Home Blog Page 53

კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.

მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და ერთი სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.

თბილისი-სგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

კახეთის 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი გზა ბაკურციხემდე, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.

კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7354 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7335 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0175 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

“გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა”-Der Spiegel

შვერინში – ჩრდილოგერმანულ ქალაქში, რომელიც ადრე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) შემადგენლობაში შედიოდა, 3 სექტემბერს გერმანიის გაერთიანების 34-ე წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მართლაცდა, გერმანიის ერთიანობის დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ არანაირი ერთიანობა არ არსებობს. ქვეყანა გაყოფილია არა მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად, არამედ ცალკეულ რეგიონებადაც, რომლებსაც ერთმანეთი, როგორც მინიმუმი, არ მოსწონთ, – ნათქვამია ჟურნალ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით: „გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა“ (ავტორი – საბინა რენეფანცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკვე რამდენიმე თვეა აშკარა გახდა ერთი ჭეშმარიტება: ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკური სამართლებრივი და ეკონომიკური პროცესი, რომელიც 1990 წლის ბოლოდან დაიწყო, ფაქტობრივად შეჩერდა. 34 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ რეგიონები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ… საქსონიაში, ბავარიაში, ტიურინგიაში სპეციფიკური პროცესები მიმდინარეობს.

1990 წლის ოქტომბერში გერმანიის ოფიციალურ გაერთიანებამდე ორი დღით ადრე, გდრ-სა და გფრ-ის ტელეეთერში ერთდროულად გავიდა ინტერვიუ გდრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ბოლო პრეზიდენტთან, იმ დროისთვის მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელ ჰორსტ კლიკმანთან, რომელმაც ორი გერმანელის – დასავლელისა და აღმოსავლელის განსხვავებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ხედავს იმ პრობლემებს, რომლებიც ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება და შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულონ. 34 წლის წინ ჰორსტ კლინკმანის ნათქვამს არავინ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ იგი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა…

არცთუ ერთიანი გერმანელი ერი

სამ ათეული წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ჩვენ იძულებულნი ვართ დავაფიქსიროთ, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან უფრო დაშორებულები არიან, ვიდრე ოდესმე.. ცხადია, პირველ ეტაპზე ყოფილი გდრ გფრ-ს დაუახლოვდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კონსოლიდაციის პროცესი შეჩერდა ახლა უკვე არის ნიშნები იმისა, რომ ორი გერმანია ისევ არსებობს, არ გამქრალან და ისინი ერთმანეთს შორდებიან. დიახ, გერმანია პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით გაერთიანებულია, არის კონტაქტები, არიან კოლეგები და პარტნიორები, მაგრამ არის თუ არა გერმანელი ერი მონოლითური და საკუთარ თავში დარწმუნებული? საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგთა ანალიზი ადასტურებს, რომ არ არის.
როდის დაიწყო ორი გერმანელის ერთმანეთთან გაუცხოება? 2014-2015 წლებში, როცა ქვეყანაში უამრავი მიგრანტ-ლტოლვილი შემოვიდა? ან იქნებ უფრო ადრე, 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა მთავრობამ სწრაფად გამოძებნა მილიარდობით თანხები ბანკების გადასარჩენად, მანამდე კი სულ წუწუნებდა – სკოლების, კლინიკების, გზების, ხიდებისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად ფული არ გვყოფნისო?

აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილ გდრ-ში) ძლიერდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა იდეოლოგიაში ადრინდელი სოციალისტური რეალობის ნოსტალგია გამოსჭვივის. მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (რომელიც პრორუსულად ითვლება). აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელს ერთმანეთთან დიალოგის არანაირი ინტერესი არ აქვთ – ისინი თითქოსდა სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.
გასაოცარია, როგორი აზრთა სხვადასხვაობაა აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელებს შორის უკრაინასთან მიმართებით. დასავლელები თვლიან, რომ აღმოსავლელები რუსეთის პროპაგანდის ქვეშ არიან. იგივეს იმეორებენ მთავრობის წევრებიც – საგარეო საქმეთა „მწვანე“ მინისტრი ანალენა ბერბოკი თვლის, რომ საქსონიასა და ტიურინგიაში „მწვანეთა“ პარტიის კრახი და აღმოსავლეთგერმანელი პოლიტიკოსის სარა ვაგენკნეხტის წარმატება კრემლის ეფექტურმა პროპაგანდამ განაპირობაო. დიახ, ლოზუნგი – „აღმოსავლეთი რუსების მარწუხებშია მოქცეული“ – დიდი ხანია ცნობილია. ამგვარი განმარტების უპირატესობა იმაშია, რომ ამ დროს არ არის საჭირო ღრმად გაანალიზო საკუთარი პოლიტიკა. დიახ, ძალზე იოლია, რომ ბრანდენბურგში, საქსონიასა და ტიურინგიაში მწვანეთა კრახი პუტინს დააბრალო. ძალიან მოხერხებული გამოსავალია!.

რასაკვირველია, რუსული პროპაგანდა ნამდვილად არსებობს. მაგრამ კითხვა – რატომ არის შედეგიანი კრემლის პროპაგანდა, უპასუხოდ რჩება. რუსული აგიტაციის ე.წ. წარმატების მიზეზებზე და საკუთარ შეცდომებზე მთავრობა არ საუბრობს. სამაგიეროდ, ვინც უკრაინის ომის ესკალაციაზე [და გერმანელებისათვის საჭირო უამრავი ფულის ომის ცეცხლში გადაყრაზე] გამაფრთხილებლად ლაპარაკობს, მათ „პუტინის პროპაგანდისტებს“ უწოდებენ.

„აღმოსავლეთი“ – რუსეთის დანამატია, „დასავლეთი“ კი თვალთმაქცი“

ომის ესკალაციისადმი შიში აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთში, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მეორე მსოფლიო ომის კვალი აღმოსავლეთში უფრო მეტად იგრძნობა. გდრ-ელები უფრო მეტად გრძნობდნენ შიმშილს, უსახლკარობასა და შეზღუდვებს. აღმოსავლელებს ანალენა ბერბოკის რიტორიკა სძულთ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დემოკრატიის, კარგი ცხოვრების, ეკონომიკური სტაბილურობისა და განცხრომის მეტი არაფერი უნახავს.

გერმანიაში დეზინგრაციული პროცესების მიზეზად ასევე ითვლება საზოგადოების დაყოფა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მოხმარების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ გდრ-ის მცხოვრებლებს თავიანთი მსოფლმხედველობა აქვთ ჩამოყალიბებული. ერთი მხრივ, დასავლელი გერმანელები აღმოსავლელებს „რუსეთის დანამატად“ თვლიან, მეორე მხრივ, აღმოსავლელები დასავლელებს თვალთმაქცებად, დაცემულ და სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებად თვლიან. „ოსტდოიჩეების (დასავლელთა) ხელახალი აღზრდა უიმედოა“, – ასეთი პოზიცია აქვს პოპულარულ „ვესტდოიჩურ“ (აღმოსავლეთგერმანულ) გაზეთს „ბერლინერ ცაიტუნგს“.

სამწუხაროდ, „ოსტებისა“ და „ვესტების“ შეხლა-შემოხლა არ არის უბრალო დაპირისპირება, მასში სულ უფრო მკაფიოდ ჩანს მსოფლმხედველური კონფრონტაცია – სუვერენიტეტის ინტერპრეტაცია, სხვადასხვა პოზიცია პოლიტიკური მოვლენებისა და გავლენების მიმართ. პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის ორ ნაწილს შორის არსებული განხეთქილების გაღრმავება და გაძლიერება. ისინი ცდილობენ თავიანთ მხარეზე გადაიბირონ მოსახლეობა და ამ მიზნით არაფერს არ ერიდებიან. ბოლო დროს აღმოსავლეთისა და დასავლეთის განხეთქილების ხაზი ერთგვარ ტრიგერული წერტილი ხდება, ამისათვის უკვე აღარ არის აუცილებელი აღმოსავლელ გერმანელად ყოფნა.

დრამატურგი ჰაინერ მიულერი 1990 წლის სამ ოქტომბერს წერდა, რომ ერთიანი გერმანული საზოგადოება უკვე ანაქრონიზმს წარმოადგენს – იმიტომ, რომ ევროპაში ყველგან რეგიონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო მეტროპოლიები ერთმანეთს სულ უფრო მეტად ემსგავსებიანო. შესაძლოა, იგი მართალი იყო და შესაძლოა გერმანია არამარტო აღმოსავლეთ-დასავლეთად იყოფა, არამედ ბევრს სხვა რეგიონად – „ჩვენ ბავარიელები ვართ“, „ჩვენ ბრანდენბურგელები“, „ჩვენ ტიურინგიელები, საქსონიელები“ და ა.შ. იქნებ ერთიანი გერმანია უკვე აღარ არსებობს? თუ ასე გაგრძელდება, მართლაც აღარ იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ბიზნესმენი გიორგი ნათენაძე ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

“ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და “ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ნათენაძე სოციალურ ქსელში ტერასების მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს და წერს, რომ 2021 წლიდან ის ოფიციალურად უმიზეზოდ გადააყენეს დირექტორობიდან პარტნიორებმა და შედეგიც სახეზეა.

მანვე აღნიშნა, რომ ტერასების დღევანდელი მდგომარეობა მას აღარ ეხება, არამედ იმ ხალხს, ვინც აპირებს მთავრობაში მოსვლას და კეთილი სურვილების ასრულებას ისე, როგორც ამ ისტორიული მემკვიდრეობის სახე გამოიყურება ახლა.

“ყოველ წელს ვითმენ რაიმე დავწერო თუ არ დავწერო ტერასებზე, რომელზეც ერთ დროს ყოველდღე სიყვარულით, სიხარულით და ხალისით გიყვებოდით ხიზაბავრის დარიჯების აღმშენებლობის, აღდგენის და მესხური ვაზის გაშენების ამბებს.

ხშირად ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მირეკავს და მწერს ტერასების ასეთ მდგომარეობაში არსებობის შესახებ და მიჭირს პასუხის გაცემაც და ახსნაც. მე იქ ყველაფერი დავკარგე, აქვე გეტყვით რომ 2021 წლიდან მე ოფიციალურად უმიზეზოდ გადამაყენეს დირექტორობიდან პარტნიორებმა და შედეგიც სახეზეა. ასე რომ ტერასების დღევანდელი მდგომარეობა მე აღარ მომკითხოთ.
მოჰკითხეთ იმ ხალხს, ვინც აპირებს მთავრობაში მოსვლას და კეთილი სურვილების ასრულებას ისე, როგორც ამ ისტორიული მემკვიდრეობის სახე გამოიყურება ახლა.

გული მწყდება და მეწვის იმ ნაშრომის განადგურებას რომ ვუყურებ რაშიც ძალიან ბევრი წლები, ძალიან დიდი შრომა და მთელი გული ჩავდე.

აღარ ვლაპარაკობ იმ ხალხზე და დარაჯებზე ვინც იქ მუშაობს რა არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და ღამის თევა ეგრეთ წოდებულ რკინის ვაგონში. მათ არაფერი მოეკითხებათ, მოსაკითხი მენეჯმენტშია და პარტნიორებში.
საუკუნეების შემდეგ აღდგენილი და გაბრწყინებული ისტორიული მნიშვნელობის ტერასების ასეთ დღეში ჩაგდება ძალიან დიდი და მიზანმიმართული დანაშაულია და აუცილებლად დაისჯება ყველა ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის“, – წერს გიორგი ნათენაძე.

ინფორმაციისთვის, 2014 წლის ბოლოდან შპს “ვარძიის ტერასებში“ გიორგი ნათენაძის პარტნიორები გახდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს “ვარძიის ტერასების“ 7%-იანი წილის მფლობელი გიორგი ნათენაძეა, 93% თანაბრადაა გადანაწილებული – მამუკა ხაზარაძესა (46.5%) და ბადრი ჯაფარიძეს (46.5%) შორის.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და “ოცნების” გამოხმაურებაზე”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება აშშ-ის სახდეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და „ოცნების“ გამოხმაურებაზე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

“რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, – ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას თქვა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მის „მეზობლებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს. ლავროვმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულს გულწრფელად და მართებულად აფასებს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება და თუ თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა მოხდება, მოსკოვი მზადაა მათ დაეხმაროს.
4 ოქტომბერს სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ინტერესის თემებზე, „საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციასა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“ იმსჯელებენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – დასძენენ ამერიკის დიპლომატიურ უწყებაში.
პრესსპიკერი წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” მიერ ომის ნაცვლად მშვიდობის არჩევის მოწოდებებზე და უკრაინა-საქართველოს შედარებითი ბანერების გამოქვეყნების თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება:
„რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე”, – ამბობს დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად.
სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერებიც. ცხინვალის რეგიონში თქვეს, რომ ბოდიში საკმარისი არ იქნება და სხვა მოთხოვნებიც დაასახელეს,მათ შორის „პრაქტიკული ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“; აფხაზეთიდან კი „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა-გაუმჯობესება ურჩიეს.

წყარო:

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა მის პირად აბაზანაში მოსასმენი მოწყობილობა იპოვა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საგარეო საქმეთა ოფისში მის პირად აბაზანაში მოსასმენი მოწყობილობა იპოვა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ბორის ჯონსონის ახალ წიგნზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბორის ჯონსონის პირადი აბაზანა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2017 წელს გამართული შეხვედრის დროს გამოიყენა.

„ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს დამთხვევა, მაგრამ მითხრეს, რომ მოგვიანებით, როდესაც ისინი რუტინულ შემოწმებას აკეთებდნენ მოსასმენებზე, ტუალეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს“, – წერს ბორის ჯონსონი წიგნში.

პრემიერ-მინისტრმა სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე – ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს.

შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.

თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.

მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა.

კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

არჩევნები საქართველოს მოსახლეობის საქმეა, ვფიქრობ, თქვენ, ყველამ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორი მმართველობა გსურთ სამომავლოდ საქართველოში-პეტერ ფიშერი

არჩევნები საქართველოს მოსახლეობის საქმეა, ვფიქრობ, თქვენ, ყველამ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორი მმართველობა გსურთ საქართველოში სამომავლოდ, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

გერმანიის ელჩს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით დღევანდელი განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს: „დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. შემდეგ მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის საარჩევნო ძალადობის ყველაზე ცუდ სცენარს და არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. ეს ჩვენ გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არასდროს გამოვცდით საქართველოს შემთხვევაში“.

„არ მინდა სპეკულირება. არჩევნები საქართველოს მოსახლეობის საქმეა. ვფიქრობ, თქვენ ყველამ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორი მმართველობა გსურთ საქართველოში სამომავლოდ და რომელი მიმართულება გსურთ, რომ თქვენს ქვეყანას ჰქონდეს. თქვენზეა დამოკიდებული გადაწყვიტოთ, არ ვიცი, როგორი შედეგები იქნება“, – განაცხადა ფიშერმა.

არ მინდა სპეკულირება, რა იქნება არჩევნების შემდეგ, ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და ყველა თქვენგანს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღება, არჩევნებზე წასვლა-პეტერ ფიშერი

არ მინდა სპეკულირება, რა იქნება არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ არჩევნებში თუ პროევროპული პარტიები გაიმარჯვებენ, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც შეჩერდა“.

„ჩვენ ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვართ, მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ყველა თქვენგანს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღება, არჩევნებზე წასვლა. ვიმედოვნებ, ყველაფერი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე, კარგად ინფორმირებული და ჩამოაყალიბებთ მთავრობას მშვიდობიანად და გააგრძელებთ ამ მშვენიერი ქვეყნის კარგ განვითარებას. ევროკავშირის ლიბერალურ დემოკრატიებში, ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ ზედმეტი პოლარიზაცია, ზედმეტი გამარტივება. საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებული საკითხები არის რთული. ეს არ არის მხოლოდ ომი და მშვიდობა, მართალი და ტყუილი. დემოკრატიაში ჩვენ დეტალურად უნდა ვისაუბროთ და გვქონდეს კონკურენცია რთულ საკითხებზე, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ კონსენსუსის მიღწევას, ისეთი პოლიტიკების შექმნას, რომელიც საჭიროა ხალხისთვის.

ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ და შემიძლია, გავიმეორო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი. მაშასადამე, ეს არის ხელის შემშლელი საქართველოსთვის შეუერთდეს ევროკავშირს. ასეთი კანონით თქვენ არ შეგიძლიათ, შეუერთდეთ ევროკავშირს. ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონებს, რომელთაც ჩვენ ვქმნით ევროკავშირში. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ ყველა ჩვენ კანონს. ეს ძალიან მარტივად გასაგებია“, – განაცხადა ფიშერმა.

,,რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

მისივე თქმით, „რუსეთის მიერ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.”

ამის შესახებ მან ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან მოსკოვში შეხვედრის დაწყების დროს განაცახადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებაში და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა მიმართულებებში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აქტიურად თანამშრომლობენ, ხორციელდება მიმდინარე და მომავალი წლებისთვის საკონსულტაციო გეგმა.

„მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთანაც“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ „მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში გეგმებს ახორციელებს, ასევე ახორციელებს საინვესტიციო პროგრამას“.

„დღეს ჩვენ საკმაოდ ვრცელი დღის წესრიგი გვაქვს, ეს არის ჩვენი მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების შემდგომი წინსვლის საკითხები პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროებში, და, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული საკითხებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის განხილვა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები “ქართულ ოცნებასთან” -ჰერჩინსკი

x

ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერვინსკიმ განაცხადა.

როგორც მან მედიასთან განმარტა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს.

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

თიბისის მხარდაჭერით, პრაღაში Ska Juice Bar-ის ორი ფილიალი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაში გაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან. 

დაარსების პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდებოდით და ცენტრალურ თუ აღმოსავლურ ევროპის ბაზრებზე გავიდოდით“, აღნიშნავს გიორგი ტალახაძე, Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ოთხი წლის თავზე კი სწორედ ამ მიზნების განხორციელების დრო დადგა. როგორც გიორგი განმარტავს, მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად ამოწურეს ადგილობრივი ბაზარი — ისეთი კონცეფცია არ გვაქვს, რომელიც მასობრივ პროდუქციაზე კონცენტრირებული. ამიტომაც, თბილისში ჩვენი ობიექტების რაოდენობა სრულად მოიცავს Ska Juice Bar-ის მომხმარებლებს“. შესაბამისად, მეტი განვითარებისთვის პირვანდელი მიზნის ხორცშესხმა გადაწყვიტეს. ერთი წლის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს მოკვლევა; შეისწავლეს ბაზრები, სადაც პოტენციურად გავიდოდნენ — ამ პროცესში „სკა ჯუს ბარს“ wolt დაეხმარა, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი.

საბოლოო ჯამში, რამდენიმე მიზეზის გამო, პრაღაზე შეაჩერეს არჩევანი. პირველ რიგში, ამოსავალი წერტილი გეოგრაფია იყო — ვინაიდან პრაღა ევროპის ცენტრს წარმოადგენს, გაფართოების აქედან დაწყება გარკვეულწილად მარტივია. ამავდროულად, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაფერი იაფია — დაწყებული პროდუქტებით, დასრულებული ლოგისტიკური ხარჯებით. 

აქვე ისიც საგულისხმოა, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ვოლტი, ბაზრის წილით მოწინავე პოზიციას იკავებს. თანაც პრაღაში „სკა ჯუს ბარის“ მსგავსი კონცეფციის ობიექტები ნაკლებადაა  — შესაბამისად, ერთგვარ ახალ სიტყვას შეიტანენ და განვითარების დიდ პოტენციალსაც მოიპოვებენ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განვითარების ასეთ სწრაფსა და აქტიურ ტემპში თიბისის დიდი როლი აქვს. სკა ჯუს ბარის არსებობის პირველივე დღეებიდან თიბისის უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. პირველი სტარტაპ სესხი სწორედ აქ მოგვცეს, შემდეგ ყოველ ეტაპზე ხან საბრუნავი კაპიტალი დავიმატეთ, ხან — ახალი ფილიალის გასახსნელი. მუდმივად გვიჭერდნენ მხარს და ახლაც, როგორც ხედავთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგვახსნევინეს ორი ფილიალი. ალბათ, სულ რამდენიმე ბიზნესია საქართველოდან ევროპაში გასული და ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესოა, როგორ შეიძლება თიბისის დაფინანსებით ასეთი პროგრესის მიღწევა“. 

როგორც გიორგი აღნიშნავს, სამომავლოდ გაფართოების კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ, რაშიც თიბისი მაქსიმალურად უწყობს ხელს