Home Blog Page 6

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ოქტომბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.

ოქტომბრის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში 8 და 29 ოქტომბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  24, 27, 31 ოქტომბერს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა.  შეხვედრას ტრენერები – მირანდა მანჯგალაძე და ია ნადირაშვილი გაუძღვებიან.
  • მესამე ტრენინგი, რომელიც 13 და 16 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის როლს შეეხება. თიბისის AI-სა და მონაცემთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნუცა აბაზაძე ისაუბრებს, რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს და როგორ შეგვიძლია გავამარტივოთ ყოველდღიური ამოცანები AI-ის სწორად გამოყენებით.
  • ოქტომბრის კიდევ ერთი ტრენინგის თემა  იქნება ფინანსურ ანალიზი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, 21 ოქტომბერს გაიმართება და მას ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • მე-5 ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 21 ოქტომბერს ჩატარდება ESG თემატიკაზე  – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი”.  შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ ჩაატარებს. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

“გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო” – საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს” -რას წერს უცხოური პრესა

უცხოურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ტრადიციულად ყურადღება დაუთმეს და გააშუქეს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკაციებში და რეპორტაჟებში გარკვეული ტენდენციურობა და ცალმხრივობა შეიმჩნევა: გაზვიადებულია ოპოზიციის აქტიურობა, ხოლო ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები დემოკრატიული ნორმების დარღვევად არის წარმოჩენილი.

ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუბლიკაციად შეიძლება ჩაითვალოს გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებული სტატია სათაურით:  „გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო“ – საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს“ (ავტორი – ფლორიან ზადლერი), რომელშიც ვრცლად არის გადმოცემული თბილისში ოთხ ოქტომბერს განვითარებული მოვლენები.

“ქაოსი საქართველოში: ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა მთავრობის დამხობა მოისურვა. მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეს შეუტიეს და პოლიციის სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ. არიან დაშავებულები. ძლიერდება ნეგატიური ნიშნები იმისა, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ავტორიტარულ სახელმწიფოდ შეიძლება გადაიქცეს“, – წერს გერმანელი ჟურნალისტი სტატიის დასაწყისში.

„გერმანული საზოგადოების ყურადღება გადატანილია უკრაინაში და ღაზას სექტორში მიმდინარე ომებზე, ეკონომიკურ კრიზისზე და კოალიციურ მთავრობაში მომხდარ უთანხმოებაზე, ამ დროს კი საქართველოში დრამატული მოვლენები ვითარდება. უკვე თითქმის ერთი წელია ქართველები ყოველდღიურად აპროტესტებენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს, ამას კი ახლა არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენებიც დაემატა. ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებს, წესით, შედარებით ნაკლები პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ საქართველოში საქმე სხვაგვარადაა. ადგილობრივი არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, უკმაყოფილებისა და მრისხანების გამომწვევ მოვლენას წარმოადგენს. ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან თვლის, რომ ხელისუფლება მას მაინც გააყალბებს. არჩევნებს არც ევროკავშირისა და სხვა ორგანიზაციების საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებიან. ქართველებს როგორც კი დაელაპარაკები, მათგან მუდმივად გესმის, რომ ქვეყანა თანდათან ბელარუსს ემსგავსება“, – წერს პუბლიკაციის ავტორი.

სტატია რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, რომლებთაც ასეთი ქვესათაურები აქვთ:

ა) „დაპატიმრებები, ძალადობა და ხალხის მრისხანება“ – გადმოცემულია ოპოზიციის დამოკიდებულება მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსის მიმართ, „რომელიც სულ უფრო ანტიდასავლურ კანონებს იღებს და მის საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო მეტად ჩანს პრორუსული ორიენტაცია. ხელისუფლება სულ უფრო მეტად აქტიურობს დასავლეთის მხარდამჭერ მოქალაქეთა დასაშინებლად, რომლებსაც აპატიმრებს და დევნის“. ყურადღება გამახვილებულია აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებზე – ოპოზიციური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ იგორ ნარმანიაზე და ა.შ.

ბ) „ბრიუსელისკენ თუ მოსკოვისაკენ?“ – პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანულენოვანი იურისტია, რომელმაც დოქტორის ხარისხი დიუსელდორფში მიიღო, მაგრამ სწორედ მან გამოაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება საქართველოს გაწევრიანების მიზნით. ამის მიზეზი ისაა, რომ თბილისის პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია ორი მიმართულება ებრძვის ერთმანეთს – საიდ წავიდეს ქვეყანა – ბრიუსელისკენ თუ მოსკოვისაკენ? ბოლო დროს პრომოსკოვური კურსი შესამჩნევი გახდა. როგორც ჩანს, ამას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტები განაპირობებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა.

გ) „ოპოზიციის ნაწილის იმედები: „ხელისუფლება დაემხობა“ – სტატიის ამ ნაწილში საუბარია „ცნობილი საოპერო მომღერლის“ პაატა ბურჭულაძის დეკლარაციაზე მთავრობის მშვიდობიანი დამხობის მიზნით. ავტორი ესაუბრება თინათინ ერქვანიას, სამართლის პროფესორს, რომელმაც დოქტორის წოდება ბერლინში მიიღო და მიხეილ სააკაშვილის პარტიის მომხრეა და რომელიც აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ქართველების ოცნება – დემოკრატია და კანონის უზენაესობა – დაასამარა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, „ძნელია იმის წარმოდგენა, რომ საქართველო – ტურიზმისა და დასვენების ქვეყანა, რომელიც გერმანელებში პოპულარობით სარგებლობს თავისი ღვინით და ეროვნული საჭმელებით, რომელსაც ევროკავშირში წევრად მიღების კანდიდატის სტატუსი აქვს, რომლის მოსახლეობის 80%-ს პროევროპული ორიენტაცია აქვს, უეცრად ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცეს. სამწუხაროდ, ავტორიტარიზმის ნიშნები სულ უფრო მეტი ხდება, რაც სხვადასხვა ფაქტებით და მოვლენებით დასტურდება. მაგალითად, იმით, თუ როგორ უპატივცემლოდ ეპყრობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელები გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, ან სხვა დასავლელ დიპლომატებს: მათ მმართველი პარტიის ფუნქციონერები ყოველდღიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.  პარლამენტის სპიკერმა გერმანიის ელჩს სიტუაციის ესკალაცია დააბრალა – იმიტომ, რომ იგი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ერევა და მმართველ პარტიას საჯაროდ აკრიტიკებს. გერმანიის ელჩი ამას წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს [და მისი მოქმედებით უკმაყოფილება გამოხატეს] – პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში“.

დ) „რეპრესიები ძლიერდება“ – საქართველოს დამოუკიდებელი მასმედია წნეხის ქვეშაა. კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლები ან ზეწოლის ქვეშ არიან, ან მათ სამსახურებიდან ათავისუფლებენ. ქვეყანაში შიშის გრძნობაა გაბატონებული. რეპრესიებს ვერ გაექცნენ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და ისინი, რომლებიც ადრე ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები იყვნენ, მაგალითად, გიორგი ბაჩიაშვილი.

„და მაინც თბილისში არჩევნების დღეს რევოლუცია არ მომხდარა. ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, პრეზიდენტის სასახლის შტურმი მთავრობის დაკვეთით განხორციელდა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას აფრთხილებს, რომ სახელმწიფოს პასუხი იქნება უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ. სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია „დი ველტში“ გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს.

კიდევ ერთი გერმანული მედიასაშუალების – სამაუწყებლო კომპანიის – რადიო „დოიჩე ველეს” (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „საქართველოში პოლიციამ მთავრობის მოაწინააღმდეგე მომიტინგებიის მიმართ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა“ (ავტორი – ემა სასიპორნკარი), რომელიც გადმოცემულია ქართული საზოგადოების ოპოზიციური ნაწილის უკმაყოფილება მმართველი პარტიის ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ.

პუბლიკაციები გამოქვეყნდა აგრეთვე ბრიტანულ მასმედიაშიც – გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) დაბეჭდა სტატია სათაურით „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისში მომხდარი პროტესტების შემდეგ, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე დევნა გამოაცხადა და ევროკავშირის ელჩი „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ მცდელობაში დაადანაშაულა“ (ავტორი – დებორა ქოული). პუბლიკაცია მომზადებულია დასავლური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ამბების საფუძველზე. გარდა ამისა, მსგავსი სტატია გამოაქვეყნა სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“-მ (BBC) თავის ვებ-გვერდზე სათაურით „საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს“ (ავტორი – რაიჰან დემიტრი და ანრი ასტე).

თბილისურ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკული პრესაც – გაზეთ „ლოს ანჟელეს თაიმსში“ (Los Anjeles Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რეპრესიები საქართველოში, რუსეთის მსგავსად, მიმართულია როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეების, ასევე უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი მასმედიიის წინააღმდეგ“ (ავტორები – სოფიკო მეგრელაძე და დაშა ლიტვინოვა).

პუბლიკაციის მთავარი მომენტები: საქართველოს მმართველი პარტია უპრეცედენტო რეპრესიებს ახორციელებს იმ ადამიანებისა და მასმედიის მიმართ, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები არიან. პროტესტის მონაწილეებს დიდი ჯარიმები და პატიმრობა ელოდებათ. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ კურსს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ ბრიუსელმა თბილისზე ზეწოლა მოახდინოს და მმართველმა პარტიამ დემოკრატიისაგან უკუსვლა შეწყვიტოს.

რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ყოველთვის რუსული მასმედიაც ყურადღებას აქცევს. არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციები აქტიურად გაშუქდა ტელეარხების («Первый канал», «Россия-1» და ა.შ.) მიერ მომზადებულ ახალი ამბების გამოშვებებში, ხოლო პრესაში – 6 ოქტომბრის ნომრებში. მაგალითად, გაზეთ „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) დაიბეჭდა სტატია სათაურით „მცირე ოქტომბრის რევოლუცია“: ქართულმა ოპოზიციამ თავისი დაპირება ვერ შეასრულა – მტავრობა ვერ დაამხო“ (ავტორი – გიორგი დვალი), „საქართველოს მუნიციპალური არჩევნების შედეგები, რომელშიც გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა, სრულიად მოსალოდნელი იყო, თუმცა იმავდროულად ინტრიგაც იქნა შენარჩუნებული მთავარი საკითხის მიმართ – რა ელოდება ქვეყანას მომავალში.  არცევნებმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ გააშიშვლა ქართული პოლიტიკის ქრონიკული პრობლემები: ელექტორატის მზარდი დაღლილობა პოლიტიკური ელიტის ღრმა განხეთქილების ფონზე ქვეყნის სტრატეგიული განვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, აგრეთვე ქართველი „მარადიული რევოლუციონერების“ მიერ მოწყობილი ქუჩის პროტესტების სულ უფრო მეტი რადიკალიზაცია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ამ საკითხებზე ავტორი ესაუბრება პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც იმავდროულად ქუთაისის მერობის კანდიდატიც იყო. მისი აზრით, რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია ზომიერ ოპოზიციონერებს მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს, რომ მათ რეჟიმთან ბრძოლის განსხვავებული ხედვა აქვთ. „ძალზე სიმბოლურია, რომ სალომე ზურაბიშვილმაც კი, რომელიც თავის თავს „ერთადერთ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“ უწოდებს, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და სხვა რადიკალები „პროვოკატორებად“ და „ხელისუფლების აგენტებად“ მონათლა“.

კიდევ ერთ რუსულ გაზეთში – „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა: შედეგი მსოფლიო კულტურისათვის – საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს „ჯგუფური დანაშაულის“ ბრალი წაუყენეს“ (ავტორი – მარინა პერევოზკინა). „აშკარაა, რომ საოპერო მომღერლის გაპოლიტიკოსება ქართული ოპოზიციის სასოწარკვეთილი მდგომარეობას მოწმობს: ოპოზიციას აღარ ჰყავს ცნობადი და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებსაც მოსახლეობის აყოლიება შეუძლია. არაპოპულარულ სალომე ზურაბიშვილზე დადებულმა ფსონებმა არ გაამართლა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ავტორი ეხება კონკრეტულად პაატა ბურჭულაძის ბიოგრაფიულ მომენტებსაც: „იგი მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვლავია, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა თეატრებში – მილანის „ლა სკალაში“, მოსკოვის დიდ თეატრში, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერაში“… სხვათა შორის, 2017 წლიდან პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობს. იგი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ნემო ბურჭულაძის ნათესავია. არ არის გამორიცხული, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკოსად გადაქცევაზე ოჯახმა გარკვეული გავლენა მოახდინა“.

„მოკლედ, არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ პრეზიდენტის სასახლეზე იერიში ხელისუფლების ხრიკების შედეგი იყო, თვითონ ისინი მშვიდობიან მიტინგს ატარებდნენ…“.

პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.

„კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.

პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის. მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ. აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.

„საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 4 ოქტომბერს უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებული სპეციალური ღონისძიებებისთვის“, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თქვენი მომხიბვლელობა პიკზეა, რაც პოტენციურ პარტნიორებთან შესახვედრად უნდა გამოიყენოთ.
შენდობის უნარი, სხვისი პოზიციის მოსმენა და მისი განზრახვის სწორად გაგება ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. თქვენ შეძლებთ მოიძიოთ მოკავშირეები, რომლებიც პროფესიული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებიან. ასეთ თანამოაზრეებთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა.
ყურადღება მიაქციეთ თვალებს — ახლა მხედველობის ორგანოებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ.

კურო

პირად ცხოვრებაში წარმატება გელით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებს განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგეთ.
ლიდერობისკენ თქვენი სწრაფვა ქებას იმსახურებს, მაგრამ ხშირად ახლობლებს თქვენი სიჯიუტე მძიმე ტვირთად აწვებათ.
თუ ხელმძღვანელმა დამატებითი მოვალეობები დაგაკისრათ, შეახსენეთ, რომ ზედმეტი შრომა უნდა ანაზღაურდეს! აჩქარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი შეცდომა გამოიწვიოს, ამიტომ დინჯად და დაფიქრებით იმოქმედეთ.

ტყუპები

ადამიანი, რომელსაც უყვარხართ, ჯერჯერობით თქვენთვის გულის გადაშლას ვერ ბედავს, თუმცა შესაძლოა, მალე პირველი ნაბიჯი გადადგას.
თუ მშობლების ხშირად მონახულებას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ ხშირად მაინც დაურეკოთ.
თუ ბოლო დროს საქმეები ისე არ მიდის, როგორც გსურთ, თვითგვემას ნუ მიეცემით – არის რაღაცები, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. ინტერესიანი და გონიერი ადამიანი ხართ, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
თუ ბოლო დროს უძილობა და დაღლილობა გაწუხებთ საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება ძალიან დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

უცნობი ადამიანი მზადაა სიყვარულში გამოგიტყდეთ, მაგრამ ეს არაფერში გჭირდებათ. იმისათვის, რომ პრობლემის სიღრმე სრულად გაიაზროთ, ეცადეთ შექმნილ სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ.
დღეს თქვენი მტერია სიზარმაცე, რომელიც დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს გიშლით. ეცადეთ სამუშაო სამომავლოდ არ გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვირის ბოლო მძიმე და დატვირთული იქნება.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — დროა პროფილაქტიკური კვლევები და სტომატოლოგთან ვიზიტიც დაგეგმოთ.

ლომი

მშვიდი, წინააღმდეგობებისგან თავისუფალი დღეა. შეგიძლიათ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე იზრუნოთ.
მიზნის მისაღწევად შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოთ და დინჯად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იმოქმედოთ. შესაძლოა, ახალი, საინტერესო იდეა გეწვიოთ, რომელიც მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
თუ საღამოს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ამის მიზეზი თქვენი მეტისმეტი ემოციურობა იქნება.

ქალწული

ახალი, რომანტიკული ნაცნობობა გელით, მაგრამ „ოცნების კოშკებს“ ნუ ააგებთ – სავარაუდოდ, რეალობა სასურველისგან განსხვავებული აღმოჩნდება.
დღის მეორე ნახევარში თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაძლიერდება. თუ გაქვთ მიზანი და სამოქმედო გეგმა, იდეალურ დროსა და ხელსაყრელ შემთხვევას ნუ დაელოდებით – ახლავე იმოქმედეთ. ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობები მაქსიმალური სარგებლისთვის გამოიყენეთ.
ზედმეტი კილოგრამები ხშირად ჩვეულებრივი სტრესის შედეგია. ვარსკვლავები გირჩევენ, პრობლემებს ჭამით არ ებრძოლოთ.

სასწორი

რისი დათმობა შეგიძლიათ სიყვარულის გამო? შეეცადეთ ამ კითხვას გულწრფელად უპასუხოთ და მაშინვე მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ!
ოჯახი თქვენი ყველაზე ძვირფასი განძია. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და თავს ბედნიერად იგრძნობთ! გირჩევთ ამ დღეს მიღებული ყველა ინფორმაცია კარგად შეისწავლოთ, რათა საქმეში ქაოსი არ დაუშვათ.
ფინანსურ სფეროში ვითარება გაუმჯობესდება. გირჩევთ როგორც კი საფულე გაივსება, საყიდლებზე წახვიდეთ.
თუ რამდენიმე კილოგრამის დაკლება გსურთ, დიეტის დასაწყებად სხვა, უფრო ხელსაყრელი პერიოდი უნდა აირჩიოთ.

მორიელი

ეს დღე მძიმე და დაძაბული მხოლოდ იმ მორიელებისთვის იქნება, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ – სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.
პლანეტების განლაგება სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელია. თუ ვიღაც მოგწონთ და გამხელას ვერ ბედავთ, დღეს სწორედ ამის დროა. გადადგით ნაბიჯი საყვარელი ადამიანისაკენ და ის აუცილებლად შეაფასებს თქვენს ქმედებას!
ამ დღეს უცხო ადამიანების აზრს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ, საკუთარ ჯანმრთელობას კი მეტი — მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნაცნობ ადამიანში აღმოაჩენთ თვისებას, რომელიც ამ ადამიანს სრულიად სხვა მხრიდან დაგანახვებთ. ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდება თუ არა, დრო გამოაჩენს, მთავარია მოვლენები არ დააჩქაროთ.
მზე მერწყულის ნიშანში სწავლებასა და მგზავრობაში წარმატებას მოგიტანთ.
თუ ვარიკოზისკენ მიდრეკილება გაქვთ, ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ. არც ტელევიზორის წინ ან კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივი ჯდომაა სასურველი.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ. საეჭვო ავანტიურით ფულის შოვნის მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით, შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.
დაქორწინებულ თხის რქებს სასიამოვნო სიურპრიზები ელით.
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ ინფორმაციებს, თორემ შეიძლება უძილობამ შეგაწუხოთ. ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საუბარი უმჯობესია მომავალი თვის პირველ დღეებში გადაიტანოთ.

მერწყული

მეორე ნახევართან ურთიერთობაში ერთდროულად მზრუნველი და ფრთხილი უნდა იყოთ — ნებისმიერი არასწორი სიტყვა შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს. მთელ დღეს სამსახურში ან მეგობრებთან ნუ გაატარებთ — სასურველია, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ.
ამ დღეს გირჩევთ ხელმძღვანელს თვალში არ მოხვდეთ — ის „დამნაშავეს“, ეძებს, რომელსაც საკუთარ შეცდომებს გადააბრალებს.
ეს დღეები დიდ ხარჯებსა და სარისკო ინვესტიციებს უნდა მოერიდოთ.
თუ შინაგან შფოთს და მოუსვენრობას ვერ ერევით, ჯობია დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ.

თევზები

მეუღლის უცნაური ქცევის გამო შეიძლება იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა ეს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანის მიზეზს არ გაძლევთ.
თევზები, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ, განსაკუთრებით წარმატებულები იქნებიან, შესაბამისად, მათი შემოსავალი საგრძნობლად მოიმატებს.
დაგეგმილი შეთანხმება შესაძლოა გაუთვალისწინებელი გარემოებების, ტექნიკური ხარვეზების ან სხვა სირთულეების გამო დაირღვეს. ნუ იჩქარებთ და ყველაფერი საფუძვლიანად გაიაზრეთ.

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ. ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია განცხადებაში.

მიხვდნენ, დარწმუნდნენ ელჩებიცა და მათი პატრონებიც, რომ საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს – გურამ მაჭარაშვილი

გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ელჩები კარგს ვერ იტყოდნენ აქციის მონაწილეებზე. შესაბამისად, ვერაფერი თქვეს, რადგან თვითონ ახალისებდნენ ნოემბერში, დეკემბერში და მანამდეც. მათი დაფინანსებული და წახალისებული იყო ეს აქციები. შესაბამისად, ამიტომ არიან ჩუმად, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მან ისაუბრა, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, რატომ არ აკეთებენ კომენტარს საქართველოში აკრედიტებული ელჩები. მისვე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ 2-3 წლის წინ „ისინი პირიქით აცხადებდნენ, რომ ძალადობრივი აქციის მონაწილეები, თურმე გამოხატვის თავისუფლების ფორმატში იყვნენ და პოლიციურმა ძალებმა პროპორციულ ძალას გადაამეტეს“.

„ამას ახლა ვეღარ აკეთებენ, რადგან მიხვდნენ, დარწმუნდნენ ელჩებიცა და მათი პატრონებიც, რომ საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს. ჯერ ერთი, აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა დღევანდელ ეროვნულ ხელისუფლებას და ვინც პოლიტიკურად არ უჭერს მხარს დღევანდელ ხელისუფლებას, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ სამწუხაროდ, ისეთი როლი ერგო დღევანდელ ბევრ ელჩს, „საბედნიეროდ, არა ყველას, რომ თუ ცუდი არ თქვეს, საქართველოს ხელისუფლებაზე კარგს ვერ იტყვიან“.

„გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ კარგს ვერ იტყოდნენ აქციის მონაწილეებზე. შესაბამისად, ვერაფერი თქვეს, რადგან თვითონ ახალისებდნენ ნოემბერში, დეკემბერში და მანამდეც. ცუდს ვერ იტყოდნენ, რადგან მათი დაფინანსებული და წახალისებული იყო ეს აქციები. შესაბამისად, ამიტომ არიან ჩუმად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მათი დიპლომატიური ფუნქციების შეურაცხყოფაა.

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით – აუცილებელია დიალოგი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.

ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ.

დაბოლოს, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

,,[2003 წელს] არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ დაკვეთებით მართული ხელისუფლება, ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ბოლო წლებია”- მიხეილ ყაველაშვილი

[2003წელს]არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეაფასებს გარე აქტორების მხრიდან ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს სიახლე არ არის და ორმაგ სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ესეც ჩვენთვის სიახლე არ არის. უკვე წლებია მათ ქმედებებს, ორმაგ სტანდარტს , თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარანტული იყოს ჩვენი ურთიერთობები . როცა პოლიტიკოსი გქვია სხვა ქვეყნის [საქმეებში]არ უნდა ჩაერიო, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა ,მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის მართული სპეცსამსახურების მიერ, ეს ადამიანები პირდაპირ დაქვემდებარებულები არიან და მე როცა პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრი ვიყავი ხშირად ვსაუბრობდი მედიასთან, რომ გვქონდა ჩვენ ინფორმაციები მათი ქმედების, მათი დაკვეთების [თაობაზე] . წინასწარ ვსაუბრობდით იგივე ჩემს წინამორბედზე სალომე ზურაბიშვილზე, მისი ქმედებები, რომ დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსტიტუციის დარღვევით, იგივეს ვსაუბრობდით გახარია-ხაზარაძის ტანდემზე, ერთმანეთს დაპირისპირებული იყვნენ , მაგრამ იყო ეს დაკვეთა გარედან, რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ, ვიცოდით ამის შესახებ, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები გარედან იყო ინსპირირებული. ჩვენ თუ გავყვებით და ანალიზს გავაკეთებთ ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ მშვიდობიან რევოლუციას არქმევს და ვარდების რევოლუციას, მაშინაც სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა , გარედან მართული პროცესი იყო. ეროვნულ გმირად გამოცხადებული ეს „ვივამედში“ მყოფი ასევე საქართველოს [ყოფილი] პრეზიდენტი სწორედ გარე ძალების მიერ დაკვეთით მოქმედებდა მაშინაც, რასაც ახლა ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მისცა ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცავმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ. არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარეთ დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ჩვენ აგენტურა ჩვენდა სამწუხაროდ და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მით უმეტეს.

არსებობს არქივი, ჩემი და ჩემი კოლეგების საუბრები, წინასწარ ვსაუბრობდით მათ ქმედებებზე რა უნდა გაეკეთებინათ , აქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. ჯერ ერთი ეს სიტყვათა წყობა მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს ? ხომ გაუგებარია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ როცა ეს დაკვეთა არის და დამხობაზეა საუბარი, [გადაწყვიტეს]მშვიდობიანი დაურთონ თითქოს წინ, როგორც ვარდები რევოლუცია იყო და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად. სცადეს აქ შემოვარდნა, რა იყო მათი მიზანი, რომ ერთ-ერთი ლოკაცია დაეკავებინათ, რათა გამარჯვების მცირე პროცესი დაენახებინათ თავისი მომხრეებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ლექსო ბურჭულაძე – შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მივხვდით, როცა ათონელისკენ დავიძარით

შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. კადრები როცა ვნახე, რაც მოხდა, უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება ყოფილიყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას სიტყვებმა უკვე დაადასტურა, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი.

„4 ოქტომბერს გვქონდა ძალიან დიდი მოლოდინი, ყველა ჩვენგანში იყო რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი და ბევრმა ჩვენგანმა დავიჯერეთ, რომ 4 ოქტომბერს შეგვეძლო მართლაც ცვლილების შეტანა ჩვენს რეალობაში. 4 ოქტომბერს თუ არა, 4 ოქტომბერი უნდა ყოფილიყო საწყისი, რომელიც აუცილებლად შეცვლიდა. ძალიან დიდი პოზიტივი ის იყო, რომ დავინახეთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა კიდევ ერთხელ და რამხელა ძალა გვაქვს.

გეგმას რაც შეეხება, არსად არ ამბობდა, რა იყო გეგმა, ერთადერთი, რასაც პაატა ბურჭულაძე მეუბნებოდა, დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება მოხდებოდა მშვიდობიანად. სულ ამას ამბობდა, რომ ეს არის მშვიდობიანი და ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად. ვნახეთ, რომ მშვიდობიანი თემისგან ცოტა განსხვავებული იყო გუშინ. შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება ყოფილიყო გაწერილი.

უკვე მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. ამას გეგმავს ვერ დავარქმევთ. შეიძლება, გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, დარწმუნებული ვარ, ვერავინ ჩავთვლით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა ბ არ იყო ან განვითარება არ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს. ვერავინ დავიჯერებთ,  ეს იყო ღალატი. სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო სავარაუდოდ. მე კიდევ იქით მივდივარ, რომ პაატა ბურჭულაძე რადგან სულ იძახდა, რომ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, წარმომიდგენია „ღია კარების“ ვარიანტი. რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ შეხლა-შემოხლა“, – განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.

ლექსო ბურჭულაძე ამბობს, რომ უნდა გახდეს ცნობილი, რა იყო 4 ოქტომბრის აქციის გეგმა.

„რაც დრო გადის და ვიაზრებთ, რა მოხდა, კითხვის ნიშნები უფრო მეტი ჩნდება, ვიდრე პასუხები. თუ არის ვინმე დღეს იმ ხუთი ადამიანისგან, ორგანიზატორებისგან, ვინც იცის, რა იყო გეგმა, ან, თუნდაც სასამართლო სხდომაზე, აუცილებელია, გვითხრან, რა იყო გეგმა. ყველას აინტერესებს, რა იყო, თუნდაც ვიცოდეთ, ვინ არის კონკრეტულად ის მოღალატე, რა გააკეთა, რომ სამომავლოდ არ დავიჭიროთ იმ ადამიანთან საქმე. აუცილებელია, საზოგადოებას გაეცეს პასუხი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა იყო გეგმა. არ შედგა ხომ 4 ოქტომბერი?“, – განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 ,,ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, არის უცხოური სპეცსამსახურების მუშაობის და ტრენინგების შედეგი”- ირაკლი კირცხალია

როგორც აანონსებდნენ „მშვიდობიან დამხობას“, ასევე, ჩვენ ვუანონსებდით მათ და ვაფრთხილებდით, რომ ნურავის წაუცდება ხელი, რომ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ვნახეთ მათი ქმედება და პასუხიც მიიღეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, არის უცხოური სპეცსამსახურების მუშაობის და ტრენინგების შედეგი.

„ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ თუ რა მცდელობა ჰქონდათ გუშინ გარკვეულ ჯგუფებს. ვნახეთ ეკიპირებული, კარგად გაწვრთნილი ჯგუფები თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ეს არის სწორედ იმ ტრენინგების დამსახურება, რომელი ტრენინგებიც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი ხელწერა იმ უცხო სპეცსამსახურების, რომლებიც ღიად, თავხედურად და ჩამოხსნილი ნიღბით მოქმედებენ ქვეყნის გარედან. და ასე ღიად, თავხედურად აგზავნიან აქ დესტრუქციულ და გადატრიალების სცენარებს.

გამოძიება მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როგორც აანონსებდნენ „მშვიდობიან დამხობას“, ასევე, ჩვენ ვუანონსებდით მათ და ვაფრთხილებდით, რომ ნურავის წაუცდება ხელი, ნურც გაიფიქრებს, რომ რაიმე სახით წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ვნახეთ მათი ქმედება და პასუხიც მიიღეს. მუშაობს შესაბამისი სამსახურები, საგამოძიებო უწყებები და ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება ორგანიზატორი თუ უშუალოდ მონაწილე, რომელიც გამოვლინდება და რომელიც ჯერ არ ვიცით და არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ყველა, როგორც ვაანონსებდით კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

“დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს გეტყვით დამატებით” – პაატა ბურჭულაძის ადვოკატი

სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ აქციის ორგანიზატორებს.

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დიღმის იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზოდელავა და ნადირაძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა. კლინიკა “ჰელსიკორში” მოხდა კიდევ ერთი ორგანიზატორის, პაატა ბურჭულაძის დაკავება. ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. სწორედ ის და ზოდელავა იყვნენ პირველები, რომლებმაც, აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებისკენ მოუწოდეს. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.

“დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას, ვესაუბრეთ. თავს გრძნობს მხნედ, ოფიციალური ბრალდების დადგენილებასაც ველოდებით. ბრალის წარდგენის შემდეგ მეტი დეტალი გვეცოდინება და მეტ დეტალზეც შევძლებთ საუბარს. არ გვქონია ამაზე საუბარი. ჯერჯერობით, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს გეტყვით დამატებით”, – აცხადებს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ლევან ყველაშვილი.

მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას – შალვა პაპუაშვილი

გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

„გუშინ საქართველოში შედგა არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთი წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი, სად დგას ქართველი ხალხი, რამდენია ქართველი ხალხი და ვის შეუძლია მათი სახელით ლაპარაკი.

ქართველი ხალხი გუშინ მივიდა არჩევნებზე, რომელიც ცხადია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევაა.

გუშინ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყნის კონსტიტუციას, მართლწესრიგს, დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს.

მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თითოეულ კანდიდატს, საარჩევნო შტაბების წევრებს, რომლებმაც ჩვენი მთავარი სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანეს.

ყოველგვარი ალტერნატიული დღის წესრიგი, გამოგონილი და ყალბი რეალობა, გუშინდელმა დღემ დაასრულა.

ამავე დროს, გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე.

შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.

გუშინ ჩვენ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და, მასთან ერთად, დაემხოთ საქართველოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალიც.

დღეს უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმ რამდენიმე ავანტიურისტზე, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღვებათ.

დღეს გუშინდელი დღის ყველაზე სამარცხვინო, ლაჩარ და უსინდისო მონაწილეებს უნდა მიეზღოს, რაც დათესეს და რის მომკასაც გუშინ ცდილობდნენ. საუბარი მაქვს რადიკალების იმ ლიდერებზე, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის დაგეგმვაში, ადამიანების მობილიზებაში, ზიზღით დამუხტვაში და როდესაც დაინახეს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, გაიპარნენ და ახლა ცდილობენ ხელი შეაწმინდონ იმ დამნაშავეებს, რომლებიც პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე.

ჩვენ ასევე არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყურადღება გადაგვატანინოს გუშინდელი შეკრების ბუნებისგან. საზოგადოება გათამაშებულ მიამიტობას აღარავის გაუტარებს. არც ქართველს და არც უცხოელს. გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4-ში 16:00 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ზუსტად იყო დათქმული დროც, ადგილიც, გეგმაც და მიზანიც. გუშინ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა კარგად იცოდა, თუ სად მივიდა და რას აკეთებდა.

ეს ის საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც 2022 წლის მარტში, იმავე ადგილიდან, უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ითხოვდა, ვინც 2022 წლის ივნისში, იმავე ადგილიდან, ხელისუფლების უცხოური „ენჯეოებისთვის“ გადაცემას ცდილობდა, ვინც 2023 წლის მარტში, იმავე ადგილზე, პირველი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, ვინც 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებში დამარცხდა და მარცხის მიღების ნაცვლად ისევ ქვეყნის არევის წარუმატებელი მცდელობა წამოიწყო. ეს ის, სხვისი დროშის მოფრიალე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სხვის მორჩილებაზე ცვლის.

სიმბოლურია, რომ გუშინ, სხვისი დროშის მოფრიალე ეს რამდენიმე ათასი ამრევი სწორედ თავისუფლების მოედანზე დამარცხდა.

სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა. დღის განმავლობაში საერთაშორისო მედია პლატფორმებზე საქართველოდან მუდმივად მიედინებოდა დეზინფორმაციის ნაკადი, ხოლო უცხოეთიდან ისმოდა წამქეზებლური მოწოდებები ხალხისგან, რომლებიც, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სისხლისღვრის მოლოდინში, კმაყოფილი ხელებსაც იფშვნეტდნენ. ამ გარე მხარდაჭერის კულმინაცია კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის პარალელურად ვიხილეთ, როდესაც გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეების კოორდინირებული განცხადებები, რომლებსაც მაიდანიზაციის გარე მხარდაჭერის როლი უნდა ეკისრა.

დააკვირდით, რომ არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას. გვესმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რომელმაც 4 ოქტომბერს დაანონსებულ ხელისუფლების დამხობის შეკრებას სოლიდარობა გამოუცხადა. ამ განცხადების მავნებლურ ხასიათზე ჩვენი მრავალჯერადი მითითების მიუხედავად, მას არავინ გამიჯვნია. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ღია მხარდაჭერას არ ივიწყებს და განმარტებასაც ელის.

უცხოელი დამფინანსებლების და მფარველების მიერ გულში ჩახუტებული ექსტრემისტების შეუმდგარ ძალადობრივ დამხობაზე მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, თუ სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ქართველი ხალხის მშვიდობიან განვითარებას.

4 ოქტომბრის შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება უნდა გახდეს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც. უკვე ისმის მოწოდებები, რომ ხელისუფლების დამხობის გუშინდელი მცდელობა მხოლოდ დროებითი წარუმატებლობაა და რომ საჭიროა, შეცვალონ ტაქტიკა, განაგრძონ პროვოკაციები და აუცილებლად დაამხობენ მთავრობას. წარმოუდგენელია უფრო დიდი ცინიზმი, ზიზღი და სამშობლოს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ვიდრე ეს ადამიანები კადრულობენ. თუმცა, 4 ოქტომბრის გაკვეთილი მიღებულია. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ხალხს ჰქონდეს მშვიდობა, ხოლო საქართველოს და ჩვენს შვილებს – მომავალი.

სიმშვიდით, სიმტკიცით, ღირსებით, ერთგულებით და სიყვარულით კეთილმა სძლია ბოროტს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.