Home Blog Page 57

ისრაელმა ღაზაში კიდევ 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბში იპოვეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.

„პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს „ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ მივაღწევდით. ცხედრები იპოვეს რაფაჰში ბრძოლის დროს გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ ფარჰან ალ-ქადი გადავარჩინეთ,” – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად, დაახლოებით, 250 ადამიანი აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 158 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათგან 2 – დედაქალაქ მოსკოვის თავზე და 7 – მოსკოვის ოლქის თავზე.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 – ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 – რიაზანის ოლქში.

აღსანიშნავია, რომ წუხელ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების გაშვებასა და მიღებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

ამასთან, მოსკოვის ოლქის სამხრეთით მდებარე კაშირის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელმა, მიხაილ შუვალოვმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ 1-ელი სექტემბრის ღამეს კაშირის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამი დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, აბონენტებს ელექტროენერგია რეგულარულად მიეწოდება“, – დაწერა შუვალოვმა.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში მდებარე კონაკოვსკაიას სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.

1-ელ სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება – იუსტიციის სახლი

კვირას, 1-ელ სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.

ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა.

პროცესი, სადაც სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ენათმეცნიერს, მარინე ბერიძეს მოუსმინეს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ჩატარებულ ლინგვისტურ კვლევაზე ისაუბრა და უპასუხა როგორც მხარეების, ისე მოსამართლეთა კითხვებს.

ასევე, მოსამართლეების კითხვებს უპასუხა მოსარჩელე და მოპასუხე მხარემ, რის შემდეგაც მათ ერთმანეთსაც დაუსვეს შეკითხვები. სხდომის ბოლოს, თითოეულმა მათგანმა სასამართლოს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.

გუშინ კი სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოუსმინა.

როდის მიიღებს და გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საკუთარ გადაწყვეტილებას სარჩელების არსებითად განხილვის თაობაზე, ჯერ უცნობია.

დღევანდელი სხდომის დასასრულს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ განმარტა, რომ “სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით”.

1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ კვირაში ვერძმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პირად ურთიერთობებზე. შესაძლოა, ახალი ადამიანები გაიცნოთ. იყავით ღია კომუნიკაციისთვის და გამოხატეთ თქვენი გრძნობები. სამსახურში შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და აუცილებლად დაასრულეთ მიმდინარე პროექტები.

კურო

ამ კვირაში კუროებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. აქტუალური იქნება სპორტი და ჯანსაღი კვება. ფინანსებში იყავით ფხიზლად და მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში იყავით უფრო ტოლერანტული და ყურადღებიანი.

ტყუპები

ამ კვირაში ტყუპებისთვის ყურადღება გამახვილდება განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე. იფიქრეთ კურსებში ან სემინარებში მონაწილეობაზე. ოჯახურ ურთიერთობებში განიხილეთ დიდი ხნის დავიწყებული საკითხები და ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს.

კირჩხიბი

უნდა აიღოს ინიციატივა სამსახურში. ალბათ გაჩნდება ახალი შესაძლებლობები კარიერული ზრდისთვის. კოლეგებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური ურთიერთობა. პირად ცხოვრებაში იყავით ღია ახალი ნაცნობობისთვის.

ლომი

ამ კვირაში ლომებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ფინანსურ უსაფრთხოებას. დაგეგმეთ თქვენი ბიუჯეტი და მოერიდეთ ხარჯვას. სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით უფრო მგრძნობიარე პარტნიორის საჭიროებების მიმართ.

ქალწული

ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ მიზნებსა და გეგმებს. ეს შესანიშნავი კვირაა ახალი პროექტების დასაწყებად და მკაფიო მიზნების დასახვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას და ფიზიკურ აქტივობას.

სასწორი

ამ კვირაში სასწორმა უნდა მიაქციოს ყურადღება ურთიერთობებს. იყავით ღია დიალოგისთვის და მზად იყავით კონფლიქტების მოსაგვარებლად. სამსახურში მიჰყევით დეტალებს და თავიდან აიცილეთ გაუგებრობა. ფრთხილად გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს.

მორიელი

მორიელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სულიერ და ემოციურ ზრდას. ივარჯიშეთ მედიტაციასა და რელაქსაციაში. შეიძლება დაგჭირდეთ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა, ამიტომ იყავით ღია კომუნიკაციისთვის.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პირად ურთიერთობებზე. ყურადღება მიაქციეთ ოჯახს და მეგობრებს. სამსახურში ფრთხილად იყავით და არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

თხის რქა

თხის რქებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კარიერას. კარგი კვირაა ახალი პროფესიული კავშირების დასამყარებლად და თქვენს ამბიციებზე მუშაობისთვის. პირად ცხოვრებაში იყავით უფრო გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის.

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფინანსურ სტაბილურობას. დაგეგმეთ თქვენი ხარჯები და იყავით ეკონომიური. ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აქტივობაზე ზრუნვა.

თევზები 

ყურადღება უნდა მიაქციონ შემოქმედებითობას. ეს შესანიშნავი კვირაა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითობისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში იყავით უფრო გულწრფელი და გახსნილი.

თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად – ბიძინა ივანიშვილი

თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ასევე, როგორც ბიძნა ივანიშვილმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, “ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის:

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, “ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის. და თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ! 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე. 

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ჩვენ ნებისმიერ დროს  მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა,”- განაცხადა ბ იძინა ივანიშვილმა. 

,,ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ და ვიყოთ კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული” -კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ სამშვიდობო კურსის შენარჩუნებაა, რაც მმართველ გუნდს აქვს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ოზურგეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ისაუბრა.

„მშვიდობიანობის ჟამს ბევრს ამ ღირებულების ფასი შეიძლება ნაკლებად გვესმოდა, მაგრამ მრავალჭირნახულმა გურულმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რომ მშვიდობა განსაკუთრებული ღირებულებაა. დღეს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ქარტეხილში, რომლის შუაგულშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, ამ ღირებულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქართველებს ომისაც არასდროს შეგვშინებია და სადაც საომარი იყო ყოველთვის თავს ვწირავდით სამშობლოსთვის, მაგრამ ნამდვილი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, არასდროს გაწირავს საკუთარ სამშობლოს ვიღაცის გეოპოლიტიკური ან საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, საქართველოს მოსახლეობა ერთ მუშტად შეკრული აკეთებდა საერთო საქმეს.

„დღესაც ეს ჟამი დგას, მეგობრებო. ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ, კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინაპრები, ისე ჩვენც შევძლებთ გაერთიანებას. ქუდზე კაცი გამოვა ამ არჩევნებზე მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიახ, მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია – ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს,”- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება იქნება შესაძლებელი

კვირას, 1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.

ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

,,ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი”- ირაკლი კობახიძე

„ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „სირცხვილიამ“ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და კარგია, თქვენ იცით, რომ „სირცხვილია“ იყო იმ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლითაც ხდებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაპროტესტება და საბოლოო ჯამში, მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის, მათ შორის, კანონი არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს. ეს დაადასტურა გუშინ საკუთარი პირით „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა. რაც მოხდა დღეს, ესეც ძალიან საინტერესოა. თქვენ იცით, რომ ორგანიზაცია „სირცხვილია“ თავად არის საქართველოში ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი და გუშინ ისინი თავად გახდნენ ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი, ამის გამო მოუწიათ იმ გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც გუშინ მიიღეს. აქედან ჩანს, რა მძიმე ძალაა ის ძალა, რომელსაც უწევს საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იდეოლოგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. სიძულვილი, აგრესია, ფაშიზმი, ეს არ არის საქართველოსთვის მისაღები მოვლენა. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდა აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“, არის სწორედ ეს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი, სიძულვილი, აგრესია, ქართველებისთვის ეს არ არის შინაგანად მისაღები მოვლენა“, – განაცხადა პრემიერმა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.  

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები უკვე წლებია არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს, თუმცა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.

ეთიკის კოდექსში გაწერილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი, ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის  კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა მოაწერეს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს სრულად დაკომპლექტების შემდეგ მოაწერენ.

,,საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები” – პრემიერი

ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ” დაამობილიზა​„იურიდიული ელიტა”, თუმცა პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომლებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები 

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ” დაამობილიზა​საკუთარი „იურიდიული ელიტა”, თუმცა იქ პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომელებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები და მათი არგუმენტები. 

„გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები და მგონია, კიდევ უფრო მძიმე წუთები და საათები ელოდებათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს, ერთი მიზეზი არის ის, რომ სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ” კანონი და მეორე, აშკარად დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით. ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე. 

დეტალებში ვერ ვიქნები ჩართული, მე არ ვარ პარლამენტის წარმომადგენელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე დეტალურად იყო განხილული ვფიქრობ, ეს იყო იდეალური გადაწყვეტილება. იმ  შემთხვევაში, თუ მეორე მხარესაც იქნებოდნენ პოლიტიკოსები, რეალურად ეს განხილვა გადავიდოდა სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში, მაშინ როდესაც უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ჭრილში ამ საკითხის განხილვა, სწორედ იმ პირობებში, როდესაც სამართლებრივად იქნა განხილული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოში, პირწმინდად დამარცხდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა” სამ ახალგაზრდა გონიერ და კომპეტენტურ იურისტთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება”- ბიძინა ივანიშვილი

გასულ დღეებში ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ისტორიულად ამაყობს როგორც რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, ისე მართლმადიდებლობით, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა, ამასთან, მოქმედი კონსტიტუციური სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს, შესაბამისად, მმართველი გუნდის ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახოს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მტკიცედ სჯერა, დამაჯერებელი გამარჯვების და ქვეყნის უკეთესი მომავლის.

„ძვირფასო გურულებო, თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს! ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!“ – განაცხადა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.