Home Blog Page 5

წარმოგიდგენთ ოქმებს, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარი თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ხელმოწერებით, ასევე ტყუილია, თითქოს მერია ხალხს სამი თვით ქირის გადახდას სთავაზობს -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არც მუნიციპალიტეტის და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები დეზინფორმაციის საშუალებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ვიდეომიმართვა იქიდან გამომდინარე, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობიდან გამოყავთ ადამიანები, რომლებიც შეჭრილები არიან აღნიშნულ შენობაში. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ცრუ კამპანია, ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერიაა დამნაშავე იმაში, რაც ხდება. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას. ამის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ მედიაში და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია – „ნახეთ, კალაძე, მერია როგორ ყრის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართებიდან““, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ სამი დათანხმდა, მათგან ორი ქირით დაკმაყოფილდა, ერთს უარი ეთქვა, საკუთრებაში დაფიქსირებული უძრავი ქონების გამო. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს.

„რა შეუძლია მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში და რას სთავაზობს მოსახლეობას მერია – პირველ რიგში, ესაა ქირით უზრუნველყოფა, რასაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს, დედაქალაქში რეგისტრირებულ ყველა პირს სთავაზობდა სამგორის გამგეობა. იყო უარი ამასთან დაკავშირებით. მათ, ასევე, შეხვდნენ თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გვაქვს ოქმები ამ ადამიანების ხელმოწერებით, სადაც უარს აცხადებენ ქირით გასვლაზე. თბილისში რეგისტრირებული იყო ცხრა ოჯახი, მხოლოდ სამმა ოჯახმა გამოთქვა თანხმობა, სამგორის გამგეობისგან მიეღოთ შეთავაზება ქირით უზრუნველყოფაზე. სამი ოჯახიდან ორი დათანხმდა და ერთზე ვერ მოხდება ქირით უზრუნველყოფა, რადგან მას უფიქსირდება გარკვეული ქონება. შესაბამისად, ორის გაყვანის უზრუნველყოფას მოახდენს მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, მათ არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაცია, შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია ყოველგვარ ბერკეტს, ჩაერთოს მათი პრობლემის მოგვარებაში. წარმოგიდგენთ ოქმებს, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარი, მათივე ხელმოწერებით. ასევე, სრულიად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, თითქოს მერია სთავაზობს ხალხს სამი თვით ქირის გადახდას. არ მინდოდა, ამ დეტალებში შევსულიყავი, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხალხი მოატყუოს. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი. მათგან 58 მოქალაქეს გააჩნია დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან, დანაჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ უსახლკაროს სტატუსის მოპოვების შემდეგ, ყველა მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანი ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელს.

„შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნციპალიტეტს გააჩნია უსახლკაროთა პროგრამა, ყველა, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 2021 წელს საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დავპირდი, რომ არცერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ადამიანი არ დარჩებოდა ბინით უზრუნველყოფის გარეშე. 400-მდე ასეთი ოჯახი იყო და შემოდგომისთვის ყველა იქნება დაკმაყოფილებული. რაც შეეხება უსახლკაროს სტატუსის მიღებას, ამას აქვს თავისი წესები და რა თქმა უნდა, მოქალაქე, რომელიც აკეთებს განაცხადს, უნდა აკმაყოფილებდეს იმ ყველა წესს, რაც კანონითაა გაწერილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მედიის მთავარი გმირი გახდა მოქალაქე, რომელიც სინამდვილეში ფლობს მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, ხუთ ავტომობილსა და სკუტერს -კახა კალაძე

წარმოუდგენელია, რომ რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო სახლის აშენების მიზნით, – განაცხადა დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას, სადაც ის თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში გამოსახლების საკითხს შეეხო და კიდევ ერთხელ განმარტა დეტალები.

„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ვნახოთ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ოპომედიის მტკიცებით, დღევანდელი გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, სადაც მაგალითად ფიქსირდება დევნილის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიიღო საცხოვრებელი ფართი და ის გაყიდა.

ასევე, დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაურში. მის სახელზე რეგისტრირებულია, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ავტომობილი და 1 სკუტერი. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში. აი, ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, მედიის წარმომადგენლებს და ამტკიცებდა, რომ თბილისის მერიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია. ცხადია, თბილისის მერია ამ ადამიანს ვერაფერს შესთავაზებდა, რადგან მას სახლიც აქვს, საკარმიდამო მიწებიც, ავტომანქანებიც და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა წარსულში უკვე ამხილა სახელმწიფო მიწებზე მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ.

„გახსოვთ ალბათ, რა აგრესიული კამპანია მიდიოდა, როდესაც თბილისის მერიამ გაამკაცრა ზომები მიტაცებულ მიწებზე უკანონო მშენებლობებთან მიმართებით. უზარმაზარი ძალა უპირისპირდებოდა კანონს და სახელმწიფო ქონების დაცვას. ისიც გახსოვთ, როგორ ვამხილეთ ამ მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ და ძალადობრივი გზით ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების ხელში ჩაგდებას. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება, მაგალითად, მე რომ რეგიონში ვფლობდე საცხოვრებელ სახლს, ნაკვეთს და გადავწყვიტო ჩამოვიდე დედაქალაქში და მუნიციპალიტეტის მიწა მივიტაცო და იქ რაღაც ავაშენო, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არასწორია. მე არავის ვუპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას, ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს -მიხეილ სააკაშვილი

მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილებით შეუძლია ქვეყნის დახმარება.

„ბათუმში, ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც რამდენიმე დღეში დასასვენებლად ჩადიოდა ალისა, გუშინწინ კაცი ჩაცხრილეს. საერთოდ, ასეთი კრიმინალური სიტუაცია ბოლოს მახსენდება 90-იანი წლების დასაწყისში. კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია თავისი შეკვეთილი მკვლელობებით და ქუჩის „ბეზპრედელით“, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში, ივანიშვილით, რომელიც თავის ბიზნესგარჩევებს აგვარებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით. ამ სიტუაციაში, როგორც შევარდნაძის დროს, თავად პოლიცია იქცა კრიმინალად. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეხმარო საქართველოს. მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, მათ შორის, ამ პრობლემების გადალახვაში“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

ევროკომისია 18 წევრ ქვეყანას ორ თვეს აძლევს სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ კანონმდებლობის სრულად დანერგვისთვის

ევროკომისია 18 წევრ ქვეყანას ორ თვეს აძლევს სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ კანონმდებლობის სრულად დანერგვისთვის.

როგორც ევროკომისიის პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირის 18 წევრ ქვეყანას გაუგზავნეს გამაფრთხილებელი წერილი, რომელშიც მათ სთხოვენ სრულად შეასრულონ დირექტივა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის კრიმინალიზაციის შესახებ.

წერილი გაეგზავნა ბელგიას, ბულგარეთს, ჩეხეთს, გერმანიას, ირლანდიას, საბერძნეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, ხორვატიას, იტალიას, კვიპროსს, უნგრეთს, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთსა და სლოვენიას.წერილში საუბარია იმ დირექტივის შესრულების აუცილებლობაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ შემოღებული შემზღუდავი ზომების დარღვევის სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადებას გულისხმობს და ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთო წესებს ადგენს.

ეს დირექტივა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთასა და ამ კუთხით წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. წევრ სახელმწიფოებს ეს დირექტივა უნდა შეესრულებინათ 2025 წელის მაისამდე. დღეის მდგომარეობით, 18 ქვეყანას ახალი წესების იმპლემენტაციის შესახებ კომისიისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ახლა ამ ქვეყნებს აქვთ ორი თვე, რათა პასუხი გასცენ ევროკომისიის გამაფრთხილებელ წერილს და დაასრულონსმიღებული ზომების იმპლემენტაცია. ისინი თუ  ამას არ გააკეთებენ, კომისიას უფლება აქვს, წევრ სახელმწიფოებს პასუხისმგებლობა დააკისროს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ადასტურებენ, რომ აფხაზეთის რეგიონის საჰაერო სივრცეში უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა შეაღწია

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეჟიმი ადასტურებს აფხაზეთის რეგიონის საჰაერო სივრცეში უკრაინული უპილოტო აპარატების შეღწევას.

საოკუპაციო რეჟიმის მედიასაშუალებების თანახმად, მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი ბადრა გუნბა ე.წ. მთავრობის წევრებს შეხვდა და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რუსეთის სასაზღვრო სამსახურთან და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზასთან ურთიერთქმედების გაძლიერება დაავალა.

შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წარმომადგენლებთან ურთიერთქმედებით ოკუპირებული აფხაზეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საიმედო დაცვის უზრუნველყოფის საკითხი.

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდა 2025 წლის  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო – კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული საკონკურსო განაცხადები.  

კონკურსის მიზანია   საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და საფრანგეთს შორის, სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების გავლის გზით საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივი ჩართულობისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7094 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7094 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7100 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1825 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1799 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

მონიტორინგი გაიარა გომელაურმაც, ღარიბაშვილმაც, ლილუაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი -რაჟდენ კუპრაშვილი

მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი – მონიტორინგში არ მოხვედრილა ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ის ამბობს, რომ არ ახსოვს, თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია მოხვდა თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში.

რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში ანტიკორუფციულმა ბიურომ დარღვევები გამოავლინა.

„მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის. მათ დეკლარაცია სრულიად მოდის თანხვედრაში…

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს – არ მოხვედრილა მონიტორინგში.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს – თუ მოხვდებოდა ბატონი თორნიკეს დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში, შესწავლილი იქნება. ასე ზეპირად არ მახსოვს ყველას დეკლარაცია“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

ამასთან, მან „ქართულ ოცნებაში” კორუფციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არ იცის, ვინ იგულისხმა ირაკლი კობახიძემ.

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ის, რაზეც მას აქვს კომპეტენტური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაცია. მე მეტის თქმის საშუალება არ მაქვს. ჩვენი ანგარიშები ყველასათვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება და ჩვენი მიგნებები, გამოვლენები, მათ შორის, პოლიტიკური კორუფცია, ხვდება იქ,” – განაცხადა კუპრაშვილმა.

საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა, მედიით გავიგე – კარგი იქნებოდა, მანამდე მცოდნოდა – დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი

საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნდა – საგუშაგოს გახსნით მოსახლეობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციამ დამატებითი საგუშაგოები გახსნა და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა,- ამის შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ქონია, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ამ ინფორმაციის დაზვერვის სამსახურისთვის მიწოდება სავალდებულო არ იყო.

„ჩატარდა რეფორმა, რითაც შეიქმნა ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რამაც თავისი პერიოდი წაიღო. ამ საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელიც მაისში გაიმართა, საორგანიზაციო ხასიათის იყო.

საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნდა, მედიის საშუალებით გავიგე. დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები, მუშაობენ თავიანთ ჩარჩოებში, დაზვერვის სამსახური სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა, დაზვერვის სამსახური აქტიურად არის ჩართული არაღიარების მიმართულებით, ამიტომ ეს ინფორმაცია რომ არ მქონდა, პრობლემას ვერ ვხედავ. საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებიდან გავიგე, კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მცოდნოდა.

კანონია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, ეს კანონი არეგულირებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობას, დაზვერვის სამსახურის უფროსი მუდმივი წევრია ამ საბჭოსი, აქედან გამომდინარე დამიბარეს პროკურატურაში.

ყველა სპეცსამსახური მუშაობს თავის ჩარჩოებში, არასწორად მიმაჩნია, როდესაც ერთი სამსახური, მეორე სამსახურის საქმიანობაში ერევა, საოკუპაციო ხაზზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანალიტიკური დეპარტამენტი. ეს პროცესი საზღვრებს შიგნით ხდება, საზღვრებს იქით მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჟენევის ფორმატი ხომ გაგიგიათ? აი ამ კუთხით.

მე ამ საკითხს გლობალურად განვიხილავ, საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია მეზობელი ქვეყნის მხრიდან და ბორდერიზაცია ხორციელდება. კანონში წერია, რომ საბჭომ მსგავსი საკითხი უნდა განიხილოს, ანუ არა მარტო უსაფრთხოების კუთხით არის მნიშვნელოვანი საკითხი. ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის ბორდერიზაცია მტკივნეული საკითხია.

მუდმივმოქმედი საბჭოს წევრს შეუძლია მიმართოს თავის კომპეტენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს, რათა მან უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს. პასუხისმგებლობის საკითხს ნუ შემოიტანთ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მოკვლევა მიმდინარეობს.

დიდი შეცდომაა, როდესაც საზღვრის გადაწევა-გადმოწევაზე საუბრობთ, საზღვარი გადის კავკასიის ქედზე, რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, ეს პროცესი მიმდინარეობს და არ გაჩერებულა.

თქვენ ხომ გინდათ საქართველო ერთიანი და ძლიერი იყოს? ევროკავშირის წევრი? როგორ ფიქრობთ, გახლეჩილი საზოგადოებით ჩვენ ამას მივაღწევთ? თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენზეცაა პასუხისმგებლობა, თუ რამდენად ხელს ვუწყობთ საზოგადოების კონსოლიდაციას. თუ ისეთ კითხვებს დასვამთ, ნუ მოელოდებით, რომ მე ისეთ პასუხს გაგცემთ, რომ საზოგადოებაში განხეთქილება შევიტანო.

რაც მე მაქვს ინფორმაცია, საგუშაგოს გახსნით მოსახლეობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციამ დამატებითი საგუშაგოები გახსნა და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა.

აქ პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს სუს-ი, როგორ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ერთი უწყება, თუ მეორე უწყება რაღაც საქმიანობას ახორციელებს, ისე რომ არ აყენებდეს საქმის კურსში მას, ვინც საქმის კურსში უნდა იყოს. ვალდებულება არ იყო, რომ მათ დაზვერვის სამსახურისთვის ეთქვათ, ჩვენი სპეციფიკა სულ სხვაა, მაგრამ კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა”,- განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

რატომ აზიანებს ახალი ანტიკორუფციული კანონი უკრაინის ევროპულ გზას? -Euronews

უკრაინაში მიღებულმა ახალმა კანონმა, რომელიც ორი ანტიკორუფციული უწყების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, ძალიან აღაშფოთა ევროკომისია.

სტატიას ამ შინაარსით Euronews-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის მიმართ მის ყოვლისმომცველ და ურყევ მხარდაჭერას ადასტურებდა. ეს უბრალოდ სიტყვები არ იყო. ევროკავშირი კიევს ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას უცხადებდა, ეხმარებოდა უკრაინას ტყვია-წამლითა და შეიარაღებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობდა და დევნილებს დროულად ეხმარებოდა.

ევროკავშირის მიერ შემუშავებულ შვიდწლიან ბიუჯეტში უკრაინის დახმარებისა და გრძელვადიანი აღდგენისთვის 100 მილიარდი ევროს მოცულობის სპეციალური ცალკე ფონდი იყო შექმნილი.

მაგრამ, როგორც Euronews-ი წერს, მიმდინარე კვირას ამ უძლეველმა ფრონტმა ბზარი გაიჩინა: ევროკომისიამ მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის ახალი კანონი.

კანონის მიზანს, რომელიც პარლამენტმა ისეთი სისწრაფით დაამტკიცა, რომ ბრიუსელი მოუმზადებელი შეხვდა, წარმოადგენს ორი ანტიკორუფციული ორგანოს – უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის – პრეზიდენტის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარებას გადაყვანას.

მიღებული კანონი ერთ-ერთმა პირველებმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა გააკრიტიკეს.

Euronews-ის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირში უკრაინის გაერთიანების გზაზე ცენტრალურ ადგილს იკავებს. აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსებმა და რეპორტიორებმა ყურადღება გაამახვილეს მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კორუფცია იყო უკრაინის სამწუხარო პრობლემა, როცა ოლიგარქები და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები, იხელთეს რა პოლიტიკური ქაოსით, სახელმწიფო ქონებას დაეუფლნენ“, – წერს ტელეარხი.

უკრაინაში კორუფციის შემთხვევები გამოვლენილია არჩევნებზე, სასამართლო სისტემაში, სახელმწიფო ორგანოებში, განათლების სფეროსა და ბიზნეს-სექტორში, რაც მის ფართო გავრცელების შთაბეჭდილებას ქმნის, წერს Euronews-ი.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ძლიერდება

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 21%-ითაა გაზრდილი, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 23%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთში 176 319.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 145 844.5 ათასი დოლარის. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ზრდა 20.9%-ია.საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა​ – 138 189.2 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 11 685.2 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 9 237.7 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 5 292.2 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 3 353.6 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ჩინეთიდან 869 463.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 709 570.7 ათასი დოლარის. ზრდა 22,5%-ია. ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კონდიციონერებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:

  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – 34 465.0 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 31 508.5 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 27 212.8 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 27 029.3 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები – 21 142.9 ათასი დოლარი;

businessinsider.ge

გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე – თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას -გიორგი ვაშაძე

ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა – რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, საპატიმროში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მისი თქმით, საჭიროა „პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ“.

„ქართული ოცნების“ ძალა ჩვენი დაქსაქსულობა და ურთიერთ თავდასხმებია. ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა. როცა ეს გაერთიანება გამოჩნდება კვლევებში პირველ ადგილზე, ცვლილების პროცესი დაჩქარდება, მერყევ, გადაუწყვეტელ მოქალაქესაც უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდება უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“ და დასავლელი პარტნიორებიც უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

გვჭირდება, პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ.

გაერთიანება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.

რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა”.

გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, ხოლო კონსენსუსის არქონისას – ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის.

განსაკუთრებულ საკითხებზე შესაძლებელია სახალხო ჩართულობით – ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციით, სადაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ მონაწილეობენ.

აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას.

გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.