Home Blog Page 56

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 2 სექტემბრის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 2 სექტემბრის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს.

საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაიმართება. პროექტი იმავე კვირას განსახილველად სესიაზე გავა.

პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: – პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

“სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.

ამნისტია არ შეეხება: – მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი, 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდება.

მმართველი უმრავლესობა “ამნისტიის შესახებ“ პროექტის მეორე-მესამე მოსმენით განხილვას და მიღებას საშემოდგომო სესიის ფარგლებში გეგმავს.

თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას – მამუკა ხაზარაძე

თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისინი ემხრობიან კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიაჩნიათ, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს.

„12 წელია “ქართული ოცნება” და ბიძინა ტყუილში აცხოვრებს ჩვენს მოქალაქეებს. 100 ქარხნის აშენებით, თითო სოფელში 5 მილიონის დარიგებით, უფასო ფულით, ტარიფების განახევრებითა და კიდევ უამრავი ცრუ დაპირებით მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება და ახლა ეკლესიის თემით უნდათ მანიპულირება.

აქვე ვიტყვი, საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც იარსებებს!

დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა კონსტიტუციური შეთანხმებით – კონკორდატის საშუალებით რეგულირდება. ამ მოლაპარაკებასა და დოკუმენტის შექმნაში მეც აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, რითაც ვამაყობ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი, კონსტიტუციის შემდეგ.

თუ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით. თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება.

ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს “ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.

არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და “ოცნებაა” რომლის სუს-ი უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის “კრებსებს” ასაჯაროებს“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

Wizz Air-ის რომი-ქუთაისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა

კომპანია Wizz Air-ის რომი-ქუთაისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რეისის მგზავრები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, 75 წლამდე ქალი შეუძლოდ ფრენის დროს გახდა.

მომხდარის გამო რეისი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაეშვა და ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა.

ისრაელმა ღაზაში კიდევ 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბში იპოვეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.

„პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს „ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ მივაღწევდით. ცხედრები იპოვეს რაფაჰში ბრძოლის დროს გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ ფარჰან ალ-ქადი გადავარჩინეთ,” – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად, დაახლოებით, 250 ადამიანი აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 158 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათგან 2 – დედაქალაქ მოსკოვის თავზე და 7 – მოსკოვის ოლქის თავზე.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 – ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 – რიაზანის ოლქში.

აღსანიშნავია, რომ წუხელ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების გაშვებასა და მიღებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

ამასთან, მოსკოვის ოლქის სამხრეთით მდებარე კაშირის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელმა, მიხაილ შუვალოვმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ 1-ელი სექტემბრის ღამეს კაშირის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამი დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, აბონენტებს ელექტროენერგია რეგულარულად მიეწოდება“, – დაწერა შუვალოვმა.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში მდებარე კონაკოვსკაიას სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.

1-ელ სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება – იუსტიციის სახლი

კვირას, 1-ელ სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.

ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა.

პროცესი, სადაც სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ენათმეცნიერს, მარინე ბერიძეს მოუსმინეს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ჩატარებულ ლინგვისტურ კვლევაზე ისაუბრა და უპასუხა როგორც მხარეების, ისე მოსამართლეთა კითხვებს.

ასევე, მოსამართლეების კითხვებს უპასუხა მოსარჩელე და მოპასუხე მხარემ, რის შემდეგაც მათ ერთმანეთსაც დაუსვეს შეკითხვები. სხდომის ბოლოს, თითოეულმა მათგანმა სასამართლოს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.

გუშინ კი სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოუსმინა.

როდის მიიღებს და გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საკუთარ გადაწყვეტილებას სარჩელების არსებითად განხილვის თაობაზე, ჯერ უცნობია.

დღევანდელი სხდომის დასასრულს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ განმარტა, რომ “სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით”.

1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ კვირაში ვერძმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პირად ურთიერთობებზე. შესაძლოა, ახალი ადამიანები გაიცნოთ. იყავით ღია კომუნიკაციისთვის და გამოხატეთ თქვენი გრძნობები. სამსახურში შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და აუცილებლად დაასრულეთ მიმდინარე პროექტები.

კურო

ამ კვირაში კუროებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. აქტუალური იქნება სპორტი და ჯანსაღი კვება. ფინანსებში იყავით ფხიზლად და მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში იყავით უფრო ტოლერანტული და ყურადღებიანი.

ტყუპები

ამ კვირაში ტყუპებისთვის ყურადღება გამახვილდება განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე. იფიქრეთ კურსებში ან სემინარებში მონაწილეობაზე. ოჯახურ ურთიერთობებში განიხილეთ დიდი ხნის დავიწყებული საკითხები და ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს.

კირჩხიბი

უნდა აიღოს ინიციატივა სამსახურში. ალბათ გაჩნდება ახალი შესაძლებლობები კარიერული ზრდისთვის. კოლეგებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური ურთიერთობა. პირად ცხოვრებაში იყავით ღია ახალი ნაცნობობისთვის.

ლომი

ამ კვირაში ლომებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ფინანსურ უსაფრთხოებას. დაგეგმეთ თქვენი ბიუჯეტი და მოერიდეთ ხარჯვას. სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით უფრო მგრძნობიარე პარტნიორის საჭიროებების მიმართ.

ქალწული

ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ მიზნებსა და გეგმებს. ეს შესანიშნავი კვირაა ახალი პროექტების დასაწყებად და მკაფიო მიზნების დასახვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას და ფიზიკურ აქტივობას.

სასწორი

ამ კვირაში სასწორმა უნდა მიაქციოს ყურადღება ურთიერთობებს. იყავით ღია დიალოგისთვის და მზად იყავით კონფლიქტების მოსაგვარებლად. სამსახურში მიჰყევით დეტალებს და თავიდან აიცილეთ გაუგებრობა. ფრთხილად გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს.

მორიელი

მორიელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სულიერ და ემოციურ ზრდას. ივარჯიშეთ მედიტაციასა და რელაქსაციაში. შეიძლება დაგჭირდეთ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა, ამიტომ იყავით ღია კომუნიკაციისთვის.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პირად ურთიერთობებზე. ყურადღება მიაქციეთ ოჯახს და მეგობრებს. სამსახურში ფრთხილად იყავით და არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

თხის რქა

თხის რქებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კარიერას. კარგი კვირაა ახალი პროფესიული კავშირების დასამყარებლად და თქვენს ამბიციებზე მუშაობისთვის. პირად ცხოვრებაში იყავით უფრო გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის.

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფინანსურ სტაბილურობას. დაგეგმეთ თქვენი ხარჯები და იყავით ეკონომიური. ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აქტივობაზე ზრუნვა.

თევზები 

ყურადღება უნდა მიაქციონ შემოქმედებითობას. ეს შესანიშნავი კვირაა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითობისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში იყავით უფრო გულწრფელი და გახსნილი.

თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად – ბიძინა ივანიშვილი

თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ასევე, როგორც ბიძნა ივანიშვილმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, “ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის:

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, “ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის. და თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ! 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე. 

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ჩვენ ნებისმიერ დროს  მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა,”- განაცხადა ბ იძინა ივანიშვილმა. 

,,ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ და ვიყოთ კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული” -კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ სამშვიდობო კურსის შენარჩუნებაა, რაც მმართველ გუნდს აქვს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ოზურგეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ისაუბრა.

„მშვიდობიანობის ჟამს ბევრს ამ ღირებულების ფასი შეიძლება ნაკლებად გვესმოდა, მაგრამ მრავალჭირნახულმა გურულმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რომ მშვიდობა განსაკუთრებული ღირებულებაა. დღეს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ქარტეხილში, რომლის შუაგულშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, ამ ღირებულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქართველებს ომისაც არასდროს შეგვშინებია და სადაც საომარი იყო ყოველთვის თავს ვწირავდით სამშობლოსთვის, მაგრამ ნამდვილი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, არასდროს გაწირავს საკუთარ სამშობლოს ვიღაცის გეოპოლიტიკური ან საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, საქართველოს მოსახლეობა ერთ მუშტად შეკრული აკეთებდა საერთო საქმეს.

„დღესაც ეს ჟამი დგას, მეგობრებო. ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ, კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინაპრები, ისე ჩვენც შევძლებთ გაერთიანებას. ქუდზე კაცი გამოვა ამ არჩევნებზე მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიახ, მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია – ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს,”- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება იქნება შესაძლებელი

კვირას, 1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.

ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

,,ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი”- ირაკლი კობახიძე

„ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „სირცხვილიამ“ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და კარგია, თქვენ იცით, რომ „სირცხვილია“ იყო იმ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლითაც ხდებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაპროტესტება და საბოლოო ჯამში, მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის, მათ შორის, კანონი არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს. ეს დაადასტურა გუშინ საკუთარი პირით „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა. რაც მოხდა დღეს, ესეც ძალიან საინტერესოა. თქვენ იცით, რომ ორგანიზაცია „სირცხვილია“ თავად არის საქართველოში ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი და გუშინ ისინი თავად გახდნენ ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი, ამის გამო მოუწიათ იმ გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც გუშინ მიიღეს. აქედან ჩანს, რა მძიმე ძალაა ის ძალა, რომელსაც უწევს საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იდეოლოგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. სიძულვილი, აგრესია, ფაშიზმი, ეს არ არის საქართველოსთვის მისაღები მოვლენა. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდა აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“, არის სწორედ ეს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი, სიძულვილი, აგრესია, ქართველებისთვის ეს არ არის შინაგანად მისაღები მოვლენა“, – განაცხადა პრემიერმა.