Home Blog Page 51

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა.

გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. მან აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 27 პოლიტიკური პარტია და შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარმოდგენაა, რომლის ბოლო ვადაც 26 სექტემბერია. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები, შესაძლებლობის ფარგლებში, უადრეს ვადებში განსაზღვრა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცესკოს ინიციატივა პარტიებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავების შესახებ, რომელზე ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ეთიკის კოდექსის გაფორმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრატორების ეთიკის სტანდარტების ამაღლების მიზნით, ცესკომ შესაბამისი ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კომისიების წევრთა ეთიკის კოდექსშიც.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას. რაც შეეხება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, მისი თქმით ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და არსებული გამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო, კაპრალი ზურაბ ფისენკო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

„უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კობა კობალაძემ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთანგამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და
კოორდინაციის სააგენტოს _ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს,
თუბა ოზუთოკს უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და უწყების
ხელმძღვანელთან გამომშვიდობება იყო, რადგან თუბა ოზუთოკმა, TIKA-ს თბილისის
საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა დაასრულა. სტუმარმა კობა
კობალაძეს განუცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და გამორჩეული პასუხისმგებლობა
იყო TIKA-ს მიერ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად
განხორციელებული პროექტები, რადგან ისინი, იმ დამსახურებული და ქვეყნის
ერთგული ადამიანების თანადგომისთვის ხორციელდებოდა, რომლებიც სამშობლოს
ერთგულად ემსახურნენ და დღესაც მზად არიან ამისთვის.

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ვეტერანების
მხარდაჭერისთვის და იმ წარმატებული პროექტებისთვის, რაც თურქეთის
თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურთან თანამშრომლობის დაწყების დღიდან განახორციელა სამსახურის
ბენეფიციართა თანადგომისთვის და მომავალში ურთიერთობის გაღრმავების სურვილი
გამოთქვა.

თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს განუცხადა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურთან TIKA-ს, წლების განმავლობაში, სამაგალითო და ნაყოფიერი
თანამშრომლობა აკავშირებს რაც, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და არა ერთი,
ერთობლივი პროექტი განხორციელდება საქართველოს ვეტერანთა მხარდასაჭერად.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის
სააგენტოს _TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე,
მუჰამედ ემრე ეზბერი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ფაჩულია.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის
თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს შორის ურთიერთობას 2017
წელს ჩაეყარა საფუძველი. TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი
ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა
რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის,
ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

“პოკროვსკის უკანასკნელი დღეები – ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან”-The Wall Street Journal

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “პოკროვსკის უკანასკნელი დღეები: ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან, მოსახლეობა მშობლიურ ქალაქს ემშვიდობება, ბევრი კი ტრანშეებს თხრის თავდასაცავად“ (ავტორი – მეთიუ ლაქსმორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოკროვსკი – უკრაინის ფრონტისპირა ქალაქი. ადგილობრივი ხაბაზი პურს მხოლოდ ღამ-ღამობით აცხობს, რომ ქალაქიდან წამსვლელებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საგზაოდ ლუკმა-პური წაიღონ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს – დანაყრების საშუალება. ქალაქში მხოლოდ ერთი სუპერმარკეტი მუშაობს, მისი ვიტრინები შეფიცრულია, თაროები კი ნახევრად ცარიელი, სურსათი თითქმის არ არის. ქალაქის მისადგომებთან მეშახტეები ტრანშეებს თხრიან, რათა რუსების ჯარების წინსვლა როგორმე შეანელონ. პოკროვსკის ეკლესიის წინამძღვარი, მეუფე ვადიმი მოსახლეობას, სანამ ისინი დასავლეთისაკენ შორეულ გზას გაუყვებიან, აღსარებაზე იწვევს და შემდეგ ამ სიტყვებით ლოცავს – „უფალს ებარებოდეთ!“.

ორ წელიწადნახევრიანი ომის განმავლობაში რუსეთი ათობით უკრაინულ ქალაქს საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებით ანგრევდა, შემდეგ კი რუსული არმია მიწასთან გასწორებულ, ფანტასტიკურ მოჩვენებად ქცეულ ქალაქებში შედიოდა და იკავებდა. შემდეგი ასეთი ქალაქი პოკროვსკი იქნება.

უკრაინა აგვისტოს დასაწყისში კურსკის ოლქში შეიჭრა, რომ დონბასში შექმნილი მძიმე სიტუაცია როგორმე შეემსუბუქებინა და პოკროვსკიდან მოსკოვის ძალები კურსკის ფრონტზე მიეზიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოტყუვდა: კრემლმა მხოლოდ გააორმაგა შეტევების ძალა პოკროვსკზე და ახლა რუსეთის ჯარების მოწინავე ქვედანაყოფები ქალაქიდან 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. იმიტომ, რომ პოკროვსკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია – მსხვილი სატრანსპორტო, სამრეწველო და ლოჯისტიკური კვანძი. მართალია, რუსეთი ამ ქალაქს ისე არ ბომბავს, როგორც ბახმუტს ან ავდეევკას ბომბავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოკროვსკიც მათ ბედს გაიზიარებს – უკრაინის არმიის სარდლობას ქალაქის შენარჩუნება სურს, რუსეთის არმიას კი მისი დაუფლება.

თუ კრემლის არმია ქალაქს აიღებს, ამით ვლადიმერ პუტინის ოცნება შესრულდება – რუსეთი მთელ დონეცკის ოლქს დაიპყრობს. „ვინ შეაჩერებს რუსებს?“, – ეს კითხვა ბევრ ადგილობრივ მოსახლეს უჩნდება, რომლებიც გამალებით მუშაობენ და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ ქალაქის მისადგომებთან. უკრაინის არმია თავდაცვისათვის ემზადება, მაგრამ… ძალები უთანასწოროა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში პოკროვსკში სიცოცხლე ჩქეფდა, რადგან საომარი მოქმედებები ქალაქიდან შორს მიმდინარეობდა. გაიხსნა ახალი სუპერთანამედროვე სავაჭრო ცენტრი… დასასვენებელი პარკები ბავშვებით იყო სავსე. ახლა კი საბავშვო ბაღები, სკოლები და პარკები ცარიელია. სუპერმარკეტი დაკეტილია, რადგან რუსეთის არტილერიის პოტენციური სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო. ამჟამად პოკროვსკისაკენ ძირითადად სამხედრო ამუნიციით და იარაღით დატვირთული ტექნიკა მიდის, იქიდან კი მშვიდობიანი მოსახლეობა, ევაკუირებულები დასავლეთისაკენ მიდიან. ქალაქში ჯერ კიდევ დარჩენილი პენსიონერები გრძელ რიგებს იკავებენ დახმარების მისაღებად. როგორც ამბობენ, ოდესღაც 80-ათასიან ქალაქში ჯერ კიდევ რჩება 30 ათასამდე მცხოვრები – მიუხედავად იმისა, უკვე ასობით მოქალაქე მიემგზავრება ყოველდღიურად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში – მატარებლებით, ავტობუსებით, პირადი ტრანსპორტით…

ქალაქის ხელისუფლებას მიაქვს სხვადასხვა ქონება და მოწყობილობები ქარხნებიდან, საავადმყოფოებიდან და დაწესებულებებიდან. იხურება ის სკოლები და კულტურული ცენტრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და მოდერნიზებული იქნა. ყველაფერი მიაქვთ – სასკოლო მერხები, დაფები და თეატრალური კოსტიუმებიც კი, რომ რუსებს არაფერი ხელში არ ჩაუვარდეთ.

სამოქალაქო პაციენტებიც გაჰყავთ ჰოსპიტლებიდან და საავადმყოფოებიდან, მათ შორის სამშობიაროებიდანაც – ფეხმძიმეები და ახლად დაბადებულები. ამჟამად ჯანდაცვის ყველა დაწესებულება მხოლოდ ფრონტიდან დაჭრილი სამხედროების მკურნალობაზე არიან გადასულები.

„ადრე ჩვენ ვიღებდით ლტოლვილებს, ახლა კი ლტოლვილებად ჩვენი მცხოვრებლები გადაიქცნენ“, – ამბობს პოკროვსკის მერის მოადგილე მარგარიტა იდრისოვა, – არ ვაპირებდით ევაკუაციას, გვჯეროდა, რომ ჩვენი არმია დაგვიცავდა… სამწუხაროდ, ახლა იძულებული ვარ მოსახლეობა დავარწმუნო, რომ სანამ არ დაგვიანდება, ქალაქიდან წასვლა მოასწრონ. რა თქმა უნდა, ისევ გვაქვს ჩვენი არმიის იმედი, მაგრამ საარტილერიო დაბომბვის დროს გადარჩენა ძნელია“.
პოკროვსკში უკრაინაში ყველაზე დიდი კოქსური ქვანახშირის საბადოა – აქაური „შავი ოქრო“ ძირითადად სამხედრო მრეწველობას ხმარდება. ბოლო დღეებში მეშახტეები თავიანთი ტექნიკით ქალაქის აღმოსავლეთით მუშაობენ და ღრმა ტრანშეებს თხრიან, რუსულმა ტანკებმა რომ ვერ გაიარონ.

პოკროვსკს რუსები უახლოვდებიან. ქალაქი, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ მეტ-ნაკლებად მშვიდობიან დღეებს ითვლის. მატარებლები დასავლეთისაკენ მიემართებიან. მეშახტე დიჩკო ოჯახს აცილებს. იგი, რკინიგზის სადგურის ბაქანზე მდგომი, ვაგონის სარკმელში შვილს – 8 წლის მტირალ ილიას უყურებს და იღიმება. „ნუ ტირი, ჩემო ბიჭო, მამას ძალიან უყვარხარ, ჩემი ღიმილი მთელ გზაზე გაგყვება“.

მოამზადა სიმონ კილაძე

წყარო:

მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია – ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო! – იაგო ხვიჩია

მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია – ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო! იმ ხალხის მდგომარეობა გაუარესდა, ვინც შეიძლება უკვე ზეიმობდა, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით არავის აზრი გათვალისწინებული არ არის. ხვიჩიამ პატიმრებს, ვისაც ამნისტია არ შეეხება, ბოდიში მოუხადა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ როგორი ცუდია ერთპარტიული მმართველობა.

„არ ვიცი, „ქართული ოცნება“ ასე რამ დააკომპლექსა – ამ ზაფხულს ასეთი რა მოხდა, ვისგან რა ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა არ იყო. შეუძლებელია “ამნისტიის შესახებ“ პროექტი ისე დაწერო, ისე მოიტანო და პარლამენტში ისე წარადგინო, რომ არც ერთი შენიშვნა გათვალისწინებული არ იყოს. როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ არც ერთი ისეთი იდეა არ ვთქვით, რომლის გათვალისწინებაც შეიძლებოდა – არ მინდა დავიჯერო, რომ ამას ჩვენს ჯინაზე აკეთებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა. საკითხი კენჭისყრაზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6906 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6906 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9699 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9758 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

ანალიტიკოსები, საქართველოს, არჩევნებში ჩინეთისა და რუსეთის ჩარევის შესახებ აფრთხილებენ -“ამერიკის ხმა”

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს არჩევნებში ჩინეთისა და რუსეთის ჩარევის შესახებ აფრთხილებენ“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ექსპერტ-ანალიტიკოსების, ყოფილი ელჩების გაფრთხილებები – არ არის გამორიცხული, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსკოვი და პეკინი ჩაერიონ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ამერიკელი ანალიტიკოსები კი ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩარევაზე საუბრობენ. ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები, რომლებიც საქართველოს წლებია აკვირდებიან ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” ქმედებები და რიტორიკა, “არადემოკრატიული” და “ფაშისტურია”.

“დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში, თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად ძალებს აერთიანებენ”, – ამბობს “ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

„პეკინიც და მოსკოვიც, საქართველოში ხედავს მთავრობას, რომელიც დასავლეთის, შეერთებული შტატების, ღიაობის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წინააღმდეგ არის განწყობილი”, – ამბობს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი. კენეტ იალოვიცს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ პოზიციონირებას “ავტორიტარი” ლიდერები სათავისოდ იყენებენ. „საქართველო მათთვის [ჩინეთისთვის და რუსეთისთვის] სტუდენტი, ახალგაზრდა ავტორიტარიზმია და მის წახალისებას ცდილობენ”, – ამბობს ყოფილი ელჩი.

თავის მხრივ, „ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი კი ფიქრობს, რომ პეკინი და მოსკოვი ერთიანი ძალისხმევით ეხმარებიან “პატარა დიქტატორს” საქართველოში: „დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში, ძალებს აერთიანებენ თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად“.

 „ფერადი რევოლუციები”

დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მზარდია “შეთქმულების თეორიებისა” და დეზინფორმაციული შინაარსის ნარატივების გავრცელება. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, საქართველოში, ერთ-ერთ დეზინფორმაციული შინაარსის კამპანიას, თითქოს დასავლეთი საქართველოში “ფერად რევოლუციას” გეგმავს, სათავეში ჩინეთი და რუსეთი უდგას.

“ფერადი რევოლუციების” შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს, ეს მათი პროპაგანდის ნაწილია. ამერიკას არ გამოუწვევია “ნარინჯისფერი რევოლუცია” უკრაინაში, არც “ვარდების რევოლუცია” საქართველოში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვინმესთვის, ქართველები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. რუსეთი კი ცდილობს, ამ ცრუ ნარატივებით საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, უბიძგოს მას, კიდევ უფრო ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას”, – ამბობს დენიელ ფრიდი “ატლანტიკური საბჭოდან”, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, გასულ კვირაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. “ფერად რევოლუციას” ამზადებს. მსგავსი განცხადება მანამდე გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„ბრალდებები კატეგორიულად მცდარია“, – ამბობს აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტი, პეკინისა და მოსკოვის ბრალდებების პასუხად. ჯერ კიდევ 2022 წელს, სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთის მიერ წლების განმავლობაში გამოყენებული დეზინფორმაციული ნარატივის ტოპ-ხუთეული გამოაქვეყნა. მათ შორის, ერთ-ერთია რიტორიკა, თითქოს პოპულარული საზოგადოებრივი მოძრაობები, შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული “ფერადი რევოლუციებია”.

„კრემლს უჭირს აღიარება, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის უფლება და რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავისი ხალხის წინაშე. [..] თუ პოპულარული მოძრაობა მხარს უჭერს დემოკრატიას და რეფორმებს და არ განიხილება, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან შესაბამისობაში მყოფი, კრემლი ხშირად თავს დაესხმება მის ლეგიტიმურობას და აცხადებს, რომ მის უკან, ფარულად, შეერთებული შტატები დგას. ეს უსაფუძვლო ბრალდებები ხშირად მიმართულია ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც ამხელს ადამიანის უფლებების დარღვევას და კორუფციას. კრემლი ცდილობს უარყოს, რომ მეზობელ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ უფლებამოსილება, ღირსება და საკუთარი თავის დასაცავად დამოუკიდებელი ნება, ისევე როგორც უარყოფს ამ უფლებებს რუსეთის ხალხისთვის”, – წერია 2022 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანალიტიკოსების აზრით, პეკინი და მოსკოვი ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანას განზრახ ცდილობს. “არ არსებობს, როგორც ისინი უწოდებენ, “ამერიკის მიერ მხარდაჭერილი, პროვოცირებული რევოლუციები“. არსებობს მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, ისევე როგორც სხვა ერების მიმართ, როცა ისინი ცდილობენ დაიცვან საკუთარი დემოკრატიული უფლებები”, – ამბობს ჯონ ჰერბსტი.

გაცილებით უფრო კრიტიკულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი, დენიელ ფრიდი. მას მიაჩნია, რომ პეკინი და მოსკოვი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ახალისებს და უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს, რაც მისი თქმით, საქართველოს დასავლეთისგან კიდევ უფრო დააშორებს.

“მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რუსეთს სუსტი საქართველო სურს, რომელიც დაშორებული იქნება ამერიკასა და ევროპას, რაც ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის ზეწოლაზე უფრო მეტად დამორჩილებული გახდება”, – ამბობს დენიელ ფრიდი.

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით“, სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამ განცხადებას აბსოლუტურ სიმართლეს უწოდებს. ზურაბ ქადაგიძეს ისევე, როგორც მის პარტიას, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ „ხალხის ძალა”, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, “ქართულ ოცნებასთან” ერთად მონაწილეობს. პარტიის ბევრი წევრი, წარსულში, პარტია “ქართულ ოცნებაში” ირიცხებოდა.

ანტიამერიკული რიტორიკა და სანქციები

სწორედ ამ და სხვა ანტიამერიკული რიტორიკისა და განცხადებების პასუხად, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები აამოქმედოს. ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები თვლიან, რომ თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლების წევრები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები არ შეწყვეტენ დეზინფორმაციული შინაარსის განცხადებების გაკეთებას, უკვე მიღებული ზომები გამკაცრდება. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ვაშინგტონს ამის სურვილი არ აქვს.

“ვფიქრობ სანქციების დროა და ამას, სულ მცირე, ბოლო ორი თვეა ვამბობ. ივანიშვილის სანქცირების დროა, მათ შორის მისი ქონების, რომელიც საქართველოს გარეთ არის თავმოყრილი”, – ამბობს “ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის შემდგომ ნაბიჯებს, მეტწილად განსაზღვრავს ის, თუ როგორ გარემოში ჩატარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება ის.

“ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი, საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება – რამდენად იქნება ის თავისუფალი და სამართლიანი. ამაზე იქნება დამოკიდებული თუ რა შემდგომი ნაბიჯების შეიძლება გადაიდგას”, – ეუბნება “ამერიკის ხმას” “რენდის კორპორაციის” მკვლევარი და საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი.

ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისე როგორც ყოველთვის, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია და იმედს გამოთქვამენ, ხალხი მოვლენებს სწორად შეაფასებს. “ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი მეთოდი იმისთვის, რომ ვესაუბროთ ქართველ ხალხს და მათ სიმართლე ვუთხრათ. ქართველები სულელები არ არიან. მათ ძალიან კარგად ესმით რა ხდება საქართველოში და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. საქართველოს მომავალი და ბედი შეერთებული შტატების ხელში არ არის. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველების ხელშია”, – ეუბნება დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმას”.

ქართული ოცნების “ფაშისტური” წინასაარჩევნო დაპირება

“ფაშისტური” – ასე უწოდებს ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ამბობენ, რომ მმართველი პარტია “მოლდოვის პრეცედენტს” დაეყრდნობა, სადაც, მათი თქმით, “პოლიტიკური პარტიები აიკრძალა”.

“როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აფრთხილებს ოპოზიციას, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათ აკრძალავს, ეს სახიფათოა – ეს ჩემთვის ფაშიზმს ჰგავს. თუ მსგავსი რამ მოხდა, ჩვენ მწვავე რეაქცია გვექნება”, – ამბობს უილიამ კორტნი “რენდის კორპორაციიდან” და თვლის, რომ, შესაძლოა, “ქართული ოცნება” ისე როგორც წარსულში ე.წ. აგენტების კანონის მიღებისას, “რუსულ სახელმძღვანელოს დაეყრდნოს”.

“ქართული ოცნების” ამ წინასაარჩევნო დაპირებას, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი “ერთპარტიული დიქტატურის დამყარების” მცდელობად აფასებს.

“პარტია “ქართული ოცნება” ცდილობს მთლიანად ჩამოაშოროს ქვეყანა დამფუძნებელ პრინციპებს: თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დასავლეთისკენ სწრაფვას. ცდილობენ კონსტიტუციის შეცვლას. მათი სურვილია ოპოზიციის აღმოფხვრა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მათი სურვილი ერთპარტიული დიქტატურის დამყარებაა. საქართველოში ელჩი შევარდნაძის დროს ვიყავი, ის საბჭოთა ლიდერი იყო – ის იყო საბჭოთა პროდუქტი, თუმცა მანაც კი აღიარა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს რეფორმები, დემოკრატიული განვითარება სჭირდებოდა. ის არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ბევრი ნაბიჯი გადადგა. შემდეგ იყო სააკაშვილი და რევოლუცია, რომელიც სწორ პრინციპებს ეფუძნებოდა, თუმცა მას ჰქონდა თავისი ნაკლი და ამას ახლა კიდევ არ ჩავუღრმავდები, ისედაც ყველასთვის ცნობილია. ახლა კი, დღევანდელ რეალობაში, არის “ქართული ოცნება”, რომელიც ყველა ამ პრინციპს და ქვეყნის ფუნდამენტურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. გსურთ, საქართველო ბელარუსი გახდეს? გსურთ, ბელარუსის მსგავსად, საქართველო უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოიყენონ? გსურთ საქართველოს მიმართ დასავლეთმა იმოქმედოს ისე, როგორც ბელარუსთან მიმართებაში მოქმედებს? – ეს არის არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს”, – ამბობს კენეტ იალოვიცი.

ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ ექნება სურვილი და შესაძლებლობა, დემოკრატიულად არჩეული ოპოზიცია “გააქროს”.

წყარო:

რუსებმა პოლტავა დაბომბეს, დაღუპულია 41 ადამიანი-ზელენსკი

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ პოლტავაში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 180-ზე მეტი დაიჭრა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დაბომბვა ორი ბალისტიკური რაკეტით მოხდა. ისინი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე და გვერდზე განლაგებულ საავადმყოფოს დაეცა. კავშირგაბმულობის ინსტიტუტის შენობის ნაწილიც ჩამოინგრა. ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ. ბევრის გადარჩენა მოხერხდა. 180-ზე მეტი დაშავდა. სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. პირველადი ინფორმაციით, 41 ადამიანი დაიღუპა“, – თქვა ზელენსკიმ.

მან მომხდარის სრული და ოპერატიული გამოძიების ბრძანება გასცა. „სამაშველო ოპერაციაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული. მე მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელიც მომხდარის პირველივე წუთიდან ადამიანებს ეხმარება“, – დასძინა ზელენსკიმ.

 დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებლის შეჯახებას რკინიგზის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა 

 

 

თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას  ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მატარებელი თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიდიოდა. ადგილზე მობილიზებული არის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

საქართველოს რკინიგზა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.

მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

 ყველა დამპყრობელი ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ქვეყანაც, ხალხიც, ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია -მამუკა მდინარაძე

საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ და არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ ოპოზიცია „ლგბტ კანონს უმნიშვნელოდ მიიჩნევს“.

„ოპოზიცია რასაც უწოდებს თითიდან გამოწოვილს, ამის მასშტაბზე რომ წარმოდგენა გვქონდეს, გეტყვით: საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა. არის თითიდან გამოწოვილი? 2-3 თაობაში შეიძლება, გაანადგუროს ის, რაც ვერ გაანადგურა ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში. ქართული საზოგადოების და ქართველი ერის არსებობა თუ არის თითიდან გამოწოვილი თემა, მაშინ მართლები ყოფილან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა არ ეხება არცერთი ადამიანის უფლებას, რომელი უმცირესობის წარმომადგენელიც უნდა იყოს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას უფლება უნდა დაიცვას ზედმიწევნით ყველა ხელისუფლებამ, მაგრამ როდესაც პროპაგანდა მიდის რაღაც საკითხების, რასაც თავისი კონკრეტული მიზნები აქვს, ეს მიზანი უნდა ამხილო და ამ პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გაილაშქრო ყველა შესაძლო ლეგიტიმური საშუალებით. ქართული ეკლესია და საპატრიარქოც იმიტომ დგას ასე მყარად ამ პოზიციაზე და ჩვენც, ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება იმიტომ დგას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე, რომ ეს გამოწვევები კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული. ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ დღეს ეს გამოწვევას წარმოადგენს, ოლიმპიადის გახსნა კარგად გადაახვიოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ გაიმართება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.

TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.

TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.

მარიამ გულედანის გამოსვლის თემაა: არა უშავს, თუ არ იცი, რა გინდა. „მე ვარ მარიამ გულედანი, 20 წლის, ქოფირაითერი. მიყვარს მუსიკა (ყველაფერზე მეტად), დრამზე დაკვრა და წერა. დრამზე რამდენიმე წელია რაც ვუკრავ. წერით კიდე, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ვწერ ყველაფერს: ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს და რავი, მართლა ყველაფერს. რა მინდა? ეგ რთული ამბავია. აი ახლა, ამ მომენტში რედბულის დალევა მინდა :)) მაგრამ უფრო ფილოსოფიურად თუ ვუპასუხებ, მინდა ისეთი რაღაც გავაკეთო ცხოვრებაში, ადამიანებს ჩემი სიკვდილის მერეც რომ ვახსოვდე. ცოტა ნაკლებად ფილოსოფიურად – ყველა იმ ბენდის/არტისტის ლაივზე მინდა მოვხვდე, რომელიც მიყვარს”.

გიორგი ძირკველიშვილი მსმენელებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას თემაზე: “ის უნდა აკეთო რაც შენ გინდა” – ყველაზე დიდი ტყუილი ცხოვრებაში. “მე ვარ გიორგი ძირკველიშვილი Software Engineer და ლექტორი. ჩემი ინტერესების სფერო დიდწილად უკავშირდება სპორტის თამაშს, ყურებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და მოგზაურობას. სიამოვნებას მანიჭებს ახალი ადგილების აღმოჩენა და მეგობრებთან ერთად მოგონებების დაგროვება”.

ელენე ჭელიძის გამოსვლის თემაა: ძიება არასდროს გაჩერებს, სწორედ მისი სურვილი არ გაძლევს გაჩერების უფლებას. „ელენე ჭელიძე, 25 წლის. მარკეტერი და კონტენტ მენეჯერი. ვმუშაობ 18 წლიდან, რადგან ყოველთვის მინდოდა გზის პოვნა, რომელიც ჩემი შემოქმოდებისა და აზრების რეალობად გადაქცევაში დამეხმარებოდა. კრეატული აზროვნება ხშირად მეხმარება, რაღაცები სხვანაირად და ახლებურად დავინახო, დავაკავშირო ერთმანეთთან თითქოს ერთმანეთთან არაფერ შუაში მყოფი ემოციები, აზრები, იდეები, გამოცდილებები. არასდროს მინდოდა გავზრდილიყავი, ამიტომ ახლაც მაქვს შენარჩუნებული ბევრი ბავშვური თვისება, რომელიც მეხმარება სილაღის შენარჩუნებაში და პატარ-პატარა წვრილმანებით ბედნიერების მიღებაში”.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.

შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.

(R)

თიბისი ბიზნესი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

პარასკევს, 6 სექტემბერს 11:00 საათზე, Online შეხვედრის რეჟიმში საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს გაუძღვება დავით პაპიაშვილი – აუდიტორული კომპანია „KRESTON GEORGIA” – ს მმართველი პარტნიორი.

ტრენინგი შეეხება საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს.

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
  • სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სიახლეები და ტრენინგის ჩატარების მომენტისთვის საგადასახადო დაბეგვრის აქტუალური საკითხები.
  • საქართველოში მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის ძირითად პრინციპები დამსწრეები გაიგებენ მიღებული ცოდნა მუშაობის პროცესში როგორ გამოიყენონ.

კომპანიის მმართველი რგოლი უშუალოდ არ არის ჩართული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გამოანგარიშებაში. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებისა და თავისებურებების ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანია. მენეჯმენტი მონაწილეობს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ტიპის საგადასახადო დაბეგვრა.

შეხვედრის დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:

https://link.tbc.ge/training-tax

(R)