Home Blog Page 55

 ხარკოვში რუსეთის ტერორის შესაჩერებლად საკმარისია მსოფლიო ლიდერების სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია დასაცავად -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული მხარის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რა დროსაც 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტი დაჭრილია. სამაშველო ოპერაციისთვის ყველა საჭირო ძალაა მობილიზებული და ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. ამისთვის საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალები, არამედ საკმარისია ლიდერების სიმამაცე – სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია თავის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. სავარაუდოა, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

 სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, დავიცავით გიგა ოჩხიკიძის უფლებები, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც -რატი იონათამიშვილი 

სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, დავიცავით გიგას უფლებები, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე, უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ , – წერს რატი იონათამიშვილი.

როგორც ცნობილია, გიგა ოჩხიკიძის შედეგები მოროკოს და ირანის დელეგაციებმა გაასაჩივრეს და ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. თუმცა, ქართულმა დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

https://www.facebook.com/rati.ionatamishvili/posts/10234920921513695?ref=embed_post

ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა

ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა. როგორც ისრაელის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დავიდმა განაცხადა, 2 სექტემბერს, ისრაელში ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გაიმართება.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ღაზის სექტორში დაკავებული მძევლების გათავისუფლებას.

„მე მოვუწოდებ ისრაელის ხალხს, გამოვიდეს ქუჩებში და ყველა ორგანიზაცია შეუერთდეს გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

ბარ-დავიდის თქმით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება „პოლიტიკური შეხედულებების გამო“ ჭიანურდება.

„ჩვენ აღარ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა. მიუღებელია, რომ ისრაელელებს კლავენ ღაზის გვირაბებში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

იმ დაწესებულებებისა და ობიექტების სრული სია, რომლებიც 2 სექტემბერს შეწყვეტენ მუშაობას, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ისრაელის მედიის ცნობით, გაფიცვას სავარაუდოდ შეუერთდებიან ჯანდაცვის დაწესებულებები, აფთიაქები, თავდაცვითი საწარმოები, საკვების მწარმოებელი ქარხნები. ასევე, ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიხურება ბენ-გურიონის აეროპორტი.

„თაიმ ოფ ისრაელის“ ცნობით, ამ წუთებში ისრაელის პარლამენტთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, დათანხმდეს ღაზის სექტორში ცევხლის შეყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

აქციის პარალელურად ქნესეთში მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღეს ღაზის სექტორში კიდევ ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მძევლების ცხედრები სამხედროებმა 31 აგვისტოს საღამოს იპოვეს ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის რაიონში, სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში ჩაიწერება საქართველოს კონსტიტუციაში.

„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: [ჩანაწერში] „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირველი შეთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია,

„პირველი შემოთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ამაღლებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს შემოთავაზებაც არანაირად არ გულისხმობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამენაირად შეზღუდვას მათი მხრიდან.

თუკი ეს სტატუსი მისაღები იქნებოდა, ამავე დროს ჩაიწერებოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი – ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია, რადგან ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს კონსტიტუციური შეთანხმების სახით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის – უნიკალურია“, – აღნიშნა ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერის განცხადებით, 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ. ხოლო ეკლესიის მხრიდან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯღამაიძე და თავად პროტოპრესვიტერი ესწრებოდნენ.

ამ ტერორის შესაჩერებლად საჭიროა საკმარისი გამბედაობა მსოფლიო ლიდერებისგან – მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა უკრაინის დასახმარებლად.

„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა ჩაერთოს. ეს მოითხოვს არა ექსტრაორდინალურ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან – გამბედაობას, რომ უკრაინას მისცენ ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ხარკოვზე 10-მდე დარტყმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში მილი მეჯლისის (პარლამენტის) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 29.49 პროცენტი შეადგინა.

კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დასრულდება. პოტენციური ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 6 421 960-ს შეადგენს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად 112 749 ადგილობრივი დამკვირვებელი დარეგისტრირდა. მათგან 65 000-ზე მეტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია. ამასთან, რეგისტრირებულია 598 საერთაშორისო დამკვირვებელი.

შეგახსენებთ, 28 ივნისს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

რუსეთი კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას უკვე პასუხობს – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი უკვე პასუხობს და გააგრძელებს პასუხის გაცემას კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”პასუხის გაცემა, ფაქტობრივად, უკვე ხდება, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა? თქვენ ხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ მოქმედებებს, უდავოა, რომ ისინი გაგრძელდება, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 1294 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორის 100 დასახლებულ პუნქტს, აკონტროლებს და ტყვედ რუსეთის 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი.

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი. მიუხედავად იმისა,  რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლიანად და გამჭვირვალედ აირჩია, კეთდება მანიპულაციური განცხადებები, 

თითქოს ახალარჩეული წევრები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და ისინი არ იქნებიან საკუთარი საქმიანობის პროცესში ობიექტურები.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები პროფესიული ნიშნით არიან არჩეული და მათი არჩევის პროცესი იყო უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უზრუნველყოფილი იყო კონკურსანტებთან გასაუბრება ლაივ რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო თვალყური ედევნებინა ამ პროცესისთვის.

სახეზეა რეალობა, როცა დაინტერესებული მხარეების მიერ წინასწარ ხდება ასარჩევი, ან ახალარჩეული წევრების სტიგმატიზაცია, მხოლოდ იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი საჯარო სამსახურში მუშაობს, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ცალსახად აზიანებს საარჩევნო გარემოს. კანონმდებლობა საჯარო მოხელეს არ უკრძალავს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრობას, ამ ადამიანების შეფასება კი მხოლოდ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობით უნდა მოხდეს. დაინტერესებული მხარეების მხრიდან წინსწრებით ამ ადამიანების და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია კი შესაძლოა იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა არც თუ ისე მაღალია.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს ყველა საარჩევნო მოხელეს, მაგრამ თუკი იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის დარღვევის შემთხვევა, რა თქმა უნდა, ექნება მყისიერი, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება. აქვე გვინდა შევახსენოთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა ერთნაირად მოეთხოვება საარჩევნო კომისიების ნებისმიერ წევრს ყველა დონეზე, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულს. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტის ასამაღლებლად, ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში 263 კანდიდატი მონაწილეობდა და მათგან 219, სახელობითი კენჭისყრით, ძირითადად 10-11 ხმით აირჩიეს. რაც ადასტურებს, რომ არჩეულ წევრებს ჰქონდათ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების მხარდაჭერა.

აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრების გამოცდილების შესახებ. ბოლო 5 საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:

  • საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება აქვს 211 კომისიის წევრს – 96 %.
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება 74 კომისიის წევრს – 34 %.
  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება აქვს 176 კომისიის წევრს – 80 %.
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება აქვს  106 წევრს – 48 %
  • საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 2020 წელს 116 კომისიის წევრს – 53 %, 2023 და 2024 წლებში 29 წევრს 13%

მოცემული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებად არჩეული არიან დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც კანონით არის განსაზღვრული და შეზღუდვებს ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებისთვის. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესთან დაკავშირებით გამოთქმული შეფასებები არის მანიპულაციური, უსაფუძვლო და ემსახურება პროცესის დისკრედიტაციას.

ასევე შეგახსენებთ, რომ ცხადდება კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად და როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეები კვლავ ცდილობენ ამ პროცესის დისკრედიტაციასაც. გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადოთ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.

ცესკოში 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 27 პარტიაა რეგისტრირებული.

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოსთვის მომართვის ვადა განსხვავებული იყო. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის იქნება სასარგებლო – მეუფე დავითი

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო, – ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სინოდის წარმომადგენლებს მთავრობის წევრებთან შეხვედრა და კონსულტაცია არ ჰქონიათ.

„კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა, საუბრობდა და ჩვენ, სინოდის თითქმის ყველა წევრი, უბრალოდ, ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება კათოლიკოს – პატრიარქისა და სინოდის ყველა წევრის მიერ არ იქნა მიღებული, რადგან ჩვენ უფრო უკეთესი და მაღალი თანამშრომლობის და შეთანხმების ფორმა გვაქვს, რაც არის კონსტიტუციური შეთანხმება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო. ეს ორივე მხარემ კარგად გავიაზრეთ, გავაანალიზეთ, დავინახეთ და ამის შემდეგ, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება იქნება შესატანი ამაზე ალბათ უფრო ინტენსიური და ხშირი შეხვედრები შედგება და რა ფორმასაც მიიღებს ჩასწორებული ვერსია, მას გავეცნობით და ამის შემდეგ ჩაიწერება და გამოცხადდება ყველას გასაგონად.

რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ ჩვენ სახელმწიფოსთან კარგ თანამშრომლობას მომავალშიც, რაც ახლაც გვაქვს და იმედი გვაქვს რომ ის შესწორება იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისათვის სასარგებლო“, – განაცხადა მეუფე დავითმა.

ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს.

„ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს – დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნებით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს შუამავლებთან შეთანხმების მისაღწევად, „ჰამასი“ აგრძელებს მტკიცე უარის თქმას ნებისმიერ შეთავაზებაზე. უარესიც, სწორედ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, „ჰამასმა“ მოკლა ჩვენი ექვსი მძევალი. მას, ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს. მიუხედავად ამისა, ისრაელის მთავრობა ვალდებულია, და პირადად მე ვალდებული ვარ, გავაგრძელოთ შეთანხმების მიღწევის მცდელობა, რომელიც დააბრუნებს ჩვენს ყველა მძევალს და უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებასა და არსებობას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე გვირაბში აღმოაჩინეს.

არც „სირცხვილიას“ მიმართ წაყრუებით წახალისებულ ვანდალიზმზე იგრძნობს ვინმე პასუხისმგებლობას, არადა, წესით, კეთილსინდისიერი დონორი თავისი ხელით გაწმენდდა პარლამენტის კედელს – შალვა პაპუაშვილი

რახან სიტყვამ მოიტანა, ჩემსასაც ვიტყვი. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის შენობაზე საღებავით გაკეთებული წარწერა “სირცხვილიას” მორიგი, “ევროპული ღირებულებებით” გამსჭვალული აქტი ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპაში, ამ ფაქტს ვანდალიზმი ჰქვია, „ამ ვანდალიზმის მიზეზი კი ის წაყრუებაა, რომელიც “სირცხვილიას” ძალადობაზე და ტერორზე მისი ევროპელი და ამერიკელი დონორებისგან უკვე წლებია გრძელდება“.

„სირცხვილიას“ გარშემო ატეხილ ვირტუალურ ჩაქოლვას და მის შედეგს ჰყავს მხოლოდ ერთი დამნაშავე – უპასუხისმგებლო დონორი.

და რახან სიტყვამ მოიტანა, ჩემსასაც ვიტყვი. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის შენობაზე საღებავით გაკეთებული წარწერა “სირცხვილიას” მორიგი, “ევროპული ღირებულებებით” გამსჭვალული აქტი ყოფილა.

ეს “საგმირო” საქმე, რომლითაც ევროკავშირიდან დაფინანსებულმა “სირცხვილიას” აქტივისტმა, ფაქტობრივად, იქვე, რუსთაველზე, სასტიკად დაამარცხა რუსული ოკუპაცია, მალევე აიტაცა ასევე ევროკავშირიდან დაფინანსებულმა ონლაინმედიამ და აი, უკვე მერამდენედ, ერთად იზეიმეს ეს ისტორიული გამარჯვება ვირტუალური საქართველოს უკიდეგანო სივრცეში.

რა თქმა უნდა, არავინ უთხრა ქართველ ხალხს, რომ ახლა, ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ადამიანის ვანდალიზმი, ქართველი ხალხის ფულით უნდა გაწმენდილიყო ქართველი ხალხის პარლამენტის შენობიდან, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ენჯეოების მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორების თანხები დონორებს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვთ.

ევროპაში, რომელიც ზოგს მხოლოდ თავისთვის უნდა, ამას ვანდალიზმი ჰქვია. ამ ვანდალიზმის მიზეზი კი ის წაყრუებაა, რომელიც, “სირცხვილიას” ძალადობაზე და ტერორზე, მისი ევროპელი და ამერიკელი დონორებისგან უკვე წლებია გრძელდება.

წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა ბრიუსელში რეგისტრირებული ენჯეო:

– რომელიც აწარმოებდა კამპანიას, რომ თუ საქმე მოითხოვს მოლოტოვის კოქტეილიც შეგიძლია ესროლო ბელგიელ პოლიციელს და ცოცხლად დაწვა;

– ბრიუსელში ჩავიდოდნენ და ამ 21-ე საუკუნის აუტოდაფეს კამპანიაში მონაწილეობას მიიღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები;

– ამ ორგანიზაციის წევრებს მოეპოვებინათ და გაესაჯაროებინათ ევროპარლამენტარების და კომისიონერების პირადი მობილური ნომრები და თავად სისტემატურად დაერეკათ მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის და ეტერორებინათ;

– ამ ორგანიზაციის წევრები პერიოდულად მოგვეწვია და პარლამენტსა და მთავრობაში ოფიციალური შეხვედრები გაგვემართა;

– დეზინფორმაციის გავრცელებაზე, სოცმედიაში არაავთენტური ქცევის კოორდინირებაზე, სიძულვილი ენაზე და სხვა “წვრილმანზე” აღარაფერს ვამბობ.

როგორ ფიქრობთ, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხს მოსთხოვდა?

“სირცხვილიას” შემთხვევაში ეს ყველაფერი უკვე წლებია ხდება. ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებით და ევროპელი პოლიტიკოსების და ბიუროკრატების ჩართულობით. თუმცა, არც ევროპელ პოლიტიკოსებს და არც ბიუროკრატებს არ უნდათ ამაზე პასუხისმგებლობის აღება.

ამიტომ, არც ამ წაყრუებით წახალისებულ ვანდალიზმზე იგრძნობს ვინმე პასუხისმგებლობას.

არადა, წესით, კეთილსინდისიერი დონორი მოვიდოდა და თავისი ხელით გაწმენდდა პარლამენტის კედელს. თუმცა, ამას ევროპელობა სჭირდება. ისეთი, როგორიც ქართველები ვართ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.