Home Blog Page 5

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ენერგიას და მოქმედების სურვილს მოგიტანთ, თუმცა, აჩქარებამ შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს. შესაძლოა, მოსაწყენი სამუშაოს კეთება მოგიწიოთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ, ოპონენტის კრიტიკას ზედმეტად მკვეთრად და უხეშად არ უპასუხოთ.

რჩევა: თავდაჯერებულად, მაგრამ გააზრებულად იმოქმედეთ, რომ ემოციებმა გეგმების შეცვლა არ გაიძულოთ.

კურო

თუ მოვლენების დაჩქარებას არ ეცდებით, ეს დღე მშვიდად და სტაბილურად ჩაივლის. უმჯობესია, მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. შესაძლოა, თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ – უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ.

რჩევა: ეცადეთ, მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრები და სასიამოვნო საუბრები გელით. თქვენი ახალი იდეები საყოველთაო ინტერესს გამოიწვევს, მაგრამ უსარგებლო ლაპარაკზე დრო არ დახარჯოთ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება.

რჩევა: სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს დაწყებული საქმეები დაასრულოთ.

კირჩხიბი

ემოციურად არამდგრადი დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლოა, მოულოდნელმა სიტუაციამ სწრაფად მოქმედება გაიძულოთ. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და დახმარება ითხოვოთ. შესაძლოა, საპირისპირო სქესის ყურადღება დაიმსახუროთ, მაგრამ ყველა სიტყვას, რომელსაც დღეს მოუსმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

რჩევა: ეცადეთ, შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემოციების გავლენით არ მიიღოთ.

ლომი

ამ დღეს ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს, მაგრამ ეცადეთ, თქვენი მოსაზრებები სხვებს თავზე არ მოახვიოთ. შესაძლოა, ვინმემ საინტერესო თანამშრომლობა შემოგთავაზოთ — თუ პერსპექტიული საქმეა, უარი არ უნდა თქვათ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას წაგართმევთ, მზად იყავით სერიოზული კამათისა და დისკუსიისთვის.

რჩევა: ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ – შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და მიმდინარე ამოცანების დასრულებისთვის. შესაძლოა, სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ ამას მარტივად გაუმკლავდებით. მთავარია, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას გართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის.

რჩევა: ორგანიზებულობა და დისციპლინა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას მარტივად შეძლებთ, რაც თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობებს გააჩენს. ეს დღე სამუშაოსა და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით და ფაქტები გადაამოწმეთ.

რჩევა: თუ რამეს შეცვლა გსურთ, ამის შესახებ ხმამაღლა თქვით.

მორიელი

მოვლენებით დატვირთული და რთული დღეა. შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ თქვენგან სწრაფი რეაქციის გამოვლენა მოითხოვოს. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნებებს თავი აარიდოთ. ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვალოთ და დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით უნებურად, ვიღაც შეურაცხყოთ.

რჩევა: ემოციები აკონტროლეთ და წვრილმანებს უფლება არ მისცეთ, რომ განწყობა გაგიფუჭონ.

მშვილდოსანი

ცნობისმოყვარეობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. მთავარია, ზედმეტად იმპულსურად არ იმოქმედოთ. ამ დღეს ნებისმიერ კამათში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება ეს რთული და უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ.

რჩევა: ახალი შესაძლებლობებით ისიამოვნეთ, მაგრამ რისკების შეფასება არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა

ეს დღე დაგეგმვის, ფინანსური საკითხების მოგვარებისა და დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის გამოგადგებათ. მთავარია, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და დროულად შეისვენოთ. სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რის გამოც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.

რჩევა: კონცენტრირდით პრაქტიკულ ამოცანებზე, მაგრამ საკუთარ თავზეც იზრუნეთ.

მერწყული

ახალი იდეებისა და აღმოჩენებისა დღეა. გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ რთული საქმიდან მარტივი და ორიგინალური გამოსავალი მოძებნოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი მინიშნება სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

რჩევა: ენდეთ საკუთარ იდეებს, მაგრამ ეცადეთ, რეალობას მოარგოთ.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა. მოულოდნელი სიახლე თქვენს გეგმებს შეცვლის. საქმეს ნუ გაირთულებთ, როდესაც ცხვირწინ იოლი გამოსავალი გაქვთ და სიტუაციის მარტივად მოგვარება შეგიძლიათ.

რჩევა: მოვლენები სწრაფად იცვლება, ამიტომ უახლოეს დღეებში ნურაფერს დაგეგმავთ.

ირაკლი კობახიძე – მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის” დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის” დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის” წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.

„ერთ-ერთი ევროპელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც კი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო საშიშ, ვიდრე ომი უკრაინაში. გასაოცარი ფრაზებია. კონკრეტული ადამიანები ვერ მალავენ იმას, რომ ისინი მომართული არიან ომისკენ და არა მშვიდობისკენ, ეს არის მათი  დაკვეთა, მათი დავალება. ძალიან კარგია ის, რომ აშშ-ში ვითარება შეიცვალა, თუმცა მთავარი და პრინციპული არის მაინც „დიფ სთეითის”დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს” შორის. რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის” დასუსტებას, დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, იმდენად გაძლიერდება ევროპა და ევროკავშირიც. ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაასუსტა იმ პროცესებმა, რომლებიც განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს კონტინენტზე და მათ შორის 2008 წლიდან. თუ „დიფ სთეითი”დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, ამ შემთხვევაში უკეთესად წავა ევროპის საქმეც, შემოტრიალდება განვითარების მიმართულება უკეთესობისკენ. ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც და პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ბევრად უფრო დამშვიდდება როგორც რეგიონი ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

“უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკის იმჟამინდელი ელჩი პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა.

„უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა.

მთავარი მიზეზი, ზოგადად პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ქვეყნებთან გაუარესებული ურთიერთობების იყო ის, რომ თუ ჩვენი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვდნენ გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო რა ომი უკრაინაში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ მხრივ, რომ ჩვენგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან. ეს ჩვენთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ჩვენთვის სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დამძიმდა გეოპოლიტიკური ვითარება.

ამერიკის ელჩთან ჩვენი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა. რაც შეეხება გადატვირთვის საკითხს, ის რამაც დატვირთა ეს ურთიერთობა, ამანვე უნდა გადატვირთოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, სცადეს, მთელი ქვეყანა წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი

გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, სცადეს, მთელი ქვეყანა წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება რუსეთზე ზეწოლის მხრივ, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ზეწოლა ფინანსურად, თუმცა, იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.

„შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ზეწოლა. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რუსეთთან. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი.

სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი. ის შეჩერებული იყო და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. არავინ ახსენებს ამას. რაც მე რუსეთს გავუკეთე, ძალიან მკაცრი იყო, მე ვიყავი ყველაზე მკაცრი. თუმცა მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარა ჯო ბაიდენისგან. მათ უნდოდათ, ბაიდენისგან წაეღოთ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შევაჩერე ეს, თუმცა ვნახოთ. დიახ, არის რაღაც, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური თვალსაზრისით. შემიძლია გავაკეთო რაღაცები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. მე მინდა ვიხილო მშვიდობა. დიახ, შეგვიძლია, გავაკეთოთ ძალიან ცუდი რაღაცები რუსეთისთვის, ეს იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა ვიხილო მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.

სოზარ სუბარი: როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია

„როცა ადამიანი იპარავს 9 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან და ამას ახმარს თავის კეთილდღეობას, ეს დიდი დანაშაულია, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის თემის კომენტირებისას.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია.

„ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება პრეზიდენტისთვის გასახდომ პროცედურებზე, ბოტოქსის გაკეთებაზე, მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენაზე და ა.შ., ეს მიიჩნევა დანაშაულად. აქ მორალზეც არის საუბარი. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის სპეციალურ თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს არის სირცხვილი ქვეყნის და იმ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელმაც ომიდან ერთ კვირაში მოიცალა ამ ყველაფრისთვის და დახარჯა ბიუჯეტის ფული“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კობა კობალაძე აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 6 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. აქედან 5 მებრძოლია, ხოლო 1 _სამოქალაქო პირი.

ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ, აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერით და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით. 2 მებრძოლს_ ჯამბულ ბერულავასა და გიორგი გაბროშვილს, 13 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 3 მეომარი კი, ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, ასევე, სამხედრო პატივით დაიკრძალება: ნოდარ ბერიასა და გია ძაგნიძეს, თბილისის ზღვის საქალაქო სასაფლაოზე,ამირან მეგრელიშვილს კი_ქუთაისში, ნიკეას სასაფლაოზე დაკრძალავენ.

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერაც ითვლება სულ 1832 ადამიანი,მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. 2013 წლიდან, მოძიებულია 545 პირის ნეშტი, აქედან_ 308 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.

საკოორდინაციო მექანიზმი, ICRC-ის მხარდაჭერით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

ევროკავშირს თუ სურს, თავიდან აიცილოს ან შეცვალოს ძალაუფლებისა და სიმაღლის დაკარგვა, მას ამის მიღწევა მხოლოდ თურქეთის სრული წევრობით შეუძლია – ერდოღანი

ევროკავშირს თუ სურს, თავიდან აიცილოს ან შეცვალოს ძალაუფლებისა და სიმაღლის დაკარგვა, მას ამის მიღწევა მხოლოდ თურქეთის სრული წევრობით შეუძლია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი და პოლონეთი არიან საკვანძო მოკავშირეები, რომლებიც განთავსებული არიან NATO-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე და რომლებიც ხელმძღვანელობენ ევროპაში ორ უმსხვილეს სახმელეთო არმიას.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზეც.

„ჩვენ დადებითად მივიჩნევთ, რომ უკრაინამ მიიღო ცეცხლის შეწყვეტა აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ასევე კონსტრუქციულად უპასუხებს. თურქეთის პოზიცია ამ ომზე პირველივე დღიდან ძალიან ნათელია. გვინდა, რომ ორივე მეზობელმა ომი დაასრულოს სამართლიანი მშვიდობით. უახლესი მოვლენები თუ საშუალებას მისცემს რუსეთს და უკრაინას, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ყველანაირი წვლილი, მათ შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის ჩათვლით. ჩვენი რეგიონი სავსეა ომით, კონფლიქტით და ცრემლით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეგიონი მიაღწევს მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამისათვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს სთხოვა, აიღოს პასუხისმგებლობა რეგიონულ სტაბილურობაზე.

„ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში მიემგზავრება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე მიემგზავრებიან რუსეთში, რათა განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.

„ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში მიემგზავრება. ახლა გადაწყვეტილება რუსეთმა უნდა მიიღოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

,,რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს” – Bloomberg

რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს, თუმცა მანამდე შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე მომგებიანი პირობები მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, უკრაინელებთან გუშინდელ მოლაპარაკებებამდე ამერიკელებს არ განუხილავთ რუსებთან ზავის იდეა და კრემლი თავისთვის მიუღებლად მიიჩნევს გამოცხადებულ ჩარჩოს.

„ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიღწეული შეთანხმება დილემას უქმნის პუტინს, რომელიც აქამდე ახერხებდა თავიდან აეცილებინა ის ზეწოლა, რომელსაც კიევი ექვემდებარებოდა თეთრი სახლის მხრიდან“, – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შეიცავს არცერთ მოთხოვნას, რომელიც რუსეთმა ადრე დააფიქსირა. კერძოდ, ომის გრძელვადიანი დარეგულირების მკაფიო პარამეტრების არსებობა.

კრემლთან დაახლოებული წყარო მიიჩნევს, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.

ევროკავშირი ამერიკას საპასუხო ტარიფებს უწესებს

ევროკავშირი ამერიკას საპასუხო ტარიფებს უწესებს. პირველ აპრილს ძალაში შევა 25%-იანი გადასახადი ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის, 26 მილიარდის ოდენობის პროდუქტზე, რომლის ევროპის ქვეყნებში შეტანა შემდგომ თვეში არის დაგეგმილი. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ამერიკის დაწესებულ ტარიფს მოჰყვა, რომელიც ძალაში დღეს შევიდა.

ევროკავშირის ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დანიშვნა, ტრამპის, როგორც 47-ე პრეზიდენტის, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო. ტრამპი სავაჭრო ომში არამარტო ევროპას, არამედ ჩინეთს, მექსიკასა და კანადასაც იწვევს. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ძალიან ვწუხვართ, რომ საჭირო გახდა ამ ზომების მიღება. ტარიფები იგივე გადასახადებია. ეს აზიანებს, როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. ასევე, არღვევს მიწოდების ჯაჭვებს და ეკონომიკაში გაურკვევლობას იწვევს. საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და ზრდის ტარიფებს. ეს არცერთ მხარეს ჭირდება- არც შტატებს და არც ჩვენ. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაცავად. დღეს, ჩვენ მიერ მიღებული საპასუხო ზომები ძლიერი და პროპორციულია. შეერთებული შტატები 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფებს გვიწესებს, ამიტომაც ჩვენ 26 მილიარდი ევროს ღირებულების საპასუხო ზომებით ვპასუხობთ. ჩვენს საპასუხო ზომებს ორ ეტაპად გაგაცნობთ. დავიწყებთ პირველი აპრილიდან და სისრულეში მოვიყვანთ 13 აპრილისთვის”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სოზარ სუბარი: ლორა თორნტონი უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრატად

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს არ მოხდეს მისი ქვეყანაში შემოშვება.

მისივე თქმით, ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებული დანაშაულებრივი მოწოდებების გამო საქართველოში პერსონა ნონგრატად უნდა გამოცხადდეს.

„როცა ლორა თორნტონი ამბობს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონი მედია და ენჯეოებია, ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ამაში? რომელ ქვეყანას გულისხმობს? იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რასაც აკეთებს ახალი ადმინისტრაცია. მათ თქვეს, რომ ენჯეოები არიან დამნაშავეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აწყობენ რევოლუციებს, ჩადიან უამრავ დანაშაულს და მათი საქმიანობა უნდა იქნეს გამოძიებული. ზუსტად იმავეს ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკაში მოქმედ ძალიან ბევრ მედიაზე. იგივე სტანდარტია ჩვენთანაც.

დავალებები, რომელსაც ლორა თორნტონი აძლევს აქაურ აგენტურას არის დანაშაულებრივი. ის ამბობდა, რომ „თუ არ იქნება მსხვერპლი და ხალხი ქუჩაში არ გამოვა ხელისუფლებას ვერ შეცვლით“ – ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონგრატად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად, რომ ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე არ მოხდეს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მაჭავარიანი: თუ განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა და იგულისხმება ისეთი რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა

„თუ განახლდება ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიულ პარტნიორობაში ვგულისხმობ ისეთ რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას შეინარჩუნებს. 

„რა ბერკეტები გვაქვს, ეს გამოჩნდა, მით უმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში. არნახული წნეხი იყო, აბსოლუტურად უსამართლო, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ძალიან მყარად დავდექით, მყარად ვდგავართ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა მეთოდებით გააგრძელებს ბრძოლას. აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ არის ამის მთავარი გარანტი.

რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რებრენდინგს, როგორც ამას ვუწოდეთ, ბატონმა ტრამპმა ღია ბრძოლა გამოაცხადა „დიფ სთეითთან“ და შესაბამისად, ამერიკაში მისი გავლენები შედარებით მცირდება.

თუ განახლდება ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიულ პარტნიორობაში ვგულისხმობ ისეთ რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, როცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებისთანავე დაინიშნა პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა დაიწყო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა.

ვისურვებდით, როგორც აშშ-ში ებრძვიან „დიფ სთეითს“, ეს ბრძოლა ევროპაშიც გადავიდეს და ევროკავშირი გამოვიდეს თავისი ინტერესებიდან“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.