Home Blog Page 6

 „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს 10:00 საათიდან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდაში, ავჭალაში, ლელუბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე;

„ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ჟებოტა, თეგერაანები, თეთრახევა, ძებნიაურები და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. 17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ბარისახო, კორშა, როშკა, მაღაროსკარი, ჭორმეშავი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ.

შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი, სეტყვა და მთაში თოვლი“ – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საქმიანი თვისებები, გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება. შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ.

კურო

ამ დღეს მოვლენების შუაგულში უნდა იტრიალოთ და სიახლეებს თვალი უნდა ადევნოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ და ფინანსური და პროფესიული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას, ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.

ტყუპები

ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და შემოქმედებითი სამუშაო შეასრულოთ. შესანიშნავი დროა, რომ საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ და ახალი გატაცება იპოვოთ. მოერიდეთ პირად ურთიერთობებში თქვენი სამსახიობო ან დრამატული უნარების გამოყენებას, ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ მოქმედებისთვის საჭირო დრო სწორად შეარჩიოთ და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ.

კირჩხიბი

კოლეგებთან შეთანხმებული, გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. ოჯახის წევრების დამოკიდებულება და სახლში დაძაბული ვითარება გიბიძგებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. დააფასეთ ის რაც გაქვთ – თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენას და ფლირტს უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირად ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნებათ.

ლომი

მზად იყავით, რომ ყურადღების ცენტრში მოექცევით. გარშემო მყოფები თქვენგან რჩევას და დახმარებას ელიან. ასეთმა ინტერესმა შეიძლება დაგამძიმოთ და გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ეცადეთ, უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოხატოთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია – უახლოეს მომავალში სირთულეები მოსალოდნელი არ არის. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ.

ქალწული

ამ დღის მოვლენები გაგახარებთ და დადებით ემოციებს მოგიტანთ. შეეცადეთ პროფესიულ საქმიანობასა და პირად საჭიროებებს შორის ბალანსი დაამყაროთ და გამონახოთ დრო იმისთვის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ახალი საქმის შესწავლისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ არასწორად გაგიგოთ და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი და პროფესიული შესაძლებლობები განავითაროთ.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში მეტი უნდა იაქტიუროთ. ერთ საკითხზე დიდხანს ნუ შეჩერდებით, რომ თქვენი ნელი მუშაობით კოლეგები არ გააღიზიანოთ და პროექტის მიმდინარეობა არ შეაფერხოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში საიმედოობას ეძებთ. თუ რაიმე სირთულე გაქვთ, გირჩევთ პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქიმიკატებთან და მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

მორიელი

თქვენი ნიჭი და საქმიანი თვისებები აუცილებლად დაფასდება. გამორიცხული არ არის, რომ მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და წარმატებული შესყიდვები. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ნაცნობობა გელით. ზოგი მორიელი საყვარელი ადამიანისთვის დღესასწაულის მოწყობას შეძლებს.

მშვილდოსანი

თქვენი ავტორიტეტი, საქმიანი თვისებები და სამსახურის მიმართ პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩება. ახლა მთავარია, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ და დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. სახლში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს და დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. თუ მარტოხელა ხართ და მეორე ნახევარს ეძებთ, ამ დღეს ხალხში უნდა იტრიალოთ და გასართობ ღონისძიებებს დაესწროთ.

თხის რქა

ინტელექტუალური პოტენციალი და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თანდაყოლილი ტაქტი და ადამიანების დარწმუნების ნიჭი დაგეხმარებათ, რომ მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

მერწყული

არ შეგიძლიათ, რომ სხვა ადამიანების თხოვნა უყურადღებოდ დატოვო, მაგრამ დროა, საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. აიმაღლეთ თვითშეფასება და დაიცავით პირადი საზღვრები. თუ მარტოხელა ხართ, პარტნიორის არჩევისას სხვების რჩევით კი არა, საკუთარი ინტუიციით უნდა იმოქმედოთ.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრა, გაუთვალისწინებელი მოვლენა და სიურპრიზები გელით. შესაძლებელია დიდი ხნის უნახავი ნათესავები ან მეგობრები გეწვიონ. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობაში უფრო მეგობრული იყოთ და ყოველგვარ დაპირისპირებას მოერიდოთ. ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელიც თქვენს დაზარალებას ცდილობს. უსმინეთ თქვენს ინტუიციას – მისი მინიშნებები დაგეხმარებათ შეცდომები თავიდან აიცილოთ.

პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე – შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორ წელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ, თუ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე. პირდაპირ ამას ითხოვს ეს რეზოლუცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან, ამიტომ, ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა.


„ხანდახან უნდათ, მათ შორის ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პარლამენტში, იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიცია არის და ამიტომ ამ მხრივაც არის მძიმე, რომ ეს რეზოლუციაში აღმოჩნდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, მასთან პირადად და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ, რომ სანქციები დაეწესებინა საქართველოს რუსეთისთვის, თუმცა დაცვის გარანტიებს არ იძლეოდნენ.

„ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით, არადა ამაზე საუბარი დაიწყო ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს. როდესაც ჩემთან პირადად შეხვედრაზე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ არჩევას ბნელ და ნათელ მხარეებს შორის, ანუ სანქციასა და არასანქციას შორის, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის.

მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ერთი წელი ალბათ, ყველა შეხვედრა საგარეო ვიზიტებში სულ ამაზე გვიწევდა მსჯელობა და ახსნა, რომ აი საქართველო აი რუსეთი, ჩვენ ვერ დავაკლებთ ვერაფერს, სამაგიეროდ ჩვენ დაცული არ ვართ, თქვენ ნატოს წევრი ხართ, ატომური ბომბები გაქვთ, ჩვენ ბომბები არც ატომური და არც არაატომური არ გვაქვს საერთოდ, თქვენ ევროკავშირის წევრი ხართ და ერთმანეთს ფულით ეხმარებით – ჩვენ წყალობას თუ გადმოგვიგდებს ვინმე უცხოეთიდან ამ შემთხვევაში. ვეკითხებოდით – დაგვიცავთ? იომებთ? ფულს მოგვცემთ თუ ჩამოიშალა? და არაფერზე გარანტიას, რა თქმა უნდა, არავინ არ გვაძლევდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას, გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას.

„ეს იყო ყველაზე გულდამწყვეტი, რომ ეს საუბრები მიდიოდა შიგნით, ხედავდი რამხელა წნეხი იყო და ხედავდი გარეთ, როგორ მუშაობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას და გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას და შეგახსენებთ ომის დაწყებიდან 2-3 დღე იყო გასული მე მგონი, აქციები რუსთაველზე, სადაც ოპოზიცია, ენჯეობი, სახალხო დამცველი, მაშინდელი, ქალბატონი ნინო ლომჯარია იდგნენ და რას ითხოვდნენ? ითხოვდნენ გაგვეგზავნა სამხედროები, ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილიყო მთავრობის მიერ ორგანიზებულად ჯგუფი და თვითმფრინავი და CNN-ზე, BBC-ზე, „რია ნოვოსწიში“, თუ ა.შ. გასულიყო ინფორმაცია, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც ახლა ჩაფრინდება უკრაინაში და იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს რა არის თუ არა ომში ჩართვა?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

,მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს”- ჰელსინკის კომისია

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი.

განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

“ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პასუხისმგებლობის ზომების ფართო სპექტრი დააანონსა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვების წინააღმდეგ, ვინც ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

„მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს – ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაპოლი“ კვარაცხელიას შემცვლელად ნერეშს ამზადებს, ქართველს კი გაყიდიან – ჯერარდო ფასანო

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჯერარდო ფასანომ გაზეთ AreaNapoli-სთან „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის.

„სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე რამდენიმე თვე რჩება და „ნაპოლი“ ზამთრის ტრანსფერებსა და გაძლიერებაზე უკვე მუშაობს. რა გარიგებებს ამზადებს აურელიო დე ლაურენტისის კლუბი? დარჩება თუ არა კვარაცხელია ნეაპოლში? შესაძლოა, ნერეშის შეძენა კვარაცხელიას მომავალ სეზონში გაყიდვისთვის მზადების ნაწილი იყო.

შემთხვევითი არ არის, რომ კონტე ბრაზილიელს მარცხენა ფლანგზეც იყენებს. დავიდ ნერეში კარის სიახლოვეს ახლა უფრო მწვევა, ვიდრე კვარაცხელია.

თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით კვარას სათადარიგოთა სკამზე დასმა არასასურველ ვითარებას შექმნიდა. სად შეიძლება წავიდეს კვარაცხელია? მას მადრიდის „რეალში“ თამაში სურს, როგორც ამ ზაფხულს ვთქვით. შესაძლოა, როდრიგოსა და ქართველს შორის რაიმე სახის როტაცია მოხდეს“, – ამბობს სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ჯერარდო ფასანო.

 „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი“.

„6-ჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი; 4-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი; 5-ჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი; ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუკზე“.

,, 2017 წელს გიზო უგლავა და დავით საყვარელიძე ოდესის მერს 500 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ სისხლის სამართლის წარმოების გადაწყვეტას სთავაზობდნენ”- უკრაინული მედია

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე გიზო უგლავა, უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე და რამდენიმე ადამიანი ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს 500 ათას დოლარს სთხოვდნენ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის დასრულების სანაცვლოდ. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის რადას ყოფილ დეპუტატზე, იგორ მოსიიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის 3 სექტემბერს გათავისუფლებული უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე გიზო უგლავა შესაძლოა მართლსაწინააღმდეგოდ 500 ათას დოლარს ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრობლემის გადასაწყვეტად“, – ამბობს მოსიიჩუკი.

მედია ავრცელებს მერის დაკითხვის ოქმს. როგორც ოქმიდან ირკვევა, მოქმედება 2017 წელს ვითარდებოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უგლავა ტრუხანოვს ანტიკორუფციული ბიუროს ოფისში შეხვდა. საუბრის დროს მან ოდესის მერს საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან, დავით საყვარელიძესთან და ვინმე ირაკლისთან შეხვედრა შესთავაზა.

შემდეგ ტრუხანოვს ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე გრანოვსკი დაუკავშირდა და ზემოთ მოყვანილ პირებთან შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დაგეგმა. აღნიშნულ შეხვედრაზე ტრუხანოვს 500 ათასი დოლარი მოსთხოვეს, რაზედაც მან უარი განაცხადა. უარის შემდეგ ცოტა ხანში უგლავამ პირადად წარუდგინა ტრუხანოვს ბრალდება „კრაიანის“ ქარხნის საქმეზე.

 ,, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი, სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა, დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული” – მიხეილ სააკაშვილი

ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი, სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვენახს ჩემი უმცროსი ძმა გიორგი უვლის. შარშან აიღო ვალი, რათა წესრიგში მოეყვანა იქაურობა. ამ ვალის გასტუმრებას აპირებდა წლევანდელი წლის მოსავლით. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ასე ყურძნის გარეშე და ვალ-აკიდებული.

ამას იმიტომ ვწერ, რომ კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება და ელემენტარული საჭმლის ფული არ აქვს. ვისაც არ დაესეტყვა იმათ ყურძენს ისეთ დამცინავ ფასებში იბარებენ, რომ ასევე ძალიან უჭირთ ვენახის შენახვა.

26-ში კახეთის და ჩვენი მევენახეობის საკითხიც წყდება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

,,საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის ახალი შენობა დაათვალიერებინეს.

ირაკლი კობახიძემ ტელევიზიის თანამშრომლებს ახალი შენობის გახსნა მიულოცა და საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ დატვირთვაზე გაამახვილა ყურადღება.

„შენობა გამორჩეულია შინაარსით და ძალიან ეფექტურია მთელი ინფრასტრუქტურით. მოხარული ვარ, რომ დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს სრულიად განსხვავებულ გარემოში, ახალ შენობაში, ახალ სტუდიებში და სრულად განახლებული აპარატურით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტისთვის. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გასულ წლებში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ კერძო მაუწყებლებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელიც მიითვისა, თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა.

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ისევე სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით, როგორც სარგებლობენ კერძო მაუწყებლები. უფრო მეტიც, 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში, მე-17 მუხლში საგანგებოდ აისახა ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, სადაც კონსტიტუციით არის გარანტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური სტატუსი. გარდა ამისა, კონსტიტუცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან. ეს არის ერთ-ერთი დახვეწილი ჩანაწერი, რაც სხვადასხვა კონსტიტუციაში შეიძლება შეგხვდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ეს არის ახლანდელი დამოკიდებულება ზოგადად მედიის მიმართ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და ეს შენობაც, ვფიქრობ, არის ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინება. საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მუდმივად ვიზრუნოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მის დამოუკიდებლობაზე, მის მუდმივ განვითარებაზე. საქართველოს მთავრობის სახელით, შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ ეს ზრუნვა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტელევიზიამ საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი შენობის გახსნა, გამორჩეულად მინდა, მოგილოცოთ ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიას და მინდა, გისურვოთ უდიდესი წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, კატასტროფის გეგმაა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის”- მარია ზახაროვა

xr:d:DAF9m8wnx2k:397,j:6778340090891917259,t:24032406

მოსკოვში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინა თავისი გეგმით, დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი არის მორიგი ისტერიკა უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე, რომელიც ზელენსკის თვალსაზრისით, უნდა იყოს მონდომების მტკიცებულება და აჩვენოს, თუ როგორ ხედავენ პარტნიორები უკრაინას „უსაფრთხოების არქიტექტურაში“.

„ეს არ არის ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, ეს არის „კატასტროფის გეგმა“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.