Home Blog Page 6

ჩვენი უწყების 2-წლიანი ძალისხმევით მომხმარებლის უფლებები უფრო მეტად არის დაცული და გარანტირებული-ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

„საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, 2024 წელს დაიწყო და 2027 წლის ჩათვლით, 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს. სტრატეგიის მიზანია, ერთობლივ ფორმატში – ეროვნულ დონეზე, მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი გარანტიების შექმნა მოქალაქეებისთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, რადგან მათი უფლებები იყოს უფრო მეტად დაცული და გარანტირებული.

საერთაშორისო მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, 2024 წელს, World Bank Group-ის და ICPEN-ის ჯილდო, რომელიც სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის გადმოეცა. საქართველო – მომხმარებლების განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მათი ინტერესების გადაწყვეტის ნომინაციაში მოწინავე ქვეყნების აღმასრულებელი უწყებების სამეულში გამარჯვებულად დასახელდა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2024 წელს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში ფიქსირდება წინსვლა და შესრულებულია ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს, “ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. ამავე წელს, ჩვენმა უწყებამ გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო. სამუშაო შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საზოგადოების ცნობიერების გაძლიერების მიმართულებით, მომხმარებლის უფლებების დეპარტამენტის მიერ გზამკვლევი დოკუმენტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის რიგ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და აქტივობებს მოიცავს. საგანმანათლებლო სექტორში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები აქტიურ ფორმატში მიმდინარეობს და უკვე ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ასევე, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის და ბაზრის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შეიქმნა საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო, რომელიც დღეს ჩვენს ღონისძიებაზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად, არის წარმოდგენილი.

III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და ამოცანა მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინკლუზიური გარემოს ფორმირება.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი უწყების წარმომდგენლებს გაწეული საქმიანობისთვის. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მოგვმართა, რადგანაც ჩვენ მიერ დადგენილი სტანდარტები, მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ თქვენი აქტიურობის შედეგია. მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის ექვსივე მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელს. სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო კოლეგებს, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ღონისძიების გახსნაზე.

მისივე განცხადებით, 2024 წელს, მომხმარებლის სასარგებლოდ, დაახლოებით, 600 000 ლარზე მეტი ანაზღაურდა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობის მაჩვენებელი გაორმაგებულია, ხოლო საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.

კვირეულის გახსნითი ღონისძიება 10 მარტს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებმა მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს – ახალქალაქში, 14 მარტს – ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ტრამპი ცდილობს „დიფ სთეითის“ გლობალური ამოცანის „ჩაილურის წყლებში“ ჩაძირვას, რადგანაც მის უკან რეალური და არა „ვირტუალური“ მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივები იმალება – დავით ქართველიშვილი

„ტრამპს არ სურს ომი − მას სურს მშვიდობა. გამორიცხულია, „დიფ სთეითმა“ ამას მშვიდად უყუროს,” – წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და იმ მიზნებსა და ამოცანებზე აკეთებს აქცენტებს, რაც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა დაისახა და რის შესრულებასაც დონალდ ტრამპი გლობალური მშვიდობის დასამყარებლად აპირებს. თუმცა, როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „დიფ სთეითი“ ყველა ღონეს მიმართავს იმისთვის, რომ ტრამპის ჩანაფიქრი არ ასრულდეს.

„ვერ მოკლეს დონალდ ტრამპი წინასაარჩევნოდ. ვერ ჩასვეს ციხეში. ვერ გააყალბეს არჩევნები. შედეგად, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა შეიძლება წყალში ჩაუყაროს უკანასკნელი 25 წლის (მინიმუმ) „დიფ სთეითის“ მთავარი სტრატეგიული მიზანი − რუსეთის „დამარცხება“, მისი ფრაგმენტებად დაყოფა, „პუტინიზმის“ კონტროლირებადი ხელისუფლებით ჩანაცვლება, ქვეყნის წიაღისეულის დაუფლება და ა.შ. რა „უკრაინა“ − რის „ატამი“. დღეს დონალდ ტრამპი ცდილობს „დიფ სთეითის“ ამ გლობალური ამოცანის „ჩაილურის წყლებში“ ჩაძირვას, რადგანაც მის უკან რეალური და არა „ვირტუალური“ მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივები იმალება. ტრამპს კი არ სურს ომი − მას სურს მშვიდობა. გამორიცხულია, „დიფ სთეითმა“ ამას მშვიდად უყუროს.

რისკის წინაშე დგება ყველაფერი: რუსეთის გარშემო „დემოკრატიის სარტყლის“ აგება, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბუქარესტის „NATO-ს სატყუარა“, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის „ტესტ-დრაივი“, 2014 წლის კიევის „მაიდანი“, USAID/NED-ის ნაღმები რუსეთის (და არა მარტო) გარშემო და მრავალი-მრავალი სხვა ტაქტიკური სვლა ამ მთავარი მიზნის მისაღწევად. ვერც „გოუ-გოუ-ჟენიას“ (პრიგოჟინის) ოპერაციამ, ვერც გაუჩინარებული 350 მილიარდის დახმარებამ, ვერც 14 ათასმა გამოცხადებულმა საერთაშორისო სანქციებმა ვერ გამოიღეს შედეგი. ახლა კი მთლიანად ოპერაციის გაგრძელება დგება საფრთხის წინაშე. „უკრაინის ომი“ ჩვენ თვალწინ გადადის თავის ყველაზე საინტერესო ფაზაში. „მეორე ფრონტი“ გაიხსნა არა თბილისში, არამედ ვაშინგტონში და ტრამპის მიერ „დიფ სთეითისთვის“ გამოცხადებული ომი დღეს რუსეთ-ამერიკის სამშვიდობო პოლიტიკის გზას დაადგა.

ამიტომაც, „დიფ სთეითი“ დღეს იძულებულია „ვა-ბანკზე“ წავიდეს. ზელენსკის სპონსორობის ინიციატივა ახლა დიდი ბრიტანეთის ხელშია. გასულ კვირას ზელენსკისთან სტარმერის მოლაპარაკების ერთ-ერთი შედეგი იყო შეთანხმება, უკრაინას დახმარებოდნენ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხით, ოღონდ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მომავალი შემოსავლის ხარჯზე. ეს თანხები არის G7-ის Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (საგანგებო შემოსავლების დაჩქარების მექანიზმი უკრაინისთვის) ნაწილი, რაც თეორიულად შურისძიების სურვილით „შეპყრობილ“ ტრამპს აძლევს შესაძლებლობას, დაბლოკოს როგორც ეს კონკრეტული ლონდონური სესხი, ასევე მთელი პროგრამა. კრემლს კი, თავისუფლად შეუძლია უპასუხოს ლონდონის ამ თავდასხმას მოსკოვში ბრიტანეთის ელჩის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთხელ გაისმა გაფრთხილებები კიევის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, ასე რომ, ახლა ჩნდება შესანიშნავი შესაძლებლობა, ამ კუთხით რუსეთი გადავიდეს სიტყვიერი მუქარიდან კონკრეტულ ქმედებებზე.

ტრამპის გუნდმა კი, ყოველივე ამის პარალელურად დაიწყო ზელენსკის გადადგომის კამპანია მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში 28 თებერვლის დადგმული შოუსთვის ზელენსკისგან ბოდიში არ მიუღია, არ მიუღია ეს ბოდიში არც „შენდობის კვირას“, რომელმაც წელს ყველა ქრისტიანული კონფესიის მიმდევარი გააერთიანა. ტრამპის გუნდმა, ლონდონში ზელენსკის მხარდამჭერი სამიტის დაწყების პარალელურად, დაიწყო მედიის მეშვეობით მისი გადადგომისკენ მიმართული კამპანია. „ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც შეძლებს ჩვენთანაც საქმის დაჭერას, გარკვეულ მომენტში რუსებთან გამკლავებასაც და თუ ცხადი გახდება, რომ ზელენსკის პირადი, თუ პოლიტიკური მოტივები ხელს არ უწყობენ მის ქვეყანაში საომარი მოქმედებების დასრულებას, მაშინ ვფიქრობ, ჩვენ რეალური პრობლემა გვექნება“, − განაცხადა ვალცმა, ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, CNN-თან მიცემულ ინტერვიუში.

გაცილებით მკაცრად განეწყო ზელენსკის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესი: „რაღაც უნდა შეიცვალოს. ან გონს უნდა მოვიდეს და მოლაპარაკების მაგიდას მადლიერებით დაუბრუნდეს, ან ქვეყანა ამ პროცესამდე სხვამ უნდა მიიყვანოს“, − განაცხადა NBC-სთან ინტერვიუში პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე დაუფარავად ისაუბრა კიევში არსებული ხელისუფლების თეთრი სახლისთვის უფრო ხელსაყრელ ვარიანტად შეცვლის აუცილებლობაზე. თუმცა, ჯერჯერობით ყველა ეს განცხადება არ არის გამყარებული რაიმე თვალსაჩინო რესურსით, ანუ ტრამპის გუნდის უნარით, რეალურად შეცვალოს ხელისუფლება კიევში. თეთრ სახლში 28 თებერვლის „შოუმ“ აჩვენა, რომ ტრამპს ამჟამად არ აქვს ზელენსკის კონტროლის ბერკეტები, რომელსაც დღემდე რეალურად მართავენ ლონდონი და აშშ-ის დემოკრატიული პარტია. ამიტომ, თუ ტრამპის გუნდი ზელენსკის შეცვლას შეეცდება, ისევ და ისევ ლონდონიდან გაიგზავნება ვალერი ზალუჟნი და თეთრ სახლში ნაცნობი შოუ კვლავ განმეორდება, მხოლოდ უკვე სხვა პოლიტიკურ კონტექსტში. ამიტომ, ამ მომენტისთვის, ტრამპის გუნდის ყველა საუბარი ზელენსკის გადადგომაზე უნდა განიხილებოდეს, მხოლოდ როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტი ლონდონში „ანტიტრამპისტული“ სამიტისთვის, რათა მათ თავიანთ გეგმებში მაქსიმალურად არ შეუშალონ ხელი ტრამპს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის განმავლობაში. ლონდონში გამართული ამ „ანტიტრამპისტული სამიტის“ პირველი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი შედეგია ის, რომ მსგავსი ღონისძიებები უკვე რეგულარული იქნება, დიდი ალბათობით ისინი ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ შეიკრიბებიან.

„ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში ვიზიტების დროს ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს მისაღები ზომები, გადაწყვეტილებები და მისცეს თავიანთ ტექნიკურ გუნდებს უფლება დაეწყოთ მუშაობა არსებული პრობლემის გადასაჭრელად. ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გვესმის, ისინი გაცილებით შემჭიდროებული ინტერვალით წარიმართება. ანუ, ჩატარდება არა ყოველ ექვს თვეში და არა ორ თვეში ერთხელ, არამედ, შესაძლოა, ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ. შეერთებული შტატების პოლიტიკამ ბოლო კვირებში გააჩინა ბევრი შეკითხვა ევროპელ ლიდერებში, განსაკუთრებით უკრაინის საკითხთან და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს აქ ღიად განიხილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ დისკუსიებს. ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ, იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაზე, ექნება თუ არა ევროპას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ამ კონტექსტში“, − განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანიმ.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებიდან ჩანს, ლონდონი და მის ქვეშ მყოფი ზელენსკის მხარდამჭერთა კოალიცია შეეცდება ჩამოაყალიბოს ტრამპის ალტერნატიული „მედია-სურათი“ რუსეთთან უკრაინის კრიზისის მოგვარების მოლაპარაკებების შესახებ. ეს იმიტომ ხდება, რათა ტრამპის ოპონენტები დარწმუნდნენ, რომ თეთრ სახლში განვითარებულ სკანდალამდე, პუტინთან მოლაპარაკების თემაზე გლობალურ საინფორმაციო სფეროში ტრამპი ფსონს ჩამოდიოდა საკუთარ ერთპიროვნულ დომინირებაზე. ამჟამად კი, ამ თემაზე საინფორმაციო სფეროშიც კი დომინირებაზე თავისი პრეტენზია უკვე ლონდონმა და მის მიერ კონტროლირებადმა ქვეყნებმა განაცხადეს. წინ გველის „დიფ სთეითთან“ ხანგრძლივი და მრავალმხრივი ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს კვლავ რუსეთის უპირობო დამარცხება, ხოლო მეორე მხარეს − დედამიწისთვის მესამე მსოფლიო ომის თავიდან არიდებაა. და ნურავის ეპატარავება ამ პაექრობაში იმ დანარჩენი მსოფლიოს პოზიცია, რომელიც ჯერჯერობით თმენის ვალდებულებით აკვირდება ამ „ანგლო-საქსონურ სამეფო კარის თამაშებს“.

მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს ვალდებულება განუსაზღვრელია?..” – წერს დავით ქართველიშვილი.

 საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე, ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს – ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი პასუხს ვერ სცემს კითხვაზე, „რის გამო ზის მიხეილ სააკაშვილი?“

„იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, პრაქტიკულად, სწრაფად იკლებს ტურისტების რაოდენობა. მოვა დრო, როცა ნულზე ჩამოვა. თქვენ გინდათ, რომ ვიყოთ იზოლირებული, სადაც არავინ ჩამოდის, არავინ არ არის ამბის გამტანი, ვინც კი ხმის ამომღებია, ქვეყნიდან არის გაგდებული და ა.შ. თქვენ მეც გყავდით ქვეყნიდან გაგდებული, როდესაც არ მიშვებდით ქვეყანაში, არცერთი გზა არ დამიტოვეთ ქვეყანაში შემოსვლის, რათა ჩემს ხალხთან არ მქონოდა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმავეს აგრძელებთ ჩემი მრავალი წლით ჩაკეტვით. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის იდეას, სახელმწიფოებრიობის იდეას.

თქვენ ხომ არც გამოძიება აწარმოეთ. აბა, რა გამოძიება იყო, არცერთი ადამიანი არ გამოიკითხა, ვინ იყო სადილზე. თქვენ გგონიათ, ეს ინვესტიციები, რომლებიც მდინარედ მოდიოდა, ციდან ჩამოვარდა? ეს იყო დღედაღამ ამ ხალხის ტარება, მოფერება, შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ყველაფერი უფასო არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასმაგად დაგვიბრუნდა. ეს ის კი არ არის, საკუთარ ხალხს დენი მოჰპარო და ბიტკოინები გამოუშვა და მერე დამალო სადღაც ოფშორებში. ეს არის რეალური სამუშაო ადგილები, რეალური ინვესტიციები, ეს არის რეალური ხელფასები. მე ველაპარაკები ჩვენს ხალხს, ნუ გააბრიყვებინებთ საკუთარ თავს, ნუ მისცემთ საშუალებას, ამ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებით თავგზა აგიბნიონ და უბრალოდ გამყოფონ გაუგებრობაში. მართლები ხართ თქვენ და ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც იბრძვის, მართალია ყველა, ვინც არის სიმართლის, ფაქტების მხარეს. ეს ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა, პირველ რიგში, გათვლილია ქართველი ხალხის დემორალიზებასა და თავგზის აბნევაზე. როცა ეკითხებიან, სააკაშვილი რაზე ზის, ვერავინ სცემს პასუხს, ზოგი ამბობს, გირგვლიანის საქმეზე ზისო, რა შუაში ვიყავი იქ? პიჯაკების საქმე კი იცით უკვე. თქვენ გინდათ, ეს საქმე გადააქციოთ ვულგარულ თემად, მაგრამ ეს საქმე, ყველამ იცის, რომ არის თითიდან გამოწოვილი, როცა სხვა ვერაფერი აღმოაჩინეთ. მე საერთოდ არ მესმის, თემურ ჯანაშიასგან რა გინდათ? ის ასრულებდა უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ისე, როგორც ჩვენი ადმინისტრაციის ნებისმიერი სხვა წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს მისი ხელფასი 3 000-დან 4 000 ლარამდე იყო.

„საქმე, კონკრეტულად თუ ვინმეს აინტერესებს, ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, ჩემი ხელფასი იყო 3 000-დან 4 000 ლარამდე. ახლანდელი ე.წ. დეპუტატების ხელფასები არის თითქმის სამჯერ მეტი. ბუნებრივია, ამ ფულით მე ვერც დონალდ ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს, ვერც საპრეზიდენტო საჩუქრებს დავარიგებდი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომლებიც, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაიდუმლოებული იყო, რათა არ სცოდნოდა მტერს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ, ვის ხვდებოდა პრეზიდენტი, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან – ეს ყველაფერი იყო „გრიფით საიდუმლო“. ესენი მოვიდნენ და „გრიფით საიდუმლო“ მოხსნეს მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს. თავად გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში ყველაფრის საიდუმლოდ ხარჯვა. რაც მთავარია, ყველა ჩეკი ოფიციალურად გაფორმებულია. ყველაფერი არის ლეგალურად, გატარებულია ყველა კანონიერი ხარჯი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

SABA Reader- განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუზიური წიგნები

13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომი.

ეს კამპანია “საბას” მეგობარი გამომცემლობების  – სულაკაურის გამომცემლობის, პალიტრა L-ის, ინტელექტისა და არტანუჯის მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მთავარი მიზანია, “საბას” განახლებული პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება პირველი გაეცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან გამოცემებს.

ექსკლუზიური წიგნების ჩამონათვალი მუდმივად განახლდება და პირველ ნაკადში “საბა” პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს 5 წიგნზე შესთავაზებს ექსკლუზიურ წვდომას.  აღნიშნული წიგნების შესახებ ინფორმაციას მკითხველი 13 მარტიდან, “საბას” არხების მეშვეობით მიიღებს.

SABA Reader-ის განახლებული პრემიუმპაკეტი, ექსკლუზიური წიგნების გარდა, მკითხველს სთავაზობს შემდეგ ფუნქციებს: ერთდროულად 4 წიგნი პირად ბიბლიოთეკაში, კომენტარების სინქრონიზაცია, სწრაფი კითხვა, საკითხავი ფონტის არჩევა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ, 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით, „საბას“ ბიბლიოთეკაში 7500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

(R)

“მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ”-The Daily Telegraph-ი

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ”(ავტორი – ჩალზ მური).

პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის ქცევა-მოქმედების მიზეზები, რომლებიც განსაკუთრებით რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულებაში გამოიხატება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ფართოდ არის ცნობილი, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს. ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფიის მიხედვით, მათგან მხოლოდ ორნი გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები – ჯიმი კარტერი და ბარაკ ობამა.  პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღიზიანებს, რომ დღემდე მან ნობელის პრემიის მიღება ვერ მოახერხა.

თუ ჩვენ ბარაკ ობამას ჯილდოებისა და საპატიო წოდებების სიას დონალდ ტრამპისას შევადარებთ, აშკარად შევამჩნევთ, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა: ნობელის პრემიის გარდა, ბარაკ ობამას მიღებული აქვს „გრემისა“ და „ემის“ პრემიები, ჯონ კენედის და რობერტ კენედის სახელობის პრემიები, აგრეთვე სულ მცირე 15 პრემია და 16 საპატიო წოდება.

ჰოდა, რატომ უნდა ჩამოუვარდებოდეს პრემიებისა და წოდებების მინიჭების საკითხში  რესპუბლიკელი პრეზიდენტი დემოკრატ პრეზიდენტს? არადა, ფაქტი ჯიუტია: დონალდ ტრამპის გვარ სახელი 1995 წლიდან მხოლოდ აზარტული თამაშების დიდების დარბაზს ამშვენებს, გასულ წელს კი იგი McDonalds French Fry-ს სერტიფიკატით დაჯილდოვდა. სულ ესაა მისი მიღწევების აღიარება.

რასაკვირველია, ბარაკ ობამას ნობელის პრემიის მინიჭებაშიც არის გარკვეული არასასიამოვნო და საეჭვო მომენტები: კონკრეტულად რისთვის მიიღო მან – პრეზიდენტობის პირველ წელს, 2009-ში, ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში – ესოდენ პრესტიჟული პრემია, დღემდე მითქმა-მოთქმას იწვევს. თუ ამ პრინციპით, ალბათ, მისტერ დონალდ ტრამპს, პრემია 2017 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ახლა 2025 წელია, პრეზიდენტობის მეორე ვადა, ნორვეგიელები და შვედები კი მას ძველებურად არ აღიარებენ.

დონალდ ტრამპის სწრაფვას ჯილდოს მისაღებად არა მხოლოდ პატივმოყვარეობაა. იგი გულწრფელად თვლის თავის თავს მშვიდობისმყოფელად. მართლაც, მისი პრეზიდენტობის წლებში ამერიკას არცერთი ომი არ დაუწყია, რაც ძალიან იშვიათობად ითვლება 21-ე საუკუნეში. მან ხელი მოაწერა ავღანეთის ომი შეწყვეტის (ჯარების გამოყვანის) შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში (სხვა საკითხია, როგორ ქაოსურად გამოიყვანა ჯო ბაიდენმა). სწორი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ დონალდ ტრამპის აგრესიული ენერგია უფრო მეტად მიმართულია მოკავშირეების შეურაცხყოფისაკენ, ვიდრე მტრების დასაბომბად.

დიახ, დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, როგორ განსაზღვრავს იგი ტერმინ „მშვიდობას“.

ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი შეპყრობილია იდეით უკრაინაში მშვიდობის დამყარების თაობაზე. იგი ჯერ კიდევ არჩევამდე აცხადებდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას თავისი პრეზიდენტობის პირველსავე დღეს მოაგვარებდა. მართალია, მას ზუსტად არ შეუსრულებია დაპირება, მაგრამ აშკარაა, რომ სწრაფად მოქმედებს.

ჩვეულებრივი მშვიდობისმყოფელები არაფორმალურ მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან აწარმოებენ და ცდილობენ მათგან გარკვეულ დათმობებს მიაღწიონ, შემდეგ კი მათთან ერთად მაგიდას უსხდებიან. დონალდ ტრამპი პროცესს ისე აჩქარებს, რომ მას არავითარი ბალანსი არ აინტერესებს, იგი თავის ყურადღების კონცენტრირებას და ზეწოლას იმ მხარისაკენ მიმართავს, რომელსაც სუსტად თვლის. იგი მეგობრულად ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც აშშ რუსეთის მტრად ჰყავს გამოცხადებული, მაგრამ საჯაროდ ამცირებს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის ერთგული მეგობარია.

რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს დათმობებზე აგრესორი რუსეთის მიმართ, უნდებად დონალდ ტრამპისათვის იგი დაბრკოლებას წარმოადგენს მშვიდობის მიღწევის გზაზე. სანამ ეს დაბრკოლება არ იქნება განეიტრალებული, ვლადიმერ პუტინი თავს უფლებას აძლევს როგორც სურს ისე მოიქცეს.

რა მიზანი აქვს დონალდ ტრამპს? ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ნობელის კომიტეტმა, ალბათ, ისევე უნდა იმოქმედოს, როგორც ბარაკ ობამას მიმართ – სასწრაფოდ მიანიჭოს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს  მშვიდობის პრემია. მსოფლიო გაიგებს, მართლაც სურს თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება, თუ მისი ინტერესი მხოლოდ დროებითია.

ამჟამად დონალდ ტრამპი წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში იმყოფება: იგი ცდილობს მიზანს დაუბალანსებელი მოქმედებით მიაღწიოს და იმავდროულად უარს ამბობს მიღწეული შედეგის კონტროლზე პერსპექტივაში. ეჭვი მაქვს, რომ ჯერ-ჯერობით არავინ იცის – არც სახელმწიფო დეპარტამენტმა და არც პენტაგონმა, მით უმეტეს, არც აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა, თუ როგორი მტკიცე გეგმის ან როგორი სცენარის სახით შეიძლება სამშვიდობო პროცესი განვითარდეს. შესაძლოა, როცა დონალდი მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდება, რაღაც სინათლეს შეიტანს საკითხში.

გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთზეც ზეწოლას მოახდენს. „უკრაინას სურს გარიგებაზე დათანხმდეს, რადგან მას არჩევანი არ აქვს. ვფიქრობ, რუსეთსაც სურს გარიგება, იმიტომ, რომ… იმ განსხვავებული გარემოების გამო, რომელიც მხოლოდ მე ვიცი – არც [რუსებს] არ აქვთ არჩევანი“. საინტერესოა, რა განსხვავებული გარემოება არსებობს რუსეთისათვის?

სამწუხაროდ, ტრამპის მალულ იდეებზე ჩვენ არაფერი არ ვიცით. რა პრინციპით მოქმედებს პრეზიდენტი? არსებობს ერთ-ერთი საკმაოდ გონივრული თეორია, რომელიც ამერიკელმა სტრატეგიის თეორეტიკოსმა ედვარდ ლიუტვაკმა წამოაყენა: ტრამპი „ანტინიქსონისებურად“ მოქმედებს (ნიქსონივით, მაგრამ საწინააღმდეგო მიზნით).

რიჩარდ ნიქსონი 1970-იან წლებში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ჩინეთთან, რომ რუსეთი (საბჭოთა კავშირი) დაესუსტებინა. 2020-იან წლებში ტრამპი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომ ჩინეთი დაასუსტოს. ამ თეორიას აქვს რეალური საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს რუსეთის მიმართ (არაოფიციალური) ტერიტორიული პრეტენზიები აქვს აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთი ბევრად ჩამოუვარდება ჩინეთს ეკონომიკური განვითარებით.

ერთადერთი, რითაც რუსეთი მნიშვნელოვნად ძლიერია ჩინეთზე, ეს არის ბირთვული იარაღის მეტი რაოდენობა. ამ მხრივ რუსეთი და აშშ თანაბარ დონეზე არიან, თითოეულს 10-ჯერ მეტი ბირთვული ქობინა აქვს, ვიდრე ჩინეთს. იბადება კითხვები: აქვთ თუ არა ვლადიმერ პუტინს და დონალდ ტრამპს რაიმე ერთობლივი ხედვა მსოფლიოში ერთად ბატონობის თაობაზე, რომელიც ბირთვული უპირატესობით არის განმტკიცებული? რამდენად შეიძლება მათი ერთობლივი შეთანხმებული ბატონობით მილიარდების დაზოგვა, იარაღის არსენალის შემცირება? ანუ მიაღწევენ თუ არა ისინი იმ წარმატებას, რომლის მიღწევა რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა 1986 წელს რეიკიავიკში ვერ შეძლეს?

რა თქმა უნდა, ჩემი ნათქვამი შეიძლება ვინმემ სპეკულაციად ჩათვალოს – ისევე როგორც  მოსაზრება მინერალების შესახებ შეთანხმებაზე უკრაინასთან, რომელსაც, ვფიქრობ, რუსული განზომილება აქვს. თვითონ განსაჯეთ: იმ რესურსების თითქმის 40%, რომელსაც უკრაინა ამერიკას სთავაზობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ისევ ჩნდება კითხვები: აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმის იმედი, რომ ორივე მხარეს – კიევს და მოსკოვს -იძულებულს გახდის მონაწილეობა მიიღონ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, რომლის მთავარი ექსპლუატატორი თვითონ (აშშ) იქნება? იქიდან გამომდინარე, რომ „მახვილებისაგან შეიძლება არამარტო სახნისები გამოიჭედოს“, არამედ აქციებიც.

ეს ტრამპის გარდა არავინ იცის – მან ბოლო დროს რამდენჯერმე თქვა ფრაზა – „მხოლოდ მე ვიცი“. ალბათ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მან რაღაც საკითხი პირადად ვლადიმერ პუტინთან „ჩააწყო“, ერთი-ერთზე. აი, ამ დროს ჩვენ უკვე მივდივართ ტრამპის დიდი ხნის პოზიციასთან, რომ ის და ვლადიმერ პუტინი დაზარალებულნი არიან – ორივე ცილისწამების მსხვერპლია კლინტონების, ბაიდენების, ამერიკული მასმედიის და „ღრმა სახელმწიფოს” (deep state) მხრიდან და მათ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი რუსეთს პირველად 1987 წელს ეწვია და შემდგომ პერიოდში ვლადიმერ პუტინიც ახლოს გაიცნო. ამასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ გავრცელებულია უამრავი  [მაკომპრომეტირებელი] ხმები, რომლებიც არ დასტურდება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ტრამპი შინაგანად დარწმუნებულია – ის და პუტინი ერთმანეთს უგებენ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკა – ეს აშშ-ის პოლიტიკა კი არის, არამედ უშუალოდ მისი, დონალდ ტრამპის პოლიტიკა. სახელმწიფო მდივანი მარკო რუვიო დიდი ხნის განმავლობაში იყო ატლანტიზმის ერთგული, მაგრამ ახლა იგი, როგორც ჩანს, ტრამპის გავლენით, პუტინის პროპაგანდას იმეორებს, როცა ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკა და ნატო ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, „სხვისი [უკრაინელების] ხელით“.

ტრამპის მოქმედების სისტემას ხშირად ადარებენ მაფიის სისტემას და მისი ფორმირება უფრო მეტად ფლორიდაზე არსებულ რეზიდენციაში – მარა-ლაგოში ხდება, ვიდრე თეთრ სახლში. მაფიოზური სისტემის დროს ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობა ხშირად ხასიათდება ერთმანეთის პოზიციისადმი „პატივისცემით“ – კონცეფციით, რომლითაც ისარგებლეს დონალდ ტრამპმა და ჯეიმს ვენსმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. როგორც ჩანს, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ლიდერი.

ამიტომაც ჩვენ ყველა – დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანადა და ნატოელი მოკავშირეები – იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ (თუმცა შეიძლება ვცდები), რომ როცა უკრაინას დაცვა ჭირდება, ის მხოლოდ ჩვენ უნდა დავიცვათ.

სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით რუსეთი უფრო სუსტია, ვიდრე ეს დონალდ ტრამპს ჰგონია, ამიტომაც უკრაინის დაცვა ჩვენი ძალებით ნამდვილად შეგვიძლია. გვაქვს თუ არა ამის პოლიტიკური ნება – ეს უკვე სხვა საკითხია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას -შალვა პაპუაშვილი

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია გარედან იმართება. მიისვე თქმით, ოპოზიციის განცხადებების მიზანია, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ეკონომიკას.

„მარიონეტული ოპოზიცია სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის.  ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება.

ამიტომ არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებულები არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე. დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას. მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკო-ს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია. მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება-მამუკა მდინარაძე

მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია…

ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს, მათ შორის კი, ყველაზე უხეში და სიცრუეზე აგებული რიტორიკით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ახალისებენ რადიკალიზმს, ღიად უჭერენ მხარს ხელოვნურ პროტესტს და პირდაპირ ცდილობენ, მაქსიმალურად წაახალისონ რადიკალური პროცესები, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი აგენტურით შეცვლა და ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან ცალკე მდგარი რომელიმე უწყება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ „დიფ სთეითის“ პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჩვენ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის მომსწრენი ვართ – ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების.

მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე. ე.წ. დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა, იგივე შვედეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და სხვა სუვერენიტეტწართმეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს.

შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც დახურეს USAID, NED და „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშ არსებული სხვა დონორი ორგანიზაციები, ეს ფუნქცია ასევე მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ე.წ. მთავრობებს გადაულოცეს. სწორედ ამიტომ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს.

საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები. საზოგადოება ასევე კარგად ხედავს და ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოეს. საბოლოო ჯამში კი, შედეგად მიიღეს დასუსტებული ევროპა და განადგურებული უკრაინა.

მეორე მხრივ, უამრავი პრობლემა შეუქმნეს რუსეთსაც, რამაც ცხადია, მისი საგრძნობი დასუსტება გამოიწვია. და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპველ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია „დიფ სთეითი“ ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში „ურჩი“ ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო. ზუსტად ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუკეთეს. თანაც, ევროპაში გლობალურ ძალებს არათუ დასუსტების და განადგურების ეტყობა რაიმე, არამედ პირიქით, ის მოდერნიზაციას განიცდის და ახალი, შეფარული და აქამდე უცნობი მეთოდებით ცდილობს მიზნების მიღწევას.

პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს.

მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, – ეს არის რეალური ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა…

ასევე, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი და არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“.

„მან რაც გააკეთა, იყო როგორც ბავშვისთვის კანფეტის წართმევა. ის ჭკვიანი და ძლიერი კაცია. მან ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამ ქვეყნიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი. ეს ძალიან ადვილი იყო. და მე უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაემგზავრეთ კანის კინოფესტივალზე თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის შეთავაზებით

თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს.

ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, გაემგზავროთ კანის კინოფესტივალზე და გაატაროთ დაუვიწყარი დრო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალზე. ამისთვის, 1 – 31 მარტის ჩათვლით, ახალი კონცეპტ 360 – Mastercard World Elite ბარათით შეასრულეთ ჯამურად ყველაზე მეტი თანხის ტრანზაქცია და მოხვდით სამ გამარჯვებულს შორის.

კინოფესტივალის საგზური მოიცავს:

  • 2-კაციან საგზურს კანის კინოფესტივალზე
  • ავიაბილეთებს
  • სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას
  • წითელ ხალიჩასა და კინოჩვენებებზე დასწრებას
  • ფოტოსესიას
  • ლანჩს და სადილს

არ გამოტოვოთ კონცეპტისა და კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორის, Mastercard-ის ეს უნიკალური შეთავაზება და დააგროვეთ, ჯამში ყველაზე მეტი მოცულობის გადახდები.

Mastercard უკვე მრავალი წელია ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია და მომხმარებლებს წითელი ხალიჩის შეუფასებელ გამოცდილებას სთავაზობს.

მათ, ვისაც გსურთ შეთავაზებით სარგებლობა და ჯერ არ ხართ ბარათის მფლობელი, ახალი კონცეპტ 360 ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის, პირადი ბანკირის ან კონცეპტ ცენტრის *2700 მეშვეობით. გაიგეთ მეტი.

შეთავაზების დამატებითი დეტალები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

(R)

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულ პირს ესროლეს და დაჭრეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულ პირს ესროლეს და დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პირი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც „როიტერი“ წერს, საიდუმლო სამსახურმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ინფორმაცია კონკრეტული პირის შესახებ, რომელიც ინდიანიდან ვაშინგტონში მიემგზავრებოდა. მოგვიანებით აღნიშნული პირის მანქანა თეთრ სახლთან ახლოს აღმოაჩინეს. როდესაც ოფიცრები მამაკაცს მიუახლოვდნენ, მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რის შემდეგაც საიდუმლო სამსახურმა ცეცხლი გახსნა.

საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს დაზიანება არ მიუღიათ.

უსაფრთხოების სამსახურები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სროლის დროს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, ის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაშია.

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება

x

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება. სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით. მეორე ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მესამე ეტაპზე საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 22 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით გასტანს.

როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი არასოდეს გამორთავს თავის ტერმინალებს-ილონ მასკი

ილონ მასკი აცხადებს, რომ Starlink-ის ქსელს უკრაინელ სამხედროებს არასდროს გამოურთავს, როგორც არ უნდა ეწინააღმდგებოდეს უკრაინის პოლიტიკას. ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.

მასკის თქმით, Starlink-ის გარეშე უკრაინის საკომუნიკაციო ხაზები გამოვიდოდნენ მწყობრიდან, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩახშობა.

„ძალიან გასაგებად რომ ვთქვა, როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი არასოდეს გამორთავს თავის ტერმინალებს. მე მარტივად ვამბობ, რომ Starlink-ის გარეშე უკრაინული ხაზები მწყობრიდან გამოვიდოდა, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩახშობა. ჩვენ არასდროს გავაკეთებდით ასეთ რამეს და არ გამოვიყენებდით მას, როგორც ვაჭრობის საშუალებას“, – წერს მასკი.