Home Blog Page 50

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საყვარელ ადამიანების პრობლემები და ოჯახური საკითხები დიდ დროს წაგართმევთ. ნუ გაბრაზდებით, თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანი თემებით ვერავინ დააინტერესეთ. ეცადეთ, სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედოთ. მშვიდი დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები და ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ, რომ ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა არ სცადოს

კურო

უსმინეთ საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს. ამ დღეს შეიძლება საინტერესო საქმე აღმოაჩინოთ, რომელზეც აქამდე არაფერი გსმენიათ. თუ გონივრულად მოიქცევით მან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. ხელსაყრელია ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ, ინიციატივა და გამძლეობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

შორი ქვეყნიდან ახალ ამბებს გაიგებთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ურთიერთობების დამყარებას, გადაწყვეტილებების მიღებას და შეთანხმებების დადებას სწრაფად და ადვილად შეძლებთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების, დიეტის და ვარჯიშის დაწყებისთვის. მიწასთან მუშაობა და სახლის დალაგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეებზე უნდა გაამახვილოთ, რადგან გარკვეული დროის შემდეგ მათთან დაბრუნება და შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ მოთმინება ნებისმიერ საქმეში საუკეთესო მეგობარია, ხოლო თქვენი ფანტაზია ზოგჯერ რეალობაზე მნიშვნელოვანიც კი გახლავთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით.

ლომი

ამ დღეს რთული და მნიშვნელოვანი ამოცანები დღის მეორე ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. უმჯობესია დილა მშვიდ დასვენებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გართმევთ ენერგიას და ეცადეთ, ეს პროცესი მინიმუმამდე დაიყვანოთ. შესაძლოა, ბოლო დროს დაშვებული შეცდომები გაიმეოროთ, მაგრამ ამჯერად მათი გამოსწორების შანსი მოგეცემათ და ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საინტერესო ადგილას წახვიდეთ, სპორტით დაკავდეთ და ხმაურიან წვეულებაზე გაერთოთ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. გამოცდილ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა კარიერულ წინსვლაში და საქმიან პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ, რაც თქვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედებს.

სასწორი

პლანეტების კეთილგანწყობის ეტაპზე ხართ და გონივრული მოქმედებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ყველა ოპონენტს ხელის ერთი მოსმით მოიცილებთ, მაგრამ ეცადეთ, მათ შორის საჭირო ადამიანებიც არ მოჰყვნენ. შეთავაზებებს, რომლებსაც დღეს მიიღებთ ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა საარსებო წყაროს გარეშე არ დარჩეთ.

მორიელი

გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი მშვიდად, საყვარელი საქმეების კეთებაში გაატაროთ. ახალი საქმის დაწყება სამომავლოდ გადადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. გირჩევთ, მთელი ყურადღება უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

დილიდან დატვირთული დილა გელით – უამრავი საოჯახო საქმე უნდა მოაგვაროთ და საყვარელ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. ამ დღეს მტკივნეული პრობლემის გადაჭრას ძველი კავშირებისა და გავლენიანი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აკეთეთ, რასაც ის გიკარნახებთ.

თხის რქა

ამ დღის ზოგი მოვლენა ნერვიულობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ძიებას გაიძულებთ. სავარაუდოდ, ბევრი გადაადგილება და აქტიური ქმედებები მოგიწევთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული საღამო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ ყველა მიწვევა მიიღოთ და საინტერესო ღონისძიებებზე ახალი ადამიანები გაიცნოთ. გარდა იმისა, რომ ეს თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის, კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და შესაფერისი პარტნიორის საპოვნელად.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, დანაკარგებს ფილოსოფიურად შეხედოთ, მომავალს კი ოპტიმიზმით. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების ახალი წყარო აღმოაჩინოთ. გირჩევთ, მომავალ კვირას საკუთარ მოტივებს გადახედოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ სხვა ადამიანები თქვენზე ზეწოლას ცდილობენ. მშვენივრად იცით, რომ არაფერი გამოუვათ.

,,მე უკვე მყავს პრემიერობის კანდიდატი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს, რომელთა წარმომადგენლებთანაც შეხვედრებს ორშაბათიდან იწყებს.

კითხვაზე – მზად ხართ იყოთ ქვეყნის პრემიერი? გაქვთ ამაზე ნაფიქრი? -ზურაბიშვილი პასუხობს: „რაზე მაქვს ნაფიქრი, აქ ამაზე არ გიპასუხებთ. მყავს ძალიან კარგი კანდიდატი. ჯერ ვნახოთ! ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე. მგონი,დღეს ყველაზე სწორ გზაზე ვდგავართ და გავყვეთ ამ გზას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი ჩემთან კონსულტაციაში უნდა იყოს შერჩეული, მე უკვე მყავს კანდიდატი, ახლა არ გეტყვით, ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ… მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები. რატომ? – იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას, რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს, ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს იმ ადგილზე, სადაც გვინდა ვიყოთ…

ორშაბათს პარტიებთან შეხვედრები უნდა დავიწყო, დღეს ვაცხადებ, რომ ველოდები მათ ორშაბათს იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, კონსულტაციები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს არჩევნებამდე. მე ხომ არ ვიცნობ ყველას – ვინ რომელი მინისტრი უნდა იყოს, ყველას ექნება საშუალება, კანდიდატურები წარადგინოს, ერთადერთი – პოლიტიკოსები ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა ნიშნით შეარჩია მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის „სანდოობით აღჭურვილია“.

„ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი, ყველასთვის მისაღები. მგონი, საჭირო არის, ეს შემადგენლობა, არ ვიცი სრულყოფილი იქნება თუ არა, მთლად იდეალური რთული იქნება, იმედი მაქვს, რომ ამ მთავრობის დიდ ნაწილს ამომრჩევლებს არჩევნებამდე წარვუდგენთ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ნდობის მომენტი. პირველი, ერთპარტიულობას ვემშვიდობები, მაგრამ ამ ოთხივე პარტიას ვენდობი, რომ მიმიყვანოს ევროპამდე. მეორე, ეს მთავრობა არ იქნება იმისთვის, რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური მადა დაიკმაყოფილოს, იქნება იმისთვის, რომ ქვეყანას ემსახუროს ამ მოკლე პერიოდით. შემდეგ, როგორც ქარტიაში წერია, არჩევნები უნდა გაიმართოს – მომავალი წლის ოქტომბერში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. ეს იქნება პირველი არჩევნები უკვე განთავისუფლებულ გარემოში. ამ ერთი წლის მანძილზე ეს 4 პარტია იქნება იმ მდგომარეობაში პარლამენტში, რომ მთავრობაზე კონტროლი დააწესოს, ქარტია შეასრულოს და ნამდვილი პროგრამა მოამზადოს – ყველამ ცალ-ცალკე, ვინ რას გვთავაზობს, მაგრამ არა ისე, რომ არჩევნებისთვის იყოს დაწერილი, რეალური პროგრამა უნდა იყოს, ერთი წელი ძალიან კარგი დროა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თბილისის საპატიო მოქალაქეების გახდნენ: ზურაბ კახაბრიშვილი, მერაბ კილაძე, გიორგი ჭუმბურიძე, დიმიტრი ბეზარაშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გიზო გაბესკირია, გვანჯი მანია, ბიძინა სონღულაშვილი, ნათელა ვასაძე, გელა ფარჩუკიძე, თეიმურაზ ლეჟავა, ნელი სალაძე, მზია აფრიდონიძე, გურამ ბათიაშვილი, კახა ქორიძე, ოლესია თავაძე, გოგი მარგველაშვილი, თამაზ გოდერძიშვილი, ვახტანგ ცუხიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, გურამ კალანდაძე (ტურეცკა), ნელი კობიაშვილი, გივი სიხარულიძე, ნელი ბერაია, ვილი სანიოლი.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.

“არ გამიკვირდება, რომ ბოლო ორ კვირაში, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბს პირადად ამერიკის ელჩმა უხელმძღვანელოს” – ლადო ბოჟაძე

“ქართული ოცნების” წევრმა, ლადო ბოჟაძემ “დღის კურიერის” ეთერში საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული Facebook ბანერების თემა შეაფასა და აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბს პირადად ამერიკის ელჩმა უხელმძღვანელოს.”

მისივე თქმით, მსგავსი ღია ჩარევა და გავლენის მოხდენის მცდელობა შედეგებზე, არცერთ წინა არჩევნებზე არ ყოფილა.

“მე არ გამიკვირდება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” შტაბს პირადად ამერიკის ელჩმა უხელმძღვანელოს, ან “ახალის” შტაბს ევროკავშირის ელჩმა, რადგან ასეთი ღია ჩარევა, ასეთი ღია მცდელობა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ამომრჩევლის განწყობაზე, არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა, დამეთანხმებით. იგივე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით – იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი შრომის შედეგად, 2017 წელს მოვიპოვეთ ეს პრივილეგია, – არც 2018-ში, არც 2020-ში არავის უხსენებია, რომ “თუ გააყალბებთ ამას ვიზამთ”. რატომ დადგა ეს საკითხი დღეს?

როდესაც ცოცხლად ტარდებოდა არჩევნების პროცესი და გვაბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას, აღმოჩნდა, რომ USAID-ის დაფინანსებულმა “სამართლიანმა არჩევნებმა” გააყალბა პარალელური დათვლა და ოპოზიციას სალაპარაკო მისცა, თითქოს რატომ არ უნდოდათ პარლამენტში შემოსვლა იმდენი თვის განმავლობაში. ახლა, როცა ამომრჩევლების 90% ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას, როცა თავად ამერიკული კომპანიაა პასუხისმგებელი ამ ტექნოლოგიების მართვაზე, საერთაშორისო აუდიტი და სრულიად გამორიცხულია, რომ ერთი ხმაც კი გაყალბდეს და ერთი ამომრჩევლის ხმაც კი არ იყოს ასახული. ახლა რატომ დგას ეს თითქოსდა არჩევნების გაყალბების საფრთხე, რას ემსახურება ეს განცხადებები?!

გასაგებია, რომ დემოკრატიაში ოპოზიციურ პარტიებს არ აუქმებენ, მაგრამ რატომ არის გერმანიაში გაუქმებული ოპოზიციური პარტიები? ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოებში? დემოკრატიაში პრეზიდენტობის კანდიდატსაც არ ესვრიან ორჯერ, დემოკრატიაში არ არის სიკვდილით დასჯა, მაგრამ ამერიკაში დღემდე არის.

ასეთი განცხადებები რომ ჩვენმა საელჩომ გაავრცელოს, ან ჩვენმა საელჩომ მოუწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ათეულობით ათასნი არიან ამერიკის ტერიტორიაზე, რომ 5 ნოემბრის მერე მოსალოდნელია დიდი მასების დაძვრა ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში და ყურადღებით იყავითო, ამას როგორ მიიღებს ან ამერიკის სახელმწიფო, ან ამერიკის მოქალაქეები?!” – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა 

ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მაუწყებლობა France Inter-თან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.

“ვფიქრობ რომ დღეს პრიორიტეტია, რომ პოლიტიკურ მოგვარებას დავუბრუნდეთ, რომ ღაზაში საბრძოლველად იარაღის მიწოდებები შევწყვიტოთ”, – განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ისრაელს არანაირ შეიარაღებას არ აწვდის.

,,ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება”- არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე

საოცარია და ძალიან გასაკვირია, როდესაც საფუძველი არაფერი არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ასეთ გზავნილს უგზავნის, რომ თავი აარიდონ 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მოსალოდნელია დემონსტრაციები, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება და ამ არეულობებისგან პრევენციას ახდენენ თავიანთი მოქალაქეების.

„სხვა უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, საზოგადოებას ნებისმიერ დროს შეუძლია არქივი ნახოს, რამდენჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული, მის კლასტერში მყოფი პარტიები არაფერს აკეთებენ არჩევნების დღისთვის, 26 ოქტომბრისთვის. ისინი ემზადებიან 26 ოქტომბრის შემდეგ, 27-დან სხვადასხვა ქმედებებისთვის და არეულობის შემოტანის მცდელობები ექნებათ ქვეყანაში. ამის ანონსი ვნახეთ და სხვა არაფერი, რაც ძალიან სამწუხაროა.

ერთი რამ დაიმახსოვროს ყველამ, რომ ქართველ ხალხთან ერთად, „ქართული ოცნება“, სამართალდამცავები და ჩვენი გმირი პოლიციელები, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი მაგრად იდგება, ერთად იდგება და არ დაუშვებენ ამ ქვეყანაში არეულობის, მცდელობის ერთ ფაქტსაც კი. ვინც არ უნდა სცადოს, რაც არ უნდა სცადოს, როგორც აქამდე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ისე ჩაუვარდებათ, როგორც 26 ოქტომბერს, ასევე, 26 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან, სიმართლე, როდესაც არის ერთი, ცხადი და ნათელი, ამ სიმართლის წინააღმდეგ რაც არ უნდა, მცდელობები განახორციელონ, არავითარი აზრი არ აქვს და ყოველთვის სიმართლე გაიმარჯვებს სიცრუეზე და ფაქტების გარეშე მსჯელობებზე“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

აშშ-ის საელჩომ იმეილით საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა: „მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ“.

ქარტიის ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის კანდიდატზე დათანხმებას არცერთი პარტია არ აპირებს, სიამოვნებით დავაკვირდები ამ „სანტა ბარბარას“-რაქვიაშვილი

დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერი არცერთი პარტია არ აპირებს მის შესრულებას, მით უმეტეს პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატზე დათანხმებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, სიამოვნებით დააკვირდება მორიგ „სანტა ბარბარას“.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, როგორც იქნა პრეზიდენტს გაახსენდა საკუთარი ქარტია და დაიწყო აქტიურობა, რაც იქ წერია რეალობას დაემსგავსოს. მე ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა პრემიერობის კანდიდატის ნაწილი, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, არცერთი პარტია, რომელმაც ქარტიას ხელი მოაწერა გულის სიღრმეში არ აპირებს ამ ქარტიის შესრულებას, მით უმეტეს პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატზე დათანხმებას. სიამოვნებით დავაკვირდები ამ მორიგ „სანტა ბარბარას“, რომელიც, სავარაუდოდ, დაიწყება, როცა პრემიერობის კანდიდატზე დაიწყებენ ვაჭრობას. დაველოდოთ, საინტერესოა, ვინ ეყოლება პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატად არჩეული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.

“მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა” უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე

“მთავარი არხი”, “ტვ-პირველი” და “ფორმულა” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიები უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

“ქართული ოცნება” აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია “ქართული ოცნების” ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს.” – წერია განცხადებაში.

არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, – ამის შესახებ ცეკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცესკო-მ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

„დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკო-მ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

ინიცირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ცესკო-ს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის „ქართული ოცნებიდან“ ინიცირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, დღესვე, სხდომაზე ცესკო-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.

„გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

“9 აპრილი გამახსენდა! კომპარტიის ცეკა და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!”-გოგა ხაინდრავა აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იქსის საკუთარი გვერდიდან აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმიანება: “”მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების ან საპროტესტო აქციების მიმართ”, – აშშ-ს საელჩო. 9 აპრილი გამახსენდა! კომპარტიის ცეკა და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!

https://x.com/KhaindravaGoga/status/1842212809175703871

26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედან არის მოსალოდნელი – დიმიტრი ხუნდაძე

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია, საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, როგორ იქცევიან თავად და როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში ყველა დაუშვებელი მეთოდით. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს, რაც არის მიზეზი გარე ძალების გააქტიურების.

„ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყველა წააგებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი. ოპოზიციას რომ ჩალის ფასი აქვს, სწორედ ამიტომ გარე ძალები უკიდურესად გააქტიურდნენ და აღარაფერს ერიდებიან. არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ. მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ყველას ერთად აკვირდება და სულ უფრო მეტს უადვილდება გადაწყვეტილების მიღება. აქამდე მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეებიც კი დღეს „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, რადგან ნებისმიერი სხვა არჩევანი სასიცოცხლოდ სახიფათო იქნება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.