Home Blog Page 52

„ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) კვლავ შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორება და პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ გაათავისუფლოს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვემზადებით არჩევნებისთვის და გამარჯვებისთვის, ოპოზიცია კი 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის და დესტაბილიზაციისთვის – ლადო ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა ჩვენს ოპოზიციონერებს, უფრო სწორად, ცარიელ ადგილებს, რომლებსაც ხედავს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, გადავცე გლდანელების, ნაძალადეველების, საბურთალოელების და დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლების დანაბარები: იქნება სადმე დაენახოთ დედაქალაქის მოსახლეობას. საკრებულოში თქვენ არ დადიხართ, არ დადიხართ არც კომისიის სხდომებზე. საქმე თქვენ არ გაგიკეთებიათ და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაინც დაენახეთ საზოგადოებას.

მესმის, რომ მისასვლელი პირი არ გაქვთ და მხოლოდ საზღვარგარეთის გულის მოგება და სხვისი დავალებების შესრულება გაინტერესებთ. რატომ მოატყუეთ ჩვენი მოსახლეობა 2020 წელს, საკრებულოში არჩევის შემთხვევაში რომ რაიმე სასიკეთოს გააკეთებდით?! აღარ აპირებს საქართველოს მოსახლეობა მოტყუვდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს და ისევ ასეთი ცარიელი ადგილები, არაფრის გამკეთებლები აირჩიოს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

როგორც უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ყველა ძალიან კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.

„ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. მე პირადად ის დავალება, რომელსაც ვისმენ დედაქალაქში და ჩემი კოლეგები ისმენენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირნათლად უნდა შევასრულო. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. არავის მივცეთ საშუალება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ ვემზადებით ქართველ ხალხთან ერთად არჩევნებისთვის, გამარჯვებისთვის, თქვენ კი ემზადებით 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის, სისხლიანი რევოლუციისთვის. თუმცა იცოდეთ, რომ არც ქართული სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი ამის საშუალებას არ მოგცემთ. ყველას მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც იქნება ერთადერთი ღირსეული, რადგან ღირსეულად გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობითა და კეთილდღეობით წინსვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად  ანახევრებს გადაადგილების დროს – ირაკლი ქარსელაძე

დღეს კახეთში გაიხსნა გზა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც რეგიონის მოსახლეობისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისათვის. თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის პირველი, ყველაზე გამომწვევი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას განაცხადა.

კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.

მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი, 4 ზოლიანი გზის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შესყიდვები იმდაგვარად დაიგეგმა, რომ ქართულ კომპანიებს ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ. 35 კმ-იანი მაგისტრალის სამიდან ერთი მონაკვეთი სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელზეც საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა მკვეთრად მზარდია.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო ინტენსივობის ანალიზის მიხედვით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ტრანზიტული მოძრაობა 2023 წელს 2019 წლის, ანუ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 135%-ით გაიზარდა და 2022 წლიდან ზრდის ტენდენცია ნარჩუნდებოდა. შესაბამისად, არსებული ნაკადების ინტენსივობა 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გამტარუნარიანობას 25%-ით აჭარბებდა და ვერ უზრუნველყოფდა გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების გატარებას.

,,ძველი გზა ბევრი პარამეტრით ვერ პასუხობდა მოძრაობის ამჟამინდელ ინტენსივობას და მაგისტრალური გზის მშენებლობა კრიტიკულად აუცილებელი იყო. ახალი მაგისტრალური გზა, სამჯერ, ანუ 185%-ით გაზრდილი გამტარობით, უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ პერსპექტიულად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების მომსახურებას. თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად სულ მცირე ანახევრებს გადაადგილების დროს და ახალი მონაკვეთის გავლას სულ რაღაც 17 წუთი დასჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი 4 ზოლიანი მაგისტრალი გვერდს უვლის და სრულად განტვირთავს მოძრაობას 4 ძირითად მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქში: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში, რასაც ამ დასახლებების შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 600კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, ხოლო 2012 წლის შემდეგ 1600 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.

,,სულ რაღაც სამი თვის წინ კახეთში გავხსენით ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა. კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვის, სამუშაოები მაღალი ტემპით გრძელდება. ჩვენი გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზა ბაკურციხემდე. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომლის დასრულების შემდეგ კახეთის საგზაო მიმართულების 52 კმ-იან ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მაგისტრალური გზით იმოძრავებს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფაქტობრივად დასრულებულია გომბორის 33 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია და გრძელდება თუშეთამდე მისასვლელ გზაზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ინტენსიური სამუშაოები, რომელიც თუშეთის გზის 65 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთიდან 52 კმ-ზე მიმდინარეობს.

2024 წელს მთელი კახეთის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს იმედოვნებს, რომ კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად.

ამასთან საპატრიარქო აღნიშნავს, რომ LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ “მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული”.

„დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ოჯახური ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე.

საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს.

რამდენიმე წლის წინ სასკოლო საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოებმა საქართველოს საპატრიარქოს მწვავე და სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამ სახელმძღვანელოების ზოგიერთი თემა ღიად უსვამდა ხაზს ოჯახური ღირებულებების დაკნინებას. ხანგრძლივი და აქტიური ძალისხმევა დასჭირდა LGBTQI პროპაგანდის შემცველი პასაჟების სასწავლო რესურსიდან ამოღებას, რადგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ამასთანავე, LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული.

ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ვიმედოვნებთ, ეს კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად”, – წერია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ “ჰეზბოლას” 250 მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის განცხადებით, ლიბანში სახმელეთო ოპერაციისას “ჰეზბოლას” 250 მებრძოლი გაანადგურეს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

კერძოდ, 30 სექტემბერს საღამოს სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მათ “ჰეზბოლას” 250 მებრძოლი გაანადგურეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ “ჰეზბოლას” 250 მებრძოლს შორის მინიმუმ 21 საველე მეთაურია, 5 ბრიგადის დონის მეთაური, 10 ასეულის მეთაური, და 6 ოცეულის მეთაური.

საკუთარ ოპერაციებს ისრაელის სამხედროები აღწერენ როგორც “შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზნობრივ რეიდებს”, რომელთა მიზანია “ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურის ჩამოშლა სასაზღვრო ზონაში, განსაკუთრებით ისრაელის საზღვართან მდებარე სოფლებში, რათა ისრაელის ჩრდილოეთში მაცხოვრებელ ხალხს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცეს.

ისრაელის სამხედრო მეთაურების თქმით, მათი მიზანია ოპერაციების რაც შეიძლება მალე დასრულება, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საკითხი განიხილებოდა, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“,-აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა.

ბაღი, რომელიც 180-240 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით აშენდა.

სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ 6 ოთახს მოიცავს და 3000-მდე კვ.მ. ფართობზეა აშენებული. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სასადილოს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის დარბაზს, აგრეთვე ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და ადაპტირებული სანიტარული სივრცეები, ასევე – ღია სათამაშო მოედანი.

მთავრობის მეთაურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი სამირ შარიფოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალი ახმედოვი, კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტი ზიბა მუსტაფაევა, საქართველოში  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამმედოვი და სხვა ოფიციალური პირები.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას -ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენ ვხსნით კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის 85 კმ-იანი მონაკვეთიდან 35 კმ-იან ჩქაროსნულ გზას, რომელიც ფარავს თბილისიდან საგარეჯომდე მონაკვეთს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ საერთო პროექტის განხორციელებაში, რაც უკავშირდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა როგორც აღნიშნა, ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ 4 სოფელსა და ქალაქს, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად ამ რეგიონისთვის კახეთისთვის, დღეს უკვე მესამე პროექტის დასრულების მომსწრე ვართ. დღეს ვიყავით არხილოსკალოში, სადაც ერთად გავხსენით ლაშა ბექაურის სახელობის, ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის სპორტკომპლექსი არაჩვეულებრივი დარბაზებით, ასევე დღეს ვესწრებოდით იორმუღალოში არაჩვეულებრივი საბავშვო ბაღის გახსნას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის და იმისათვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან. რაც შეეხება მესამე პროექტს, რა თქმა უნდა, მის განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ქვეყნისა და კონკრეტულად ამ რეგიონის განვითარებისთვის.

დღეს ჩვენ ვხსნით კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის 85 კმ-იანი მონაკვეთიდან 35 კმ-იან ჩქაროსნულ გზას, რომელიც ფარავს თბილისიდან საგარეჯომდე მონაკვეთს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ საერთო პროექტის განხორციელებაში, რაც უკავშირდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობას. სულ რაღაც ორი თვის წინ ჩვენ გავხსენით ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა; დღეს ისევ კახეთში აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას ამ მიმართულებით. ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ 4 სოფელსა და ქალაქს, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას. ეს გზა ასევე არის საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილი, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს და ეს ყველაფერი მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, კახეთის მაგისტრალის ყველა მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობას მხოლოდ 1 საათი და 20 წუთი დასჭირდება.

„საერთაშორისო სტანდარტების, განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური ზრდისთვის, რეგიონული განვითარებისთვის, მობილობის გაძლიერებისთვის, სოციალური და კულტურული კავშირებისთვის; ასეთი გზები ამცირებს მგზავრობის დროსა და მანძილს; გვთავაზობს საიმედო და უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტებს, აუმჯობესებს საერთაშორისო და შიდა რეგიონულ კავშირებს, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას, ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოსახლეობისათვის.

ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ასეთი გზები მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხითაც. საქართველო, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ჩვენს ქვეყანაზე გადის უმოკლესი მარშრუტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და რა თქმა უნდა, არსებული რეგიონული კრიზისების ფონზე იზრდება შუა დერეფნის აქტუალურობა. ასეთი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებას ამ თვალსაზრისით.

საერთაშორისო სტაბილურობისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხო და სანდო ალტერნატიული სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტები. ამ მოცემულობაში, საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე

მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთის გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი.

„ჩვენი ძალისხმევის შედეგები სახეზეა, რასაც ადასტურებს მარტივი ციფრებიც – დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით. მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კმ. დასრულების ფაზაშია საუკუნის პროექტის – რიკოთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. დასრულებულია ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი მთავარი და საევაკუაციო 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბების გაჭრა. გრძელდება სამუშაოები როგორც გვირაბების, ისე 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასასრულებლად. სამუშაოები გრძელდება კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვისაც. შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ 2012 წელს აშენებული იყო მხოლოდ 68 კმ მაგისტრალური გზა; დღეისათვის უკვე გახსნილია 4-ჯერ მეტი – 341 კმ მაგისტრალური გზა. მხოლოდ წელს, საერთო ჯამში, გაიხსნება კიდევ 90 კმ-მდე მაგისტრალური გზა, საიდანაც 60 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის.

„ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის, ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის, ტურიზმისა და ბიზნეს შესაძლებლობების სტიმულირებისა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ეს შედეგები ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში, დიდი მადლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროექტის განხორციელებას, ასევე სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენს პარტნიორებს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენს ჩინელ და თურქ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.

მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და ერთი სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.

თბილისი-სგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

კახეთის 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი გზა ბაკურციხემდე, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.

კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7354 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7335 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0175 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

“გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა”-Der Spiegel

შვერინში – ჩრდილოგერმანულ ქალაქში, რომელიც ადრე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) შემადგენლობაში შედიოდა, 3 სექტემბერს გერმანიის გაერთიანების 34-ე წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მართლაცდა, გერმანიის ერთიანობის დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ არანაირი ერთიანობა არ არსებობს. ქვეყანა გაყოფილია არა მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად, არამედ ცალკეულ რეგიონებადაც, რომლებსაც ერთმანეთი, როგორც მინიმუმი, არ მოსწონთ, – ნათქვამია ჟურნალ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით: „გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა“ (ავტორი – საბინა რენეფანცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკვე რამდენიმე თვეა აშკარა გახდა ერთი ჭეშმარიტება: ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკური სამართლებრივი და ეკონომიკური პროცესი, რომელიც 1990 წლის ბოლოდან დაიწყო, ფაქტობრივად შეჩერდა. 34 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ რეგიონები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ… საქსონიაში, ბავარიაში, ტიურინგიაში სპეციფიკური პროცესები მიმდინარეობს.

1990 წლის ოქტომბერში გერმანიის ოფიციალურ გაერთიანებამდე ორი დღით ადრე, გდრ-სა და გფრ-ის ტელეეთერში ერთდროულად გავიდა ინტერვიუ გდრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ბოლო პრეზიდენტთან, იმ დროისთვის მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელ ჰორსტ კლიკმანთან, რომელმაც ორი გერმანელის – დასავლელისა და აღმოსავლელის განსხვავებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ხედავს იმ პრობლემებს, რომლებიც ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება და შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულონ. 34 წლის წინ ჰორსტ კლინკმანის ნათქვამს არავინ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ იგი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა…

არცთუ ერთიანი გერმანელი ერი

სამ ათეული წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ჩვენ იძულებულნი ვართ დავაფიქსიროთ, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან უფრო დაშორებულები არიან, ვიდრე ოდესმე.. ცხადია, პირველ ეტაპზე ყოფილი გდრ გფრ-ს დაუახლოვდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კონსოლიდაციის პროცესი შეჩერდა ახლა უკვე არის ნიშნები იმისა, რომ ორი გერმანია ისევ არსებობს, არ გამქრალან და ისინი ერთმანეთს შორდებიან. დიახ, გერმანია პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით გაერთიანებულია, არის კონტაქტები, არიან კოლეგები და პარტნიორები, მაგრამ არის თუ არა გერმანელი ერი მონოლითური და საკუთარ თავში დარწმუნებული? საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგთა ანალიზი ადასტურებს, რომ არ არის.
როდის დაიწყო ორი გერმანელის ერთმანეთთან გაუცხოება? 2014-2015 წლებში, როცა ქვეყანაში უამრავი მიგრანტ-ლტოლვილი შემოვიდა? ან იქნებ უფრო ადრე, 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა მთავრობამ სწრაფად გამოძებნა მილიარდობით თანხები ბანკების გადასარჩენად, მანამდე კი სულ წუწუნებდა – სკოლების, კლინიკების, გზების, ხიდებისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად ფული არ გვყოფნისო?

აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილ გდრ-ში) ძლიერდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა იდეოლოგიაში ადრინდელი სოციალისტური რეალობის ნოსტალგია გამოსჭვივის. მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (რომელიც პრორუსულად ითვლება). აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელს ერთმანეთთან დიალოგის არანაირი ინტერესი არ აქვთ – ისინი თითქოსდა სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.
გასაოცარია, როგორი აზრთა სხვადასხვაობაა აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელებს შორის უკრაინასთან მიმართებით. დასავლელები თვლიან, რომ აღმოსავლელები რუსეთის პროპაგანდის ქვეშ არიან. იგივეს იმეორებენ მთავრობის წევრებიც – საგარეო საქმეთა „მწვანე“ მინისტრი ანალენა ბერბოკი თვლის, რომ საქსონიასა და ტიურინგიაში „მწვანეთა“ პარტიის კრახი და აღმოსავლეთგერმანელი პოლიტიკოსის სარა ვაგენკნეხტის წარმატება კრემლის ეფექტურმა პროპაგანდამ განაპირობაო. დიახ, ლოზუნგი – „აღმოსავლეთი რუსების მარწუხებშია მოქცეული“ – დიდი ხანია ცნობილია. ამგვარი განმარტების უპირატესობა იმაშია, რომ ამ დროს არ არის საჭირო ღრმად გაანალიზო საკუთარი პოლიტიკა. დიახ, ძალზე იოლია, რომ ბრანდენბურგში, საქსონიასა და ტიურინგიაში მწვანეთა კრახი პუტინს დააბრალო. ძალიან მოხერხებული გამოსავალია!.

რასაკვირველია, რუსული პროპაგანდა ნამდვილად არსებობს. მაგრამ კითხვა – რატომ არის შედეგიანი კრემლის პროპაგანდა, უპასუხოდ რჩება. რუსული აგიტაციის ე.წ. წარმატების მიზეზებზე და საკუთარ შეცდომებზე მთავრობა არ საუბრობს. სამაგიეროდ, ვინც უკრაინის ომის ესკალაციაზე [და გერმანელებისათვის საჭირო უამრავი ფულის ომის ცეცხლში გადაყრაზე] გამაფრთხილებლად ლაპარაკობს, მათ „პუტინის პროპაგანდისტებს“ უწოდებენ.

„აღმოსავლეთი“ – რუსეთის დანამატია, „დასავლეთი“ კი თვალთმაქცი“

ომის ესკალაციისადმი შიში აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთში, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მეორე მსოფლიო ომის კვალი აღმოსავლეთში უფრო მეტად იგრძნობა. გდრ-ელები უფრო მეტად გრძნობდნენ შიმშილს, უსახლკარობასა და შეზღუდვებს. აღმოსავლელებს ანალენა ბერბოკის რიტორიკა სძულთ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დემოკრატიის, კარგი ცხოვრების, ეკონომიკური სტაბილურობისა და განცხრომის მეტი არაფერი უნახავს.

გერმანიაში დეზინგრაციული პროცესების მიზეზად ასევე ითვლება საზოგადოების დაყოფა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მოხმარების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ გდრ-ის მცხოვრებლებს თავიანთი მსოფლმხედველობა აქვთ ჩამოყალიბებული. ერთი მხრივ, დასავლელი გერმანელები აღმოსავლელებს „რუსეთის დანამატად“ თვლიან, მეორე მხრივ, აღმოსავლელები დასავლელებს თვალთმაქცებად, დაცემულ და სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებად თვლიან. „ოსტდოიჩეების (დასავლელთა) ხელახალი აღზრდა უიმედოა“, – ასეთი პოზიცია აქვს პოპულარულ „ვესტდოიჩურ“ (აღმოსავლეთგერმანულ) გაზეთს „ბერლინერ ცაიტუნგს“.

სამწუხაროდ, „ოსტებისა“ და „ვესტების“ შეხლა-შემოხლა არ არის უბრალო დაპირისპირება, მასში სულ უფრო მკაფიოდ ჩანს მსოფლმხედველური კონფრონტაცია – სუვერენიტეტის ინტერპრეტაცია, სხვადასხვა პოზიცია პოლიტიკური მოვლენებისა და გავლენების მიმართ. პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის ორ ნაწილს შორის არსებული განხეთქილების გაღრმავება და გაძლიერება. ისინი ცდილობენ თავიანთ მხარეზე გადაიბირონ მოსახლეობა და ამ მიზნით არაფერს არ ერიდებიან. ბოლო დროს აღმოსავლეთისა და დასავლეთის განხეთქილების ხაზი ერთგვარ ტრიგერული წერტილი ხდება, ამისათვის უკვე აღარ არის აუცილებელი აღმოსავლელ გერმანელად ყოფნა.

დრამატურგი ჰაინერ მიულერი 1990 წლის სამ ოქტომბერს წერდა, რომ ერთიანი გერმანული საზოგადოება უკვე ანაქრონიზმს წარმოადგენს – იმიტომ, რომ ევროპაში ყველგან რეგიონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო მეტროპოლიები ერთმანეთს სულ უფრო მეტად ემსგავსებიანო. შესაძლოა, იგი მართალი იყო და შესაძლოა გერმანია არამარტო აღმოსავლეთ-დასავლეთად იყოფა, არამედ ბევრს სხვა რეგიონად – „ჩვენ ბავარიელები ვართ“, „ჩვენ ბრანდენბურგელები“, „ჩვენ ტიურინგიელები, საქსონიელები“ და ა.შ. იქნებ ერთიანი გერმანია უკვე აღარ არსებობს? თუ ასე გაგრძელდება, მართლაც აღარ იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: