Home Blog Page 6

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახლად შეძენილი უნარების გამოყენებისთვის. ეცადეთ, თანამოაზრეები იპოვოთ და პროექტებზე მუშაობას მათთან ერთად შეუდგეთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ, ახალი იდეები წარმოადგინოთ და ახალი საქმეები თამამად დაიწყოთ.
წარმატებული დღეა ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. გირჩევთ, ფული განათლებასა და საკუთარ განვითარებაში დააბანდოთ. ინტერიერის ახალი ნივთების შეძენა სახლს სიმყუდროვეს შემატებს, თქვენ კი კმაყოფილებას მოგიტანთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასასრულებლად. უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, რომელიც დასვენებას გთხოვთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ყველა საქმე დაივიწყოთ და დრო ისე გაატაროთ, რომ სულსა და სხეულს სარგებელი მოუტანოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რომანტიკული ურთიერთობების ძიება შეაჩეროთ და შეძლებისდაგვარად ახალ ნაცნობობას მოერიდოთ. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – დროს შესაძლებლობა მიეცით, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს.

ტყუპები

დღევანდელი დღე თქვენგან საკუთარ თავთან ყურადღებიან და ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გამოკვლევები ჩაიტარეთ და პროფილაქტიკურ მკურნალობას ნუ უგულებელყოფთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალსა და სამსახურში წარმატებას გპირდებიან. ფულის განაწილებას ყურადღებით მიუდექით. დღეს სასურველია მხოლოდ იმ პროექტებში ინვესტირება, რომლებიც კარგად არის შემოწმებული და ეჭვს არ იწვევს.

კირჩხიბი

ეს დღე როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში წინსვლისთვის შესაძლებლობას გაძლევთ. ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობა ისე დაამყაროთ, რომ ორივე მხარის ინტერესები გაითვალისწინოთ. ვარსკვლავური პროგნოზის მიხედვით, ამ დღეს გელით შეხვედრა ადამიანთან, რომლის გარეგნული და შინაგანი სილამაზე თქვენს გულს მოაჯადოებს. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს. გირჩევთ, მოერიდოთ ფინანსური თემების განხილვას ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ახლო გარემოცვაში არ შედიან.

ლომი

ლომებისთვის ეს დღე კეთილდღეობას განასახიერებს. დაბრკოლებების მიუხედავად, სამსახურში ნაყოფიერი თანამშრომლობა გელით. კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან საუბარმა შეიძლება სასიამოვნო შედეგი მოგიტანოთ. თავი შეიკავეთ საყვარელი ადამიანის მისამართით ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო შენიშვნისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ გაანაწყენებთ, არამედ კონფლიქტსაც გამოიწვევთ, რომელიც დიდხანს გაგრძელდება.

ქალწული

ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი უნდა იყოთ. დახმარების თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით — ყველაფერი, რასაც დღეს გააკეთებთ, თქვენს საქმეებს წაადგება. იღბალი თქვენს გვერდითაა – ნუ დაიბნევით და ხელსაყრელი მომენტი გამოიყენეთ! გახსოვდეთ, რომ თქვენი ახლობლების ბედიც თქვენს ხელშია. დადგა დრო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ და დაგროვილ პრობლემებში გაერკვეთ.

სასწორი

პლანეტების არახელსაყრელი მდებარეობა არასასიამოვნო სიტუაციის შესახებ გაფრთხილებთ, რომლის ცენტრშიც შეიძლება აღმოჩნდეთ. მოემზადეთ თქვენს გარშემო ინტრიგების, პროვოკაციებისა და ჭორებისთვის და გახსოვდეთ რომ ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას დაადექით. პროვოკაციაზე ნუ წამოეგებით, დამშვიდდით და ემოციები აკონტროლეთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ყველა საქმე გადადოთ და ეს დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. რომანტიკული ვახშამი და მთვარის შუქზე სეირნობა თქვენს ურთიერთობას გაამყარებს.

მორიელი

ამ დღის დადებითი ტენდენციები თქვენს ფინანსურ სტაბილურობას განსაზღვრავს. საღამოს თქვენს ხელში მოხვდება ინფორმაცია, რომელსაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ. თუ ყურადღებას მოადუნებთ და მოვლენებს დინებაზე მიუშვებთ შედეგი უაღრესად არასასურველი იქნება. ეს პერიოდი ხელსაყრელია თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ფინანსურ საკითხებში იღბალი განსაკუთრებით მამაკაც-მორიელების მხარესაა – ასეთ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოსალოდნელია სამსახურში კოლეგებს შორის კამათი და დაპირისპირება – ამ ვითარების განმუხტვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
ფინანსურად არახელსაყრელი დღეა. ყურადღებით იყავით — მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება, ფულის ან საბანკო ბარათის დაკარგვა. განაახლეთ პაროლები, რომ თავიდან აიცილოთ თქვენი ფულის სხვის ანგარიშზე გადარიცხვის მცდელობა. ნუ ენდობით მათ, ვინც უკვე გიღალატათ – შესაძლოა, სიტუაცია განმეორდეს.

თხის რქა

სტრესი და შედეგად, ჯანმრთელობის გაუარესება რომ თავიდან აიცილოთ, ეცადეთ საკუთარი ძალები გონივრულად გამოიყენოთ. ამ დღეს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური შთაბეჭდილებების სიჭარბე თქვენს ძილზე უარყოფითად იმოქმედებს, რაც უკიდურესად არასასურველია. ახლა რელაქსისთვის ყველაზე შესაფერისი დროა – გაემგზავრეთ დამამშვიდებელ მასაჟზე ან თბილი შხაპი მიიღეთ.

მერწყული

ამ დღეს მერწყულებისთვის განწყობის გაფუჭებას ვერავინ შეძლებს. სირთულეების მიუხედავად, თქვენ ნაყოფიერად მუშაობას და შესანიშნავად დასვენებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებაში განმარტოება. ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელია პირადი საქმეებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ავადმყოფობის პირველივე სიმპტომის გაჩენისას ექიმს მიმართეთ.

თევზები

თევზებისთვის დადებითი ემოციებითა და ორიგინალური აღმოჩენებით სავსე, ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, მშვიდად აღიქვათ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება. პლანეტების არახელსაყრელი მდებარეობის გამო გირჩევთ, გრძელვადიან შეთანხმებებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერისგან თავი შეიკავოთ. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ პარტნიორებზე არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ.

,,დღეს ევროპული ბიუროკრატია გარე ძალებისგან არის მართული, რაც პირდაპირ აისახება ევროპის მდგომარეობაზე”- ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ, დღეს ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა არაევროპულებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ევროპული ბიუროკრატია გარე ძალებისგან არის მართული, რაც პირდაპირ აისახება ევროპის მდგომარეობაზე.

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ევროკავშირის ბიუროკრატიას და შევთავაზეთ დისკუსია, თუმცა მათ თქვეს უარი. 31 აგვისტომდე იყო ყველანაირი დრო იმისათვის, რომ გვემსჯელა ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა მათ თქვეს უარი დიალოგზე. საჯაროდაც შევთავაზეთ დისკუსია ყველას, ყველასგან მივიღეთ უარი. საჯაროდაც არაერთხელ შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, რომ მზად ვიყავით დისკუსიისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას მათ უპასუხეს ხისტი მიდგომით, რაც არ შეეფერება ევროპას. ეს არ არის ევროპული დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა დღეს არაევროპულობით. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, დღეს ევროპული ბიუროკრატია გარე ძალებისგან არის მართული, რაც პირდაპირ აისახება ევროპის მდგომარეობაზე. მაგალითად, ტაბუდადებული თემაა ევროპაში საუბარი ეკონომიკაზე, ევროკავშირის ეკონომიკა 2008 წელს შეადგენდა მსოფლიო ეკონომიკის 30%-ს, იყო ნომერ პირველი ეკონომიკა მსოფლიოში და ევროპას ჰქონდა ძლიერი იდენტობა. დღეს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში არის 17.5%-მდე ჩამოსული, 30%-დან 17.5%-მდეა ჩამოსული და ევროპული იდენტობა არის მოშლილი ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს დამართა ევროპულმა ბიუროკრატიამ საკუთარ სივრცეს, ევროკავშირს. ასეთ დროს უნდათ, რომ საქართველოსაც იგივე დამართონ, დაასუსტონ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი იდენტობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი მიდგომა საქართველოს მიმართ. არ გვინდა ჩვენ დაგვემართოს იგივე, რაც დაემართა ევროკავშირს. 30% იყო მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი და არის ჩამოსული 17.5%-მდე. კარგავენ იმას, რაც ჰქონდათ დაგროვებული 1945 წლის შემდეგ, უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე. ყველაფერს კარგავენ, 30%-დან ჩამოვიდნენ 17.5%-მდე. იდენტობა აქვთ დაკარგული ძალიან ბევრი მიმართულებით, ეროვნული იდენტობა, რელიგიური იდენტობა. ჩვენ არ გვინდა, იგივე ტენდენციები გაჩნდეს საქართველოში და სწორედ ამიტომ ვიბრძვით ასე პრინციპულად იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, მართავს ევროპულ ბიუროკრატიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია ჯანსაღი დისკუსია და დიალოგი ევროპულ ბიუროკრატიასთან.

„დღესაც ჩვენი კარი არის ღია, მაგრამ ველოდებით, ბუნებრივია, ევროკავშირის ბიუროკრატიის პოზიციას. უარს ამბობენ კომუნიკაციაზე. ასეთ რამეს საბჭოთა მოსკოვიც არ აკეთებდა. ყველანაირ კომუნიკაციაზე ამბობენ უარს. დღესაც ვაცხადებ, მზად ვარ, ხვალ იტყვიან, ხვალვე ჩავალ ბრიუსელში, შედგეს ჯანსაღი დისკუსია, ამაზე ამბობენ უარს. ამაზე მეტი საბჭოური მიდგომა რა არის. მეტი რა ვქნათ, ვეუბნებით, რომ ყველა საკითხზე მზად ვართ დისკუსიისთვის. ამას ვეუბნებით და იქიდან არის ჩაკეტილი კარი. დისკუსიის გარეშე როცა გთხოვენ იმის დადგენას, რომ ერთნაირსქესიანმა წყვილმა უნდა აიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი, ეს არის მიუღებელი. რომ მიხვალთ სამოქალაქო რეესტრში, უნდა გადაიკეთოთ სქესის შესახებ ჩანაწერი. ეს ხომ არანორმალურია და ამას გვთხოვენ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები. ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი მოვლენაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კახა კალაძე: ბოლო იარაღი, რითაც ქართველ ხალხს ემუქრებიან,  ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, თუმცა  დარწმუნებული ვარ, აქაც დამარცხდებიან

თბილისის მერის განცხადებით, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, არ არსებობს. 

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ჩვენ თუ ამას სამართლებრივად შევხედავთ და მივყვებით, როგორც არის „ასოცირების ხელშეკრულებაში“ გაწერილი, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღის წესრიგში შემოტანილი აქვთ პოლიტიკური სპეკულაციები. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ ცრუ განცხადებებს, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუნდაც, მაგალითად, გამჭვირვალობა რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ მომავალს და ღირებულებებს. დღემდე არანაირი პასუხი არ არსებობს, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებით არის გაჯერებული მათი განცხადებები. ხომ იცით, „ძალა აღმართს ხნავსო“, ეს დამოკიდებულება აქვთ, უნდათ, რომ ქართველი ხალხი დაჩაგრონ.

ჩვენ გვქონდა შანტაჟის, მუქარის შემთხვევები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხით ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, მაგრამ ჩაუვარდათ. შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა, აქაც დამარცხდნენ. ბოლო იარაღი, რაც დარჩენიათ და რითაც ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან, ეს არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ისინი აქაც იქნებიან დამარცხებულნი, იმიტომ, რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მხარეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – ამ ქვეყანაზე ვერავინ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას

ირაკლი კობახიძე – ამ ქვეყანაზე ვერავინ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას, ვერაფრით ასაბუთებენ, რატომ არის კარგი, რომ ერთსქესიანმა წყვილმა შვილად აიყვანოს არასრულწლოვანი, როცა არც გესაუბრებიან და ცდილობენ, ხელი გადაგიგრიხონ, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა

ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა, უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტი სათანადო ვადებში შედგენილია და უკვე გადაგზავნილია ევროკავშირში.

„რაც შეეხება 31 აგვისტოს და ჩვენს პასუხს ევროკავშირის მიმართ, დოკუმენტი შედგენილია, გაგზავნილია ევროკავშირში. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, არ ვიცით, ვნახოთ, როგორია პროცედურები, გასაჯაროებაც შესაძლებელია ამ დოკუმენტის, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით ვალდებული, ეს დოკუმენტი გაგვესაჯაროებინა ევროკავშირისთვის და ეს გავაკეთეთ სათანადო ვადებში, დაველოდებით ევროკავშირის პასუხს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა უნდა  დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ. იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ. იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იგივე „გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ. ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გაუმჭვირვალობა კარგი. ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, ან რატომ არის კარგი ის, რომ ერთსქესიანმა წყვილმა აიყვანოს შვილად არასრულწლოვანი. დაასაბუთონ, ამასაც შევასრულებთ. ისინი ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ არ შეიძლება მაგალითად ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი – რატომ ითხოვენ ამის გაუქმებას – დაგვისაბუთონ, დაასაბუთებენ – გვექნება რეაქცია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველაფერი საჭიროებს პრევენციას, უმძიმესი ტენდენციებია ევროპულ ქვეყნებში და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შესაბამისმა ძალებმა საბერძნეთშიც მოახერხეს.

„ეს არის ძალიან მძიმე ტენდეციები და ჩვენ პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა. სტატისტიკაზე აისახება ეს ყველაფერი, სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობაზე აისახება ეს ყველაფერი. ჩვენ პრევენციულად უნდა დავუპირისპირდეთ ასეთ მოვლენებს და ასეთ სამომავლო მოთხოვნებს. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს კანონი. იგივე ეხებოდა „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ვერავინ ამ ქვეყანაზე ვერ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას. უბრალოდ შეუძლებელია ამის დასაბუთება, დაასაბუთონ, კი ბატონო, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა ამის დასაბუთება.

პრინციპულად არის ორი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია – ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების თემა და ეს არის გამჭვირვალობის თემა. ყველაფერი დანარჩენი არის ნაკლებად პრინციპული საკითხები ჩვენთვის, შესაბამისად, მზად ვართ ყველანაირი მსჯელობისთვის. რაც შეეხება ამ ორ კანონს, აქაც ვამბობთ, რომ დაგვისაბუთონ, რა და რატომ არ მოსწონთ, მაგრამ არაფერზე გვესაუბრებიან, საბჭოური მეთოდებით უნდათ, რომ ხელები გადაგვიგრიხონ და გვაიძულონ, რაც აბსოლუტურად არასწორია. გვესაუბრონ ყველაფერზე, დაგვისაბუთონ, დაგვაჯერონ, მაგრამ როცა არც გესაუბრებიან და ცდილობენ, ხელი გადაგიგრიხონ, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ,,უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, საარჩევნო რეჟიმია და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა

სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი. 

„ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, – განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული სიის წარდგენისას.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა, რომელსაც მას თბილისის მერის თანამდებობა აკისრებს.

„თბილისი ხომ მხოლოდ ქალაქი არ არის. იგი საქართველოს ისტორიის, მისი კულტურისა და იდენტობის სახეა – ჩვენი ერის ერთიანობის, გამარჯვებებისა და წინსვლის სიმბოლო. ამდენად, იყო პასუხისმგებელი თბილისის აწმყოსა და მომავალზე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ჩემს გუნდთან ერთად, კარგად ვაცნობიერებ. ამასთან, თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ისევე, როგორც ნებისმიერ ქალაქს, სჭირდება განახლება, განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო, უძველესი ისტორიის შენარჩუნება, კიდევ უფრო ბევრი სიახლე და თანამედროვე ქალაქად გარდაქმნა. ყველა რეფორმა, რაც ბოლო რვა წლის მანძილზე წამოვიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბოლო რვა წლის განმავლობაში, საკუთარი მერობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

„შედეგი სახეზეა: გაპარტახებული სკვერები და პარკები იქცა ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებად, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გართობა და დასვენება. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. რეალობად იქცა ასობით თბილისელის ოცნება – მიეღო ქონება, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მის მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დაკარგულად მიაჩნდათ. დაწყებულია მშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარება. დღეის მდგომარეობით, დავეხმარეთ 12 ათასამდე ოჯახს და მივეცით შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც ათეულობით წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი ქალაქის განახლებისთვის. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ ბევრად უკეთესი შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ და ივარჯიშონ თანამედროვე სპორტულ მოედნებზე და სკეიტ პარკებში. საპენსიო ასაკის თბილისელებს შეუძლიათ, ისარგებლონ უფასო სპორტული თუ შემოქმედებითი პროგრამებით. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, კულტურის, სპორტის, განათლების, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით არსებულ სერვისებზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა ნუნდა, ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის, უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი, რათა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყოს საცხოვრებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელებაში დედაქალაქის საკრებულოს როლიც მნიშვნელოვანია.

„თბილისმა დაიბრუნა ის ხიბლი, რაც მას გამოარჩევს – სიცოცხლისუნარიანობა, სილაღე და სიხალისე. ეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმის, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული რეფორმების, პროექტებისა და პროგრამების დამსახურებაა. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის საკრებულოს როლი, რომელიც არის ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო. საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და თბილისელების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობით, შემუშავდა და მიღებულ იქნა ჩვენი ქალაქისთვის უმინიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.

„ჩვენ სწორედ ამ გრაფიკს მივყვებით – მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები გაიმართება, შემდეგ კი, არჩევნებამდე იქნება პაუზა.

მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება გაგრძელდეს საკომიტეტო სხდომები. პარლამენტი არჩევნების შემდეგ პლენარულ სხდომებს განაახლებს. რა თქმა უნდა, თუ საჭიროება იქნება, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია პლენარული სხდომის გამართვა, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მიმდინარე თვეს პლენარული სხდომები არ გაიმართება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები 2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.

„მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე უნდა ვცნოთ პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება, რომლებიც ამ პოლიტიკური გაერთიანების უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრების ნაცვლად პარლამენტის წევრები გახდებიან. პლენარულ სხდომებზე, რა თქმა უნდა, გაიმართება კანონპროექტების განხილვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადასცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №3 წარდგინება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ნემსაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“. 

მაიკლ ფლინი: ევროპელი ლიდერების ქედმაღლობა გამარჯვებას ვერ მოიტანს

ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომელიც დონალდ ტრამპს უბიძგებს გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევს, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს, – წერს გენერალი მაიკლ ფლინი სოციალურ ქსელში X.

ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც არის გამოსახული და აღნიშნავს, რომ პუტინი სურათზე იზოლირებულად სულაც არ გამოიყურება.

„ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომელიც დონალდ ტრამპს უბიძგებს გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევს, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. თუ ევროკავშირს უნდა ეს არეულობა, მათი იყოს. მეტი სიკვდილი, მეტი ხარჯი და ევროპელი ლიდერების მეტი ქედმაღლობა გამარჯვებას ვერ მოიტანს. ამერიკამ ამ არეულობიდან გამოსავალი ძალიან სწრაფად უნდა იპოვოს“, – მიიჩნევს გენერალი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6940 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1579 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1438 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.

საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამარათლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება – რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს – გია ვოლსკი 

აშშ – ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, წერილში პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილის დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ წერილი კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება იმისათვის, რომ ორმა ქვეყანამ ამ თემებზე იმსჯელოს.

„საკმაოდ სერიოზული გლობალური გამოწვევებია, ბევრი საფრთხეა რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ რესურსები საკმაოდ აგრესიულია. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, წერილში პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს. იმედია, ეს კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება იმისათვის, რომ ამ თემებზე ვიმსჯელოთ. ამერიკის რესურსი შეუდარებლად დიდია საქართველოს რესურსთან შედარებით. ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება – რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ ვერ დაიმსახურა აქამდე ამერიკის ყურადღება საქართველომ, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „მთელი რიგი ფაქტორები არსებობს, რაც შესაძლოა, ორმხრივ ურთიერთობაში პროგრესის განვითარებას აფერხებს“.

„ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, ასევე ამერიკასა და ჩინეთს შორის. ბევრი თემა და კითხვაა ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. შესაძლოა, ეს არის გარემოებები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთელი რიგი გარემოებების მიუხედავად, საფრთხეები, რომელიც საქართველოშია და სამხრეთ კავკასიას ახასიათებს, ვაშინგტონისგან გაცილებით უფრო მეტ და ინტენსიურ ყურადღებას ითხოვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაწერა წერილი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ოპოზიციური ლიდერებისგან განსხვავებით ყაველაშვილს არ აკლია არც ინტელექტი და არც ცოდნა.

„სერიოზული კითხვებიდან არასერიოზულზე გადადიხართ. თქვენი ლიდერებისგან განსხვავებით, ჩვენს პრეზიდენტს არ აკლია არც ინტელექტი, არც ცოდნა. დამოუკიდებლად ყაველაშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ურთიერთობებში დამოკიდებულებას ახასიათებს. ყაველაშვილისგან ჩამოყალიბებული პოზიცია არ მოგისმენიათ გინდათ პარლამენტში და გინდა ინტერვიუების დროს?” – განაცხადა ვოლსკიმ.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განმარტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომის თაობაზე განცხადებას პარლამენტი ცნობად იღებს, დასკვნის პროექტს კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამზადებს.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 26 აგვისტოს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კომიტეტს მიაჩნია, რომ ანრი ოხანაშვილს ვადამდე შეუწყდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება“, – ნათქვამია დასკვნის პროექტში.

კომიტეტის დასკვნის პროექტი პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას წარედგინება.

„ბატონი ანრი, როგორც ვიცით პრემიერის განცხადებიდან, გადაინაცვლებს მისი მრჩევლის პოზიციაზე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გამოცდილება, ის მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც ბატონ ანრი ოხანაშვილს აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც აუცილებლად ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ანალიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, მას ახალ პოზიციაზე წარმატება მინდა ვუსურვოთ.

ასევე, როგორც ვიცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გათვალისწინებულია ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. იქნება შესაბამისი პროცედურები მისი მოსმენის თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში, ზოგადად, ამ საკითხის განხილვის კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ეს საკითხი გადაინაცვლებს კენჭისყრაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას სრული მხარდაჭერა ექნება. ამიტომ მას, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის, გამორჩეულ პატრიოტს და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს, მინდა მხოლოდ და მხოლოდ წარმატება ვუსურვო იმ პოზიციაზე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ის დაიკავებს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.