოდგენა;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – წარმოდგენილი იქნებიან სტენდებით და დამთვალიერებელს შესთავაზებენ, როგორც ხელოვნური ინტელექტის კუთხეს, ისე შემეცნებით-გასართობ ცდებს ქიმიასა და ბიოლოგიაში; იმიტირებულ „არქეოლოგიურ გათხრებს”; ასევე გამოიფინება სამეგრელოსთან ისტორიულად დაკავშირებული ხელნაწერები; გაიმართება წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის გაცოცხლების ვორქშოფი – „დაბეჭდე დედა ენა“; ქაღალდის რესტავრაციის მასტერკლასი.
სტენდებით წარდგებიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; პროფესიული უნარების სააგენტო და პროფესიული კოლეჯები, რომლებიც სხვადასხვა სახის მასტერკლასებს ჩაატარებენ.

გაიმართება მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა; ანიმატორები სხვადასხვა შინაარსის შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებენ ბავშვებს; კულინარიული შოუ (მანჯი); გუნდური შეჯიბრებები; პერფორმანსები ბავშვებისთვის საყვარელი გმირების მონაწილეობით; საპნის ბუშტების შოუ; მიმების, ჟონგლიორების, აკრობატების პერფორმანსი

12:00-15:00 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით

16:55-17:10 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის დავით კოდუას და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჯინჭარაძის მილოცვა

17:10 საქართველოს ეროვნული ჰიმნის ცოცხალ შესრულებას წარმოადგენს – ზუგდიდის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი

17:15 ფერადი ბოლის ფოერვერკი

18:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

12:00 საათიდან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 26 მაისს, ზუგდიდში წარსდგება “ტექნოპარკი საქართველოს” პავილიონით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შემდეგი აქტიობები:
•⁠ ⁠LEGO & littleBits
•⁠ ⁠⁠3D მოდელირება & დრონები
•⁠ ⁠⁠3D სკანირება & VR ტექნოლოგია
•⁠ ⁠⁠ანიმაციის და STEAM ვორქშოფი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით იზეიმებს თელავი.

პროგრამა:
12:00-19:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
12:00-19:00 – სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
12:00 -19:00 – საგამოფენო სივრცეები:
„1918 წლის 26 მაისი“; „კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობები“; „კახეთის რეგიონის საზოგადო მოღვაწეები“; „საქართველო ღვინის სამშობლო – უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლების გამოფენა“; „კახეთის რეგიონის ვაზის ჯიშები“.
12:00-19:00 – ფოტოგადასაღები სივრცე „26 მაისი“.
12:00-19:00 – ღვინის სადეგუსტაციო სივრცე – „კახური მარანი“.
12:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – ზღაპრის გმირები; თამაშების წამყვანი-ანიმატორი; ბატუტის სივრცე.
14:00 18:00 – შემეცნებითი აქტივობა ბავშვებისათვის – „ტყის ბავშვები“ – პროგრამით – „მცენარეების მოვლა, გადარგვა და დარგვა“ .
14:00-16:00 – კახური ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასი და ადგილზე დაგემოვნება – მასტერკლასს გაუძღვებიან შეფ-მზარეულები: დადუნა ღლონტი და ქეთი კვიჭიძე;
12:00-19:00 – კოსტუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობები.
15:00-16:00 – ,,ჟოზეს სასცენო სპექტაკლი“ – სასცენო სპექტაკლი სხვადასხვა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თელავის ფირუზ მახათელაშვილის სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულოს“ შესრულებით.
18:00 – 21:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ხონში, ადგილობრივი ხელისუფლება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული დღესასწაულის სტუმრებს საზეიმო ღონისძიებებით დახვდებიან.

პროგრამა:
12:00 – 19:00 საზეიმო ინსტალაციები, საგამოფენო სტენდები, ფოტო ზონები, მოსასვენებელი სივრცეები; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:00 – 14:30 – საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონია – კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
14:00 – 19:00 – VR კუთხე; კალიგრაფიის მასტერკლასი; სახის მოხატვის აქტივობა
14:30 – 16:00 – საბავშვო აქტივობები
14:30 – 17:30 – გასტრონომიული კუთხე
16:45 – 17:10 – კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
17:05 – 17:10 – დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
17:10 – 17:15 – საქართველოს ჰიმნის შესრულება
ჰიმნის შესრულების დროს სტუმრებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში და 26 მაისის ბრენდირებით, რომლებიც ცაში გაეშვება.
17:20 – 19:30 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
პროგრამა:
12:00-17:30 სახელოსნო, ბავშვთა გასართობი სივრცე: აქტივობები – სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, სპორტული შეჯიბრებები, ილუზიის ოთახი.
12:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-19:30 სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
14:00-14:30 საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონია. კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
14:00-17:30 სახელოსნო, ბავშვთა გასართობი სივრცე: აქტივობები – ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქიმიური შოუ, კოსტუმირებული ანიმატორი, განძის ძიება, ქართული ცეკვის მასტერკლასი.
14:30-16:30 ადგილობრივი და დიასპორის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი:
– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“,
– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ბიჭუნათა ანსამბლი „მცხეთა“;
– თბილისის სტუდია „საუნდ ლაბი“;
– ქსნის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ქართული“;
– მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები;
– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ხალხურ საკრავთა ანსამბლი.
– ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია.
– ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია.
16:30-16:50 კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი “შავნაბადა”.
17:30-19:30 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ოზურგეთის მერიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება ოზურგეთში:
14:00 საათიდან – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო აქტივობები; პოპკორნისა და ბამბის ნაყინის კუთხე; ბატუტი; გიფერის კუთხე; ტერიტორიაზე იმოძრავებენ კოსტუმირებული ოჩო ფეხები; გიგანტური საპნის ბუშტების შოუ; გინესის რეკორდსმენი თავით ბურთის კენწვლაში – გოდერძი მახარაძე. ახალი რეკორდის დამყარება.
14:00-17:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა
17:05-17:10 – ჰიმნის – გაერთიანებული ანსამბლების შემადგენლობით
17:10-17:20 ჰიმნის შესრულებისას საბავშვო ანსამბლის წევრები სცენის წინ გაშლიან საქართველოს 10-მეტრიან დროშას; სცენის გვერდზე კი გაისვრის ფერადი ფოიერვერკი
17:20-19:30 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
20:30 საზეიმო ფოიერვერკი

რუსთავში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება თავისუფლების მოედანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებულ სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩაერთვებიან.
პროგრამა:
12:00 – 18:00 – ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
14:00 – 15:30 – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
11:00 – 19:00 – იმპროვიზირებული კაფე
13:00 – 17:00 – გამაგრილებელი სასმელების და კოქტეილების ბარი
13:00 – 16:00 – გასართობი ზონები: ზღაპრის კუთხე, ქვიშის აუზი, ხეზე ხატვის ვორქშოპი, 3D ფაზლები.
14:00 – 17:00 – ფლორისტების კუთხე
11:00- 16:30 სპორტული აქტივობები: საცოცი კედელი, გოლფის მოედანი, სამაგიდო თამაშები, კალათბურთის და ფეხბურთის მინი მოედნები.
14:00 – 15:00 – ილუზიონისტის შოუ;
15.00 – 15.30 – თითების თეატრის 2 წარმოდგენა
17:00 – ქორეოგრაფიული შოუ
17:10 საქართველოს ჰიმნი – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის კაპელა, ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე
18.00 – 20.00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, რუსთაველის რკალის ტერიტორიაზე, 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება.
პროგრამა:
12:00 საათიდან – საგამოფენო სივრცე, ⁠⁠შსს-ს სპეცტექნიკა, თემატური ინსტალაციები, საბავშვო გასართობი სივრცეები, თემატური ფოტო ზონები, კვების, კულტურულ – შემეცნებითი და გასართობი სივრცეები.
13:00 – 16:20 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
17:10 -17:15 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – ადგილობრივი ანსამბლი „ფაზისი“
18:00 – 20:20 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის ეროვნული სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ფოსტის ხელშეწყობით, ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ, სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდებათ.

პროგრამა:
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
13:00 ორკესტრის მსვლელობა.
13:00-17:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა
13:00 – 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა
14:00 – 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები – ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით
13:30-17:00 – საბავშვო სივრცე: გვირგვინების დაწვნის მასტერკლასი, სხვადასხვა თამაშები
13:15 – 15:00 – დღის კონცერტი – ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით
17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი – ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი
17:20 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

12:00 – 19:00
წარმოდგენილი იქნება ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტებისგან შექმნილი საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან, ფრენის სიმულაციის ოთახი, სხვადასხვა ვორქშოპები და გასართობი საბავშვო აქტივობები.
– აეროპორტების მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
– აეროპორტების საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტოზონა.
– აეროპორტების სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის

12:00-19:00 ფოსტის საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტ-ვორქშოპი, კონვერტის დამზადების ვორქშოპი, საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება, წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი)
ფოსტის მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია, კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სახელების დაწერა.
საქართველოს ფოსტის ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტოზონა); ბატიბუტისა და ბამბის ნაყინის კუთხე;

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
პროგრამა:
12:00 – მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, ბათუმში არსებული ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, დროშების ხეივანი, ინსტალაციები, საბავშვო ზონა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფრაგმენტების კუთხე.
17:10 – საქართველოს ჰიმნი ცოცხალი შესრულებით – რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
18:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

საქართველოს ყველა რეგიონში, 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები, საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.