Home Blog Page 6

ამორალური და ამაზრზენი მოწოდებები კეთდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან – ლევან მაჭავარიანი

ამორალური და ამაზრზენი მოწოდებები კეთდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ.

„იქ ვაშაძის განცხადებას გავიხსენებდი, შვილებს რომ მოუწოდა, მშობლებს გამარჯობა არ უთხრათო, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, რომ პოლიტიკა სკოლებში შევიტანოთ და იქნებ, რამენაირად არასრულწლოვანები გამოვიყვანოთ აქციებზეო, ახლა ბატონი ხაზარაძის მოწოდება ჯართან მიმართებით, რომ არ დაემორჩილოთ ახალ პრეზიდენტსო და თქვენთვის პრეზიდენტი ისევ სალომე ზურაბიშვილი იყოსო. ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ცოტა სერიოზულად შეხედონ სახელმწიფოებრივ საკითხებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კახა კალაძე დღეს საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, ჩვენ აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით – „კოალიცია ცვლილებისთვის“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენას არ დაესწრებიან.

როგორც კოალიციაში განმარტავენ, კახა კალაძესთან „ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი“.

„დღეს, 24 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს.

“ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით. დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე და მისი ხელქვეითები.

კორუფციით სახელგანთქმულ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, შესაბამისად – არალეგიტიმური ხელისუფლების, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელი დაუშვებლად მიგვაჩნია მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა.

ახლა, როცა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო მანიპულაციები, ხმის ფარულობის დარღვევა, მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების მხრიდან სხვა უხეში ჩარევა არჩევნებში უკვე დადასტურდა ეუთო-ოდირის დასკვნითაც, მაგრამ ამ ფონზე ის კვლავ განაგრძობს მისთვის ჩვეულ რიტორიკას გამოვრიცხავთ მასთან ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და მასთან ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი.

ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პროტესტს და ვიდგებით ჩვენი თანამემამულეების გვერდით, ვიდრე არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.

თბილისის საკრებულოს წევრები:

ცოტნე კობერიძე

ნინო კვიტაიშვილი

ანა გოგოლაძე

გიორგი ონიანი

თორნიკე ბიკაშვილი

მამუკა გუგეშაშვილი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა, რის შემდეგაც მინისტრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს.

მანამდე სამმა პროევროპულმა პარტიამ, ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ UDMR, კოალიციის დეტალები შეათანხმეს.

ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება. ამასთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას რვა პორტფელი ერგო, მისი ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა თავიანთ თანამდებობებზე დარჩება.

თავდაცვის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა ანჯელ ტილვარმა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ყოფილი ჟურნალისტი და მწერალი, დიპლომატი ემილ ჰურეზიანუ.

ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ კალინ ჯორჯესკუს კამპანიის გარშემო სკანდალის გამო.

რუმინეთის მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტია შეთანხმდა, მხარი პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატს დაუჭიროს.

ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომ ივლისში თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია ისრაელმა განახორციელა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელ კაცმა ეს კომენტარი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც პირობა დადო, რომ მათი სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან. მისი თქმით, ისრაელი ძლიერად დაარტყამს ჰუსიტებს.

„როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ჩვენ ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა არ დაუსახელებია ვადები, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში 29 დეკემბრამდე ზამთრის თბილი ამინდებია მოსალოდნელი.

გვაზავას თქმით, ღამის ყინვის გამო, შედარებით ეციება აღმოსავლეთ საქართველოში.

 გასული კვირა იყო ძალიან რთული მეტეოროლოგიური სიტუაციებით. განსაკუთრებით, ძლიერი ნალექი აღინიშნა დასავლეთ საქართველოში, ნაკლები ნალექი მოვიდა აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ეს არის ბაკურიანი, ახალციხის მიდამოები. ნალექი თითქმის არ აღნიშნულა კახეთის რეგიონში. დედაქალაქში, შედარებით, მცირე ნალექი დაფიქსირდა.

დღეიდან, 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ზამთარი თბილი ამინდებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში, დაახლოებით, 19-20 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 11-13 გრადუსს და მაღალ მთაში 8-10 გრადუსს. ტემპერატურა გათბება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთიან რაიონებში.

ღამის საათებში, დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ყინვა. ყინვიანი ამინდები მოსალოდნელია, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს როგორც ბარში და მთაში, ასევე მაღალ მთაშიც.

ამ კვირას, განსაკუთრებით 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში აღინიშნოს მცირე ნალექი თოვლის სახით.

ხვალ,დილის საათებში, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლი და თოვლჭყაპი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამის ყინვების გამო, შედარებით ეციება. ცალკეულ დღეებში ღრუბლიანი ამინდი შეიძლება ჭარბობდეს, 27 დეკემბრამდე, ეს იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ამიტომ, აქ დასავლეთთან შედარებით რამდენიმე გრადუსით ნაკლები იქნება, მაგრამ მგრძნობელობა იქნება სითბოსი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე თქმით, 28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვა.

“შესაძლოა დედაქალაქში, 24 დეკემბერს დილას მცირე ნალექი აღინიშნოს წვიმის სახით. 25-26 დეკემბერს, შესაძლოა, თბილისში ღამის ტემპერატურამ 2-3 გრადუს ყინვამდე დაიკლოს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა აქ მოსალოდნელია 12-14 გრადუსი. 27-მდე ამაზე მეტი არაფერია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი, მაგრამ ეს ნალექს არ მოგვცემს”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

 ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის-პეტრ პაველი 

სალომე ზურაბიშვილმა მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს აახლოებს რუსეთთან, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას უახლესი მოვლენები განიხილეს, მათ შორის ეუთო/ოდირის ანგარიში.

„გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი სატელეფონო ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს სულ უფრო მეტად აახლოებს რუსეთთან. მე ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, – წერს პეტრ პაველი.

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა სიმშვიდის და საღი აზრის შენარჩუნებას. ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდებით, რასაც თქვენი კოლეგები ღირსეულად დააფასებენ. სხვა ადამიანების პრობლემებში კარგად ერკვევით და მათი დახმარებაც მშვენივრად შეგიძლიათ. ამ თვისებების დახმარებით რომელიღაც მეგობარს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

კურო

თავს მშვიდად და გაწონასწორებულად გრძნობთ. სამსახურში, კოლეგებს შრის არსებულ უთანხმოებას მარტივად მოაგვარებთ. ამის გამო თქვენი ავტორიტეტი გაძლიერდება და ყველა მენტორად ჩაგთვლით, რომელსაც საჭირო რჩევის მიცემა შეუძლია. ახალი, საინტერესო ურთიერთობების დასაწყებად შესანიშნავი დღეა, ამიტომ სახლში ნუ ჩაიკეტებით და ხალხმრავალ ადგილებს ეწვიეთ. თქვენი პიროვნული თვისებები ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს.

ტყუპები

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. არ არის გამორიცხული, რომ ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ ადამიანმა შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

კირჩხიბი

თქვენი დახვეწილი იუმორი და საინტერესო ისტორიები მოწონებას იმსახურებს, ამიტომ ადამიანებს ამხიარულებთ და მაგნიტივით იზიდავთ. ლოგიკური მსჯელობით გარშემო მყოფებს გააოცებთ და შესაძლოა, მენეჯმენტის ქებაც კი დაიმსახუროთ. ეცადეთ, ურთიერთობისას მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ. არახელსაყრელი დღეა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის, ამიტომ ეცადეთ, საღამო მშვიდად გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ, რაც თქვენს განწყობაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც არ გსურთ და ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საუბარში დაუფიქრებელ სიტყვებს მოერიდოთ. ბევრისთვის სიმართლე ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გაგიხდეთ.

ქალწული

სოციალურმა ქსელებმა შეიძლება თქვენი შრომის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად შეამციროს. ეცადეთ, ტელეფონს მოწყდეთ და ყურადღება მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებისკენ გადაიტანოთ. ქალწულებს ეკონომიურობა ახასიათებთ, მათ ურჩევნიათ ფული საყვარელ ადამიანებზე და არა საკუთარ კომფორტზე, რაშიც თქვენი ახლობელი ადამიანები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან.

სასწორი

სიახლეები, ექსპერიმენტებისა და ცვლილებების სურვილი თქვენს მუშაობაზე სასიკეთოდ აისახება. ეს დღე უამრავ ენერგიას მოგიტანთ, რომელიც შეიძლება ვარჯიშისთვის გამოიყენოთ. ერთადერთი რაც გჭირდებათ მოტივაციაა. ხელსაყრელი დროა თვითგანათლებისთვის, ამიტომ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კურსებზე დარეგისტრირდეთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ ზედმეტი ფიქრი შეწყვიტოთ და ის აკეთოთ, რაც თავად გინდათ.

მორიელი

ზოგჯერ ადამიანს უმნიშვნელო წვრილმანები აბედნიერებს და დღეს ზუსტად ასეთი დღეა. გსურთ, რომ საკუთარი თავი ლამაზი ნივთებით გაანებივროთ და მაღაზიების შემოვლას იწყებთ. ზოგჯერ შოპინგი საუკეთესო ფსიქოთერაპიაა, მაგრამ ახალი წლის წინ მთელი დანაზოგის ერთად დახარჯვას მაინც არ გირჩევთ. ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს, სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტი და ხანმოკლე მკურნალობა სჭირდება.

მშვილდოსანი

მზად იყავით იმისთვის, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. საქმეების უმეტესობა უინტერესო იქნება, მაგრამ დაწყებული მაინც უნდა დაასრულოთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს. ეს შეიძლება როგორც ადამიანი, ისე რაღაც მოვლენა იყოს. შემოქმედი მშვილდოსნები შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალისთვის გადადეთ – ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

თხის რქა

ეცადეთ ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ. სხვისი პრობლემები არ გაინტერესებთ, რადგან საკუთარიც გყოფნით. გუნდურ მუშაობაზე წარმატებული და ნაყოფიერი ინდივიდუალური იქნება, ამიტომ შეგიძლიათ განმარტოვდეთ და საქმეს შეუდგეთ. იჩქარეთ, რომ ახალ წლამდე ყველა საქმე დაასრულოთ და სუფთა ნამუსით დაისვენოთ. საღამოს შეგიძლიათ ხალხმრავალი ადგილები მოინახულოთ – ეს განწყობას აგიმაღლებთ.

მერწყული

გირჩევთ მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გადაიტანოთ. რომელიღაც მათგან თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. თქვენთვის ყველაზე მთავარი საყვარელი ადამიანების სახეზე ღიმილია, ამიტომ მზად ხართ მათთვის მთელ სამყაროს ომი გამოუცხადოთ. დამშვიდდით, ამის გაკეთება საჭირო არაა. საკმარისია, მაღაზიაში შეხვიდეთ და ლამაზი საჩუქრები შეიძინოთ. მოახლოებული დღესასწაულის წინ სახლის განახლების დაუძლეველ სურვილს გრძნობთ. სულ ერთია, მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახთან ერთად, ახალ წლამდე ახალი იდეების განხორციელება მოგიწევთ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღესასწაულების წინ დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ. სამსახურში უკვე ახალი წლის განწყობა იგრძნობა, ამიტომ მუშაობა გიჭირთ. მნიშვნელოვანი საუბარი ან საქმიანი მივლინება წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საუბარი გელით, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო -პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი -IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.​

IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი, სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას, ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება, – ამის შესახებ IRI-ის მიერ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც IRI-ის ანგარიშშია ნათქვამი, ასევე აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა.

„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში. კრემლის პოლიტიკის თითქმის 40-წლიანი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ ესწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციას და დემოკრატიული მომავლის შექმნას“, – განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მისიამ დაადგინა, რომ მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა საქართველოს საარჩევნო პროცესზე და სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მისიამ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და სისტემატური ხარვეზები დააფიქსირა, რომელიც ოთხ ძირითად პრობლემას უკავშირდება: 1. არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; 2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება; 3. საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება; და 4. არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.

„საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, მოქმედებდნენ როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ. მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“, – განაცხადა ტვაინინგმა.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას.

IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.

„მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები. საქართველოს დემოკრატიის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, ანგარიში მოიცავს 31 რეკომენდაციას, რომელთა შორისაა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სანდო არჩევნების უზრუნველსაყოფად გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა. IRI რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგულ მხარდამჭერად“, – ნათქვამია IRI-ის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა რეკომენდაციები ამერიკელებისთვის, რომლებიც ბელარუსში მოგზაურობას გეგმავენ. ამის შესახებ რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ დაწერა. თავად ახალი რეკომენდაციები სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ხუთი დღით ადრე გამოჩნდა.

„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულების, დაკავების რისკის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გაგრძელების, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

აშშ-ის ხელისუფლების რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. ხოლო მათ, ვისაც საკონსულო მომსახურება სჭირდებათ, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის წარმომადგენლობას სხვა ქვეყანაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მინსკში აშშ-ს საელჩოს მუშაობა 2022 წლის 28 თებერვალს შეაჩერა – უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხი დღის შემდეგ, და სწორედ მაშინ პირველად მოუწოდა ამერიკელებს ამ ქვეყნის დატოვებისკენ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ 16 დეკემბერს გააფართოვა სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებთან. შავ სიაში შეიყვანეს 26 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი.

სადამსჯელო ზომები შეეხო მოსამართლეებს, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანეს პოლიტიკურ საქმეებზე ციხეებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელების მიმართ, სადაც ევროკავშირის განცხადებით, „პოლიტპატიმრები იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში და ექვემდებარებიან მიუღებელ ქმედებებს“.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ კომპანიების მფლობელებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან სხვადასხვა პრივილეგიებისა და შეღავათების ხარჯზე, ასევე ხელს უწყობენ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. სულ ბელარუსის მიმართ ევროკავშირის სადამსჯელო ზომები შემოღებულია 287 ფიზიკური და 39 იურიდიული პირის მიმართ.​​​​​​​​​​​​​​​​

გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
გერმანიის ელჩი რამდენიმე პროექტზე საუბრობს, რომელიც შეჩერდა, მათ შორისაა მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტები, ასევე, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.
„გერმანიამ, სინანულით, საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან.
მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ.
სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება“, – წერს პიტერ ფიშერი.

მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა-მაიკლ მაკკოლი

ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის თქმის გამო“, – წერს კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.