Home Blog Page 53

საქართველოსთვის კრემლთან დაახლოება გარდაუვალი ხდება – Deutcshe Welle

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutcshe Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოსთვის კრემლთან დაახლოება გარდაუვალი ხდება“ (ავტორი – ივან პრეობრაჟენსკი, პოლიტიკური მიმომხილველი ბერლინიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოძიებისაკენ მოუწოდა. თავის მხრივ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პროკურატურას თხოვნით მიმართა, რომ გამოკვლეული იქნას სავარაუდო გაყალბების ფაქტები. თითქოსდა მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს: გამოდის, რომ რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშ არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია დასავლეთის წინაშე დათმობაზე წავიდა და შეიძლება რაიმე შეიცვალოს – არჩევნების შედეგების თვალსაზრისით, ოპოზიციის სასარგებლოდ. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. როგორც საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, თვითონ ოპოზიციაა დამნაშავე სიტუაციის გამწვავებაში, რომელიც მოსახლეობას საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებს. სავარაუდო დამნაშავეთა რიცხვს ემატება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც თვლის, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტიის გამარჯვება რუსეთისადმი დამონებას, კრემლისადმი დამორჩილებას ნიშნავს.

როგორი სცენარებით შეიძლება მოვლენების განვითარება?

სცენარი პირველი: კომპრომისი რუსეთის გარეშე

„ქართული ოცნების“ განცხადება გამარჯვებაზე (თუმცა მმართველმა პარტიამ ვერ მიაღწია საკონსტიტუციო უმრავლესობას – 150-წევრიან პარლამენტში 75 ადგილი ვერ მიიღო) საქართველოში ისეთ სიტუაციას ქმნის, რომელსაც თითქმის ჩიხური ხასიათი აქვს. ოპოზიცია და პრეზიდენტი დარწმუნებულნი არან, რომ არჩევნები გაყალბებულია. ამაზე პრაქტიკულად პირდაპირი ტექსტით ლაპარაკობენ დასავლეთშიც, მაგრამ იმის შანსები, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურად იღებს მკაცრ შენიშვნებს და არჩევნების შედეგების კორექტირებას მოახდენს, პრაქტიკულად არ არსებობს. თუ მთავრობის წარმომადგენელთა არჩევნებისწინა განცხადებებს გავითვალისწინებთ, რომ ყველა მისი ოპონენტი ქვეყნისა და ხალხის მტერია, მმართველმა პარტიამ კომპრომისებზე წასვლის ყველა გზა თვითონვე გადაიკეტა.

არადა, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი შექმნილი რთული სიტუაციიდან სწორედ კომპრომისია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი შუამდგომლობით – ეს იქნება „შინაური“, ვთქვათ, ოპოზიციონერი პრეზიდენტი (მაგრამ მაინც ხელისუფლების წარმომადგენელი) თუ „გარეული“ – დასავლეთის სახით – უნგრელი ლიდერი ვიქტორ ორბანი და ვთქვათ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ამგვარ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება თავდაპირველად ყველაზე თვალშისაცემი დარღვევა-გაყალბების გამოვლენა და მათი ნეიტრალიზება, შემდეგ არჩევნების შედეგების გადახედვა (კორექტირება) და ისეთი ახალი პარლამენტის ჩამოყალიბება, რომელშიც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია და ბოლოს, მოხდება კოალიციური მთავრობის შექმნა – ოპოზიციის მონაწილეობით.  თუმცა ეს მხოლოდ ოპტიმისტური სცენარია, ვითარება კი პესიმისტურია: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია და მისი ოპონენტები ასეთი ვარიანტზე დათანხმდებიან. ასეთ დროს ვერც დასავლური „რეკომენდაციებიც“ ვერ მოახდენს რაიმე გავლენას.

სცენარი მეორე: ხელისუფლების  ძალისმიერი გადანაწილება

კომპრომისის ალტერნატივად ითვლება ოპოზიციის მცდელობა ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს, რომლის შედეგად „ქართული ოცნება“ გაყალბებას აღიარებს, ძალაუფლებას დათმობს და მთავრობა გადადგება. ასეთი სიტუაცია შესაძლებელია მხოლოდ გარედან განხორციელებული ძლიერი გავლენით და შიგნიდან ორგანიზებული მასობრივი პროტესტებით, მაგრამ ამისათვის საკმარისი სოციალური წინამძღვრბი და მიზეზები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. თავის მხრივ, მმართველი პარტია ხელისუფლებას არასგზით არ დატოვებს, რადგან იცის: ასეთი ალტერნატივა მისთვის ემიგრაციასა და საპყრობილეს ნიშნავს.

ამასთან, ამგვარი სცენარის დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მასობრივი პროტესტები თუ მართლაც დაიწყება, ეს იქნება შესაძლებლობა არამარტო პროდასავლური ოპოზიციისათვის, არამედ პრორუსული ძალებისთვისაც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში მოხვედრა ვერ შეძლეს. საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში „პრორუსულობა“ მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აქვს მონოპოლიზებული, მას უჭირავს ხელში კრემლთან ურთიერთობის ძაფები და გარკვეულ ლავირებას ცდილობს, რომ რუსეთის სრულ მორჩილებაში არ აღმოჩნდეს.

სცენარი მესამე: სავარაუდო თხოვნა კრემლს – დაგვეხმარეთ…

მოდით, ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ:

„ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ ოპოზიციასთან ძალადობბრივ დაპირისპირებაში მარცხდენა. ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტები ჩამოშლის პირასაა, სიტუაცია თანდათან არასტაბილური ხდება. მიმართავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი დასახმარებლად თავის რუს პარტნიორებს? და შეეცდება თუ არა რუსეთი ისარგებლოს საქართველოში შექმნილი არასტაბილური სიტუაციით, როგორიც ეს ყაზახეთის 2022 წლის იანვრის მოვლენების დროს მოხდა? ასეთი ვარიანტის რეალიზებას შეუძლია საქართველოს ხელისუფლება მთლიანად რუსეთზე დამოკიდებულად გადააქციოს, როგორც ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს მოუვიდა 2020 წელს.

მაგრამ კიდევ უფრო სახიფათოა უკრაინული სცენარი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს აშინებდა და რომელიც შეიძლება რეალური გახდეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში. შეიძლება ეს არ იყოს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია (როგორც უკრაინაში 2022 წელს), მაგრამ სრულიად შესაძლებელია 2014 წლის მსგავსი აგრესია, რომელიც უკრაინის იმდროინდელი ხელისუფლების კიევიდან დონის როსტოვში გაქცევით გამოიხატა. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი მომენტი შეიძლება დამატებითი ტერიტორიის წართმევით გამოიხატოს.

სცენარი მეოთხე: დიქტატურა კრემლზე დაყრდნობით

რუსეთისათვის, რასაკვირველია, შეიძლება ასეთი სცენარიც მომგებიანი იყოს: ბიზინა ივანიშვილი ხელისუფლებას თავის პირობების მიხედვით ინარჩუნებს – კომპრომისებისა და სერიოზული პროტესტების გარეშე. ასეთ სიტუაციაში, ერთი შეხედვით, თბილისს შეუძლია ლავირება გააგრძელოს: „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე (და მით უმეტეს, მოსკოვის პირობებზე) არ განახლდება. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამ შემთხვევაშიც არ რჩება სხვა გზა, თუ არა ის, რომ იგი იძულებული გახდება კრემლში თავდახრილი მივიდეს. საქართველოს იზოლირება აშშ-სა და ევროკავშირისაგან – ისევე როგორც ევროინტეგრაციის შანსების დაკარგვა – თითქმის გარდაუვალია. უკვე ახლავე ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა სწრაფად იკვეცება. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ეს პოლიტიკას ეხება, მაგრამ ახლო მომავალში ეკონომიკასაც შეეტყობა.

საბოლოო შედეგი: მხოლოდ ავტოკრატებთან ერთად…

ევროკავშირთან ვაჭრობის ერთადერთი ალტერნატივა არის ავტოკრატებთან – ახლო მეზობლებთან და შორეულ „მეგობრებთან“ – რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ჩინეთთან – კავშირების განმტკიცება. რუსეთან დამოკიდებულების გაუმჯობესების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულ-დასანქცირებული ტვირთების ტრანზიტი გაიზრდება, რაც დასავლურ ანტიქართულ ემბარგოს გამოიწვევს… საბოლოო ჯამში, საქართველოს რუსეთის ეკონომიკურ სატელიტად გადაიქცევა.

ამრიგად, ბიძინა ივანიშვილის წყურვილი ხელისუფლების შენარჩუნებაში საქართველოს რუსულ ხაფანგში მოხვედრას უმზადებს. როგორც ზოგიერთი თბილისელი ექსპერტი ამბობს, ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა შეიძლება დაიწყოს – ევრაზიული, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა წარსულს ჩაბარდება.

წყარო

ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა – პაპუაშვილი პრეზიდნეტზე

ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება – ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა, ხან რას ამბობს და ხან რას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები.

„სალომე ზურაბიშვილი უკვე საერთაშორისო დონეზე გახდა ცნობილი, რომ ბრალს დებს და შემდეგ მტკიცებულებებს არ წარადგენს. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანსაც მოუწია იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებთ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინოო.

იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოურ პრესას დღეში რამდენიმე ინტერვიუს აძლევს და ცილს წამებს ქართველ ხალხს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ თითქოს, მათი გაყალბებისთვის გამოყენება ხდება. ჩვეულებრივად, ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება, ერთის მხრივ ამ ინტერვიუების სახით… ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო და ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა, ხან რას ამბობს და ხან რას.

გუშინ ნახეთ, რომ ის არ აპირებს მისცეს ჩვენება. სისხლის სამართლის სისტემის ახალი განმარტება მოგვცა. ამბობს, რომ მე დავაბრალე და ეს მათი ამოცანაა, რომ გამოიძინონო. მე ვთქვი, რომ ვიღაცაა სპილო და ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახშია სპილოო. რატომ უნდა მოვიტანო რაიმე მტკიცებულებაო. ეს თქვა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც წლები იყო პარლამენტის წევრი და წლებია არის საქართველოს პრეზიდენტი. ელემენტარულ სამართლებრივ საკითხშიც ვერ ერკვევა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „კარუსელიო“, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელიო. ეს არის პირდაპირი ბრალდება. მან თქვა 17-ჯერო, არ თქვა 16, არ თქვა 18, არც 19 უთქვამს. 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ამიტომ გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? ეს ხომ არ არის ზოგადი განცხადება, ფიქრობ, რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს? თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალდება. ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები. მეორე ბრალდება იყო, რომ „ოცნებამ“, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარებაო. ხომ არ შეიძლება ასეთი ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი?!

გუშინ ვნახეთ ვიდეოპერფორმანსი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ძნელი იყო გარჩევა რაზე იყო საუბარი, მაგრამ, თითქოს ხდება რეგისტრატორის მიერ არაუფლებამოსილი პირის გატარება სიაში. სინამდვილეში, ვიდეოშიც ჩანს რა ხდება. ადამიანი არის მისული პასპორტით და არა პირადობის მოწმობით. ადამიანმა დასწამა ცილი ცესკო-ს, კომისიის წევრებს, თქვა რომ ეს უნდა გამოიძიონ, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და უარი თქვა მტკიცებულებების მიცემაზე, გამოვიდა პრესკონფერენციაზე ვითომ რაღაც მტკიცებულებები წარმოადგინა და იქაც ცილი დასწამა ყველას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფლობენ მტკიცებულებებს არჩევნებისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

ამასთან, უწყების ცნობით, პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს ვიდეო მასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

აქვე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპელ პოლიტიკოსებს თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ შეცდომა საქართველოს წინაშე და გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! – პაპუაშვილი

თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას „ტოპ ტვინების“ იმედად არის ამ ქვეყანაში, მათი დიდი შეცდომაა – ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომა საქართველოს წინაშე და გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ, ხომ?!, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს და ქართველ ხალხს აბრალებენ, თითქოს არჩევნებზე წესების დარღვევა იყო და როცა დადასტურდება რომ ეს ასე არ არის, ბოდიშსაც არ მოიხდიან.

პაპუაშვილმა ყველას მოუწოდა, აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა. მისი თქმით, ვერ გაიქცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერც იმ 1 120 000-მდე ამომრჩეველს, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს მხარი დაუჭირა.

„გუშინ ბატონი თენგო [თევზაზე] და ბატონი გრიგოლიც [გეგელია] ვნახეთ, რომელიც „ტოპ ტვინებთან“ ერთად, ტოპ IT სპეციალისტებთან ერთად, ტოპ ანალიზს აკეთებდა. ეს ხომ სირცხვილია უბრალოდ?! ამ ხალხის იმედად არიან, მათ შორის, ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მათ სხვა დროსაც გაუკეთებიათ. ასეთივე დაბრალება იყო სააკაშვილის საკითხზე. გვახსოვს უცხოელი მინისტრების, პრეზიდენტების განცხადებები ხომ?! ხომ აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება?! აი, როგორც დღეს, ხან სამი მინისტრი ერთად, ხან ცამეტი მინისტრი ერთად, ხან პრეზიდენტი, ხან ვინ და ხან ვინ აკეთებს განცხადებას და აბრალებს საქართველოს და ქართველ ხალხს თითქოს, რაღაცა წესების დარღვევა იყო. ზუსტად იგივე ხალხი, ზუსტად იგივე ევროპელები, ზუსტად იგივე დიპლომატები და ჩინოსნები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს. გვაბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და ბოდიშიც არ მოიხადეს და ახლა გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება, რომ ტყუილია. პრობლემა იმაშია, რომ არც ბოდიშს მოიხდიან, ეს ყველაფერი რომ დადასტურდება და ამასობაში ჩვენ ნერვებს დაგვაწყვეტენ, ერთმანეთს გადაგვკიდებენ, რა იცი კიდევ როგორ დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ერთმანეთთან, რა როგორ მოხდება კაციშვილმა არ იცის, მერე ხელებს დაიბანენ და შემოგვხედავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში არეულობა არის. ამ დონემდე მიიყვანენ ამ ქვეყანას და მერე ბოდიშსაც არ მოიხდიან იმის გამო, რაც მისი ქმედებით არის. ასე რომ, თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას „ტოპ ტვინების“ იმედად არის ამ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში, ეს მათი დიდი შეცდომაა. ეს შეცდომა მათ არა ერთხელ დაუშვიათ. ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომა საქართველოს წინაშე და გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ, ხომ?! ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა. ვერ გაიქცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერ გაექცევიან იმ მილიონ 120 ათასამდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს. ასე რომ, ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე – ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს – პაპუაშვილი

გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშიც აღნიშნულია.

„ევროკომისიის შეფასებით ოცდათხუთმეტი თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა თორმეტ თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი ცამეტ თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და „ენჯეოს“ სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში ოცდათხუთმეტი თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება – შალვა პაპუაშილი

ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა – ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს ეუთო/ოდირის დასკვნის რევიზია და სხვა, მაგალითად, ადგილობრივი NGO-ების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე დაყრდნობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი ამ დასკვნის ერთგული იქნება.

„დღევანდელ ბრიფინგზე მინდა ასევე მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით კვლავ დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით. პირველი საკითხი, რომელიც მათ შორის, ევროკავშირთან კავშირშია არის ის, რომ ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნას. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს აღქმას, რომ ხომ არ ხდება, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდრის დასკვნისა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი NGO-ების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე. ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის ეუთო/ოდირის მკაფიო ანგარიში და დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორს, ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

2024 წლის სექტემბერში მშპ-ს ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა – „საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

„საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლიციამ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების უკონტროლოდ ჩაყრის ფაქტზე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების:

საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

სიფრთხილის გამოჩენით საქართველოს ვკარგავთ – ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

„სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ხსენებულ დარღვევებზე დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ.

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაიღუპა 11 წლის ბავშვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34 შეადგენს. „ბიჭი, რომელიც ტერორისტმა ქვეყანამ მოკლა, 11 წლის იყო. ის ნანგრევებიდან თავის მძიმე ტრავმებითა და მრავალი მოტეხილობით ამოიყვანეს. მედიკოსები ნახევარ საათზე მეტხანს რეანიმაციულ ღონისძიებებს უტარებდნენ. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“.

ნანგრევებში მოყოლილია კიდევ ერთი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაბომბვას საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მოჰყვა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრე-მაშველები ახლაც ცდილობენ. ხანძრის საერთო ფართობი 80 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა – ბოლო ცნობები ესპანეთიდან

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულთა რაოდენობა.

დატბორილია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ვალენსიის აეროპორტში. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა, რის გამოც ათობით დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 ოქტომბერს ქუთაისში +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +11, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.