Home Blog Page 51

საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი -ჯოზეფ ბორელი

ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ევროკავშირის ოჯახში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან.

ამავდროულად, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა. ეს დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოსწორებული და გამოძიებული. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს ცალ-ცალკე, მაგრამ ისინი მრავლადაა და ბევრი მათგანი არის სერიოზული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც პირიქით. ამიტომ აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა, რა მასშტაბის დარღვევებია და როგორ აისახა ეს შედეგზე. ეს განამტკიცებს ტენდენციას, რომელსაც ბოლო თვეებში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან აშორებს.

ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ნათელი გზა ხელახალი ჩართულობისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის. უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან. ძალზე მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიების შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

,,გაუქმდეს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი”- ჯოზეფ ბორელი

ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ევროკავშირის ოჯახში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან.

ამავდროულად, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა. ეს დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოსწორებული და გამოძიებული. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს ცალ-ცალკე, მაგრამ ისინი მრავლადაა და ბევრი მათგანი არის სერიოზული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც პირიქით. ამიტომ აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა, რა მასშტაბის დარღვევებია და როგორ აისახა ეს შედეგზე. ეს განამტკიცებს ტენდენციას, რომელსაც ბოლო თვეებში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან აშორებს.

ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ნათელი გზა ხელახალი ჩართულობისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის. უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან. ძალზე მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიების შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები – უნდა განმარტოს თავისი განზრახვები მოქმედების კურსის შეცვლის გზით-ევროკავშირის გაფართოებს ანგარიში 

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით , – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, საქარველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები ძირითადად ფუნქციონირებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი განვითარებული მოვლენა არ შეესაბამებოდა ამ მიზანს და ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესისთვის მთავრობის მიერ მობილიზებული იყო შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში. უნდა გაძლიერდეს სამინისტრთაშორისო კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, – აღნიშნულია დოუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში შეზღუდული პროგრესი იყო კარგი მმართველობის განმტკიცებაში.

„პოლიტიკური პოლარიზაცია ზღუდავს ინსტიტუციურ ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკის შემუშავებას და საკანონმდებლო პროცესებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ პერიოდში -ირაკლი კობახიძე

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი მომაკვდინებელი წყალდიდობის გამო, რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

“ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაზარალებულთან ვართ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პედრო სანჩესს და ვუსურვებ გამძლეობას, ერთიანობასა და მედეგობას ესპანეთის მამაც ხალხს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ პერიოდში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა – ახლა იქ პრორუსული მთავრობაა“ ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავიდან საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციებით. პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის. პოზიცია შეიცვალეს. დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული განსხვავების შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ უფრო მეტნი ვართ. ეს არის განსხვავება ჩვენსა და საქართველოს შორის, ჩვენ ბევრად უფრო მეტნი ვართ. ჩვენ უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, უფრო მეტი მამაკაცი, რომელთაც რუსად ყოფნა არ სურდათ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

განცხადებაკენჭისყრისპროცესთანდაკავშირებითგავრცელებულდეზინფორმაციაზე

საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ.

სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო თუ ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამავრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს.

მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირების მცდელობები ვერიფიკაციის მანქანაში ამომრჩეველთა დუბლირების შესახებ მთლიანად გააქარწყლა ამერიკული აუდიტორული კომპანიის დასკვნამ, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია, ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა საარჩევნო ბიულეტენების მონიშვნისას ამ ბიულეტენის მეორე მხარეს მისი ხილვადობის განხილვა, თითქოს სწორედ ეს არის მტკიცებულება ხმის მიცემის ფარულობის წინასწარ განზრახვით დარღვევის.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული, არაერთგზის იქნა გამოცდილი განვლილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის რომ ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას, აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. ამასთანავე, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე. შესაბამისად, ჩარჩო კონცერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან როგორც ინფორმაციულად, ისე მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო ყველა საშუალება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

გაფერადება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს ბიულეტენის მეორე (უკანა) მხარეს, ზოგადად სუსტი და გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს, ის არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას. ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა, მაშინაც კი არის უზრუნველყოფილი, თუ ძლიერად არის გაფერადებული ან მუქად, რაც შესაძლოა ჩანდეს მეორე მხარეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დგინდებოდეს არჩევანი.

ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რათა ამ ინფორმაციულ ნაკადში, საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ბრმად დაიჯეროს მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ეს მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემების „შედარების“ შემთხვევაში მოხდა. რისი აღიარებაც, შემდგომ, თავად ამ მონაცემების გამავრცელებლებსაც კი მოუხდათ.

მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა ამომრჩეველთა ნაკადების და მონაცემების მეცნიერულ მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც არწმუნებს საზოგადოებას, რომ ამომრჩეველთა ასეთი ნაკადის გატარება საეჭვოა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი კვლევები ერთი ან ორი უბნის მონაცემების მიხედვით წარმოებს, ამ გამოთვლების ავტორებს ხშირად ავიწყდებათ, რომ საარჩევნო უბნებზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი ვერიფიკაციის მანქანა იყო განთავსებული და ასევე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ხმის მთვლელი მანქანა. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მომსახურება ხდება არა თანმიმდევრულ, არამედ პარალელურ რეჟიმში, რაც ამგვარი კვლევების ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა არაერთი სტრეს ტესტი, საარჩევნო უბნების გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე დაყრდნობით, ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე დიდი რიგების პრობლემა არ დადგებოდა. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობის პირობებშიც კი, დაუბრკოლებლად მოხერხდა ამომრჩევლების მომსახურება.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება დიაგრამები და კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური კვლევის და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა ამ მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მთავარი წესი გახლავთ ის, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს საარჩევნო ადმინისტრაციას დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გამოკვლეული უბნების რაოდენობა და რეგიონული გადანაწილება, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ მკვლევართან, მათი რეალური დაინტერესების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ პირიქით ხდება, რაც სერიოზული ეჭვის და შეშფოთების საგანია.

კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, ხმის მთვლელ აპარატებს უკავშირდება. სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აპარატებს ჰქონდათ ბიულეტენის გამოცვლის ფუნქცია და ყოველი მეორე ბიულეტენი კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ იცვლებოდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აპარატს არ შეუძლია ამომრჩევლის ხმა შეცვალოს როგორც ფიზიკურად ბიულეტენზე, ასევე პროგრამულად. აპარატი მყისიერად და ზუსტად აფიქსირებს ამომრჩევლის გამოვლენილ ნებას და მისი შეცვლა შეუძლებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ საარჩევნო უბნების ბიულეტენები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდა, ხელითაც გადაითვალა და თანხვედრაშია ერთმანეთთან. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ასევე წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილს.

ასევე ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როგორ ათავსებს ბიულეტენებს ხმის მთვლელ აპარატში. ვიდეოზე მიმდინარე პროცესს გამავრცელებლები წარმოაჩენენ ისე, თითქოს კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა კანონდარღვევას წარმოადგენდეს. სინამდვილეში, ვიდეო ასახავს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტრადიციულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურას – გადასატანი ყუთის ბიულეტენების მოთავსებას ძირითად საარჩევნო ყუთში, ამ შემთხვევაში ხმის მთვლელ აპარატში. ასეთი შემთხვევა იქნებოდა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც იყო გადასატანი ყუთი და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი ყუთის ბიულეტენების მთვლელ აპარატში მოთავსება პროცედურით არის გათვალისწინებული. და, რა თქმა უნდა, ეს პროცედურა კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, მიუხედავად ამისა, ისინი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

გვინდა გამოვეხმაუროთ მარკირების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარკირების სითხემ გამოყენების შემდეგ არ დატოვა შესაბამისი კვალი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს ცესკოს პრესსპიკერი არჩევნების დღესვე გამოეხმაურა და მედიის თანდასწრებით საჯარო დემონსტრირების გზით შემოწმდა მარკირების სითხის ეფექტურობა, დაინტერესებული მხარეები მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

ჩვენთვის ნათელია, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი, სპეკულაციურია და ემსახურება ზოგადად საარჩევნო პროცესის, არჩევნების დისკრედიტაციას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს საზოგადოებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით რეალური, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას.

“საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს”- რას წერს თურქული პრესა

თურქულ გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს“ (ავტორი – ბერჯან თუთარი), რომელშიც განხილულია საქართველოს მდგომარეობა – რატომ არიან ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილონი საქართველო და დასავლეთი, ვინ არის „დამნაშავე“ მათი ურთიერთობების გაცივებაში და რა ელოდება საქართველოს არჩევნების შემდეგ.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსოფლიო, რომელშიც ევროატლანტიკური სახელმწიფოები ბატონობენ, უკვე დაქცევის პირას დგას. აშშ-ის პროექტები, რომელიც ევროატლანტიკური ბლოკის ქვეყნების ლიდერს წარმოადგენს, ზედიზედ იშლება. აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ინდოთ-წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკისა და აფრიკული საჰელის რეგიონების შემდეგ ამერიკულმა საგარეო პოლიტიკა უკვე წარუმატებლობას განიცდის სამხრეთ კავკასიაშიც, რომელსაც საკვანძო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამის ნათელ მაგალითს საქართველო წარმოადგენს.

მოდით, ნუ დავივიწყებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს დაშლა, ისევე როგორც უკრაინის ოკუპაცია, განხორციელდა რუსეთთან ომის (2008 წელს) შედეგად, აშშ-ის და ევროპის ინტერესების წყალობით. თბილისს მათი იმედები ჰქონდა, მაგრამ როცა საქართველომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაკარგა, აშშ-საგან და ევროპისაგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო. ქვეყანა, რომელიც ფაქტიურად ბედის ანაბარად იქნა მიტოვებული, ბოლო ათწლეულში ნელ-ნელა აღორძინდა, მაგრამ დასავლეთისაგან უკუსვლა დაიწყო.

ქვეყნის აღორძინების ლოკომიტივი გახდა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, რომელიც 2012 წლის 19 აპრილს ბიზნესმენმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაარსა. იმავე წელსვე პარტიების საარჩევნო ბლოკმა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მოიპოვა და კოალიციური მთავრობა შექმნა.

მოგვიანებით, ამჯერად უკვე მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, 2016 წლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ისტორიული წარმატება მოიპოვა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც – დასავლეთის მძაფრი ანტიპროპაგანდისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად. პარტიამ თითქმის ხუთჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე მისმა უახლოესმა მეტოქემ.
***
საქართველოს პროდასავლელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. იგი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართველი ემიგრანტის ოჯახში და სანამ 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნებოდა და 2018 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, თბილისში საფრანგეთის ელჩის რანგში. სალომე ზურაბიშვილი მინისტრად დანიშვნამდე საქართველოს მოქალაქე არ იყო და თავისი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა მოგვიანებით მიიღო.

ალბათ, სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პარიზში გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი შინაგანად თავს ფრანგად გრძნობს, რომელიც საქართველოში შექმნილ რეალობას ვერ აღიქვამს. სხვათა შორის, ჩვენც ბევრი მსგავსი პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი და „სახელმწიფო მოღვაწე“ გვყავს, რომლებშიც დასავლური კოდები ჭარბობს, ანუ პრობლემები აქვს „მშობლიური“ ხალხისადმი დამოკიდებულებაში.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მხარს უჭერს ორიენტალიზმს, განაცხადა, რომ არჩევნებში რუსეთი ჩაერია. შესაბამისად, ქართველ ხალხს მოუწოდა შედეგები არ აღიაროს და ოპოზიციის პროტესტებს შეუერთდეს.
ესე იგი გამოდის, რომ ქართველებმა არ უნდა დაიჯერონ „ქართული ოცნების“ 54%-იანი წარმატება იმ დროს, როცა მისმა უახლოესმა ოპოზიციურმა პარტიამ მხოლოდ ხმების 11% მოაგროვა? სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ასეთი კოლოსალური უპირატესობისა, მაინც თავისას არ იშლის. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება არჩევნების შედეგების მიმართ. ამაში ჩანს მისი როგორც შეთქმულის მენტალიტეტი.
***
სალომე ზურაბიშვილმაც და მისმა მხარდამჭერმა დასავლურმა სახელმწიფოებმაც მშვენივრად იციან, რომ ხმის მიცემის შედეგები ქართველი ხალხის გადამწყვეტი ნების გამოხატვაა ევროპისა და აშშ-ის ჰეგემონიისაგან თავდასაღწევად. ამიტომაც დასავლეთის წინაშე კაპიტულანტური მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსები ტრამვირებულნი არიან საქართველოს როგორც ევროპული ცივილიზაციის ყველაზე აღმოსავლური საყრდენის „დაცემით“ – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ოთხ მილიონამდეა, საქართველოს, სადაც ევროპისა და აზიის გზები ერთმანეთში იკვეთება, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
დღემდე ამერიკა და ევროპა საქართველოს იყენებდნენ როგორც ფრონტად თავიანთი მეტოქეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან მიმართებით. მოკლედ, კავკასიური ქვეყანა ფასდაუდებელ ფორპოსტს წარმოადგენდა დასავლეთისათვის.
მაგრამ საქართველომ მოახერხა იმ ორმოდან ამოსვლა, რომელშიც დასავლეთის წყალობით ჩავარდა – თავისი პოლიტიკის ტრანსფორმაციით და ახლა აცხადებს, რომ მეტად აღარ იქნება დასავლურ-იმპერიალისტური პროექტების მსხვერპლი ობიექტი. ერთი სიტყვით, რჩება მხოლოდ იგივე ვუსურვოთ უკრაინასაც და დასავლეთის სხვა მარიონეტებსაც. ჭეშმარიტებაა, რომ მხოლოდ ის ქვეყნები მოიპოვებენ სტაბილურობას, მშვიდობას და სიმშვიდეს, რომლებიც დასავლელი მფარველებისაგან გათავისუფლდებიან. საქართველო ამის კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს – თბილისი გვაჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,,ეს არის ცრუ რევოლუციის პროცესი”- იაგო ხვიჩია

ბევრმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ბიულეტენის მეორე მხრიდან ჩანდა, ვის მისცა ხმა. ეს ერთადერთი სწორი არგუმენტია, რომელიც საჯარო სივრცეში გახმოვანდა. ამაზე ვსაუბრობდით და ველოდებოდი, რომ ეს არგუმენტი გაჩნდებოდა. რასაც საია ამბობს, ეს სამართლებრივად სწორია. კანონში არჩევნების ფარულობაზე ჩანაწერი არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული არგუმენტი გარდამტეხია თუ არა, იმით დადგინდება, რამდენი ბიულეტენი იქნება იდენტიფიცირებადი,

„მდინარაძემ თქვა, რომ მზად ვართ, გავხსნათ და ბიულეტენები გადავთვალოთო. მგონი, სწორედ ამის დრო ჩნდება. ეს დარღვევა არსებითია. ეს ყველაფერი გარდამტეხია თუ არა, იმით დადგინდება, რამდენი ბიულეტენი იქნება იდენტიფიცირებადი, რაც ახლა ყუთებში ყრია. თუ ეს არსებითია, მაშინ საია-ს მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია და არჩევნებია შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს. სხვა რაღაცებზე ყვირილს თავი უნდა დაანებონ და ეს მიმართულება უნდა გააძლიერონ, მაგრამ მგონია, რომ ახლა ოპოზიცია ხელისუფლებასთან ლაგდება და არა სერიოზულად რაიმეს აპროტესტებს. ეს არის ცრუ რევოლუციის პროცესი. ცესკო იყო პასუხისმგებელი არჩევნების სწორად ჩატარებაზე და ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს მოსთხოვონ, ეს დარღვევა რატომ არ გააპროტესტა, თავად რომ ნახეს, რატომ არ გამოასწორეს თუნდაც იმით, რომ კალმები შეეცვალათ? – ბიულეტენები სანახავია, რამდენი პროცენტია იდენტიფიცირებადი. თუ ორი პროცენტია, აზრი არ აქვს. თუ ნახევარზე მეტ ბიულეტენზე არჩევანი ჩანს, მაშინ ფარულობა დარღვეულია და თავიდან უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ქართული ოცნება“ სააკაშვილის პერიოდთან შედარებით სტაბილურობასა და სუვერენიტეტს ირჩევს”- ესპანური ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS

პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მმართველობისგან განსხვავებით ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას ირჩევს. სტატიას ამ შინაარსით ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი ავრცელებს.

„ქართული ოცნება“ ირჩევს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე. ის გარე დღის წესრიგს უარყოფს და საკუთარ მდგრად განვითარებას ირჩევს. ევროპული ინტეგრაციის მისეულმა მოდელმა, რომელიც ეროვნულ ავტონომიაზეა დამყარებული, საქართველო კავკასიაში სტაბილურობის საყრდენად აქცია“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მიდგომის ფასის გაგება ევროკავშირისთვის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ეს საშუალებას იძლევა ქვეყანა არ დაუბრუნდეს იმ პერიოდს, რომელიც კონფრონტაციასა და დამოკიდებულებას გულისხმობს, და რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.

მასალაში განხილულია სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და USAID-ის მიერ იყო მხარდაჭერილი.

სააკაშვილმა საკუთარი პრეზიდენტობის დროს ულტრალიბერალური დღის წესრიგი შემოიღო, რომელსაც მას რენდი შენემანი და ჯონ მაკკეინი სთავაზობდნენ. მისი ლიბერალური პოლიტიკა რადიკალურ დეინდუსტრიალიზაციას, მასიურ პრივატიზაციას და ეკონომიკის დოლარიზაციას გულისხმობდა, რამაც უთანასწორობა გაზარდა და ქვეყანა საგარეო დაფინანსებაზე ძლიერ დამოკიდებული გახადა.

ქვეყნის მართვის ასეთმა მოდელმა არათუ გააძლიერა საქართველო, არამედ დაასუსტა ის და რუსეთთან 2008 წლის კონფრონტაციის წინაშე დააყენა, რამაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა და ადამიანებში მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7468  ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7408 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0060 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9759 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9623 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა.

 წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, რაც გვარამიას არ აქვს, მის პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ -ირაკლი კობახიძე

წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ” გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოიგო.

„ზოგადად, გვარამია და ქუჩა ერთმანეთისგან ძალიან უცხო ცნებებია ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, დადებითი თვალსაზრისით, უარყოფით თვალსაზრისს არ ვგულისხმობ. ზოგადად, ქუჩას რაც შეეხება, წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მის პარტიას მოვუგეთ 890 000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ჩემი ხმა” 246 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. სადამკვირვებლო მისიამ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305. საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა ოლქების ჩამონათავლი, სადაც „ჩემი ხმა“ არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს:

1. ბათუმში – 33 უბანი; 2. მარნეული – 32 უბანი; 3. გარდაბანი – 27 უბანი; 4. ქუთაისი – 17 უბანი; 5. გორი – 15 უბანი; 6. თელავი – 15 უბანი; 7. ბოლნისი – 11 უბანი; 8. ქობულეთი – 8 უბანი; 9. ლაგოდეხი – 8 უბანი; 10. გურჯაანი – 8 უბანი; 11. კასპი – 8 უბანი; 12. ახალციხე – 7 უბანი; 13. დედოფლისწყარო – 6 უბანი; 14. მცხეთა – 7 უბანი; 15. ქარელი – 7 უბანი; 16. საგარეჯო – 6 უბანი. 17. სიღნაღი – 5 უბანი; 18. ზუგდიდი – 4 უბანი; 19. ხაშური – 4 უბანი; 20. სენაკი – 3 უბანი; 21. ხობი – 1 უბანი; 22. ყვარელი – 2 უბანი; 23. ახმეტა – 2 უბანი; 24. ბორჯომი – 2 უბანი; 25. წალკა – 2 უბანი; 26. ადიგენი – 2 უბანი; 27. დუშეთი – 2 უბანი; 28. ახალქალაქი – 1 უბანი; 29. დმანისი – 1 უბანი;

„როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი. სადამკვირვებლო კოალიციის, „ჩემი ხმის“ დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.