Home Blog Page 52

არჩევნები წარიმართა უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს აუცილებლად მოხდება -ირაკლი კობახიძე

ეს არჩევნები წარიმართა უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამ გარე ჩარევის მიზანი იყო რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება.

„ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამ არჩევნების და მეორე არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც ვფიქრობ, მოხდება ძალიან მალე, მომავალ წელს, შეიძლება იანვარ-თებერვალშიც, შეიძლება ოდნავ უფრო გვიან, მაგრამ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება სამართლიანობა ურთიერთობებში. უკრაინაში ომის დაწყებამდე ასეთი პრობლემები, გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად გაჩნდა ეს გაუგებრობები. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გაუგებრობები გაქრება და შესაბამისად, აღდგება სამართლიანობა და ჯანსაღი ურთიერთობები. სანქციებს რაც შეეხება, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს სანქციებს, დააწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთოდ სხვა ვითარება, რა ჰიდროელექტროსადგურებიც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა, მარტო პირველივე წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა. ამას ითხოვს ევროპარლამენტი აბსოლუტურად ღიად. თავად უნდა გამოიტანოთ დასკვნები ამასთან დაკავშირებით. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე გაქრება ასეთი უსამართლო, გაუგებარი მოთხოვნები, მოთხოვნა, რომ გავანადგუროთ საკუთარი ხელით საკუთარი ეკონომიკა და მაშინვე ჯანსაღ რელსებზე გადაერთვება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ამას აფასებს ეუთო/ოდირი-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვერ იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემფასებელი, რადგან ამას საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლითაც ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.

„ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ვერც იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა. ამას აფასებს ეუთო/ოდირი. ჩვენ მოვისმინეთ ამ ორგანიზაციის შუალედური დასკვნა, რომელიც იყო საოცრება. ასეთი დასკვნა მე არ მახსოვს არჩევნებზე და არჩევნების დასრულების შემდეგ. პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი.

რაც შეეხება იმ განცხადებებს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი, რათა კითხვის ნიშანი არ დარჩეს ვინმეს. ამასთან დაკავშირებით წინა დღეებში მეც ვისაუბრე და პრემიერმაც გააკეთა განცხადება. ვისაც სურვილი აქვს, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ გარეთ, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გადათვალონ, დათვალონ ყველაფერი. წინა, 2020 წლის არჩევნებზეც ასეთი დამოკიდებულება გვქონდა, იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ახლაც, რამდენი უბანიც უნდათ, გახსნან, გადათვალონ და ნახონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც გამოძიებისთვის შესაბამისი ინსტიტუციები არსებობს.

„ქვეყნის გარეთ როგორ უნდა დაიწყოს გამოძიება? დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ვცხოვრობთ ჩვენი კონსტიტუციით და კანონებით. საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს, რას ნიშნავს? რაიმე დანაშაული გვაქვს ჩადენილი საერთაშორისო დონეზე? კითხვები რომ ჩნდება, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა, იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ აბსურდულ, ცრუ განცხადებებს, რომელთაც არანაირი ფაქტები არ უმაგრებს ზურგს, არანაირი საფუძველი არ აქვს. ქვეყანას რეპუტაციულად ზიანი რომ არ მიადგეს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას გავცეთ შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 ვგმობთ ქართველი ხალხისთვის ხელისუფლების შეცვლის სცენარის გარედან თავსმოხვევის მორიგ მცდელობას და მოვუწოდებთ ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალას, პატივის სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს -საზოგადოება ქართული

„ჩვენ, კიდევ ერთხელ ვგმობთ ქართველი ხალხისთვის ხელისუფლების შეცვლის სცენარის გარედან თავსმოხვევის მორიგ მცდელობას და მოვუწოდებთ ყველა იმ დასავლურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს კოლექტიური ოპოზიციისა, თუ მათი არასამთავრობოების უკან დგას, პატივის სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონმდებლობას“- ამის შესახებ ვკითხულობთ „საზოგადოება ქართულის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაში წერია, „არჩევნები შედგა! ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და კეთილი ინებოს ყველამ და შეეგუოს იმ უდავო ფაქტს, რომ საქართველოს მართავს ქართველი ხალხი“.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები, რომლებმაც აღიარეს არჩევნები და ლეგიტიმაციაზე ეჭვი არ გამოუთქვამთ.

„მისასალმებელია, რომ წამყვანმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე აღიარეს არჩევნები, ლეგიტიმაციაზე ეჭვი არ გამოუთქვამთ დასავლეთის წამყვან სუბიექტებსაც და ვიმედოვნებთ, ოპოზიცია და მათ უკან მდგომი დასავლეთის ნეოლიბერალური რადიკალებიც შეეგუებიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და ნგრევას, ღირსებასა და უღირსობას შორის.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მოქალაქეების თავისუფალი ნებისთვის პატივისცემის ტრადიცია და არა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გარედან თავსმოხვევა, არის ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველო ევროატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფვის. ორმაგი სტანდარტები და ამომრჩევლისთვის ხელების გადაგრეხის მცდელობა კი, საქართველოს მოქალაქეებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რაც არც საქართველოსთვის იქნება კარგი და არც დასავლეთისთვის – განსაკუთრებით, მათი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით“-აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიცია აღმოჩნდა იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია -კახა კალაძე

ოპოზიცია, ისევე, როგორც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, დღესაც ბულინგითა და შეურაცხყოფითაა დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ემიგრანტების იმ კატეგორიის მიმართ დაწყებულ ბულინგთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომელმაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ჩვენ ამ არჩევნებით დავამარცხეთ ფაშიზმი თავიანთი გარე მფარველებით. გვახსოვს, რით იყვნენ დაკავებული მთელი არჩევნების განმავლობაში და დღესაც იმავეს აგრძელებენ – ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარები. ვერ შეიცვლებიან ეს ადამიანები. ყველგან, სპორტიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული, თუ რაიმე სფერო არსებობს ქვეყანაში, მივიდნენ, ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს. შენ თუ განსხვავებული მოსაზრება გქონდა, მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. თავისიანებსაც კი, ახალგაზრდებს, GZ-ის აგინებდნენ, თქვენ წაგვაგებინეთ არჩევნებიო. რა შუაში არიან ახალგაზრდები, ხომ?! ეს დამოკიდებულებაა – თავიანთი თავის გარდა, ყველა დამნაშავეა, რომ მარცხი განიცადეს და აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

890 ათასი ხმით რომ წააგებ და ამბობ, ქუჩა არის ერთადერთი გამოსავალიო, ნორმალური არ ხარ – მამუკა მდინარაძე გვარამიას განცხადებაზე



ქუჩის რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს, ჩაფუშულია ეგ ამბავი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ,

„მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უკრაინაში არ გააგზავნა მებრძოლები, არ დააწესა სანქციები, არ ჩაერთო ომში და არ ჩამოაქცია თავისი ეკონომიკა, ისე მოატყუეს და შეუფუთეს ეს ამბავი, ამის გამო იდგნენ რუსთაველის გამზირზე, მერე „გამჭვირვალობის კანონი“ რუსულ კანონად შეასაღეს, ამის გამოც იდგნენ.. ახლა გვარამიას და სააკაშვილის გამო უწევთ დადგომა, ამიტომ ქუჩის რესურსი არ არსებობს.

900 ათასით რომ წააგო პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტიასთან, ქუჩაო იძახის. ერთი და ორი ხმით რომ აგებს პარტია ან კანდიდატი, ის აღიარებს ხოლმე. 890 ათასი ხმით რომ წააგებ და ამბობ, ქუჩა არის ერთადერთი გამოსავალიო, ნორმალური არ ხარ… რაღაზე ვლაპარაკობთ?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53,931 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11.035% პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობამ“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.

მსოფლიო გველაპარაკება გამჭვირვალობის კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე და ეს კანონი აწუხებს თურმე ყველას. ე.ი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია – მამუკა მდინარაძე

მსოფლიო გველაპარაკება გამჭვირვალობის კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე და ეს კანონი აწუხებს თურმე ყველას. ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

მან აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებში გამჭვირვალობის კანონის გაუქმებაზეა საუბარი.

„მეოთხე დღეა, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით და ყველა განცხადებაში, თუკი ვინმეს ამ არჩევნების კრიტიკა მოუნდა, ლაპარაკობს [გამჭვირვალობის] კანონზე, ამ კანონსა და არჩევნებს შორის კორელაციაზე – ვერა. ახლა მიხვდით, რა მაგარი კანონი მიგვიღია? მთელი მსოფლიო გველაპარაკება კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე და ეს კანონი აწუხებს თურმე ყველას.

ეს კანონი მართლაც რუსული რომ იყოს და ერთი ერთში გადაწერილი რომ იყოს არა ამერიკულიდან, არამედ რუსულიდან, თქვენ რასაც ატყუებთ საზოგადოებას, მისი რუსულობა რომ არავის აწუხებს, ხომ ხვდებით? ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნებზე ლაპარაკობენ და კანონი გააუქმეთო. არაფერ შუაში რომ არ არის, აი, ამ კანონზე ლაპარაკობენ”, – მიმართა მან ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ჟურნალისტს.

ხუთი მიზეზი, რომლებიც უკრაინის მოსალოდნელ დამარცხებაზე მიანიშნებს – Die Welt

გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხუთი მიზეზი, რომლებიც უკრაინის მოსალოდნელ დამარცხებაზე მიანიშნებს“ (ავტორი – ქრისტოფ შილტცი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და ქვეყნის პერსპექტივა. „უკრაინა ომს წააგებს და ამისთვის ბევრი წინამძღვარი არსებობს“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული ანალიტიკურ პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მეტყველებენ“ დამარცხების თითქმის ათას დღე-ღამიანი ბრძოლების შემდეგ სამხედრო მოქმედებები უკრაინაში ახალ ფაზაში გადადის. „ტალახიანი“ პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით ბრძოლის ტემპი პირველ ეტაპზე, ალბათ, შენელდება. სამხედრო ანალიტიკოსი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი ავსტრიის თავდაცვის სამინისტროდან, ელოდება, რომ მოსკოვი მაინც გააგრძელებს შეტევას უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დასაკავებლად, დაბომბვას არტილერიისა და „მფრინავ-პლანერული“ ბომბების მეშვეობით, რათა პოზიციები გააიუმჯობესოს ახალი სამომავლო შეტევისათვის.

ამჟამად რუსეთს დაკავებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილი: მხოლოდ აგვისტო-სექტემბრის ბრძოლებით ვლადიმერ პუტინის ჯარებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში. დონბასის ეკონომიკური სიმძლავრეების 80% (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სამრეწველო ინფრასტრუქტურის ჩათვლით) ახლა უკვე მოსკოვის ხელშია. კრემლი აკონტროლებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების 70%-ს.

დღეისათვის კიევს არ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ სამხედრო ზალის მეშვეობით მთლიანად დაიბრუნოს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები. და მაინც, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დეკლარირებული „გამარჯვების გეგმის“ მთავარი მიზანი.

თუ ჩვენ ამ გეგმის რეალურობაზე ვიმჯელებთ, მაშინ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში უკრაინა სამხედრო მოქმედებებს წააგებს, ხოლო რუსეთი მოიგებს. უფრო მეტიც – ცეცხლი რომც შეწყდეს და სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს (თუმცა არც ერთი და არც მეორე ჰორიზონტზე არ მოჩანს),  სიტუაცია საეჭვოა შეიცვალოს. დასავლეთიც და რუსეთიც თვლიან, რომ მოლაპარაკების შედეგი განისაზღვრება ფრონტზე შექმნილ ძალთა თანაფარდობით კომპრომისების ძიების მომენტში.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა „ბრიკს“-ის (BRICS) სამიტის დროს ყაზანში, მოლაპარაკება ორიენტირებული უნდა იყოს „მიწაზე შექმნილ რეალიებზე“, თუმცა დასავლეთი, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებს, რათა არ აღიაროს მოსკოვის პროგნოზირებული წარმატება და კრემლი ზეწოლით „დაამშვიდოს“. „როგორიც არ უნდა საბოლოო შეთანხმების შინაარსი, ჩვენ არასოდეს არ ვაღიარებთ მას მოსკოვის გამარჯვებად“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინათ „ველტ“-თან საუბარში ნატოს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელმაც, უსაფრთხოების გათვალისწინებით, თავისი სახელი არ გაამხილა.

არსებობს 5 მიზეზი, რომლის გამოც უკრაინას წარმატების მიღწევა არ შეუძლია.

პირველი – „გამარჯვების გეგმა“ ჩაშლილია

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ მიზანი გამოიხატება სამხედრო მოქმედებებში გარდატეხის შეტანაში. მისი გათვლების მიხედვით, უკრაინა უნდა გაძლიერდეს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით, რათა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიეროს – მას გამარჯვება უკვე აღარ შეუძლია. ხუთპუნქტიანი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ორ პუნქტი ითვალისწინებს ნატოში მიწვევას და ნებრართვის მიღებას იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთს დასავლური წარმოების შორი მოქმედების რაკეტებით დარტყმა მიაყენოს. „დროის დაკარგვა არ შეიძლება“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსეთის ტერიტორიისადმი დარტყმის მიყენების იდეას იწონებს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი რონ ბაუერიც, რომელიც ამგვარ მოქმედებას „სრულიად ლოგიკურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს. ამის მიუხედავად, დასავლეთი სათანადო ყურადღებას არ აქცევს კიევის მოთხოვნას და ნებართვის გაცემაზე უარს ამბობს, განსაკუთრებით ვაშინგტონი და ბერლინი. დიდი ალბათობით, სიტუაცია არ შეიცვლება – იმის დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩ ევნებში – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი.

დასავლეთი თავს არიდებს ომის ესკალაცაიას – საბოტაჟს, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციის ნაკადის გაძლიერებას დასავლეთის ქვეყნებში და ჩარევებს ამჟამად მიმდინარე სხვა კონფლიქტებში. მაგალითად, რუსეთი დიდი ხანია მხარს უჭერს იემენში მიმდინარე კონფლიქტს, ახლახანს კი კრემლმა ერთ-ერთ მხარეს – ხუსიტებს – ფარულად რაკეტები მიაწოდა, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობისათვის ხელშემშლელ ინსტრუმენტად გამოიყენებენ. ამრიგად, ვოლოდიმირ ზელენსკი ფაქტიურად ხელცარიელი დარჩა თავისი ევროპულ-ამერიკული ვოიაჟის შემდეგ, რომლის მიზანს „გამარჯვების გეგმის მხარდაჭერის მიღება შეადგენდა. „დასავლეთი უკრაინის ლიდერისაგან უფრო რეალისტურ გეგმას ელოდება“, – თვლის ავსტრიელი პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი.

ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ და რიგმა ამერიკულმა გაზეთებმა ამას წინათ ერთდროულად გაავრცელეს ცნობა, რომ ამერიკული სამთავრობო წრეების აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ საიმარ მოქმედებებს დაუსრულებელ ომამდე მიიყვანს და დასავლეთის უსაფრთხოებას დაემუქრება. ამიტომაც აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა იარაღის სამომავლო მიწოდების საკითხში. გარდა ამისა, ნატოს ბლოკში უკვე გაისმის ხმები, რომლებშიც ეჭვია გამოხატული – „უკრაინა ვერ შეძლებს ყველა ტერიტორიის დაბრუნებას“.

მეორე – იარაღის დეფიციტი

სამხედრო დახმარების ის მოცულობა, რომელსაც დასავლეთი უკრაინას უწევს, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ უკრაინელებმა რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ, მაგრამ ძალიან ცოტაა, რომ უკრაინამ თავისი სასიცოცხლო (კრიტიკული) ინფრასტრუქტურა დაიცვას, ან ფრონტზე კონტრშეტევები განახორციელოს.

უკრაინული გაზეთის Kyiv Post-ის მონაცემებით, ბოლო თვეებში უკრაინამ რეკორდულად ცოტა იარაღი მიიღო, სამხედრო მოქმედებების მთელი დროის განმავლობაში. უკრაინის არმიას არ ჰყოფნის საარტილერიო ჭურვები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტები – მტრის ზურგში მდებარე სამეთაურო ცენტრების, სამხედრო ქარხნების, აეროდრომებისა და საწყობების გასანადგურებლად. ყველაზე შორსმსროლელი იარაღი, რომელსაც გერმანია აწვდის, არის სარაკეტო დანადგარი Mars II, რომლის ფრენის სიშორე მხოლოდ 80 კილომეტრია. ამერიკელებმა კი ფრთოსანი რაკეტის AGM 158-ის ნაცვლად (რომლის ფრენის სიშორე 1800 კილომეტრია), უკრაინელებს AGM 154 მისცა – სულ რაღაც 160-კილომეტრიანი სიშორით.  გარდა ამისა, დასავლეთს იარაღის არსენალებიც ეწურება – ამერიკას ძალიან შეუმცირდა პორტატული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“.

რასაკვირველია, ასეთი სიტუაცია ცუდი შედეგების მომტანია: დონბასში რუსეთის არმია წინ შეუჩერებლად მიიწევს, ზედიზედ იპყრობს ქალაქებს და სოფლებს. დღეისათვის რუსეთის არმიას უკვე გარღვეული აქვს უკრაინის თავდაცვის მეორე ხაზი და თუ ქალაქ პოკროვსკს დაიკავებს, კრემლის ჯარი მესამე (და უკანასკნელ) თავდაცვის ხაზს მიადგებიან.

მარკუს რაისნერის აზრით, პოკროვსკის სავარაუდო დაპყრობა ნიშნავს, რომ რუსეთის არმია წლის ბოლომდე დასავლეთის მიმართულებით ღრმა გარღვევას განახორციელებს და იანვრისათვის დონბასის ფრონტი კრახს განიცდის. ეს იმის დადასტურება იქნება, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ე.წ. „სპეცოპერაციის“ საკვანძო მიზნებს მიარწევს.

აგვისტოში უკრაინის არმიის განხორციელებული რეიდი კურსკის ოლქში (6 ათასი ჯარისკაცით) კიევისათვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა: ვოლოდიმირ ზელენსკის ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ჯარებს დონბასიდან კურსკის ოლქში გადაისვრიდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი შეცდა – კრემლს არცერთი საბრძოლო ქვედანაყოფი არ მოუხსნია დონბასის ფრონტიდან. უკრაინამ კურსკის ოპერაციის განსახორციელებლად თავისი ელიტური რეზერვები გამოიყენა, ახლა კი რეზერვებიც ამოეწურა. გარდა ამისა, კიევისათვის არასაკმარისია მუხლუხიანი ტექნიკა და საინჟინრო საშუალებები სანგრების გასათხრელად და რაც აქვს, ინტენსიური მუშაობით ისინიც თანდათანობით ძველდება, ცვდება და მწყობრიდან გამოდის.

 მესამე – პირადი შემადგენლობის უკმარისიბა

ამჟამად 540 ათას რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ დაახლოებით 450 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი იბრძვის. უკრაინის ჯარების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მეომართა რაოდენობა 690 ათასამდე გაიზრდება. უკრაინელი ჯარისკაცტა საუალო ასაკი 45 წელია, ისინი ხშირად ცუდად გაწრთვნილები არიან, ბევრი ფრონტზე ომის დაწყებიდანვე იმყოფება და დაქანცულნი არიან.

დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, კიევის მთავრობას არ სურს გასაწვევი ასაკის შემცირება 25 წელზე ქვემოთ, რათა მოსახლეობის მხარდაჭერა არ დაკარგოს. ამასთან, თითქმის მილიონამდე ახალგაზრდა გამწვევ პუნქტებში არ რეგისტრირდებიან და იმალებიან.

ჟურნალ „ეკონომისტის“ მონაცემებით, დეზერტირთა რაოდენობა დაახლოებით 10%-მდე შეადგენს. უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრის რომან კოსტენკოს თქმით, მობილიზაციის პროცესი, ფაქტიურად, ჩაშლილია. მართალია, უკრაინის არმიის სარდლობა დანაკარგებს არ ამხელს, მაგრამ ამერიკული დაზვერვის ახალი მონაცემების მიხედვით, უკრაინამ დაკარგა 80 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მოკლულის სახით და 400 ათასამდე – დაჭრილ-დასახიჩრებული სახით – უფრო მეტი, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ.

მეოთხე – პუტინის წარმატებული კოალიცია

მაღალი ენერგოშემოსავლების (ნავთობისა და გაზის გაყიდვის) წყალობით, ვლადიმერ პუტინს აქვს ყველა შესაძლებლობა საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. ექსპერტთა აზრით, კრემლს შეუძლია დღევანდელ დონეზე კიდევ სამი-ოთხი წელი იომოს.

ფინური ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვით 707 მილიარდი ევრო მიიღო გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის გაყიდვით. თუ ამ შემოსავლებს რუსეთის სამხედრო ხარჯებს შევადარებთ, რომელიც მხოლოდ 100 მილიარდ ევროს შეადგენს (ოფიციალურად), მაშინ ნათელი გახდება, თუ რა დიდი რესურსები აქვს მოსკოვს.

ვენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემტა თანახმად, 2022 წლიდან რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა ჩინეთთან 40%-ით გაიზარდა, თურქეთთან – 23%-ით, ინდოეთთან კი მთელი 140%-ით. გარდა ამისა, რუსეთს სულ უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს „მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის“ გეგმის განხორციელებაში.

 მეხუთე – მხარდაჭერის შემცირება

წყარო

რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როცა ჩვენი მომხრე მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში – მამუკა მდინარაძე

უკვე რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში – როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულები არიან დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღეში წარმოადგენს მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ მოიპარა ხმები.

„ვთქვათ, მე მივედი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერად თბილისში ჩემს საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული და ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა პარტიები აგენტურული პარტიებიდან. თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით და ბოლომდე დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი, ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად. ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ რეალური, ამ ხმების მოპარვის რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე, უკვე არსებობს და რამდენიმე დღეში, ხვალ, ზეგ მაქსიმუმ, კონკრეტული ფაქტები გექნებათ ვისი ხმები როგორ მოიპარეთ“.- განაცხადა მდინარაძემ.

„საქსტატის“ მონაცემები შეესაბამება ადგილზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას – მამუკა მდინარაძე

„საქსტატის“ მონაცემები შეესაბამება იქ მცხოვრები, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე არგუმენტს, რომლითაც ქართულ საზოგადოებას აყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას. მაგალითად, აქვეყნებენ რამდენიმე დასახლების მონაცემს და ამბობენ – როგორ ხდება ასე, რომ „საქსტატის“ მონაცემებით უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. რას იტყუებიან და რა უბინძურეს მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, აღწერის მიზნით, ცაგერში მცხოვრებ ოჯახში მივიდა „საქსტატის“ წარმომადგენელი, დააფიქსირა, რომ ამ ოჯახში ცხოვრობს ორი ადამიანი, თუმცა ამ ოჯახში ჩაწერილია 10 ადამიანი. შემდეგ ჩავიდნენ დანარჩენი ოჯახის წევრები და მისცეს ხმა. შემდეგ გამოდის ნებისმიერი მდაბიო მანიპულატორი და ამბობს – როგორ კაცო, ორი ადამიანი ცხოვრობს და როგორ მისცა შვიდმა ხმაო. „საქსტატის“ მონაცემები შეესაბამება იქ მცხოვრები, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საპროტესტო აქციები გაგრძელდება – სალომე სამადაშვილი

ვფიქრობ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველო „რუსული რეჟიმისგან არ გათავისუფლდება“.

„აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან, მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის გამოძიება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ.

„ყოველდღე ინტენსიური შეხვედრები გვაქვს იმიტომ, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება. რეალურად, ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებს აზრი დაუკარგა. ეს სისტემა გამოძიებული თუ არ იქნება და არ შეიცვლება, არასდროს ამ ქვეყანაში არანაირ არჩევნებს აზრი არ ექნება. უბრალოდ, ნომინალურად ჩავატარებთ არჩევნებს. ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება, არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ თუ გასული 3-4 წლის მანძილზე 250 ათასმა ადამიანმა დატოვა ეს ქვეყანა, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველო ქართველებისგან დაცარიელდება. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ამიტომ, ახლა ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რომ პირველ რიგში, გამჟღავნდეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი  საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია.

„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.

გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.