Home Blog Page 6

აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია? -ირაკლი კობახიძე

უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეულობით ადამიანი სჩადიოდა დანაშაულს და კითხულობენ, 30 კაცი რატომ არის დაპატიმრებული.

„იყო რამდენიმე ექსცესი, რამდენიმე მძიმე ინცინდენტი, რაც ჩვენ დავგმეთ. რა თქმა უნდა, არა თუ არ მივესალმებით, ვგმობთ, ბუნებრივია, ასეთ გადაცდომებს. პირველ-მეორე დღეს მოხდა ასეთი ინცინდენტები და მერე კიდევ უფრო მკაცრი ინსტრუქციები წავიდა, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ შემდეგ დღეებში მთლიანად აგვერიდებინა ეს ყველაფერი თავიდან, შემდეგი 3 დღე ასე გაგრძელდა და მერე მოვახერხეთ მთლიანად ამ ძალადობის აღკვეთა. მთლიანობაში უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე. ნორმალურია ახლა ეს? ამდენი დანაშაული, დამნაშავე არ არის. წარმოიდგინეთ, ასეულობით ადამიანი სჩადიოდა დანაშაულს და 30 კაცი რატომ არის დაპატიმრებულიო ამას კითხულობენ. აქ სად არის ან ლოგიკა, ან სამართლიანობა, ან რაიმე სხვა. რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესია. ხელისუფლება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რომლის შეცდომაში შეყვანა არის უფრო მარტივი, მით უმეტეს, თუ ოჯახში გაქვს ასეთი ვითარება. ერთ-ერთი მსახიობი აღნიშნეთ, დედა, დეიდა, დეიდაშვილი, ეგეთი გარემოცვა რომ გყავს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანაუგრძნო ამ ახალგაზრდას, ოჯახიდან აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ შეიძლება გუშინ ითამაშო რუსულ ფილმში და ხვალ სხვა გამოაცხადო რუსად. პოლიციელებს ეძახდა რუსებს, რომლებიც 2008 წელს ცხინვალში იბრძოდნენ. თვითონ რუსულ ფილმში მონაწილეობდა და რუსს უწოდებდა პოლიციელებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ 2008 წელს. როცა ხარ ელენე ხოშტარიას დეიდაშვილი, რომელიც დღემდე ათეულობით ათას დოლარს იღებს რუსეთის ხაზინიდან და ამბობს, რომ ყველაზე დიდი ანტირუსია, რა თქმა უნდა, პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევი, როცა დეიდა გყავს ასეთი, დედა და ა.შ. პრობლემაა ეს და ამიტომ უფრო მეტად შეიძლება თანავუგრძნოთ ასეთ ახალგაზრდებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას იმიტომ, რომ რაღაც გავლენის ქვეშ მოექცნენ, მართლა დაიჯერეს. კაცმა დაიჯერა, რომ გუშინ შეიძლება მივიღო რუსულ ფილმში მონაწილეობა და ხვალ შეიძლება 2008 წლის ომის გმირს დავუძახო რუსი, დაიჯერა ეს, რა ვქნათ, მაგრამ კანონი ხომ უნდა აღსრულდეს. რანაირად შეიძლება, კანონი არ აღსრულდეს, თუ არ აღსრულდება კანონი, მომავალ წელს განმეორდება იგივე, იმის შემდეგაც იგივე. ეს ქვეყანას აზიანებს. ეს ხომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაა, რომ შენ კანონი აღასრულო იმისათვის, რომ სახელმწიფო წარმოჩინდეს, როგორც სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.

ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად – დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? -ირაკლი კობახიძე

საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს.

„იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართული, მათ შორის უცხოელები, პირდაპირ ელჩები, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირები და ა.შ. ბუნებრივია, საზოგადოება შედგება ასეთი წევრებისგან, ისეთი წევრებისგან, ვიღაც ასეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც ისეთ ოჯახში, ვიღაც მეტად ექვემდებარება პროპაგანდას, ვიღაც ნაკლებად. საბოლოო ჯამში, ამ ადამიანების უმეტესობა, ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება, პოლიციის და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, არიან მსხვერპლი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური. ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. კანონის აღსრულება არის აუცილებელი რატომ, ნახეთ რა მოხდა, იყო 2023 წელსაც გარედან დაგეგმილი და წარმართული რევოლუციური პროცესი, უმძიმესი პროცესები, იქაც იყო შტურმი პარლამენტზე, პოლიციელებისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, მათი ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ. ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და ერთადერთი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ცნობილი გრიგორიადისი. ამხელა ამბავი მოხდა, ამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, თან ჯგუფურად და ერთი კაცი იყო დაკავებული, ისიც შეწყალებით გამოვიდა გარეთ. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესს აქვს წამახალისებელი ეფექტი, არა პრევენციული, არამედ პირიქით. შემდეგ იყო გაზაფხულზე, შარშან, 2024 წელს, ანალოგიური პროცესები, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, იქაც დაპატიმრებული იყო 6 ადამიანი, აქედან ერთი შეიწყალა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ იყო არასწორი მიდგომა. რაღაც მესიჯები რომ აქვთ, იმის ანალოგია რომ ავიღოთ, რეალური ანალოგია, ყველგან დანაშაული, არსად დამნაშავე. შეიძლება ასეთი რამე მოხდეს? ოპოზიციის მესიჯია, რომ ჩვენ გადავწვით ნახევარი ქალაქი, გახსოვთ რა ხდებოდა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, უამრავი სხვა პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

დიდი ხუთშაბათი – საიდუმლო სერობა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები ამ დღეს პირველად აზიარა და ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა მიანიშნა, რომ ერთ-ერთი მოწაფე გასცემდა. ეს მოწაფე იუდა ისკარიოტელი აღმოჩნდა.

დიდი ხუთშაბათი

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე „რომელთა ქერუბიმთას“ ნაცვლად იგალობება: „სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე“…

სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

ეკლესიური სწავლებით ამ დღეს ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს: “და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა”.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

„თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი – არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ

არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ, – ამის შესახებ ნათქვამია „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

განცხადების თანახმად, დავით დოიაშვილის გაათავისუფლეს, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ.

„დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს. ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე“, – ნათქვამია დასის საერთო განცხადებაში, რომელიც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან “არაერთგზის გაფრთხილების” მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ “ვალდებულებას არ ასრულებდა”, ხოლო “სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო”.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ “საპროტესტო მანიფესტი” გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობია საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

,,ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს” – უახლესი დღეების განახლებული პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე “პრაიმტაიმთან” საუბრობს.

„17 აპრილიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც +17 +19 გრადუსამდე მოიმატებს.

ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. აპრილის ბოლოს, შესაძლებელია, ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

რაც შეეხება აღდგომის დღეებს, 20 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 20 აპრილს უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. 

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არასასურველი იქნება. სავარაუდოდ, ვერც იმ ფულს მიიღებთ, რომლის მიღების იმედი გქონდათ. თუ ახლობლებსა და სანდო ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავთ, ისინი წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. მათთან ერთად სირთულეებს უფრო იოლად და სწრაფად გაუმკლავდებით.

კურო

დროა, რომ ცოტა გააქტიურდეთ და ძველ ჩვევებსა თუ საქმიანობაზე უარი თქვათ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები შემოქმედებით განწყობას გიქმნიან და ეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ. დაისახეთ მიზნები და შეადგინეთ გეგმა მიზნების მისაღწევად. სიახლეებისთვის შესანიშნავი დროა.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან სიახლეებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც სწრაფად მოქმედებას მოითხოვენ. შუადღის შემდეგ შეიძლება მოულოდნელმა მოვლენამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსაზრებას მეტ პატივი სცეთ. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს უფლება თავისი მოსაზრება ჰქონდეს. თავი შეიკავეთ ახლობელი ადამიანების მიმართ კრიტიკისა და მკაცრი განცხადებებისგან – ამან შეიძლება მომავალში თქვენი ავტორიტეტი დააზიანოს.

კირჩხიბი

წარმატებული და ენერგიული დღეა, განსაკუთრებით ახალი წამოწყებებისთვის. სავარაუდოდ, შემთხვევითი ნაცნობობა დროთა განმავლობაში, გულწრფელ მეგობრობად გადაიქცევა. დღის განმავლობაში მიიღებთ სასიხარულო ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — თუ მცირე დაღლილობას მაინც იგრძნობთ, ჯობს სახლში დარჩეთ. თბილი რძე და თაფლი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებმაც განწყობა გაგიფუჭათ, უკვე წარსულს ჰბარდება. ახლა პოზიტიური ტენდენცია იწყება და საშუალებას გაძლევთ, ახალ საფეხურზე გადახვიდეთ, იქნება ეს კარიერა თუ პირადი ცხოვრება. წარმატება ყველა წამოწყებაში თან დაგდევთ. გირჩევთ, საღამო ხმაურიან გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატაროთ — ასეთი ურთიერთობები თქვენთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება.

ქალწული

შესაფერისი დღეა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებსაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ. გამონახეთ დრო ჯანმრთელობისთვის და ექიმს ეწვიეთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა იმედგაცრუებით დასრულდეს. წარმატებას დისციპლინა და სწრაფი რეაქციის უნარი მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს მთავარია, არ დანებდეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ოჯახურ წრეში დასასვენებლად. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაატარებთ დროს — მთავარია, ახლობლებთან ერთად იყოთ. გირჩევთ, საოჯახო საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ფიზიკურ დატვირთვას ერიდოთ. უფროსი თაობის წარმომადგენლები თქვენს ყურადღებასა და მზრუნველობას ელიან. სამსახურში არსებული პრობლემები შეიძლება ფინანსებზე აისახოს. ყველანაირ კონფლიქტში შეეცადეთ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ.

მორიელი

ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ამ დღეს პრობლემებს ახლებურად შეხედავთ და სწრაფ გამოსავალსაც იპოვით. სარკეში ჩაიხედეთ, იქნებ დროა, დიეტა და ვარჯიში დაიწყოთ ან ვარცხნილობა შეიცვალოთ? გაზაფხული ხომ ცვლილებებისა და სიხალეების დროა?

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვან წუთებში გიღალატოთ ან იმედი გაგიცრუოთ. სამაგიეროდ, პროფესიული იდეები წარმატებას და ხელმძღვანელობისგან აღიარებას მოგიტანთ. თუ ახალ პროექტზე ფიქრობთ, თანამოაზრეები განსაკუთრებით ყურადღებით შეარჩიეთ. შესაფერისი დროა ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქების კეთილგანწყობა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება და ადამიანებს მიიზიდავს. შესაძლოა, ძველი ნაცნობი შეგხვდეთ ან ახალი ურთიერთობა დაიწყოს, თუმცა, ურთიერთობა ფლირტის დონეზე შეჩერდება. სავარაუდოდ, საღამოს ნოსტალგია მოგაწვებათ. ერიდეთ უცხო ადამიანებთან ზედმეტ გულახდილობას და უსარგებლო საუბრებს.

მერწყული

მერწყულებს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი ელით. ეცადეთ, ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებით გაახაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს წინასწარმეტყველური სიზმრები ნახოთ — ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა ისინი მნიშვნელოვან მინიშნებებს გაძლევდეთ. ინტუიცია დღეს გამძაფრებული გაქვთ და აუცილებლად უნდა მოუსმინოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსურ საკითხებზე აქტიურად იმუშაოთ. შესაძლებელია, მოგება მიიღოთ ან დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. ზოგიერთ შემთხვევაში სტრატეგიის შეცვლა დაგჭირდებათ — პერსპექტივები გაცილებით ფართო აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ გეგონათ.

,, მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ ქვეყანას”- პრემიერი

არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა, როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით,  მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ ქვეყანას.

„ნეტავ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღზეც არ არის საუბარი, მინიმალური მოთხოვნა რომ დავაყენოთ, ნეტავ არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა. ამაზე მეტი მოთხოვნაც არ გვაქვს. ნუ იქნება ბოლომდე ჯანსაღი, ნუ იქნება ბოლომდე კომპეტენტური, ოღონდ არსებობდეს ამ ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც უბრალოდ, არ იქნება უცხოური აგენტურა. მეტი მოთხოვნა ხომ არ გვაქვს, ეს არის ერთგვარი მინიმალური მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა დავაყენოთ. არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მცირე პოლიტიკურ პარტიებს, არის ერთი-ორი პატარა პარტია, რომელიც შეიძლება გარედან არ იმართება, მაგრამ რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ პარტიას, თქვენ იცით, როგორ გადანაწილდა არჩევნებზე შედეგები,               54% ავიღეთ ჩვენ, 38% იმ ოთხმა პარტიამ და 8% დანარჩენმა. იმ 8%-ში შეიძლება ზოგი ასეთი სუბიექტი შეიძლება იყოს, ზოგი ისეთი, მაგრამ რაც შეეხება 38%-ს, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის უცხოური აგენტურა. რომელიც ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხო ძალას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკის ახალი ხელისუფლება უწოდებს „დიფ სთეითს” და .შ. ამიტომ არათუ პრობლემაა მათი არშესვლა საკრებულოებში ან დიდი დოზით არშესვლა, პირიქით, ეს არის ერთგვარი შანსი იმისა, ეს აგენტურული ოპოზიცია ჩანაცვლდეს პერსპექტივაში ისეთი ოპოზიციით, რომელიც მინიმუმ, საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგება. კომპეტენციას და სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ – მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იდეალური ხელისუფლება, დემოკრატიის კანონია, რომ არ შეიძლება, რომელიმე ხელისუფლება იღებდეს 65,-70%-ს. ბუნებრივად არსებობს ოპოზიციური ნიშა. ასეთია დემოკრატიის ბუნება. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელსაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. მართალია, ეს შეიძლება ვერ ესწრება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ რისი პირობაც შეგვიძლია მივცეთ საზოგადოებას, არის ის რომ არჩევნებამდე ჩვენ აუცილებლად სარჩელს გავამზადებთ და შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პროცედურებს, წესით, არ უნდა დასჭირდეს დიდი დრო. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებადია ეს პროცესი”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

ირაკლი კობახიძე – მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ სად დგას მათი უდიდესი უმრავლესობა. 

„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოვა, მას ექნება კონკრეტული სპექტრი საკუთარი არჩევანისთვის და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ არჩევნებში. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებენ მონაწილეობას და მძიმედ დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ და ასე დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს რა თქმა უნდა, გააიოლებს ჩვენს საქმეს. მე ტრადიციულად ვარ ხოლმე შტაბის უფროსი და როგორც შტაბის უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პატარა თავის ტკივილთან არის დაკავშირებული შტაბის მართვა, ყველაფრის დაგეგმვა. ისინი თუ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იოლად დადგება ის შედეგი, რაც ისედაც უნდა დადგეს. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს უფრო მეტად იმის, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ მიიღებენ, ესეც მათი საქმეა. ასეც და ისეც არსებითად ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, ასეც და ისეც, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, ოპოზიცია ძალიან მცირედ იქნება წარმოდგენილი ახალ საკრებულოებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს. განცხადება დღევანდელი სამმხრივი კომისიის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. დღესვე გაირკვა, რომ მაღაროელები კიდევ ერთი თვის ხელფასს აიღებენ. კომისიას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება კონკრეტული გეგმაც, სადაც ის ნაბიჯები იქნება აღწერილი, რომლის გათვალისწინებითაც მაღაროელები სამუშაოებს დაუბრუნდებიან.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” ასევე გასცა პირობა, რომ სტრუქტურულ რეორგანიზაციას განახორციელებს. კომპანიასთან, რომელმაც კრიზისის გამო მუშაობა შეაჩერა, ახლა მოლაპარაკებებს სახელმწიფო და პროფკავშირები მართავს. სწორედ ამ სამმხრივ ფორმატის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი, უზარმაზარი ფინანსური ზარალისა და დახურული წარმოების მიუხედავად, მაღაროელებისთვის ხელფასისა ჩარიცხვა.

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ – თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ, – ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მხარს უჭერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

„ჩვენ აღარ ვართ ერთი ერი, ორი სახელმწიფო, არამედ ერთი ერი, სამი სახელმწიფო. გარდა იმისა, რომ ერთი ერი ვართ, ერთი ჯარიც ვართ. ამჟამად მიმდინარეობს პროცესი ერთიანი არმიისკენ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ თავდაცვის სფეროში. ამის წინაპირობაა ერთობლივი სამხედრო წვრთნები“, – აღნიშნა ჰულუსი აქარმა.

გასულ თვეში ილონ მასკი ​პენტაგონში ჩინეთის შესახებ საიდუმლო საინფორმაციო შეხვედრას უნდა დასწრებოდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა როდესაც შეიტყო, შეხვედრა გააუქმა

გასულ თვეში აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ​ილონ მასკი ​პენტაგონში ჩინეთის შესახებ საიდუმლო საინფორმაციო შეხვედრას უნდა დასწრებოდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა როდესაც ამის შესახებ შეიტყო, შეხვედრა გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აქსიოსის“ წყაროების ინფორმაციით, „პენტაგონში მასკის დაგეგმილმა შეხვედრამ ტრამპი გააღიზიანა“.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას ანონიმურად განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მასკი მოსწონს, მაგრამ რადგან მას ჩინეთში დიდი ბიზნესები და კარგი კონტაქტები აქვს, ასეთი შეხვედრა მიუღებლად ჩათვალა.

„რას აკეთებს იქ ილონი? დარწმუნდით, რომ ის ვერ მოხვდება ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ, რომელმაც დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორა.

ევროკომისია – კომისიამ მოამზადა სახელმწიფოების სია, რომლებიც მომავალში უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად ჩაითვლებიან

ევროკომისიამ გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, რომლებიც მომავალში უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად ჩაითვლებიან. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოებიც.

სიაში შვიდი ქვეყანა შედის. ესენია: კოსოვო, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრანტების თავშესაფრის მოთხოვნებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაჩქარებული წესით განიხილავენ, რადგანაც აღნიშნული ქვეყნებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსი დაბალია.

ევროკომისიის გადაწყვეტილების თანახმად, დაჩქარებული პროცედურა, მაქსიმუმ, სამ თვეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა თითოეული თავშესაფრის მოთხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილონ, იმის მიუხედავად, პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდანაა თუ არა.

აღსანიშნავია, რომ ახლა აღნიშნული სია ევროპარლამენტმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

ამასთან, ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ასევე ჩაითვლებიან უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად.

გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც კონფლიქტებთან დაკავშირებული ძალადობა ფიქსირდება, ან რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირის სანქციებია დაწესებული, ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიდანაც მიღებული თავშესაფრის მოთხოვნების დაკმაყოფილების დონე 20 პროცენტზე მეტი იქნება.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროპის საზღვრების უკანონო კვეთის შემთხვევათა რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30 პროცენტზე მეტით შემცირდა.