Home Blog Page 6

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.

ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება  და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს. 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.

აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.

მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით – ლევან იოსელიანი 

25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც საგანგაშოა – დღემდე არის სიტუაცია, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით , – ამის შესადებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, დიღმის იზოლატორში დაკავებული პირების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ფაქტი სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაგზავნილია შესაბამისი დოკუმენტაცია. სახალხო დამცველი უწყებას გამოძიების დაწყებისკენ და ყველა სამართალდამცავის, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა, პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

“მე და ჩემმა წარმომადგენლებმა ყველა დაკავებული მოვინახულეთ, რომლებიც იმყოფებიან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და სადაც ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. შევადგინეთ სპეციალური დოკუმენტაცია და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნეთ. აქაც, დიღმის იზოლატორში ვინც კი ვნახე დაკავებული, ერთის გარდა, ყველა ძალის გადამეტებაზე და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. რამდენიმე მათგანს აღენიშნებოდა სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი. სამწუხაროდ ისე, როგორც წინა აქციების დროს ვნახეთ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, იქცა ჩვეულ ამბად. 25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც საგანგაშოა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვინც ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული, ყველანი პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები. დღემდე არის სიტუაცია, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მათ შორის ინგოროყვას კლინიკაში არიან მოთავსებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

ჩვენთვის გარდა დაკავებულების წარმომადგენლებისა არავის მოუმართავს, თუმცა ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა, რაც მიუღებელია საკუთარი მოქალაქეების მიმართ და შსს-ს მოვუწოდებ, დაიწყოს მოკვლევა და გამოავლინოს ყველა ის პირი, რომლებიც მოქალაქეებს ასე მიმართავდა.

სახალხო დამცველის ფუნქციაა, რომ ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ადამიანია უფლებების დარღვევას განცხადება გააკეთოს და დროული გამოძიება მოითხოვოს. ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც დაინდიტიფიცირებულია პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმართული გვაქვს. საგამოძიებო სამსახური და კანონმდებლობა იმიტომ გვაქვს, რომ ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები იქნეს გამოძიებული. მე აღმასრულებელი მანდატი არ მაქვს, აღმასრულებელი მანდატი აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელმაც ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს და მე მეტი კომპეტენცია არ მაქვს. ჩემი ბერკეტია, რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ვაფასებთ ხვდება, ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია და რომელსაც ყველა საქართველოს პარტნიორი კითხულობს და ამით აფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას.

ასევე, შემაშფოთებელია, როცა მედიის თანამშრომლებზე ხდება ძალადობა და მათ არ ეძლევათ საშუალება უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საქმიანობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ფაქტი დროულად გამოიძიოს და ყველა პირი მისცეს პასუხისგებაში”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8403 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8563 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0160 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9651 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0561 ლარი შეადგინა.

გამოცხადდა 2025 წლის სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ – ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2025 წლის  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ – ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მიზანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით,  სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების  და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე.

https://shorturl.at/ruQCp

იმედია გამოიჩენთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დაიცვათ აშშ-ს შელახულ ღირსებას! – გოგა ხაინდრავა დანიგანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს მიმართავს.

„ელჩო დენიგან!
იმედია გამოიჩენთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დაიცვათ აშშ-ს შელახულ ღირსებას!
საჯაროდ ბოდიშს მოუხდით ქართველ ხალხს იმ ბოროტი საქმიანობის გამო რასაც წლების მანძილზე ჩასდიოდა
აშშ-ს საელჩოში მოკალათებული კორუფციის და ექსტრემიზმის ბუნაგად ქცეული
USAID!
GOD BLESS USA!“,- წერს ხაინდრავა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის – საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგაც სესიაზე გავა.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე, სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აიკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება – იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით; ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3-წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარაც.

დღეს უკვე აშშ-დან გვესმის განცხადებები, თუ როგორი კორუფცია და მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება – მდინარაძე

არა თუ მხოლოდ დასტურდება, არამედ შეიძლება ითქვას გადაჭარბებულადაც კი გვესმის განცხადებები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წითელ ხაზებს არც კი ვუახლოვდებით. ჩვენ იმდენი გვქონდა და გვაქვს სალაპარაკო თავისი დახურული შეხვედრების დეტალებით, რომ ამან შეიძლება ახალი სკანდალები გამოიწვიოს, საბედნიეროდ ჩვენ გავძვერით ამის გარეშეც და არ დაგვჭირდა ეს ყველაფერი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ NED-თან დაკავშირებითაც არის კორუფციაზე კონკრეტული შენიშვნები, კრიტიკა და გვახსოვს განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, ხშირად იყო საუბარი ამ მიმართულებით, დასტურდება თუ არა ის, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბროდა.

„დღეს უკვე აშშ-დან გვესმის განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორი კორუფცია და მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება ისვე როგორც დღეს ბევრი ევროპელი ბიუროკრატი საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არ შეიძლება იყოს ევროპელი ხალხის ინტერესი. არ შეიძლება იყოს გერმანელი ხალხის ინტერესი ის, რასაც ლაპარაკობს რომელიმე გერმანელი, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ბიუროკრატი, რომ ფსევდო ლიბერალურ მიმდინარეობებს მკაცრად იცავენ.

არ შეიძლება იყოს რომელიმე ფრანგი ან სხვა ძლიერი ევროპული ქვეყნის მოქალაქის ინტერესი იმ ფსევდო ლიბერალური მარაზმატიკული ინტერესების დაცვა, რასაც ამ ქვეყნის ზოგიერთი ბიუროკრატისგან და ბრიუსელში დაბანაკებული ბიუროკრატისგან ვისმენთ. ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ევროპა და ევროპული ბიუროკრატია. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ევროპელი ბიუროკრატები რეალურად თავისი საქმიანობით ევროპის და ევროპულობის, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ იბრძვიან და აქვე არის ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც არის წარსულის პატივისმცემელი თავისი ტრადიციებით, თავისი იდენტობის და ამის გათვალისწინებით აპირებს, რომ მომავალი ააშენოს.

თუკი ჩვენ ჩვენს წარსულს პატივს ვცემთ და ქართულ იდენტობას პატივს ვცემთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვზრუნავთ მომავალზე, პირიქით. ერი, რომელიც დაივიწყებს თავის წარსულს, განწირულია სიკვდილისთვის. ერი რომელიც თავის იდენტობას, ტრადიციებს და კულტურას სცემს პატივს, ამისი შენარჩუნებით მოახერხებს მხოლოდ თავისი ღირსეული მომავლის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და ღირსეული ევროპელობის და ევროპულობის უზრუნველყოფას, სხვანაირად ნებისმიერი ერი განწირულია სიკვდილისთვის, ჩვენ სიკვდილს არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყნის გადარჩენა და კიდევ უფრო წინ სვლას, ოღონდ არა ბრიუსელის ზოგიერთი ბიუროკრატის ჭკუაზე, როგორც ამას ისინი ცდილობენ „დიფ სტეტის“ გავლენების წყალობით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია

მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია. ამასთან, საპარლამენტო დელეგაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრებმა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს.

პარლამენტის ბიურომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან წევრების გაწვევის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის სახელით „ხალხის ძალას“ ეკავა. დელეგაციის წევრები იყვნენ: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო კვოტით: – ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე.

„ველით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის პირვანდელ ღირებულებებს დაუბრუნდება, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში – მამუკა მდინარაძე

ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან.

„ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში.

თუ ამ ქვეყანაში, ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების, ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით. სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება.

ბუნებრივია, შტატები არ არის პატარა ქვეყანა და პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ასე მარტივად შეიძლებოდეს „დიფ სთეითისა“ და მისი გავლენების დამარცხება, სხვა დაბალ რგოლებშიც, დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები იქნება. მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაწუხებს, ვიდრე სხვა დანარჩენი. უნდა მივეჩვიოთ ამას, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ… ჯერ ჩვენმა და მერე კი ბატონო, ვიმეგობროთ ვისთანაც გინდათ, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას, რასაც გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია. იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითისა“ და არა ამერიკელი ხალხის მსახურება მალე დამთავრდება. სუბიექტურადაც ეს გვაწყობს. სანამ ქვედა რგოლი ზედა რგოლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მანამდე ეს ჯანჯღარი და გარკვეული ტურბულენტობა [წინა კვირებთან მიმართებით ცოტა ნაკლები] მაინც გაგრძელდება, რაც აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსს, მოქალაქეების უფლებებს და ა.შ. ეს რამდენადაც აღმოიფხვრება, იმდენად კიდევ უფრო თავისუფალი იქნება საქართველოს მოქალაქე, ხელისუფლება, ქართველი ხალხი თავის მოქმედებებში და მით მეტად გაიუმჯობესებს კეთილდღეობის ხარისხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“, რათა, მისი თქმით, „ხელისუფლებას ქვეყნის ეფექტურად მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები“ ჰქონდეს.

როგორც მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

მისი თქმით, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა.

„საკანონმდებლო ცვლილებებს ვიწყებთ, რომ ქვეყნის არაეფექტიანი მართვისკენ მიმართული კანონები შეცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები. დღეს წარმოგიდგეთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი ნორმების მიღებით.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდო ლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის, ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე. ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ, ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია იქნება, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაისჯება და ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც. ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები – მამუკა მდინარაძე

ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გარე ძალების გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.

„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი არგუმენტებით ნაკლებად შეძლოს „დიფ სთეითის“ აგენტურამ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ამაში ვგულისხმობ გარე ძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.

ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.

დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავს მოხვეული ნორმები, სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთვებოდა კომისიის მუშაობაში, ვგულისხმობ კომისიის წევრობას – ვლადიმერ ბოჟაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე

რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს ეს კომისია. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთვებოდა კომისიის მუშაობაში, ვგულისხმობ კომისიის წევრობას, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას.

„რა თქმა უნდა ოპოზიციას ამ პროცესებში ჩართვა მოუწევს, ეს იქნება ძველი თუ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, ლელოში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ის ადამიანები, ვინც დღეს გახარიას პარტიაში არიან. ამ 12 წლის განმავლობაში არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. კომისიის მუშაობა დამატებით ინფორმაციას, დამატებით ფაქტებს, დამატებით მტკიცებულებებს შექმნის საიმისოდ, რომ ერთის მხრივ პროკურატურაში გაგრძელდეს გამოძიება ბევრი მიმართულებით და მეორე მხრივ არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.