Home Blog Page 6

კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი პირობა-რამაზ ქართველიშვილი

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს თვალებში ჩავხედე და გულწრფელად ვუთხარი, რომ უკრაინის ომი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე. პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა დიპლომატიაა და დიალოგი. ორივე მხარეს მოუწევს ერთად დასხდომა და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება.
ნარენდრა მოდი, კიევი, 2024 წლის 23 აგვისტო. “ჩვენ ვიმყოფებით პირველი მსოფლიო ომის წინ არსებულ კლასიკურ სიტუაციაში, როცა არც ერთ მხარეს არ აქვს დიდი შესაძლებლობა პოლიტიკური კომპრომისებისთვის და წონასწორობის ნებისმიერ დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.”

ჰენრი კისინჯერი, The Economist, 2023 წლის 17 მაისი. ცალმხრივი კომპრომისის ორმხრივი მოლოდინი და… „სასიცოცხლო“ ინტერესთა ბალანსის რღვევის პროცესი LIVE-რეჟიმში – სერიიდან „ორი მსოფლიო ომის შეუთვისებელი გაკვეთილები, ანუ სიგნალები წარსულიდან“.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს: გეოპოლიტიკურ და „სასიცოცხლო“ ინტერესთა მყიფე ბალანსის დარღვევა ყოველთვის მწვავე სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისებთან და კატაკლიზმებთანაა დაკავშირებული. ორივე მსოფლიო ომის მიზეზი სწორედ ამგვარი წონასწორობის მოშლის მცდელობა გახდა. ორივეჯერ ომი მწვავე კრიზისის ბოლო, უმწვავესი ფაზის დასასრულს გაჩაღდა, როცა ინტერესთა არამყარი წონასწორობის რღვევის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. აქ აუცილებელია განიმარტოს-ორ მსოფლიო ომამდე არსებულმა კრიზისებმა ჩასახვის, მომწიფების, განვითარების(მწვავე) და „დასრულების“(უმწვავესი) სტადიები გაიარა. ორივე შემთხვევაში, ინტერესთა არამყარი ბალანსის ფორმირებამდე, წონასწორობის მსხვრევის პოტენციალი კრიზისის ჩასახვის ეტაპზე ჩაიდო(1871 წელს გერმანიის მიერ საფრანგეთის ელზას-ლორენის ოკუპაცია და 1919 წელს ვერსალის სისტემის შექმნა). შედარებით უფრო მყარი ბალანსი შექმნა 1945 წლის იალტა-პოტსდამმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იარსება. წონასწორობის ეროზიის პროცესი სწორედ 1991 წლის 25 დეკემბერს იღებს სათავეს, რომელმაც ახლანდელ მწვავე კრიზისამდე მიიყვანა მსოფლიო.
ამჟამად ჩვენ LIVE-რეჟიმში ეგზისტენციალურ ინტერესთა მყიფე ბალანსის საფუძველში მორღვევის ორ პარალელურ პროცესს ვადევნებთ თვალს. პირველი- აზიის აღმოსავლეთში, ტაივანის ირგვლივ აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაა. ის საკმაოდ დუნედ მიმდინარეობს და მისი მწვავე ფაზაში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. მეორე -უკრაინის კონფლიქტის გარშემო, ნატო-რუსეთის დაპირისპირება აგერ აქ, ევროპაში ვითარდება. ეს უკვე ძალზე შორს წასული მწვავე პროცესია უმწვავეს, „დამამთავრებელ“ ფაზაში შესვლის რეალური პერსპექტივით.
ვითარების მთელი ტრაგიზმი ისაა, რომ არც უკრაინის, არც ტაივანის ირგვლივ დაპირისპირებულ მხარეებს „არ აქვთ მეტი შესაძლებლობა პოლიტიკური დათმობებისთვის“.
ახლანდელ მოვლენებს გონების თვალით პირველი მსოფლიო ომის წინ არსებულ სიტუაციაში გადავყავართ. ვავლებთ პარალელებს და მართლაც გამაოგნებელ მსგავსებებს და დამთხვევებს ვპოულობთ.


ისტორიული ფაქტია-პირველი მსოფლიო ომი გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების პირველმა პირებმა, კაიზერმა ვილჰელმ მეორემ და იმპერატორმა ფრანც იოსებმა გააჩაღეს. ივლისის კრიზისის ბოლო ეტაპზე მათ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე შეუერთდა. თითოეულს საკუთარი იმპერიის სასიცოცხლო ინტერესები ამოძრავებდა.
ფრანც იოსები თვლიდა, რომ სარაევოში მისი „საცოდავი ბიძაშვილის“ საზარელი მკვლელობა პირდაპირი შედეგი იყო რუსი და სერბი პანსლავისტების აგიტაციისა, რომელთაც მიზნად ჰქონდათ დასახული მისი იმპერიის და სამთა კავშირის(გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია) დასუსტება. „ევროპის მონარქების სამშვიდობო პოლიტიკა საფრთხეში იქნება, სანამ ბელგრადში დანაშაულებრივი აგიტაციის ეს კერა არსებობს“-წერდა 4 ივლისს ფრანც იოსები თავის გემანელ კოლეგას.
კაიზერის გერმანიაში სლავები ადგილობრივ ელიტასაც ჭირივით სძულდა. გენერალური შტაბის უფროსი მოლტკე გენერლებთან შეხვედრებისას სერბებს „დამნაშავე ერად“ მოიხსენიებდა. სლავების მიმართ სიძულვილს თავად ვილჰელმიც ვერ მალავდა კულუარულ საუბრებში.
კაიზერს მიაჩნდა, რომ რუსეთი და მისი მოკავშირე სერბეთი, ინგლისის და საფრანგეთის კოლონიურ იმპერიებთან ერთად, მთავარი დაბრკოლებები იყვნენ გერმანიის „ეგზისტენციალური“ მიზნის-გლობალური ჰეგემონიის დამყარების-გზაზე. მაგრამ ჯერ რუსეთის დაჩოქებას ჰქონდა ვილჰელმისთვის „სასიცოცხლო“ მნიშვნელობა. მხოლოდ ყოველივე ეს უნდა განეხორციელებინა დიდი ომის გარეშე-„გლადიატორის დიდება უბრძოლველად“.
ნიკოლოზ მეორე სერბეთს ავსტრია-უნგრეთის აგრესიის წინაშე ბედის ანაბარა ვერ დატოვებდა, იმპერატორი გრძნობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ რევოლუციას მიიღებდა, რომელსაც ის ვერ გაუძლებდა და შიდა კრიზისით მოცული მისი თვალუწვდენელი იმპერია ხუხულასავით დაიშლებოდა.
1914 წლის ივლისის კრიზისის ბოლო, უმწვავესი ეტაპის დასაწყისისთვის ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია: დაპირისპირებულ მხარეთაგან თითოეული ესკალაციის გზით აპირებდა მოძრაობას, არც ერთი მათგანი უკანდახევაზე არც კი ფიქრობდა- დათმობა დამარცხების ტოლფასი იყო. დიდი ომი არავის უნდოდა, მაგრამ 5 ივლისს დაწყებული კრიზისის ინერცია ყველას სწორედ იქით, კატასტროფისკენ მიაქანებდა. 26 ივლისს, როცა ავსტრია-უნგრეთმა მის მიერ სერბეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ათივე პუნქტის შესრულება კატეგორიულად მოითხოვა (ბელგრადმა მხოლოდ ერთი, არცთუ დიდად მნიშვნელოვანი, პუნქტი არ მიიღო), უკვე ცხადი გახდა, რომ ვენა მხოლოდ საბაბს ეძებდა ომის დასაწყებად. კაიზერის მხრიდან თავისი მოკავშირის დაშოშმინების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
არაკონტროლირებადი ესკალაცია ღვარცოფივით მოვარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპის მთელი პოლიტიკურ-დიპლომატიური ლანდშაფტი ძირფესვიანად წალეკა. უმწვავესი კრიზისის ბოლო დღეების მოვლენების უმოკლესი ქრონიკა ნათლად წარმოაჩენს ვითარების ტრაგიკულობას.
29 ივლისი.ავსტრიელების არტილერია ბომბავს ბელგრადს. ამავე დღეს რუსეთს თავისი ჯარი ავსტრიის საზღვარზე მზადყოფნაში მოჰყავს.
30 ივლისი. ავსტრია-უნგრეთი იწყებს არმიაში რეზერვისტთა გაწვევას. რუსეთი მყისვე აცხადებს მობილიზაციას.
31 ივლისი.გერმანია ულტიმატუმს უყენებს რუსეთს-უახლოესი 12 საათის განმავლობაში გააუქმოს მობილიზაცია და მკაფიოდ განმარტოს, რა მიზანს ისახავს მისი ეს ქმედება(ბერლინი პეტერბურგისგან ცალმხრივ კომპრომისს ელოდება-რ.ქ.)
1 აგვისტო-ნაშუადღევს ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. პეტერბურგისგან პასუხი არ ჩანს-ეს არაორაზროვანი მინიშნებაა: რუსეთი დათმობას არ აპირებს და კომპრომისს გერმანიისგან მოითხოვს. კაიზერი თავის პოზიციაზე ისევ მტკიცედ დგას. ერთი საათის შემდეგ გერმანიის ელჩი პურტალესი ბერლინიდან იღებს ინსტრუქციას: თუ პეტერბურგი გააგრძელებს დუმილის პოლიტიკას, 17 საათზე რუსეთს ომი გამოუცხადოს. თავის მხრივ ელჩი კიდევ 2 საათს აძლევს მოსაფიქრებლად პეტერბურგს და მხოლოდ 19 საათზე ოფიციალურად ამცნობს მას ბერლინის გადაწყვეტილიბას ომის გამოცხადების თაობაზე. თავად იმპერატორი დათქმულ დროს, საღამოს 5 საათზე ხელს აწერს 2 მილიონი გერმანელის შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ბრძანებულებას და შესასრულებლად მას გენერალური შტაბის უფროსს მოლტკეს გადასცემს.ცოტა ხნის შემდეგ შტაბისკენ ავტომანქანით მიმავალ გენერალს მალემსრბოლი, ვილჰელმის თხოვნით, გზიდან უკან მოაბრუნებს. კაიზერის სამუშაო კაბინეტში შესულ მოლტკეს დახვდა სურათი, რომელმაც ის კინაღამ აატირა. იმპერატორი სასოწარკვეთილებას მოეცვა. ჩანდა: მან ახლაღა გააცნობიერა, რომ საკუთარი არასწორი გათვლების გამო ომის გამჩაღებელი ხდებოდა, დიდი ომის, რომელსაც ის მუდამ ასე გაურბოდა (სიგნალი წარსულიდან 24 ).
დღის ბოლოს რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა პარიზმა. დიდ ომში უკანასკნელი ლონდონი ჩაერთო. ეს 4 აგვისტოს მოხდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა გრეიმ დიდწილად პაციფისტურად განწყობილი ინგლისური ელიტის წინააღმდეგობა მათი დიდი წინამორბედის უილიამ გლადსტონის დანაბარების შეხსენებით გატეხა-ინგლისის წმინდათაწმინდა ვალია არ დაუშვას ევროპაში ნებისმიერი სახელმწიფოს ჰეგემონია.
უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ დღესდღეობით არსებული დაპირისპირება ტყუპისცალივით ჰგავს 1914 წლის ივლისის მიწურულს ევროპაში შექმნილ სიტუაციას, საუკუნის წინანდელი მოვლენების განვითარების ლოგიკა, ციკლური ალგორითმი, ჩვენს სინამდვილეში თითქმის ერთი ერთში მეორდება. როგორც მაშინ, დღესაც დაპირისპირებულ მხარეთა მიზნები, ეგზისტენციალური ინტერესები, კრიზისის დასრულებისთვის აუცილებელი პირობების ხედვა ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულია.


დაპირისპირებულ მხარეთა მიზნები
რუსეთი: უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია. ამით – მინიმუმ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაქსიმუმ-გლობალური უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა.
აშშ და ნატო: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობა, რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და, როგორც შედეგი, ვაშინგტონსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ვერტიკალური ურთიერთობების განმტკიცება.


ეგზისტენციალური ინტერესები
მოსკოვი: უკრაინის ბრძოლის ველზე კოლექტიურ დასავლეთთან სტრატეგიული დამარცხება რუსეთის სახელმწიფოებრიობის შეწყვეტა იქნება. ამიტომ-ომი ყველა დასახული მიზნის განხორციელებამდე{პუტინი, 2024 წლის 8 ივნისი).
ნატო: უკრაინის კონფლიქტში რუსეთის გამარჯვება არა მარტო უკრაინის დამარცხება იქნება, არამედ ნატოსიც, ამიტომ „ეს არ უნდა დავუშვათ“(სტოლტენბერგი, 2022 წლის 11 ოქტომბერი)


კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი პირობა
რუსეთი: კოლექტიური დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა.
კოლექტიური დასავლეთი: რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაცია. აქ რაიმე კომპრომისის გამოძებნა პრაქტიკულად გამორიცხულია ისევე, როგორც საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, დღესაც ურთიერთდაპირისპირებული ძალები ცალმხრივი კომპრომისის ორმხრივი ამაო მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან. იმ დროის დაძაბულობის განმუხტვის ფორმულამ „ესკალაციის გზით დეესკალაციისკენ“ არ იმუშავა და რეალურად გამოვიდა „ესკალაციის გზით არაკონტროლირებადი ესკალაციისკენ“. მსგავსი ტრენდი ახლა უკვე სახეზეა. ამ ღერძულა ხაზიდან აქეთ-იქით გადახვევები, ზიგზაგები ტაქტიკური ხასიათისაა და მაგისტრალურ მიმართულებას არ ცვლის. ამ მხრივ საგულისხმოა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ახლახან გამართული შეხვედრა. მოლოდინი, რომ ბაიდენი და სტარმერი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური შორსმსროლელი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით კიევისთვის ნების დართვის საკითხზე საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდნენ, არ გამართლდა. მხარეებმა საჯარო სივრცეში ამ დელიკატურ თემაზე საუბარს დიპლომატიურად თავი აარიდეს და მხოლოდ ის თქვეს, უკრაინის ირგლივ სტრატეგიაზე ვიმსჯელეთო. ვაშინგტონში ამ ნებართვაზე პუტინის მიერ გაჟღერებული რუსეთის გარდაუვალი მწვავე რეაქციის გარდა კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეს: წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და ბაიდენმა მშვენივრად იცის, რომ ამ პერიოდში სიტუაციის ესკალაცია მხოლოდ ანტისაომრად განწყობილი ტრამპის წისქვილზე დაასხამს წყალს.
ვითარება ზედმიწევნით ზუსტად შეაფასეს კრემლში-ახალ მიწაზე მდებარე პოლიგონი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის უკვე სრულ მზადყოფნაშია და იქ მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან.
გაგრძელება იქნება

რამაზ ქართველიშვილი -Ramaz Kartvelishvili©️

თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია

21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც  წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.

წელს ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალის დაარსებიდან მე-40 წლისთავს.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ასევე გამოჩენილი მუსიკოსები – მევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თელავის ქალთა კამერული გუნდი – ქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი, ოპერის კამერატა – კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატას უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.

საიუბილეო ფესტივალის 22 სექტემბრის ღონისძიებებს თიბისი წარმოგიდგენთ. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზნობრივი ჯგუფია ახალი თაობა, რომელთათვის ყოველ წელს იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები – კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის, პროფესიული ზრდის, ახალი სახელების გამოვლენის მიზნით.

22 სექტემებერს თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში 15:00 სთზე გაიმართება ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური ოპერა-სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“ (რეჟ.: ბესო კუპრეიშვილი) და თელავის ვაჟაფშაველას სახელობის პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე 18.00 სთზე ახალგაზრდა მუსიკოსების გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს წამყვანი სამუსიკო სასწავლებლების (თბილისი, თელავი, ქუთაისი) ნიჭიერი მოსწავლეები და სტუდენტები.

კონცერტში მონაწილეობას იღებს ცოტნე ზედგენიძე, რომლის ერთ-ერთი პირველი სოლო კონცერტი გაიმართა ფესტივალზე (2018).

(R)

პროექტი-”მადლობა თავდადებისთვის” უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით განახლდა

პროექტი-”მადლობა თავდადებისთვის” ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით განახლდა

17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება ვეტერანის დღე. ეს დღე ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. განსაკუთრებით ღირებულია მომავალი თაობების ჩართულობა მათი ძალისხმევის აღიარებისთვის.

ამ მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, შეიმუშავა პროექტი_”მადლობა თავდადებისთვის”, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა. პროექტი ითვალისწინებდა სტუდენტის მიერ ვიდეოსიუჟეტის მომზადებას მის მიერ არჩეულ ომის ვეტერანზე_ ვეტერანის მიერ განვლილ გზაზე, მის ბრძოლაზე ქვეყნის ერთიანობისათვის. პროექტის მონაწილეებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სათავო ოფისში, შეხვდა სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პირადად გადასცა სპეციალური საჩუქრები.

პროექტი ”მადლობა თავდადებისთვის” მიმდინარე წლის 18 სექტემბერს კვლავ განახლდება და 10 ოქტომბრამდე გასტანს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნულ პროექტში, მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებელი მიიღებს;

26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება

ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს.

ცესკო-ს ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს, რომელიც შესაბამისი პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლინდა.

შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი – არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი – კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას.

„მნიშვნელოვანია, რომ მსგავსად გასული წლისა, შესაბამისობის აუდიტის შედეგები ასახული იქნება დასკვნაში (ანგარიშში) და საჯარო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცესკო-მ, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, 2023 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა და მისი შედეგები საზოგადოებას გააცნო, რამაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და საჯაროობა შესძინა პროცესს და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, მითსა თუ წუხილს.

საარჩევნო კანონმდებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტს ითვალისწინებს ე.წ. ქაღალდის კვალის პრინციპით, რაც გულისხმობს პროცესის ყველა ეტაპზე ქაღალდის კვალის არსებობას. ქაღალდის კვალი იძლევა პროცესის ყველა ეტაპზე გადამოწმების, გაცნობისა და მონიტორინგის შესაძლებლობას. ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები.

მიუხედავად ამისა, ცესკო საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, უკვე მეორედ ახორციელებს პროცესის აუდიტს, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაცია ადასტურებს თავის მზაობას, მომავალშიც მიაწოდოს ინფორმაცია ამომრჩეველს საარჩევნო საკითხებზე და იმოქმედოს არჩევნების ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით“, – აცხადებენ ცესკო-ში.

აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა -ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი გუნდის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან პროპაგანდისტული მეთოდებით კონკრეტულ კანონებზე იარლიყების მიწებება მიუღებელია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას საზოგადოების უდიდესი ნაწილი ემხრობა.

„კანონს არქმევენ ისეთ სახელებს, რაც კანონში საერთოდ არ წერია. „მე უფრო დიდი პროპაგანდისტული შესაძლებლობები მაქვს და ამ იარლიყს მოგაწებებ“ – ამით უნდათ ფონს გასვლა. საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ამისგან [ლგბტ პროპაგანდისგან] იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი უკვე დაამტკიცა. მმართველი გუნდის შეფასებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და ამავდროულად, ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას.

კანონის მიღების შემდეგ განცხადება გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა“ საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. თემას გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩიც, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ოჯახური ფასეულობებისა და ბავშვის უფლებების სახელით LGBT+ პირების დევნას უწოდებს.

შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა -მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს.

მეთიუ მილერს დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასევე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ “ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.

„შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“, – აღნიშნა მილერმა.

საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის – მიხაილ როთი

მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„საერთაშორისო დამკვირვებლებს დაუბრკოლებელი წვდომა უნდა მიეცეთ. საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ, საშუალება აქვთ საქართველოს მასშტაბით აკეთონ თავისი საქმე,” – წერს როთი.

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ყველაზე მეტად დასვენება ან განმარტოებით მუშაობა გსურთ, რომ ხელი არავინ შეგიშალოთ. რა გასაკვირია, დროდადრო, განტვირთვა ყველას სჭირდება. შეიძლება ახლობელი ადამიანის საიდუმლო გაიგოთ. ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ფული საიმედო ადგილზე შეინახეთ და ამ დღეს ძვირად ღირებულ შესყიდვებს ერიდეთ.

კურო

შესაძლოა, ერთ-ერთ მეგობართან თქვენი ურთიერთობა გაუარესდეს. ფულის ვალად აღებას ან გასესხებას მოერიდეთ და ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ. მით უმეტეს, რომ არსებობს კონფლიქტისა და გაუგებრობის რისკი. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, განსაკუთრებით ონლაინ. ადამიანმა, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი რეპუტაცია დააზარალოს.

ტყუპები

დღეს მთელი ყურადღება სახლისა და სამსახურისკენ გაქვთ გადატანილი, რადგან ორივე მიმართულებით ბევრი საქმე გაქვთ. ეცადეთ, დრო ისე გაანაწილოთ, რომ ოჯახის წევრებიც კმაყოფილები დარჩნენ და უფროსმაც არ გისაყვედუროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უფროსი ნათესავების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. უსაფუძვლო პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოთ, ამიტომ ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ზოგ საკითხზე თვალსაზრისი შეიცვალოთ და მიხვდეთ, რომ საკუთარი პრინციპები წინსვლაში ხელს გიშლით. ზოგი კირჩხიბი ახალი ცოდნის ათვისებას დაიწყებს, რომელიც თვალსაწიერს გაგიფართოებთ. კარგი დღეა დისკუსიებისა და გამოცდილების გაცვლისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს რაიმე სასიამოვნო ან გემრიელი იყიდოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ლომი

ლომებმა ამ დღეს ფული არ უნდა ისესხოთ და ძვირად ღირებული ნივთი არ უნდა შეიძინოთ. შეეცადეთ, დრო რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და აქტიურობას. შესაძლოა, ისეთი რამ მოხდეს, რაც თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს გამოიწვევს. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ.

ქალწული

საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან მნიშვნელოვანი საუბარი გელით. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. შეიძლება ვიღაცამ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ თავაზიანად უარი თქვით – ბოლოს და ბოლოს, დასვენებაზეც უნდა იფიქროთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ისე უნდა გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

სასწორი

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ნუ გადაიღლებით. თვითმკურნალობას მოერიდეთ და თუ რამე გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა ერიდოთ და მიმდინარე საქმეები დაასრულოთ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს, თუმცა ამის გამო შვებას უფრო იგრძნობთ, ვიდრე სინანულს.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ამ დღეს რაც უფრო მშვიდად გაატარებთ, მით უკეთესია. სწორად შედგენილი გეგმა საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა დავალება დროულად დაასრულოთ და დასვენებისა და გართობის დროც დაგრჩეთ.

მშვილდოსანი

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ. მცირე წინააღმდეგობაზე მზად ხართ, დენთივით იფეთქოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კონტაქტები შეზღუდოთ და ნაკლები ისაუბროთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

თხის რქა

ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დილიდან საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შეუქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიით სავსე ხართ, ეს არ არის საუკეთესო დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად ან ახლის დასაწყებად. შინაგანი აგრესიისგან რომ გათავისუფლდეთ, სჯობს სპორტს და ფიზიკურ მუშაობას მეტი დრო დაუთმოთ. ამ დღეს სწავლა და ინტელექტუალური მუშაობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.

მერწყული

ხელსაყრელი დროა ბიუჯეტის განაწილებისა და სავაჭრო გეგმის შედგენისთვის. თუ დიდი ხანია დიეტის დაწყებას გეგმავთ, დღეს ამისთვის საუკეთესო დღეა. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

თევზები

არახელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის, ამიტომ ჯობს კარი მიიხუროთ და დამოუკიდებლად იმუშაოთ. სირთულეები მალე ჩაივლის და „გაზაფხული თქვენს ქუჩაზეც მოვა“. შესაძლოა რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით.

ბათუმში, ლიფტის შახტაში კაცი ჩავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში შუა ხნის კაცი ჩავარდა. ადგილობრივების ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე კორპუსში დასაქმებული იყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო – მთავრობის ადმინისტრაცია 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

ამასთან, პრესსამსახურის თანახმად, აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – გიორგი გახარია 

ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

„რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია. აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, ეს არის რის გამოც გადაიდო, ჩემი მხრიდან არა“, – განაცხადა გახარიამ.