Home Blog Page 59

,,საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება”- ბიძინა ივანიშვილი

გასულ დღეებში ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ისტორიულად ამაყობს როგორც რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, ისე მართლმადიდებლობით, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა, ამასთან, მოქმედი კონსტიტუციური სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს, შესაბამისად, მმართველი გუნდის ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახოს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მტკიცედ სჯერა, დამაჯერებელი გამარჯვების და ქვეყნის უკეთესი მომავლის.

„ძვირფასო გურულებო, თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს! ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!“ – განაცხადა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

,,გამჭვირვალობის შესახებ კანონში შეზღუდვები დადგენილი არ არის”- პრემიერი

გამჭვირვალობის შესახებ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი.

„არ ვიცი, რამდენია ჯამში იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, არა მგონია, რომ 500-ზე ბევრად მეტი იყოს. რეალურად, ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ სტიგმატიზაციას ეს კანონი არ იწვევს. ამ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

,,კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი”- პრემიერი

მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს,  რომ მართლმადიდებლობა არის ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი.

„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ კონსულტაციები, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ ჩანაწერს, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით და ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამ საკითხზე და ძალიან მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის. კერძოდ, გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს.

„ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. დღევანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ზუსტად უნდა აისახოს ის სინამდვილე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, არა მარტო ისტორიაში, არამედ, ჩვენს დღევანდელობაშიც, თანამედროვეობაში მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ის არის ჩვენი თვითმყოფადობის საყრდენი. ეს მნიშვნელოვანი შესწორება შევა საქართველოს კონსტიტუციაში და კიდევ ერთხელ, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკლესიის და  საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმთავრებს, იმისათვის, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია და იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდა შედეგიანი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით.

კონსულტაციების დეტალებზე მე არ ვისაუბრებ, ეს ალბათ არის უფრო მეტად თავად საპატრიარქოს პრეროგატივა. ეს ნაკლებად საინტერესოც არის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ მთლიანობაში გვაქვს საერთო შეთანხმება მიღწეული, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რომელიც უკავშირდება შესაბამისი კონსტიტუციური შესწორების შეტანას”, – განაცხადა პრემიერმა.

,,არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს. ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი?” – შალვა პაპუაშვილი

ბოლო ორ წელიწადში კარგად დავინახეთ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს დამღუპველი და გამანადგურებელი ომისკენ. როგორ უცებ დაივიწყეს რუსეთის მიმართ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა, რომელსაც მანამდე დაჟინებით გვირჩევდნენ და ყოვლად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი და დამღუპველი სამხედრო-პოლიტიკური ესკალაცია მოითხოვეს ჩვენი ხელისუფლებისგან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საუბედუროდ, ოპოზიცია პირდაპირ ჩაება საქართველოს თვითგანადგურების პოლიტიკურ კამპანიაში. მისი თქმით, გაუგებარია რად უღირს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევა.

,,რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ისინი მოითხოვდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების ესკალაციას. და დღესაც ეს არის მათი მთავარი დაპირება: მოხალისეების ფრონტზე გაგზავნა, საზღვრების ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, ვიზების შემოღება, სანქციების დაწესება და ვაჭრობის გაჩერება. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდონ ხელში, მეორე დღესვე ამ ყველაფერს გააკეთებენ. რა არის ეს, თუ არა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა და, უფრო მეტიც, ქვეყნის პირდაპირი ღალატი, რომლის ბოლო ერთია – ომი, ნგრევა, სიკვდილი, ჩვენი სამშობლოს, ოჯახების და მომავლის განადგურება. და რისთვის ეს ყველაფერი? დაღუპო შენი ხალხი, რომ უცხოელმა ტაში დაგიკრას? გასწირო შენი ქვეყანა ნგრევისთვის, რომ წითელი ხალიჩა დაგიგონ? არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს, მეგობრებს, მეზობლებს. ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვიღას დასჭირდები სიღატაკესა და უიმედობაში ჩაძირული? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი? ასეთი დანგრეული ქვეყანა არც ევროკავშირს დააინტერესებს და არც ნატოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს!”- ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით გურულებო!

მივესალმები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მცხოვრებ, ნათელი გონების, ენამოსწრებულ, სტუმართმოყვარე, ღირსეულ და თავისუფალ ხალხს!

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გურულებს რომ განსაკუთრებული როლი გაქვთ შესრულებული, ეს არავის ესწავლება. თქვენი და თქვენი წინაპრების პოლიტიკური განსწავლულობა და ალღო მრავალჯერ დამტკიცებულა.

თამამად ვიტყვი, რომ სწორედ ამ კუთხის შვილები ხართ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დასაყრდენი.

ასე იყო წარსულშიც, როდესაც თავისუფლებისმოყვარე გურულებმა, გაბედეს და ანექსიის მიუხედავად, გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ მამაცმა ხალხმა თავად აიღო ხელში საკუთარი ბედისა და მომავლის მართვა და გამოავლინა თქვენთვის ასე დამახასიათებელი ორგანიზაციული ნიჭი.

ასე იყო 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა – საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა უმეტესობა ხომ გურულები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორისაც ხომ გურულები ჭარბობდნენ?!

ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენს საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს.

ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც, როდესაც ჩვენი ხალხის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც საქართველოს ხვალინდელი დღის აღარავის სწამდა, როცა ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან იმდროინდელი ხელისუფლების – „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს.

12 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გარწმუნებდით, რომ თქვენი ნდობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთად დავასრულებდით მოძალადე რეჟიმს და იმ სიღატაკეს, რაც წინა ხელისუფლების მტაცებლური ბუნების გამო, მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში სუფევდა.

გემახსოვრებათ ისიც, რომ წლები გადიოდა, მაგრამ თქვენს დალოცვილ მხარეში არაფერი კეთდებოდა, უტიფრად იმეორებდნენ – გურია ლამაზი, თუმცა ღარიბი კუთხეაო, მაგრამ ამ მოცემულობის შესაცვლელად თითს-თითზე არ აკარებდნენ. მეტიც, იმდენი მოახერხეს, რომ სტუმარ-მასპინძლობით განთქმული გურულები სიდუხჭირეში აცხოვრეს, გულღია, სიცოცხლით სავსე ხალხს მომავლის იმედი და რწმენა დაუკარგეს.

როგორც პოლიტიკური ფიგურა, პირველად 12 წლის წინ შეგხვდით და შეგპირდით, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ბოლომდე ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო, რომ გლეხის ნაშრომი დაფასებულიყო, ქართულ პროდუქტს ფასი დასდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე კვლავ გამოჩენილიყო ჩვენს მიწაზე, ჩვენი ხალხის მიერ მოყვანილი მოსავალი.

ამას გარდა, ბუნების მიერ უხვად დაჯილდოებული ამ კუთხის პოტენციალი ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო – გურიას არაფერი აკლდა საიმისოდ, რომ აქ არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელებულიყო, რაც მთლიანად რეგიონის განვითარებაზე აისახებოდა.

დღეს გურია ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე 12 წლის წინ. ადამიანის შრომა მეტად ფასდება, გურიის კურორტები არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ვიზიტორების საყვარელი ადგილებია, ბევრად უკეთაა განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაშიც, პირადად, ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე, რადგან ყოველთვის მწამდა და მწამს გურიის და გურული ხალხის უნიკალურობის!

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.

თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი!

გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ.

თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ღვინის სამშობლოში, ქართულ სუფრაზე, საკრალური ქართული ღვინით, პირველად სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამთ.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ კარგად გვასწავლა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები არნახულ მსხვერპლზე მივდიოდით და სიცოცხლის ფასად, იარაღით ხელში ვიცავდით ჩვენი ოჯახების, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას.

მშვიდობის მნიშვნელობა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს უახლესმა წარსულმაც, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენს სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობაა” პასუხისმგებელი!

ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც, ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ყველა, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ერთხმად ვთანხმდებით, რომ დღეს, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თუმცა, ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!

დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ.

დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.

ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს  რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” მოღალატეობრივი ქმედებების გამო!

სხვაგვარად შეუძლებელია!

უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ, რათა საზოგადოებას არ უწევდეს არჩევანი ომსა და მშვიდობას, უცხო ქვეყნის აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ გუნდს შორის და არჩევანს კარგსა და უკეთესს შორის აკეთებდეს.

ამიტომაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს!

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, „ქართულ ოცნებას” ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის.

და თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ჩვენ ნებისმიერ დროს  მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენადმმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა.

სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას” სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები – დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი. 

გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.

რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ.

ძვირფასო გურულებო!

თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს!  

ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში

მოგესალმებით ძვირფასო გურულებო,

მივესალმები ჩვენს დელეგატს გურიის მხარეში, ვასიკო ჩიგოგიძეს,

ასევე მივესალმები ჩვენს დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, რომლებიც გურიიდან მრავლად არიან წარმოდგენილი მთავრობაში და პარლამენტში და რა თქმა უნდა, თითოეულ თვენგანს მოგესალმებით ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან დიდი სიყვარულით

გურულებთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. და ყველამ ვიცით, რომ არავის ისე კარგად არ ესმის პოლიტიკა, როგორც თქვენ, გურულებს და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ გურიაში „ქართული ოცნება” ყოველთვის დიდი უპირატესობით და დამაჯერებლად იგებს ხოლმე არჩევნებს! დიდი მადლობა თქვენ მრავალწლიანი ნდობისთვის! სწორედ ამ ნდობამ მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც ერთად გავიმარჯვებთ!

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რაც არაერთგზის ითქვა. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მორალურ დაცემასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.

საქართველოს ჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა საქართველოში პროცესები, როდესაც 2003 წელს, „ენჯეოების” მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს. 

ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკარგვა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს.

და ახლა, იგივე ძალები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება. ვინც ერთმანეთთან აიგივებს ევროპას და ადამიანების მკვლელობას, ევროპას და ადამიანების წამებას, ევროპას და ბიზნესის რეკეტს, ევროპას და ტელევიზიების მიტაცებას, ევროპას და არჩევნების გაყალბებას, ევროპას და ომს, მათ არაფერი აქვთ საერთო სინამდვილეში ევროპასთან, ყველა არის ომის პარტიის წარმომადგენელი და მათ ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს.

რთული გამოსაცნობი არაა, რატომ შეიძლება სურდეთ კონკრეტულ ძალებს ხელისუფლებაში ძველი რეჟიმის დაბრუნება. ისევ და ისევ, ყველა იმ დანაშაულისთვის რაც ჩამოვთვალე და რაც მთავარია ომისთვის, რისკენაც რადიკალური ოპოზიცია უკვე მესამე წელია ქვეყანას აქტიურად ექაჩება.

საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება. ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი იმ  მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა:

–       დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა;

–       გათავისუფლდა ბიზნესი და მედია;

–       2,5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების  სიკვდილიანობის მაჩვენებელი;

–       3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი;

–       3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;

–       ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა;

–       3-ჯერ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარების პაკეტი;

–       ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები;

–       700 ათასამდე მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.

ამ ყველაფერთან ერთად, შევინარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

საქართველოს წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს. 1 ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების” ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით – ეკონომიკური ზრდით დაწყებული, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია, თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. და გურულებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

მე დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გურია და სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეცხრედ აირჩევს მშვიდობის პარტიას, აირჩევს „ქართულ ოცნებას”, რაც მორიგ ჯერზე საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების გარანტია გახდება.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში – სრულად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო

მივესალმები ულამაზეს გურიაში მცხოვრებ მაგარ ხალხს.

მიხარია, რომ ჩვენი საამაყო გურულები ისევე არიან მოტივირებული გასამარჯვებლად, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს და მჯერა 26 ოქტომბერს გურია და ბრძენი გურულები სწორ არჩევანს გააკეთებენ და პირველ რიგში აირჩევენ მშვიდობას!

ვინ თუ არა გურულებმა იცით მშვიდობის ფასი და მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება სწორედ მშვიდობის გამარჯვება იყო, ვინაიდან სწორედ 1 ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათ, ხანგრძლივ და უწყვეტ მშვიდობიან პერიოდს. სწორედ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ დამსახურებულად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობისმყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას – „ქართულ ოცნებას“, მშვიდობის პარტიას. გურულებს არ გეშლებათ თეთრის და შავის გარჩევა, მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა, კარგად იცით ვინ არის ომის პარტია და ვინ არის მშვიდობის პარტია, ვინ არის ომის მომტანი, ომის და ქაოსის, ომის და უბედურების, ნგრევის და განადგურების პარტია, ჩაგვრის, უსამართლობის და სიკვდილის პარტია და ვინ არის მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მომტანი, მრავალი კეთილდღეობის და ყველა მიმართულებით განვითარების მომტანი პარტია.

ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც გარანტირებულად, აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას. დღეს ეს ბოროტი ძალა, იგივე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ – ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და ენჯეოებით, აგენტურით განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება… ახლა კითხვა დავსვათ: ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია? სამწუხაროდ ისევ იგივე ბოროტი ძალა – ომის პარტია, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ომი, ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა, გაჩუქება, გადაცემა, ათასი უბედურება ჩვენს ხალხს მოუტანა. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მათი თანამოაზრე, მათი მოკავშირე მათ მიერ შექმნილი, ხელოვნურად გაყოფილი პარტია, თუ ახლად შექმნილი გაერთიანებები და კოალიციები იბრძვიან მხოლოდ 5-იანი ბარიერის გადასალახად, რათა შემდეგ ისევ ამ ბოროტ ძალასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მათ მთავარ დედა პარტიასთან ერთად შექმნა კოალიცია. შესაბამისად ჩვენი ბრძენი ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის ტყუილია! კოალიციის შექმნის დაპირებით ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას და ვინ არიან ეს სხვა პარტიები? ეს სხვა პარტიები აცხადებენ, რომ კოალიცია უნდა შექმნან ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაბამისად ეს ხომ ხაფანგია! ესეც ხომ ტყუილია. არავითარი სხვა ალტერნატივა, უკეთესი ოპოზიციური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში, რომელია სხვა პარტია, რომელიც არ შეუერთდება სააკაშვილის პარტიას და ომის კოალიციას, ომის კოალიციურ მთავრობას, რომელი? სისხლიანი პროკურორი გვარამიას და ზონდერი მელიას ახალი პარტია და მასში შემავალი ლუზერების პარტიები თუ სააკაშვილის რეკეტიორი და ბიზნესის მოროდიორი ხაზარაძის პარტია ლელო და მის მიერ ახლახან ნაყიდი 1%-იანი პარტიები თუ მოღალატე გახარიას პარტია თუ რომელი? ვინ არის მათი ლიდერი ვისაც ხალხი უნდა გაყვეს? ვინ არის ჩვენი ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს ან ავირჩევთ მშვიდობას! სხვა ალტერნატივა არ არსებობს! და გაუცნობიერებული, რაღაც უკეთესის, ან რაღაც აბსტრაქტული, კოალიციური მთავრობის და ზოგადად, უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს! მეგობრებო, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს, არ არსებობს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა!

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა – მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი?

მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქზე თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება.

ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ტყვეები აჰყავს და მიწების დაკავება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სურს.

„ძალიან რთულია იმის განსჯა, თუ რა მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ უკრაინელებს. მაგრამ ახლა პოლიტოლოგები ამას განიხილავენ. თვით ზელენსკიმაც კი თქვა- მას ხანდახან ფროიდისეული აღიარებები წამოსცდება ხოლმე – რომ ეს მათ შემდგომი გაცვლებისთვის დასჭირდებათ. ამიტომ თურმე ტყვეებიც აჰყავთ და კვადრატული კილომეტრების დაკავებაც სურთ. ეს ისე გულუბრყვილოდ და მიამიტურად ჟღერს. ჩვენი ტერიტორიის საკითხს არავისთან არ განვიხილავთ. ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

,,სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე“ გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით”- მამუკა მდინარაძე 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოძრაობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღარ დარეგისტრირდება.

„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე“ გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. დღეს კი „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.

აშშ-მა F16-ის ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნაზე უარი განაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ F16-ის და სხვა დასავლური ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

მანამდე უკრაინაში ამერიკელი სპეციალისტების გაგზავნის საკითხი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განიხილებოდა, მაგრამ ამერიკულმა დაზვერვამ ეს იდეა უარყო „უსაფრთხოების პრობლემების გამო“.

„დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება უკრაინაში მყოფი ამერიკული პერსონალის განადგურებას“ – განუცხადა The Wall Street Journal-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავდა, რომ მომავალში თვითმფრინავების და სხვა ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის პერსონალი უკრაინაში გაგზავნის საკითხი დადებითად გადაწყდეს.

სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ დასავლური თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება უკრაინის დასაცავად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია და ამ მისიის შესრულება კიევის ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ. როგორც ჰოლანდიის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, ნიდერლანდების მთავრობა აანაზღაურებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტს, რომელიც თვითმფრინავების მომსახურებას ითვალისწინებს.

„სირცხვილია“ აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს

მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს. ამის შესახებ მოძრაობამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.

ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.

ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას.

გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის“, – წერს მოძრაობა „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. დღეს ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე არ იძებნება.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshamemovement%2Fposts%2Fpfbid0TpgMcMMxcxxspwiMakwfhkcwfYd3MtM1KtXMFVBi871KyujiJxSNCoBh9VkKC3iGl&show_text=true&width=500

იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, “სირცხვილია” რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში – გურამ მაჭარაშვილი

“სირცხვილიამ”, ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად, დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი მოძრაობა “სირცხვილიას” გადაწყვეტილებას “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” რეგისტრირების შესახებ.

“არ ყოფილა მტკივნეული დარეგისტრირება – ამას ვამბობდით წელიწადზე მეტია, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დარეგისტრირდები და გააგრძელებ საქმიანობას. “სირცხვილიამაც” კი, რომელიც ყველაზე რადიკალური ფრთაა, წაიკითხა კანონი და ნახა, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოა დარეგისტრირება.

იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, “სირცხვილია” რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში. გამჭვირვალობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა, გამჭვირვალობა და სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელესა და შავ ფულზე. “სირცხვილიამ”, ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად, დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი