Home Blog Page 6

 იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – დავით მათიკაშვილი 

იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული და ზოგადი პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი განცხადებით, მარკ რუბიოს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება.

„საუბარი იყო იმაზე, რომ აშშ იკვლევს კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებს, ის ეყრდნობა ადგილობრივ ბიუროებს და ისე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტის მოძიებაა, თუ რა კონტექსტში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, რაზე საუბრობდა მარკ რუბიო მანამდე. როგორც კი დაიწყო მან კითხვაზე პასუხის გაცემა, სწორედ ეს სიტყვები თქვა: „მე როგორც უკვე მოგახსენეთ, როგორც აქამდე ვამბობდი, მოცემულობა, რომ აშშ-მ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ანტიამერიკულია, ეს ბუნებრივია, შეერთებული შტატების ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, როგორც თანამედროვე ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია…“ ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება. თუკი ჩვენ ცალსახად შევხედავთ და გავიაზრებთ ისტორიულ ჭრილში ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, აქ რა თქმა უნდა, სულ ტყუილად უხარიათ რადიკალებს, რომლებიც ზეიმობენ ამ განცხადებას…

ბუნებრივია, რომ აშშ-ში ახალ ხელისუფლებას სხვა დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს და ამიტომაც, რეგიონთან მიმართებით ხდება ამ საკითხების მოძიება და მათ არანაირი კონკრეტული და ცალსახა პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამასვე ადასტურებს ელჩის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. ეს რადიკალების ჟრიამული არის მათი მხრიდან იმ სიტყვების მოსმენა, რომელიც მათ სურთ და არა რეალურად რაც იყო ნათქვამი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ რეგიონთან მიმართებითაც არ აქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია, როგორ იყენებს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის -ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ის, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, – ამის შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გაწევრიანების დირექტორატის ხელმძღვანელმა, მაი კოშიკავამ განაცხადა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს WTO-ში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„საქართველოსთან თანამშრომლობა 25 წლის წინ დავიწყეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, რადგან საქართველოთი ძალიან ვამაყობთ. ის, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, რათა გახდეს ერთგვარი ეკონომიკური ჰაბი“, – განაცხადა მაი კოშიკავამ.

როგორც ორგანიზაციის გაწევრიანების დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო არის ტრანსპორტისა და ვაჭრობის ჰაბი და მიზნად ისახავს საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ცნობადობის გაზრდას.

„რთულია, ისეთივე სამაგალითო სხვა ქვეყანა გაიხსენო, როგორიცაა საქართველო. ასე რომ, მე მაქვს თხოვნა საქართველოსადმი: გთხოვთ, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ რა სარგებელი მოაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ქვეყნისთვის, ხალხისთვის, განსაკუთრებით კი გაუზიარეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ გაწევრიანების პროცესშია. რეგიონში ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ასეთი ქვეყანა“, – აღნიშნა მაი კოშიკავამ.

დათო გამყრელიძე რომ გამოდის და ყვირის, “არა რუსულ კანონს”, ჯობია, მოიკითხოს, მის ოფისში, “ალდაგში” როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში -რუსუდან შარაძე

კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, რომ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ეყენოს, რომ გაკონტროლდეს ყველა მხრიდან პერიმეტრი. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე, „ალდაგის“ ორივე კამერა ეყენა ერთნაირი მიმართულებით და იყურებოდა ვაკისკენ, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული სათვალთვალო კამერების გარდა, შანიძის ქუჩაზე დამონტაჟებული მესამე კამერა შეტრიალებული იყო საცხოვრებელი კორპუსისკენ, რითაც დამალეს მკვლელის სახე, ვინაიდან, მისივე განმარტებით, გურამ შარაძისთვის სროლის შემდეგ, მკვლელმა სწორედ ამ ქუჩაზე აირბინა.

ამასთან, რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დავით გამყრელიძის კომპანიის, „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე.

„დამალეს მკვლელის სახე, რადგან როდესაც მკვლელი კადრში შემოდის, ის მხოლოდ ზურგიდან ჩანს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც შანიძის ქუჩაზე ეყენა, წესით, სულ მცირე, გზას მაინც ხომ უნდა უყურებდეს, თუ მთელ პერიმეტრს, ტროტუარებით არ უყურებს. ეს კამერა იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, სადაც სადარბაზოები ჩანს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და ის დამალეს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე – შეიძლება მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და „არა რუსულ კანონს“ ყვირის, ჯობია, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს, რომ მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული, საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული – რუსუდან შარაძე

მე ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული. საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

რუსუდან შარაძის თქმით, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კუთხეში, 18 ნომერთან გურამ შარაძე მოკლეს სამი გასროლით.

„სამი ტყვია თავში – პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და შემდეგ იქვე ჩაკეცილზე საფეთქელზე ორი საკონტროლო გასროლა დაახალეს. „ალდაგი“არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი, ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე. ეს ადგილი სპეციალურად, შეგნებულად იყო შერჩეული, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი, ძალიან დიდი ხანი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე იყო ძალიან მოწესრიგებული კაცი, განსაკუთრებით საქმეში ძალიან პუნქტუალური, გაწერილი გრაფიკით. ყოველ კვირა დღეს მთელი ცხოვრება მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საღამოობით, ვინაიდან უყვარდა ვარჯიში, მოძრაობა, ყოველთვის ბრუნდებოდა ფეხით. გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, კვირა დღეს „ასავალ დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „ასი წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო, ესეიგი, 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და ყოველთვის გადაიკითხავდა კვირა დღეს, სხვანაირად გამორიცხული იყო. ბარათელსაც ყოველ დღე უთვალთვალებდნენ, ის შემთხვევით იქ არ მოხვედრილა. გიორგი ბარათელი გახლავთ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მსჯავრდებული, რომელმაც სასჯელი მოიხადა. ბარათელს პოლიცია უთვალთვალებდა, რასაც პოლიცია არ მალავს. საქმეში დევს ამის მტკიცებულებები. მამაჩემი მოკლეს 20 მაისს და ვითომ 5 მაისს გიორგი ბარათელი საკუთარ ექიმს, გვარად ტირზიკიანს სახლში მიუვარდა და მსუბუქად დაჭრა. ეს არის ოფიციალური ვერსია. ვთქვათ დაჭრა ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის პოლიცია 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს აკვირდებოდა? როგორც წარმოგიდგენიათ, 5 მაისიდან 20 მაისამდე  უთვალთვალებდნენ და ხელს არ კიდებდნენ“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ამასთან, რუსუდან შარაძის განცხადებით, „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ და ამით დამალეს მკვლელის სახე. რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დათო გამყრელიძის კომპანია „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე.

„მოგეხსენებათ, კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, ეყენოს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, რომ გაკონტროლდეს პარამეტრი ყველა მხრიდან. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ. ამით დამალეს მკვლელის სახე. მკვლელი რომ კადრში შემოდის, ის მხოლოდ ჩანს ზურგიდან. ჩვენთვის ესეც საკმარისია, მაგრამ თავად ეს გააკეთეს, შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც ეყენა შანიძის ქუჩაზე და წესით უნდა ეკონტროლებინა გზა, იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, ჩანს სადარბაზოები და საცხოვრებელი სახლი. ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და დამალეს. ეს ფაქტები შემთხვევით ვერ მოხდებოდა.

„ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე, შეიძლება, მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. და ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და არა რუსულ კანონს ყვირის, სჯობს, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ კლავდნენ გურამ შარაძეს, უფრო სწორად, მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. თუ არ მისმენს, გადაეცით დათო გამყრელიძეს, მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის, ჯამში, 15 მოქალაქე.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებულ ნ.კ. და 1978 წელს დაბადებულ გ.გ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: ნახევარ კილომდე „კოკაინი“ და კილოგრამამდე „კეტამინის“, „მდმასა“ და „მეფედრონის“ შემცველი ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი-ალექსანდრე მეგუთნიშვილი

გლდანის ციხეში რომ გადმოგვიყვანეს მე და ჩემი ბიძაშვილი, ლექსო მეგუთნიშვილი, სამი პოლიციელი ჩამომყვა. ვისაც ჩააბარეს ჩვენი დოკუმენტაცია, თელავის პოლიციელებმა უთხრეს, რომ მაგ განჩინებაში რაც წერია, ეგრე არ არის, გაითვალისწინეთო. მე შემიყვანეს პირველ კამერაში, კარანტინში, ჩემი ბიძაშვილი – მესამეში. კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული, ეტყობა, კარის ღრიჭოსთან ჰაერს სუნთქავდა. კარი რომ გაიღო, წამოდგა და მითხრა, 35-ე ხარო, რაც ნიშნავდა, რომ 18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო. 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დეტალურად გაიხსენა გლდანის ციხეში გატარებული პერიოდი და უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა.

მეგუთნიშვილის განცხადებით, 16 დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა და პატიმრების სიმრავლის გამო, მხოლოდ კედელზე მიყრდნობილი თუ ჩაიძინებდა.

„ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი. ზოგან 40 კაცი იყო, ზოგან იმაზე მეტი. კარანტინში სულ შვიდი კამერაა, მაგრამ მხოლოდ სამი იყო დატვირთული, რომ სპეციალურად ვყოფილიყავით ასეთ სიტუაციებში, დანარჩენი ოთხი თავისუფალი იყო, თვითონ იმათი ნათქვამია. 16 დღის შემდეგ, ხელს რომ ვერ დაიბან, პირს რომ ვერ დაიბან, შეიძლებოდა, პურის ყუა მოგეტეხა, რაღაცები შემოდიოდა, მაგრამ არავინ არაფერს ჭამდა, ისეთი ანტისანიტარია იყო. რომელ კბილის ჯაგრისზე, რომელ დაბანაზეა ლაპარაკი? ეს ხომ გამორიცხულია. მარიამობას, 28 აგვისტოს ციხეში შევხვდი, შემოსული იყო გამომძიებელი, ვინმე ბერძენაშვილი და ერთი ადვოკატი იყო, რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. შემთხვევით ჩემი ნაცნობი შემხვდა, უკვე ექვსი თვე იქ იჯდა და რომ მნახა, გაუკვირდა. ვუთხარი, შენ თუ რამე შეგიძლია, იქნებ მაღლა კარანტინზე „ამომწიონ“, უკვე გაუსაძლისია, ფეხები მეკეცება-თქო. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, მცემდნენ და შემდეგ შემოვყავდი უკან. ასე იყო ცნობილი, რომ მეგუთნიშვილი დაბლა უნდა ყოფილიყო. 16 დღე-ღამე არ მეძინა, შეიძლება, ერთადერთი კედელზე ხელი მიმედო და ისე მივყუდებულიყავი, იქ ვერ დაიძინებდი, შუქი სულ ენთო, ან სად უნდა დაგვეძინა, საწოლებზე მორიგეობით წვებოდნენ და საწოლი ერქვა რკინის დაწნულ ბადეს. ამ დროის განმავლობაში 32 კილო დავიკელი. 16-17 დღის გასვლის შემდეგ, ამომიყვანეს კამერაში. E კორპუსი იყო, კამერა N 72. იქ ხუთი პატიმარი დამხვდა, მომეხმარნენ ბიჭები, გამომაცვლევინეს, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი. დილა გათენდა, ჯერ იმ ბიჭებთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, კარი გაიღო და ოთხი შავ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი კაცი შემოვიდა, მეგუთნიშვილი რომელიაო და რატომღაც ჩავთვალე, ალბათ მიშვებენ-მეთქი და მე ვარ-თქო. შენ გვერდზე კამერაზე რა გადაძახილი გქონდაო, ჩამიყვანეს „ფუქსებში“ და დაიწყო იქ ჩემი წამება. შემდეგ კუდ-ში რომ მოვხვდი, ციხიდან როცა გამოვედი, იმ ფაშისტებში რომ მოვხვდი, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერსო. ორ კვირაზე მეტი ისევ კარანტინში ვიყავი, „ფუქსებში“ ვიყავი სამი დღე, სადაც დაბმულიც ვიყავი – დაბლა სულ ბეტონია და პატივი იყო, თუ იქ „ფლოსტებზე“ დაგსვამდნენ, ხელებს უკან გაგაშვერინებდნენ და ბორკილებით გაბამდნენ. „შლემიც“ მეფარა, რომ თვითდაზიანება აღარ მიმეყენებინა, ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურად. ერთხელ ისე მცემეს, გონება დავკარგე, როგორც შემდეგ მითხრეს, ექიმი შემოვიდა და შარვლის ტოტები ამიწია, კუნთებზე ნემსები მიკეთა, არ ვიცი, რას ამოწმებდა, ალბათ, მკვდარი ვიყავი, თუ ვსიმულიანტობიდი. მთელი ფეხები გაშავებული მქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

დავით კოდუამ მითხრა, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთ, ნაკვეთი უნდა გადმოგვიფორმოთო, ის პერიოდი იყო, როცა მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად -ალექსანდრე მეგუთნიშვილი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ბიზნესმენ  ალექსანდრე მეგუთნიშვილს უსმენენ.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, 2009 წლის სექტემბერში ძმებმა კოდუებმა როგორ დაათმობინეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის განმარტებით, სოფელ წინანდალში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო „რედისონის“ წინ მდებარეობს, 2009 წელს ძმებმა დავით და ერეკლე კოდუებმა დაიბარეს და აიძულებდნენ მის გაყიდვას 15 000 ლარად.

„2004 წელს, გადატრიალების შემდეგ მე ბიზნესსაქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან, ელდარ მილდიანთან ერთად. 2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს, დაასახელა ერეკლე და დათო, ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა, კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ. ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით. მეორე დღეს ჩვენ უნდა შევხვედროდით მათ ქავთარაძეზე „ლეჩკომბინატში“. ჩამოვედით, შეგვიყვანეს კოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ასეთი, თქვენ ხომ გვიცნობთ, ჩვენ ვინ ვართ. ერეკლე კოდუამ, მეორე ძმამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ ჩვენ გვქონდა წინანდალში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი , რომელიც 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს სასტუმრო „რედისონის“ წინა ეზოს. ტყესა და „რედისონს“ შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი ნაკვეთი. დავალება იყო ასეთი, რომ ეს ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა მათთვის. ეს ის ნაკვეთია, სადაც დღეს ვენახია გაშენებული“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

მეგუთნიშვილის თქმით, მას დავით კოდუა დაემუქრა და უთხრა: „ხომ იცი, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთ“.

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგან ვალი არავისი არაფერი გაგვაჩნდა. რატომ უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ვუთხარით, რომ ჩვენ თავად გვქონდა მონახაზი და გვყავდა ბიზნეს პარტნიორიც, რომელსაც ველოდებოდით, ნაკვეთი გავასუფთავეთ, თავის დროზე ბარდით და ჯაგით იყო სავსე. მათ თქვეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ და შემოგვთავაზეს 15 000 ლარი, რაზეც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ფულს არ ავიღებდით. დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, რასაც უნდა, იმას რომ აკეთებდნენ, ის პერიოდია. ჩვენ ვუთხარით, რომ თანხა არ გვინდოდა და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მოეცათ. იქვე იყო პატარა ნაკვეთი და შევთავაზეთ, იმაში გაეცვალათ. ორი დღის შემდეგ ჩამოგვიყვანეს ისევ „ლეჩკომბინატში“. გვითხრეს, რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტს სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადმოაფორმოთ ჩვენზე, თუ არა და ცუდადა წავა ეს საქმეებიო. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, 2009 -2010 წლები, მათი გაფურჩქნის წლები. „ომი მოგებულია“, ნაზეიმარი აქვთ, რასაც უნდა აკეთებდნენ. გვითხრეს, რომ მეორე დღეს ჩამოვიდოდნენ თბილისიდან და ის ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა. ჩამოვიდა ისევ ის პაატა გოგიაშვილი, ორი, თუ სამი პიროვნება ჰყავდა. მანქანით ჩამოვიდნენ, მოგვაკითხეს ისევ საწარმოში, წავედით ჩვენ ჩვენი მანქანებით, აგვიყავნეს თელავში, ნოტარიუსში და გადავაფორმეთ აღნიშნული მიწის ფართობი და სიმბოლურად გავაკეთეთ ვალის აღიარების ხელშეკრულება 50 000 ლარი, თუ დოლარი, აღარ მახსოვს“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ფოტო რეალობას ვერ გადმოსცემს – სასტუმრო „სეროდანი“ სწორედ ასეთი ადგილია. დიდი ვენახების, ალაზნის ველისა და კავკასიონის სილამაზის აღსაქმელად, ინსტაგრამის ფილტრი ნამდვილად არ დაგჭირდებათ და აქ ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები ყოველგვარი დამუშავების გარეშე თამამად შეგიძლიათ ატვირთოთ. თუმცა, ამ ადგილის მთავარი ხიბლი ხედებს მიღმა იმალება.

თელავიდან 3 წუთის სავალ გზაზე დაშორებული სოფელი სეროდანი  საუკუნის წინ დაიცალა. სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაერქვა სასტუმროს ეს სახელი.

რამდენიმე წლის წინ, ძმებმა – ზურაბ და ზაქარია მოდებაძეებმა ამ ადგილს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ჯერ მშობლებისეულ ხის სახლს მყარი ღობე შემოარტყეს, მარანი გამართეს, შემდეგ კი, შვილებთან ერთად, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შეუდგნენ. მიზანი მარტივი, მაგრამ არცთუ მარტივად შესასრულებელი იყო –  სტუმრებს, კახეთის შუაგულში, ის სიმშვიდე და სიმყუდროვე ეპოვათ, რომელიც დიდ ქალაქებში უკვე ძნელად მოსაპოვებელია.

სასტუმრო 6 ხის კოტეჯს, ორ ღია ტიპის აუზს და ქართულ ტრადიციულ რესტორანს აერთიანებს. სტუმრებს „სეროდანში“ რამდენიმე სახეობის  ღვინოს საკუთარი მარნიდან სთავაზობენ.  სასტუმრო ჯამში 32 სტუმარზეა გათვლილი. ყველაფერი მაღალი ხარისხის,  ადგილობრივი ხის მასალითაა დამზადებული. კოტეჯში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ თითოეულ დეტალზე საგულდაგულოდ იზრუნეს.

„ამ ბიზნესში  უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. როდესაც სტუმართან გაქვს ურთიერთობა, ყველა წვრილმანი მნიშვნელობას იძენს. ეს სფერო შენგან მუდმივ ჩართულობას, ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს.  აქ, ყველა ერთნაირად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენი სტუმარი კმაყოფილი და კიდევ მოუნდეს უკან დაბრუნება. წელიწადნახევარია, სასტუმრო ფუნქციონირებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენგან უკმაყოფილო სტუმარი არ წასულა. უფრო მეტიც, თითქმის ყველა მათგანი უწევს რეკომენდაციას სხვას, რომ ჩვენთან დაისვენოს, რასაც booking-ის პლატფორმაზე, სტუმრების შეფასებებიც ადასტურებს“, – გვიხსნის ზურაბ მოდებაძე.

სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესი მუდმივი, ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველდღე გიწევს ადამიანების მოლოდინის გამართლება და  დეტალებზე ზრუნვაა. ამ პროცესში ზურაბ მოდებაძისთვის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.

“20 წელზე მეტია, თიბისის ერთგული მომხმარებელი ვარ. ამ ბიზნესსაც ხელს ვერ მოვკიდებდი შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე. სამომავლო გეგმებშიც თიბისის იმედი მაქვს”, -ამბობს ზურაბი.

“სეროდანი” მუდმივად ფართოვდება. სულ მალე, სტუმრებს თონეში, კახური შოთის ჩაკვრა, მაყალზე მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება და არყის გამოხდაც შეეძლებათ. თუმცა,მთავარი ემოცია, რომელსაც “სეროდანი” გიჩენს, დროის გატარება კი არა, უკან მალევე დაბრუნების სურვილია.

(R)

 ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა -შალვა პაპუაშვილი

ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ენჯეოების“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი – ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.

„საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე.

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არცერთხელ (!) არ დაუგმია მის მიერ დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია.

პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი აშშ-ში არ არის -ტრამპი

ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

„საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა დასრულდეს. სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში. სამწუხაროა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცზე და ქალზე თავდასხმა მაშინ განოხრციელდა, როდესაც ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 22-26 მაისს გაიმართება.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პოზიციის წარმოსაჩენად“, – განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის თანახმად, გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების საკითხები განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას. სესიის ფარგლებში, დეპუტატები ასევე იმსჯელებენ დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების გზებზე და განიხილავენ ბალკანეთის რეგიონში დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების 30 წლისთავზე მიღწეულ პროგრესს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.