Home Blog Page 50

გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში – ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი-ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.

„ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. 1 120 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას” და იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი და საბოლოო ჯამში, ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ. მშვიდობა არის განვითარების მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. ამას არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი და გააკეთა რაციონალური არჩევანი. გასული ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ვითარება იყო ძალიან რთული, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ურთულესი პროცესების ღირსეულად გავლა. რომ არა ხალხის თანადგომა, გამოცდილება და ბრძნული გადაწყვეტილებები, მარტო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაშიც, ხალხი დადგა სწორი გადაწყვეტილების მხარეს. ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

 სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა – ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება, საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ -გიორგი ვაშაძე

სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა. ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დიდი აქცია იქნება , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პროტესტის საბოლოო მიზანია, არჩევნების ხელახალი ჩატარება.

“ხვალ დიპლომატებთან გვაქვს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დამთავრდება. დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული, რომ არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის უფლება იყო დარღვეული.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაერთოს, რომელიც იქნება სანდო.

ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული და არა “ქართული ოცნება”. პროტესტი მიზნად დაისახავს იმას, რომ ამ შედეგამდე გავიდეთ. საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას” – უკრაინის საგარეო უწყება

არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , – ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები“.

„უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა.

მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”, – წერია განცხადებაში.

2024 წლის არჩევნებთან მიმართებით სულ 1170 საჩივარია წარმოდგენილი, რაც კლებით და დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს -ცესკო

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში  საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში ჩატარებული საერთო არჩევნების ჭრილში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

„გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ. ამავდროულად წარმოგიდგენთ მცირე შედარებით ანალიზს 2020, 2021 და 2024 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს წინა წლებთან შედარებით კლების ტენდენციაზე –  2020 წელს წარმოდგენილი იყო სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს – 1840 საჩივარი.

ასევე კლების  ტენდენციაა 2020-2024 წლებში  სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების სტატისტიკაშიც:

მაგალითად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე სულ წარადგინეს 570 საჩივარი, 2020 წელს – 629, ხოლო 2021 წელს – 599.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას- ასევე 2020-2024 წლებში –  2024 წლის არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი,

2020 წელს იყო 1425, 2021 წელს კი 1235.

შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან საჩივრებთან მიმართებით კლების ტენდენციები ნარჩუნდება. საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს.

მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია  – კერძოდ, თუ შევაჯამებთ მიმდინარე წლის 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი, და აქედან მხოლოდ 7 საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, სადაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიციფირებული.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ რა კონკრეტულ მოთხოვნებს შეიცავს წარმოდგენილი საჩივრები. კერძოდ:

გადათვლა-ბათილობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია 544 საჩივარი;

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით – 428;

მოთხოვნის გარეშე – 47;

ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე – 151.

ასევე გვინდა გაგიზიაროთ მოკლედ ინფორმაცია  გადათვლებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში. კერძოდ, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი,  334 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები არ შეცვლილა, დარჩენილ 32 უბანზე კი მხოლოდ მცირედით შეიცვალა.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ განსხვავებული აზრი ფიქსირდება  მხოლოდ 9 შემაჯამებელ ოქმში,  რაც წარმოადგენს მხოლოდ 0.02%-ს.

წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობების შესახებ, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით, ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციას გაეცნოს.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ რომ სამწუხაროდ ნარჩუნდება ე.წ. შაბლონური საჩივრების წარდგენის ტენდენცია. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, მათი ნუმერაცია, ხოლო მთლიანობაში საჩივარი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს რომ ამ შემთხვევაში საჩივარი წარმოდგენილი იყო საჩივრების რაოდენობის ხელოვნურად გასაზრდელად და არა კონკრეტული პრობლემის ასახვის მიზნით. რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გადაამოწმოს ჩვენს ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ  საჩივრების რეესტრში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების განხილვის პროცედურები უკვე მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში. საჩივრების განხილვის ბოლო ვადა საოლქო კომისიებში სამი ნოემბერია. საჩივრების განხილვის დასრულებისთანავე ასევე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“,-განაცხადა გიორგი სანტურიანმა

ქუჩა იქნება ოპოზიციის გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის -ელენე ხოშტარია

ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროტესტის ყოველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებენ და აუხსნიან, რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და მისი ფორმა.

„ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. შესაბამისად, როდესაც ჩნდება ჯგუფი და მით უმეტეს მტერი რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება ამ ჯგუფის მიერ, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ ვართ გამარჯვებულები იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ეს გამარჯვება ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ იქნება ეს ქვეყნის შიგნით, ქუჩაში, მტკიცე და მწვავე პროტესტში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, არა ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული და კარგად დაგეგმილი შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად, პროტესტის ეტაპების ყოველ ჯერზე ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და ფორმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ასე მარტივად არის საქმე -დანიის ელჩი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, – წერს სორენსენი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი.

მისი თქმით, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის.

„ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, – დაწერა სამხარაძემ.

“ისეთი ზეწოლა იყო ქოჩორას საქართველოდან გაყვანაზე, 500 000€ ითხოვდა ერთ-ერთი ყოფილი გაზულუქებული მინისტრი – რას წერს როინ ქოჩორაშვილი?

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი როინ ქოჩორაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების, გიორგი ქოჩორაშვილის მამაა სოციალურ ქსელში წერს:

“ქოცებო! გუშინდელი საერთაშორისო ორგანიზაციების და ევრო პარლამენტის შეფასების შემდეგ, თუ თქვენ კიდევ ფიქრობთ რომ რამე (ტრიუკი) დარჩა რომლითაც ევროკავშირში შესვლა შესაძლებელია, დროულად მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას (ფსიქოლოგიურ მდგომარეობას) ეს რბილად რომ გირჩიოთ და მიგითითოთ! ვინც გაყალბებაში მიიღეთ მონაწილეობა, თქვენ საკუთარ შვილებს მომავალი წაართვით, დღევანდელი სამსახურების (კაპიკებზე რომ მუშაობთ) შენარჩუნების გამო! მერე სხვას აბრალებთ თქვენი და თქვენი შვილების წარუმატებლობას!

მე სოლიდურ ხელფასზე და სამსახურზე ვთქვი უარი, როცა ჩემი შვილის მომავალს ეხებოდა, ისეთი ზეწოლა იყო ქოჩორას საქართველოდან გაყვანაზე, 500 000€ ითხოვდა ერთ-ერთი ყოფილი გაზულუქებული მინისტრი (კლუბის ხელმძღვანელი) ვისთან დაპირისპირებასაც შევწირე ჩემი დიპლომატიური სამსახური (4000$) ხელფასით და ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორი გავაკეთე, სხვა შემთხვევაში ქოჩორა როგორც ფეხბურთელი საქართველოში ვერ განვითარდებოდა ამ დონეზე! ჩვენი გუნდი ახლაც უარს ვიძახით საპარლამენტო მანდატებზე. თუ “ოცნებამ” არ გაასაჯაროვა არჩევნების დღეს ჩატარებული ტრიუკები, ლეგიტიმაციას ჩვენ არ მივცემთ! ეხლა თქვენ იფიქრეთ გიღირთ იმ სამათხოვრო კაპიკების გამო ქვეყნის და თქვენი შვილების მომავალის დაკარგვა?” – წერს როინ ქოჩორაშვილი.

25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო – კანონების არადემოკრატიულად შეფასება დიპლომატების, პოლიტიკოსების საქმე არ არის, დაველოდოთ სასამართლოს -ნიკოლოზ სამხარაძე

25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო , – ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, მელინე არაკელიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიისა და ფუნდამენტური ულფბების მხრივ და “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა გაჩერებული”.

“25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო. თქვენი ლოგიკით, ასოცირების შეთანხმებაში პროგრესი, მაშინ საერთოდ არ არის პროგრესი. რაც შეეხება კანონებს, კანონების არადემოკრატიულად შეფასება დიპლომატების/პოლიტიკოსების საქმე არ არის, არამედ სასამართლოსი. ასე რომ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს სამხარაძე.

ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება -ანა დოლიძე

ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას ეტყვის იმ გეგმის შესახებაც, რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„მტკიცებულებების მოგროვების პროცესი დასრულდა. ჩვენ ახლა რამდენიმე სქემის სურათი გვაქვს. დღეს საღამოს 20:00 საათზე ოპოზიცია განუცხადებს საზოგადოებას, რა არის მოპოვებული, მაგრამ გარდა ამისა, განუცხადებს გეგმას, უმოკლეს ვადებში რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საკითხში ჩვენი თანამოაზრე არის საქართველოს პრეზიდენტი და რაც მთავარია, ამ წინააღმდეგობის გეგმის დამკვეთი პირველ რიგში, ქართველი ხალხია, რომლის ნება მიტაცებულია“, – განაცხადა დოლიძემ.

გააუქმეთ ანტი ლგბტ და გამჭვირვალობის შესახებ კანონები და არჩევნებს გიღიარებთო – ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული? -გურამ მაჭარაშვილი

„არ მწამს“, „აღქმა მაქვს, რომ გაყალბდა“, „დათვლა სწორი იყო, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ გაყალბდა“ , „ის ქალი იჯდა და იღიმოდა, მაგრამ ამ ღიმილში ზეწოლის ფაქტები იყო“ და ა.შ., რაღაც, რიტუალური პროცესები დაასახელა [არჩევნების „გაყალბების“] მიზეზად ოპოზიციამ, რის გამოც თურმე ცესკომ უნდა თქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნებიო. ამ წრეში ტრიალებს ოპოზიცია და იმიტომ არის ასეთი შედეგების მქონეც“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ლოგიკური შედეგი მიიღო არჩევნებზე, როცა დამარცხდა, რადგან მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ხელში გაატარა.

„აბა, სხვა რა შედეგებს ელოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, როცა მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშა ხელიდან არ გაუშვეს? როცა ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს? ეკლესიის ლანძღვას არ შეეშვნენ და არაფერი ქართული არ დატოვეს, რასაც კი შეეხნენ. ამიტომ, ისეთმა ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მანამდე რომ არ მიუღიათ, რადგან ამისკენ თავად ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა უბიძგეს, კაცების გათხოვების მოთხოვნით. არ გვინდა ეს კაცების გათხოვება, თუ ოპოზიციას უნდა, უნდა გათხოვდნენ და რაც უნდათ, ის აკეთონ. დღესაც იმავეს ამბობენ [ქვეყნის გარეთაც] – ოღონდ კაცები გაათხოვეთ და არჩევნებს ვაღიარებთო. ანუ, გააუქმეთ ანტი ლგბტ კანონიო, გააუქმეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, შავი ფული შემოგვატანინეთ და არჩევნებს გიღიარებთო. ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული? ეს არის ის რეალობა, რასაც საქართველო არასდროს მიიღებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს – მას წარმატებები ვუსურვე -ორბანი

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ახლახან ვესაუბრე. მომავალი სამშაბათისთვის წარმატებები ვუსურვე. მხოლოდ ხუთი დღე დარჩა. იმედი უნდა ვიქონიოთ“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7427 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9810 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9759 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.