Home Blog Page 57

სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად-ცესკო

გვინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ინტენსიურად ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელებში, მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია.

„სწორედ ამიტომ გვინდა, გაგიზიაროთ სიმართლე რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ხდებოდა კამპანიური ხასიათის მანიპულაცია, ინტენსიურად დაიწყო ახალი დეზინფორმაციების გავრცელება. მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ხმის დათვლის მანქანებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერების შესახებ, რომელიც განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს. სინამდვილეში, ხელვაჩაურის მე-16 უბანზე იყო განთავსებული სამი ხმის მთვლელი აპარატი, პირველ ეტაპზე ამობეჭდა მხოლოდ ორი აპარატის შედეგის ამსახველი ქვითარი, შემდეგ კი დაიბეჭდა სამივე ხმის მთვლელი აპარატის ანგარიში. სამივე აპარატის კონსოლიდირებული ქვითრის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს და ორივეგან 1 404 ბიულეტენია დაფიქსირებული. ფაქტს ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები.

კიდევ ერთი მანიპულაცია უკავშირდება საგარეჯოს ერთ-ერთ უბანზე გაუქმებული პირადობით ხმის მიცემის საკითხს. იქმნება აღქმა, რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა მასობრივი ხასიათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კონკრეტულად აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარიც, რომელიც შესაბამისი პროცედურის მიხედვით იქნება განხილული. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირს, რომელმაც ხმა მისცა გაუქმებული პირადობით, ჰქონდა მოქმედი პასპორტი და სწორედ ამიტომ იყო ის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებითაც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს ბიულეტენის ფოტოს, სადაც ერთ-ერთი სუბიექტი არის გადახაზული და არცერთი წრე არაა გაფერადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბიულეტენები ერთმნიშვნელოვნად ითვლება ბათილად, ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მარტივად დასტურდება აპარატების მიერ ამობეჭდილი ჩეკის და შემაჯამებელი ოქმის შედარებით.

დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს.

დაბოლოს, გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ დისკრედიტაციულ განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ დეზინფორმაციას“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს, საჩივრების განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია -გიორგი ვოლსკი

ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს მიცემული, ყველა საჩივარი განხილული იქნება და ამ განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება გამოიძიოს“.

„ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ყველანაირი გამოძიების ჩატარების დამოუკიდებელი რესურსი გაგვაჩნია. ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს მიცემული, ყველა საჩივარი განხილული იქნება და ამ განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია. არ არსებობს არავითარი წინაპირობა, რომ ცესკო-ს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ. ვნახავთ შედეგებს, რომლის საფუძველზეც ყველა მიხვდება, რომ დარღვევის ის ჩამონათვალი, რომელიც დღეს კონკრეტულ სუბიექტებს აწუხებთ, გამოძიებული იქნება და ეს მაღალკვალიფიციურად შეფასდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.

„გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას და იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა -ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. ეს არის ძალიან დასაფასებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას; აღიარებს იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის წევრია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. „კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნგრეთი მკაფიოდ უჭერდა საქართველოს მხარს. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება, კიდევ უფრო გამყარდება და ის დინამიკა, რომელიც გვაქვს, შენარჩუნდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სხვადასხვა კავშირისთვის,” – აღნიშნა მან.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს მარტონ ნადის, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. „თქვენ იცით, რომ ეკონომიკური კომისიის გარდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს, ჩვენ უნგრეთის მხარესთან მნიშვნელოვანი ფორმატი შევქმენით. შევჯერდით, რომ უნგრეთთან ჩვენ გვქონდეს გაფართოებული მთავრობების თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ვსაუბრობთ მეტ ეკონომიკურ კავშირზე ორ ქვეყანას შორის. უნგრეთს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა გააჩნია. ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც შეიძლება საქართველოში იყოს, კერძოდ, სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებაზე საქართველოში. ასევე ვისაუბრეთ საბორნე ინფრასტრუქტურაში უნგრული კომპანიების დაინტერესებაზე იმიტომ, რომ როგორც საქართველოს, ისე უნგრეთს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მეტი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების გაზიარებაზე. „ჩვენ მოვამზადებთ საინვესტიციო პროექტების პაკეტს და გავუზიარებთ ჩვენს უნგრელ კოლეგებს როგორც კერძო სექტორის, ისე საჯარო ინვესტიციების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთისა და უნგრული ბიზნესის დაინტერესება ამ პროექტებით საკმაოდ მაღალი იქნება. ასე რომ, ჩვენს კომუნიკაციას, დიალოგს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით ვაგრძელებთ და მომავალშიც განვაგრძობთ,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლოგიკურია მოთხოვნა, რომ არჩევნები მესამე მხარემ ჩაატაროს, თუმცა ეს რამდენად რეალისტურია, სხვა საკითხია -გია ხუხაშვილი

ლოგიკური მოთხოვნაა, რომ არჩევნები ვიღაც მესამე მხარემ ჩაატაროს, თუ ეს არჩევნები შედგა. ეს რაც შეხება თვითონ განაცხადის ლოგიკურობას, აი, რამდენად რეალისტურია, ეს სხვა საკითხია, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.

ხუხაშვილის განმარტებით, თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ მისი შედეგები ცნო, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური ძალების ეს პოლიტიკური განაცხადი მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად დარჩება.

„ეს პოლიტიკური განაცხადია, რადგან საზოგადოებაში ასეთი განცდაა – არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში, არამედ, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაში, ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილში, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა სისტემურ დარღვევებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, ყველა უბანზე, საარჩევნო ადმინისტრაციების მონაწილეობით დანაშაულის ჩადენა ხდებოდა. საარჩევნო დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ დოკუმენტურად დადასტურდა, რომ დარღვევები სისტემურ ხასიათს ატარებდა, მოცემულობა, რომ იგივე საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს, აბსურდი იქნება, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება. ლოგიკური მოთხოვნაა, რომ არჩევნები ვიღაც, მესამე მხარემ ჩაატაროს, თუ ეს არჩევნები შედგა. ეს რაც შეხება თვითონ განაცხადის ლოგიკურობას, აი, რამდენად რეალისტურია, ეს სხვა საკითხია. ახლა პოლიტიკური პროცესი მიდის, სადაც აქტიური ფაზა არ დასრულებულა, ჯერ საბოლოო მოსაზრებები არ გამოუთქვამს, დასკვნები არ გაუკეთებია დასავლეთს – მხარეს, რომელმაც ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია უნდა მიანიჭოს ან არჩევნები უნდა ცნოს ან არ უნდა ცნოს. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ მისი შედეგები ცნო, ამ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური განაცხადი მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად დარჩება. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები არ ცნო, დაადასტურა, რომ არჩევნებზე დარღვევები სისტემური იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა არჩევნების შედეგები, ამ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ განაცხადს გარკვეული პერსპექტივა აქვს, რა ფორმით, ეს სხვა საკითხია. საერთაშორისო ადმინისტრაცია ჩაატარებს, თუ სხვა ტექნიკურ მექანიზმზე შეთანხმდებიან, ეს სხვა საკითხია. თუ ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ეს არჩევნები არ იქნება ცნობილი, მაინც შეეცდება ფაქტობრივად ძალაუფლების უზურპაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისი ახალ ეტაპზე გადავა, როდესაც ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, შეეცდება სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთოს, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება აწყობს, რადგან კონსტიტუციის მიღმა გადის. რთული პოლიტიკური პროცესია, წინასწარ რამის თქმა არ შემიძლია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან ბევრი მოთამაშე, ძალიან ბევრი პარამეტრია ამ ყველაფერში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მათ გამოძიების ჩატარება სურთ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი ორგანო გააკეთებს აღნიშნულს. ხუხაშვილის თქმით, თუკი, დასავლეთმა მოვლენების ასეთი განვითარება მოითხოვა და ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას არ გამოთქვამს, ქვეყანა რუსეთის იმპერიაში დაბრუნდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან დღეს, როგორც ჩანს, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი ტექნოლოგიის სპეციფიკურ სისუსტეებს უკავშირდებოდა. ეს არ იყო ქსელური სისტემა, ავტონომიური სისტემები იყო, ეჭვი არ მეპარება, რომ მანქანა საკუთრივ სწორად ითვლიდა, მაგრამ სხვა საკითხია, რას ითვლიდა. როგორც სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, ძალიან ბევრი ვიდეომასალა არსებობს, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ თქვა, 400-ზე მეტი მტკიცებულება გვაქვსო, ეს უკვე სისტემურ დანაშაულზე მეტყველებს. როცა ასეთი საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, გამოძიება უნდა ჩატარდეს. აპარატები უნდა გაიხსნას, სიები უნდა ამოვიდეს, რა არის იქ დაფიქსირებული, ხმები ვინ მისცა, რაღაც ალგორითმებით შეიძლება გადამოწმება, ეს ადამიანები არჩევნებზე რეალურად იყვნენ თუ – არა. შემდეგ უნდა შეფასდეს მასშტაბი, თუ გამოჩნდა, რომ ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, ბუნებრივია, არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. მე ასე მგონია, რომ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ ექნება. თუ დასავლეთმა ასეთი განვითარება მოითხოვა და ხელისუფლება თუ პოლიტიკურ ნებას არ გამოთქვამს, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორობაზე ხელისუფლება საბოლოოდ უარს ამბობს. ილუზიას ხომ ქმნიდა, გადატვირთვას დავიწყებთო, თუ ამ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი იქნება ჩვენი ხელისუფლებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ავტომატურად ხდება რუსეთის ლუკმა, მერე ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, უნდა რუსეთში ცხოვრება, თუ – არა.

თუ დასავლეთი მოგვცემს რეკომენდაციას, რომ საერთაშორისო აუდიტი ჩატარდეს და თუ ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, ეს დაახლოებით, იგივეა, მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებით რომ სარგებლობს, რაც ფაქტობრივად ირიბი დადასტურებაა, რომ ის მკვლელია. მარტივი ლოგიკაა, თუ არაფერი არ აქვთ დასამალი, თუ ყველაფერი კარგად იყო, უარი რატომ უნდა თქვან“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით – ილია დარჩიაშვილი

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით,  უნგრეთი საქართველოს ახლო სტრატეგიული პარტნიორია, ორ ქვეყანას ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები აქვს და ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ვიქტორ ორბანს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და შეხვედრებზე  სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„დასრულდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტს ბევრი მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა: ერთი, რომ უნგრეთი ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით და სწორედ პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც მეტყველებდა იმაზე. მას თან ახლდა საგარეო მინისტრი, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, შესაბამისად, ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიური, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ურთიერთობებს.

რაც შეეხება მეორე განზომილებას- უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვისაც ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამ კონტექსტში უნგრეთთან თანამშრომლობას. უნგრეთი ყოველთვის იყო ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად, მომავალშიც უნგრეთის მხარდაჭერა ყოველთვის გვექნება, რადგან არაერთელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავრობის და მომავალშიც ჩვენი მთავარი, ძლიერი ძალისხმევა გაწეული იქნება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ.  რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით”,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პიტერ სიიარტო საქართველოს მისამართით ძლიერი მხარდამჭერი გზავნილებით ყოველთვის გამოირჩევა და შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიიღო  სიიარტოსგან პირობა, რომ უნგრეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„ჩვენ ინსტიტუციურ თანამშრომლობაზეც შევთანხმდით, გამოცდილების გაზიარებაზე და ვფიქრობ რომ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობა გვექნება. მე ასევე მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ხშირად გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენს თანამშრომლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის გამოირჩევა ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილებით საქართველოს მისამართით და კიდევ ერთხელ მივიღე მისგან პირობა, რომ უნგრეთი კვლავ გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი და ამ მხრივ რაც უფრო მეტი მეგობარი გვეყოლება, მით უკეთესია, შესაბამისად, ვფიქრობ რომ ჩვენ ძალიან საინტერესო შედეგები გვექნება მომავალში”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 ვნახეთ, სად დგანან პატრიოტები, ეს გამოჩნდა მხარდაჭერით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ახლა მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ მიმდინარეობს ზიზღის კამპანია -შალვა პაპუაშვილი

ვნახეთ, სად დგანან საქართველოს პატრიოტები და ვის უჭერენ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა კატეგორიის ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

„უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან საქართველოს პატრიოტები. ეს გამოჩნდა 54-პროცენტიანი მხარდაჭერით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. იმ კამპანიის ფონზე, რომელიც ჩატარდა, ვნახეთ, სად დგანან საქართველოს პატრიოტები და ვის უჭერენ მხარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ ზიზღის კამპანია მიმდინარეობს.

„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ მათ მხარდამჭერებში ადამიანები არიან ზიზღით გამსჭვალული. ამას სოციალურ ქსელში ხედავთ. ახლა ხომ არ დაიწყო ეს? საარჩევნო კამპანია როცა დავიწყეთ და კანდიდატები დასახელდნენ, სია, მაშინ ვნახეთ ზიზღის კამპანია, ზიზღი ადამიანებზე, მათ შორის ფაშისტური განცხადებები. ახლა უკვე არჩევნების შემდეგ ვხედავთ ზიზღის კამპანიას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ.

ევროკავშირისგან დაფინანსებული ერთ-ერთი მედია ავრცელებდა იმ ზიზღის კამპანიის ფოტოებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ფაქტობრივად, მტრად აცხადებდნენ. თბილისში კამპანია ჰქონდათ ბანერების გადმოფენის, რაღაც ნაჭრების. მაშინ მოვუწოდე კიდეც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ჰქონოდათ ამაზე რეაქცია, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია ფაშისტურ კამპანიაში არის ჩართული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმეტესობას აცხადებს მტრად, თავდასხმის, ზეწოლისა და მტრობის სამიზნედ.

ამაზე რეაქცია არ აქვს არავის, წაუყრუა ყველა დონორმა, თვალი დახუჭა. პირიქით, აქებენ, აქეზებენ, რომ თქვენ ხართ ნამდვილი საქართველო და მხარს გიჭერთო. ხედავთ ხომ ზოგიერთი უცხოელის განცხადებას? ზუსტად ეს აქეზებს საქართველოში ზიზღს, პოლარიზაციას. პოლარიზაცია, რადიკალიზმი და ზიზღი წაქეზებულია გარედან. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ზიზღის ბაბლში არიან მოქცეული და თავის უკმაყოფილებას ასე გადმოაფრქვევენ, ვერც კი ხვდებიან, რომ უბრალოდ ინსტრუმენტალიზებული არიან, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის გარეთ მყოფი ჯგუფების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასეთი აქციები ბევრი გვინახავს, ვერ ავყვებით მოთხოვნებს, რომელიც დემოკრატიას გაანადგურებს – შალვა პაპუაშვილი

1 120 000-მა ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა და მათ ნებას ვერავინ გადააბიჯებს, ვერც ქვეყნის გარედან და მით უმეტეს, ვერც ქვეყნის შიგნით – ჩვენ ვერ ავყვებით მოქალაქეების ისეთ მოთხოვნებს, აზრებს რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, არავის მისცეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს ხმა წაართვან და ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი ამოატრიალონ.

„1 120 000-მა ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა. როგორ ფიქრობთ, 1 120 000 ადამიანი ვინმეს დაუთმობს, რომ მისი ხმა წაართვან? რა თქმა უნდა, არა. ხელისუფლების ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ არავის არ მისცეს შესაძლებლობა წაართვან ხმა საქართველოს მოქალაქეებს და ამოატრიალონ ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი. ეს არჩევანი მკაფიოა.

რა თქმა უნდა, 1 120 000 ადამიანის ნებას ვერავინ გადააბიჯებს, ვერც ქვეყნის გარედან და რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ვერც ქვეყნის შიგნით. ჩვენ ასეთი აქციები ბევრი გვინახავს. ჩვენ ზუსტად იმავე პოლიტიკური ჯგუფების და NGO-ების აქცია ვნახეთ 2022 წელის თებერვალ-მარტში, როდესაც ასევე მათი მხარდამჭერები ითხოვდნენ, რომ გაგვეგზავნა მეომრები უკრაინაში და ომში ჩავრთულიყავით. ითხოვდნენ, რომ [რუსეთისთვის] სანქციები დაგვეწესებინა. იქაც ხალხი იყო, იქაც ადამიანები იდგნენ, მაგრამ რასაც ისინი მოითხოვდნენ იყო ქვეყნის განადგურება და დაღუპვა. ჩვენ ვერ ავყვებით, რა თქმა უნდა, ისეთ მოთხოვნებს, აზრებს მოქალაქეებისა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს – The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს“, რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება და  მოცემულია მცირე პროგნოზიც – რა ბედი ეწევა საქართველოს ახლო მომავალში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები  გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენს იმ ქვეყნისათვის, რომლის დემოკრატიულ რეფორმებს დასავლეთი ოდესღაც მხურვალედ ესალმებოდა. ამ არჩევნების სახით პროევროპულ ოპოზიციას, ალბათ, ერთადერთი შანსი ჰქონდა როგორმე გამოესწორებინა ის შეცდომები, რომელიც ანტიდასავლურმა მთავრობამ დაუშვა და როგორმე იმ ზარალის კომპენსირება მოეხდინა, რომელიც ქვეყანას მიადგა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებდა. მაგრამ თუ ცენტრალური საარცევნო კომისიის ოფიციალურ სედეგებს დავუჯერებთ, ქართულ ოპოზციას შანსი ხელიდან საბოლოოდ გაუსხლტდა – მმართველმა პარტიამ „ ქაულმა ოცენბამ“ ხმების 54% მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლიობაში – მხოლოდ 38%.

როგორც ჩანს, ეს მონაცემები აღარ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინის კრემლი როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას თავის მიზანთან – კიდევ ერთი სახელმწიფო-კლიენტის შექმნასთან. საინტერესოა, რომ საქართველოში არჩევნები მოლდოვას მოვლენების ფონზე გაიმართა: იქაც ხელისუფლება რუსეთის გავლენას განიცდის და არავინ იცის, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი მომავალ კვირაში დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურში – პროევროპელი თუ პრორუსი კანდიდატი.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, საქართველოში გამართულ არჩევნებში უამრავი დარღვევები შენიშნეს, იმედგაცრუებული ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა და სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებს: „ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – ამობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველომ, ბოლო დრომდე დასავლეთის მოკავშირე ქვეყანამ, ისეთი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რომელიც „უცნობ ზღვაში ცურვას ჰგავს“. მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს – განდეგილი მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. უკრაინაში მიმდინარე ომისადმი საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებულმა ნეიტრალურმა პოზიციამ დასავლური საზოგადოება საკმაოდ განარისხა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ავტორიტარული მართვის სიმპტომებიც გამოაჩნდა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა დემონსტრანტები გარეკოს და ძალის გამოყენებით ყოველგვარი დემოკრატიული ნორმები დაარღვიოს. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ისეთი ანტიდასავლური კანონებია მიღებული, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ ევროინგრაციულ კურსს არ შეესაბამება.

ოპოზიცია ამ ყველაფერს რუსეთის ზეგავლენით ხსნის: მათი აზრით, კრემლი ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე და ცდილობს ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს. ანუ „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებით, მოსკოვის მიზნების განხორციელებას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, მმართველი პარტია ასეთ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ოპოზიციას „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მოწყობილ შეთქმულებაში ადანაშაულებს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ისე ჩაატარა, რომ ამომრჩევლებს ომისადმი შიში ჩაუნერგა – თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანა ომში ჩაებმება და უბედურება მოხდებაო. მმართველ პარტიას პლაკატებიც თავისი პოზიციის შესაბამისი ჰქონდა: დანგრეული უკრაინის ამსახველი ფოტოების გვერდით – აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველოს სურათები“.

თავის მხრივ, კრემლი „ქართულ ოცნებას“ მოსკოვიდან ეხმარებოდა: აქებდა მმართველი პარტიის შემრიგებლურ პოლიტიკას და სადაზვერვო ინფორმაციებს რეკლამას უკეთებდა, ვითომდა ამერიკას „თბილისური მაიდნის“ მოწყობა უნდა („კიევის მაიდნის“ მსგავსად, რომელიც კრემლმა უკრაინასთან ომის დაწყების მიზეზად გამოიყენა), რაც ქართველებისთვის შემზარავად ჟღერს, 2008 წლის ომის გამოცდილების გამო.

„აირჩიე მშვიდობის“ წყალობით ხელისუფლებამ ბევრი ამომრჩევლის კეთილგანწყობა მოიპოვა: „ჩვენ ევროპაში ცხოვრება გვსურს, – ამბობს 60 წლის ექიმი ლევან კობალაძე, რომელმაც ხმა მისცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, – „მაგრამ დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში კი აშშ, უბრალოდ, იმის გაკეთებას გვაიძულებს, რაც თვითონ სურს“. „2008 წლის ომის დროს დასავლელემა მოკავშირეებს არაფერი არ გაუკეტებიათ ჩვენს დასახმარებლად, ახლაც სიტუაცია მეორდება: თუ რუსეთი უკრაინის მხარეზე ომში ჩავებმებით და რუსეთი თავს დაგვესხმება, სამ დღეში გაგვანადგურებს, დაგვანგრევს უკრაინის მსგავსად, ჩვენი მშველელი არავინ არ იქნება“.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო, თუმცა, თუ დამკვირვებლებს დავუჯერებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების დროს მრავალი კანონდარღვევა მოხდა – როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მაგალითად, ბიულეტენების ერთად ჩაყრის ფაქტი, ე.წ. „კარუსელები“ და ა.შ. არჩევნების შედეგები, განსაკუთრებით რეგიონებში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მეტყველებს – თითქმის 80%-მდე.

რა ბედი ექნება საქართველოს? „ქართული ოცნების“ გამარჯვების გაქანება ისეთი აღმოჩნდა (ალბათ, საარჩევნო თაღლითობის წყალობით), რომ ოპოზიციისათვის ეს ფაქტი თავდაპირველად მოულოდნელი აღმოჩნდა – რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ქუჩები ოპოზიციონერებისაგან ცარიელი რჩებოდა, თუმცა შემდეგ გონს მოეგნენ, საპროტესტო მიტინგი ჩაატარეს და როგორც არცევნების შედგების აღიარებაზე, ისე პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. შესაძლებელია დაიწყოს უწესრიგობები.

რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ალბათ რომელიმე მხარის არჩევა მოუწევთ, აშშ-ის მიმართ უფრო მეტი სიმპათიები აქვთ.

ამჟამად ყველაზე უდიდესი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დასავლეთს ხელიდან უსხლტება. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი-დამკვირვებელი გიორგი კუპატაძე ამბობს, „ჩემი ქვეყანა ვენესუელის ან ბელარუსისაკენ მიდის“.

წყარო

ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე სიები ჩახსნეს -შალვა პაპუაშვილი

ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე [სიები] ჩახსნეს, ან რამე შეუძლიათ ახლა ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს არის თქვენს ემოციებზე თამაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს კინო 2020-2021 წლებში საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს“.

„სინამდვილეში არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, ეს ერთი. მეორე, პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია ჩახსნას მხოლოდ ის სია, რომელიც დეპუტატების მიღმა სიაა, ანუ ის, ვინც ვერ მოხვდა, ის სია შეუძლია პარტიას ჩახსნას, თუმცა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, იმას პარტია თითს ვერ დაადებს და ვერ ჩახსნის. მესამე, თუკი, დეპუტატი მანდატის შეწყვეტას მოითხოვს, აქაც თავად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ეს კინო ნანახი გვაქვს 2020-21 წლებში, კიდევ ამის ახსნა რომ საჭიროა, ცალკე ამბავია, მაგრამ მაინც გავიმეორებ, 2020 წელს, რაც მოხდა – სიები ჩავხსენითო, თქვეს, რაც ტყუილი იყო, პარლამენტი შეიკრიბა და უფლებამოსილება ვცანით, მერე თქვეს, არ გვინდა, შეგვიწყვიტეთო, ვუთხარით ვიფიქრებთო და მხარი არ დავუჭირეთ, ბოლოს ყველა შემოვიდა პარლამენტში და მადლობებს გვიხდიდნენ, რომ არ ჩავხსენით. აქვე, საჯაროდაც ნათქვამი იყო თუ არა, არ ვიცი, გვეხვეწებოდნენ, კანონი შეგვეცვალა, სიები რომ ჰქონდათ ჩახსნილი, დეპუტატი ვინც არ იყო და უნდა შემოსულიყო, ის რომ აღგვედგინა, სხვები რომ შემოსულიყვნენ, გვეხვეწებოდნენ, რომ ეს გაგვეკეთებინა, ამას აკეთებდნენ საკუთარი ამომრჩევლის ზურგს უკან, სინამდვილეში, ისე უნდოდათ პარლამენტში ყოფნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო – ორბანი

უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა.

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართ. უნგრეთშიც ასეა“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობები – პრემიერი

ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და იბრძვის მის დასაცავად.

„ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.