Home Blog Page 54

პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ეუბნებიან, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამ“, წარმოუდგენელია როგორ ტყუილებს კადრულობთ – კახა კალაძე

საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ეუბნებიან, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამ“. წარმოუდგენელია როგორ ტყუილებს კადრულობთ. სხვა პარტიებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 270 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“.

„როგორც თბილისის მერმა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თბილისელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. თბილისის ყველა რაიონში, აბსოლუტურად ყველა უბანში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

აქაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ეუბნებიან, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამ“. წარმოუდგენელია როგორ ტყუილებს კადრულობთ და როგორი მცდელობა გაქვთ, რომ საზოგადოება მოატყუოთ. თუმცა გეუბნებით, რომ სხვა პარტიებთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 270 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გპირდებით, რომ გავუფრთხილდებით თქვენს ნდობას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ ქალაქისა და ქვეყნის შენებას. ვერავინ და ვერაფერი, ვერანაირი ბოროტი ძალა და რადიკალიზმი ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის განვითარებას, ამ ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ზამთარში შეიძლება კაცმა თოვლის გუნდა არ განდოთ, რა ქვეყნის მართვაზეა საუბარი?! – კახა კალაძე

როგორ უნდა განდოთ თქვენ ხალხმა ქვეყანა, ზამთარში შეიძლება კაცმა თოვლის გუნდა არ განდოთ, რა ქვეყნის მართვაზეა საუბარი?! – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მარცხი საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალა.

„თქვენ ყველასა და ყველაფერს დააბრალეთ არჩევნებში მარცხი, წაგება საკუთარი თავების გარდა. არავინ გამოსულა და არ გითქვამთ, რომ თქვენ პრობლემები გქონდათ და ამის გამო განიცადეთ მარცხი. ყველას და ყველაფერს დააბრალეთ… ამომრჩეველს აგინებთ… თქვენს საკუთარ ამომრჩეველს აყენებთ შეურაცხყოფას. GEN –Z-იმ წაგვაგებინა არჩევნებიო და ახალგაზრდებს აგინებდით. წარმოუდგენელია ეს თქვენი დამოკიდებულება და იმიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, სადაც დღეს იმყოფებით. საქართველოში ბოროტება, სიყალბე, სიბინძურე, რასაც თქვენ კადრულობთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და მას არანაირი მომავალი არ აქვს. ჩვენი მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, სამართლიანი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის მართვა მიანდოს ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელ ადამიანებს.

რა ქვეყნის მართვაზეა… როგორ უნდა განდოთ თქვენ ხალხმა ქვეყანა, ზამთარში შეიძლება კაცმა თოვლის გუნდა არ განდოთ, რა ქვეყნის მართვაზეა საუბარი?!

ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ბოროტებით და იმ სიბინძურით, რასაც თქვენ კადრულობდით მთელი ამ კამპანიის და თქვენი მოღვაწეობის პერიოდში – ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დოკუმენტი პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შეფასებებს მოიცავს – ევროკომისია დღეს გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი, სტეფან დე კეერსმაიკერი ავრცელებს.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, გაფართოების ანგარიში გაფართოების პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შეფასებებს მოიცავს.

ანგარიშს ოფიციალურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წარადგენს.

ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაური მისალოც წერილში აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზებას.

`ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავს და გისურვებთ თქვენ და მოძმე თურქ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას. მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზებას. მადლიერი ვარ თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ. ვსარგებლობ შემთხვევით და ვადასტურებ საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობას საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მეტად გაღრმავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ძალისხმევა მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ინიციატივები ქმნიან მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გულთბილად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღეს! – შალვა პაპუაშვილი

დიდი პატივია თურქეთის რესპუბლიკის დღის 101-იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა. ეს დღე თურქი ხალხის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს და, ასევე, ეროვნული დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და დემოკრატიის მყარი ღირებულებების აღიარებაა,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და თურქეთს ხანგრძლივი ურთიერთობა, კულტურული გაცვლებისა და საერთო ინტერესების ისტორია აკავშირებთ.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მომენტიდან, საქართველო და თურქეთი ერთმანეთს გვერდში უდგანან, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.

,,ფასდაუდებელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქეთის ურყევი

მხარდაჭერა, ისევე როგორც თურქეთსა და მის ხალხთან ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საქართველოს ერთგულება.

ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ადასტურებს ურთიერთ პატივისცემის ძალას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისადმი ერთგულებას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდა, რადგან ჩვენ ავაშენეთ ხიდები, რომლებიც ყველა შესაძლო მიმართულებით აკავშირებს ჩვენს ხალხებს. დღეს ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროს

მოიცავს: ვაჭრობას, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას და სხვა მრავალ მიმართულებას,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება ერების საკეთილდღეოდ.

,,ძალიან ვაფასებთ საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის მტკიცე კავშირებს. ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს ნაყოფიერი სამუშაო ურთიერთობა, მეგობრული კავშირები

და

ღირებული კომუნიკაცია აქვთ ყველა დონეზე. მზად ვართ, არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, ხელი შევუწყოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ჩვენი ქვეყნები, ასევე, იზიარებენ მშვიდობისა და სტაბილურობისადმი მისწრაფებას, როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე, რეგიონში. ჩვენი საერთო სურვილია, ვიხილოთ უსაფრთხო, კარგად დაკავშირებული და განვითარებული შავი ზღვის რეგიონი. დაინტერესებულები ვართ ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელებით. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ამ ფასდაუდებელი რეგიონული პროექტების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია შემდგომი სტრატეგიული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და ენერგო უსაფრთხოებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტნიორობა გააგრძელებს განვითარებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გულთბილად ვულოცავ თურქ ხალხს ამ ისტორიულ დღესასწაულს. დაე, თურქეთის რესპუბლიკამ გააგრძელოს განვითარება და ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო გაძლიერდეს.

გმადლობთ. თურქ ხალხს ვულოცავ რესპუბლიკის დღეს!,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი მტრის მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი, ნაიმ ქასემი ქვეყნის მტრების მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ გამოცემა IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მასუდ პეზეშკიანის მტკიცებით, დღევანდელ კონტექსტში ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ჩაგრული პალესტინელი ერის მხარდაჭერა ისტორიული მნიშვნელობისაა.

”დარწმუნებული ვარ, რომ „ჰეზბოლას“ სათავეში ისეთი ნათელი ფიგურის არსებობა, როგორიც თქვენი აღმატებულებაა, გააძლიერებს სურვილს წინააღმდეგობის ველზე“, – განაცხადა პეზეშკიანმა.

შეგახსენებთ, „ჰეზბოლამ“ დაღუპული მეთაურის, ჰასან ნასრალას შემცვლელად დაჯგუფების ხელმძღვანელის მოადგილე, ნაიმ ქასემი აირჩია. ქასემი, რომელიც „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე იყო, დაჯგუფების ლიდერის მოვალეობებს მას შემდეგ ასრულებდა, რაც ისრაელმა გასულ თვეში ბეირუთში ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 ოქტომბერს ქუთაისში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +16 იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +12, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

კვლავ გრძელდება იმგვარი ვიდეოების ვირუსულად გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს არასწორი აღქმები, ნუ გაავრცელებთ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე -ცესკო

სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს არასწორი აღქმები, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ინფორმაცია მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებსა თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს საზოგადოებას უკვე გავაცანით ინფორმაცია ხელვაჩაურის მე-16 უბნის აპარატის წინასწარი შედეგების ამონაწერის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევა 2 263 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნიდან მხოლოდ შვიდ შემთხვევაშია. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ შვიდ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ორი ან სამი მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის ინფორმაციის კონსოლიდაცია (დაჯამება) და გამოიგზავნა ცესკო-ს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა. ამასთანავე, ყველა ტექნოლოგიურ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლა და შესაბამისი ოქმების განთავსება, რაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მისი გაცნობის. საკითხის იდენტიფიცირებისთანავე, შესაბამისმა კომისიებმა მყისიერად განახორციელეს ყველა მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და პროცედურების დაცვით ამონაწერის გადმოგზავნა ცესკო-ში. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ, უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით, ცესკო არ ახორციელებს ვებგვერდიდან მის წაშლას და ჩანაცვლებას. ყველა ინფორმაცია რჩება ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება ანგარიშების სრულად კონსოლიდირებული საბოლოო ვერსიების დამატებით ატვირთვას, ხაზგასასმელია, რომ, ჩვენი პარტნიორი ვენდორი ორგანიზაციის „სმარტმატიკის“ შესაბამისი დადასტურების გარეშე, მხოლოდ ცესკო ვერავითარ მონაცემს ან ინფორმაციას ვერ შეცვლის. შესაბამისად, წინასწარი შედეგების ანგარიშებთან და ოქმებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ორმაგი დადასტურებით, რის გამოც სრული კონსოლიდირებული ვერსიების განთავსდა ვენდორის მხრიდან შესაბამისი დადასტურების შემდგომ. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ დღეს 73 საარჩევნო ოლქში განხორციელდა წილისყრით გამოვლენილი 367 უბნის შედეგების გადათვლა. ასევე, ხვალ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა საარჩევნო უბნების გადათვლები. ამის შედეგად, ცხადია, შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს მონაცემები, რაც მიიღება საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებით, აიტვირთება ზემოთ ნახსენები პროცედურის შესაბამისად და თავისთავად ინფორმაციაც განახლდება ცვლილებების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ, კითხვების შემთხვევაში მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტებები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ვიქტორ ორბანს, უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია-ირაკლი კობახიძე

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

„უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ვაფასებთ უნგრეთის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში. ერთად ვაფართოებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ვაძლიერებთ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. მადლობას ვუხდი უნგრეთს, ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის“, – წერს კობახიძე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 28-29 ოქტომბერს საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაძაბული და სტრესული დღეა. დილიდან უამრავი წვრილმანი საკითხის მოგვარებას ცდილობთ. ეცადეთ, წარუმატებლობა გულთან ახლოს არ მიიტანოთ და უმნიშვნელო პრობლემებზე არ ინერვიულოთ. ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ, დრო უფრო სასიამოვნო საქმეებზე დახარჯოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.

კურო

კონკურენტებთან დებატებზე დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამ დღეს ჯანმრთელობის კონტროლი მნიშვნელოვანია. ნუ გადაიღლებით, მუშაობის დროს ხანმოკლე შესვენებები საშუალებას მოგცემთ, რომ ძალები აღიდგინოთ. თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, შეგიძლიათ თამამად აიღოთ სესხები – დღეს ასეთი ოპერაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ყოველდღიური რუტინული დავალებების შესასრულებლად შესაფერისი დღეა. ეცადეთ, გამონახოთ დრო სამუშაო მაგიდის მოწესრიგებისა და დაგროვილი გადასახადების გადასახდელად. დაასრულეთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. ახალი შთაბეჭდილებების ძებნის გამო საეჭვო შეთავაზებებს ნუ დათანხმდებით – დაუჯერეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს. დიდი შანსია, რომ უახლოეს ხანებში გავლენიანი მფარველი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი

თუ შეცდომა დაუშვით, ნუ ეცდებით მის დამალვას. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველა დაფარული გაცხადდება და ყველა ყველაფერს გაიგებს. შესაძლოა, კონკურენტებთან მწვავე დისკუსიებში ჩართვა და საკუთარი თვალსაზრისის დაცვა მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ლომი

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ – ვარსკვლავები სიურპრიზებს გიმზადებენ, რომლებიც შესაძლოა, არ მოგეწონოთ. სამუშაო პროცესში არსებობს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნისთვის. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოთ და რჩევები აძლიოთ. ამან შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს.

ქალწული

თქვენი კომუნიკაბელურობა და პიროვნული ხიბლი რთული საკითხების გადაჭრაში, მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში დაგეხმარებათ. ამ დღეს ინტუიციამ შეიძლება გიღალატოთ და იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ. მარტოხელა ქალწული საღამოს ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდება, რომელიც მალე მისი ცხოვრების ნაწილი გახდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თავი შეიკავეთ შემწვარი და ცხიმიანი კერძების მიღებისგან.

სასწორი

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. შეიძლება ფულადი პრემია ან დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. საქმიანი მოლაპარაკებისას დათმობით იმაზე მეტს მოიგებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საღამოს ვიღაც საინტერესო იდეას მოგაწვდით, რომელიც მალე ძალიან დაგეხმარებათ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგი ახლობელის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ.

მორიელი

საინტერესო შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით სავსე, წარმატებული და ხელსაყრელი დღეა. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, ამიტომ გამუდმებით ყურადღების ცენტრში ხართ. ამ დღეს იმპულსურად მოქმედება არ გამოგადგებათ. ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევები. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემებმა, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ, ისევ თავი იჩინონ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

მშვილდოსანი

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, პასუხისმგებლობას და გამჭრიახობას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს. დროა, ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს უანგაროდ დაგეხმარნენ, სიკეთით გადაუხადოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ. არავის მისცეთ უფლება, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს დაგაჩქაროთ ან თავისი აზრი თავზე მოგახვიოთ. ახლობელ ადამიანს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდება. საღამოს საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი გელით, რომელიც ბევრ ბუნდოვან საკითხს ნათელს მოჰფენს.

მერწყული

გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხის მოგვარება დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ, სადილის შემდეგ კი მთელი ძალისხმევა ადრე შესრულებული სამუშაოს შემოწმებისკენ მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად საყვარელი ადამიანი თქვენს სიმშვიდეს და თავშეკავებას უყურადღებობად მიიჩნევს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს.

თევზები

დღე შესანიშნავია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენი ერთ-ერთი იდეა მალე წარმატებით განხორციელდება. კარგი პერიოდია მეგობრებთან ერთად ხანმოკლე მოგზაურობისთვის – ასეთი დღეები წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგტოვებთ. უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, არ გადაიღალოთ და ეგზოტიკურ საკვებს ერიდეთ.

პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება -თენგო თევზაძე

არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ გადაცემაში „ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“ განაცხადა.

„პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, რადგან ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის. ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა. ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ მათი მხარდამჭერების სტატისტიკა ძალიან მაღლა ასწიეს და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.