Home Blog Page 5

ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია-სალომე ზურაბიშვილი

ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი ირაკლი კობახიძის გაგზავნილ ღია წერილში ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება ჩანს.

„მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო, რადგან აქ დაცული არ არის არცერთი, არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი არ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა, არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლებისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ წრეში ძალიან დიდი ნერვიულობაა და ეს წერილი ამისი გამომჟღავნებაა. ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, თუმცა ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხარო არის. სამწუხარო იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც 30 წელზე მეტია, ამერიკა ყველა კუთხით და ფორმით ეხმარება.

ამერიკა, რომელმაც ჩვენ პრაქტიკულად ჯარი მოგვცა, ყოველ შემთხვევაში, მოამზადა, რომ ჰქონოდა დღევანდელი თანამედროვე სტანდარტები; ამერიკა, რომელიც მოგვეხმარა, რათა ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილას. 30 წელი ჩვენ ვიყავით ამერიკული დახმარების ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი მსოფლიოში მოქალაქის მიხედვით. ეს არის ჩვენი პასუხი, ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს არის მაჩვენებელი ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.

აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა – ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი – ვახტანგ ცინცაძე

აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე რეკორდულია როგორც ექსპორტის, ისე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები იანვარი – აპრილის პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ბიზნეს სექტორის მაღალ აქტივობაზე, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში აისახება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასევე მზარდია როგორც ტურიზმიდან, ისე სხვა სერვისებიდან მიღებული შემოსავლები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელი იქნება პოზიტიური. საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კერძო სექტორის აქტივობას იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, ვინარჩუნებთ მაღალ კაპიტალურ ხარჯებს მშპ-სთან მიმართებით. აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შექმნას და ინვესტიციების სტიმულირების ეფექტი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ 2025 წელი იქნება იმაზე მეტად პოზიტიური, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იმედია, საქართველო გახდება სწორედ იმ ევროპის ნაწილი, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება და, რომლისთვისაც გამოსავალი იქნება დიალოგი და არა კარის მიჯახუნება -ლევან მახაშვილი

იმედია, საბოლოო ჯამში, ევროპა კრიზისიდან გამარჯვებული, უფრო ძლიერი გამოვა და საქართველო გახდება ნაწილი სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება, პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და არ გაიბუტება პატარა ბავშვივით, იმ ევროპის, რომლისთვისაც რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს დიალოგი და არა კარის მიჯახუნება, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ბუდაპეშტში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში ჩანს კონტურები, რომ დამოკიდებულება შეიცვლება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

მახაშვილის განცხადებით, დღეს ევროპის მთავარი გამოწვევაა, რომ ეკონომიკურად, სამხედრო და პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

„ჩვენ გასული ორი დღის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში. მთავარი თემა საუბრების იყო ევროპის მომავალი. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი დაკვირვებები აღნიშნული კონფერენციიდან. დღეს ევროპის მთავარი გამოწვევა არის, რომ ის ეკონომიკურად, სამხედრო და პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მსოფლიოს სხვა ძალებთან შედარებით. მსოფლიოში ყველაზე დიდი ომი სწორედ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და გამოსავალიც ჯერჯერობით არ ჩანს. მთავარი ღირებულებითი კავშირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების აშკარად დასუსტებულია, რაც მას კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს და ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ, მათ შორის ამ კონფერენციის მიმდინარეობისას. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ცვლილებებს ევროკავშირი ან თავად მართავდა, ან შორიდან ადევნებდა თვალს. ახლა კი თავად ევროკავშირი მოიცვა ცვლილებებმა. კერძოდ, წევრ  ქვეყნებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ძალები, რომლებიც ანგრევენ ათწლეულების განმავლობაში მოქმედ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. აქამდე კონსერვატიულ იდეოლოგიას უარყოფდნენ და პოლიტიკური სცენიდან რიყავდნენ. ახლა კი ამ ადამიანების რაოდენობამ და გავლენამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ევროპაში ახლადაღორძინებული კონსერვატიზმის იგნორირება და კრიტიკის მიუღებლობა აღარ იძლევა შედეგებს. როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიისთვის ბრძოლის სახელით მათი ხმების ჩახშობის მცდელობა გადაიზარდა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დაზიანებაში“, – განაცხადა მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში, დიდი ხანია, რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები ცდილობენ, უგულებელყონ, ჩაახშონ და შეურაცხყოფა მიაყენონ ეროვნულ, ხალხის ხმას.

„მათ ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. დღეს რომ ამ დარბაზის ნაწილი ცარიელია, ამის ძალიან კარგი დამადასტურებელი ფაქტია. საქართველოში მათ წააგეს ეს ბრძოლა საკუთარ ხალხთან და საკუთარ ქვეყანასთან. იმედია, საბოლოო ჯამში, ევროპა ამ კრიზისიდან უფრო გამარჯვებული, ძლიერი გამოვა და საქართველო გახდება ნაწილი სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება, იმ ევროპის, რომელიც  პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და არ გაიბუტება პატარა ბავშვივით, იმ ევროპის, რომლისთვისაც რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს დიალოგი და არა კარის მიჯახუნება. ჩვენი ორმხრივი შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირში ნელ-ნელა ამის კონტურები იკვეთება. დარწმუნებულები ვართ, რომ საღი აზრი აქაც გაიმარჯვებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნა მახაშვილმა.

პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება -მამუკა ხაზარაძე

ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს მას მერე, რაც ორბანმა არ გაუმართლა და ე.წ ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისასდმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხმაურება. 

„დიფ სთეითი“ თუ სადმეა, ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამერიკის „დიფ სთეითს“ ებრძვის თურმე ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს. მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გაიზრდება ინფლაცია?

წლიური ინფლაცია, ზედიზედ მეორე თვეა, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში 3.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს მიზნობრივზე მცირედით მაღალი ინფლაცია ჯერ კიდევ შარშან ჩვენს საბაზო სცენარს წარმოადგენდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციური წნეხი შედარებით გაზრდილია. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია ბოლო 6 თვეში, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ნაწილობრივ ამოწურვის მიუხედავად, წლიური ინფლაციის მაჩვენებლებზე ჯერ კიდევ შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების ერთჯერადი ცვლილების ეფექტები რიგ პროდუქტებზე. ჩვენი მოლოდინით, ინფლაცია წლის განმავლობაში მცირედით კვლავ გაიზრდება და დეკემბრისთვის, დაახლოებით, 4%-ს მიაღწევს.

2025 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო ინფლაციამ 2.8% შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1% იყო. რასაკვირველია, ინფლაციის აჩქარება, გარკვეულწილად, შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის განპირობებული. 2024 წლის საშუალოსთან შედარებით, ინფლაცია ყველაზე მეტად შერეულ პროდუქტებზეა გაზრდილი, ხოლო იმპორტულ პროდუქციაზე ინფლაცია, პირიქით, შემცირებულია. პარალელურად, ადგილობრივ პროდუქტებზე ფასების ზრდა, უკვე სამი თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელს აჭარბებს. აღნიშნულში საკუთარი წვლილი მარტსა და აპრილში პურის გაძვირებამაც შეიტანა, თუმცა ადგილობრივი ინფლაცია ამ ეფექტის გარეშეც მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. ფასების დინამიკა ადგილობრივ პროდუქციაზე საყურადღებო ინდიკატორია, რადგან იგი შედარებით ხისტია და უკეთ ასახავს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.

ამავდროულად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შუალედური მოხმარებისთვის იმპორტის საკმაოდ მაღალ კომპონენტსაც მოიცავს. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისი მომსახურების ინფლაციაა, რადგან იგი ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება. ინფლაციის ამ კუთხით ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელს ჯამური ინფლაციის აჩქარება მთლიანად საქონლის ინფლაციის ზრდით იყო განპირობებული, მაშინ როდესაც მომსახურების ინფლაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ინტერნეტის გადასახდელის შემცირების ერთჯერადი ეფექტი, რომლის გარეშეც მომსახურების ინფლაცია აპრილში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მცირედით მაღალი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ მომსახურების ინფლაციაში აჩქარება შეინიშნება სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში, რაც, თუ ეკონომიკური ზრდის მიმდინარე შეფასებას გავითვალისწინებთ, ამ არხიდან ფასებზე გადაცემის მექანიზმთან თანხვედრაშია. რაც შეეხება საქონლის ინფლაციას, ზრდაში ერთ-ერთი მსხვილი წვლილი საკვებზე ფასების მატებამ შეიტანა.

თავის მხრივ, საკვებზე ფასების ზრდა განპირობებულია როგორც ადგილობრივი, მათ შორის ზემოაღნიშნული პურის ფასების, ასევე გლობალური ფაქტორებით. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო კალათაში საკვები პროდუქციის უმრავლესობა ადგილობრივად წარმოებულად არის კლასიფიცირებული, როგორც ზემოთ ითქვა, მრავალი პროდუქტი იმპორტულ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივი შეფასებით, ვლინდება მჭიდრო კავშირი სურსათზე გლობალურ ფასებს, ლარის გაცვლით კურსსა და ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ფასებს შორის. თავისთავად, ცალკეული საკვები პროდუქტის შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერია. რასაკვირველია, გლობალური ფასებისა და გაცვლითი კურსის გადაცემის მექანიზმი ძალზე გამოკვეთილია სრულად იმპორტული პროდუქტების მაგალითზე, როგორიცაა საწვავი. აპრილში ბენზინის ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს ან მცირედით მეტსაც კი მიაღწევს.

რაც შეეხება ინფლაციის  უფრო ანალიტიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია, ბოლო 6 თვის განმავლობაში აჩქარება ამ კუთხითაც შეინიშნება, თუმცა აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციური ზეწოლა ნაკლებად გამოკვეთილი იყო. გარდა ამისა, გამოვყოფთ მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკას, რომელიც ხშირად სამომხმარებლო ფასების წინმსწრები მაჩვენებელია და, მარტის მდგომარეობით, შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

საერთაშორისო ფასების კუთხით, აღსანიშნავია, რომ, მარტის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ფასების ინდექსები. ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში ფართო მოხმარების საქონელი კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. რაც შეეხება ლარს, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. გრძელვადიან ტრენდზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს.

დასასრულს, გამოვყოფთ ორ შედარებით უფრო სტრუქტურულ საკითხს. პირველი; მიმდინარე მდგომარეობით, შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე ზეწოლა არ იკვეთება. მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ კუთხით ინფლაციური ზეწოლის წარმოქმნის წინაპირობა რეალური ხელფასების მხოლოდ დამატებით გამოკვეთილი ზრდა შეიძლება გახდეს. მეორე; ფართო რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მონაცემთა რაოდენობრივი ანალიზით ვლინდება, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციის დინამიკას ძირითადად საერთო რეგიონული ფაქტორები განსაზღვრავდა, ხოლო ადგილობრივ ფაქტორებზე შედარებით მცირე წვლილი მოდიოდა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის, დაახლოებით, 75% სწორედ ამ საერთო ფაქტორებით აიხსნება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006832-macro-update-georgia

R

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად მის სამგზავრო ჩანთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს.

განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატორია პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის “ქართული ოცნებისა“ და ასევე, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები.

განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ხვალ შედგება.

პარლამენტის განცხადებაზე მომხსენებელი შალვა პაპუაშვილი იქნება, რომლის თქმით, საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტზე“ საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.

„დღეს საზოგადოებამ აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ პრემიერ-მინისტრის წერილი ნახა, რომელიც მათ შორის „MEGOBARI აქტს“ ეხება. ამავე დროს პარლამენტში ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით პარლამენტის განცხადება მომზადდა, რომელიც ამ ე,წ. მეგობარ აქტს ეხება. განცხადებაში მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.

ე.წ. მეგობარ აქტს სახელი თავადაც შეუცვალეს. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა. ის დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც საქართველოში არის.

ჩვენი მიზანია არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით ყველას ვაჩვენოთ თუ რა არის რეალობა და ჩვენი შეფასება გავაკეთოთ. რაც ჩვენ აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში მიღებული “მეგობარი აქტის“ სახით ვნახეთ, ეს მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“პრომო ჰაუსი” –  სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს  პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს. შექმნის იდეა ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი –  საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა.

დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცა — შექმნილიყო ადგილი, სადაც რეკლამა არა მხოლოდ სარეკლამო პროდუქტი იქნებოდა, არამედ ადამიანებთან კავშირის საშუალება. ასე დაიწყო „პრომო ჰაუსის“ გზა. ადამიანებზე ორიენტირებული და ღირებულებებზე დაფუძნებული იდეებით.

„პრომო ჰაუსის კონცეფცია ადამიანებზეა დამყარებული – მათზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და ვისთვისაც ვქმნით. ჩვენს საქმეში მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, და ეს სიყვარული გუნდის თითოეულ წევრზე გადადის.  სწორედ ამ ერთგულებაში, ენერგიასა და ურთიერთპატივისცემაში იბადება ის უპირატესობა, რაც პრომო ჰაუსს გამოარჩევს. ჩვენთვის რეკლამა არა უბრალოდ პროდუქტია, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაა”, — აღნიშნავს ნატუკა ფოფხაძე, „პრომო ჰაუსის“ თანადამფუძნებელი.

წარმატების გზაზე არაერთ გამოწვევასაც წააწყდნენ. რესურსების დეფიციტი, გუნდის სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარების გზაზე წარმოშობილი დაბრკოლებები — ეს მხოლოდ იმ გამოცდილებების ნაწილია, რომელსაც „პრომო ჰაუსმა“ წინ გადადგმული ნაბიჯებით უპასუხა. მათი ფილოსოფია ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდება — პრობლემაში შესაძლებლობის დანახვა და გუნდური ძალით გამოწვევის გადაჭრა.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამაც. პარტნიორობა ბანკთან კომპანიამ განვითარების რამდენიმე კრიტიკულ ეტაპზე გადამწყვეტად შეაფასა — ფინანსური სტაბილურობა, მოტივაცია და მზარდი ნდობა ერთობლივად დაეხმარა „პრომო ჰაუსს“, რომ საკუთარი მისია კიდევ უფრო თავდაჯერებულად გაეგრძელებინა.

„თიბისის მხარდაჭერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათთან პარტნიორობა მეტ სტაბილურობას და მოტივაციას გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვითარებისთვის მყარად მდგომი პარტნიორი გჭირდება“. — ამბობს ნატუკა ფოფხაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.

®

ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს -პეტრე ცისკარიშვილი

საქართველოს მომავალი არის პროდასავლური, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.

ცისკარიშვილის განცხადებით, ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები კონგრესში ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ სხვა ინსტიტუციებში, რადგან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში ხალხმა იცოდეს, რომ რუსულ-ქოცური საქართველოს გარდა პროდასავლური, ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს და საქართველოს მომავალი სინამდვილეში არის პროდასავლური, პროგრესული, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და აქვე მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, მისი შვილი ნიკუშა ჩვენთან ერთად იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი იყო ცხრა წლის განმავლობაში მთავარი პროდასავლელი, პროამერიკელი ლიდერი რეგიონში და ის, რომ მეოთხე წელია, იზოლაციაშია და საკანში ჰყავს გამოკეტილი ამ რეჟიმს, ამას ხედავს ყველა, რადგან სწორედ იმიტომ ისჯება ის, რომ ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთზე, არ თამაშობდა რამდენიმე ფრონტზე, როგორც ამას თავიდან ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობდა, რომლებმაც ბოლოს ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს თავისი პრორუსული, პროირანული დამოკიდებულება. წინა წლებში გვახსოვს, რომ ისინი ცდილობდნენ რამდენიმე ვექტორზე ერთდროულად ემუშავათ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებული და ჩვენმა მეგობრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმთან, პუტინთან, თუ სხვა მათ მეგობრებთან და აქტორებთან უწევთ ურთიერთობა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ში „ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციაში, პარტიის ლიდერებთან ერთად, ნიკოლოზ სააკაშვილიც იმყოფება.

ბუნებრივია, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არ ხდება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული – დავით მათიკაშვილი

ბუნებრივია, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული – დიპლომატიური ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება, თუკი ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლის ადრესატიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან.

მისი თქმით, ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატებისგან პარტნიორული ურთიერთობის ჭრილში რეალურ ნაბიჯებს მოელის. მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს ნაბიჯები აგვიანებს და სწორედ ეს იწვევს კითხვის ნიშნებს.

„ბუნებრივია, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებული იყო ის რესურსები, რაც ცხადია, არ ესადაგება არანაირ პარტნიორულ ურთიერთობას და დღეს, ამ ყველაფრის წიაღში, შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა იღებს რაღაც დოკუმენტს, რომელსაც სრულიად ცინიკურად არქმევს „MEGOBARI აქტს”. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ [დოკუმენტში] საქართველოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მტრული შინაარსი წერია. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ეს აქტი სრულიად დაცლილია რეალური ფაქტებისგან. იქ არსებული თითქოსდა, ხაზგასმით და აპელირებადი გარემოებები ელემენტარულად არის არასწორი და ტყუილი. ამ ყველაფრის ჭრილში, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა, ცხადია, მოელის შეერთებული შტატებისგან, მისი ახალი ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციას და მკაფიო ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით. იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში, უზარმაზარი კონტრიბუცია შეიტანა შეერთებული შტატების და ნატოს ეგიდით წარმოებულ საომარ მისიებში. ქართველმა სამხედროებმა თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს ამ მისიებს და ჩვენი ქვეყანა, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო სამხედროების რაოდენობის კუთხით. ცხადია, ჩვენ ამ პარტნიორული ურთიერთობის ჭრილში მოველით რეალურ ნაბიჯებს შეერთებული შტატებიდან და ეს ნაბიჯები რომ აგვიანებს, ცხადია, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს იწვევს. წერილი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ბუნებრივია, დიპლომატიური ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება, თუკი ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო -გიორგი ხოჭავა

აშშ-ის ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალაშია გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ“.

„კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა“, –  აღნიშნულია ღია წერილში.

დემოკრატის აღქმის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა

საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული.

რაც შეეხება საკუთრივ დემოკრატიის აღქმის ინდექსს, ევროპაში ნორვეგია, დანია და შვედეთი ლიდერობს, ხოლო ყველა ცუდი შეფასება ევროპის მასშტაბით უკრაინას, საფრანგეთს და სერბეთს აქვს. დემოკრატიის აღქმის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10-ზე მეტ სახელმწიფოს: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს და ა.შ.
საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულშიც მოხვდა, სადაც დემოკრატიას საზოგადოების მხრიდან ყველაზე მაღალი მნიშვნელობა ენიჭება.

საგარეო შემოტევების საფრთხის აღქმით საქართველო მსოფლიო სამეულშია და უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამასთან საქართველოს საზოგადოება ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად გამოხატავს მზაობას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უცხოური ძალების შემოტევებისგან.
დემოკრატიის აღქმის ინდექსი დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევაა მსოფლიოში, იგი ეფუძნება 100-ი ქვეყნის 111 ათას რესპონდენტზე მეტი შემფასებლის გამოკითხვას.