Home Blog Page 54

კვლავ გრძელდება იმგვარი ვიდეოების ვირუსულად გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს არასწორი აღქმები, ნუ გაავრცელებთ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე -ცესკო

სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს არასწორი აღქმები, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ინფორმაცია მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებსა თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს საზოგადოებას უკვე გავაცანით ინფორმაცია ხელვაჩაურის მე-16 უბნის აპარატის წინასწარი შედეგების ამონაწერის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევა 2 263 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნიდან მხოლოდ შვიდ შემთხვევაშია. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ შვიდ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ორი ან სამი მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის ინფორმაციის კონსოლიდაცია (დაჯამება) და გამოიგზავნა ცესკო-ს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა. ამასთანავე, ყველა ტექნოლოგიურ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლა და შესაბამისი ოქმების განთავსება, რაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მისი გაცნობის. საკითხის იდენტიფიცირებისთანავე, შესაბამისმა კომისიებმა მყისიერად განახორციელეს ყველა მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და პროცედურების დაცვით ამონაწერის გადმოგზავნა ცესკო-ში. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ, უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით, ცესკო არ ახორციელებს ვებგვერდიდან მის წაშლას და ჩანაცვლებას. ყველა ინფორმაცია რჩება ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება ანგარიშების სრულად კონსოლიდირებული საბოლოო ვერსიების დამატებით ატვირთვას, ხაზგასასმელია, რომ, ჩვენი პარტნიორი ვენდორი ორგანიზაციის „სმარტმატიკის“ შესაბამისი დადასტურების გარეშე, მხოლოდ ცესკო ვერავითარ მონაცემს ან ინფორმაციას ვერ შეცვლის. შესაბამისად, წინასწარი შედეგების ანგარიშებთან და ოქმებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ორმაგი დადასტურებით, რის გამოც სრული კონსოლიდირებული ვერსიების განთავსდა ვენდორის მხრიდან შესაბამისი დადასტურების შემდგომ. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ დღეს 73 საარჩევნო ოლქში განხორციელდა წილისყრით გამოვლენილი 367 უბნის შედეგების გადათვლა. ასევე, ხვალ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა საარჩევნო უბნების გადათვლები. ამის შედეგად, ცხადია, შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს მონაცემები, რაც მიიღება საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებით, აიტვირთება ზემოთ ნახსენები პროცედურის შესაბამისად და თავისთავად ინფორმაციაც განახლდება ცვლილებების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ, კითხვების შემთხვევაში მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტებები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ვიქტორ ორბანს, უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია-ირაკლი კობახიძე

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

„უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ვაფასებთ უნგრეთის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში. ერთად ვაფართოებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ვაძლიერებთ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. მადლობას ვუხდი უნგრეთს, ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის“, – წერს კობახიძე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 28-29 ოქტომბერს საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაძაბული და სტრესული დღეა. დილიდან უამრავი წვრილმანი საკითხის მოგვარებას ცდილობთ. ეცადეთ, წარუმატებლობა გულთან ახლოს არ მიიტანოთ და უმნიშვნელო პრობლემებზე არ ინერვიულოთ. ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ, დრო უფრო სასიამოვნო საქმეებზე დახარჯოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.

კურო

კონკურენტებთან დებატებზე დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამ დღეს ჯანმრთელობის კონტროლი მნიშვნელოვანია. ნუ გადაიღლებით, მუშაობის დროს ხანმოკლე შესვენებები საშუალებას მოგცემთ, რომ ძალები აღიდგინოთ. თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, შეგიძლიათ თამამად აიღოთ სესხები – დღეს ასეთი ოპერაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ყოველდღიური რუტინული დავალებების შესასრულებლად შესაფერისი დღეა. ეცადეთ, გამონახოთ დრო სამუშაო მაგიდის მოწესრიგებისა და დაგროვილი გადასახადების გადასახდელად. დაასრულეთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. ახალი შთაბეჭდილებების ძებნის გამო საეჭვო შეთავაზებებს ნუ დათანხმდებით – დაუჯერეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს. დიდი შანსია, რომ უახლოეს ხანებში გავლენიანი მფარველი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი

თუ შეცდომა დაუშვით, ნუ ეცდებით მის დამალვას. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველა დაფარული გაცხადდება და ყველა ყველაფერს გაიგებს. შესაძლოა, კონკურენტებთან მწვავე დისკუსიებში ჩართვა და საკუთარი თვალსაზრისის დაცვა მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ლომი

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ – ვარსკვლავები სიურპრიზებს გიმზადებენ, რომლებიც შესაძლოა, არ მოგეწონოთ. სამუშაო პროცესში არსებობს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნისთვის. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოთ და რჩევები აძლიოთ. ამან შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს.

ქალწული

თქვენი კომუნიკაბელურობა და პიროვნული ხიბლი რთული საკითხების გადაჭრაში, მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში დაგეხმარებათ. ამ დღეს ინტუიციამ შეიძლება გიღალატოთ და იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ. მარტოხელა ქალწული საღამოს ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდება, რომელიც მალე მისი ცხოვრების ნაწილი გახდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თავი შეიკავეთ შემწვარი და ცხიმიანი კერძების მიღებისგან.

სასწორი

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. შეიძლება ფულადი პრემია ან დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. საქმიანი მოლაპარაკებისას დათმობით იმაზე მეტს მოიგებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საღამოს ვიღაც საინტერესო იდეას მოგაწვდით, რომელიც მალე ძალიან დაგეხმარებათ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგი ახლობელის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ.

მორიელი

საინტერესო შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით სავსე, წარმატებული და ხელსაყრელი დღეა. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, ამიტომ გამუდმებით ყურადღების ცენტრში ხართ. ამ დღეს იმპულსურად მოქმედება არ გამოგადგებათ. ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევები. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემებმა, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ, ისევ თავი იჩინონ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

მშვილდოსანი

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, პასუხისმგებლობას და გამჭრიახობას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს. დროა, ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს უანგაროდ დაგეხმარნენ, სიკეთით გადაუხადოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ. არავის მისცეთ უფლება, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს დაგაჩქაროთ ან თავისი აზრი თავზე მოგახვიოთ. ახლობელ ადამიანს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდება. საღამოს საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი გელით, რომელიც ბევრ ბუნდოვან საკითხს ნათელს მოჰფენს.

მერწყული

გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხის მოგვარება დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ, სადილის შემდეგ კი მთელი ძალისხმევა ადრე შესრულებული სამუშაოს შემოწმებისკენ მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად საყვარელი ადამიანი თქვენს სიმშვიდეს და თავშეკავებას უყურადღებობად მიიჩნევს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს.

თევზები

დღე შესანიშნავია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენი ერთ-ერთი იდეა მალე წარმატებით განხორციელდება. კარგი პერიოდია მეგობრებთან ერთად ხანმოკლე მოგზაურობისთვის – ასეთი დღეები წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგტოვებთ. უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, არ გადაიღალოთ და ეგზოტიკურ საკვებს ერიდეთ.

პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება -თენგო თევზაძე

არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ გადაცემაში „ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“ განაცხადა.

„პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, რადგან ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის. ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა. ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ მათი მხარდამჭერების სტატისტიკა ძალიან მაღლა ასწიეს და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა -ჯო ბაიდენი

თეთრო სახლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა. ბაიდენი ასევე მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, რომ მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა.

„აშშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგა ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში ბოლო დროს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის, „რუსული კანონების“ მსგავსი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ამცირებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცეს.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ მიიჩნიეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დაიწყოს დაუყოვნებელი, ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰელსინკის კომისია საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს”.

“დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელიც მესამე მხარეებმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა შეაგროვეს, სისტემურ დარღვევებზე მიანიშნებს, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, რამაც გავლენა იქონია არჩევნების პატიოსნებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნათლად განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები თაღლითურია და ხაზი გაუსვა რუსეთის დახვეწილ ძალისხმევას ჩარეულიყო არჩევნებში და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის გამოეთხარა ძირი.

როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს დაიცვას საკუთარი დემოკრატია”, – ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

დატვირთული დღე საქართველოში, როგორც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მშვიდობის მხარეს დავდექით -ვიქტორ ორბანი

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დატვირთული დღე საქართველოში. როგორც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მშვიდობის მხარეს დავდექით“, – წერს ვიქტორ ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 28-29 ოქტომბერს საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

“თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მაშინ კამალა ჰარისი კომუნისტია”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მაშინ კამალა ჰარისი კომუნისტია” (ავტორი – ტიმ სტენლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტერიული სტადიის მოწმენი ვხდებით, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ქვეყნის ისტორიაში. ვისაც კარგი მახსოვრობა აქვს, ალბათ, იმას გაახსენდება, თუ როგორ წვავდა წიგნებს სარა პეილინი, ხოლო მით რომნი აცხადებდა, რომ შავკანიანებს ბორკილებს დაადებდა. ამჯერად დონალდ ტრამპის შესახებ, თეთრი სახლის აპარატის უფროსმა გამაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი როცა პრეზიდენტი იყო, თურმე პირადულ საუბრებში ჩიოდა – რატომ არ მყავს ისეთი გენერლები, როგორიც ადოლფ ჰიტლერს ჰყავდაო. კამალა ჰარისმა დაუყოვნებლივ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა – აი, ხედავთ, დონალდ ტრამპს ისეთი ადამიანები მოსწონს, რომლებმაც მილიონობით ებრაელი გაანადგურესო“,
სინამდვილეში ექს-პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა, რომ მას სურს კომპეტენტური და ლოიალური გენერლები ჰყავდეს, თუმცა ეს უფრო ბედის ირონიას ჰგავს, თუ გავიხსენებთ, რომ რაიხსფიურერის მოკვლა იმავე „ლოიალურ“ გენერლებს ჰქონდათ განზრახული. და მაინც იმის თქმა, რომ „დონალდ ტრამპი ფაშისტია“, ეს დიდი ზედმეტობა და გადაჭარბება იქნებოდა.

დიახ, ამერიკული არჩევნები სავსეა პარადოქსული მომენტებით. ზოგიერთი თვლის, რომ ამჟამინდელი არჩევნები ყველაზე მეტად ამაზრზენია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში დაბუდებული უცხო ვირუსს წარმოადგენს… მაგრამ ისინი ივიწყებენ იმას, რომ ოდესღაც თეთრ სახლში შედიოდნენ ქურდებიც, მონათმფლობელებიც, ზნედაცემულები და ომის გამჩაღებლებიც. მათ ფონზე დონალდ ტრამპი ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტს წარმოადგენს.

როცა ამბობენ, რომ რესპუბლიკელებმა „უოტერგეიტი“ და ერაყის ომი მოგვიწყვესო, მაშინ ისიც გაიხსენონ, რომ დემოკრატებმა ვიეტნამი და ჯონ ედვარდსთან დაკავშირებული სკანდალი მოაწყვეს. პოლიტიკა იგივე რჩება, როგორიც ყოველთვის იყო. თუ რაიმე [ნეგატიურად] შეიცვალა, ეს უფრო ისტორიულ განათლებაზე ითქმის: თანამედროვე პოლიტიკოსების უმრავლესობა, როგორც ჩანს, დღევანდელი მოვლენებით ცხოვრობს და ერთადერთი, თუ რაიმეს შესახებ რაღაცის თქმა შეუძლიათ, მეორე მსოფლიო ომი და მისი ფიურერი წარმოადგენს. აბა, როდის გაიგონეთ უკანასკნელად, რომ რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის ოპონენტს იულიუს ცეზარი ან ნაპოლეონ ბონაპარტი უწოდა?
მემარცხენეები, რომლებიც თავიანთი განათლების მწირ რეზერვებს იყენებენ, ცხოვრების არსს ჰიტლერსა და არაჰიტლერს შორის აპოკალიპტური არჩევანის გაკეთებაში ხედავენ და ის ადამიანები, რომლებიც მათ 100%-ით არ ეთანხმებიან, ან პროჰიტლერები არიან, ან ჰიტლერის იდეებს იზიარებენ. გასულ კვირას კამალა ჰარისმა თემატური აქცია ჩაატარა – „აბორტი – ეს ჯანმრთელობაა“. აქციაზე გამოსულმა ცნობილმა ექიმებმა – თეთრ ხალათებში გამოწყობილებმა – დაამოწმეს, რომ დონალდ ტრამპს ამერიკის გადაქცევა სურს ისეთ ქვეყნად, როგორიც სერიალ „მსახურის მოყოლილ ზღაპარშია“ – გამოგონილ ტოტალიტარულ და რელიგიურ-თეოკრატიულ სახელმწიფოდ. ეს სრული აბსურდია. დიახ, ექს-პრეზიდენტს სურს აბორტების ნებადამრთველი კანონი გააუქმოს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ აბორტის გაკეთება არ შეიძლება. ეს ქალების უფლებაა. დონალდ ტრამპი აბორტების საერთოეროვნულ დონეზე აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის.

ადოლფ ჰიტლერი ბოროტების განსახიერებას წარმოადგენდა, ეს უდავოა. მაგრამ განა იოსებ სტალინიც იგივენაირი არ იყო? და თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია (თუმცა ეს, ვიმეორებთ, აბსურდია), მაშინ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დემოკრატები, რომლებსაც სოციალური ქსელების გაკონტროლება სურთ და ზემოდან კულტურული რევოლუციის განხორციელებას გვპირდებიან, კომუნისტები არიან? ვისგან გადაიღეს ლიბერალმა პოლიტიკოსებმა მკაცრი კარანტინის მოწყობა? „წითელი ჩინეთისაგან“. ესე იგი, შეიძლება თუ არა შევრაცხოთ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი „ახლადმოვლენილ მაო ძედუნად?
რა თქმა უნდა, არსებობს შედარებით უფრო ცინიკური მიდგომა ფენომენის – „ვინც მე არ მეთანხმება, ის ჰიტლერია“ – მიმართ: კამალა ჰარისი სწორედ ასე აკეთებს. მას ავიწყდება, რომ რადგან იგი თვითონ ახლოს დგას მარქსიზმთან [მამამისი ეკონომისტი იყო, რომელიც მარქს-ენგელსურ ეკონომიკას სწავლობდა) შეიძლება კომუნისტად შერაცხონ.

ისტორიკოსი ვიქტორ დევის ჰენსონი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ასე აღწერს: ის ვინც ლექციას სხვას განგებ არასწორად უკითხავს, საკუთარი თავის მავნებელია“. იგი იხსენებს აშშ-ის ისტორიაში მომხდარ ერთ-ერთს ფაქტს: როდესაც 1833 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის მე-7 პრეზიდენტს ენდრიუ ჯექსონს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, მისი წინამორბედი, აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი ჯონ ქუინსი ადამსი კოლეგის საზეიმო ცერემონიაზე არ მივიდა. ‘არა, მე არ მოვალ. მე არ მსურს დავინახო, რომ ცემი საყვარელი უნივერსიტეტი დოქტორის წოდება ბარბაროსს და ბელურს ანიჭებს, რომელსა საკუთარი სახელის ასოებით წარმოთქმა არ შეუძლია“.

როცა ცერემონიის დროს სტუდენტებმა ენდრიუ ჯექსონს ლათინურ ენაზე დაუსვეს კითხვა, მან ინგლისურ ენაზე უაპასუხა: „ერთადერთი ლათინური გამოთქმა, რომელიც მე ვიცი, ესაა E Pluribus Unum („ერთი მრავალთაგან“ – აშშ-ის დევიზი, რომელიც თავდაპირველად მიუთითებდა 13 დამოუკიდებელი კოლონიის ერთ გაერთიანებულ სახელმწიფოდ ინტეგრაციას). სტუდენტები აღფრთოვანებულები დარჩნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

უკრაინა ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის -The Economist

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინა ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის, – წერს ბრიტანული გამოცემა The Economist-ი.

გამოცემა ამერიკულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ვეღარ შეძლებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას სერიოზული რისკების გარეშე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოკროვსკის შენარჩუნება მოახერხეს, ფრონტის სხვა მონაკვეთებში რუსეთი არღვევს უკრაინის თავდაცვას.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემა არა იმდენად ტერიტორიის დაკარგვაა, რამდენადაც უკრაინული ძალების რაოდენობისა და ხარისხის მუდმივი შემცირება.

„უკრაინული ქვედანაყოფები საკმარისად დაკომპლექტებულნი არ არიან. მძიმე დანაკარგებია“, – წერს სტატიის ავტორი.

„ამავდროულად, აშშ-ში განწყობა სულ უფრო პესიმისტურია. პენტაგონში დაგეგმარებაში მონაწილე პირები ამბობენ, რომ 2023 წლის დასაწყისში არსებულმა ამბიციებმა ტერიტორიების დაბრუნების ან რუსეთის მოლაპარაკებისკლენ იძულების თაობაზე ადგილი დაუთმო მარცხის თავიდან აცილების სურვილს“, – წერს The Economist-ი.

როდესაც ილია დარჩიაშვილი, ჩემი კარგი მეგობარი ბოლოს იმყოფებოდა ბუდაპეშტში, ხელი მოვაწერეთ ინვესტიციათა ორმხრივი დაცვის ხელშეკრულებას – პიტერ სიიარტო

როდესაც მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ჩემი კარგი მეგობარი, ბოლოს იმყოფებოდა ბუდაპეშტში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციათა ორმხრივი დაცვის ხელშეკრულებას, ეს კი თავის მხრივ იძლევა შესაბამის ლეგალურ ჩარჩოს საქართველოში უნგრული ინვესტიციებისთვის, – განაცხადა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

წამყვანმა მას უნგრეთ – საქართველოს ურთიერთობების შესახებ ჰკითხა.

„მთავარი პროექტი გახლავთ მწვანე ენერგო დერეფნის პროექტი, ამ პროექტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. ეს ოთხმხრივი თანამშრომლობა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით – ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ეს ეხება როგორც ეგრეთწოდებულ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენერგომომარაგების მრავალფეროვნების გაზრდას.

მოხარულნი ვართ ამ ერთობლივი პროექტის წამოწყების. მოგვწონს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მისასალმებელია სხვა სახელმწიფოების ინტერესიც. სასიხარულოა, რომ გაგვიჩნდა შესაძლებლობა, ამ რეგიონში წარმოებულ მწვანე ენერგიას ცენტრალურ ევროპაში გამოვიყენებთ, შესაბამისად ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია.

ასევე აღსანიშნავია, რომ უნგრული ავიახაზები, „ვიზეარი“, ქართულ საავიაციო კომერციულ ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „ვიზეაერი“ სამოქალაქო ავიაციის ადგილობრივ ბაზარზე ლიდერია, ეს ყველაფერი კი ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მშვენიერ საფუძველს ქმნის. როდესაც მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ჩემი კარგი მეგობარი, ბოლოს იმყოფებოდა ბუდაპეშტში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციათა ორმხრივი დაცვის ხელშეკრულებას, ეს კი თავის მხრივ იძლევა შესაბამის ლეგალურ ჩარჩოს საქართველოში უნგრული ინვესტიციებისთვის, უკვე შერჩეულია სფეროები-ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, წყლის მართვა. ამ სფეროებში უნგრული მხარის გამოცდილება, საქართველოში შესაძლოა შესაბამისად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა სიიარტომ.

თუ არჩევნები ლიბერალებმა არ მოიგეს, მაშინ მთელი ეს სისტემა არადემოკრატიულად ცხადდება. დემოკრატია ხალხის ნების ასრულებას გულისხმობს და არა ბრიუსელისა და ლიბერალების გამოგონილი მოლოდინების – პიტერ სიიარტო

უნგრეთის ხელისუფლებაში უკვე 14 წელია, რაც ვართ და ამ 14 წლის განმავლობაში ჩვენც ამავე სახის კრიტიკის სამიზნე ვართ, ყოველდღიურად. გასაგებია, რომ ლიბერალიზმი დღევანდელი სახით, ცდილობს მართოს საერთაშორისო პოლიტიკა, – განაცხადა საქართველოში სტუმრად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ინტერვიუს წამყვანმა ლეო სიხარულიძემ მას შემდეგი შინაარსის კითხვა დაუსვა: დავიწყებ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თქვენს მიერ გაკეთებული განცხადების ციტირებით: „არაფერი ახალი არ მომხდარა, შაბათ დღეს საქართველოში გაიმარჯვა არა ბრიუსელისთვის და ლიბერალური მეინსტრიმისთვის სასურველმა ძალამ, არამედ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ოჯახური ღირებულებების დამცველმა ძალამ. პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც ღიად მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
ეუთო/ოდირის წინასწარი, დადებითი შეფასების მოუხედავად, ლიბერალთა აშკარა მარცხის ფონზე, დაიწყო ნაცნობი თავდასხმები ცესკოზე, განცხადებები რომელთა თანახმადაც არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, თითქოს საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“ – თუ შეიძლება მეტი რომ გვითხრათ.

პიტერ სიიარტოს განცხადებით, ლიბერალების ხელწერა უცვლელია და ეს ამ შემთხვევაშიც დადასტურდა.

„მათ ლექსიკონში დემოკრატია საკმაოდ უცნაურად ითარგმნება, დემოკრატია მათი აზრით, განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ იმით, მართავს თუ არა ქვეყანას ლიბერალი, ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური სისტემა მათთვის დემოკრატიულია. თუ საქმე ლიბერალურ პარტიასთან არ აქვთ, თუ არჩევნები ლიბერალებმა არ მოიგეს, მაშინ მთელი ეს სისტემა არადემოკრატიულად ცხადდება. ჩვენ მათი ეს მიდგომა უნდა გავაცნობიეროთ, დიდ ყურადღებასაც ნუ მივაქცევთ, ჩვენს პასუხისმგებლობას მივხედოთ. ამომრჩევლის სურვილებისა და მოლოდინების ასრულებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ვინაიდან დემოკრატია სწორედ ხალხის ნების ასრულებას გულისხმობს და არა ბრიუსელისა და ლიბერალების გამოგონილი მოლოდინების.

ლიბერალთა ეს რეაქცია მოსალოდნელი გახლდათ, მე ხომ ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებს ვესწრები. დაახლოებით 3, 4 თვის წინ თქვენ ამ სხდომაზე თავს დაგესხნენ. საქართველოს დაესხნენ თავს, პარლამენტის მიერ მიღებული ორი კანონის გამო. კანონისთვის, რომელიც თქვენს სუვერენიტეტს იცავს და კანონისთვის, რომელიც იცავს ოჯახებს. ამ ორი კანონის მიღების მიზეზით ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მძიმედ შემოგიტიათ. მხოლოდ მე და ჩემი სლოვაკი კოლეგა გიცავდით, მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობდით თქვენს სასიკეთოდ, დანარჩენები თქვენს წინააღმდეგ წავიდნენ, განსაკუთრებით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის სახელმწიფოები.

მე ვიცი, რომ ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ჰქონდათ ძალიან უსიამოვნო და ვიტყოდი უტაქტო ვიზიტი თბილისში. ხელისუფლების სტუმართმოყვარეობით ისარგებლეს და შემდეგ პირდაპირ ანტისამთავრობო აქციას შეუერთდნენ, ამას კორექტულ ქცევად ვერ შევაფასებთ, გნებავთ სამართლიან მიდგომად.

სწორედ ამგვარი თავდასხმები უკვე დიდი ხანია, უნგრეთზეც ხდება, მაგრამ ხომ ხედავთ – აქ ვართ, წინ მივდივართ, მოსახლეობა მხარს გვიჭერს და დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში სწორედ ეს არის მთავარი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის მეთაურს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარე შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.