Home Blog Page 53

“როგორ გეგმავს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ვაჭრობის გარდაქმნას”-The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „როგორ გეგმავს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ვაჭრობის გარდაქმნას: მისი იმედით, ქვეყნის მომავალი ჩინეთ-ინდოეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მისი გეგმით არ განვითარდეს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომისათვის კოლოსალურ თანხებს ხარჯავს: აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტი. ახლა იგი გეგმავს დიდი თანხები დააბანდოს იმ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც რუსეთის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს განვითარდეს დასავლეთისაგან იზოლაციის პირობებში.
მომავალი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი გეგმავს 70 მილიარდი დოლარი დახარჯოს სატრანსპორტო მარშრუტების მშენებლობაში, რომლებიც ქვეყანას აზიელ და ახლო აღმოსავლელ პარტნიორებთან დააკავშირებს. ამ თანხიდან ლომის წილი მიეცემა შორეულ აღმოსავლეთს და რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონს (პოლარული წრის მიღმა), ხოლო შედარებით ნაკლები – საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ (INSTC) განვითარებას, რომელიც კავკასიის რეგიონზე გადის და რომელიც მოწოდებულია გააფართოოს რუსეთის კავშირები ინდოეთის ოკეანის ქვეყნებთან, ირანის ტერიტორიის ტრანზიტით. ოფიციალურ პირთა განცხადებით, არადასავლური მიმართულების მქონე მარშრუტებით ახლო მომავალში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.

უკრაინის ომმა უკვე გამოიწვია რუსული პროდუქციის ექსპორტის ორიენტაციის მკვეთრი ცვლილება. ის ქვეყნები, რომლებიც დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდნენ – ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, თანდათანობით ჩაანაცვლეს ვაჭრობა დასავლეთთან და რუსეთთან ადრე დაკარგული კავშირები აღადგინეს. რადგანაც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის რეგიონში ინფრასტრუქტურა სუსტად არის განვითარებულია, აზიის ქვეყნებისკენ ექსპორტი შეზღუდულია, პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანა ძალიან ხშირად შორი მარშრუტით ხდება – შავი და ბალტიის ზღვებისა და სუეცის არხის მეშვეობით. მოსკოვი გარკვეულწილად შეშფოთებულია იმით, რომ ვაითუ შავი ზღვიდან ექსპორტი საერთოდ შეწყდეს – სავარაუდოდ, ნატოს ზეწოლით, თურქეთის მიერ ბოსფორ-დარდანელის სრუტეების შესაძლო ჩაკეტვით. ამიტომაც, რუსეთი ცდილობს სავაჭრო გზების დივერსიფიცირებას მეგობარი ქვეყნებისკენ და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის მხრიდან ეს მიდგომების მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს. ჯერ კიდევ არცთუ დიდი ხნის წინათ რუსი ჩინოვნიკები თავს არიდებდნენ ინფრასტრუქტურულ კავშირებს ინდოეთთან და ჩინეთთან, რადგან ევროპასთან ვაჭრობა უფრო მომგებიანად ითვლებოდა. სავაჭრო გზების ორიენტირების შეცვლამ მათი გათვლებიც შეცვალა. ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა, ნავთობზე მოთხოვნის გამო, 2021 წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა და რეკორდულ 240 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2022 წელს ორი ქვეყნისთვის სასაზღვრო მდინარე ამურზე პირველი სარკინიგზო ხიდი გაიხსნა, კიდევ ერთის მშენებლობა გასულ წელს დაიგეგმა და 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2030 წლისათვის კი რუსეთს სურს არქტიკული „ჩრდილოეთის საზღვაო გზის“ გამოყენებით, ბერინგის სრუტის გავლით, ტვირთების გადაზიდვა ჩინეთისაკენ დღევანდელი 36 მილიონიდან 200 მილიონ ტონამდე გაზარდოს.
რაც შეეხება ირანს: ორიოდე წლის წინათ რუსეთი გარკვეულწილად თავს არიდებდა ირანთან მჭიდრო ურთიერთობას, რადგან თეირანს დასავლური მკაცრი სანქციები ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ ახლა, რადგანაც დასავლეთმა ორივე ქვეყანა „გარიყულად“ შერაცხა, მოსკოვი და თეირანი გაორმაგებული ძალით ავითარებენ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანს. გასული წლის ბოლოს რუსეთი დათანხმდა რეშთი-ასტარის რკინიგზის მშენებლობის დაფინანსებას აზერბაიჯანის საზღვრისაკენ. სხვათა შორის, ამ 162-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა 20 წლის წინ დაიგეგმა, მისი გარკვეული მონაკვეთი ამოქმედდა კიდეც, მაგრამ ბოლომდე დასრულება გაჭიანურდა. ახლა, გეოეკონომიკური სიტუაციის ცვლილების გამო, მხარეებმა მზერა ისევ მას მიაპყრეს.

ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სავაჭრო დერეფნის სრული ამოქმედების შემდეგ, ირანი რუსული პროდუქციისათვის ერთგვარ ჰაბად გადაიქცევა, საიდანაც ტვირთები აზიისაკენ, ახლო აღმოსავლეთისაკენ [და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების აფრიკული სექტორისაკენ] გადაიზიდება. მაგრამ ბოლო ორი წლის მთავარ ტროფეის მაინც ინდოეთი წარმოადგენს: ჩინეთისაგან განსხვავებით, ინდოეთის მოთხოვნილება რუსულ ქვანახშირზე და ნავთობზე, სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, როგორც მინიმუმი, 2030 წლამდე სტაბილურად მაღალი იქნება, მაგრამ ვლადიმერ პუტინის გეგმებს წინ სერიოზული დაბრკოლებები ემუქრება:
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ზამთრობით თითქმის გაუვალი იქნება ტვირთზიდვისათვის და ყინულებისაგან თავისუფალი მხოლოდ 21-ე საუკუნის შუახანებში თუ იქნება. რაც შეეხება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სავაჭრო დერეფანს, ის ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტზე იყო გათვლილი თავიდანვე, რაც მის ტვირთ გამტარუნარიანობას ზღუდავს.

გარდა ამისა, ალტერნატიული მარშრუტების ძიებას და მათ შექმნა-გამოყენებას ხელს უშლიან სანქციები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსი ჩინოვნიკები ახალი მარშრუტების გამტარუნარიანობას გაადიდებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის გარანტირებული იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

საქართველოში არის არა 30 000, არამედ რამდენიმე ათასი მოქმედი „ენჯეო“, აქედან უცხოეთიდან 20%-ზე მეტ დაფინანსებას მცირე ნაწილი იღებს, ტყუილია, თითქოს მხოლოდ ერთმა პროცენტმა გაიარა რეგისტრაცია -მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ თავის თავზე გამოსცადა ფაშისტური ბულინგის გემო, რასაც ვერ გაუძლო, დამარცხდა ამ ბულინგთან და უკან წაიღეს თავიანთი სიტყვები, სადაც აღიარებდნენ, რომ არანაირი აგენტი და მსგავსი მიდგომები გამჭვირვალობის კანონში არ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, „სირცხვილიამ“ პრაქტიკულად აღიარა ისიც, რომ არანაირი რუსული ჩანართები არ იყო კანონმდებლობაში.

„ეს იყო საუკუნის აფიორა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ საუკუნის აფიორას ერქვა – არა რუსულ კანონს. ეს იყო დადგმული, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, სპექტაკლი, რომელიც მიმართული იყო გამჭვირვალობის, ქართული სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, უნდა გამოვიყენო უხეში ტერმინი, იურიდიული კომიტეტის ახალგაზრდა, პროფესიონალმა იურისტებმა ყველა ადამიანს, რომელიც რუსულ კანონს უწოდებდა სპეკულაციურად და განზრახ, თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. ჩვენ ვნახეთ სამდღიანი პროცესი, როდესაც იურიდიული კომიტეტის აპარატის იურისტებმა მაღალ პროფესიულ დონეზე, ყველა კომპონენტში მოუგეს პროცესი „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა წარმომადგენელს, მათ შორის ზოგი იწოდება „ენჯეოდ“, ზოგი ჟურნალისტად და ა.შ. საერთო ჯამში ეს იყო უსამშობლოთა სარჩელი და საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირწმინდად მოიგეს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალმა იურისტებმა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სიცრუეა, თითქოს გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ ერთმა პროცენტმა.

„ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო – ამაზე დიდი ბინძური ტყუილი არ არსებობს. ისინი ითვლიან 30 000-დან, 30 000 „ენჯეო“ საქართველოში არ არსებობს, ეს მხოლოდ ფურცელზეა. როგორც შპს-ების რაოდენობა არის ასობით ათასი, რიგ შემთხვევაში ასე მოიხსენიებენ, ან ათობით ათასი, ასევეა 30 000 „ენჯეო“ საქართველოში ფურცელზე. რეალურად, მოქმედი „ენჯეო“ არის რამდენიმე ათასი და აქედან გაცილებით მცირე ნაწილი არის ისეთი, რომელიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან.

შესაბამისად, ერთი პროცენტი არის ძალიან დიდი ტყუილი. იგივე ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარჩელი წარადგინა მხოლოდ 0,5-მა პროცენტმა, აპროტესტებდა სულ 1.5 თუ 2 პროცენტი. ასეთი მარტივი ფეიკი საზოგადოებას არ უნდა აკადრო და შესთავაზო. როგორც კი ვინმე იტყვის, რომ ერთი პროცენტი არის მხოლოდ დარეგისტრირებული, იმწუთასვე უნდა ვუთხრათ, რომ აპროტესტებდა მხოლოდ 1.5 პროცენტი და 98.5 პროცენტი არ აპროტესტებდა. ამიტომ რეალობა მდგომარეობს შემდეგში: როდესაც ჩვენ გავიგებთ ზუსტ რაოდენობას, არა ფორმალურად, ფურცელზე არსებული, არამედ რეალურად მოქმედი რამდენი „ენჯეოა“ საქართველოში, აქედან რამდენი იღებს 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან, ანუ მას ევალება რეესტრში რეგისტრაცია, აქედან დათვალონ შემდეგ პროცენტები. რამდენჯერაც ერთ პროცენტს იტყვიან, თავის თავს გაუკეთებენ ლუსტრირებას, რომ ისინი არიან მატყუარები.

ვინც არ დარეგისტრირდა, მათი მიზანია გაუმჭვირვალობა, მოკლედ და ყოველგვარი ზედმეტი შეფასების გარეშე. ქვეყნის საწინააღმდეგოდ ფულის დამალვის მიზანი. ეს მიზანი ჰქონდათ, როცა ისინი იბრძოდნენ მორალურად გაუმართავი მეთოდებით საქართველოს და გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ დროისთვის 476 მსურველის განაცხადია შესული.

ნატო არ არის უკრაინაში კონფლიქტის მხარე და არ გახდება კონფლიქტის მხარე – Europa Press

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადეს, რომ ნატო არ არის უკრაინაში კონფლიქტის მხარე და არ გახდება კონფლიქტის მხარე.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Europa Press-ი ავრცელებს.

„ნატოს ეკისრება პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს რუსეთის ომის შემდგომი ესკალაცია. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე და არ გახდება კონფლიქტის მხარე“, – განუცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა Europa Press-ს.

ნატოს წარმომადგენელმა აღიარა ალიანსის თითოეული წევრის უფლება დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე, მაგრამ გააფრთხილა, რომ ცალკეული სახელმწიფოების ქმედებებმა უკრაინის მხარდასაჭერად „შეიძლება ასევე გავლენა მოახდინოს ნატოზე“.

„ამიტომ მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ მჭიდრო კონსულტაციები“, – დასძინა სპიკერმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებს აქვთ „ვალდებულება“ ჩამოაგდონ რუსული რაკეტები მათ საჰაერო სივრცეში შესვლამდე.

“ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად-მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი საბოლოო ჯამში, დაახლოებით 6 000 პატიმარს შეეხება.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია.

„ხვალ და მომდევნო დღებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში სხვადასხვა დროს და ფორმით შეეხება 6 000-მდე პატიმარს. აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000 პატიმარი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის ხოლმე გათვალისწინებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს” რეგისტრაციისთვის ნებაყოფლობით 469 ააიპ-მა მიმართა-თამარ ტყეშელაშვილი

რაც შეეხება სტატისტიკას, ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 ააიპ-ს. ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და ჩვენ დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საქმიანობის საგანი აქვთ ამ ორგანიზაციებს ან საიდან ფინანსდებიან ისინი, კანონმდებლობით არ აქვს უფლება, რომ გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია იქამდე, ვიდრე ისინი არ იქნებიან რეგისტრირებულები ამ რეესტრში.

„ერთია, მომართვა და მეორეა, ჩვენი უწყების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა, რომ გადავამოწმოთ, ხომ ნამდვილად სწორია ის ინფორმაცია, რომელიც მათ მოგვაწოდეს შესაბამის განაცხადში, ანუ დეკლარაციაში.

აქ აუცილებლად, ხაზგასმით უნდა ვთქვა ის, რომ ჩვენი უწყება არის ძალიან მოწადინებული და მონდომებული თანამშრომლობაზე. ყველანაირად ვაკვალიანებთ შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მუშაობს ცხელი ხაზიც. ასევე, ხდება უშუალოდ კომუნიკაცია, გადმომისამართება საჯარო რეესტრთან და მიდის კონსულტაცია, დახმარება ამ ადამიანების.

აქვე ერთი ნიუანსი უნდა აღვნიშნო, ჩვენ ვახსენეთ, რომ დღეს სრულდება ვადა. არ მინდა ეს იყო იმგვარად გაგებული, რომ საერთოდ სრულდება ვადა ჩვენთან მომართვის. სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა, ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც მათ რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობით მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ, იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის შემთხვევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი, რომ განმეორებით ქმედებებს არ ჰქონდეს ადგილი და გაგრძელდეს თანამშრომლობა უწყებასთან, სახელმწიფოსთან და უზრუნველყოფილი იყოს კანონის მიზანი“, – აღნიშნა მან.

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6896 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6911 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.

100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარაზე მასალები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.

მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა და აჭარული კერძები დააგემოვნეს.

„მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა, დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა, ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ონლაინ სივრცეში მილიონობით წვდომა ჰქონდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, 30-ზე მეტი მედიატურის ფარგლებში 100-მდე უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. გარდა მედიატურებისა, აჭარის რეკლამირება სხვადასხვა ფორმით 24-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო – ჩინეთის პირველი ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ პეკინში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო-ჩინეთის პირველი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო ჩინეთის მხრიდან – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, ტრანსპორტის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ ჰიუჩუნი.

„შეხვედრას ჩინეთის ტრანსპორტის ინოვაციების გლობალური კვლევითი ცენტრისა და საავტომობილო ტრანსპორტის ასოციაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. კომისიის სხდომაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებებზე, მათ შორის, გამოიკვეთა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ლოგისტიკური ცენტრების შექმნის შესაძლებლობები და ამ მიზნით შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს. კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით“,- აღნიშნულია სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.

თიბისის შეთავაზება Gemo Fest Zugdidi 2024-ზე

7 და 8 სექტემბერს ზუგდიდში გემო ფესტი გაიმართება.

ფესტივალის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონებში ახალი ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზებების განვითარება და პოპულარიზაცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდებათ ადგილობრივი კვების სივრცეები, გასართობი ზონები ბავშვებისთვის, მუსიკალური სივრცე და ბევრი სხვა გასართობი აქტივობები.

ფესტივალის განმავლობაში, თიბისის ბარათით* გადახდისას დაიბრუნეთ თანხის 30%, მაქსიმუმ 30 ლარი დღის მანძილზე.

*შეთავაზებაში მონაწილეობს თიბისის ნებისმიერი სადებეტო და ერთგული ბარათები (აქციაში არ მონაწილეობს თიბისის ბიზნეს ბარათი).

გაეცანით ფესტივალის პროგრამას:

 

7 სექტემბერი 

15:00 – 22:00 კვების ზონა

15:00 – 22:00 სამეწარმეო მარკეტი

15:00 – 19:00 საბავშვო ზონა („თამაშობანა“)

15:00 – 22:00 ფერმერების მარკეტი

15:00 – 22:00 გრილი

15:00 – 00:00 ბარი

19:00 – 22:00 ფეხბურთის ფან-ზონა

15:00 – 00:00 DJ

8 სექტემბერი

15:00 – 22:00 კვების ზონა

15:00 – 22:00 სამეწარმეო მარკეტი

15:00 – 19:00 საბავშვო ზონა („თამაშობანა“)

15:00 – 22:00 ფერმერების მარკეტი

15:00 – 22:00 გრილი

15:00 – 00:00 ბარი

20:00 – 21:00 კონცერტი (მგზავრები)

15:00 – 00:00 DJ

მისამართი: ზუგდიდი, ბოტანიკური ბაღი

გაიგეთ დამატებითი დეტალები აქ:

(R)

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ცესკო-ს ინფორმაციით, 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი ცხრა პოლიტიკური პარტია დანიშნავს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე. ასევე, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის Konkursi.cec.gov.ge საშუალებით.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში. აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს.

კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. გამოცდები 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით ჯამურად სულ ცხრაჯერ ჩატარდა. ხუთი გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (მათ შორის, ორი გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით), ხოლო ოთხი გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (მათ შორის, ორი გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით). საერთო ჯამში, სერტიფიცირებულია 34 000-მდე პირი.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.

აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარეების მხრიდან საუბნო საარჩევნო-კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას არ გამოვრიცხავთ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

ბატონო მოსამართლე, თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ -მიხეილ სააკაშვილი

მთელ მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და, ბატონო მოსამართლე, თქვენ და თქვენს პატრონებს არ აინტერესებს. ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ, ჩვენი გამარჯვება ახლოს არის, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას საქმის განმხილველ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებზე სახელოვნად გაიმარჯვებენ.

„თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. ესე იგი, „ეკონომისტს“ და მთელ მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ, ბატონო მოსამართლე, და თქვენს პატრონებს არ აინტერესებს. „ვოლ სთრით ჯოურნალს“ აინტერესებს ჩემი აზრი და არა, ბატონო მოსამართლე, თქვენ არ გაინტერესებთ ხომ ჩემი აზრი. ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ, ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვებთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით და ყველაფერი გამოგვივა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მადლობა ანა ფოტიგას, რომელმაც განსაცდელში არ მიმატოვა -მიხეილ სააკაშვილი

მადლობა ანა ფოტიგას, რომელმაც განსაცდელში არ მიმატოვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მინდა, მივესალმო ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც იმყოფება დარბაზში. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო, მათ შორის არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ესწრება. სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ეხება.