Home Blog Page 6

რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას – გია ვოლსკი

რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უკრაინის ომის თემაზე უთანხმოებაზე.

„ევროკავშირის და შეერთებული შტატების სერიოზული უთანხმოებაა უკრაინის ომთან, სავაჭრო თემებთან დაკავშირებით. ჩინეთმა ყველა ევროპულ ქვეყანას თავისუფალი სავიზო რეჟიმი მისცა იმიტომ, რომ წაახალისა არაერთი უკვე დადებული ხელშეკრულება ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ არა მარტო ომი შეაჩეროს, არამედ წვდომა ჰქონდეს სასარგებლო წიაღისეულთან, რომელიც დღე უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე არის. წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბია პრობლემისა, რომლის აშშ-ს უნდა, რომ მოაგვაროს და ხანდახან ისიც კი ჟონავს, რომ რუსეთი მართალია, რომ რუსეთი არ იყო მიზეზი ომის დაწყების და ასე შემდეგ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ინტერესებიდან გამოდის.

რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება დრო, რათა მსოფლიოში ვითარება, პროცესები დასტაბილურდეს”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ხალხის შემზადება პროპაგანდისტული მესიჯით: “ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება”, რისი მიზეზიც, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე -მიხეილ ჯანელიძე

„ქართულმა ოცნებამ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით: „ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე, – ამის შესახებ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს.

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბევრი პროპაგანდისტული მესიჯის გატანა, თუმცა, იმედი მაქვს რომ ეს ბოლო მესიჯი მაინც არ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს.

როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ დაიჯეროს, რომ:

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თურმე ევროკავშირი სარგებლობს და არა საქართველო;

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკავშირდება ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.

საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის შემდეგ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით და მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რა სიკეთეები მოუტანა მათ ამ რეჟიმმა.

უკანონო მიგრაციის გამო წლობით დაშორებული ოჯახები გაერთიანდნენ, შვილები წლების მანძილზე უნახავ დედებს შეხვდნენ;

ათიათასობით ადამიანმა შეძლო სასიცოცხლო სამედიცინო დახმარების მიღება;

ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა ლეგალური დროებითი მიგრაციითა და დასაქმებით;

ათიათასობით სტუდენტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა, ისარგებლა დროებითი გაცვლითი პროგრამებით, კონფერენციებითა და სხვა აკადემიურ/საგანმანათლებლო ღონისძიებებით;

მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა გამოფენებსა და სხვა ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობით.

ასევე, ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ტურისტული მოგზაურობითაც, სანუკვარი ოცნებები აისრულეს. მახსოვს, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოქალაქის მიერ დასმული კითხვა: „100 ევრო მაქვს დანაზოგი და „ვიზეარით“ მილანში რომ ჩავფრინდე, მილანი ვნახო და იმავე რეისით უკან დავბრუნდე თუ შეიძლებაო?“

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შედეგად, რეალურად გაჩნდა საბჭოურ მეხსიერებაში დალექილი 30 მანეთიანი მოსკოვის ბილეთების ალტერნატივა, და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს ოკუპანტ რუსეთს. ორიოდე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”. მათი მიზანია, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, ისევე როგორც ეს იყო 2 საუკუნის მანძილზე და ამ მიზნის მიღწევაში მათ პირდაპირ ეხმარება „ქართული ოცნება“.

ძვირფასო „ქართული ოცნების“ მომხრეებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივისცემით და თხოვნით, კარგად გაიაზროთ რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა ამ უგუნურმა შიდა თუ საგარეო პოლიტიკამ და რა პერსპექტივას ისახავთ წინ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

მე ნამდვილად არ მაქვს ისეთი წარმოდგენა თქვენზე, რომ ამ რეალობას და პერსპექტივას ვერ აფასებდეთ”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში-შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი სიძლიერით მსოფლიოში 43-ე გახდა, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, რომლებშიც წინასწარი ვიზის გარეშე შესვლაა შესაძლებელი, 60-დან 123-მდე გაიზარდა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ეს არის და ეს. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში.

შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. და საქართველოს მტრების გულის გასახეთქად ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება“, – წერს პაპუაშვილი.

არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ -ზურაბ ჯაფარიძე

დღეს ყველაფერი რუსთაველის პროტესტზე დგას. ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა და ეს ვისაც ესმის, „რაღაცნაირ გრაფიკს“ შეადგენს.

„გელა მთხოვდა დამეწერა, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსთაველზე ყოველსაღამოური პროტესტის შენარჩუნება, კაი ხანია, მე ვიკიდებდი, რადგან, შეიძლება შეცდომით, მაგრამ მაინც მაქვს განცდა, ვისაც ეს არ ესმის ან ესმის, მაგრამ ვერ ახერხებს, დამატებით ახსნასაც დიდი აზრი არ აქვს, რადგან გელა ჩასვეს 12 დღით. გალიდან რუსებს გამოქცეულ ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, „კაპეზეზე“ ახვედრებენ აღდგომას ეს მართლა უსისხლო ნაბიჭვრები, ამ სურვილს მაინც შევუსრულებ. რუსთაველის პროტესტზე დგას დღეს ყველაფერი – ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში.

ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინა ადამიანების წამებამ, დაპატიმრებამ, ცილისწამებამ, უსამართლობამ, ფორმიანი თუ უფორმო „ტიტუშკების“ თარეშმა, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ახალ-ახალი რეპრესიული „კანონები“, რომლებსაც „იღებს“ რეჟიმი, ვერ ტეხს წინააღმდეგობის სულისკვეთებას, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით, რათა საქართველო გახდეს დასავლური სტრუქტურების თანასწორი წევრი, თანმდევი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის დონით, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ 12-წლიანმა რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა ვერ გაგვტეხა, ვერ შეგვაყვარა ოკუპანტი, ვერ აგვირია თავგზა და ისევ გვესმის, სადაა სიკეთე და სად – ბოროტება, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ მომავალთან მიმართებაში ასეთ სრულ გაურკვევლობაშიც კი, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ ვერავინ ბედავს ღიად ტრ..ის თამაშს და რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ გარედან არ მოდის რეჟიმის აღიარებების კასკადი და ივანიშვილის „შნირებს“ უწევთ აქეთ-იქეთ წოწიალი, ოღონდ ვინმემ სადმე ხელი ჩამოართვას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ სანქციები არათუ არ წყდება, არამედ სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება ამ პროცესში, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ ზოგადად პროტესტი არ ჩაკვდა, რასაც ძალიან სწრაფი ტემპით მოჰყვება სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განეიტრალება, გაცილებით მეტი ძალადობა და გაცილებით მეტი დაკავებები, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დგას იმ ხალხზე, ვინც საღამოობით დგას რუსთაველზე.

არ არის აუცილებელი ყოველდღე იქ ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ. ეს თუ მოახერხა ასობით ადამიანმა, მოახერხებს ათასიც და ათობით ათასიც. დეკემბრის დასაწყისში, დილის 06:00-სკენ რომ იწყებდნენ ხოლმე დარბევას და მსვლელობით გავდიოდით რუსთაველიდან, ათასობით ვყვიროდით – ბოლომდე. ეს „ბოლომდე!“ იყო ყველანაირი დათქმების გარეშე (ასე თუ მოხდება, ისე თუ მოხდება). ჰოდა, ჯერ არ გავსულვართ ბოლოში ბოლომდე“, – წერს ჯაფარიძე.

სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა -ნინო წილოსანი

სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სამაგალითოა ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

„თავადაც ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენება დასჯის მეთოდი და, გარკვეულწილად, ზემოქმედების მექანიზმია. რისთვის შეიძლება, საქართველო და ქართველი ხალხი ისჯებოდეს? საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სამაგალითოა ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და ქვეყანა მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც ომის რისკით ევროკავშირში პარტნიორებს დისკომფორტს არ უქმნის. საქართველო ეკონომიკური ზრდითაც სამაგალითოა. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს დაასრულა და წერტილი დაუსვა ადამიანის უფლებების შელახვას. ამ მომენტიდან მოყოლებული ჩვენ ყველა ძირითად უფლებას ვიცავთ, რომელიც ადამიანს აქვს. ამ ყველაფრის ფონზე, როცა სხვა ქვეყნები საქართველოს საჯარო მოხელეებს ასანქცირებენ, მაშინ როცა ამ ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანის უფლებების ნომერ პირველი დამრღვევები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან და მათთვის მიხეილ სააკაშვილი რაღაც ლეგენდაა, წარმოუდგენელია, სანქცია მიზნობრიობას მიემართებოდეს. რეალურად, სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის, რადგან ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, – განაცხადა წილოსანმა.

რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები, რათა კრიზისულმა სიტუაციამ დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოიტანოს -გიორგი ვოლსკი

რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები, რათა კრიზისულმა სიტუაციამ დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოს შემთხვევაში კი სანქციების პოლიტიკას მხარს უჭერს.

„ბჭობა მიდის, რომ რევოლუციის მათმა გეგმამ ვერ გაამართლა და ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭიროა უფრო ხისტი დამოკიდებულება. რასაკვირველია, მოგონილი მიზეზებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და ინტერესი აქვთ. ამაში აქტიურად ჩართულია რადიკალური ოპოზიცია. ისინი პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები და საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ კრიზისულმა სიტუაციამ რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოუტანოს და, ბოლოსდაბოლოს, ეს რევოლუციური სცენარი შედგეს. ამან დღემდე არ გაამართლა და ამასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ ინტერესს ვერც გერმანია და ვერც მთლიანად ევროკავშირი ვერ მალავს. ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მათ შორის ბავშვების. ამ ფონზე კი საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა ხდება. შოლცის მთავრობის ინერცია გრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ შოლცის მთავრობა არ არის, ეს არის ადამიანების დიდი გუნდი, ვინც საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად დარაზმულები არიან. ეს ბოროტი პრაგმატიზმია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჩვენ დავიმსახურეთ უვიზო მიმოსვლა, ტყუილად არავის მოუცია, თუმცა კომფორტი როცა წინააღმდეგობაში მოვა პატრიოტიზმთან, ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი პატრიოტიზმს აირჩევს -ნინო წილოსანი

უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტია და ჩვენს ხალხს ეს კომფორტი „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა, როცა ჩვენ მიერ შესრულებული ვალდებულებების ფონზე, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მოგვცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებმა დაიმსახურეს.

„ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ტყუილად არავის მოუცია, თუმცა კომფორტი როცა წინააღმდეგობასა და დაპირისპირებაში მოვა პატრიოტიზმთან, ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი პატრიოტიზმს აირჩევს, რადგან ქართველი ხალხი ისტორიულადაც ყოველთვის რჩებოდა და მომავალშიც დარჩება ამ ქვეყნის ერთგულ პატრიოტად“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

“ევროპა ცდილობს დონალდ ტრამპთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს და სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რას ამბობენ პრეზიდენტის სახელით მისი თანაშემწეები”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თამსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპა ცდილობს დონალდ ტრამპთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს და სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რას ამბობენ პრეზიდენტის სახელით მისი თანაშემწეები“ (ავტორები – სტივენ ერლანგერი, ჟანა სმიალეკი და ლარა ჯეიკსი). მასალაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მუშაობის სტილი, რომლის მიმართ ევროპელ ჩინოვნიკებს კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეებისათვის დონალდ ტრამპის სამკვიდრო – თეთრი სახლი – ერთგვარ სამსჯავროს წარმოადგენს: პრეზიდენტის მიერ მოოქროვილ ოვალურ კაბინეტში განაჩენის გამოტანა ხდება, ხოლო მისი მრჩევლები, თანაშემწეები და „სასახლის მსახურები“ პრეზიდენტის განკარგულებას ელოდებიან განაჩენის აღსასრულებლად.

მისტერ დონალდ ტრამპის მოქმედება – ადამიანის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს – შორს დგას პროგნოზირებადობისაგან. მისი პრეზიდენტობის  პირველი სამი თვის განმავლობაში ევროპელების მიზანი იყო როგორმე „დაეკაკუნებინათ“ თეთრი სახლის კარზე მასთან შესახვედრად. ზოგიერთებმა ეს მოახერხეს, მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, რომელიც დონალდ ტრამპს 17 აპრილს, ხუთშაბათს შეხვდა. სხვათა შორის, იტალიის პრემიერი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე იყო მიწვეული.

რაც ყველაზე მეტად დამაბნეველია, ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, არის ის, რომ დონალდ ტრამპისათვის ყველაზე ეფექტურ მოსაუბრეებად ითვლებიან არა ტრადიციული დიპლომატები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით მოქმედებენ, არამედ სპეციალური დესპანები და მრჩევლები, მაგალითად, როგორიცაა ილონ მასკი და მისი მსგავსი პირები. არასოდეს ბოლომდე ნათელი არ არის, მივა თუ არა დონალდ ტრამპამდე ევროპელი პოლიტიკოსების თვალსაზრისები თეთრი სახლის ჩინოვნიკების მეშვეობით, რადგან პრეზიდენტი სახელმწიფო მოსამსახურეებს გულგრილად უყურებს და მათ ნაკლებად ენდობა.

„ვაშინგტონში ადმინისტრაციის წევრები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დონალდ ტრამპს პირადად უნდა შეხვდეთო, მაგრამ როგორ?“, – ამბობს მაღალჩინოსანი ევროპელი ჩინოვნიკი. რასაკვირველია, ევროპელები თეთრი სახლის თანამშრომლებს თავაზიან ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც პრეზიდენტის სურვილების შესრულებით არიან დაკავებულები, მაგრამ იმავდროულად აღნიშნავენ, რომ ისინი არ ამჟღავნებენ განსაკუთრებულ ინტერესს მოკავშირეთა მიმართ. მაგალითად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ გააფრთხილეს წამყვანი ევროპული ქვეყნები ირანთან ბირთვული მოლაპარაკების განახლებასთან დაკავშირებით. არადა, 2015 წელს სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა – დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოაწერეს ხელი ირანთან შეთანხმებას აშშ-სთან ერთად, რომლის შესრულებაზე აშშ-მა მოგვიანებით უარი განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ერთობლიობაში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკა აქვს, იქ თითქმის 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ძირითადად ყველა აშშ-ის მოკავშირეა, ევროპა მაინც არ ითვლება დონალდ ტრამპის პრიორიტეტად. ამის ნაცვლად მისტერ პრეზიდენტი ევროპას განიხილავს როგორც მეტოქეს და უფრო მეტიც – როგორც მოწინააღმდეგეს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი აშშ-ის გარეშეა შექმნილი და მუდამ ამერიკის მოტყუებას ცდილობსო“.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მაინცდამაინც არ არის იმით დაინტერესებული, თუ რას ამბობენ ევროპელები“, – ამბობს ინკოგნიტოდ ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი, – „ისინი ცალმხრივად მოქმედებენ და კონსულტაციებს ჩვენთან თითქმის არ ცდილობენ. ისე, კაცმა რომ თქვას, თუ ვაშინგტონი ჩვენ მოკავშირეებად არ გვთვლის, რატომ უნდა უნდოდეთ ჩვენთან კონსულტაციები?“.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ ესაუბრა ევროპელ ჩინოვნიკებს და სთხოვა, რომ მათ ანონიმურად გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამერიკელი ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების მიმართ.

ევროპელი ოფიციალური პირები ზოგადად მიესალმებიან დონალდ ტრამპს და იმედს გამოხატავენ მის კარგ დამოკიდებულებაზე ევროკავშირის, ნატოსა და კოლექტიური თავდაცვის მიმართ. იგივე იმედები აქვთ მათ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და თვით ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის მიმართაც, რომელიც ევროპელების მიმართ მაინცდამაინც პოზიტიურად არ არის განწყობილი.

მაგრამ მოკავშირეებისათვის არასოდეს ნათელი არ არის, აქვს თუ არა დონალდ ტრამპის რომელიმე სპეცწარმომადგენელს თუ მრჩეველ-თანაშემწეს ისეთი უფლებამოსილება, რომლებსაც პრეზიდენტამდე ევროპელების მართალი სიტყვის დროული მიტანა შეუძლიათ. ევროპელები თვლიან, რომ მათ დონალდ ტრამპის მრისხანებისა ეშინიათ.

ევროპელი მოკავშირე ქვეყნების ჩინოვნიკთა თქმით, თეთრ სახლთან ურთიერთობის ტრადიციული არხები – სახელმწიფო დეპარტამენტი, საელჩოები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – თანდათანობით უფრო მიუწვდომელნი ხდებიან. იგივე ხდება პენტაგონშიც, რომლის წარმომადგენლები დიდ სიფრთხილეს იცავენ ევროპელებთან კონტაქტების დროს, რადგან „ზედმეტი ლაპარაკის“ გამო ისინი შეიძლება სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები.

ევროპის ზოგიერთი ცნობილი ლიდერი თავიანთი მეთოდებით ცდილობს, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტთან და მის უახლოეს გარემოცვასთან საერთო ენა მონახონ. ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ისევე როგორც ბრიტანეთის პრემიერს კირ სტარმერს და ნატოს გენმდივანს მარკ რიუტეს, რომლებსაც დონალდ ტრამპთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, შეუძლიათ მას პირადად დაურეკონ.

მაგრამ როცა კირ სტარმერი თებერვალში თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა მეფე ჩარლზთან ვიზიტის შესათანხმებლად და როცა მან უარი განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის გაკრიტიკებაზე, მისი ასეთი მზრუნველი მოქმედება უშედეგო აღმოჩნდა: ტრამპმა დიდ ბრიტანეთს მომატებული სავაჭრო ტარიფები მაინც დაუწესა.

ევროპელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის ახლო ურთიერთობით ვლადიმერ პუტინთან და მისი არასახარბიელო კრიტიკული მიდგომებით უკრაინის პრეზიდენტთან. ევროპელი ჩინოვნიკები უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ ამერიკელებს რუსებთან კონტაქტი ევროპელების ჩაურევლად სურთ, განსაკუთრებით უკრაინის საკითხების განხილვის დროს.

შეიძლება ითქვას, რომ მისტერ დონალდ ტრამპის ხედვებში ევროპა წარმოადგენს იმ ძველი კონსენსუსის მაგალითს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის დროს იყო. ახლა ის დრო უკვე ისტორიას ჩაბარდა, ევროპამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს, სანამ ვაშინგტონი ახალ მსოფლიო წესრიგის დამყარებით არის დაკავებული.

„თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ევროპა სუსტია“, – განაცხადა ვაშინგტონში ყოფნის შემდეგ ევროპარლამენტის გერმანელმა წევრმა ანა კავაცინმა, – „ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ევროპას აშშ-სთან თანამშრომლობა სურს, მაგრამ ისინი ჩვენთან თანამშრომლობით მაინცდამაინც დიდად არ არიან დაინტერესებულები“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილის, ლინ ძის თანათავმჯდომარეობით სხდომის ფარგლებში  ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.

 

კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა იმსჯელეს  საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის  საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი აღნიშნული დერეფნის განვითარებაში.

 

„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დააწესა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და ამით ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო პარტნიორისა და სატრანზიტო ჰაბის”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების და საინვესტიციო გარემოს, ასევე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა,  წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და  1.92 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთმა მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.

 „ბოლო პერიოდი სავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით,  მაგრამ გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების შედეგად, ქვეყანამ წარმატებით გადალახა გარე შოკები, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, გასულ წელს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა  9.7% შეადგინა.   რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტისა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ – 2024 წელს ექსპორტი  7.8%-ით გაიზარდა და  6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი  7.3%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 კომისიის სხდომის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია,  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

 სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა და ლინ ძიმ ხელი მოაწერეს  საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომის ოქმს, კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა  ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას, ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით. ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს.

 ლევან დავითაშვილმა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი „თბილისის აბრეშუმის გზის” მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

 

აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს 

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ.

როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო განმარტავს, აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს მხარეების განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის ხალხისთვის.

„დღეს გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ. უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ თანამშრომლობას და განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორი ხალხისთვის“, – აცხადებს იულია სვირიდენკო.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ასევე მზადდება საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღდგენისთვის. სვირიდენკოს განცხადებით, ამ დოკუმენტით მხარეებმა დაადასტურეს „ამერიკელი ხალხის სწრაფვა, ინვესტიცია ჩადოს უკრაინელ ხალხთან ერთად თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში“.

ახლა საჭიროა აღნიშნული შეთანხმების ტექსტის დასრულება, ხელმოწერა და პარლამენტის მიერ რატიფიცირება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +19 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ესკალაცია და ომი არ იქნება-ნიკოლ ფაშინიანი

რასაც ვამბობთ, არის ჩვენი ბედის კონტროლისა და მართვის მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენ ვამბობთ: არ იქნება ახალი ესკალაცია და არ იქნება ახალი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იქნება მშვიდობა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა და ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარის დაუშვებლობა.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა არსებითად აქციეს ალმათის დეკლარაცია, ზოგადად, ურთიერთობების რეგულირების მთავარ პრინციპად და ამ დეკლარაციაში მთავარი პრინციპებია რესპუბლიკების საზღვრების ხელშეუხებლობა, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოუყენებლობა ან ძალის გამოყენების მუქარა.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ჰქონია ასეთი შანსი, უზრუნველეყო თავისი სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივობა.

„ჩვენ ვნახეთ მარცხები და წარუმატებლობები. დავინახეთ ცრემლები და კბილების ღრჭიალი. ჩვენ ვნახეთ ტრაგედია და რისხვა. თუმცა ჩვენი გამარჯვება და ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ წინ წავედით იქ, სადაც ხალხის ხელმძღვანელობა შეუძლებელი ჩანდა. სადაც, როგორც წესი, არ არის ხელმძღვანელობა, არამედ ქაოსი და პანიკა, კოლაფსი და სიკვდილი. ჩვენ ვხელმძღვანელობდით, შევქმენით რეალური სახელმწიფო, რეალური დამოუკიდებლობა. ამიტომ, ჩვენ ვეძებდით შესაძლებლობას, მოგვეპოვებინა თავისუფლება, კეთილდღეობა და ბედნიერება ჩვენი სამშობლოსთვის – სომხეთის რესპუბლიკისა და მისი ხალხისთვის. და ჩვენ შევქმენით ეს შესაძლებლობა. ჩვენ მივაღწიეთ მწვერვალებს, ჩვენი ისტორიის კულმინაციას და ჩვენს ათასწლიან ისტორიაში არასოდეს გვქონია ასეთი შანსი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.