Home Blog Page 52

2024 წლის სექტემბერში მშპ-ს ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა – „საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

„საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლიციამ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების უკონტროლოდ ჩაყრის ფაქტზე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების:

საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

სიფრთხილის გამოჩენით საქართველოს ვკარგავთ – ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

„სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ხსენებულ დარღვევებზე დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ.

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაიღუპა 11 წლის ბავშვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34 შეადგენს. „ბიჭი, რომელიც ტერორისტმა ქვეყანამ მოკლა, 11 წლის იყო. ის ნანგრევებიდან თავის მძიმე ტრავმებითა და მრავალი მოტეხილობით ამოიყვანეს. მედიკოსები ნახევარ საათზე მეტხანს რეანიმაციულ ღონისძიებებს უტარებდნენ. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“.

ნანგრევებში მოყოლილია კიდევ ერთი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაბომბვას საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მოჰყვა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრე-მაშველები ახლაც ცდილობენ. ხანძრის საერთო ფართობი 80 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა – ბოლო ცნობები ესპანეთიდან

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულთა რაოდენობა.

დატბორილია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ვალენსიის აეროპორტში. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა, რის გამოც ათობით დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 ოქტომბერს ქუთაისში +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +11, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო – მეთიუ მილერი

პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავდა, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვა არაფერს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ამით მეთიუ მიერლმა უპასუხა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე კითხვას.

მილერს თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა გამოძიებისკენ საქართველოს ოფიციალური პირებს.

„ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავს თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, – აღნიშნა მილერმა.

მეთიუ მილერმა კიდებ ერთხელ ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა “გადახედვის პირობებში” გრძელდება.

„ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება”, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხეს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილთან დაკავშირებითაც, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ კომენტარს კონკრეტულ შემთხვევაზე არ აკეთებს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევებზე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს დავინახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. შრომისმოყვარეობა და დისციპლინა დიდი მოცულობის სამუშაოსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ზოგი საქმე თქვენი მონაწილეობის გარეშე, თავისთავად მოგვარდება და სასურველ შედეგს მიიღებთ. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა.

კურო

ამ დღეს რაც უფრო აქტიურად გაატარებთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. შესაფერისი დღეა საყვარელ ადამიანებთან პირად თუ ოჯახურ პრობლემებზე სასაუბროდ და გამოცდილების გასაზიარებლად. ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

შესაძლებელია, რაღაც შემთხვევამ აგანერვიულოთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ. დილიდან წვრილმანი, უსიამოვნო საკითხების მოგვარება ან გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, საკუთარი ძალების ირწმუნოთ და კონფლიქტებს მოერიდოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ყველაზე რთული ამოცანები დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. ამ დროს სამუშაოზე ფოკუსირება და თქვენი საუკეთესო საქმიანი უნარების გამოვლენა გაგიადვილდებათ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან სადავო საკითხების მოგვარებას და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას შეძლებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ლომი

ამ დღეს რთული საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. გარემოებები შეიძლება თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდეს, ამიტომ პრობლემების დასაძლევად უნდა მოემზადოთ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ – ეს სტრესის დაძლევასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ფინანსური თვალსაზრისით კარგი დღეა. შეიძლება, დაუგეგმავი შემოსავალი ან ძველი გარიგებებიდან მოგება მიიღოთ. დროა მუშაობის შედეგები შეაჯამოთ და დასკვნა გამოიტანოთ. აჩვენეთ პარტნიორს, რომ პირად ცხოვრებაში სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

სასწორი

არსებობს შეცდომის დაშვების ალბათობა, ამიტომ ხელშეკრულებების ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. საქმეში, რომელიც შემოქმედებით უნარებს და გამომგონებლობას მოითხოვს, წარმატება გელით. განწყობა ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შეიძლება ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდნენ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყონ.

მორიელი

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ნაცნობ და მარტივ კითხვებსაც კი ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან თავშეკავება გამოიჩინოთ. ნუ ამბობთ სიტყვებს, რომლებსაც მალე ინანებთ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ და ყველა პრობლემა სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. ახალ ნაცნობებზე ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რომ მზად არიან, თქვენს ნებისმიერ იდეას მხარი დაუჭირონ. შესაძლებელია სასიყვარულო თავგადასავალი.

თხის რქა

კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა ან დისკუსიებისთვის. შანსი გაქვთ, რომ ახალ სპონსორებს შეხვდეთ და თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ. მოერიდეთ კამათს და უთანხმოების დროს ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ. უძილობა ძლიერი განცდების შედეგია, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ. მოსალოდნელია წარსული სასიყვარულო ურთიერთობების განახლება.

მერწყული

შეცდმების გამოსარიცხად ამ დღეს მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თუ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით, გამოცდილი კოლეგის რჩევა და მხარდაჭერა დაგეხმარებათ. ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება თავი დაძაბულობამ იჩინოს და პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

თევზები

ამ დღეს ყველაზე კარგად მარტივი და ნაცნობი ამოცანების შესრულება გამოგდით, ამიტომ ახალი ან უცნობი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ. გაატარეთ საღამო მშვიდად, რომ სულიერი წონასწორობა აღიდგინოთ.

 ,,ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ – ეს არსებითი მნიშვნელობისაა, რათა გაქრეს ეჭვები”- ნორდიკული ქვეყნები

ჩვენ, ნორდიკული ქვეყნები, ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ ხსენებული დარღვებებზე საქართველოს 26 არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, – ამის შესახებ ნორდიკული ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ეს არსებითი მნიშვნელობისაა, რათა გაქრეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას შეექმნა.

„ნორდიკული ქვეყნები მყარად უჭერენ მხარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რომელიც ერთობლივ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეყრდნობა.

ბოლო წლებში, ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონმდებლობები მზარდად შორდებოდა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან შესაბამის გზას. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის.

როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში დამსახურებული ადგილისკენ მიიყვანს. გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების შესაბამისად განვსჯით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: ლარს ლოკე რასმუსენი (დანია), ელინა ვალტონენი (ფინეთი), თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი (ისლანდია), ესპენ ბარტ ეიდე (ნორვეგია), მარია მალმერ სტენეგარდი (შვედეთი).

საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ  ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და  საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს – საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი  (+-20%)  ქაღალდი.

აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ  შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც.

ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო.

ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/ssp/document.php?code=spa-cmr/1833afc8f32f0f57c290e13dca24677a-032b5a30-0e09-43c1-97ba-aed756aded2a&mime=application/pdf&save=%20~%2012-09-2.pdf

ევროპის საზოგადოებრივი პროკურატურა „ევროპის სახალხო პარტიის“ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს

ევროკავშირის პროკურორები იძიებენ თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებებს, მათ შორის ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის, მანფრედ ვებერის 2019 წლის კამპანიას ევროპარლამენტის არჩევნებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გამოძიებას ხელმძღვანელობს ევროპის საზოგადოებრივი პროკურატურა (EPPO).

როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, გამოძიება სამ პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი, რომლებიც მანფრედ ვებერის 2019 წლის საარჩევნო კამპანიასთან ჰქონდათ კავშირი.

კერძოდ, გამოძიება იკვლევს, მიიღო თუ არა ამ სამმა პირმა უკანონო გადახდები „ევროპის სახალხო პარტიისგან“ და „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფისგან ევროპარლამენტში.

საპარლამენტო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ფული, რომელიც გადასახადების გადამხდელების მიერ არის დაფინანსებული, არ უნდა დაიხარჯოს პოლიტიკური კამპანიების ფარგლებში.

 ,,ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს” -მამუკა ხაზარაძე

ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს, – ასე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, “პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან”.

“ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს. პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან!

ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პრეზიდენტთან ერთად. წინ ევროპისკენ, არცერთი ნაბიჯი უკან! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.