Home Blog Page 6

ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა.

რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას მინისტრი ამას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპრომისებით მიღწეული ზავი მხოლოდ პაუზა იქნება.

ლიპავსკი ამბობს, რომ ევროპისთვის რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თავდასხმის საშიშროება კი უკრაინაში ომის დასრულებით არსად გაქრება, ამიტომ ჩეხეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ – ვლადიმერ პუტინი

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„შიში არ შეიძლება. ვისაც შიშის გრძნობა გაუჩნდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს“.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

PSP-სა და “MAGENTO”-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს “Bighorn Web Solution” შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა

“PSP ფარმას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და კომპანია “ბიგჰორნ ვებ სოლუშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმ “მაჯენტოს” ელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

კომპანია „ბიგჰორნ ვებ სოლუშენს“ უზრუნველყოფს „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარების სიჩქარე, მომხმარებლისთვის სარგებლობის პროცესი კი უფრო მოსახერხებელი და გაუმჯობესებული გახდება.

“PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით განვითარებას; კერძოდ სიჯანსაღისა და თავის მოვლის კატეგორიის პროდუქტების ელექტრონული კომერციით ხელმისაწვდომობის გაზრდას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. ეს განახლება კომპანიას საშუალებას მისცემს მთლიანად რეგიონში წარმატებით განახორციელოს პროდუქციის ელექტრონული რეალიზაცია.

ელექტრონული კომერციის სრულყოფილი პლატფორმა წინა წლის ნოემბერში სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული, თუმცა წინა კონტრაქტორმა კომპანიამ ამ დრომდე პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოებიც ვერ დაასრულა. გადახდილი სოლიდური ავანსის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ “სვიფტ ჯორჯიამ”, რომლის დამფუძნებელია საერთაშორისო კომპანია Making Science Swift Internationa, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, PSP-ს რეგიონული ელექტრონული კომერციის პროცესი აქამდე შეაფერხა.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარება PSP-სთვის მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.

Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგვა დასრულდება Microsoft-ის ERP მოდულების აფთიაქებში ERP სისტემის დანერგვით. საპილოტე აფთიაქებში უკვე გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად – რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. „Bighorn Web Solution“ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ელექტრონული კომერციის ფლაგმანი გახდეს რეგიონში.

(R)

უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს სწორ არჩევანს და სწორ დამოკიდებულებას რეალობის მიმართ და არა იმ ფეიკების მიმართ, რომლებსაც აგენტები ავრცელებენ – მამუკა მდინარაძე

ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით და რამდენად კიდევ უფრო თავმოყვარე, სუვერენული, დამოუკიდებლობა განმტკიცებული სახელმწიფო გვინდა შევქმნათ, იმისთვის რომ არ გავატაროთ არცერთი უსამართლო აქტი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მეგობარ აქტზე“ პასუხის შესახებ საუბრისას, რომელიც პარლამენტმა მოამზადა.

„აბსოლუტური უმეცრებაა იმის თქმა, რომ საქართველოს დღეს სჭირდება ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება. სისულელეა. ის რომ ათასი ისეთი რამ წერია, რაც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს დოკუმენტი, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა.

გასაგებია ისიც, რომ შეიძლება [„მეგობარი აქტს“] შემდგომი განვითარება არ მოჰყვეს, არ დაუჭირონ საბოლოოდ მხარი ან დაუჭირონ და შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი არ მოაწეროს. ყველაფერი შეიძლება. შეიძლება მოაწეროს კიდევაც, რაც ნაკლებად სავარაუდოა – პრაქტიკულად გამორიცხულია, ჩემი აზრით, მაგრამ დაუშვებელი არაფერია. მაგრამ ეს ხომ ინდიკაცია იქნება იმისა, რეალურად რა შედეგებს მიაღწია „დიფ სთეითტან“ ბრძოლაში ახალმა ადმინისტრაციამ. ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლაში რა შედეგებს მიაღწია. ისევ ის ძალები მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებზე თუ მართლაც მოახერხა პრეზიდენტმა ტრამპმა სადავეების ხელში აღება? შეიძლება ეს არ იყოს გადამწყვეტი მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენთვის ხომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია? და არა მხოლოდ ჩვენთვის – სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა ხომ უნდა დაინახონ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უსამართლო დამოკიდებულება და ეს უსამართლო დამოკიდებულება თურმე გაგრძელდა – ამას ცუდ შემთხვევაში ვსაუბრობ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ დეტალზე რეაგირება უნდა გვქონდეს. ჯერ ამას ვცდილობთ, რა თქმა უნდა „სცენის მიღმა“, არასაჯაროდ. მაგრამ როდესაც ამას შედეგი არ აქვს, ჩვენ თვითონვე უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს სწორ არჩევანს და სწორ დამოკიდებულებას რეალობის მიმართ და არა იმ ფეიკების მიმართ, რომლებსაც აგენტები ავრცელებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7440 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0464 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1012 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0548 ლარი შეადგინა.

გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ პოზიციათა თანხვედრის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე -მამუკა მდინარაძე

ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ამას თავისი მიზეზები აქვს და ეს უნდა განმარტონ იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

„პირველ რიგში, ძალიან კარგია, მათ შორის საამაყოც კი შეიძლება, იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია. მეორე – ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, განსაკუთრებით მათ მიერ გახმოვანებული მესიჯები და გაცილებით ადრე ჩვენ მიერ გახმოვანებული, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე. ამას თავისი მიზეზები აქვს. ამას ჩვენ ვერ განვმარტავთ, ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყანამ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ვიდრე ეს არ იქნება განმარტებული, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი. მანამდე მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, ვისაც კი ეს ხმა მისწვდება და იქნება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად, მეტიც, საქართველო ასეთ პოზიციებს, რომლებსაც დღეს აშშ ახმოვანებს, თვეებით და წლებით ადრეც კი ახმოვანებდა, ამის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, გენერალური პროკურორის მოადგილედ კი ზურაბ ბელთაძე.

„გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში.

ასევე, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გიორგი გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

რაც შეეხება თბილისის პროკურორს ლევან გეგეჭკორს, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ახალ მოადგილესთან, თბილისის ახალ პროკურორთან და დეპარტამენტის უფროსებთან საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ მოსკოვს ომის დასრულება არ სურს” – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება რუსეთის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონის საბოლოო სიგნალი.

ანდრეი ერმაკის თქმით, ამ დროისთვის რუსეთს არანაირი პასუხი არ გაუცია ვლადიმერ პუტინის თურქეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კიევმა კი დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა და თურქეთში ჩავა.

ანდრეი ერმაკმა დასძინა, რომ 12 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან „ძალიან ძლიერი და მკაფიო“ განცხადება გაკეთდა, რომ თურქეთში ორივე ლიდერის დასწრებას ელოდება.

„მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი თუ უარს იტყვის თურქეთში ჩასვლაზე, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რომ რუსეთს არ სურს, არ არის მზად რაიმე მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 21.3 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა.  აღნიშნული ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. მოზიდულ სახსრებს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვისა და სასესხო პორტფელის ზრდისთვის გამოიყენებს.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  საქართველოს საპენსიო ფონდი მიკრობანკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს.

„ემბისიმ“ წარმატებით განახორციელა 21.3 მილიონი ლარის ობლიგაციების პირველი ტრანში თიბისი კაპიტალის ხელშეწყობითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ობლიგაციების  ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდის მსგავსი მხარდაჭერა მიიღო, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.“ გია პეტრიაშვილი, „ემბისის“  გენერალური დირექტორი

“მოხარულები ვართ, რომ თიბისი კაპიტალსა და მიკრობანკ „ემბისის“  შორის პირველი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ემიტენტთან წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, კომპანიამ წინა ემისიასთან შედარებით 0.25 საპროცენტო პუნქტით გაუმჯობესებული პირობებით გამოუშვა ბონდები. ასევე, წარმატებით მოხერხდა ინვესტორთა ბაზის გაფართოება. თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში, წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მივიღეთ მონაწილეობა, რითიც ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ მხარეებს, ახალი საინვესტიციო და დაფინანსების მექანიზმების მოძიებაში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის პროცესში, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და რაოდენობის გაზრდა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. რეფორმა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ ინვესტორთა ბაზის გაძლიერებას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. ამ მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია.  აღნიშნული ემისიების შედეგად, საფონდო ბაზარზე მოზიდულია დაახლოებით 241 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა.“ მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის გაღრმავებისკენ და მონაწილეობა მიიღო მიკრობანკ „ემბისის” ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაში. ეს ჩვენი მეცხრე ინვესტიციაა ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში და ვაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში. მივესალმებით, რომ ტრანზაქცია განხორციელდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში”-ს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაზრის სტიმულირებასა და ქართული კომპანიებისთვის დაფინანსების ახალი წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გახდება დამატებითი სტიმული ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, საპენსიო დანაზოგები დავაბანდოთ ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებას ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესების დაცვით.” – ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი

“ემბისი” პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ 8 რეგიონში, 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-საგან ემბისის მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).

ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია-სალომე ზურაბიშვილი

ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი ირაკლი კობახიძის გაგზავნილ ღია წერილში ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება ჩანს.

„მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო, რადგან აქ დაცული არ არის არცერთი, არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი არ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა, არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლებისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ წრეში ძალიან დიდი ნერვიულობაა და ეს წერილი ამისი გამომჟღავნებაა. ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, თუმცა ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხარო არის. სამწუხარო იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც 30 წელზე მეტია, ამერიკა ყველა კუთხით და ფორმით ეხმარება.

ამერიკა, რომელმაც ჩვენ პრაქტიკულად ჯარი მოგვცა, ყოველ შემთხვევაში, მოამზადა, რომ ჰქონოდა დღევანდელი თანამედროვე სტანდარტები; ამერიკა, რომელიც მოგვეხმარა, რათა ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილას. 30 წელი ჩვენ ვიყავით ამერიკული დახმარების ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი მსოფლიოში მოქალაქის მიხედვით. ეს არის ჩვენი პასუხი, ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს არის მაჩვენებელი ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.

აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა – ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი – ვახტანგ ცინცაძე

აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე რეკორდულია როგორც ექსპორტის, ისე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები იანვარი – აპრილის პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ბიზნეს სექტორის მაღალ აქტივობაზე, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში აისახება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასევე მზარდია როგორც ტურიზმიდან, ისე სხვა სერვისებიდან მიღებული შემოსავლები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელი იქნება პოზიტიური. საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კერძო სექტორის აქტივობას იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, ვინარჩუნებთ მაღალ კაპიტალურ ხარჯებს მშპ-სთან მიმართებით. აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შექმნას და ინვესტიციების სტიმულირების ეფექტი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ 2025 წელი იქნება იმაზე მეტად პოზიტიური, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იმედია, საქართველო გახდება სწორედ იმ ევროპის ნაწილი, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება და, რომლისთვისაც გამოსავალი იქნება დიალოგი და არა კარის მიჯახუნება -ლევან მახაშვილი

იმედია, საბოლოო ჯამში, ევროპა კრიზისიდან გამარჯვებული, უფრო ძლიერი გამოვა და საქართველო გახდება ნაწილი სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება, პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და არ გაიბუტება პატარა ბავშვივით, იმ ევროპის, რომლისთვისაც რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს დიალოგი და არა კარის მიჯახუნება, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ბუდაპეშტში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში ჩანს კონტურები, რომ დამოკიდებულება შეიცვლება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

მახაშვილის განცხადებით, დღეს ევროპის მთავარი გამოწვევაა, რომ ეკონომიკურად, სამხედრო და პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

„ჩვენ გასული ორი დღის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში. მთავარი თემა საუბრების იყო ევროპის მომავალი. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი დაკვირვებები აღნიშნული კონფერენციიდან. დღეს ევროპის მთავარი გამოწვევა არის, რომ ის ეკონომიკურად, სამხედრო და პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მსოფლიოს სხვა ძალებთან შედარებით. მსოფლიოში ყველაზე დიდი ომი სწორედ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და გამოსავალიც ჯერჯერობით არ ჩანს. მთავარი ღირებულებითი კავშირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების აშკარად დასუსტებულია, რაც მას კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს და ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ, მათ შორის ამ კონფერენციის მიმდინარეობისას. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ცვლილებებს ევროკავშირი ან თავად მართავდა, ან შორიდან ადევნებდა თვალს. ახლა კი თავად ევროკავშირი მოიცვა ცვლილებებმა. კერძოდ, წევრ  ქვეყნებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ძალები, რომლებიც ანგრევენ ათწლეულების განმავლობაში მოქმედ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. აქამდე კონსერვატიულ იდეოლოგიას უარყოფდნენ და პოლიტიკური სცენიდან რიყავდნენ. ახლა კი ამ ადამიანების რაოდენობამ და გავლენამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ევროპაში ახლადაღორძინებული კონსერვატიზმის იგნორირება და კრიტიკის მიუღებლობა აღარ იძლევა შედეგებს. როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიისთვის ბრძოლის სახელით მათი ხმების ჩახშობის მცდელობა გადაიზარდა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დაზიანებაში“, – განაცხადა მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში, დიდი ხანია, რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები ცდილობენ, უგულებელყონ, ჩაახშონ და შეურაცხყოფა მიაყენონ ეროვნულ, ხალხის ხმას.

„მათ ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. დღეს რომ ამ დარბაზის ნაწილი ცარიელია, ამის ძალიან კარგი დამადასტურებელი ფაქტია. საქართველოში მათ წააგეს ეს ბრძოლა საკუთარ ხალხთან და საკუთარ ქვეყანასთან. იმედია, საბოლოო ჯამში, ევროპა ამ კრიზისიდან უფრო გამარჯვებული, ძლიერი გამოვა და საქართველო გახდება ნაწილი სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება, იმ ევროპის, რომელიც  პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და არ გაიბუტება პატარა ბავშვივით, იმ ევროპის, რომლისთვისაც რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს დიალოგი და არა კარის მიჯახუნება. ჩვენი ორმხრივი შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირში ნელ-ნელა ამის კონტურები იკვეთება. დარწმუნებულები ვართ, რომ საღი აზრი აქაც გაიმარჯვებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნა მახაშვილმა.