Home Blog Page 52

პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა, ამათ რომ დავამარცხებთ, შემდეგ დავერიოთ, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები -ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას

დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, ამათ რომ დავამარცხებთ, შემდეგ დავერიოთ, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები, – ამის შესახებ  „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება საერთო ბრძოლა.

„აქ ყველანი ვდგავართ ერთმანეთის გვერდიგვერდ. იცოცხლე პოლიტიკოსებს ყველას დალანძღული გვყავს ერთმანეთი, ჩემპიონატი გვქონდა, ვინ უფრო ხმამაღლა მივაყენებდით ერთმანეთს შეურაცხყოფას. გვქონდა, აღარ გვაქვს. გულზე ხელი დავიდოთ, ახლაც დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ის ძალები, ოთხი პოლიტიკური პარტია და კოალიცია, რომელმაც გადალახა ბარიერი, ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ, ერთად შეკრული, ერთ მუშტად შეკრული. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც შემიყვარდა ან ვიღაცას შევუყვარდი, საქართველოს სჭირდება ასე. ჩვენი საერთო ბრძოლა სჭირდება საქართველოს.

გუშინ ვუსაყვედურე გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილი, დაქანცული ვართ და ცოტა ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, მილანძღია იცოცხლე, არც თუ უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, მაგრამ ახლა არ არის ერთმანეთზე წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა. პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები. არჩევნებს რომ დავანიშნინებთ, მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ”-გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ითხოვს, საქართველოში არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს.

გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, მათ შორისაა მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა.

ამავდროულად, ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებენ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას და დიალოგების წარმოებას. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახალ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია.

„პირველი – როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად;

მეორე – არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არათუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს;

მესამე – ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, ერთად გავიმარჯვებთ;

მეოთხე – ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა, არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება -სალომე ზურაბიშვილი

ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დღეს მან უცხო ქვეყნის პრეზიდენტებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

„მე დღეს უცხოელ მედიას მივეცი 17 ინტერვიუ, ვესაუბრე 6 პრეზიდენტს. მათ შორის ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს. ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრებს. ალბათ, წაიკითხავდით ყველა იმ შეფასებებსა და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის, ასევე, ამერიკიდან, სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადება.

არავინ გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი], არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. შესაძლოა, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართულები ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენც გაქვთ ხელთ ბევრი მტკიცებულება, რომ შევქმნათ სრული სურათი თუ როგორ მოხდა ის უნახავი, უპრეცედენტო, უნიკალური ხმების წართმევა, ასე მასობრივად, სისტემურად. ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბევრი წელია, საქართველოს მოსახლეობა იბრძვის დემოკრატიისთვის, მათ აქვთ უფლება, ნახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ბევრი წელია, საქართველოს მოსახლეობა იბრძვის დემოკრატიისთვის, მათ აქვთ უფლება, ნახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ბევრი წელია, საქართველოს მოსახლეობა იბრძვის დემოკრატიისთვის, მათ აქვთ უფლება, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას, უფლება, ნახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ბრიუგეს უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ „ქართველები, ისევე როგორც ევროპელები, უნდა იყვნენ საკუთარი ბედის შემოქმედნი“.

 მანქანამ ნორმალურად დაითვალა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ჩასძახეს ამ მანქანას -მამუკა ხაზარაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ელჩებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებს თავად სთხოვეს შეხვედრა.

„მივაწოდეთ ინფორმაცია. ანა ნაცვლიშვილმა ექვს საათზე გამართა ბრიფინგი, ვითხოვთ, გამოქვეყნდეს და გაიხსნას ის მონაცემები, რომლებიც ჩაიტვირთა მანქანაში. რა თქმა უნდა, მანქანამ სწორად დაითვალა, ჩვენ ფარული დათვლა გვქონდა და ამობეჭდილი ქვითრის და მანქანის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ გაყალბება, მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა სიები მანქანაში. უკვე იმდენი დარღვევაა, რაც სისტემურ დარღვევაზე მიუთითებს. „ქართულმა ოცნებამ“ და ცესკო-მ უნდა გახსნან სიები და საზოგადოება ძალიან მარტივად მიხვდება, როგორი მასშტაბის ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი. ეს გავუზიარეთ უცხოელ მეგობრებს. ჩვენ ტყუილად არ ვეძახით ამას სპეცოპერაციას. ეს სპეცოპერაცია იყო. სამწუხაროდ, ყველა არჩევნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველოში მიჩვეული ვართ გაყალბებას. ეს არ იყო გაყალბება ერთი და ორი პროცენტით, ეს იყო მასობრივი, სისტემური ხმების მითვისება. ჩვენ, „ლელომ“ და „ძლიერმა საქართველომ“ მოვითხოვეთ ამ სიების გახსნა, ის, რაც ჩაიტვირთა მანქანებში. შეცდომა იქნება, ადამიანმა ილაპარაკო, მანქანამ კარგად დაითვალა, ცუდად დაითვალა. მანქანამ ნორმალურად დაითვალა, მაგრამ რა ჩასძახეს ამ მანქანას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინტერესი დიდია, იყო ორმხრივი ინიციატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა. ეს გაგრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას ეს ფაქტები, თუ არ გახსნა, მაშინ ყველასთვის ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს და რამხელა დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რომელი ქვეყნის ელჩებთან ჰქონდათ შეხვედრა, ხაზარაძემ აღნიშნა:

„ვერ გეტყვით სახელებს. ჩამოგითვალოთ რომელი ელჩები? ვერ ჩამოგითვლით, დიდი ბოდიში“.

 სამართლებრივად, პრეზიდენტის ფუნქცია არ არის არჩევნების აღიარება ან არაღიარება, ის ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა, თუ არ მოიწვევს, კონსტიტუციას დაარღვევს -ვახუშტი მენაბდე

პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება, ის ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა, თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

„პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება. ეს ფუნქცია მას კონსტიტუციურად განსაზღვრული არ აქვს. პრეზიდენტი ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ასეთი პირდაპირი ჩანაწერი არ არის კონსტიტუციაში. თუმცა მმართველი პარტია ამბობს იმას, რომ ისინი გამოიყენებენ სხვა ჩანაწერის ანალოგიას. ამ სხვა ჩანაწერში წერია, რომ თუ პარლამენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი არ მოიწვევს, მაშინ პარლამენტი მაინც შეიკრიბება. ამ ჩანაწერს გაავრცელებენ და პარლამენტი მაინც შეიკრიბება“,- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ გადაცემაში „საქმის კურსი“.

„საქსტატისა“ და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ინფორმაციით მანიპულაცია ხდება, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია – გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი – ცესკო

დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, „საქსტატის“ მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია.

„დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. დაინტერესებული მხარეების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები არ ემთხვევა რეალურად ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს.

ნათელია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. რეალურად არჩევნების პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყო რომ დაინტერესებული მხარეები პროცესის დისკრედიტაციას არარეალური ფაქტებით ცდილობენ.

ამომრჩეველთა ერთიანი სია, მათ შორის ოლქების მიხედვით საჯაროა ახლაც და საჯარო იყო ყველა ჩართული მხარისთვის არჩევნებამდეც.

საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საარჩევნო სუბიექტები და დამკვირვებელი ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის იმ მონაცემებით, რომლითაც ჩატარდა არჩევნები.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და არ მივცემთ დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩევლები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი თვითმფრინავი ამ წუთებში დაჯდა. მას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 29 ოქტომბერს გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 

შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე” და „დემოკრატიულ უკუსვლაზე”, – ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ საფრანგეთს საქართველოს ხელისუფლებისგან აქვს მოლოდინი, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილი დარღვევები დროულად იქნება გამოცხადებული.

“გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე” და „დემოკრატიულ უკუსვლაზე”.

ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს და განახორციელებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი, როგორც ვენეციის კომისია, რეკომენდაციებს.

ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემა და დაცვა საჭიროა, რათა საქართველომ დაადასტუროს თავისი ევროპული საფუძველი”, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ მათ წინააღმდეგ – მამუკა მდინარაძე

მათ ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და დეზერტირობაზე ვინც დააკავეს, დაიჭირეს გასაგებია, მაგრამ საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ ჯარისკაცების წინააღმდეგ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ, ომის თემის გამოძიებაზე როცა ვლაპარაკობდით წინასაარჩევნოდ და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, იქ სამხედროებზე საუბარი არავისზე არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა ან არსებობს, ჯარისკაცების დადანაშაულება არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი.

შესაბამისად, მდინარაძე აღნიშნავს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ომის დანაშაულის გამოძიებაზე საუბრობს, იგი არ ეხება არც ერთ ჯარისკაცს, „ვინაიდან დანაშაული ჩაიდინა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ“.

„არც ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით ოდესმე – დღეს, ხვალ არსებობდეს ან არსებობდა, არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ გენერალს, მათ მომხრესაც კი – ეს გოგავა იქნება, ყურაშვილი იქნება თუ სხვა, არ შეიძლება შეეხოს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ისინი იყვნენ, ვინც მათ დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა – ეს დაშვება გააკეთეს რეზოლუციაზე ხელმოწერით და მერე დაიწყეს დეზერტირობაზე და სხვადასხვა მუხლებით გამოძიება. ჩვენ ვართ ის ხალხი, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთ მათგანს, არანაირი საფრთხე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით არ ემუქრება. იმიტომ, რომ თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ. ეს იყო მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე და თან ღალატი ერქვა ამ დანაშაულს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღო კანონიდან.

„სხვათა შორის, რამდენიმე თვით ადრე, სამშობლოს ღალატის მუხლი, სახელმწიფოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღეს, გააქრეს კანონიდან და სამხედროებთან დაკავშირებით, დიდი ბოდიში და სულ ფეხებზე ეკიდათ, რა იქნებოდა. საქმეების გამოძიება დაიწყეს, ათეულობით საქმეა დაწყებული – არც ერთზე შედეგი დღეს არ დადგება, არ გაგრძელდება და სამხედროები, გენერლით დაწყებული, რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, არასდროს არ იქნებიან იმ რისკის ქვეშ, რასაც მათ მიმართ ომთან დაკავშირებით რაიმე სახის ომთან დაკავშირებული გამოძიება შეიძლება ერქვას. ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვინ არის რუსის საქმის მკეთებელი, თუნდაც ამ ერთი მაგალითიდან კარგად ჩანს. ევროპისკენ მიმავალია თურმე რუსი და საქმით სიბნელეში ჩამთრევი, გაუპატიურებაში, მკვლელობაში, ბიზნესის რეკეტში და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მხილებულია თურმე ევროპელი. ვერ იქნება ევროპის სახე მწამებელი ვერასდროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არჩევნების შედეგები საქართველოში “პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა” – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და თავის 28 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების შედეგები საქართველოში „პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ (ავტორები – ვიქტორ სუეიზი და ჩარლზ გორივენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებში და „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვაში, ბიულეტენების გაყალბებაში და ძალადობაში ბრალი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიუძღვის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირაში, როცა კრემლი, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების შემდეგ ანალოგიურად საქართველოშიც დაადანაშაულეს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს არჩევნებში ბევრი დარღვევა იქნა დაფიქსირებული, რომელთა შედეგად, როგორც ჩანს, პრორუსულმა მმართველმა პარტიამ წარმატება მოიპოვა, თუმცა ორი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები საწინააღმდეგოს მიუთითებს.

„საქართველოში არსებული სურათი ნათელია – არჩევნების შედეგები ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილმა თბილისის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვირას, როცა არჩევნებში ჩარევის დამადასტურებელი პირველი ვიდეომტკიცებულებები გავრცელდა, – „მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლაში“.

ალისია კერნსმა, ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოციალურ ქსელში ასეთ ჩანაწერი გამოაქვეყნა: „ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს“.

მრავალი ფაქტი ადასტურებს იმას, თუ როგორი დარღვევებით ჩატარდა გასულ შაბათს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი რამდენიმე ბიულეტენს ყრის ურნაში. ეს ინციდენტი საქართველოს სამხრეთ რეგიონში, მარნეულში მოხდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ უბანზე შედეგები გააუქმა. მარნეულშივე დაფიქსირდა ძალადობა და ჩხუბი, რომლის დროსაც დაშავებული აზატ ქერიმოვი საავადმყოფოში გადაივანეს.

პროდასავლურმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პროევროპული კურსის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამ არჩევნებს შეუძლია საქართველოს მომავალი ბედი გადაწყვიტოს – გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრი.

იულიან ბულაი, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციას მეტაურობს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედება ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ყველაფერს „დიდი ძმა აკონტროლებს“.

„დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თბილისში (ვაკეში), ვიდეოკამერა შეამჩნია, თუმცა მან ვერ გაარკვია, იყო თუ არა ამომრჩევლების თვალის დევნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეარხმა „ფორმულამ“ აჩვენა კადრები საარჩევნო უბნის თანამშრომლების შესახებ, რომლებსაც ხელში ფურცლები უჭირავთ ამომრჩეველთა გვარებით, რომლებსაც ფული გადაუხადეს.

როგორც დენ ტვინინგმა – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის) წარმომადგენელმა აღნიშნა პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე, „არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. იმსახურებს თუ არა ასეთი არჩევნების შედეგები ნდობას, ეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ“.

ევროპელი დამკვირვებლების მისიის განცხადებით, არცევნების შედეგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის პრინციპებიდან უკან იხევს“ და რომ მმართველი პარტია ქვეყნის ევროკავშირისაკენ ინრეგრირების პროცესს ამუხრუჭებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა ევროპული დელეგაციის დასკვნებს და „იქს-ქსელში“ დაწერა, რომ „არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს სამომავლო პროგრესზე და მის ევროპულ გზაზე“.

იმ დროს, როცა „ქართული ოცნება“ ბოლო დროს სამოქალაქო საზოგადოებას უხეშად უსწორდება და აცხადებს, რომ არასასურველ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგების დიდი ნაწილი ხელოვნურად არის ჩაწყობილ-მანიპულირებული. ერთ-ერთი საჯაროს სკოლის ექს-დირექტორის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახდენდნენ [მმართველი] პარტიის წარმომადგენლები, რომ მას ხმა მიეცა მათ სასარგებლოდ. იგი თანამდებობიდან იმისთვის გაათავისუფლეს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა და ომის დაწყება გააკრიტიკა.

ევროპული მისიის განცხადებით, 16 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა იმის დამადასტურებელი ფაქტები, თუ როგორ ახდენს ზეწოლას „ქართული ოცნება“ სახელმწიფო მოსამსახურეებზე და სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებზე.

წყარო

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9484 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9442 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.