Home Blog Page 6

,,უცხოეთიდან რომ ჩამოხვალთ, ჩორჩანას მკვიდრთან, ელგუჯა ხარაზიშვილთან ერთად შეხვალთ ამ ტერიტორიაზე? თუ აღარ აპირებთ ჩამოსვლას?”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი გახარიას კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჰკითხა :„თქვენ მიიჩნევთ, რომ ნაკლებად ეფექტურად აკონტროლებდით ამ ტერიტორიას და ამოცანა იყო, უფრო ეფექტურად გაგეკონტროლებინათ, ამიტომ ჩადგით საგუშაგო?“, რაზეც გახარიამ განაცხადა:

„უფრო ეფექტურად გამეკონტროლებინა, მაგრამ ეგ არ იყო მთავრი. მთავარი იყო, ბორდერიზაცია არ მომხდარიყო“, – განაცხადა გახარიამ.

გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „დაკავებები არ დადასტურდა სუს-ის მიერ, სულ ორი პირის შეჩერება იყო ამ ტერიტორიაზე. საგუშაგოს დადგმის შემდეგ მთლიანად წაიღეს ეს ტერიტორია. გამოვიდა, რომ თქვენი გადაწყვეტილებით აბსოლუტურად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ტერიტორია. დაკავებები ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა, საწინააღმდეგო ფაქტი თქვენ არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ საგუშაგოს დგამთ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეტ-ნაკლებად ეფექტურად ხორციელდება კონტროლი ჩვენი მხრიდან, ხალხი დადის ტყეში, პრობლემა არ აქვს. ორი ადამიანი მხოლოდ შეაჩერეს და არ დააკავეს, ხოლო თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ მივიღეთ ის, რომ ამ ტერიტორიით საერთოდ ვეღარ სარგებლობენ“.

აღნიშნულის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ შოკშია იმით, რასაც ისმენს.

„შოკში ვარ, ახლა რასაც ვისმენ. ამბობთ, რომ ოკუპანტების შეიარაღებულმა ხალხმა უბრალოდ შეაჩერეს, რა მოხდა მერე? მოეფერნენ, შეაჩერეს, უბრალოდ უთხრეს, რომ ეს ნორმალურია? მეორეც, ჰკითხეთ ტაბატაძეს, მონიშვნები იყო თუ არა დაწყებული? იყო თუ არა მწვანე ბანერი, რომ აქ არის სამხრეთ ოსეთის საზღვარი? სუს-ს არ აქვს ეს ფოტოები, მე გამოგიგზავნოთ?“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპასუხოდ მაჭარაშვილმა გახარიას მიმართა: „მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა და წესით, შოკში უნდა იყოთ“.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა გახარიას კითხვა დაუსვა: უცხოეთიდან რომ ჩამოხვალთ, ჩორჩანას მკვიდრთან, ელგუჯა ხარაზიშვილთან ერთად შეხვალთ ამ ტერიტორიაზე, წაჰყვებით მას? თუ აღარ აპირებთ ჩამოსვლას? ხომ აღიარებთ, რომ ელგუჯა ხარაზიშვილი და მისნაირები მანამდე დადიოდნენ ამ ტყეში. დადეთ პირობა, რომ ელგუჯა ხარაზიშვილს გაჰყვებით ამ ტერიტორიაზე, რაზეც გახარიამ უპასუხა:

„თქვენ არავინ ხართ ჩემთვის, რომ ეს პირობა დამიყენოთ. თქვენი საქმე არ არის, ელგუჯა ხარაზიშვილთან რა ურთიერთობა მექნება“.

“ბრიტანელთა ბანდა გოგონას, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, თავის მოკვეთით და ოჯახის წევრების სიკვდილით ემუქრებოდა და ცხელი უთოთი აწამებდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ნარკოტიკები გადაეტანა. მან დახმარება ტაილანდის პოლიციას სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ”-Daily Mail

ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) რუბრიკით „ექსკლუზივი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ბრიტანელთა ბანდა გოგონას, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, თავის მოკვეთით და ოჯახის წევრების სიკვდილით ემუქრებოდა და ცხელი უთოთი აწამებდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ნარკოტიკები გადაეტანა. მან დახმარება ტაილანდის პოლიციას სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ“ (ავტორი – ენდი ჯერინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი ბრიტანელი გოგონა, 18 წლის ბელა ქოლი, რომელიც თბილისის (საქართველო) აეროპორტში, ბანგკოკიდან (ტაილანდი) ჩამოფრენისას (დუბაის – არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით) 10 მაისს დააკავეს, ამბობს, რომ ტაილანდში არსებული ბრიტანელთა ბანდა მას და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდა, თუ იგი 11 კილოგრამ კანაბისს კონტრაბანდის სახით არ წაიღებდა.

ბელა ქოლი, რომელიც ფეხმძიმეა, ჰყვება, რომ მას შემდეგ, როცა მას ცხელი უთოთი დაწვით დაემუქრნენ, დიდ ბრიტანეთში თავის ოჯახს ტექსტური გზავნილით აცნობა, რომ შველა სჭირდებოდა. გოგონას თქმით, მან დახმარებისთვის მიმართა ბანგკოკელ პოლიციელს და უთხრა, რომ მას იძულებულს ხდიან ნარკოტიკები შავიზღვისპირა ქვეყანაში – საქართველოში წაიღოს, მაგრამ პოლიციამ გოგონა ბანდას დაუბრუნა. იმ დროისათვის, როცა ბელა ქოლის მშობლებმა გზავნილი წაიკითხეს, უკვე ძალზე დაგვიანებული იყო.

ამჟამად ბელა საქართველოში, ქალთა მე-5 შრომით გამასწორებელ კოლონიაში იმყოფება. გუშინ მას სასამართლოს სხდომაზე უარი ეთქვა გირაოთი გათავისუფლებაზე და თუ დამნაშავედ შერაცხავენ ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბელა ქოლის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ, რომელიც [სამართალდამცველებთან] მოხერხებული მომლაპარაკებლის სახელით სარგებლობს (იგი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მკვლელობის საქმესაც იძიებდა), განაცხადა, რომ „ბრიტანელი ტურისტი გოგონა იმ ასაკის არ არის, რომ გულდასმით დაფიქრებულიყო, თუ რა მოუვიდოდა, როცა მას ნარკოვაჭრობაში ამხელდნენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბელა ქოლის საქმის მოსმენაზე გამოსვლის შემდეგ მალხაზ სალაყაია „დეილი მეილს“ ესაუბრა და უთხრა, რომ გოგონა ბანგკოკში არსებული ბრიტანელთა ბანდის სამიზნე გახდა. „ბანდიტებმა მათ უთხრეს: ჩვენ ვიცით შენი მშობლების მისამართი. ასევე ვიცით, თუ სად იმყოფება შენი 16 წლის ძმაც… მათ ბელა ქოლს აჩვენეს ვიდეო თავმოკვეთილი მამაკაცის კადრებით და უთხრეს, რომ თუ იმას არ გააკეთებდა, რასაც ეტყოდნენ, ასეთი ბედი ექნება მას და მისი ოჯახის წევრებსაც. კადრების ყურებისას მას გული აერია და თითქმის გონება დაკარგა, მაგრამ ბანდიტებმა მაინც აიძულეს ვიდეოსათვის ბოლომდე ეყურებინა“.

მისტერ მალხაზ სალაყაიას თქმით, „ბელა ქოლს მარჯვენა ხელზე ახლაც ემჩნევა იძულების კვალი – მას, ასე ვთქვათ, დაღი გაუკეთეს – ხელი ცხელი უთოთი დაუწვეს, ანუ განახორციელეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზეწოლა… რაც შეეხება იმ კითხვას – იყო თუ არა ბელა ქოლი ბანდიტურ ჯგუფთან ახლო კავშირში, გეტყვით, რომ იგი რამდენიმე მათგანც იცნობდა, რომლებიც ბრიტანელები იყვნენ. მან ჯერ ერთი გაიცნო, შემდეგ კი, მისი მეშვეობით, სხვებიც. ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ბანდიტურ ჯგუფს ტაილანდში ადგილობრივი ქსელი ჰქონდა“.

სასამართლოს სხდომაზე ბელას მამა, 49 წლის ნილ ქოლი და დეიდა, 51 წლის ქერი ქოლი და ეჭვმიტანილის პაპა ესწრებოდნენ. დედამისი ვიდეოჩართვებით სარგებლობდა. ოჯახის წევრებმა სასამართლოს გირაოს გადახდა შესთავაზეს 13500 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მაგრამ მოსამართლემ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, რომ ზოგიერთი დეტალი იმ მუქარისა, რომელიც ბანდის წევრებმა ბელა ქოლზე განახორციელეს. „ინსტრუქცია, უფრო ზუსტად კი მუქარა-ულტიმატუმი, რომელიც მას ბანდიტებმა წაუყენეს, გამოიხატებოდა ასეთნაირად; „შენ აიღებ ამ ბარგს და გადაიტან „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში (კონკრეტული ქვეყნის მითითებით) და თუ ასე არ გააკეთებ, მოგკლავთ. არანაირი ლაპარაკი და პირობა რაიმე კომპენსაციაზე და ფულის გადახდაზე არ ყოფილა. ბელა, უბრალოდ, აიძულეს, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩაედინა“.

„ვარაუდი იმისა, რომ ბანდის ერთ-ერთი წევრი ბელა ქოლის ბავშვის მამაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მე ამას კატეგორიულად უარვყოფ. გოგონას ფეხმძიმობას ბანდის წევრთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვერც იმას ვიტყვი, იცის თუ არა ბავშვის მამამ ბელას მდგომარეობა“, – ამბობს მისტერ მალხაზ სალაყაია.
ადვოკატმა ტაილანდის პოლიცია ბანდიტებთან კავშირში დაადანაშაულა და თქვა, რომ „სანამ ბელა ქოლი ბანგკოკში იყო, ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშო ეპიზოდი მოხდა: ბელამ ისარგებლა მომენტით, რომ რომელიმე პოლიციელთან მისულიყო და თავისი გასაჭირი ეთქვა. პოლიციელები სამნი იყვნენ და ქუჩაში იდგნენ. მან უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა და დახმარებოდნენ. ისინი 20 წუთი ლაპარაკობდნენ და ბოლოს მათ ისევ იმ ადამიანებთან დააბრუნეს, ვისგანაც ბელა გაიქცა და თავის გადარჩენას ცდილობდა. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს მარტივი დასკვნა გავაკეთოთ – ბანდიტური ჯგუფი ადგილობრივ პოლიციასთან კავშირში იმყოფებოდა“.
მალხაზ სალაყაია ვრცლად მოჰყვა, თუ როგორ ჩამოაღწია თბილისამდე ბელა ქოლმა: „მას უთხრეს, რომ იგი ერთ-ერთ ქვეყანაში გზავნიდნენ. ჩასვეს ავტომანქანაში, მიიყვანეს აეროპორტში, იქ გამყოლმა პასპორტი და ჩანთა მისცა. ბელა ქოლმა, როგორც ირკვევა, საპასპორტო კონტროლის დროს კონტროლიორს უთხრა, რომ ჩანთა მისი არ იყო, მაგრამ მან ყურადღება არ გაამახვილა“.

„როცა იგი თბილისში ჩამოფრინდა, პოლიციელებმა ბარგის შემოწმებისას ნარკოტიკები იპოვეს ვაკუუმური შეფუთვით. ბელა ქოლმა მათ აცნობა, რომ ჩანთა მისი არ არის და რომ მას უბრძანეს თბილისში ჩასვლისას ბარგი სხვისთვის გადაეცა და ამით მისი მისია შესრულებული იქნებოდა. ბელა ქოლი ნაწილობრივ აღიარა პოლიციელებთან, რომ იგი მუქარისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და ამიტომ იძულებული გახდა ნარკოტიკები წამოეღო. მას ბანგკოკში ფოტოსურათი აჩვენეს და უთხრეს, რომ ბარგი იმ ადამიანისათვის გადაეცა“, – ამბობს ადვოკატი.

მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ნარკოტიკები ბელა ქოლს არ ეკუთვნის, ხოლო ბარგი უცნობმა პიროვნებამ დაარეგისტრირა მის სახელზე.

ადვოკატმა იმედი გამოხატა, რომ მოსამართლე ისარგებლებს შემამსუბუქებელი გარემოებებით და ბელა ქოლი მხოლოდ დაჯარიმდება და იგი დეპორტირებული იქნება დიდ ბრიტანეთში. „ეს რეალური სცენარია“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
სასამართლო პროცესი 10 ივლისს გაიმართება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,,არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა მომხდარა”- დანიელ ფაზლერი

შვეიცარიის პარლამენტის წევრმა, ეუთოში შვეიცარიის დელეგაციის წევრმა, დანიელ ფაზლერმა, პორტუგალიაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოში ჩატარებულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნებზე დამკვირვებელი იყო, ხოლო ჩატარებული არჩევნების მეორე დღეს, ყველა დამკვირვებელი შეთანხმდა, რომ საარჩევნო პროცესი იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე განცხადებით, მთავარი კი ის არის, რომ “გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო”. 

“საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამიტომ, შვეიცარიას აქვს დაცვის მანდატი და ის ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოს სახელით რუსეთში და რუსეთის სახელით საქართველოში. ამიტომ, ჩვენთვის საქართველოში არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

გასულ წელს, მე არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ არჩევნების მეორე დღეს, ბრიფინგის დროს, ყველა დამკვირვებელი შევიკრიბეთ და ერთმანეთს ვკითხეთ, თუ როგორი იყო არჩევნები, დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა არ მომხდარა. არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა. ეს არ არის ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია – გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო,” – განაცხადა დანიელ ფაზლერმა.

“ნატოს სამიტმა უკრაინის მძიმე მდგომარეობა ვერ დამალა. კიევის მდგომარეობა სწრაფად უარესდება”-financial times

„ნატოს სამიტმა უკრაინის მძიმე მდგომარეობა ვერ დამალა. კიევის მდგომარეობა სწრაფად უარესდება“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილ სტატიას, რომლის ავტორია გიდეონ რიხმანი. მასალაში განხილულია უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივა – რა მოხდება რუსეთთნ ომში, თუ კიევს დასავლეთი არ დაეხმარება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა დონალდ ტრამპი ნატოს სამიტიდან ვაშინგტონში დაბრუნდა, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ   „მამიკო სახლში დაბრუნდა“. ეს პოსტი ერთდროულად საზეიმოც იყო და ღიმილის მომგვრელიც და მიანიშნებდა იმ „სახელზე“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ უწოდა. ამბობენ, რომ გენმდივანმა ასეთი მოფერებითი ფორმით დონალდ ტრამპს იმიტომ მიმართა, რომ სამიტის დროს ლიდერების ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. მართლაცდა, ევროპელი ლიდერები მთლიანობაში ნამდვილად გამოიყურებოდნენ კმაყოფილნი იმ სამიტის შემდეგ, რომელიც პირველად გაიმართა დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტს ნაადრევად დატოვებდა, ან საერთოდ ნატოდან გასვლას განაცხადებდა, არ გამართლდა. ნატოს ყველა ევროპელმა წევრმა ივალდებულა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ს სამხედრო ხარჯებს მოახმარდა.

ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის აზრით, სამიტის დროს სამი ძირითადი მიზანი იქნა მიღწეული: პირველი – ნატო გადაერთო თავის საკვანძო მისიის შესრულებაზე – რუსეთის შეკავებაზე. მეორე – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით უბრუნდება ცივი ომის დროინდელ დონეს, რუსეთის სწრაფი მილიტარიზებისა და ძლიერების ზრდის პასუხად. მესამე – ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდის შედეგად ნატო ევროპასა და ამერიკას შორის ყველაზე დაბალანსებული ალიანსი გახდება.

ჰააგის სამიტის ატმოსფერო შეცვალა იმ ფაქტმაც, რომ შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ირანისადმი დარტყმების შემდეგ: დონალდ ტრამპი ნიდერლანდებში კარგი განწყობით ჩავიდა, ხოლო მისმა გადაწყვეტილებამ ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტის დაბომბვის თაობაზე ევროპელებს გაუქრო ის შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საერთოდ თავს აარიდებდა ძალის გამოყენებას. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მეგობრულად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ამით ნაწილობრივ მაინც გამოსწორდა სიტუაცია თეთრ სახლში თებერვალში მომხდარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ.

მაგრამ იმ დროს, როცა უკრაინის დიპლომატიის საქმე კარგად მიდის, ამას ვერ ვიტყვით ომზე, სადაც სიტუაცია უარესია. ნატოს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტის ხაზზე მდგომარეობა შეიძლება სერიოზულად გართულდეს ორიოდე თვის შემდეგ, შემოდგომის დასაწყისში. რეალურად ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ქაღალდზე დაწერილ რომელიმე ვალდებულებას და პირობას, რომლებიც ნატოს კომუნიკეშია ნახსენები. სამხედრო შეფასებები აჩვენებენ, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ჯარები ახლოს არიან გამოფიტვის ზღვართან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება მინიმუმ კიდევ ერთი წელი მაინც შეუძლია, უკრაინას კრიტიკულ წერტილს უკვე ექვს თვეში მიაღწევს – თუ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას არ მიიღებს.

(…)

უკრაინის არმიას ისეთი პრობლემებიც საკმაოდ აქვს, რომელთა მოგვარება დასავლელ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ – მაგალითად, არმიის პირადი შემადგენლობის დეფიციტი. როგორც ითვლება, რუსეთმა ომის განმავლობაში მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულებისა და  დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით, მაგრამ უკრაინის არმიის დანაკარგებიც არანაკლებია. ამ შემთხვევაში უფრო მძიმე მდგომარეობა უკრაინას აქვს, რადგან რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა 4-ჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობის რაოდენობას, ანუ კრემლს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ცოცხალი ძალის შევსების თვალსაზრისით.

(…)

რა თქმა უნდა, ომების მიმდინარეობას წინასწარ ზუსტად ვერ გათვლი, ყველაფერს წინასწარ ვერ იწინასწარმეტყველებ – განწყობები ხშირად შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთები დასავლეთში ამტკიცებენ, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეტევებს გაუძლოს მომავალი წლის განმავლობაშიც კი. მათი თქმით, დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთმა გასულ წელს მხოლოდ ის შეძლო, რომ დამატებით უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0,25% დაიკავა. ოპტიმისტების მტკიცებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მაღალი დონის ოსტატობამ დრონების მართვის საქმეში შეუძლებელი გახადა რუსეთის არმიის მსხვილი დაჯგუფებების შეტევების განხორციელება. მათივე თქმით, თუნდაც რუსეთმა უკრაინელების პოზიციები გაარღვიონ, კრემლს მაინც არ ეყოფა მექანიზებული ქვედანაყოფები, რომ ამ მიღწევით ისარგებლოს.

ომის მსვლელობაში უკვე მრავალჯერ დამტკიცდა, რომ ზოგიერთი საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნეც კი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მაგრამ თუ მზარდი პესიმიზმი მათ შორის, ვინ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის მოვლენებს, გამართლდება, მაში ნატოს სამიტით გამოწვეული ნებისმიერი პოზიტიური განწყობა შეიძლება მალე გაქრეს. ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ცნობილია ხალისიანი განწყობით და მუდმივი ღიმილით. მაგრამ ვნახოთ, გაიცინებს თუ არა მარკ რიუტე წლის ბოლოს. სიცილის გაგრძელება, ალბათ,  ძნელი იქნება.

წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ

ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით! – გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს

მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ იჯდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას, როცა ის ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა.

მან თეა წულუკიანს სთხოვა, რომ მისთვის საკითხზე საუბრის დასრულება ეცლია და არ გაეწყვეტინებინა.

„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად, აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს, იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნისთვის. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ და დამსმენად აქციეთ. საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, ამას ადასტურებს სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში, EUMM -ის 2019 წლის პრესსრელიზი. ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტორლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახოციელებდა საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის EUMM -იც, სუს-იც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო იყვნენ, იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ეს რისკები, როცა იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას კომისიის წევრებმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს იმ მიზეზით, რომ ყოფილი შს მინისტრისთვის კითხვები უნდა დაესვათ.

„ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ!“- მიმართა გახარიამ წულუკიანს, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტდა, რას ჩაიწერდა და რას არა.

„მე რას ჩავიწერ და გადმოვიწერ ჩემი საქმეა. მომისმინეთ, კითხვას ვსვამ, აქ მე მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ ისხდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, ჩემგან განსხვავებით. „სისხლის სამართლის კოდექსში“ წერია ეს ვალდებულება. ვალდებულება რომ არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით“, – მიმართა წულუკიანმა გახარიას.

წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა, რომ „მოთმინების ლიმიტი არც მას აქვს“.

„მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს, გთხოვეთ, რომ დამასრულებინეთ. არ მაქვს [აქ ჯდომის] ვალდებულება. ნუ ღელავთ თან, დამშვიდდით!“- განაცხადა გახარიამ. მის ამ განცხადებას კი კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასასამშვიდებელი თავად გახარიაა.

„დასამშვიდებელი ვინაა და გაქცეული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად ჩანს“,- მიმართა შარმანაშვილმა გახარიას.

თავის მხრივ კი გახარიამ უპასუხა, რომ „ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!“

აქვე, ამ განცხადებას მცირე რეპლიკით უპასუხა წულუკიანმაც.

„მიიღებთ, ალბათ, იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე“,- აღნიშნა წულუკიანმა.

რუსთაველის ფონდმა 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი გამოაცხადა

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის   2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი.  

კონკურსის მიზანიაინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2029 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2155 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა.

დღემდე თვლით, რომ სწორია, როგორც ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

მას მერე, რაც დღეს ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენ, ქალბატონებს, ვინც არიან თქვენი წევრები და ცნობილია საზოგადოებისთვის წინა მოწვევის პარლამენტიდან, ამ 12 ადამიანში ახალი წევრებიც იყვნენ, თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარტია “გახარია -საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და სხდომაზე ერთვება.

წულუკიანის განცხადებით, თუ გახარია პარლამენტს არ აღიარებს, მაშინ, გაუგებარია, რატომ ითხოვდა ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის შესაძლებლობას.

“თუ ეს სწორია, რა არის ამის მიზეზი, არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ, რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. მე პირადად ვერ გავიგე და მაინტერესებს. ჩემი პოზიცია უკვე ვთქვი, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. ან ასეთი პოზიცია უნდა გქონდეთ, ან – ისეთი. ორი წევრი [გახარიას პარტიიდან] აქ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით რომ ეს სწორია, როგორც მოექეცით საკუთარ მანდატებს და ამომრჩეველს?” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომისიის თავმჯდომარის ამ შეკითხვას გახარიამ ასე უპასუხა: “ჩვენ როგორ მოვექეცით საკუთარ ამომრჩეველს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება.”

გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა მათი თქმით, ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდში დაპირისპირებაა, სიცრუეა, – აცხადებენ პარტიაში.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შესაბამისად, პარტიულ სიაში გადაადგილებაც დაკავშირებულია თვითმმართველობის არჩევნებთან, ნაწილი თბილისში, ნაწილი ქუთაისში და სხვა ქალაქებში იქნებიან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები”, – აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: – გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს. გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობის საკითხი დადგება.

ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150 წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში პარლამენტის 61 წევრს შეუწყდა.

„…მინდა, თითოეული ის გმირი, ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას თავი შესწირა, უკვდავყოთ!.. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი!” – კობა კობალაძე

დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 32-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, მისმა მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.გმირთა მოედანზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, ასევე, იმყოფებოდნენ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

„… მინდა, თითოეული, ის გმირი, ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას თავი შესწირა, უკვდავყოთ!.. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მოწინააღმდეგემ, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბრძოლას, პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.

ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – ზურაბ ჯაფარიძე

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? – თუ ხედავდა, რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? – ამის შესახებ “კოალიცია ცვილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც 26 ივნისით თარიღდება.

აღნიშნულით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარლამენტის წევრ გივი მიქანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ეს მიქანაძე წულუკიანს რომ უყვება, როგორი საშინელებები ჩავიდინეთ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, წულუკიანი რა, იქ არ იყო? თან დელეგაციის ხელმძღვანელი, ანუ მიქანაძის უფროსი არ იყო? წულუკიანი არ იყო, რომ „დააბრიფინგა“, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს? რა ვერ გაიგო იქ წულუკიანმა? ან ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალებდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? თუ ხედავდა რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? „დიფ სთეითის“ ერთ-ორ წარმომადგენელს რატომ არ გადაუღო ფოტო?

ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.

P.S და აი, სანამ ამას ვწერდი – რიმა ბერიძე: ჯინ შაჰინმა თავის ქვეყანას მიხედოსო.

ოზურგეთი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ანუ გააგრძელა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მსახურება (ვოლსკის მსგავსად) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამერიკელ სენატორზე იძახის – ამერიკას მიხედოსო. ოჰ, დონალდ, შენ რა გითხარი“,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოიკითხნენ. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ევროპულ სტრუქტურებში ვიზიტებთან დაკავშირებით მიაწოდეს კომისიას ინფორმაცია, სადაც მათი თქმით, ოპოზიციონერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ზოგადად, ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს ლობირებდნენ.

ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა ცალკე დანაშაული იქნება – ამ შემთხვევაშიც ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა

თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება – პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას გადასცემენ, ეს ცალკე დანაშაული იქნება, გადაცემული ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელმაც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით ჯერ კომიტეტში წარადგინა, შემდეგ კი სესიაზე გაიტანა.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გადამუშავდა. გორდულაძის ინფორმაციით, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცალკე დანაშაულად მსჯავრდებულთან უკანონო გარიგება განისაზღვრა.

“მოგახსენებთ, რა იგულისხმება ამაში: – მსჯავრდებულებს, რომელთაც დაზარალებულებს ზიანი მიაყენეს და დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შესრულებული არა აქვთ, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებელი მიიღონ. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და ადამიანები დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ გაექცნენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი თანხა მხოლოდ და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით მიიღონ, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ბანკის მმართველობას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში. თანხის ჩარიცხვა მათ საკუთრებაში არსებულ ანგარიშებზე უნდა მოხდეს, რათა ჰქონდეთ შრომის საშუალება და შესაბამისი ანაზღაურების მიღების საშუალება.

კონკრეტული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, პირებს შესაძლებლობა ექნებათ მემკვიდრეობით უძრავი ქონება მიიღონ. მიიღონ ავტომობილები, მაგრამ როგორც კი მათ სახელზე ქონება აღმოჩნდება და თუ ვალდებულება შესრულებული არ ექნებათ, უძრავი ქონების დაყადაღება მოხდება, ხოლო თანხების ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხული თანხებიც დაყადაღება, რაც დაზარალებულის ასანაზღაურებლად მიექცევა.

თუ ასეთი პირები სხვა სარგებელს – ერთი თვის განმავლობაში საარსებო მინიმუმზე ორმაგ ოდენობაზე მეტს თუ მიიღებენ, ეს ცალკე დანაშაულად ჩაითვლება. რის პრევენციას მოახდენს ეს? – სამწუხაროდ, გარკვეული ადამიანები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ქონებას სხვის სახელზე მიაქცევენ ხოლმე, სასჯელს მოიხდიან და ცხოვრებას გადამალული ქონებით აგრძელებენ ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თუ დამნაშავე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქონებას უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად სხვა პირებს გადასცემს, ეს ქონებაც ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულთა ზიანის ასანაზღაურებლად მიექცევა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, მაგრამ „არა მისი შემსუბუქების, არამედ ეფექტურობის მიზნით, რათა დაზარალებულის სწრაფი მექანიზმით დაკმაყოფილება მოხდეს“.