Home Blog Page 5

კრიზისიდან გამოსვლა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბრამდე თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან მიიღო წერილი, რომელშიც გამოთქმულია წუხილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, რომელიც გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ რეალურად, სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს რომ არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს, „სიდას“, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში, ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით, ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა. ჩვენ, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო დაკვირვებას საქართველოს მდგომარეობისო, ვრჩებით როგორც დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარების და ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრიზისიდან გამოსვლა არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. არცერთ სხვა ფორმას, არცერთ სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ქვეყანაში დაასრულოს არა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმაც თქვეს და ანტიევროპული, როგორც ამბობენ ევროპელები. ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „უცვლელია არჩევნების შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია – ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას“.

ზურაბიშვილის განმარტებით, „ეს ორი მოთხოვნა, არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არ შეიცვლება“.

„ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის – არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი

თბილისის მშრალი პორტი არის მასშტაბური ლოჯისტიკური ობიექტი, რომელიც არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთ-დასავლეთით და ვაჭრობას გაზრდის, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა აღნიშნა, თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტის პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია.

„ჩვენ ვატარებთ საწარმოო, სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამას უხელმძღვანელებს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას, ეს არის ჩვენი ხედვების გაზიარება, ჩვენი ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ გვქონდეს ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა და ეს გახდეს მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი, არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით და მიზნად ისახავს ვაჭრობის გაორმაგებას 480 მილიონი დოლარიდან 1,5 მილიარდ დოლარამდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, ეს ვაჭრობა განსაკუთრებულ ტარიფებს დაეფუძნება, საქონლის 95% გატარებული იქნება ამ პორტის საშუალებით და გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან“, – განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიცია ინტერმოდალურ პორტში საქართველოსთან მზარდ თანამშრომლობაზე მიუთითებს. „არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ ამ ინვესტიციების განსახორციელებლად. საქართველო, გარდა იმისა, რომ არის მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, ასევე ძალიან დიდი ნიჭიერების საბადოა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებული გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“,- განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

19-20 ივნისს,თბილისში, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, ექსპოჯორჯიას და საკონსულტაციო კომპანია სავის თანაორგანიზებით ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.

ლოგისტიკის სექტორის მზარდი განვითარების პასუხია საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი, რომელიც აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.

ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები, პორტების და სარკინიგზო უწყებების წარმომადგენლები, საჰაერო გადამზიდავები, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია ყველა ის კომპანია რომელიც იმპორტ/ექსპორტით არის დაკავებული და ეძებს საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს.

თიბისი ლიზინგი 19 ივნისს გასამართ თემატურ პანელზე, დამსწრე აუდიტორიას გააცნობს ინფორმაციას გადაზიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებით არსებულ ალტერნატიულ დაფინანსების ინსტრუმენტებსა და პროდუქტებზე.

ღონისძიების შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, მიჰყევით ბმულს:

(R)

თბილისის მშრალი პორტი საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების ზრდაში, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას -ირაკლი კობახიძე

ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი, რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში.

„თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სამ ფაზად შენდება; უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ მისი სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორიც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბისა და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს.

„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან „შუა დერეფნის“ მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის. მშრალი პორტის სტრატეგიული მდებარეობა – პირდაპირი წვდომა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან, კავშირი ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, სიახლოვე სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს – „აბუ-დაბი პორტების ჯგუფს“, ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისს“, ადგილობრივ კომპანია „ინვეკოს“, ყველა ინჟინერსა თუ მშენებელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ეს პროექტი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების გზაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის და სატრანზიტო ფუნქციას, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად“, – განაცხადა პრემიერმა.

საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური – დავით მათიკაშვილი

საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

„თუკი პირი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მხოლოდ ძირითად სამსახურთან მოუცდენლად შეეძლება იყოს მრჩეველი. ასევე შედის მეორე ცვლილება, რომ საჯარო სამსახურში ერთზე მეტი ანაზღაურებადი სამსახურის არსებობა დაუშვებელი იქნება. კონკრეტული რეგულაცია, რომელიც იქნა ინიციირებული, არის იმ გამოწვევებზე მორგებული და ადეკვატური, რომელიც არსებობს დღეს საჯარო სისტემაში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცვლილებები შედის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული პროექტით საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება. დღეს არსებული რედაქცია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს, ცვლილებით კი მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა გახდება. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, ერთი და იგივე პირი საჯარო სამსახურში რამდენიმე ადგილას ვეღარ იმუშავებს.

თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო, როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პორტი სტრატეგიულად მდებარეობს, როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.

„მთელ მსოფლიოში და ასევე შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ვითარდება საპორტო, სატერმინალო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილი მოთხოვნიდან და ტვირთნაკადიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეხება საკონტეინერო ტვირთებს როგორც თანამედროვე სტანდარტს ტრანსპორტირებისთვის. ობიექტი შექმნილია მასშტაბური და ეფექტიანი ლოგისტიკური ოპერირებისთვის. სრულად პორტი შენდება 3 ფაზად 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია და საოპერაციოდ ფუნქიონირებს პირველი ფაზა , რომელშიც უკვე განხორციელდა 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და ის მოიცავს: 110 000კვ.მ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს 50,000 მ² საკონტეინერო ეზოს სამი ერთეული ახალი საკონტეინერო ტექნიკით; სამ 600-მეტრიან სარკინიგზო ჩიხს; ორ საკუთარ სარკინიგზო ლოკომოტივს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის დამხარისხებელ სადგურთან; 2,500 მ² გადახურულ სასაწყობე სივრცეს; სხვადასხვა ტიპის ამწე ტექნიკასა და სერტიფიცირებულ სასწორებს.

ამ ინფრასტრუქტურით პორტს შეუძლია ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება, საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას. მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე ა კლასის ტიპის 9800 კვ.მ საწყობის მშენებლობა. თბილისი დრაი პორტი, გარდა იმისა რომ ემსახურება ქართულ პორტებს, ასევე ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბი და დეპო – კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან „შუა დერეფნის“ მეშვეობით რკინიგზით გადაზიდული კონტეინერებისთვის. ასევე, პორტი უზრუნველყოფს მოქნილ სატვირთო ნაკადებს ცენტრალური აზიიდან ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით – რკინიგზით, მფლობელის კონტეინერით ან სატვირთო მანქანებით.

ა/წ 3 მაისს პორტმა მიიღო პირველი შემოსული მატარებელი, რომელიც MSC-ის საზღვაო ხაზის კუთვნილი 30 ერთეული 20-ფუტიანი სავსე კონტეინერით ჩამოვიდა ბათუმიდან. თითოეულ კონტეინერში 26 ტონაზე მეტი ტვირთი იყო განთავსებული, რაც წარმოაჩენს სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობას, ეკოლოგიურ სარგებელს და მძიმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურ შესაძლებლობას, სატვირთო სამანქანო ტრანსპორტთან შედარებით.

საზღვაო ხაზები, გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ახლა სარგებლობენ მაღალი ხარისხის მულტიმოდალური ლოგისტიკური სერვისებით, რომლებიც ამარტივებენ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდიან სატრანზიტო პოტენციალს. პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს დედაქალაქში აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აბუ დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს კოლაბორაციას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

შვედეთი ცდილობს, საკუთარი ქვეყანა გლობალური ძალებისგან დაიცვას, მაგრამ სხვა ქვეყანას თურმე სუვერენიტეტის დაცვის უფლება არ აქვს, ეს ორმაგი სტანდარტიც კი აღარ არის- არჩილ გორდულაძე

შვედეთი ცდილობს, საკუთარი ქვეყანა გლობალური ძალებისგან დაიცვას, მაგრამ სხვა ქვეყანას თურმე სუვერენიტეტის დაცვის უფლება არ აქვს, მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში ის კანონმდებლობა იყოს, რაც ამერიკაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძე უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ შვედეთის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა.

„შვედეთის წარმომადგენელი ამბობდა, რომ საქართველოში მოქმედი „ფარა“ მიუღებელი იყო, მაგრამ მეორე დღეს თავად გააკეთეს განცხადება, რომ უცხოური გავლენები შემცირდეს. „ფარა“ სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა სწორედ ამ მიზანს. შვედეთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაგრამ სხვა სახელმწიფო თუ გადაწყვეტს, თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ჰქონდეს უზრუნველყოფილი, ეს მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამოდის, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას სურვილი აქვს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს. ისინი ადამიანებს ასეთ შეუთავსებელ ლოგიკას კარნახობენ. ფაქტია, სტანდარტები აღარ არსებობს. ორმაგი სტანდარტიც კი აღარ არის, სტანდარტები განულებულია. იმას აკეთებენ, რაც გლობალურ ძალებს აძლევს ხელს. ცდილობენ, საკუთარი ქვეყანა გლობალური ძალებისგან დაიცვან, მაგრამ თურმე სხვა ქვეყანას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უფლება არ აქვს. ქართველი ხალხი შვედ ხალხზე ნაკლები არ არის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში ის კანონმდებლობა იყოს, რაც ამერიკაშია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები, ჩინეთში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს ახალგაზრდებისთვის ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა, რა როლი აქვს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებას, როგორ დაგეგმო კარიერა AI-ში და ა.შ. ოლიმპიადის გამარჯვებულების მონაწილეობით გაიმართა პანელური განხილვა, სადაც შეაჯამეს ოლიმპიადის ეტაპები, ისაუბრეს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადებაზე და მის მნიშვნელობაზე, რომელიც 2-9 აგვისტოს პეკინში გაიმართება.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მეორე, ფინალური ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერები ასევე არიან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

განათლებით შენს ამბავს ქმნი, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

R

საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუ ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კურსი იცვალოს დემოკრატიულმა დაღმასვლამ – მარტა კოსი

“საქართველო ნათელი მაგალითია, იმისა რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.

“საქართველო ნათელი მაგალითია, იმისა რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს. როცა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა მოხდება.

მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით გამოდის, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის. საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ქვეყნის დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს, ისევე როგორც ბოლოს მიღებული კანონები მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს”, – თქვა მან.

კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანი და ამასთანავე დასძინა, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში სრული პასუხისმგებლობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკისრება.

“ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ – გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, პროტესტის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ ამას ისევ და ისევ გავაკეთებთ.

პასუხისმგებლობა სრულიად საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კურსი იცვალოს დემოკრატიულმა დაღმასვლამ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს”, – განაცხადა მარტა კოსმა.

თემები:

  •  მარტა კოსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ტრადიციად ქცეული კამპანია “ნუ წაართმევ ბავშვობას” დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ოფიციალურად გახსნა.

შსს-ს ინფორმციით, გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული კამპანიის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტზე ბავშვთა დაცვის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, ამ პრობლემის მრავალმხრივ გააზრებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის გახსნას, ასევე ბოლნისის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც ეფუძნება რეალური მსხვერპლების ისტორიებს და ასახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე შედეგებს.

შსს-ს ცნობით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან. მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, საპოლიციო დანაყოფებში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები გააცნობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და რეაგირების გზებს. ასევე, სამიზნე ჯგუფებისთვის ნაჩვენები იქნება უშუალოდ კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლები.

შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის თემატიკით დამზადებული, ბრენდირებული ჩანთები, მაისურები და საინფორმაციო ბროშურები.

ასევე, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში სამი გამარჯვებული გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდებიან.

გარდა აღნიშნულისა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომართვიანობის გაზრდის მიზნით იგეგმება საინფორმაციო სატელეფონო შეტყობინებების დაგზავნა მოსახლეობისთვის.

კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათთვის ძალადობისგან დაცული გარემოს შექმნას.

„ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმაა, რომელიც ბოლო წლებში დავიწყეთ” – ლევან დავითაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო მართვის სტრატეგიაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავდა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ელემენტებს ითვალისწინებს.

„თუმცა, ასევე ჩვენ ძალიან ფრთხილად მივუდექით ამ საკითხს და ჩვენს პარტნიორებსაც ავუხსენით, რომ სტრატეგიის დროში გამოცდა უნდა მომხდარიყო რეალურ ცხოვრებაში. სტრატეგიის განხორციელების პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მიგნებები, რომლებიც გარკვეულ კორექტივებს ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში, რაც უკვე შეიძლება, რომ აისახოს სრულფასოვან კანონმდებლობაში. ეს შემდეგი ნაბიჯი, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არის უკვე კანონმდებლობის დონეზე იმ პრინციპების ასახვა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოვცადეთ. ეს გულისხმობს ეფექტიანობის გაზრდას, სახელმწიფო საწარმოების მართვის მეტ გამჭვირვალობას, პროფესიონალიზმს, საბოლოოდ მეტ ეფექტიანობას და, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას, ასევე მკაფიო ანგარიშვალდებულებას ხელმძღვანელობის მხრიდან და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას სახელმწიფო საწარმოებში, რაც თავისთავად სახელმწიფო საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან საკითხი ეხება არა რიგით შპს-ებს, რომლებშიც სახელმწიფოს მონაწილეობაა, არამედ მსხვილ კორპორაციებს სხვადასხვა დარგში. 

„ეს კორპორაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგადად ამა თუ იმ დარგის კონკურენტუნარიანობის და მდგრადობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და მის განხორციელებას ქვეყანა გააგრძელებს. სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია მოგვცემს გარკვეულ ეკონომიებს, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმაა, რომელიც   ბოლო წლებში დავიწყეთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს “ლელოზე” მუშაობენ და ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს “ნაცებს” და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად -იაგო ხვიჩია

რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხვიჩია წერს, ეს უკვე შემდგარი ფაქტია.

„იმ დროს, როცა ხაბე მამუკას და გიორგის ე.წ. პროსტიტუტებს ეძახის, რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გასული წლის გვარამიას სპეცოპერაციის არ იყოს, წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად. მე ვთვლი, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მხოლოდ რჩეული ნაცებიღა თუ გაუძლებენ ცდუნებას, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, ამის მერე მაინც თუ მიხვდება რამეს ნაცამომრჩეველი, რადგან ვიდრე მათ ასე „ნაცურ წრეში“ დაუნდობლად და უაზროდ ატრიალებენ, ბატონი ბიძინას ძალაუფლებას არაფერი ემუქრება“, – წერს იაგო ხვიჩია.