Home Blog Page 53

 პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფლობენ მტკიცებულებებს არჩევნებისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

ამასთან, უწყების ცნობით, პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს ვიდეო მასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

აქვე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპელ პოლიტიკოსებს თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ შეცდომა საქართველოს წინაშე და გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! – პაპუაშვილი

თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას „ტოპ ტვინების“ იმედად არის ამ ქვეყანაში, მათი დიდი შეცდომაა – ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომა საქართველოს წინაშე და გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ, ხომ?!, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს და ქართველ ხალხს აბრალებენ, თითქოს არჩევნებზე წესების დარღვევა იყო და როცა დადასტურდება რომ ეს ასე არ არის, ბოდიშსაც არ მოიხდიან.

პაპუაშვილმა ყველას მოუწოდა, აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა. მისი თქმით, ვერ გაიქცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერც იმ 1 120 000-მდე ამომრჩეველს, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს მხარი დაუჭირა.

„გუშინ ბატონი თენგო [თევზაზე] და ბატონი გრიგოლიც [გეგელია] ვნახეთ, რომელიც „ტოპ ტვინებთან“ ერთად, ტოპ IT სპეციალისტებთან ერთად, ტოპ ანალიზს აკეთებდა. ეს ხომ სირცხვილია უბრალოდ?! ამ ხალხის იმედად არიან, მათ შორის, ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მათ სხვა დროსაც გაუკეთებიათ. ასეთივე დაბრალება იყო სააკაშვილის საკითხზე. გვახსოვს უცხოელი მინისტრების, პრეზიდენტების განცხადებები ხომ?! ხომ აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება?! აი, როგორც დღეს, ხან სამი მინისტრი ერთად, ხან ცამეტი მინისტრი ერთად, ხან პრეზიდენტი, ხან ვინ და ხან ვინ აკეთებს განცხადებას და აბრალებს საქართველოს და ქართველ ხალხს თითქოს, რაღაცა წესების დარღვევა იყო. ზუსტად იგივე ხალხი, ზუსტად იგივე ევროპელები, ზუსტად იგივე დიპლომატები და ჩინოსნები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს. გვაბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და ბოდიშიც არ მოიხადეს და ახლა გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება, რომ ტყუილია. პრობლემა იმაშია, რომ არც ბოდიშს მოიხდიან, ეს ყველაფერი რომ დადასტურდება და ამასობაში ჩვენ ნერვებს დაგვაწყვეტენ, ერთმანეთს გადაგვკიდებენ, რა იცი კიდევ როგორ დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ერთმანეთთან, რა როგორ მოხდება კაციშვილმა არ იცის, მერე ხელებს დაიბანენ და შემოგვხედავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში არეულობა არის. ამ დონემდე მიიყვანენ ამ ქვეყანას და მერე ბოდიშსაც არ მოიხდიან იმის გამო, რაც მისი ქმედებით არის. ასე რომ, თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას „ტოპ ტვინების“ იმედად არის ამ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში, ეს მათი დიდი შეცდომაა. ეს შეცდომა მათ არა ერთხელ დაუშვიათ. ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომა საქართველოს წინაშე და გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ, ხომ?! ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა. ვერ გაიქცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერ გაექცევიან იმ მილიონ 120 ათასამდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს. ასე რომ, ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე – ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს – პაპუაშვილი

გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშიც აღნიშნულია.

„ევროკომისიის შეფასებით ოცდათხუთმეტი თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა თორმეტ თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი ცამეტ თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და „ენჯეოს“ სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში ოცდათხუთმეტი თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება – შალვა პაპუაშილი

ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა – ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს ეუთო/ოდირის დასკვნის რევიზია და სხვა, მაგალითად, ადგილობრივი NGO-ების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე დაყრდნობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი ამ დასკვნის ერთგული იქნება.

„დღევანდელ ბრიფინგზე მინდა ასევე მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით კვლავ დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით. პირველი საკითხი, რომელიც მათ შორის, ევროკავშირთან კავშირშია არის ის, რომ ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნას. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს აღქმას, რომ ხომ არ ხდება, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდრის დასკვნისა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი NGO-ების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე. ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის ეუთო/ოდირის მკაფიო ანგარიში და დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორს, ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

2024 წლის სექტემბერში მშპ-ს ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა – „საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

„საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლიციამ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების უკონტროლოდ ჩაყრის ფაქტზე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების:

საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

სიფრთხილის გამოჩენით საქართველოს ვკარგავთ – ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

„სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ხსენებულ დარღვევებზე დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ.

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაიღუპა 11 წლის ბავშვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34 შეადგენს. „ბიჭი, რომელიც ტერორისტმა ქვეყანამ მოკლა, 11 წლის იყო. ის ნანგრევებიდან თავის მძიმე ტრავმებითა და მრავალი მოტეხილობით ამოიყვანეს. მედიკოსები ნახევარ საათზე მეტხანს რეანიმაციულ ღონისძიებებს უტარებდნენ. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“.

ნანგრევებში მოყოლილია კიდევ ერთი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაბომბვას საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მოჰყვა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრე-მაშველები ახლაც ცდილობენ. ხანძრის საერთო ფართობი 80 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა – ბოლო ცნობები ესპანეთიდან

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულთა რაოდენობა.

დატბორილია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ვალენსიის აეროპორტში. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა, რის გამოც ათობით დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 ოქტომბერს ქუთაისში +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +11, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო – მეთიუ მილერი

პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავდა, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვა არაფერს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ამით მეთიუ მიერლმა უპასუხა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე კითხვას.

მილერს თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა გამოძიებისკენ საქართველოს ოფიციალური პირებს.

„ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავს თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, – აღნიშნა მილერმა.

მეთიუ მილერმა კიდებ ერთხელ ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა “გადახედვის პირობებში” გრძელდება.

„ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება”, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხეს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილთან დაკავშირებითაც, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ კომენტარს კონკრეტულ შემთხვევაზე არ აკეთებს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევებზე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს დავინახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. შრომისმოყვარეობა და დისციპლინა დიდი მოცულობის სამუშაოსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ზოგი საქმე თქვენი მონაწილეობის გარეშე, თავისთავად მოგვარდება და სასურველ შედეგს მიიღებთ. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა.

კურო

ამ დღეს რაც უფრო აქტიურად გაატარებთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. შესაფერისი დღეა საყვარელ ადამიანებთან პირად თუ ოჯახურ პრობლემებზე სასაუბროდ და გამოცდილების გასაზიარებლად. ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

შესაძლებელია, რაღაც შემთხვევამ აგანერვიულოთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ. დილიდან წვრილმანი, უსიამოვნო საკითხების მოგვარება ან გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, საკუთარი ძალების ირწმუნოთ და კონფლიქტებს მოერიდოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ყველაზე რთული ამოცანები დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. ამ დროს სამუშაოზე ფოკუსირება და თქვენი საუკეთესო საქმიანი უნარების გამოვლენა გაგიადვილდებათ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან სადავო საკითხების მოგვარებას და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას შეძლებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ლომი

ამ დღეს რთული საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. გარემოებები შეიძლება თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდეს, ამიტომ პრობლემების დასაძლევად უნდა მოემზადოთ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ – ეს სტრესის დაძლევასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ფინანსური თვალსაზრისით კარგი დღეა. შეიძლება, დაუგეგმავი შემოსავალი ან ძველი გარიგებებიდან მოგება მიიღოთ. დროა მუშაობის შედეგები შეაჯამოთ და დასკვნა გამოიტანოთ. აჩვენეთ პარტნიორს, რომ პირად ცხოვრებაში სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

სასწორი

არსებობს შეცდომის დაშვების ალბათობა, ამიტომ ხელშეკრულებების ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. საქმეში, რომელიც შემოქმედებით უნარებს და გამომგონებლობას მოითხოვს, წარმატება გელით. განწყობა ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შეიძლება ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდნენ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყონ.

მორიელი

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ნაცნობ და მარტივ კითხვებსაც კი ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან თავშეკავება გამოიჩინოთ. ნუ ამბობთ სიტყვებს, რომლებსაც მალე ინანებთ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ და ყველა პრობლემა სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. ახალ ნაცნობებზე ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რომ მზად არიან, თქვენს ნებისმიერ იდეას მხარი დაუჭირონ. შესაძლებელია სასიყვარულო თავგადასავალი.

თხის რქა

კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა ან დისკუსიებისთვის. შანსი გაქვთ, რომ ახალ სპონსორებს შეხვდეთ და თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ. მოერიდეთ კამათს და უთანხმოების დროს ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ. უძილობა ძლიერი განცდების შედეგია, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ. მოსალოდნელია წარსული სასიყვარულო ურთიერთობების განახლება.

მერწყული

შეცდმების გამოსარიცხად ამ დღეს მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თუ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით, გამოცდილი კოლეგის რჩევა და მხარდაჭერა დაგეხმარებათ. ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება თავი დაძაბულობამ იჩინოს და პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

თევზები

ამ დღეს ყველაზე კარგად მარტივი და ნაცნობი ამოცანების შესრულება გამოგდით, ამიტომ ახალი ან უცნობი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ. გაატარეთ საღამო მშვიდად, რომ სულიერი წონასწორობა აღიდგინოთ.