Home Blog Page 52

 დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებლის შეჯახებას რკინიგზის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა 

 

 

თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას  ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მატარებელი თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიდიოდა. ადგილზე მობილიზებული არის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

საქართველოს რკინიგზა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.

მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

 ყველა დამპყრობელი ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ქვეყანაც, ხალხიც, ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია -მამუკა მდინარაძე

საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ და არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ ოპოზიცია „ლგბტ კანონს უმნიშვნელოდ მიიჩნევს“.

„ოპოზიცია რასაც უწოდებს თითიდან გამოწოვილს, ამის მასშტაბზე რომ წარმოდგენა გვქონდეს, გეტყვით: საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა. არის თითიდან გამოწოვილი? 2-3 თაობაში შეიძლება, გაანადგუროს ის, რაც ვერ გაანადგურა ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში. ქართული საზოგადოების და ქართველი ერის არსებობა თუ არის თითიდან გამოწოვილი თემა, მაშინ მართლები ყოფილან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა არ ეხება არცერთი ადამიანის უფლებას, რომელი უმცირესობის წარმომადგენელიც უნდა იყოს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას უფლება უნდა დაიცვას ზედმიწევნით ყველა ხელისუფლებამ, მაგრამ როდესაც პროპაგანდა მიდის რაღაც საკითხების, რასაც თავისი კონკრეტული მიზნები აქვს, ეს მიზანი უნდა ამხილო და ამ პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გაილაშქრო ყველა შესაძლო ლეგიტიმური საშუალებით. ქართული ეკლესია და საპატრიარქოც იმიტომ დგას ასე მყარად ამ პოზიციაზე და ჩვენც, ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება იმიტომ დგას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე, რომ ეს გამოწვევები კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული. ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ დღეს ეს გამოწვევას წარმოადგენს, ოლიმპიადის გახსნა კარგად გადაახვიოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ გაიმართება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.

TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.

TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.

მარიამ გულედანის გამოსვლის თემაა: არა უშავს, თუ არ იცი, რა გინდა. „მე ვარ მარიამ გულედანი, 20 წლის, ქოფირაითერი. მიყვარს მუსიკა (ყველაფერზე მეტად), დრამზე დაკვრა და წერა. დრამზე რამდენიმე წელია რაც ვუკრავ. წერით კიდე, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ვწერ ყველაფერს: ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს და რავი, მართლა ყველაფერს. რა მინდა? ეგ რთული ამბავია. აი ახლა, ამ მომენტში რედბულის დალევა მინდა :)) მაგრამ უფრო ფილოსოფიურად თუ ვუპასუხებ, მინდა ისეთი რაღაც გავაკეთო ცხოვრებაში, ადამიანებს ჩემი სიკვდილის მერეც რომ ვახსოვდე. ცოტა ნაკლებად ფილოსოფიურად – ყველა იმ ბენდის/არტისტის ლაივზე მინდა მოვხვდე, რომელიც მიყვარს”.

გიორგი ძირკველიშვილი მსმენელებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას თემაზე: “ის უნდა აკეთო რაც შენ გინდა” – ყველაზე დიდი ტყუილი ცხოვრებაში. “მე ვარ გიორგი ძირკველიშვილი Software Engineer და ლექტორი. ჩემი ინტერესების სფერო დიდწილად უკავშირდება სპორტის თამაშს, ყურებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და მოგზაურობას. სიამოვნებას მანიჭებს ახალი ადგილების აღმოჩენა და მეგობრებთან ერთად მოგონებების დაგროვება”.

ელენე ჭელიძის გამოსვლის თემაა: ძიება არასდროს გაჩერებს, სწორედ მისი სურვილი არ გაძლევს გაჩერების უფლებას. „ელენე ჭელიძე, 25 წლის. მარკეტერი და კონტენტ მენეჯერი. ვმუშაობ 18 წლიდან, რადგან ყოველთვის მინდოდა გზის პოვნა, რომელიც ჩემი შემოქმოდებისა და აზრების რეალობად გადაქცევაში დამეხმარებოდა. კრეატული აზროვნება ხშირად მეხმარება, რაღაცები სხვანაირად და ახლებურად დავინახო, დავაკავშირო ერთმანეთთან თითქოს ერთმანეთთან არაფერ შუაში მყოფი ემოციები, აზრები, იდეები, გამოცდილებები. არასდროს მინდოდა გავზრდილიყავი, ამიტომ ახლაც მაქვს შენარჩუნებული ბევრი ბავშვური თვისება, რომელიც მეხმარება სილაღის შენარჩუნებაში და პატარ-პატარა წვრილმანებით ბედნიერების მიღებაში”.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.

შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.

(R)

თიბისი ბიზნესი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

პარასკევს, 6 სექტემბერს 11:00 საათზე, Online შეხვედრის რეჟიმში საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს გაუძღვება დავით პაპიაშვილი – აუდიტორული კომპანია „KRESTON GEORGIA” – ს მმართველი პარტნიორი.

ტრენინგი შეეხება საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს.

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
  • სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სიახლეები და ტრენინგის ჩატარების მომენტისთვის საგადასახადო დაბეგვრის აქტუალური საკითხები.
  • საქართველოში მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის ძირითად პრინციპები დამსწრეები გაიგებენ მიღებული ცოდნა მუშაობის პროცესში როგორ გამოიყენონ.

კომპანიის მმართველი რგოლი უშუალოდ არ არის ჩართული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გამოანგარიშებაში. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებისა და თავისებურებების ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანია. მენეჯმენტი მონაწილეობს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ტიპის საგადასახადო დაბეგვრა.

შეხვედრის დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:

https://link.tbc.ge/training-tax

(R)

⚽🇬🇪 საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუშინ საგურამოს ბაზაზე თერთმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, ცამეტი მოთამაშე კი გუნდს დღეს შეუერთდება.

საბა გოგლიჩიძის, ლუკა გადრანისა და შოთა ნონიკაშვილის სახით, ეროვნულ ნაკრებში სამი დებიუტანტია, ირაკლი აზაროვი კი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ისევ გამოიძახეს.

„განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა. ვემზადები ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით, კარგ ფორმაში შევხვდეთ მოახლოებულ მატჩებს.

ჩეხეთის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ველოდებით ბევრ ორთაბრძოლას და ჩაწოდებებს მათი მხრიდან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაქსიმალური მზადყოფნა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ და გვერდში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა.

საქართველო – ჩეხეთის შეხვედრა შაბათს, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ქართული საზოგადოება პოლიტიკასაც სწორად ირჩევს და რწმენასაც სწორად იღებს -გურამ მაჭარაშვილი

ქართული საზოგადოება პოლიტიკასაც სწორად ირჩევს და რწმენასაც სწორად იღებს. შესაბამისად, განუყოფელია ის ფაქტი, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება ირჩევს მშვიდობას და რწმენას.

„ოპოზიციის დღის წესრიგია წყალწაღებული ნარატივი, რომ „ქართულ ოცნებასა“ და საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს. საზოგადოება ირჩევს მშვიდობას და რწმენას, ოპოზიცია კი, ომს და ლგბტ პროპაგანდას. ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდით ვერ შევა ქართულ საზოგადოებაში, რადგან ის არის მართლმადიდებლური საზოგადოება და ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახება.

„ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ნეგატიური კამპანია, ყველა დამკვირვებელს ვთხოვ, ანგარიშები რომ გამოქვეყნდება, არავის დაავიწყდეს ანგარიშში ამის შეტანა -მამუკა მდინარაძე

არსებობს ასეთი ლეგენდა „ნაცმოძრაობის“ შესახებ, რომ ისინი პიარში მაგრები არიან და პირველი ზიზღის კამპანია და ანტირეკლამა დაიწყეს იმით, რომ საკუთარი ბანერის, „ნაცმოძრაობის“ ისარი მიმართეს წარსულისკენ, მარცხენა მხარეს და მარჯვნივ – „ქართული ოცნების“. ეს სწორი მიდგომა იყო, ქვეცნობიერმა თავისი ქნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენიც ვერ მოიფიქრა, რომ საკუთარი პარტიის ისარი მომავლისკენ მიემართა. მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ პარტიას არცერთი მსგავსი სახის ბანერი არ დაუმზადებია, შესაბამისად, ის სთხოვს ყველა დამკვირვებელს, ანგარიშებში აისახოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული ზიზღის კამპანიის ფორმები.

„პირველ ვერსიაში იმდენიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ წარსულისკენ არ მიემართათ თავისი პარტიის ისარი და ჩვენი – მომავლისკენ. ჩვენი დისკრედიტაცია უნდოდათ და მომავლისკენ გაიშვირეს ჩვენი ისარი – ეს ქვეცნობიერის გამოძახილი იყო. ახლა ვიღაცამ ურჩია ეტყობა, ან როზნერმა, ან „მესინა ჯგუფმა“ და შეატრიალეს, მაგრამ შეტრიალება სიმართლეს არ ცვლის. უნდა დავაფიქსიროთ ისიც, რომ ჩვენ არცერთი მსგავსი ბანერი არ გაგვიკეთებია, მათ დაიწყეს ნეგატიური კამპანია. სიცრუე გასაგებია. სულ სიცრუე იქნება, იყო, არის და იქნება მათი კამპანიის მთავარი ღერძი და საფუძველი, მაგრამ დაიწყეს ნეგატიური კამპანია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვთხოვ ყველა ობიექტურ, ბრჭყალებში თუ მის გარეშე ობიექტურ დამკვირვებელს, რომ დააფიქსირონ, რა, როდის, რა რიცხვში დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არცერთი ნეგატიური ბანერი ჩვენ არ დაგვიმზადებია. მათ ასეთი კამპანია დაიწყეს და ყველა დამკვირვებელს ვთხოვ ხაზგასმით, რომ ეს კარგად დააფიქსირონ. ანგარიშები რომ გამოქვეყნდება, არავის დაავიწყდეს ანგარიშში იმის შეტანა, როდის და რა ფორმით დაიწყო ამის კეთება „ნაციონალურმა მოძრაობამ““, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

3-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

3-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე გაიძულებთ, საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით ვინმეს დამატებითი ვალდებულებების აღება და ნერვიულობა მოუწიოს. ამ დღეს სამუშაოც საკმარისზე მეტი გაქვთ. საღამოს სახლის გარემო და საყვარელი ადამიანების სიახლოვე დაგამშვიდებთ.

კურო

ამ დღეს გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. მიმდინარე საქმიანობაში, სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ამიტომ ჯობს დახმარება ითხოვოთ.

ტყუპები

ნათესავებთან შეხვედრის ან ტელეფონზე საუბრის დროს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც მალე ძალიან გამოგადგებათ. ეცადეთ, გამონახოთ დრო იმ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის, ვისთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ. სამსახურში კოლეგებთან მცირე გაუგებრობა გელით, მაგრამ საკუთარი პოზიცია დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.

კირჩხიბი

საკმაოდ აქტიური დღეა, უბრალოდ ახალი საქმის დაწყებამდე, ეცადეთ ძველი დაასრულოთ. მოგზაურობა და ურთიერთობა სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც უთანხმოების გამო კავშირი გაწყვიტეთ. კოლეგები ყურადღებით გისმენენ და თქვენს აზრს ითვალისწინებენ. შექმნილი ვითარება კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ და ეცადეთ ამით ისარგებლოთ.

ლომი

მთელ დღეს ფულზე ფიქრში გაატარებთ. ზოგი ლომი ფულის შოვნაზე იფიქრებს, ზოგი კი დახარჯვის გზებზე. ეს დღე ხელსაყრელია სამომავლო გეგმების შედგენისთვის, მაგრამ აქტიურ მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. დაწერეთ ორკვირიანი სამოქმედო გეგმა, სადაც ყველაფერს გაითვალისწინებთ – სალონში მისვლიდან შემოსავლებისს სტრატეგიამდე. გაიკეთეთ მასაჟი, წადით საუნაში ან აბაზანაში, ივარჯიშეთ და გაერთეთ და რაც მთავარია, მოიშორეთ ის, ვინც (რაც) აღარ გჭირდებათ. ამ დღემ შეიძლება ძველ მეგობრობას გამოცდა მოუწყოს, თუმცა ის ყველა სირთულეს გადალახავს.

სასწორი

ემოციური ფონი არასტაბილურია – ხან უმიზეზო სევდა, ხან კი მხიარულება გეუფლებათ. გარშემო მყოფებისგან გაგებას ნუ ელით – მათ თქვენი შეშფოთების მიზეზები არ ესმით. მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც თავს არაკომფორტულად და მარტოსულად გრძნობთ. უმჯობესია შუადღე სახლში გაატაროთ, სასაცილო კომედიას უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ.

მორიელი

ნუ ცდილობთ, რომ ყველა პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროთ – გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება. ამ დღეს დაწყებული საქმეები ძალიან მალე სასურველ შედეგს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას და უახლოეს დღეებში ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ.

მშვილდოსანი

პროფესიული საკითხების მოგვარებას დიდ დროს დაუთმობთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, მშობლების თხოვნა შეასრულოთ, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავთ. ზოგ მშვილდოსანს სამუშაოს შეცვლასთან დაკავშირებული იდეა გაუჩნდება, თუმცა სანამ ახალ, უფრო ხელსაყრელ სამსახურს არ იპოვით, ამის გაკეთებას არ გირჩევთ.

თხის რქა

დროა, იფიქროთ იმაზე, თუ რით გსურთ თქვენი ცხოვრების შევსება. თავად გადაწყვიტეთ მოგზაურობას დაგეგმავთ, უცხო ენის შესწავლას თუ თანამოაზრეების გუნდის ჩამოყალიბებას. წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, ეს დროებითი პრობლემებია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

მერწყული

ამ დღეს ზოგიერთ მერწყულს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს ან ფინანსებს. ზოგ მერწყულს ბანკიდან სესხის გამოტანა ან ოჯახის ბიუჯეტის ახლებურად განაწილება მოუნდება. მშვენიერი იდეაა, მთავარია, რომ ის ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ. კარგი დღეა ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის. კარგი იქნება, თუ ადამიანების დადებით თვისებებს აღნიშნავთ ხოლმე – ამისთვის მადლობას გეტყვიან.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობა იქნება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. საყვარელი ადამიანი ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტად პრეტენზიულია, ამიტომ ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ. მარტოხელა თევზებმა შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნონ, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის. ამ დღეს სრული უფლება გაქვთ, პრობლემები დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

“კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში?”- Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში? კურსკის ოლქში შეჭრით პოკროვსკის მიმართულება დასუსტდა“ (ავტორი – ქრისტოფერ მილერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია ზედიზედ აღწევს წარმატებებს აღმოსავლეთის ფრონტზე (დონბასში), პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ კრიტიკის შკვალი გაძლიერდა – როგორც ჯარისკაცებისა და ოფიცრების, ასევე სამხედრო ანალიტიკოსებისა და კანონმდებლების მხრიდან: კურსკის ოლქში უკრაინას თავისი სამხედრო ქვედანაყოფები არ უნდა შეეყვანა, რადგანაც ამით აღმოსავლეთის ფრონტი გაშიშვლდა და სწორედ ამიტომ მოიწევენ წინ კრემლის ჯარებიო.
დიახ, ბევრ უკრაინელს გაუხარდა კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ანაზდეული შეჭრა აგვისტოს დასაწყისში და იმედოვნებდნენ, რომ კიევის ესოდენ გაბედული გამბიტი რუსეთის გენშტაბს აიძულებდა რესურსების გადანაწილებას და აღმოსავლეთის ფრონტზე ძალთა ბალანსის კიევის სასარგებლოდ შეცვლას.

მაგრამ მოხდა პირიქით: რუსეთმა დონბასის ფრონტზე კონტრშეტევა უფრო გაამწვავა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდა უკრაინის ლოჯისტიკურ მთავარ რეგიონულ ცენტრს – ქალაქ პოკროვსკს, რომლის დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისათვის (პოკროვსკში განთავსებულია უკრაინის არმიის მომარაგების მთავარი ბაზა. ეს ქალაქი არის მსხვილი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი, აქ მოიპოვებენ კოქსურ ქვანახშირს – აუცილებელს უკრაინის მეტალურგიისათვის, აქვე ახლოს მდებარეობს ლითიუმის დიდი საბადოც).
კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები პოკროვსიდან მხოლოდ 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლებამ უკვე გასცა ბრძანება მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

კიეველი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრე კოვალენკო პოკროვსკსთან ახლოს შექმნილ სიტუაციას „თავდაცვის სრულ დარღვევას“ უწოდებს. „ეს რიგითი ჯარისკაცების ბრალი არ არის. ეს არის პრობლემა მათთვის, ვინც ზემოთ იღებს გადაწყვეტილებებს“, – მიანიშნა ექსპერტმა უკრაინის ხელმძღვანელობაზე.
რა თქმა უნდა, სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავენ და შეშფოთებულნი არიან პოკროვსკის ირგვლივ არსებული თავდაცვის ზღუდეების სუსტი მდგომარეობით. ოფიცერი ჟენია, რომელიც უკრაინის არმიის 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს და რომელსაც ბახმუტის 9-თვიანი უმძიმესი სისხლისმღვრელი ბრძოლები აქვს გადატანილი, „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას ზემოდან რეალობის შეუსაბამო არასწორ ბრძანებებს აძლევენ, ზემდგომ ორგანოებს არაადეკვატური რეაქცია აქვთ შექმნილი სიტუაციის მიმართ: „გულახდილად გეტყვით, მსგავსი რამ ადრე არ მინახავს. პოკროვსკთან ყველაფერი სწრაფად ირღვევა და ვფიქრობ, ეს ქალაქი უფრო მალე დაეცემა, ვიდრე ბახმუტი“.

30 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის არმიის ნაწილებმა დაბა ნოვოგროდოვკა დატოვეს, რომელიც პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კიევის თავდაცვითი სტრატეგიის ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, შექმნილი რთული სიტუაცია მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის არმიას რეზერვები არ ჰყოფნის ესოდენ მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქის დასაცავად.

ვერხოვნა რადას დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ, რომელიც თავდაცვის კომიტეტის წევრიც არის, თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ნოვოგროდოვკას ახლოს გადაღებული ფოტოსურათები, სადაც იგი ახლახან იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, პოკროვსკი რუსეთის არმიისათვის ფაქტობრივად უკვე ღიაა. „ქალაქის ახლოს სანგრები ცარიელია, იქ ჯარისკაცები არ არიან. ოციათასიანი პოკროვსკი დაუცველია“, – წერს იგი სოციალურ ქსელში და მკაცრად აკრიტიკებს არმიის სარდლობას.

თავის მხრივ, ჯარების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა პოკროვსკის მისადგომების გასამაგრებლად, არმიის ქვედანაყოფები უზრუნველყოფილნი არიან საბრძოლო მასალებით და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით“. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ეთანხმება თავის სარდალს და ამბობს, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ პოკროვსკთან ახლოდ რუსეთის არმიის შეტევა მნიშვნელოვნად შესუსტდა, ანუ უკრაინის არმიის ოპერაცია გამართლებულია – რუსეთმა ძალები კურსკში გადაისროლაო.

სინამდვილეში კი რა ხდება? რუსები წინ უფრო სწრაფად მიდიან, ვიდრე წინა თვეებში, სანამ უკრაინელები კურსკის ოლქის სუჯას რაიონში შეიჭრებოდნენ. „პოკროვსკთან ახლოს, ნოვოგროდოვკასთან სრული ქაოსია გამეფებული. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსებმა პრაქტიკულად ერთი დარტყმით დაიკავეს ოცამდე სოფელი და დაბა, მათ შორის ნიუ-იორკიც, რომელიც საკმაო ხანს იყო უკრაინის არმიის საყრდენი“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი რომან პოგორელი, ანალიტიკურ ჯგუფ Deep State-დან, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან აქვს კავშირები.

როგორც ლონდონში მდებარე საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რობ ლი განმარტავს, რუსეთის წარმატება დონბასში გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის არმიას გამოცდილი ქვეითები არ ჰყოფნის – კიევმა ისინი პოკროვსკის მისადგომებიდან მოხსნა და კურსკის ოლქში შესაჭრელად გამოიყენა. „უკრაინას რაც კი რეზერვები ჰქონდა, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრების სახით, ყველა კურსკის ფრონტზე გადაისროლა და ახლა დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე გაჩენილი ხვრელების ამოქოლვას სასწრაფოდ ახალწვეულებით, გამოუცდელი ჯარისკაცებით ცდილობს, რომლებმაც არ იციან როგორ იმოქმედონ რეალურ ბრძოლაში“, – ამბობს რობ ლი „ფაინენშელ თაიმს“-თან საუბარში.

„ახალბედები გაოგნებულები არიან“, – აღნიშნავს უფროსი ლეიტენანტი, რომლის ქვედანაყოფი პოკროვსკთან ახლოს არის განლაგებული, – ამიტომაც ისინი რუსების პირველივე შემოტევისას და პირველივე აფეთქების ხმის გაგონებისას უკანმოუხედავად გარბიან“.

საარტილერიო ქვედანაყოფის ჯარისკაცებიც ჩივიან, რომ ჭურვები არ ჰყოფნით და ცეცხლის ინტენსიურობის მხრივ ისინი სერიოზულად ჩამორჩებიან რუსებს. „ჭურვები დაგვიანებით და ცოტა მოაქვთ. სწრაფად გვითავდება. მესმის, რომ საბრძოლო მასალებით უპირველესად კურსკის ოლქში შეჭრილი მეომრები მარაგდებიან, მაგრამ აქაც რომ აუცილებლად გვჭირდება?, – კრიტიკულად არის განწყობილი ქვემეხის ეკიპაჟის მეთაური.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აღიარებენ, რომ რუსებს მართლაც აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, რომელიც განმტკიცებულია ავიაციით, დრონებითა და საარტილერიო საშუალებებით. როგორც უკრაინელი ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი ამბობს (იგი ჯარში მსახურობს და ამჟამად ფრონტზე იმყოფება), პოკროვსკის აღებასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა უკრაინის არმიის მთელი სამხრეთის დაჯგუფება გაანადგურონ.

„და ამ დროს პოკროვსკის მერია, იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის ზღუდეები გაამაგროს, ქალაქში ყვავილების დარგვით [და ასფალტის დაგებით] არის დაკავებული. ამ ყველაფერს, რაც აშკარად გასაგებია სანგარში მჯდომი ჯარისკაცისათვის, სარდლობა ვერ ამჩნევს ან არ სურს დაინახოს. რა შეიძლება გაკეთდეს ახლა პოკროვსკისათვის? ერთადერთი ვარიანტია რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანა. ვფიქრობ, რომ ქალაქი მალე არსებობას შეწყვეტს“.

Frontelligence Insight-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინის არმიის სარდლობას ჯერ კიდევ შეუძლია ფრონტის ხაზის გამაგრება და დონბასში, პოკროვსკთან სხვა ადგილებიდან ჯარების თავმოყრა. ცხადია, რომ თუ პოკროვსკი დაეცემა, რუსეთს გზა გაეწმინდება საოლქო ცენტრ დნიპროსაკენ (ყოფ. დნეპროპეტროვსკისაკენ), რომელიც უკრაინის სიდიდით მე-4 ქალაქს წარმოადგენს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“სომხეთი რეალობას ებრძვის – ირანთან კავშირების განმტკიცების ფონზე ერევნის ისრაელთან ურთიერთობა უარესდება”-The Jerusalem Post

„სომხეთის ურთიერთობა ისრაელთან იმდენად უარესდება, რამდენადაც ერევან-თეირანის კავშირები მტკიცდება. სომხეთი დაბეჯითებით უარყოფს ანტისემიტიზმის ფაქტებს. ერევანი გადაიქცა თეირანის მარიონეტად, რომელიც, თავის მხრივ, რეგიონში გავლენას აფართოებს“, – ნათქვამია ისრაელის გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სომხეთი რეალობას ებრძვის: ირანთან კავშირების განმტკიცების ფონზე ერევნის ისრაელთან ურთიერთობა უარესდება“ (ავტორი – მორდეხაი კედარი). პუბლიკაცია სადისკუსიო ხასიათისაა და ეხება ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხს სომხეთში, ირანის როლს და საერთოდ, სომხეთ-ისრაელ-ირანის ურთიერთდამოკიდებულებას თანამედროვე ეტაპზე.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„მსოფლიოში არიან ძალები, რომლებსაც სომხებსა და ებრაელებს შორის სიძულვილის გაღვივება სურთ. ისინი ავრცელებენ ფეიკურ მასალებს, თითქოსდა სომხეთში ანტისემიტიზმი არსებობს. ისინი ცდილობენ სომხების პროვოცირებას და აცხადებენ, რომ ისრაელი იარაღს აწოდებს სომხეთის აგრესიულ მეზობელს – აზერბაიჯანს (რაც თავის თავად საშინელებაა)“.

ეს სიტყვები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გრიგოლ ოვანისიანს ეკუთვნის. სტატიაში სათაურით „სომხეთი და ირანი. ცრუ მტკიცებები“, რომელიც Jerusalem Post-ში 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, ავტორი მიანიშნებს, რომ ყველაფერი სიცრუეა – ის, რომ სომხეთ-ირანის ურთიერთობები ღრმავდება, რომ ერევანსა და თეირანს შორის იარაღის მიწოდების კონტრაქტები ფორმდება… რასაც სომხეთი დეზინფორმაციას უწოდებს.

საერთოდ, სომხეთი ბევრ ფაქტს უარყოფს. დავიწყოთ იმით, რომ სომხეთში თითქოსდა ანტისემიტიზმი არ არსებობს. ხელისუფლება უარყოფს მრავალრიცხოვან თავდასხმებს „მორდეხაი ნავის“ სინაგოგაზე და ჰყვება რაღაც ისტორიას ვიღაც „უცხოელებზე“, რომლებმაც სცადეს სინაგოგისათვის ცეცხლის წაკიდება, შემდეგ კი ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ. სომხეთის ხელისუფლება უარყოფს იმ ორგანიზაციის არსებობას, რომლის სახელწოდებაა „სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია“, რომელმაც არა მარტო პასუხისმგებლობა აიღო სინაგოგაზე თავდასხმაზე, არამედ ახალი შეტევებით დაიმუქრა.

რატომ ავიწყდებათ სომხებს ერევნის ცენტრში მოწყობილი ნეონაცისტური აქცია მიმდინარე წლის დასაწყისში? თავდაპირველად სომხეთი ხელისუფლება ყველაფერს უარყოფდა, შემდეგ ისევ „უცხოელებს“ დააბრალეს… და განაცხადეს, რომ მათ მიმართ „ზომები მიღებულიაო“. თუ ასეა, მაშ რატომ დადის სომეხი ნეონაცისტების ლიდერი ჰაიკ ნაზარიანი თავისუფლად ერევნის ქუჩებში, იღებს ფოტოსურათებს თავის მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად, შემდეგ ამ სურათებს სოციალურ ქსელებით ავრცელებს, თავხედური ანტისემიტური მოწოდებებით მოქმედებისაკენ?

რატომ აწყობენ ნეონაცისტები ღიად მსვლელობას ერევნის ცენტრში? ისინი ნაცისტების ხელშემწყობ გარეგინ ნჟდეს ძეგლთან მიდიოდნენ, რომელიც სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზეა აღმართული.

ნუთუ ყალბია გლობალური ანტისემიტიზმის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მიერ მომზადებული 2023 წლის ანგარიში? ან ისრაელის დიასპორის საქმეთა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის სამინისტროს, ან პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მოხსენებაში ასახული ფაქტები? ორივე დოკუმენტს ერთი რამ აერთიანებს: რეალობა, რითაც სომხეთში ანტისემიტიზმის თარეში დასტურდება.
მაგრამ მოდით, სომხეთის მეგობარ ირანის შესახებაც ვისაუბროთ. ერევანსა და თეირანს ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. 2008 წლის ბოლოს ამერიკელი დიპლომატები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სომხეთი ირანს უმართავ რაკეტებსა და სხვა ცეცხლმსროლელ იარაღს აწვდიდა, რომელთა მეშვეობით ერაყში ამერიკელ სამხედროებს კლავდნენ. 2016 წლიდან კი სომხეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა…
რაც შეეხება ამას წინათ გაფორმებულ სომხეთ-ირანის შეთანხმებებს დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, სამხედრო სფეროში კავშირები განმტკიცებაზე, სომხეთის ტერიტორიაზე ბაზების გახსნაზე, ამის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია. სანამ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯაროდ ცნობილი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაში. სხვათა შორის, ამ ცერემონიაზე ესწრებოდა უცხოეთის სახელმწიფოს მხოლოდ ორი ხელმძღვანელი, სხვა ქვეყნებმა რანგით დაბალი ოფიციალური პირები გაგზავნეს.

თეირანში ყოფნისას ნიკოლ ფაშინიანი ირანის უზენაეს სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ჰამენეისაც შეხვდა, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ სომხეთთან ურთიერტობის განმტკიცება გვაქვს გადაწყვეტილი. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთინტერესებს ეყრდნობა და არ არის დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების პოლიტიკაზე, ურყევი ენერგიით გაგრძელდება“.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ ნიკოლ ფაშინიანი უნდა შეხვედროდა „ჰამასის“ ლიდერს ისმაილ ხანიას, რომელსაც სურდა მისთვის მადლობა ეთქვა რეალურად არარსებული „პალესტინის სახელმწიფოს“ დამოუკიდებლად აღიარებისათვის, თუმცა დამატებითი მტკიცებულებები ამისთვის არ არის, რადგან ისმაილ ხანია საკუთარ დანაშაულებს შეეწირა.

ერევანს ამის უარყოფაც შეუძლია, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ისტორიას იცნობს, კარგად უწყის, რომ სომხები ყოველთვის მხარს უჭერდნენ პალესტინელთა ტერორისტულ ორგანიზაციებს.
სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული გმირი მონტე მელქონიანი (იყო „ასალას“ წევრი, მონაწილეობდა ყარაბაღის პირველ ომში, დაიღუპა 1993 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რაიონში) თავს იქებდა, ხოლმე და ამბობდა, რომ ისრაელის წინააღმდეგაც იბრძოდა, რასაც მისი ძმა მარქარ მელქონიანი წერს თავის წიგნში სათაურით „ჩემი ძმის გზა. საბედისწერო მოგზაურობა სომხეთში“.

სასურველი იქნებოდა ბატონი გრიგოლ ოვანისიანისათვის ერთი რამ გვეკითხა: თუ მას ნამდვილად სურს ურთიერთობის განმტკიცება სომხებსა და ებრაელებს შორის, მაშინ მისთვის კარგი იქნება ისარგებლოს როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთული სომხური მასმედიით, ანტისემიტიზმთან ბრძოლისათვის და თავისი სახელმწიფოს პოლიტიკის შესაცვლელად, რომლის გამოც სომხეთი, დიდად სამწუხაროდ, ირანის მარიონეტად გადაიქცა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა – ოცნება”-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის, „გარდამტეხი წლის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე თქვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვილად, ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ძალიან განსაკუთრებული პერიოდია. არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის ეგზისტენციალური მომენტია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა – ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება. არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (30 წელზე მეტი ხნის წინ), არამედ საუკუნეების განმავლობაში საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა, დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა.

ტრაგედიაა, როცა ზოგი, არ ვამბობ, რომ ჩვენ, მაგრამ ზოგი ჩვენს მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. ეს ტრაგედიაა, როცა იწყებ არევას და არ იცი, სადაა შენი მთავარი ორიენტაცია. ეს ტრაგედიაა ადამიანისთვის, ინდივიდისთვის და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის იცოდა, როგორ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ღირებულებები და კულტურული ფასეულობები. ამ ფასეულობებს შორის ერთ-ერთს ქართველები საუკუნეების განმავლობაში აფასებდნენ – ეს იყო შემწყნარებლობა, მრავალფეროვნება. ასე რომ, ქვეყანა, რომელიც დღესაა წარმოჩენილი, არ არის ქართული ქვეყანა, ეს რაღაც განსხვავებულია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იქნება, დაემორჩილოს ოკუპანტს, მზად იქნება, დათმობაზე წავიდეს ოკუპანტთან, მზად იქნება, ზურგი შეაქციოს მათ, ვინც მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ამ წლების განმავლობაში, და ნამდვილად, თქვენ ყველას თქვენი წვლილი გაქვთ შეტანილი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, სადაც თითქმის ყველა ინსტიტუტი დაცარიელდა შინაარსისა და დამოუკიდებლობისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მეტ-ნაკლებად გადარჩა ერთი ინსტიტუტი და ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი.

„ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად – პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ. ყველას გახსოვთ იმპიჩმენტის პროცედურა და ყველამ იცით, რომ რეალური ძალაუფლების კუთხით, გარდა სიტყვის ძალისა, პრეზიდენტის ინსტიტუტს თანდათან უარი უთხრეს თითქმის ყველა უფლებამოსილებაზე, რითიც შესაძლებელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა იმისთვის, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია ნამდვილად მიიწევს ჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ამ ქვეყნისთვის.

როცა გვაქვს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლო თუ როგორ ცდილობს, ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია.

ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის; და ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა – შარშან და წელს – ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება; ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ.

ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდობის შემდეგი ნაბიჯი (მაგრამ არამარტო ახალგაზრდობა. ჩვენ გვაქვს ტენდენცია, ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ეს ძალიან მასობრივი პროტესტი იყო) ისაა, რომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და იგივე თქვას ყველაზე დემოკრატიული მეთოდით, არჩევნებით. ეს არის გზა საქართველოს სტაბილურობისკენ. მე არ ვარ მათ შორის, ვინც ამბობს: „აბა, ვნახოთ, რა იქნება არჩევნებზე და მეორე დღეს ვნახოთ, რა იქნება ქუჩებში“. არა, რაც მოხდება, მოხდება არჩევნებზე, ბიულეტენებში. ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ხალხის ნება დაძლიოს. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები იმ დონემდე, რომ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის ნების მასობრივი გამოხატვის წინააღმდეგ. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე.

ასე რომ, როცა მკითხავთ: „რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ – თქვენ ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო იქ მისულიყო, სადაც არის და ბევრი გააკეთეთ მენტალიტეტის შესაქმნელად და მხარდასაჭერად, რადგან ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად ქართული მენტალიტეტია, იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ მიიღოს ავტორიტარული რაიმე ფორმა, იქნება ეს შიდა თუ გარედან მომდინარე. თქვენ მხარს გვიჭერდით ინსტიტუტების მხარდაჭერით, სახელმწიფოს განვითარების მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით, ევროპასა და ამერიკაში თავისუფლად სწავლის შესაძლებლობით, თქვენ დაგვეხმარეთ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის უდიდესი ნების მხარდაჭერასა და კონსოლიდაციაში. ასე რომ, მე ვენდობი ქართველ ხალხს, ვენდობი, რას იტყვის ის არჩევნებში ხმის მიცემით. ასე რომ, ამ საკითხში თქვენი საჭიროება არ დგას. თქვენ უნდა აკონტროლოთ; თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს ხართ. მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენზეა. არჩევნების მეორე დღეს თქვენ მე მიპოვით, რადგან მოგეხსენებათ, მე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ვიმუშავე, რათა ყველა პროევროპული პარტია ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულიყო, რომელიც რეალურად ჩვენი გზაა ევროკავშირის ზოგიერთი რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად და მოლაპარაკებების გასაახლებლად, გასახსნელად, როგორც ეს იყო ჩვენი პარტნიორების, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.

ეს ქარტია იმ კარის გასაღებია, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას. როგორც კი ქართველი ხალხი ღიად დაუჭერს მხარს როგორც ქარტიას, ასევე ამ გზას, მე ვიქნები ამ ქარტიის ელჩი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ასე რომ, ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება მალე და ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ ის, რაც წერია ქარტიაში, რომელიც ძალიან დეტალურია. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეასრულონ „მეგობარი აქტი“, რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ პოზიტიურ მხარეზეა. უარყოფითი ასპექტები არ არის ჩემი განსახილველი, მაგრამ დადებითი ასპექტები არის. მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სტაბილურ გარემოში და თქვენ გჭირდებათ საქართველო, რომელიც მტკიცედ დაუბრუნდება თავის დემოკრატიულ გზას, საქართველო, რომელიც არის სტაბილური პარტნიორი, საქართველო, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. თუ მსოფლიოს რუკას გადავხედავთ, ეს წელი მხოლოდ ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი; ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გადამწყვეტია უკრაინისთვის და ყველამ ვიცით, რომ თავისუფალი სამყაროს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. ჩვენთან უფრო ახლოს, შავი ზღვის რეგიონის მომავალი – და ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია – დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც შეგვიძლია, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს და ნატო-ს პარტნიორებს თავისუფალი, უსაფრთხო და თანამშრომლობითი შავი ზღვა შევთავაზოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური სამყაროს მომავლისთვის, ევროპისთვის და ასევე შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ყველანი ერთ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ჩვენი ნაწილი უნდა გავაკეთოთ, თქვენ კი – თქვენი. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ, რადგან არ მჯერა ოცნებების, მაგრამ მჯერა იმის, რაც იყო ამ ქვეყნის ბედისწერა და რჩება ბედისწერად. ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.