Home Blog Page 53

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7311 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1189 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1186 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა – ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ-ანა ბუჩუკური

ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა – ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა. ახლა ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის შესახებაც მალე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ეს ეტაპი, არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, უკვე გავლილი გვაქვს. გავიარეთ ეს ეტაპი და უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მთავარი ამოცანაა ნეიტრალური, არაპარტიული, არაპოლიტიკური კანდიდატების ირგვლივ მსჯელობა. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ გადასულები.

ჩვენს გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ძალიან მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად მივუყვებით და ამ გეგმას, როცა დრო მოვა, გაგაცნობთ. დანარჩენი, ვინ რას იტყვის, ერთმანეთს როგორ გალანძღავენ, ჩვენ მიმართ რა ისტერია იქნება, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 მე გაძლევთ გარანტიას, რომ არც ერთი ნაცი არცერთ უწყებაში თანამდებობაზე არ იქნება -მამუკა მდინარაძე

ბატონი ზვიადი [ხარაზიშვილი] თავისი საქმის კარგი პროფესიონალია. მე რაც ვიცი, ბატონი ზვიადი კადრების განკარგულებაში გადავიდა და თუ მისი ნება იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა შსს-ს ორგანოებიდან. მე თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, თუ თავად არ დაწერა პატაკი და არ დატოვა შსს, ის სხვა პოზიციაზე გადანაცვლდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე – „ზვიად ხარაზიშვილის შემცვლელი მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?“ – მდინარაძემ ასე უპასუხა:

„თუ ადამიანი მუშაობდა იმ პერიოდში და საჯარო სამსახურში რაღაცა პოზიციას იკავებდა, ეს ნაცობას არ ნიშნავს. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობამ საჯარო სექტორშიც კი პირწმინდად წააგო არჩევნები. ნაცების დროს რომ რაღაც თანამდებობას იკავებდა, იყო გმირი პოლიციელი და თავის სამშობლოს ემსახურებოდა, თქვენ ამ ადამიანებს გინდათ ნაცის იარლიყი მოარგოთ და ეს არ გამოგივათ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არც ერთი ნაცი არცერთ უწყებაში თანამდებობაზე არ იქნება ძალიან მალე. პიარისთვის სჭირდებოდათ – ამოარჩევდნენ ხოლმე წარმატებულ პოლიციელს, პროკურორს, საჯარო მოხელეს და აჯილდოებდნენ ხოლმე. რადგან პიარისთვის ამ ადამიანების დაჯილდოებას იყენებდნენ, ჩვენ ეს ადამიანები არსად დავნიშნოთ?“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს, შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია -მამუკა მდინარაძე

ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

„რამდენიმე წლის წინ თითოეული პოზიტიური განცხადება გვიხაროდა და თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ სენსიტიურები ვიყავით. ჩვენთვის უკვე აღმოჩენილი იყო, და შემდეგ ქართველმა ხალხმაც აღმოაჩინა, რომ თითოეული განცხადების უკან განცხადებათა ავტორების ინტერესები იმალებოდა. ეს ბუნებრივი ამბავია, ახალი არ არის. როცა საქართველო სხვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. არცერთი გერმანელის, ფრანგის, ამერიკელის და ბრიტანელის განცხადება არ გვიკვირს, სადაც უპირატესია მათივე ქვეყნის ან იმ ძალების ინტერესები, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. ეს ბუნებრივი ამბავია. თუმცა გვიკვირს საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მხარს სხვას უჭერენ და არა საკუთარ სახელმწიფოს და სამშობლოს. როცა ეს განცხადება პოზიტიურია, ეს კარგია, მაგრამ მოქმედება უფრო მთავარია.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისთვის. ასე გვჯეროდა და ასე გვინდა, მომავალშიც გვჯეროდეს. საქართველო ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. საქართველომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითაც კი დაამტკიცა, რომ ერთგულია ღირებულებებისა და მშვიდობის უპირატესი ინტერესით. სამწუხაროდ, ეს ინტერესები შეიცვალა და შემდეგ ვიღაცას მოუნდა, რომ საქართველო ომის ინტერესების თანაზიარი ყოფილიყო. ამაზე ვიღაცებს არ შევყევით და ბოლო წლების განმავლობაში „კრიტიკა“ მივიღეთ. მაშინ, როცა საუბარი იყო მშვიდობისთვის ბრძოლაზე, ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ და, სამწუხაროდ, ამ ბრძოლებში დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი ჯარისკაცები გვყავს. ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი -გიორგი ჩაკვეტაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი.

„მინდა ვისაუბრო იმ კლასიკურ ორმაგ სტანდარტებზე, რასაც გარკვეული აქტორები საქართველოში უკვე წლებია იყენებენ. თურმე, აქ პოლიციელისთვის ცეცხლის წაკიდება, შენობის გადაწვა და მასში შეჭრა შეიძლება, დასავლეთში კი – არა. თურმე, ქველმოქმედება სანქცირებადია. ამ დროს კი, სირიის ხელისუფლებას ყველა სანქცია ეხსნება. თურმე, პირბადე სახის დაფარვის გარდა სხვა ფუნქციით მხოლოდ საქართველოში გამოიყენება. თურმე, ამერიკული FARA მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს რუსული, შვედეთში კი გამჭვირვალობა აუცილებელია. უცხოური დაფინანსებით დეპუტატების შეურაცხყოფა დემოკრატიის ზეიმი ყოფილა, ხოლო გერმანიის ელჩის შეწუხება – სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე ლოგიკით, დსთ-ს წევრი მოლდოვა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო. ისევე როგორც, ნანტის მერია ბრეჟნევის დროინდელ თბილისს უფრო პლურალისტურად მიიჩნევს. ამტკიცებენ, თქვენს ქვეყანას რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობა არ უნდა ჰქონდესო და ამ დროს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები გვისწრებენ რუსეთში ღვინის ექსპორტით. მაგიდაზე ხელის ბრახუნით ითხოვდნენ რუსეთს სანქციები დაუწესეთო, რაც რეალურად ქართველი ხალხის დასანქცირება იქნებოდა, ახლა კი, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებაზეც კი საუბრობენ. უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა და ომში ჩართვა მოითხოვეს და არავის გახსენებია 2008 წელს და მანამდეც, საქართველოს მიერ გამოვლილი ბრძოლები“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის აკვანია, ხოლო ქართველი ხალხი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში.

„არასწორად შეგიფასებიათ ჩვენი საზოგადოება. დროა, საქართველოსთან მიდგომებს გადახედოთ. ან მეორე ვარიანტიც გაქვთ, დაიჯეროთ, რომ სწორად იქცეოდით და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო არჩევნებს დაელოდოთ სექტემბერში. როგორც ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: ,,ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე”. „ქართულ ოცნებას“ პოზიტიური დღის წესრიგი აქვს და ჩვენ ვაპირებთ რეფორმების ეს ტემპი შევინარჩუნოთ. სიახლეები რაც გავაჟღერეთ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რეგიონების გაძლიერებას, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი – წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი ბრუნდება და წელსაც, ივლისის დაუვიწყარ საღამოებს გპირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი ბლუზის მეფეებითაა დაკომპლექტებული და ბლუზის მსოფლიო რუკაზეც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

ლაგოდეხის ცხოვრებაში, ბლუზი უკვე აღარ არის მუსიკის შორეული ჟანრი – ის ამ ქალაქის ხმად იქცა.

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე – The Kings of Blues (აშშ) – ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.

12 ივლისს, ლაგოდეხისბლუზ ვილიჯის სცენაზე იქნებიან განუმეორებელი კლოდეტ კინგი, ლეგენდარული ბიბი კინგის ქალიშვილი და ლუკა ჯორდანო (იტალია) თავისი ბენდით.

19 ივლისს, გექნებათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოუსმინოთ ბლუზისა და სოულის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელს, ფესტივალის წლევანდელ რეზიდენტს – შანა უოთერსტოუნს. ამერიკელი ვოკალისტი და მისი ბენდი, ბლუზ ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებენ.

2 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავს სერ ვალდო უეზერსი – ვირტუოზი საქსოფონი, თავის ბენდთან ერთად.

ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო ზაფხულისთვის. ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯი კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. მსოფლიო დონის არტისტები კი, დაუვიწყარ საღამოებს გვაჩუქებენ.

ფესტივალის ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი – ლუკა კერვალიშვილი, ბლუზ ვილიჯში თქვენს ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდიან.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე ემოციური თვალსაზრისით.

თიბისის მხარდაჭერით, ფესტივალი არა მხოლოდ ინარჩუნებს ხარისხს, არამედ ხსნის ახალ სივრცეებს ბლუზის გაცნობიერებისა და გაზიარებისთვის.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

5 ივლისიდან, ბლუზ ვილიჯის კარი თქვენთვის 18:00 საათიდან გაიღება. კონცერტები კი, 20:00 საათზე დაიწყება.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში ჩატარდება.

კონცერტზე ნანისთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz.

კონცერტზე ნანი Kordz-თან ერთად მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეო“-ს ახალ ვერსიას open air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებენ.

თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის ბილეთებზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე:

შეგახსენებთ. რომ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. სულ ცოტა ხნის წინ კი შედგა, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლის პრემიერა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს – Deutsche Welle

გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს. რას ნიშნავს მოსკოვის განზრახვა სომხეთისათვის?“ (ავტორი – არშალუის მღდესიანი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პრობლემები.

„2025 წლის 16 ივნისიდან „როსსელხოზნადზორს“ განზრახული აქვს სომხეთიდან ყვავილების იმპორტი შეაჩეროს, რაც პროდუქციაში საკარანტინო მავნებლების აღმოჩენით არის განპირობებული. მხარეებს შორის აქტიური მიწერ-მოწერა მიმდინარეობს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობის საგრძნობი გაცივების ფონზე, სომხეთის დაახლოების გამო ევროკავშირთან და აშშ-სთან. არის თუ არა დაგეგმილი სანქცია ერევანზე მოსკოვის ზეწოლის გამოვლინება და როგორ გადაწყვეტენ მხარეები პრობლემას?’, – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ ამონარიდებს:

რუსეთის აკრძალვა – შანსი თუ დარტყმა სომხეთისათვის?

სომხეთიდან რუსეთში ყვავილების ექსპორტი ყოველწლიურად მატულობს: როგორც „როსსელხოზნადზორი“ იტყობინება, 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთში შეტანილი იქნა 52 მილიონი ყვავილი, რაც 49%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (34,7 მილიონი). თუმცა მიმდინარე წელს ცამეტჯერ იქნა გამოვლენილი ყვავილების დაავადება.

სომხეთის ფიტოუსაფრთხოების საინსპექციო ორგანოსა და „როსსელხოზნადზორს“ შორის მიმდინარე დისკუსიის ფონზე გაისმის სხვადასვა საექსპერტო შეფასებებიც.

სომეხი აგრარიკოსის არუთინ მნაცაკანიანის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ყვავილებით ვაჭრობის სავარაუდო აკრძალვა-შეჩერებაზე მოულოდნელი არ ყოფილა. იყო იმის ნიშნები, რომ რუსეთი შეამცირებდა ისეთი პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოება მას საკუთარ ტერიტორიაზეც შეუძლია. „რა თქმა უნდა, სომხეთის მეყვავილეობის დარგისათვის „როსსელხოზნადზორის“ გეგმები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს – შემცირდება როგორც უშუალოდ სომეხი ბიზნესმენების მიერ სათბურებში გამოზრდილი ყვავილების ექსპორტი რუსეთში, ასევე იმპორტი მესამე ქვეყნებიდან, რაც ასევე წამგებიანი იქნება სომეხი მეწარმეებისათვის“, – ამბობს არუთინ მნაცაკანიანი, – ბოლო დროს ბევრი სომეხი ბიზნესმენი გადაერთო მებოსტნეობა-მეხილეობის დარგიდან მეყვავილეობაზე“.

ტექნიკური დავაა თუ საქმე პოლიტიკაშია?

ერთი შეხედვით, საკითხი ტექნიკური დავის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც პროდუქციის ხარისხს ეხება. მაგრამ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუარესების კონტექტსში ეს ეპიზოდი უფრო ფართო პოლიტიკურ აზრს იძენს. რუსეთთან დამოკიდებულებაში გაჩენილი პრობლემების ფონზე, სომხეთი თანმიმდევრულად განამტკიცებს ურთიერთობას აშშ-სთან და ევროკავშირთან, რაც მოსკოვში გეოპოლიტიკურ შეტრიალებას განიხილება.

ამ ფონზე სანიტარული პრეტენზიები სომხეთის მიერ ხშირად აღიქმება ზეწოლის ინსტრუმენტად – როგორც სომეხი კომენტატორები აღნიშნავენ, რუსეთის მოქმედების მსგავსი პრეცედენტები წინა წლებში შეიმჩნეოდა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებით.

რა შუაშია საქართველო?

სიტუაციას დამატებით სიმწვავეს აძლევს ის ფაქტი, რომ სომხური ექსპორტი უკვე მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. ბოლო კვირეებშიგაურკვეველი რჩება სომხური ალკოჰოლური პროდუქციის ტრანზიტის საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე: კონიაკით და ღვინით დატვირთული ათობით ავტოფურა (ავტოტრაილერი) აღმოჩნდა დაბლოკილი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სომეხმა ბიზნესმენებმა კი საგრძნობი ზარალი განიცადეს. მართალია, ივნისის დასაწყისში საკითხის დარეგულირების რაღაც იმედი გაჩნდა – ქართულმა მხარემ სომხურ ავტოტრაილერებს რუსეთის მიმართულებით წასვლის ნება დართო.

სხვათა შორის, ინციდენტი მოხდა სომხეთ-საქართველოს საზღვარზეც, 6 ივნისს, როცა ქართულმა მხარემ 11 ათასი ყვავილის ტვირთი დააკავა, ფიტოუსაფრთხოების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ საქართველო სომხური ყვავილების გაყიდვის ერთ-ერთ უდიდეს ბაზრად ითვლება: 2024 წელს საქართველომ 19101 ტონა ყვავილების იმპორტი მოახდინა (11,4 მილიონი დოლრის ოდენობით), სადაც სომხეთის წილი 659 ტონა იყო (3,23 მილიონი დოლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი საქართველოსთვის ყვავილების პროდუქციის მოცულობით, მესამე ქვეყანას წარმოადგენს, თურქეთისა და ეკვადორის შემდეგ.

„საზღვარზე მომხდარი ინციდენტები მოწმობს, რომ სომხეთის საგარეო ვაჭრობა მოწყვლადია რეგიონული ფაქტორების გამო“, – აღნიშნავს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ეკონომისტი გრანტ მიქაელიანი. იგი თვლის, რომ სომეხი მეწარმეებისთვის რუსული ბაზარი მთლიანად არ დაიხურება, მაგრამ არ გამორიცხავს მიზანმიმართულ შეზღუდვებს ცალკეულ სექტორებში.

„არ ველოდები მასშტაბურ ემბარგოს ან ტოტალურ აკრძალვებს, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები ცალკეულ დარგებზე სრულიად შესაძლებელია. მათი მიზანია ზეწოლა მეწარმეებზე, რათა მათ, თავიანთი მხრივ, ერევანში მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების ლობირება მოახდინონ და არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება“, – აღნიშნა გრანტ მიქაელიანმა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს („ხარება”) რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინის მხეცური სისასტიკის პერიოდი: აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების არავითარი სურვილი არ აქვს – The Daily Telegraph

„დაიწყო ზაფხული – პუტინის მხეცური სისასტიკის პერიოდი: აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების არავითარი სურვილი არ აქვს“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი ლიზა ჰასელდინი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კრემლის არმიას უკრაინაში ზაფხულის მასშტაბური შეტევის განხორციელება აქვს დაგეგმილი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც უკრაინამ გაბედული ოპერაცია „ობობას ქსელი“ განახორციელა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურების გამო შურს იძიებდა. თუ დონალდ ტრამპს დავუჯერებთ, მისმა რუსმა კოლეგამ ყოველგვარი ყოყმანის და შეშფოთების გარეშე, მაგრამ იმავდროულად მტკიცედ თქვა, რომ იგი იძულებულია კიევის მოქმედებაზე რეაგირება მოახდინოს.

როგორც ჩანს, კრემლმა უკვე დაიწყო პასუხის გაცემა: ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის თითქმის მთელი ტერიტორია – უკიდურესი დასავლეთი როვნოს ოლქის ჩათვლით – რუსული დრონებისა და რაკეტების შეტევის ობიექტი გახდა. მოსკოვმა მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცეში ერთდროულად 479 უპილოტო საფრენი აპარატი და 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დარტყმა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ უკრაინის მეზობელი – პოლონეთიც შეშფოთდა და თავისი სამხედრო-საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა – ვაითუ რომელიმე „გზააბნეული“ რუსული დრონი ან რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზეც შემოფრინდეს და უბედურება დაატრიალოსო.

საერთოდ, მოსკოვი უკვე საკმაო ხანია სულ უფრო აძლიერებს უკრაინაზე დარტყმებს და ყოველი შეტევის დროს, დრონებისა და რაკეტების რაოდენობით, რეკორდებს ამყარებს, მაგრამ „ობობას ქსელმა“ რუსეთი გაამწარა და დაბომბვების ესკალაციისაკენ უბიძგა.

მართალია, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა წარმატებით მუშაობს და დრონებისა და რაკეტების უდიდეს ნაწილს ჰაერშივე ანადგურებს, მაგრამ ისინიც კი, რომლებიც უკრაინელ მეზენიტეებს უსხლტებიან, საკმაო ზიანს აყენებენ ქვეყნის ეკონომიკას და რაც უფრო უარესია, სამოქალაქო მოსახლეობის მორალურ სულს აქვეითებს – ადამიანები თითქმის ყოველდღიურად იძულებულნი არიან საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებს მიაშურონ და საათობით მიწისქვეშ  ისხდნენ.

მოსკოვის საჰაერო თავდასხმების ესკალაცია ხდება იმ დროს, როცა ზაფხული უკვე დადგა, ანუ მოსალოდნელია რუსეთის მასშტაბური შეტევა. ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კრემლის არმიის გენერალური იერიში უკვე დაიწყო.

ვლადიმერ პუტინის სამხედრო ძალები წინ მიიწევენ და, როგორც ჩანს, ისინი დნიპროს (ყოფილი დნეპროპეტროვსკის) ოლქშიც შეიჭრებიან (ზოგიერთი მონაცემით, უკვე შევიდნენ კიდეც). გარდა ამისა, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვარს მიღმა და ფრონტის ხაზის გასწვრივ, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე „ბუფერული ზონის შექმნას აპირებს. იგივე ხდება სუმის ოლქის ტერიტორიაზეც, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა საზღვრის გასწვრივ  უკრაინის რამდენიმე სოფელი დაიკავეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, სუმისა და ხარკოვის ოლქებთან თითქმის 125 ათასი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსული დივიზიების მიზანს წლის ბოლომდე დნეპრის მარცხენა ნაპირის მთლიანად დაკავება შეადგენს – ეს მდინარე, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიედინება, უკრაინას ორ ნაწილად ჰყოფს.

მიუხდავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან საუბრისას ყოველტვის აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებისა და ომის დასრულების იდეას, სინამდვილეში იგი ყველანაირად ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებას და ომის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებას. თვითონ განსაჯეთ: გასულ თვის – მაისის – განმავლობაში, როცა სტამბოლში მხარეთა შეხვედრა გაიმართა, რუსეთის არმიამ ორჯერ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე აპრილში.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, „ობობას ქსელის“ მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი მაინც ფრონტის წინა ხაზზე რჩება, ანუ იგი მზად არის სულ უფრო მეტი რუსი გაგზავნოს სამხვერპლოზე – ომის ხორცსაკეპში. ამჟამად მას, უბრალოდ, სტიმული არ აქვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და სერიოზულად დაიწყოს საუბარი კონფლიქტის შეწყვეტაზე – არც დონალდ ტრამპთან, არც ვოლოდიმირ ზელენსკისთან და არც არავისთან. ჩვენი მხრიდან სხვანაირად ფიქრი უკვე ილუზია იქნება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

მთავრობამ პრეზიდენტს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანი წარუდგინა

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე პრეზიდენტს ხატია წილოსანის კანდიდატურა წარედგინა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია წილოსანის კანდიდატურა“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს. გაცვლის მორიგი ეტაპი სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება.

„სტამბოლის შეთანხმების მიხედვით, ტყვეების გაცვლის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება. ამ ჯერზე გავცვალეთ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედროები. ვვარაუდობთ, რომ პროცესი ერთი დღით არ შემოიფარგლება. დეტალები საკმაოდ დელიკატურია, ამიტომაც ახლა ინფორმაცია ჩვეულებრივზე ცოტაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან შინ დაბრუნებაზე მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.