Home Blog Page 6

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6948 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6948 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6964 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1381 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1367 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

ხშირად გვესმის, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ცხოვრების პერსონალურ ამბავს ქმნის. ამ გზის ერთგული მეგზური, რომელიც ჩვენი მიზნებისკენ შეუპოვარი სწრაფვის პროცესში მარტო არასდროს გვტოვებს – განათლებაა. განათლება, როგორც საკუთარი თავის პოვნის, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისა და ზოგჯერ უბრალოდ დაჯერების მთავარი ინსტრუმენტია.

თიბისიშიც ამის სჯერათ და ამიტომ, განათლებით საკუთარი ამბის შექმნაში აქტიურად ეხმარებიან ახალგაზრდებს და სწორედ ამ მიზნით დაუპარტნიორდა თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის”. გაგაცნობთ სტუდენტებიდან ერთ-ერთს, რომლის ამბავიც განათლებით იქმნება და ყოველ ჯერზე, თვითრწმენის განცდით, სრულიად ახლებურად იწერება.

ანი გოგია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და ადამიანების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ბავშვობიდან ზუსტად იციან საით უნდა წავიდეს მათი კარიერული ორიენტირი. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ხშირად, სრულიად შემთხვევით, ამბის დასაწყისში გვკარნახობს შინაგანი ხმა სწორ გზას, მისი უბრალოდ უნდა დავიჯეროთ.

„იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა სამედიცინო სფერო, უშუალოდ სტომატოლოგობა სკოლის ბოლო წლებში გახდა ჩემი მიზანი. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩემთვის განათლება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გზამკვლევი. ბავშვობის ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ბიოლოგიის და ქიმიის სწავლამ უფრო გამიღრმავა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო”.

ბუნებრივია, რომ ამბის პირველ ეტაპებზე კარიერული გზის შემდგომი ეტაპები ბუნდოვანია, მეტიც, შეიძლება სვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანდება, თუმცა ანის ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ განათლება ამ კარიერულ საფეხურებს ყველაზე უკეთ გვინათებს ხოლმე.

„განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესიული განვითარება, ეს არის ერთგვარი ძალა, რომელიც გიბიძგებს, იყო შენი თავის უკეთესი ვერსია, იყო მეტად თავდაჯერებული, ჯიუტი და უშიშარი.”

ანისთვის განათლებაა ის, რაც ხშირად ახსენებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია და ამ გზაზე მხარდაჭერას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. ამიტომ, თითქოს შენი თავის დაჯერება და ფიქრი იმაზე, რომ არაფერი არსებობს, რაც არ გამოვა, განათლების მიღების აუცილებელი და განუყოფელი სულისკვეთება აღმოჩნდა. რასაც მისი სიტყვებიც ადასტურებს:

„განათლების მიღების გზაზე, ვფიქრობ, უნდა გახსოვდეს, რომ თუ გჯერა, მართლა ყველაფერი შესაძლებელია. თუ გჯერა, მომავლის იმედი მოგცემს ძალას, რომ ყველა მიზანს მიაღწიო”

ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

რუსები მიესალმებიან ვლადიმერ პუტინის მიწვევას ალასკაზე, თუმცა არავინ არ ელოდება, რომ კრემლი უკრაინის საკითხში რაიმე დათმობაზე დათანხმდება – The Washington Post

FILE PHOTO: U.S. President Donald Trump and Russia's President Vladimir Putin talk during the family photo session at the APEC Summit in Danang, Vietnam November 11, 2017. REUTERS/Jorge Silva/File Photo - RC1287F1C9B0

ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 11 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსები მიესალმებიან ვლადიმერ პუტინის მიწვევას ალასკაზე, თუმცა არავინ არ ელოდება, რომ კრემლი უკრაინის საკითხში რაიმე დათმობაზე დათანხმდება“ (ავტორები – ფრანჩესკა ებელი და ქეთრინ ბელტონი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ამერიკელი და რუსი ანალიტიკოს-ექსპერტთა და მიმომხილველთა თვალსაზრისები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკის შტატში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მასმედიის კომენტატორებმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტი, რომელიც ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება, აღფრთოვანებით მიიღეს. ეს პირველად მოხდება 2007 წლიდან, როცა რუსეთის ლიდერი შეერთებულ შტატებში პირდაპირ გაემგზავრება, უშუალოდ პრეზიდენტის მიწვევით და არა როგორც გაეროს მეშვეობით. როგორც ჩანს, რადგანაც კრემლმა ოფიციალური მიწვევა თეთრი სახლიდან მიიღო, მოსკოვი უკან არ დაიხევს და არანაირ დათმობაზე არ წავა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში.

ამასობაში ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ნეგატიური რეაგირება მოახდინეს თეთრი სახლის პოზიციის უეცარ ცვლილებაზე: რამდენიმე დღის წინათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გმობდა უკრაინის ქალაქების დაბომბვას, ულტიმატუმებს უცხადებდა რუსეთს და სანქციებით ემუქრებოდა კრემლის მოკავშირეებს რუსეთთთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის, ახლა კი მეგობრულად იწვევს მოსალაპარაკებლად…

რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ეკონომიკურ საკითხებში კირილე დმიტრიევმა, რომელიც კრემლის სახე გახდა ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ ალასკის შერჩევა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად ძალიან სიმბოლურია ორმხრივი ურთიერთობებისათვის: როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა ალასკის ტერიტორია რუსეთის იმპერიისაგან 1867 წელს იყიდა 7,2 მილიონ დოლარად, ანუ ერთი ჰექტარი 4 ცენტად. „ალასკა რუსულ ამერიკას წარმოადგენს – თავისი მართლმადიდებლური ფესვებით, ციხე-სიმაგრეებით, ბეწვეულის წარმოებით… ალასკა ასახავს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიას… ალასკამ აშშ არქტიკულ სახელმწიფოდ გადააქცია“, – დაწერა კირილე დმიტრიევმა თავის სოციალურ „იქს-ქსელში“.

კონსტანტინე მალოფეევმა – რუსმა მილიარდერმა, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროიდან იმყოფება უკრაინაში პროკრემლური სეპარატისტების დაფინანსების გამო – განაცხადა, რომ ალასკის მცხოვრებლებს „პატივისცემით ახსოვთ თავიანთი რუსული წარსული და ქრისტიანული დღევანდელობა“.

რუსი სამხედრო ბლოგერებიც, თავის მხრივ, გარკვეულ ოპტიმიზმს და პოზიტიურ ემოციებს ამჟღავნებენ, მაგრამ სამიტისაგან რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ელოდებიან: „ალასკის შეხვედრას აქვს ყველა შანსი, რომ ისტორიული გახდეს, – წერს პროკრემლური სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე კოცი თავის „ტელეგრამ-არხზე“, – „თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთი არ შეეცდება და თავის მორიგ ხრიკიან ნაბიჯს არ გადადგამს“

დასავლელი ანალიტიკოსები, თავის მხრივ, თვლიან, რომ დონალდ ტრამპმა ძალზე ფრთხილად უნდა იმოქმედოს. „ტრამპმა გადაწყვიტა პუტინი რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე მიიღოს“, – წერს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ბარაკ ობამას დროინდელი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, – „საინტერესოა, იცის თუ არა ჩვენმა პრეზიდენტმა რუსი ნაციონალისტების პოზიცია? მათ მიაჩნიათ, რომ ალასკის გაყიდვით რუსეთის მხრიდან არაშორსმჭვრეტელური და უსამართლო ნაბიჯი იყო გადადგმული, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“.

რუსეთის პოლიტიკის პროფესორი ლონდონის სამეფო კოლეჯში სემ გრინი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ შერჩეული ადგილი მოსკოვისათვის სიმბოლურად სასარგებლო და სტიმულის მიმცემია, საერთაშორისო სამართლისათვის კი საშინელებას წარმოადგენს: „ალასკის სამიტი მოწოდებულია იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები შეიძლება მის დაუკითხავად შეიცვალოს, ხოლო მიწები შეიძლება შეისყიდონ და გაყიდონ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს კრემლის პოპულარულ თვალსაზრისს, რომ ალასკა ისტორიულ რუსულ მიწა-წყალს წარმოადგენს, რომელიც, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ნამდვილ მფლობელს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს“.

რუსები უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებას ალასკასთან გარკვეულად აკავშირებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საკვანძო განსხვავება: რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ თვითონ გამოიჩინა ინიციატივა ალასკის გაყიდვის თაობაზე, ვლადიმერ პუტინმა კი ძალით მიიტაცა უკრაინის ტერიტორია და უკანონოდ მიიერთა ყირიმი 2024 წელს, ასევე უკანონოდ გამოაცხადა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ოთხი ოლქით.

დონალდ ტრამპს ყველასათვის დასანახად და გასაგონად ხშირად გამოუხატავს აღტაცება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი თავისი რუსი კოლეგის მოქმედებით უკმაყოფილო იყო: იგი რეგულარულად ამბობდა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯიუტობს და არ სურს დაუყონებლივ და ულაპარაკოდ შეწყვიტოს სისხლისმღვრელი ომი, რაც, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების აზრით, ლეგიტიმური სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.

რუსი პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ პირველმა დაიწყო თავის არიდება ორი ლიდერის სავარაუდო შეხვედრიდან. გარდა ამისა, პუტინის პოზიცია მყარია და ომის სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა (იგულისხმება უკრაინის დემილიტარიზაცია, პრორუსული რეჟიმის დამყარება, ქვეყნის ნეიტრალური ბლოკებსგარეშე სტატუსი და ოფიციალური უარი ნატოს წევრობაზე).

„დონალდ ტრამპს არასოდეს არ სურდა რუსეთთან კონფრონტაციის დაწყება, – ამბობს ტატიანა სტანევაია, ბერლინში არსებული კარნეგის ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – იგი თვითონაც ღიად აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს პოზიციას ვერანაირი სანქცია ვერ შეუცვლისო. ის, რომ ალასკაზე შეხვედრის ანონსი იმ დროს მოხდა, როცა 8-დღიანი ულტიმატუმის ვადა ჯერ ამოწურული არ იყო, იმას მიანიშნებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ცდილობს თავის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას“.

„ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციას ამ დღეებში ხელში ჩაუვარდა რუსი ყოფილი მაღალჩინოსნის ვრცელი კომენტარი (მან ანონიმად ყოფნა ისურვა), რომლის თანახმად, მოსკოვი დიდი ხანია მზად არის კომპრომისებისათვის და განზრახული აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, კრემლისათვის ბევრად უფრო იოლია გააგრძელოს შეტევა უკრაინის სრულ დარღვევა-ჩამოშლამდე, ვიდრე ხელი მოაწეროს რაღაც სამშვიდობო შეთანხმებას, – ამბობს რუსი ჩინოვნიკი, – სწორედ ამიტომ კიევში სასოწარკვეთილად ეჭიდებიან  ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლებლობას. ხაზს ვუსვამ – არა მუდმივს, არამედ დროებითს. და როცა ქვემეხები დადუმდებიან, ისინი სწრაფად მოახერხებენ მათთვის სასურველი შედეგების მქონე არჩევნების ჩატარებას“.

მოსკოვს არასოდეს არ დაუმალავს თავისი სურვილი – ტოტალური კონტროლი დაამყაროს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ამისათვის კრემლს ჭირდება კიევში პრორუსული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დასვას. თვითონ უკრაინელებს კი დიამეტრალურად საწინააღმდეგო კურსის მხარდამჭერები არიან: ისინი თავიანთ ადგილს ევროკავშირში ხედავენ, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედით.

გასულ შაბათს, 9 აგვისტოს, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები ლონდონში ევროპელ ლიდერებს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსს შეხვდნენ, რომლის შემდეგ ნატოს რამდენიმე წევრმა – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, გერმანიის, იტალიის და პოლონეთის სახით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. მათი აზრით, უკრაინის ლიდერი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და მას დახმარება ჭირდება. ისინი ასევე ეთანხმებიან კიევის მოთხოვნას, რომ ალასკის სამიტის ლეგიტიმიზებისათვის აუცილებელია საომარი მოქმედებები შეწყდეს.

განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს – ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდა, ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებზე პასუხიმგებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ამიტომ დაუშვებელია მოსკოვს უფლება ჰქონდეს თვითნებურად შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

ევროპელი ლიდერების საუბარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეიმს ვენსთან იმ დროს დაემთხვა, როცა ამერიკულ პრესაში აჟიოტაჟი იყო ატეხილი სტივ უოტკოფის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. სწორედ ამ დროს გაჟღერდა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ კრემლი მზად არის თავისი არმიის წინსვლა შეჩეროს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. ეს განცხადება ამერიკულმა ისტებლიშმენტმა მოსკოვის უკანდახევად შეაფასა.

სინამდვილეში პუტინს არაფერი ისეთი არ უთქვამს, რომ უკანდახევად შეფასებულიყო: რუსეთმა წინადადება მისცა კიევს, რომ უარი თქვას დონბასზე, კრემლი კი სანაცვლოდ მხოლოდ ცეცხლს შეწყვეტს და სხვას არაფერს.

და რას ნიშნავს ტრამპის ნათქვამი, რომ სამიტის დროს „შეიძლება რაღაც ტერიტორია რაღაცაზე გაიცვალოს“?

როგორც რუსმა ინსაიდერებმა განუცხადეს „ვაშინგტონ პოსტს“ (ანონიმურობის დაცვით), ალასკის შეხვედრის დროს მოსკოვს არ აქვს განზრახული 2022 წელს დაკავებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიების დაბრუნება, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ სახმელეთო გზის უსაფრთხოებას – ყირიმის ნახევარკუნძულიდან დონბასამდე.

„კრემლი არასოდეს არ დათანხმდება იმ ტერიტორიების გაცვლას, რომელსაც მოსკოვი 2022 წლიდან აკონტროლებს. რუსეთის არმია უკან იოტის ოდენადაც არ დაიხევს“, – აცხადებს სერგეი მარკოვი, პროკრემლური ანალიტიკოსი. მისი თქმით, ერთადერთი კომპრომისი, რომელზეც რუსეთს შეუძლია წავიდეს, არის საომარი მოქმედებების შეჩერება ოდესისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, აგრეთვე ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაბომბვების შეწყვეტა, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცედ და უკომპრომისოდ აცხადებს, რომ ტერიტორიების არანაირ გადაცემას ან გაცვლას არ აღიარებს, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული – ასეთი ქმედება კონსტიტუციით არის აკრძალული.

გაუგებარია, შეიცავს თუ არა რუსეთის წინადადება რაიმე გარანტიებს იმისას, რომ კრემლი საომარ მოქმედებებს არ განაახლებს. მოსკოვი აქცენტს ძველებურად იმაზე აკეთებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს მიმართული იმ „სიღრმული მიზეზების“ აღმოფხვრისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია, ანუ ისევ და ისევ მხედველობაშია დემილიტარიზება, პრორუსული მთავრობა და უკრაინის ნეიტრალიტეტი, ნატოს გარეშე.

„როცა უკრაინა აცხადებს, რომ მას იმის გარანტია არ აქვს, რომ რუსეთის არმია ბრძოლებს არ განაახლებს, მაშინ არც ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ კიევი ევროპელების დახმარებით ომს არ დაიწყებს“, – ამბობს სერგეი მარკოვი. მისი თქმით, ახლა სწორედ უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები უშლიან ხელს დონალდ ტრამპის მიზნის მიღწევას – გახდეს მთავარი სამშვიდობო შუამავალი რუსეთ-უკირაინის ომში.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ მიხვდება, რომ ამ უბედურებისა და სისხლისღვრის თავი და თავი, მთავარი მიზეზი მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკია, ხოლო მეორე მიზეზი – ევროპელი ლიდერების პოზიცია… ისინი დონალდ ტრამპის მტრები არიან“, – რეზიუმეს აკეთებს სერგეი მარკოვი, – „ვლადიმერ პუტინი კი დონალდ ტრამპის ისეთი ერთგული პოლიტიკური მეგობარია, რომლის მსგავსიც აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან ცოტა ჰყავს. ადრე თუ გვიან ამას ტრამპი გააცნობიერებს“.

მაგრამ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იანის კლუგე ამბობს, ვლადიმერ პუტინის წინადადებები თავისთავად კრემლის აგრესიული შემტევი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს: „ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით არავითარი კომპრომისი არ არის. პირიქით, ამით ვლადიმერ პუტინი უპირატესობას იღებს უკრაინისა და დასავლეთის მიმართ, გრძელვადიანი პერსპექტივით“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“ – შალვა პაპუაშვილი 

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“ – მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური წონის გამოყენებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში შეძლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმითვე, ათწლეულების განმავლობაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას ეუთო-ს ფორმატი კურირებდა, სადაც „საერთოდ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს“.

„უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა ამ შეთანხმებით. ეს პირველყოვლისა, წაადგება რეგიონის, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ეს იყო დიდი ტვირთი, რომელიც ჩვენს რეგიონსა და თითოეულ ქვეყანას აწვა, მათ შორის, საქართველოს, რომელიც უშუალოდ არ იყო ამ კონფლიქტის ნაწილი, თუმცა ის გავლენას ახდენდა მოსახლეობაზეც, ჩვენ ქვეყანაზეც, საინვესტიციო მიზიდულობაზეც და ა.შ.

საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისა და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბებისა. ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა. მე პირადად მივულოცე როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს. მათ იციან, ყოველთვის გვქონდა შეთავაზება, რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, შემდეგ უკვე გზა იხსნება პოლიტიკური ფორმატებისთვის, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებისთვის.

იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში, ამ კონფლიქტის მოგვარებას კურირებდა ეუთო-ს ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს საერთოდ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური წონის გამოყენებით, ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში შეძლო.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, „როგორ აფასებს რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებას“ და აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი ხალხის გავლენა უნდა არსებობდეს.

„რაც შეეხება გავლენებს. მთავარია ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გავლენა, რომელიც მის ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ეს არის საკუთარი ხალხის გავლენა. ნებისმიერი სხვა გავლენა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლენა [იქნება ეს] ოკუპანტი, მეგობარი, შორეული მეგობარი, ახლობელი, მეზობელი, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა ქვეყნის გავლენა შენს ქვეყანაში არის ცუდი, ნებისმიერ მდგომარეობაში. ვინაიდან, ეს არის სწორედ ანტიდემოკრატია, როდესაც შენი ქვეყანა იმართება არა შენი ხალხის ინტერესებით და გავლენით, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებითა და გავლენით, ამიტომ მთავარი არის ის, რომ იმ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები გატარდეს. ამიტომ, ამ მხრივ უპირველესად, ეს აქვს მისალოცი აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომ მათ შეძლეს მშვიდობის დამყარება, რაც მათი ხალხის ინტერესია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შინდისში, დაღუპული სამხედროების მემორიალური კომპლექსი აშენდება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, შინდისში, ბრძოლის ადგილზე დაღუპული სამხედროების მემორიალი დაიდგმება და ასევე, მემორიალური სივრცე მოეწყობა.

როგორც მან ჟურნალისტებს შინდისის მემორიალთან განუცხადა, მემორიალური სივრცე ადგილზე მისულ მოქალაქეებს დაღუპული სამხედროების მიერ განვლილი გზის სრულად აღქმის შესაძლებლობას მისცემს.

„დღეს შინდისის გმირების დღეა. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ისტორიაში. შეუპოვარი ბრძოლის, თავდაუზოგავი ბრძოლის დღე და ქართული ხასიათისა და სულის გამოვლინების დღე. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დღეს უკვე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. ერთი მხრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სრულად იქნება შენარჩუნებული ის იერსახე, რომელ იერსახესაც აქაურობა ატარებს და უზრუნველყოფილი იყოს ავთენტურობა. მეორე მხრივ, ასევე დაემატება სხვა ელემენტები, რომელიც გამოყოფს იმ ადამიანებს, ვინც აქ, 17 წლის წინ, გმირობა ჩაიდინა.

დღესაც ეს ადგილი ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილია. ოჯახის წევრების, ჭირისუფლების, ჩვენი თანამებრძოლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების. ასევე, დარწმუნებული ვარ, ამ მემორიალს მომავალში სხვებიც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებიც ნახავენ. ამ ტერიტორიას მთლიანად მემორიალური დატვირთვა მიეცემა. ორივე შენობა მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება თავის ავთენტური შეხედულებით. ასევე, იქნება შესაძლებლობა, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა სრულად გაიარონ ის მომენტები და აღიქვან, რომელიც ჩვენმა მებრძოლმა ბიჭებმა გაიარეს ომის პერიოდში. მოწყობილი იქნება შესაბამისი ბილიკები, რათა ერთი წრით სრულად იქნას აქაურობის აღქმის შესაძლებლობა“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, სამუზეუმო სივრცის სამშენებლო სამუშაოები ორ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია – შემუშავებულია კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, პროექტი და ესკიზები, რომლებიც დღეს შინდისში გამოფენილ სურათებზე წარმოადგინეს.

“მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთთან უკრაინის “ტერიტორიების გაცვლა” გამოაცხადა, ევროპელი მოკავშირეები კიევის დაცვას ცდილობენ”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 10 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთთან უკრაინის „ტერიტორიების გაცვლა“ გამოაცხადა, ევროპელი მოკავშირეები კიევის დაცვას ცდილობენ“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი და ფაბრის დეპრე). „კიევი შეშფოთებულია ალასკის შეხვედრის მოსალოდნელი შედეგებით… ზელენსკის ადმინისტრაცია თეთრ სახლს აკრიტიკებს და ევროპელებს ერთიანი ანტიამერიკული პოზიციისაკენ აქეზებს“, – ასეთია მასალის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი ძალებით ცდილობს ევროპა რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართოს, რათა არ დაუშვას უკრაინის მიწების იურიდიულად გადაცემა კრემლის კონტროლქვეშ. კიევის აქტიური მოქმედების მიზეზი გახდა დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადება, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში შეტანილი იქნება მოსკოვთან რაღაც „ტერიტორიების გაცვლა“.
როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს უკრაინის ლიდერის გარემოცვიდან რამდენიმე წყარომ აცნობა, ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან არის შეშფოთებული დონალდ ტრამპის პოზიციით, რომელიც ვლადიმერ პუტინის სურვილს გამოხატავს – არ იქნას დაშვებული უკრაინის პრეზიდენტი ალასკის სამიტზე..

თვით ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის ბედს დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტენ, კიევში სერიოზული ალიაქოთის გამომწვევი გახდა. პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებული მაღალჩინოსნების თქმით, გასულ შაბათს ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად იყო შეშფოთებული, რომ სასწრაფოდ გაგზავნა ლონდონში დაგეგმილ მოკავშირეთა შეხვედრაზე უკრაინელი წარმომადგენლებიც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია კიევისათვის ის ფაქტი, რომ ადრე უკრაინის საკითხები შედარებით უფრო დაბალი დონის მოლაპარაკებებზე განიხილებოდა, ახლა კი უმაღლესი დონის შეხვედრაზე, თანაც უკრაინის გარეშე. დონალდ ტრამპს, უკრაინის მრავალწლიანი კონფლიქტის სწრაფი გადაჭრის მიზნით, ვლადიმერ პუტინისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობების შეთავაზება შეუძლია. როგორც ჩანს, ლაპარაკი რაიმე გაცვლაზე კი არ იქნება, არამედ მხოლოდ დათმობაზე: სკეპტიკოსები უკვე საუბრობენ არამარტო ყირიმის ლეგიტიმიზაციაზე რუსეთის შემადგენლობაში, არამედ სხვა ტერიტორიულ დათმობებზეც – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 9 აგვისტოს მტკიცედ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს არავითარი იურიდიული და პოლიტიკური უფლებამოსილება – უბრძანოს კიევს, რომ ტერიტორიები რუსეთს გადასცეს. დონალდ ტრამპმა რომც მოისურვოს გარიგების დადება, მან უნდა იცოდეს, რომ „არავის არ აქვს კანონიერი უფლება ჩვენი მიწის სხვაზე გადაცემა დაგვაძალოს“.

შაბათის საღამოს მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ნათქვამი, რომ რუსეთთან დასადები სამშვიდობო შეთანხმება „რაღაც ტერიტორიების გაცვლას“ ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელები მშობლიურ მიწა-წყალს მტერს არ აჩუქებენ. უკრაინის ტერიტორიების საკითხზე პასუხი ქვეყნის კონსტიტუციაშია მოცემული და არავინ ამ დებულებას არ გადაუხვევს“.

რა თქვა პარასკევს დონალდ ტრამპმა? „რა თქმა უნდა, საკითხი მარტივი არ არის, ეს ძალიან რთულად გადასაწყვეტი პრობლემაა. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ რაღაცას დავუბრუნებთ უკრაინას და ასევე რაღაცას გადავცვლით ურთიერთსარგებლობის პრინციპით“, – ასე განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტი უკრაინის პარლამენტში უნდა იქნას რატიფიცირებული. მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ბევრმა დეპუტატმა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი ხმას არ მისცემენ იმ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსადმი გადაცემას ითვალისწინებს და შესაბამისად, ანტიეროვნული და ანტიკოსტიტუციურია.

ევროპის დედაქალაქებში სურთ 15 აგვისტომდე დარწმუნდნენ იმაში, თუ რამდენად „ძლიერია“ დონალდ ტრამპის იდეა და სურვილი ვლადიმერ პუტინთან გარიგების დადების მიზნით. „ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ, როგორი იქნება გარიგების შედეგები, თუ უკრაინა იძულებული გახდება დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს“, – განუცხადეს „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის ჩინოვნიკებმა საუბრის დროს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში დღეს წარმოუდგენელი განხეთქილებაა უკრაინის საკითხზე, ბევრს ერთმანეთის საწინააღმდეგო თვალსაზრისები აქვთ. ხშირად კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები როგორც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაგან, ასევე სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფისაგან და რაღა შორს წავიდეთ, თვით აშშ-ის პრეზიდენტის პირიდან.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა კონფიდენციალურად აცნობეს „ფაინენშელ თაიმსის“ რედაქციას, თუ რას ითვალისწინებს რუსეთის წინადადება ომის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე. საქმე ეხება ფრონტის ხაზის გაყინვას სამხრეთ-აღმოსავლეთის მონაკვეთზე იმ პირობით, რომ კიევი დაუყოვნებლივ გაიყვანს თავის ჯარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, იმ რაიონებიდან, რომელსაც ჯერ კიდევ კიევის ადმინისტრაცია აკონტროლებს. კრემლი ითხოვს, რომ უკრაინის არმია გავიდეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდანაც, თუმცა საოლქო ცენტრები კვლავ კიევის კონტროლქვეშ არის. დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებიც რუსეთს აქვს დაკავებული, სამომავლო განხილვის საგანი იქნება.

ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც უკრაინის ნების წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოსკოვისათვის მისი ტერიტორიის გადაცემის საკითხში. ისინი შიშობენ, რომ თუ ისე მოხდება, როგორც ვლადიმერ პუტინს აქვს გამიზნული და თუ მას დონალდ ტრამპიც მხარს დაუჭერს, მაშინ კრემლის არმიის შემდგომი სამიზნე უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდებიან. „თუ სახელმწიფოს საზღვრების ცვლილება ძალით შეიძლება, მაშინ არცერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო პირობებში… სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ეს გლობალური სტაბილურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავაქეზებთ მსგავს აგრესიებს – არც უკრაინაში და არც სადმე“, – განაცხადა მარგუს წაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი ლატვიელი კოლეგის ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, „სამართლიანი, მტკიცე და ღირსეული მშვიდობა – ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვსურს და რა თქმა უნდა, უპირველესად უკრაინელებს. ასეთი მშვიდობა ითვალისწინებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინა დონბასის იმ ქალაქებს იცავდა და ამაგრებდა, რომლის გადაცემასაც ახლა რუსეთი ითხოვს. საქმე ეხება ორ მსხვილ ქალაქს – კრამატორსკს და სლავიანსკს, რომლებშიც 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რომლებსაც კიევი ჯერ კიდევ აკონტროლებს.

„თუ უკრაინა ტერიტორიას მოწინააღმდეგე მხარის ტოლფასი ნაბიჯების გარეშე დათმობს, მაშინ მოსკოვი უფრო მეტ ჩვენს მიწა-წყალს დაიპყრობს“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცერი, ამჟამად კი ანალიტიკური ჯგუფის Frontelligence Insight-ის ხელმძღვანელი, – „მიიღებს რა ესოდენ მომგებიან პოზიციას, მოსკოვი დაუყოვნებლივ და სრულიად დაუსჯელად განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს მთელ ფრონტზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს -კახა კალაძე

იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თვალჭრელიძის ქ. N1-ში მცხოვრები მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავე მისამართზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქირით უზრუნველყოფაზე უარი განაცხადეს.

„მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი პროგრამები, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებლის პრობლემა აწუხებთ. იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს ანალოგიური პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ეს შეთავაზება გაკეთებული იყო ოჯახებზე, თუმცა ჩვენს შეთავაზებაზე მათი საკუთარი ხელით დაწერილი უარი გვაქვს. როდესაც გაქვს საცხოვრისის პრობლემა, მე – მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო, მოვდივარ შენთან და გეუბნები, რომ უზრუნველყოფილი იქნები საცხოვრისით, გაძლევ თანხას, რომ იქირაოთ საცხოვრებელი ბინები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ეს მოქალაქეები საცხოვრებლით დაკმაყოფილებული იყვნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს მეორე – უსახლკარო ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროგრამა, რისთვისაც, პირველ რიგში, აღნიშნული სტატუსის მიღებაა საჭირო.

„არის მეორე პროგრამა უსახლკაროს სტატუსის მქონე ადამიანების ფართებით დაკმაყოფილების. წლის ბოლომდე მუნიციპალური საცხოვრისით 400 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები ჰქონდეს, საცხოვრებელი სახლიც ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს, მაგრამ ვინც სოციალურად დაუცველია და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, პირველ რიგში, უნდა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი ყველა ასეთ ოჯახს დააკმაყოფილებს. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი-ირაკლი კობახიძე 

მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც ბანკებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ.

„ზოგადად, ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, საფრთხეს უქმნის სანდოობას საბანკო სისტემის მიმართ, შესაბამისად ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამ მიდგომის გადახედვას, არის აბსოლუტურად ლოგიკური. აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ. მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი,”- განაცხადა პრემიერმა.

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული -პრემიერი

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და თავად მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.

„2018 წლამდე ამ რეჟიმის და პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რამ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და ამან მისცა ერთგვარი საბაბი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც „ქართულ ოცნებაში“ არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. ამ განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს მოღალატედ და დღემდე ალბათ ძალაშია მათი ეს პოზიცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო-ჯეფრი საქსი

საქართველოს მოქმედი მთავრობა ჩემში აღფრთოვანებას იწვევს, მისი საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო. ახლა ჩემი ძალიან ღრმა სკეპტიციზმი ეხება აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, იმიტომ რომ ისინი თამაშებს თამაშობენ, ან შესაძლოა შეერთებული შტატები და ევროპა მათ გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რომლებიც აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესებს არ შეესაბამება – განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა.

მისი თქმით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დიდი ხნის პრაქტიკაა რუსეთის ირგვლივ საქმეებში ჩარევა და ახლა ის ასევე ირანის სამეზობლოში იჭრება.

„სწორედ ეს ხდება ახლა და ეს ძალიან სახიფათოა. ე.წ. დასავლეთი კი მოდის და ზღაპრებს უყვება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა. უფრო სწორად, მან გადააგდო მთავრობა უკრაინაში, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა ზღაპრები მოეყოლა რეჟიმისთვის, რომელიც 2014 წლის თებერვალში მოიყვანა ხელისუფლებაში. ის მღერის ზღაპარს: „ჩვენ გადაგარჩენთ“. მე კი სამხრეთ კავკასიაში მეგობრებს ვეუბნები – რუკას შეხედეთ. შეერთებულ შტატები არ ზრუნავს სამხრეთ კავკასიაზე. ისინი თამაშობენ. ფრთხილად იყავით. ბრიუსელი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, ევროკავშირის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში არაფერი ესაქმება. ეს ხომ ევროპა არ არის“, – ამბობს საქსი.

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი-სანდოობა, როგორც ინოვაცია

2019 წელს, როდესაც „GITA”-მ და მსოფლიო ბანკმა საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყეს, მარიამ სოლომნიშვილს საფიქრალი გაუჩნდა: რა უნდა ყოფილიყო ინოვაციური კომპონენტი, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარებოდა?!

ასე გაჩნდა აგროლაბი- ლაბორატორია, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ანალიზზეა კონცენტრირებული. ინოვაციური კი მოდელია, სადაც მომხმარებელი  ლაბორატორიის ვებ-გვერდზე რეგისტრირდება, ონლაინ კაბინეტს ქმნის, სახლიდან გაუსვლელად ახერხებს შედეგის ნახვას, სერტიფიკატის ჩამოტვირთვას, კურიერის გამოძახებას და მენეჯერთან კონტაქტსაც კი.

ლაბორატორიამ თიბისი დაჯილდოების მთავარი ჯილდო მიიღო რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ის იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ ღვინის წარმოებაში.

„კახეთი ქართული ღვინის წარმოების აკვანია. ნებისმიერი მეურნეობისთვის კი ლაბორატორიული ანალიზი აუცილებელია. ჩვენი სერვისზე მოთხოვნა ტექნოლოგიური პროცესის თანმდევი ნაწილია: ყურძნის მარცვლის შემოწმებიდან, ღვინის ჩამოსხმის მომენტამდე. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ რეგიონს სჭირდებოდა თანამედროვე, სანდო ლაბორატორია“, – გვიხსნის მარიამ სოლომნიშვილი.

საქართველოში თითქმის ყველამ იცის, როგორ მზადდება ღვინო. ან ჰგონია, რომ იცის. ვენახის გაშენება, რთველი, ქვევრში ღვინის დაყენება – ამ ყველაფერს ქართული ღვინის კულტურად მივიჩნევთ. მაგრამ ამ ტრადიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქტი ბაზარზე უნდა გავიდეს, სტანდარტებიც ახლავს, ლაბორატორიული ანალიზებიც და საერთაშორისო ნორმებიც.  აგროლაბი და მისი დამფუძნებელი, მოწმეა თუ როგორ იცვლება ადამიანების აღქმა და ინფორმირებულობის დონე.

“ათწლეულების განმავლობაში ღვინის დაყენების პროცესი პირად გამოცდილებაზე იყო მინდობილი.  ტექნოლოგიების განვითარებამ და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ ბევრი სტერეოტიპი დაანგრია, საკუთარი შრომის დაფასებაც ვისწავლეთ. დღეს ლაბორატორიული ანალიზით ის ადამიანებიც ინტერესდებიან, რომლებიც ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის აყენებენ. ბუნებრივიცაა, რადგან სურთ რომ შრომამ ხარისხიანი ნაყოფიც გამოიღოს”, -ამბობს მარიამი.

2023 წლის პირველი იანვრიდან ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი მწარმოებელი ან რეალიზატორი, თუნდაც ადგილობრივი ბაზრისთვის, ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისობის სერტიფიკატი.

“თიბისის ჯილდოს მიღება გუნდისთვის მოულოდნელობაც იყო და დიდი მოტივაციაც. როცა განაცხადი შევავსეთ, მოლოდინი არ გვქონია. უბრალოდ, გვინდოდა გვეცადა. ისეთი გამოხმაურება  ჰქონდა გამარჯვებას, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თუ რა საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მცირე მარნებმაც მოგვწერეს.თურმე არ იცოდნენ, რომ მსგავსი სერვისი კახეთშიც არსებობდა”, – გვიყვება ყვება მარიამი.

აგროლაბი არა მხოლოდ უკვე არსებულ მომხმარებლებზე ფიქრობს, არამედ ახალი შესაძლებლობების განვითარებაზეც მუშაობს,  მათ შორის ნიადაგის ანალიზზეც.

“დღევანდელ რეალობაში ფერმერები ხშირად სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს – მაღაზიიდან იღებენ სასუქსა და ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს კონკრეტულ არეალს. ნიადაგის ანალიზი კი შესაძლებელს გახდის მიზნობრივ გამოყენებას, რაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედებს“, -გვიხსნის მარიამი.

აგროლაბის გუნდმა კარგად იცის, რომ ინოვაცია მხოლოდ თანამედროვე ტექნიკაში არ გამოიხატება, აქ ცდილობენ შექმნან მექანიზმი, რომელიც სხვასაც დაეხმარება.

(R)

სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი

სამხრეთ კავკასია ევროპაც კი არაა. კავკასიონი არის ევროპასა და აზიას შორის საზღვარი. ამიტომ, ფრთხილად იყავით, რომ არ გახდეთ თამაშის მსხვერპლი, – ასე მიმართა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა სამხრეთ კავკასიას. ის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ურჩევს, ყურადღება ახლო სამეზობლოზე გადაიტანონ.

„მიაქციეთ ყურადღება თქვენს მეზობლებს – რუსეთს, თურქეთს, ირანს, საუდის არაბეთსა და სხვებს. ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის. ნუ იჯერებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მით უმეტეს დონალდ ტრამპის დროს, დაგეხმარებათ თქვენს მეზობლებთან ბრძოლაში. კარგით რა. სერიოზულ პრობლემებში გაგხვევენ.

ბრიუსელის შესაძლებლობები ამ მხრივ გასაოცარია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი აშშ-ის ვასალია. ბრიუსელი რეალურად ევროპული ინტერესების წარმომადგენელი არაა. ის არის აშშ-ს ინტერესების წარმომადგენელი. ამიტომ არის, რომ ნატო და ევროკომისია ერთად არიან იქ. ისინი თამაშობენ თამაშებს. სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია“, – განაცხადა საქსმა.

მან 2008 წელს, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაიხსენა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აშშ-ის მარიონეტი უწოდა.

„2008 წელს ნიუ-იორკში, როგორც საგარეო ურთიერთობებში საბჭოს წევრი, საქართველოს მაშინდელი ლიდერის სააკაშვილის გამოსვლაზე დამპატიჟეს. სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტი იყო. ის ჯორჯ სოროსისგან იღებდა ფულს. აშშ-ის აბსოლუტურ მორჩილებაში იყო. წავედი ამ გამოსვლაზე.

სიმართლე გითხრათ, მეგონა გიჟი იყო. მან თქვა: „საქართველო არის ევროპის შუაგული“, „საქართველო იქნება ნატოს საკვანძო წევრი“, „საქართველო ევროპაშია“. ხალხმა ნიუ-იორკში აპლოდისმენტებით მიიღო, მე კი ოთახიდან გავედი, დავურეკე ჩემს ცოლს და, ვუთხარი: „ეს კაცი გიჟია. ქვეყანას დაკარგავს. ეს სიგიჟეა.“ რამდენიმე კვირაში კი ომი დაიწყო.

იცით, ეს ძალიან ნათელია. ნუ გახდებით თამაშის მსხვერპლი. ნუ იქნებით აშშ-ს ფულის ხელში. ნუ იქნებით აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც არ არიან არასამთავრობოები) ხელში. ეს არაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაციები. მე ამას 40 წელია ვუყურებ. სწორედ ამიტომ, როცა საქართველომ თქვა: „თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და გვითხრათ ვინ გაფინანსებთ“, ვინ გაცოფდა? დამფინანსებლები. „თქვენ გამოგვააშკარავებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ცნობილი გახდეს ეს ფული ვაშინგტონიდან მოდის. ეს თამაშია“.

ნუღარ იქნებით თამაშში, გთხოვთ. მე მიყვარს სამხრეთ კავკასია. რა მშვენიერი რეგიონია. რა დიდი ისტორია, კულტურა, ღირსშესანიშნაობები. ფენომენალური ტურიზმი, საჭმელი – ყველაფერი. მაგრამ ნუ გახდებით უკრაინის მსგავსი. ასე მარტივადაა ყველაფერი. და თუ ღმერთი გწამთ, ნუ გახდებით აზერბაიჯანის მსგავსი. ნუ ჩაებმებით ახლო აღმოსავლეთის ომებში. ნუ გახდებით გენოციდის მონაწილე ღაზაში. ნუ ჩაებმებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელმა მოგაწოდათ უსაფრთხოების სისტემებზე. ღმერთო ჩემო, ეს არ არის სამხრეთ კავკასიის მომავალი“, – აღნიშნა საქსმა.