Home Blog Page 59

რადიკალები იმ შედეგის შერყევას ცდილობენ, რაც საზოგადოებამ არჩევნებზე დადო, თუმცა კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება -დიმიტრი ხუნდაძე

წინასაარჩევნო კამპანიაც გარედან ჩარევით, ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა, დღეს კი უკვე ცდილობენ ის შედეგი შეარყიონ, რაც საზოგადოებამ დადო. თუმცა, ამის შეცვლა შეუძლებელია, ხოლო კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაც გარედან ჩარევით, ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა, რადიკალები კი დღეს იმ შედეგის შერყევას ცდილობენ, რაც საზოგადოებამ დადო, თუმცა კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება.

„ვხედავთ, რომ კრიტიკის დროსაც უკანდასახევი ფაქტობრივად ყველას დატოვებული აქვს. მაგალითად, იგივე ეუთო/ოდირის განცხადებები ვნახეთ, რომელიც გარკვეულ კრიტიკას შეიცავს, თუმცა აფიქსირებენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ჩვენი პარტნიორებისგანაც მხარდამჭერი განცხადებები დაიძრა. რადიკალურად განწყობილი ნაწილიც კი ხედავს, რომ შიდა რყევების რესურსი არ არის ერთი მიზეზის გამო – საზოგადოების გადაწყვეტილება მკაფიო, აშკარა და მყარია და არავითარი არგუმენტაცია იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს. მხოლოდ სპეკულაციური განცხადებებია. თავად პოლონეთის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მასთან სატელეფონო საუბრისას ვერავითარი არგუმენტი ვერ მოიყვანა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვა საქართველოს პროკურატურას

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა,  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო. 

იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია.

მივიღეთ მილოცვები ჩვენი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან. ყოველთვის სჭირდება დრო იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა მეგობრის და პარტნიორის გამოხმაურება – ილია დარჩიაშვილი

x

მივიღეთ გზავნილები, კონკრეტული მილოცვები ჩვენი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან. ეს პროცესი გრძელდება, ეს ნორმალური პროცესია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამას ყოველთვის სჭირდება რაღაც კონკრეტული დრო იმისთვის, ყველა მეგობრისა და პარტნიორის გამოხმაურება მიიღონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გზავნილები, კონკრეტული მილოცვები ჩვენი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან. ეს პროცესი გრძელდება, ეს ნორმალური პროცესია. ამას ყოველთვის სჭირდება რაღაც კონკრეტული დრო იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა მეგობრის და პარტნიორის გამოხმაურება.

რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებთან მომავალ თანამშრომლობას, ურთიერთობას აშშ-სთან, ევროკავშირთან, ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, რომ საჭიროა ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ გადატვირთვის პოლიტიკაზე. ამაზე პრემიერ-მინისტრიც ხშირად საუბრობს ხოლმე.

მიგვაჩნია, რომ ღია, გულწრფელი, ასე ვთქვათ, საუბარი პარტნიორებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა პატივი ვცეთ ურთიერთ ინტერესებს იმისთვის, რომ გავიზიაროთ და გავიაზროთ ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ყველას ერთად.

ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა აუცილებლად მოგცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები. ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან მოტივირებულია, ძალიან მოწადინებულია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა პარტნიორებთან ახალი ძალით, ახალი ენერგიით დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირთან გააგრძელოს, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის შეუქცევადი ინტეგრაციის პროცესი და აშშ-სთან, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება.

მგონია, რომ ძალიან მალე ჩვენ, ყველა ერთად, ურთიერთსასარგებლო და შედეგიან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია – გიტანას ნაუსედა

რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია , – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პლატფორმა X-ზე, პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის გადამწყვეტია არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი.

“რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია.

მოლდოვაში, კრემლის უზარმაზარი ძალისხმევების მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში, არჩევნებს მასობრივი პროტესტები მოყვა.

ხალხს დემოკრატიასა და კეთილდღეობაში ცხოვრება სურს – არა ცენზურასა და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მზად არ არიან მის დასათმობად.

ევროკავშირისთვის გადამწყვეტია არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში.

ლიეტუვა მყარად დგას საქართველოსა და მოლდოვის ხალხთან მათ მისწრაფებებში გაწევრიანდნენ ევროკავშირში. გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან.

არავის არ შეუძლია მათი უკეთესი მომავლისთვის შანსის წართმევა. ლიეტუვა გააგრძელებს ამ გზაზე მათ მხარდაჭერას,” – წერს ნაუსედა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში არის გაიდლაინი ოპოზიციისთვის, კარგი დირექტივაა მათთვის, როგორ უნდა განახორციელონ სახელმწიფო გადატრიალების სცენარები – ნინო წილოსანი

x

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში არის ფაქტობრივად გაიდლაინი ოპოზიციისთვის, არის გაწერილი ყველა შესაძლო სცენარი როგორ უნდა იმოქმედონ და ძალიან კარგი დირექტივაა მათთვის, როგორ უნდა განახორციელონ სახელმწიფო გადატრიალების სცენარები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ქართველი ხალხი არის თვითკმარი და ძალიან კარგად ათვიცნობიერებს საკუთარი ქვეყნის საჭიროებებსაც და მიღწევებსაც. ამიტომ ნებისმიერი სხვა ადამიანს, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსს თუ გავლენიან პირს შეუძლია ეს გავლენები საკუთარი ქვეყნის პოლიტიკისთვის შემოინახოს.

მოვუწოდებ თუნდაც ოდიოზურ დასავლელ პოლიტიკოსებს, გავლენიან ადამიანებს, რომ ნუ გაბედავენ და ნუ დაიწყებენ თავიანთ გამოსვლებს ქართველი ხალხის სახელით საუბრით. ქართველი ხალხის სახელით ვისაც შეუძლია საუბარი, ეს არის არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ ქართველი ხალხის სახელით ვისაუბრებთ კიდეც და განვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავპირდით, ვიდგებით ამ ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება, რაც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.

„საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს დარღვევების შესახებ, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოაცხადეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ვითხოვ გამჭვირვალე გამოძიებას. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება, რაც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრას სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“, – აცხადებს, ბორელი.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მან უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით.

„არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი. მე ვთხოვე პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი შეიკრიბოს დღეს საქართველოში არსებული რთულ ვითარების განსახილველად. მე ასევე შევიტანე ეს საკითხი ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. ქართველი ხალხი თვეების განმავლობაში აჩვენებს დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლისადმი ერთგულებას. ისინი იმსახურებენ სიცხადეს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობაში. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ქმნიან პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას“, ნათქვამია ბორელის განცხადებაში“, – აცხადებს ბორელი.

გიორგი გახარია ითხოვს, რომ ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ, რომ ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს.

როგორც გიორგი გახარია განმარტავს, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნულ ბაზაში უნდა შეეძლოთ, გადაამოწმონ შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა.

გიორგი გახარიას თქმით, მონაცემის გადამოწმება შესაძლებელს გახდის, „არჩევნების შესაძლო, გაყალბების დადგენას“.

ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარი იქნება თავიანთი ამომრჩევლის ღალატი, ჩვენთვის კი იმ დაპირების შესრულება, რომელიც კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პოლიტიკიდან ჩამოშორებას გულისხმობს -ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმა თავიანთი ამომრჩევლის ღალატი იქნება.

წილოსანის განმარტებით, „ქართული ოცნებისთვის“ კი ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარი იქნება იმ დაპირების შესრულება, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას გულისხმობს.

ნინო წილოსანი ამბობს, რომ ახლა ოპოზიცია ცდილობს მუხტის შენარჩუნებას, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სჭირდებათ, თუმცა ოპოზიციის ამომრჩევლის დიდი ნაწილიც ფიქრობს, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს.

„ოპოზიცია უშანსოა, თავადაც ვერ აკეთებენ ანალიზს, რატომ მივიდნენ ამ შედეგამდე, რატომ იკლებს მათი ამომრჩევლის რაოდენობა და რატომ იზრდება „ქართული ოცნების“. მანდატებზე უარის თქმა ამომრჩევლის ღალატი იქნება. ჩვენთვის კი იმ დაპირების შესრულება გამოდის, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას და გასამართლებას გულისხმობს. ვინც იტყვის უარს მანდატებზე, რომელიც ამომრჩეველმა გადასცა, ისინი მიწის პირისგან თავადვე აღიგვებიან. ახლა ოპოზიცია ცდილობს მუხტის შენარჩუნებას, რომელიც მათ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სჭირდებათ. ჩვენ ვიხილეთ გუშინდელი აქცია, რომელიც მრავალრიცხოვანი არ იყო – უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ გამომდინარე იქედან, რომ ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს. პოლიტიკაში თუ სპორტულ შეჯიბრში წაგებულმა წაგება უნდა აღიაროს. დეზინფორმაციაა, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს, სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს. ეს დეზინფორმაცია, ერთი მხრივ, ჟურნალისტებისა და ვაიპოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, ვინც ძალიან კარგად იციან, რომ ამ ყველაფრისგან ხეირს ვერ ნახავენ, მაგრამ ამას მაინც არ ამბობენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად-ცესკო

გვინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ინტენსიურად ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელებში, მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია.

„სწორედ ამიტომ გვინდა, გაგიზიაროთ სიმართლე რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ხდებოდა კამპანიური ხასიათის მანიპულაცია, ინტენსიურად დაიწყო ახალი დეზინფორმაციების გავრცელება. მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ხმის დათვლის მანქანებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერების შესახებ, რომელიც განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს. სინამდვილეში, ხელვაჩაურის მე-16 უბანზე იყო განთავსებული სამი ხმის მთვლელი აპარატი, პირველ ეტაპზე ამობეჭდა მხოლოდ ორი აპარატის შედეგის ამსახველი ქვითარი, შემდეგ კი დაიბეჭდა სამივე ხმის მთვლელი აპარატის ანგარიში. სამივე აპარატის კონსოლიდირებული ქვითრის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს და ორივეგან 1 404 ბიულეტენია დაფიქსირებული. ფაქტს ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები.

კიდევ ერთი მანიპულაცია უკავშირდება საგარეჯოს ერთ-ერთ უბანზე გაუქმებული პირადობით ხმის მიცემის საკითხს. იქმნება აღქმა, რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა მასობრივი ხასიათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კონკრეტულად აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარიც, რომელიც შესაბამისი პროცედურის მიხედვით იქნება განხილული. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირს, რომელმაც ხმა მისცა გაუქმებული პირადობით, ჰქონდა მოქმედი პასპორტი და სწორედ ამიტომ იყო ის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებითაც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს ბიულეტენის ფოტოს, სადაც ერთ-ერთი სუბიექტი არის გადახაზული და არცერთი წრე არაა გაფერადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბიულეტენები ერთმნიშვნელოვნად ითვლება ბათილად, ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მარტივად დასტურდება აპარატების მიერ ამობეჭდილი ჩეკის და შემაჯამებელი ოქმის შედარებით.

დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს.

დაბოლოს, გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ დისკრედიტაციულ განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ დეზინფორმაციას“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს, საჩივრების განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია -გიორგი ვოლსკი

ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს მიცემული, ყველა საჩივარი განხილული იქნება და ამ განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება გამოიძიოს“.

„ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ყველანაირი გამოძიების ჩატარების დამოუკიდებელი რესურსი გაგვაჩნია. ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს მიცემული, ყველა საჩივარი განხილული იქნება და ამ განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია. არ არსებობს არავითარი წინაპირობა, რომ ცესკო-ს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ. ვნახავთ შედეგებს, რომლის საფუძველზეც ყველა მიხვდება, რომ დარღვევის ის ჩამონათვალი, რომელიც დღეს კონკრეტულ სუბიექტებს აწუხებთ, გამოძიებული იქნება და ეს მაღალკვალიფიციურად შეფასდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.

„გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას და იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა -ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. ეს არის ძალიან დასაფასებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას; აღიარებს იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის წევრია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. „კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნგრეთი მკაფიოდ უჭერდა საქართველოს მხარს. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება, კიდევ უფრო გამყარდება და ის დინამიკა, რომელიც გვაქვს, შენარჩუნდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სხვადასხვა კავშირისთვის,” – აღნიშნა მან.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს მარტონ ნადის, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. „თქვენ იცით, რომ ეკონომიკური კომისიის გარდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს, ჩვენ უნგრეთის მხარესთან მნიშვნელოვანი ფორმატი შევქმენით. შევჯერდით, რომ უნგრეთთან ჩვენ გვქონდეს გაფართოებული მთავრობების თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ვსაუბრობთ მეტ ეკონომიკურ კავშირზე ორ ქვეყანას შორის. უნგრეთს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა გააჩნია. ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც შეიძლება საქართველოში იყოს, კერძოდ, სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებაზე საქართველოში. ასევე ვისაუბრეთ საბორნე ინფრასტრუქტურაში უნგრული კომპანიების დაინტერესებაზე იმიტომ, რომ როგორც საქართველოს, ისე უნგრეთს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მეტი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების გაზიარებაზე. „ჩვენ მოვამზადებთ საინვესტიციო პროექტების პაკეტს და გავუზიარებთ ჩვენს უნგრელ კოლეგებს როგორც კერძო სექტორის, ისე საჯარო ინვესტიციების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთისა და უნგრული ბიზნესის დაინტერესება ამ პროექტებით საკმაოდ მაღალი იქნება. ასე რომ, ჩვენს კომუნიკაციას, დიალოგს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით ვაგრძელებთ და მომავალშიც განვაგრძობთ,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.