Home Blog Page 6

აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან “გამარჯვების გეგმასა” და სხვა საკითხებზე – მეთიუ მილერი

აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან „გამარჯვების გეგმასა“ და სხვა საკითხებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერს არ დაუკონკრეტებია, რა „პროდუქტიულ ნაბიჯებს“ ხედავს აშშ-ის ხელისუფლება გეგმაში, რომელიც ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს გააცნო.

ასევე, მეთიუ მილერს არ დაუზუსტებია, რომელ პუნქტებს უჭერს მხარს აშშ ამ ინიციატივაში.

„არ ვაპირებ სხვადასხვა დეტალზე საუბარს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ამ გეგმაზე. დარწმუნებული ვარ, ეს იყო ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის დროს ერთ-ერთი თემა. ჩვენ განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, დაეხმარება უკრაინას, გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე და უზრუნველყოს სამართლიანი მშვიდობა“, – აღნიშნა მილერმა.

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, ის ხუთი პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად წარმოადგენს „რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გეგმას“. გეგმის პირველი პუნქტი ნატო-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.

  წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.

„მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს.

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია.

წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად”, – განაცხადა პრემიერმა.

აშშ-მა B-2 ტიპის ბომბდამშენებით „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის შესანახ საწყობებს დაარტყა – ლოიდ ოსტინი

აშშ-მა B-2 ტიპის ბომბდამშენებით „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის შესანახ საწყობებს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.

„აშშ-ის ძალებმა „ჰუსიტების“ მიწისქვეშა ობიექტებს დაარტყეს, სადაც იმ ტიპის იარაღების კომპონენტები იყო განთავსებული, რომლებსაც „ჰუსიტები“ სამოქალაქო და სამხედრო გემების წინააღმდეგ იყენებდნენ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის ცნობით, სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-მა B-2 Spirit ბომბდამშენები გამოიყენა და ხუთ მიწისქვეშა საწყობს დაარტყა.

„აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 სტელსის ბომბდამშენების გამოყენება აშშ-ის გლობალურ შესაძლებლობას აჩვენებს, რომ აღნიშნულ სამიზნე ობიექტებს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას დაარტყას“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები გარკვეული არეულობის მოსაწყობად ემზადებიან -გიორგი ვოლსკი

უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები ემზადებიან გარკვეული არეულობის მოსაწყობად, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი.

„არის ქვეყნები ჯგუფი, რომლებსაც, რასაკვირველია, ხელისუფლების შეცვლა აწყობთ, იმიტომ რომ ისინი ჰპირდებიან, რომ შეასრულებენ ყველაფერს, რასაც უბრძანებენ. და არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტი. აი ამ ვითარებაში, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი სამშვიდობო პოლიტიკას, სტაბილურობის პოლიტიკას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება -კამალა ჰარისი

ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. კამალა ჰარისმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალური იმიგრაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა.

„მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება. როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს“, – განაცხადა ჰარისმა.

25- წუთიანი ინტერვიუს დროს ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

„სულელები“. „მე არასდროს ვიტყოდი ამას ამერიკელ ხალხზე“, – აღნიშნა ჰარისმა.

ამასთან, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რატომ არის მისი საარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი „ახალ ეტაპზე გადასვლა“, მაშინ როცა უკვე სამ წელზე მეტია ვიცე-პრეზიდენტია, ჰარისმა პასუხად ტრამპი გააკრიტიკა.

ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, კრემლის ნარატივია – რასა იუკნევიჩიანე

ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები – ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ევროპარლამენტის შესახებ ამბობენ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

ევროპარლამენტარის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არის „უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია“.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან.

[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან. ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს; რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

ამასთან, როგორც ამავე ინტერვიუში იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის მიერ 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, „ხმების მოსყიდვა ევროპული ღირებულებები არ არის და ეს ევროპარლამენტში არ ხდება“.

„რაც შეეხება თანხის გადახდას და სხვა ბრალდებებს. ვშიშობ, ისინი [„ქართული ოცნება“] სხვებზეც ისე ფიქრობენ, როგორც თავად იქცევიან. თუ თვლიან, რომ შესაძლებელია აქ ხმების მოსყიდვა ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მაშინ ვეტყვი, რომ ეს არაა ევროპული ღირებულებები და ეს არ ხდება ევროკავშირის პარლამენტში. თითქმის 500-მა [პარლამენტარმა] მისცა ხმა [რეზოლუციას]. ეს დიდი რამაა, გზავნილია და შეუძლებელია, რომ ასეთი რამ იყიდო“,- აცხადებს ევროპარლამენტარი „ამერიკის ხმასთან“.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები 3 სტამბაში იბეჭდება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები იბეჭდება პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

თბილისის 3 სტამბაში მიმდინარე ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. საერთო ჯამში იბეჭდება 3 325 100 ბიულეტენი, აქედან 2,838,600 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 486,500.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. ბეჭდვის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.

 „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს 10:00 საათიდან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდაში, ავჭალაში, ლელუბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე;

„ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ჟებოტა, თეგერაანები, თეთრახევა, ძებნიაურები და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. 17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ბარისახო, კორშა, როშკა, მაღაროსკარი, ჭორმეშავი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ.

შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი, სეტყვა და მთაში თოვლი“ – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საქმიანი თვისებები, გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება. შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ.

კურო

ამ დღეს მოვლენების შუაგულში უნდა იტრიალოთ და სიახლეებს თვალი უნდა ადევნოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ და ფინანსური და პროფესიული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას, ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.

ტყუპები

ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და შემოქმედებითი სამუშაო შეასრულოთ. შესანიშნავი დროა, რომ საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ და ახალი გატაცება იპოვოთ. მოერიდეთ პირად ურთიერთობებში თქვენი სამსახიობო ან დრამატული უნარების გამოყენებას, ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ მოქმედებისთვის საჭირო დრო სწორად შეარჩიოთ და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ.

კირჩხიბი

კოლეგებთან შეთანხმებული, გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. ოჯახის წევრების დამოკიდებულება და სახლში დაძაბული ვითარება გიბიძგებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. დააფასეთ ის რაც გაქვთ – თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენას და ფლირტს უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირად ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნებათ.

ლომი

მზად იყავით, რომ ყურადღების ცენტრში მოექცევით. გარშემო მყოფები თქვენგან რჩევას და დახმარებას ელიან. ასეთმა ინტერესმა შეიძლება დაგამძიმოთ და გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ეცადეთ, უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოხატოთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია – უახლოეს მომავალში სირთულეები მოსალოდნელი არ არის. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ.

ქალწული

ამ დღის მოვლენები გაგახარებთ და დადებით ემოციებს მოგიტანთ. შეეცადეთ პროფესიულ საქმიანობასა და პირად საჭიროებებს შორის ბალანსი დაამყაროთ და გამონახოთ დრო იმისთვის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ახალი საქმის შესწავლისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ არასწორად გაგიგოთ და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი და პროფესიული შესაძლებლობები განავითაროთ.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში მეტი უნდა იაქტიუროთ. ერთ საკითხზე დიდხანს ნუ შეჩერდებით, რომ თქვენი ნელი მუშაობით კოლეგები არ გააღიზიანოთ და პროექტის მიმდინარეობა არ შეაფერხოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში საიმედოობას ეძებთ. თუ რაიმე სირთულე გაქვთ, გირჩევთ პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქიმიკატებთან და მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

მორიელი

თქვენი ნიჭი და საქმიანი თვისებები აუცილებლად დაფასდება. გამორიცხული არ არის, რომ მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და წარმატებული შესყიდვები. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ნაცნობობა გელით. ზოგი მორიელი საყვარელი ადამიანისთვის დღესასწაულის მოწყობას შეძლებს.

მშვილდოსანი

თქვენი ავტორიტეტი, საქმიანი თვისებები და სამსახურის მიმართ პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩება. ახლა მთავარია, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ და დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. სახლში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს და დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. თუ მარტოხელა ხართ და მეორე ნახევარს ეძებთ, ამ დღეს ხალხში უნდა იტრიალოთ და გასართობ ღონისძიებებს დაესწროთ.

თხის რქა

ინტელექტუალური პოტენციალი და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თანდაყოლილი ტაქტი და ადამიანების დარწმუნების ნიჭი დაგეხმარებათ, რომ მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

მერწყული

არ შეგიძლიათ, რომ სხვა ადამიანების თხოვნა უყურადღებოდ დატოვო, მაგრამ დროა, საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. აიმაღლეთ თვითშეფასება და დაიცავით პირადი საზღვრები. თუ მარტოხელა ხართ, პარტნიორის არჩევისას სხვების რჩევით კი არა, საკუთარი ინტუიციით უნდა იმოქმედოთ.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრა, გაუთვალისწინებელი მოვლენა და სიურპრიზები გელით. შესაძლებელია დიდი ხნის უნახავი ნათესავები ან მეგობრები გეწვიონ. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობაში უფრო მეგობრული იყოთ და ყოველგვარ დაპირისპირებას მოერიდოთ. ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელიც თქვენს დაზარალებას ცდილობს. უსმინეთ თქვენს ინტუიციას – მისი მინიშნებები დაგეხმარებათ შეცდომები თავიდან აიცილოთ.

პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე – შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორ წელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ, თუ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე. პირდაპირ ამას ითხოვს ეს რეზოლუცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან, ამიტომ, ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა.


„ხანდახან უნდათ, მათ შორის ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პარლამენტში, იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიცია არის და ამიტომ ამ მხრივაც არის მძიმე, რომ ეს რეზოლუციაში აღმოჩნდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, მასთან პირადად და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ, რომ სანქციები დაეწესებინა საქართველოს რუსეთისთვის, თუმცა დაცვის გარანტიებს არ იძლეოდნენ.

„ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით, არადა ამაზე საუბარი დაიწყო ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს. როდესაც ჩემთან პირადად შეხვედრაზე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ არჩევას ბნელ და ნათელ მხარეებს შორის, ანუ სანქციასა და არასანქციას შორის, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის.

მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ერთი წელი ალბათ, ყველა შეხვედრა საგარეო ვიზიტებში სულ ამაზე გვიწევდა მსჯელობა და ახსნა, რომ აი საქართველო აი რუსეთი, ჩვენ ვერ დავაკლებთ ვერაფერს, სამაგიეროდ ჩვენ დაცული არ ვართ, თქვენ ნატოს წევრი ხართ, ატომური ბომბები გაქვთ, ჩვენ ბომბები არც ატომური და არც არაატომური არ გვაქვს საერთოდ, თქვენ ევროკავშირის წევრი ხართ და ერთმანეთს ფულით ეხმარებით – ჩვენ წყალობას თუ გადმოგვიგდებს ვინმე უცხოეთიდან ამ შემთხვევაში. ვეკითხებოდით – დაგვიცავთ? იომებთ? ფულს მოგვცემთ თუ ჩამოიშალა? და არაფერზე გარანტიას, რა თქმა უნდა, არავინ არ გვაძლევდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას, გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას.

„ეს იყო ყველაზე გულდამწყვეტი, რომ ეს საუბრები მიდიოდა შიგნით, ხედავდი რამხელა წნეხი იყო და ხედავდი გარეთ, როგორ მუშაობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას და გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას და შეგახსენებთ ომის დაწყებიდან 2-3 დღე იყო გასული მე მგონი, აქციები რუსთაველზე, სადაც ოპოზიცია, ენჯეობი, სახალხო დამცველი, მაშინდელი, ქალბატონი ნინო ლომჯარია იდგნენ და რას ითხოვდნენ? ითხოვდნენ გაგვეგზავნა სამხედროები, ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილიყო მთავრობის მიერ ორგანიზებულად ჯგუფი და თვითმფრინავი და CNN-ზე, BBC-ზე, „რია ნოვოსწიში“, თუ ა.შ. გასულიყო ინფორმაცია, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც ახლა ჩაფრინდება უკრაინაში და იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს რა არის თუ არა ომში ჩართვა?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.