Home Blog Page 50

 რაც მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი, რადგან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია-ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს რაც მეტი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება, უკეთესი იქნება.

„გახსოვთ, რა მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა გაყალბდა „პივიტი“, როცა ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა შედეგები და ა.შ. ასევე, გახსოვთ, საერთო ყალბი შეფასება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ათეულმა ე.წ. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. შელახულია ადგილობრივი დამკვირვებლების იმიჯი ძალიან სერიოზულად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალში მოვიწვიეთ ეუთო-ოდირის მისია, ეს მისია ჩამოვა საქართველოში, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე სხვა საერთაშორისო მისიის ჩამოსვლა. ჩვენი პოლიტიკა არის ღია ამასთან დაკავშირებით, რაც მეტი, მით უკეთესი, აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო დამკვირვებლებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ბორჯომში, ტყის ხანძრის ქრობაში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე, ტყის მასივში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

განცხადებას აბაშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მინდა, საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მადლობა მინდა, გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო, ვყოფილიყავი  მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება – ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს, უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს“, – ნათქვამია აბაშიძის განცხადებაში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=910962620850811&set=a.347193417227737&type=3&ref=embed_post

რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი  სამეცნიერო -კვლევითი  საგრანტო კონკურსი  გამოაცხადა

რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი  სამეცნიერო -კვლევითი  საგრანტო კონკურსი  გამოაცხადა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო -კვლევით  საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას.

კონკურსის პირობების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/ZcflS

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყველა პრობლემა რომ დაძლიოთ და სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამ დღეს თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები უნდა გამოავლინოთ. ეცადეთ, ცოტა მეტი იაქტიუროთ, რათა საჭირო ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. საკუთარ ინტუიციას მეტი უნდა უსმინოთ, ვიდრე გარშემო მყოფებს. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

კურო

რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით, აზრებს გაცვლით და აქტუალურ პრობლემებს განიხილავთ, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. თუ რაღაც არ გამოდის, შეისვენეთ და სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედეთ. თქვენი პრინციპულობა დღეს სარგებელს არ მოგიტანთ, ვითარება მალე შეიცვლება. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.

ტყუპები

კოლეგებთან ან საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა საშუალებას მოგცემთ, რომ საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. კარგი დღეა ძველი პროექტების დასასრულებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველა სიტყვა და ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ გუნდური მუშაობით შეძლებთ. იმისათვის, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ, სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს. გირჩევთ ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ.

ლომი

გირჩევთ ნებისმიერი მოწვევა მიიღოთ და რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი გაიცნოთ. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება თავისი საქციელით გაგაკვირვოთ ან გაგაბრაზოთ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, სანამ სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გექნებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ ამ დღეს, მუშაობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოგიწევთ.

ქალწული

თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი დაამტკიცოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, კარიერული წინსვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგათ. საღამოს სასურველია, მასაჟზე ან აუზზე წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურების წყალობით ენერგიის აღდგენას და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას შეძლებთ.

სასწორი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ, მაგრამ უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილით იწვით.

მორიელი

შეწყვიტეთ ქარაგმებით ლაპარაკი და ხალხით მანიპულირება. თუ რამე გინდათ, ამაზე ღიად და გულწრფელად უნდა ისაუბროთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ – საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. გსურთ თუ არა, ბევრი უსიამოვნო საკითხის მოგვარება და რთული დავალების შესრულება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები დაიცვათ.

მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, სიტყვები აკონტროლოთ, რათა ვიღაცას დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. ყურადღებით უსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს – ამ დღეს მიღებული ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, მით უმეტეს, თუ მათ გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შინაგანი რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ. ეცადეთ, სამსახურში არ გადაიღალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. თქვენი ინიციატივები ჯერჯერობით არავის მოსწონს, ამიტომ გირჩევთ სამომავლოდ შეინახოთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რომ შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ.

მერწყული

თქვენი ხანგრძლივი და დაძაბული შრომა ამ დღეს სათანადოდ დაფასდება. შეიძლება ფინანსური ბონუსი ან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. მუშაობაში შემოქმედებითი უნარები და მდიდარი ფანტაზია დაგეხმარებათ. რთულ სიტუაციებში უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. დროა, დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნოთ.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ საქმეს, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ. ენერგიით სავსე ხართ და ურთულესი საკითხების გადაჭრა შეგიძლიათ. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

ბორჯომის ტყეში ხანძარია

ბორჯომის ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ადგილზე ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც მიემართებიან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა ინწრას ხეობაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტურისტის ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მონღოლეთის მთავრობა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დააკავეს

ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დავაკავეთ. ამის შესახებ მონღოლეთის მთავრობის სპიკერი გამოცემა Politico-სთვის მიცემულ განცხადებაში საუბრობს.

მონღოლეთის მთავრობის სპიკერის თქმით, ქვეყანა ენერგეტიკული დამოკიდებულების ვითარებაში აღმოჩნდა, და ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერით პუტინის დაკავებას ართულებს.

“მონღოლეთი თავისი ნავთობპროდუქტების 95%-ისა და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტის იმპორტირებას ჩვენი უშუალო მეზობლებისგან [რუსეთი და ჩინეთი] ახდენს, აქამდე ის ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული შეფერხებების განიცდიდა. ამ მიწოდებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი ერის არსებობისთვის”, – განაცხადა მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მონღოლეთი “ყოველთვის ემხრობოდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას თავის ყველა დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაც ჩვენი ოფიციალური განცხადებებით დასტურდება”.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 3 სექტემბრის მონღოლეთში ვიზიტი მისი პირველი ვიზიტი გახდა რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ჰააგის სასამართლო) მისი დაკავების ორდერი გასცა.

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა.

გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. მან აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 27 პოლიტიკური პარტია და შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარმოდგენაა, რომლის ბოლო ვადაც 26 სექტემბერია. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები, შესაძლებლობის ფარგლებში, უადრეს ვადებში განსაზღვრა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცესკოს ინიციატივა პარტიებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავების შესახებ, რომელზე ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ეთიკის კოდექსის გაფორმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრატორების ეთიკის სტანდარტების ამაღლების მიზნით, ცესკომ შესაბამისი ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კომისიების წევრთა ეთიკის კოდექსშიც.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას. რაც შეეხება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, მისი თქმით ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და არსებული გამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო, კაპრალი ზურაბ ფისენკო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

„უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კობა კობალაძემ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთანგამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და
კოორდინაციის სააგენტოს _ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს,
თუბა ოზუთოკს უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და უწყების
ხელმძღვანელთან გამომშვიდობება იყო, რადგან თუბა ოზუთოკმა, TIKA-ს თბილისის
საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა დაასრულა. სტუმარმა კობა
კობალაძეს განუცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და გამორჩეული პასუხისმგებლობა
იყო TIKA-ს მიერ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად
განხორციელებული პროექტები, რადგან ისინი, იმ დამსახურებული და ქვეყნის
ერთგული ადამიანების თანადგომისთვის ხორციელდებოდა, რომლებიც სამშობლოს
ერთგულად ემსახურნენ და დღესაც მზად არიან ამისთვის.

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ვეტერანების
მხარდაჭერისთვის და იმ წარმატებული პროექტებისთვის, რაც თურქეთის
თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურთან თანამშრომლობის დაწყების დღიდან განახორციელა სამსახურის
ბენეფიციართა თანადგომისთვის და მომავალში ურთიერთობის გაღრმავების სურვილი
გამოთქვა.

თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს განუცხადა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურთან TIKA-ს, წლების განმავლობაში, სამაგალითო და ნაყოფიერი
თანამშრომლობა აკავშირებს რაც, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და არა ერთი,
ერთობლივი პროექტი განხორციელდება საქართველოს ვეტერანთა მხარდასაჭერად.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის
სააგენტოს _TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე,
მუჰამედ ემრე ეზბერი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ფაჩულია.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის
თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს შორის ურთიერთობას 2017
წელს ჩაეყარა საფუძველი. TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი
ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა
რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის,
ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

“პოკროვსკის უკანასკნელი დღეები – ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან”-The Wall Street Journal

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “პოკროვსკის უკანასკნელი დღეები: ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან, მოსახლეობა მშობლიურ ქალაქს ემშვიდობება, ბევრი კი ტრანშეებს თხრის თავდასაცავად“ (ავტორი – მეთიუ ლაქსმორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოკროვსკი – უკრაინის ფრონტისპირა ქალაქი. ადგილობრივი ხაბაზი პურს მხოლოდ ღამ-ღამობით აცხობს, რომ ქალაქიდან წამსვლელებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საგზაოდ ლუკმა-პური წაიღონ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს – დანაყრების საშუალება. ქალაქში მხოლოდ ერთი სუპერმარკეტი მუშაობს, მისი ვიტრინები შეფიცრულია, თაროები კი ნახევრად ცარიელი, სურსათი თითქმის არ არის. ქალაქის მისადგომებთან მეშახტეები ტრანშეებს თხრიან, რათა რუსების ჯარების წინსვლა როგორმე შეანელონ. პოკროვსკის ეკლესიის წინამძღვარი, მეუფე ვადიმი მოსახლეობას, სანამ ისინი დასავლეთისაკენ შორეულ გზას გაუყვებიან, აღსარებაზე იწვევს და შემდეგ ამ სიტყვებით ლოცავს – „უფალს ებარებოდეთ!“.

ორ წელიწადნახევრიანი ომის განმავლობაში რუსეთი ათობით უკრაინულ ქალაქს საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებით ანგრევდა, შემდეგ კი რუსული არმია მიწასთან გასწორებულ, ფანტასტიკურ მოჩვენებად ქცეულ ქალაქებში შედიოდა და იკავებდა. შემდეგი ასეთი ქალაქი პოკროვსკი იქნება.

უკრაინა აგვისტოს დასაწყისში კურსკის ოლქში შეიჭრა, რომ დონბასში შექმნილი მძიმე სიტუაცია როგორმე შეემსუბუქებინა და პოკროვსკიდან მოსკოვის ძალები კურსკის ფრონტზე მიეზიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოტყუვდა: კრემლმა მხოლოდ გააორმაგა შეტევების ძალა პოკროვსკზე და ახლა რუსეთის ჯარების მოწინავე ქვედანაყოფები ქალაქიდან 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. იმიტომ, რომ პოკროვსკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია – მსხვილი სატრანსპორტო, სამრეწველო და ლოჯისტიკური კვანძი. მართალია, რუსეთი ამ ქალაქს ისე არ ბომბავს, როგორც ბახმუტს ან ავდეევკას ბომბავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოკროვსკიც მათ ბედს გაიზიარებს – უკრაინის არმიის სარდლობას ქალაქის შენარჩუნება სურს, რუსეთის არმიას კი მისი დაუფლება.

თუ კრემლის არმია ქალაქს აიღებს, ამით ვლადიმერ პუტინის ოცნება შესრულდება – რუსეთი მთელ დონეცკის ოლქს დაიპყრობს. „ვინ შეაჩერებს რუსებს?“, – ეს კითხვა ბევრ ადგილობრივ მოსახლეს უჩნდება, რომლებიც გამალებით მუშაობენ და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ ქალაქის მისადგომებთან. უკრაინის არმია თავდაცვისათვის ემზადება, მაგრამ… ძალები უთანასწოროა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში პოკროვსკში სიცოცხლე ჩქეფდა, რადგან საომარი მოქმედებები ქალაქიდან შორს მიმდინარეობდა. გაიხსნა ახალი სუპერთანამედროვე სავაჭრო ცენტრი… დასასვენებელი პარკები ბავშვებით იყო სავსე. ახლა კი საბავშვო ბაღები, სკოლები და პარკები ცარიელია. სუპერმარკეტი დაკეტილია, რადგან რუსეთის არტილერიის პოტენციური სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო. ამჟამად პოკროვსკისაკენ ძირითადად სამხედრო ამუნიციით და იარაღით დატვირთული ტექნიკა მიდის, იქიდან კი მშვიდობიანი მოსახლეობა, ევაკუირებულები დასავლეთისაკენ მიდიან. ქალაქში ჯერ კიდევ დარჩენილი პენსიონერები გრძელ რიგებს იკავებენ დახმარების მისაღებად. როგორც ამბობენ, ოდესღაც 80-ათასიან ქალაქში ჯერ კიდევ რჩება 30 ათასამდე მცხოვრები – მიუხედავად იმისა, უკვე ასობით მოქალაქე მიემგზავრება ყოველდღიურად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში – მატარებლებით, ავტობუსებით, პირადი ტრანსპორტით…

ქალაქის ხელისუფლებას მიაქვს სხვადასხვა ქონება და მოწყობილობები ქარხნებიდან, საავადმყოფოებიდან და დაწესებულებებიდან. იხურება ის სკოლები და კულტურული ცენტრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და მოდერნიზებული იქნა. ყველაფერი მიაქვთ – სასკოლო მერხები, დაფები და თეატრალური კოსტიუმებიც კი, რომ რუსებს არაფერი ხელში არ ჩაუვარდეთ.

სამოქალაქო პაციენტებიც გაჰყავთ ჰოსპიტლებიდან და საავადმყოფოებიდან, მათ შორის სამშობიაროებიდანაც – ფეხმძიმეები და ახლად დაბადებულები. ამჟამად ჯანდაცვის ყველა დაწესებულება მხოლოდ ფრონტიდან დაჭრილი სამხედროების მკურნალობაზე არიან გადასულები.

„ადრე ჩვენ ვიღებდით ლტოლვილებს, ახლა კი ლტოლვილებად ჩვენი მცხოვრებლები გადაიქცნენ“, – ამბობს პოკროვსკის მერის მოადგილე მარგარიტა იდრისოვა, – არ ვაპირებდით ევაკუაციას, გვჯეროდა, რომ ჩვენი არმია დაგვიცავდა… სამწუხაროდ, ახლა იძულებული ვარ მოსახლეობა დავარწმუნო, რომ სანამ არ დაგვიანდება, ქალაქიდან წასვლა მოასწრონ. რა თქმა უნდა, ისევ გვაქვს ჩვენი არმიის იმედი, მაგრამ საარტილერიო დაბომბვის დროს გადარჩენა ძნელია“.
პოკროვსკში უკრაინაში ყველაზე დიდი კოქსური ქვანახშირის საბადოა – აქაური „შავი ოქრო“ ძირითადად სამხედრო მრეწველობას ხმარდება. ბოლო დღეებში მეშახტეები თავიანთი ტექნიკით ქალაქის აღმოსავლეთით მუშაობენ და ღრმა ტრანშეებს თხრიან, რუსულმა ტანკებმა რომ ვერ გაიარონ.

პოკროვსკს რუსები უახლოვდებიან. ქალაქი, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ მეტ-ნაკლებად მშვიდობიან დღეებს ითვლის. მატარებლები დასავლეთისაკენ მიემართებიან. მეშახტე დიჩკო ოჯახს აცილებს. იგი, რკინიგზის სადგურის ბაქანზე მდგომი, ვაგონის სარკმელში შვილს – 8 წლის მტირალ ილიას უყურებს და იღიმება. „ნუ ტირი, ჩემო ბიჭო, მამას ძალიან უყვარხარ, ჩემი ღიმილი მთელ გზაზე გაგყვება“.

მოამზადა სიმონ კილაძე

წყარო: