Home Blog Page 529

,,ლეგიტიმაციას კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი, ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში”- ირაკლი კობახიძე

სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით. 

„დავუბრუნდები ექვსი წლის წინანდელ მოვლენებს, ასეთივე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს მათ სალომე ზურაბიშვილი. ახლა ექვსი წლის თავზე აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის  ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ქვეყანაში და არც უნდა დათმოს, მეშვიდე წელიც უნდა გაატაროს პრეზიდენტის თანამდებობაზეც ამისკენ მოუწოდებს მას ნიკა გვარამია, მოუწოდებენ სხვა ლიდერები, რაც რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, კონკრეტულ ორგანოებს, კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი. ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი წესით კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს, ეს არის ამერიკულის მსგავსი წესი და არა მარტო ამერიკულის, გერმანიაშიც მსგავსი წესით აირჩევა პრეზიდენტი.

„გერმანიაშიც იქნება კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისგან, მიწების წარმომადგენლებისგან, ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლებისგან, მათ აქვთ მინიჭებული ხალხისგან კონკრეტული მანდატი და ამ მანდატის საფუძველზე ირჩევენ პრეზიდენტს. აქაც იგივე ხდება – 2024 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხალხმა კოლეგიაშიც კონკრეტული მანდატები, კვოტები მიანიჭა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს და ანალოგიურად 2021 წელს, როცა ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქაც ხალხმა მიანიჭა კონკრეტულ პარტიებს მანდატი, რომ აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. ამის საფუძველზე ყალიბდება 300-კაციანი კოლეგია, ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან ანუ სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან. საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას”- ირაკლი კობახიძე

მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას , რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა.

„თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გარემოსა და ადამიანების მიმართ მშვიდი და რაციონალური დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ეს დღე წარმატებული გახადოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ – ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ და სწორ მინიშნებებს მოგცემთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ – ვიღაც ჭორებს გივრცელებთ. მოსალოდნელია პერსპექტიული ბიზნეს-წინადადებები.

კურო

გირჩევთ, რთული და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის. საღამოს შეიძლება რაღაც უჩვეულო მოხდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. მოერიდეთ საკუთარ იდეებზე საუბარს, რომ ვიღაცამ არ მიითვისოს.

ტყუპები

დილით ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ უმჯობესია, ყველა რთული საქმე ამ დროისთვის დაგეგმოთ. შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი ან შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. საღამოს მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან დებატებში ჩართვას და კამათს – თქვენს აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და ნერვებს ტყუილად მოიშლით.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. მოტივაცია არ გაკლიათ და მზად ხართ, რომ რთული საკითხები მოაგვაროთ. კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და შეიძლება პრობლემის მოგვარების გზა იპოვოთ. ხანმოკლე მგზავრობა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება და ახალ შთაბეჭდილებებსაც მიიღებთ. თუ ამ დრომდე სწორად იმოქმედეთ, ამ დღეს შეიძლება საკუთარი შრომის შედეგებით დატკბეთ.

ლომი

მოულოდნელი სირთულეების გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. გამოცდილი კოლეგების რჩევა უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ. დაფიქრდით, იქნებ საკუთარ შესაძლებლობებს აზვიადებთ? ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ არ აჩქარდეთ და თქვენი მომდევნო ნაბიჯი კარგად გათვალოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და პარტნიორს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობები ემოციურად დაძაბულია. ეცადეთ, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების მშვიდად და ტაქტიანად დარწმუნება შეძლოთ. შოპინგი იმედს გაგიცრუებთ, ამიტომ უმჯობესია, სხვა დღისთვის გადადოთ. მოულოდნელი სიახლე გეგების შეცვლას გაიძულებთ. ნუ იტრაბახებთ თქვენი წარმატებებით, ეცადეთ ურთიერთობებში უფრო მოკრძალებული იყოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული განვითარებისთვის. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. გირჩევთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და მიზანს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ – ნუ იქნებით თითქმის უცნობ ადამიანებთან ზედმეტად გულწრფელი. რთულ სიტუაციებში თქვენს შინაგან ხმას უსმინეთ და გამოსავალს დაგანახვებთ.

მორიელი

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ყველაფერი გაღიზიანებთ. უსიამოვნებები ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილებში გელოდებათ. შეიძლება კოლეგამ ან მეგობარმა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ უთანხმოება მალე დავიწყებას მიეცემა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. საღამოს მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

მშვილდოსანი

უინტერესო, მოსაწყენმა დავალებებმა ძალიან დაგღალათ და ნათელ ემოციებს ეძებთ. გსურთ, რომ საკუთარი მოვალეობები კოლეგებს გაუნაწილოთ და თავად რაღაც უჩვეულო და საინტერესო გააკეთოთ. ფრთხილად იყავით – არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენ შესახებ სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ. ეცადეთ, იმუნური სისტემა გაიძლიეროთ და ავადმყოფობის პირველივე სიმპტომების დროს ექიმს ეწვიოთ ან პრევენციული ზომები მიიღოთ.

თხის რქა

ამ დღეს მეტი შეხვედრა, გაცნობა და ურთიერთობა გჭირდებათ. შესაძლოა, ახალი მოკავშირეები იპოვოთ და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაატაროთ. რთული ამოცანების ნუ შეგეშინდებათ. ის სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ, რომელიც მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. საღამოს ვარჯიში ან სეირნობა სტრესის შემცირებაში და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

თქვენს ცხოვრებაში შეიძლება წარსულიდან ზოგი სიტუაცია ან ადამიანი ისევ გამოჩნდეს. ვიღაცისთვის დიდი ხნის წინ მიცემული პირობის შესრულება მოგიწევთ და ამისთვის შეიძლება გეგმების შეცვლაც მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობის დამყარებისთვის. მოერიდეთ აჩქარებას, რომელსაც უამრავი შეცდომა მოჰყვება და საქმეს გაგირთულებთ. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად, სახლის თბილ გარემოში გაატაროთ.

თევზები

ენერგიით და ოპტიმიზმით სავსე ხართ რაც რთულ დავალებებთან გამკლავებაში გეხმარებათ. არ დაკარგოთ ძველი მეგობრები და შეინარჩუნეთ საქმიანი კავშირები, რომლებიც ახალ პროექტებზე მუშაობისას გამოგადგებათ. თუ არჩევანის გაკეთების საშუალება მოგეცათ, ის აირჩიეთ, რაც კარგად იცით და საუკეთესოდ გამოგდით. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი საყვარელი ადამიანებისგან.

“ძლიერი საქართველო” პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს

„ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს ოფიციალურად მიმართავს.

“ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ივე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა.

,,საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება – ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება”- შალვა პაპუაშვილი

ოპონენტების რეაქცია არის დასტური, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება – ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.

„როგორც იცით, წელს პირველად მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამერიკული ტიპის არჩევნებით, კერძოდ, კოლეგიის მიერ, რომლის ნახევარსაც დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის საქმეც აქ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკური გუნდის ერთგული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ მათი პანიკური რეაქციები, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლება და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება. ეს თვისება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ამ პოზიციაზე ღირსეული კანდიდატია.

„ერთი მხრივ, მას აქვს წარმატებული სპორტული კარიერა და მეორე მხრივ, წარმატებული პოლიტიკური კარიერა. რვა წელია, აქტიურ პოლიტიკაშია, არის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრი. ბოლო 20 წელია, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, დღევანდელი დღის ჩათვლით აკეთებდა ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, არასდროს მობრუნებულიყო ქვეყანაში და არ დაეტრიალებინათ ის კოშმარი, რომლითაც ყოველ ჯერზე ემუქრებიან ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 ,,საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციური გადატრიალება”- მამუკა ხაზარაძე

ერთადერთი, რითაც მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ეს არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”, რომლის ავტორიც და უპირობო დამცველიც ის და მისი პოლიტიკური დაჯგუფებაა, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების” მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.

ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ეროვნულობას ამოფარებული პრორუსული ძალები ახორციელებენ.

“დღეს რუსულმა ძალამ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, არჩევნების გაყალბებისა და მიტაცების შემდეგ, კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა – არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიიტაცა.

ყაველაშვილის პიროვნულ თვისებებზე არაფერს ვიტყვი, არც პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუსაბამო უნარ-ჩვევებზე შევჩერდები – ეს საზოგადოებამ შეაფასოს.

მხოლოდ ერთს აღვნიშნავ – ერთადერთი, რითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ეს არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”, რომლის ავტორიც და უპირობო დამცველიც ის და მისი პოლიტიკური დაჯგუფებაა.

ეს ადამიანი და მისი პატრონები წარმოადგენენ გამოკვეთილ რუსულ ძალას საქართველოში, რომელსაც ცრუ ქართულ-პატრიოტული შეფუთვით წლებია ეს ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და რუსეთისკენ.

ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ეროვნულობას ამოფარებული პრორუსული ძალები ახორციელებენ, იმისთვის, რომ ბოლომდე მიიტაცონ ყველა სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტი, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია და ეს ქვეყანა დააყენონ არალეგიტიმაციის დაუსრულებელ გზას.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისეთ ძალასთან, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ჩვენი ვალია, არ მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანონ მზაკვრული გეგმა, ქვეყნის სუვერენიტეტის ნგრევის, რუსეთის სამსახურში ჩაყენების, ანტიეროვნული პოლიტიკის განხორციელების, რისი შედეგიც არის ასობით ათასი ემიგრანტი – ეს არის რუსული პოლიტიკა – საქართველო ქართველების გარეშე!

მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ მტრულ გეგმას და არ მივცეთ მოღალატე ხელისუფლებას მისი განხორციელების საშუალება.

მჯერა ქართველი ხალხის მებრძოლი სულის! ვირჩევთ ევროპას, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქ“ გვერდზე.

ტრამპმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი შეიძლება დანიშნოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი შეიძლება დანიშნოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიტ კელოგი 2017-2021 წლებში ტრამპის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში კიტ კელოგმა და ფრედ ფლეიცმა ტრამპს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს.

შეთავაზებული გეგმის მიხედვით, თუკი კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ტრამპი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს. იმავდროულად, ტრამპი მოსკოვსაც წაუყენებს ულტიმატუმს, რომ თუკი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ვაშინგტონი უკრაინისადმი მხარდაჭერას გაზრდის.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს უფლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი დანიშნოს იქამდე, ვიდრე პარლამენტს უფლებამოსილების ვადა არ ამოეწურება.

„საქართველოს პარლამენტის შედეგების შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოეშვა იმის უფლება, დანიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი. ამ დროისთვის, ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ლელომ“ აღნიშნული უფლებით ისარგებლა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნა კომისიის წევრები. უფლებამოსილ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კომისიის წევრები დანიშნოს ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ასევე აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს შეცვალონ აღნიშნული კომისიის წევრები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება –  პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები.

ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.  შესაბამისად, პარლამენტმა გადაწყვეტილება არჩევნების 14 დეკემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციის გათვალისწინებით მიიღო.

რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს – არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებს ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიერ არჩევნები დაინიშნა 14 დეკემბერს, საჭირო გახდა ზოგიერთი ღონისძიებისა და ვადის მოდიფიცირება, რის უფლებამოსილებაც საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით აქვს (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 14). შესაბამისად, ცესკომ 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილება.

დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ასევე უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის შესაბამისი მონაცემები და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი).  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე, ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.

არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

ცესკომ სხდომაზე ასევე დაადგინა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები. ცესკოს განკარგულების თანახმად საარჩევნო კოლეგიაში კვოტები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. №1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;

2. №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – საარჩევნო

კოლეგიის 2 წევრი;

3. №5 – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – საარჩევნო კოლეგიის 36 წევრი;

4. №8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;

5. №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” – საარჩევნო

კოლეგიის 4 წევრი;

6. №10 – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;

7. №25 – „გახარია საქართველოსთვის” – საარჩევნო კოლეგიის 9 წევრი;

8. №41 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – საარჩევნო კოლეგიის 54

წევრი;

9. №45 – „გირჩი-მეტი თავისუფლება” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი.

კვოტების მიხედვით შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიებმა კოლეგიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია პრეზიდენტის არჩევნების ადმინისტრირებას კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განახორციელებს. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას.

პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს

28 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.

მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება.

მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა:

პრემიერ მინისტრი – ირაკლი კობახიძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;

იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე;

ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

“საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი” – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ განაცხადა.

პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია უკვე 30 წელზე მეტია, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი და პარტნიორია და განაცხადა: „ახლა ჩიხში ვართ“. 

„ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 – 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: „ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ“. სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები [რეალობა] ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან, თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრის ქვეყნის კანონმდებლობაც. როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ. სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს“, – აცხადებს პეტერ ფიშერი.

,,გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, ასევე, გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა’ – მიხეილ სარჯველაძე

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო, – ამის შესახებ არლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა.

„მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

„გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა. ასევე, შეგახსენებთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას – საქართველოში, დღეს, ტუბერკულოზით, იმაზე ნაკლები ადამიანია დასნებოვნებული, ვიდრე 2012 წლამდე, ამავე დიაგნოზით, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. სასწაული ამბავი მოხდა, ამ წლების განმავლობაში – მაშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში, იმაზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული ტუბერკულოზით, ვიდრე დღეს, მთელს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სხვა მიმართულებების მსგავსად, აქაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით – მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისა და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.