Home Blog Page 5

მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, იმ შესაძლებლობების გამოყენება კი, რაც ჩინეთს გააჩნია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია – კახა კალაძე ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენაზე

მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, იმ შესაძლებლობების გამოყენება კი, რაც ჩინეთს გააჩნია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ცილისწამებაა, „საქართველოს სულისკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილშიც გამოიკვეთა“.

„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს გააჩნია მნიშვნელოვანია. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, თუ რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ გამართავს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ მოაწერეს.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა მემორანდუმის და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის მემორანდუმები საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად შეუწყოს ხელი ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლების ინფორმირებას. მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის პროექტებსა თუ შეხვედრებში მონაწილეობით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

„ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და კულტურის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ინფორმირება, რაც ბუნებრივია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რაც კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველვყოთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა. აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობას, ვინაიდან მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გვექნება სხვადასხვა მიზანმიმართული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც.

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ შეხვედრებში ერთობლივ მონაწილეობას და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას.

მხარეებმა დოკუმენტს ხელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოაწერეს.

ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ კობიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი მარიკა ციბაძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე.

თბილისში შვილმა მამა დაჭრა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

პროკურატურის ცნობით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსთაველზე დაკავებული 11 პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობს – ომბუდსმენის აპარატი

????????????????????????????????????

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთაველის გამზირზე გამართული პროტესტის დროს გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს, რომლებმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს.

სახალხო დამცველის განმარტებით, რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, წლების განმავლობაში სახალხო დამცველი მიუთითებდა სამართალდამცავი ორგანოების არასწორ პრაქტიკაზე, რა დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი ჩხრეკა ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნისა და მათი მოპოვების მცდელობის გარეშე ტარდებოდა. მიმდინარე პერიოდში სახალხო დამცველის მიერ, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიებას არ უცდია მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პირადი ჩხრეკისა და დაკავების გარემოებების შესახებ პოლიციელების ჩვენებებში აღწერილ ვითარებას, მათ შორის, ბრალდებულის და მოწმის მიერ მოწოდებულ განსხვავებულ ინფორმაციას. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დამკვიდრებული ეს არასწორი პრაქტიკა, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

აღნიშნული საკითხის პრობლემურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი ახობაძის, თევდორე აბრამოვის და ნიკოლოზ კაციას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებულის მიმართ უკვე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

უფლებამოსილების ფარგლებში სახალხო დამცველს აქვს წვდომა დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა მასალაზე, შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივის თუ დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე კვლავ განაგრძობს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებული ან მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმეთა შეფასებას და შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ამასთან, გასული ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს.

დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს დაკავებულთა მონახულების მიზნით. სახალხო დამცველის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განახორციელებს შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას და გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალური ქსელებისა და მედია პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის (სავარაუდო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქის) შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება უხეშად არღვევს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ამასთან, აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და ახალისებს დისკრიმინაციას.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საჯარო პირებსა თუ მედია საშუალებებს, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებების გავრცელებისგან.

სახალხო დამცველი ასევე ეხმიანება ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც არის დეზინფორმაციული ხასიათის, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს. სახალხო დამცველი შეახსენებს ყველას რომ ის არის კონსტიტუციური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად ზედამხედველობს და აფასებს მოვლენებს და შესაბამისი ფორმით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გახარია უტიფარი მატყუარაა, მონაწილეობს რუსულ სპეცოპერაციაში, რათა რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა, კრიმინალთა რუსულ ბანდას -გია ბარამიძე

გახარია უტიფარი მატყუარაა, მონაწილეობას იღებს რუსულ სპეცოპერაციაში, რათა რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „გიორგი გახარია კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე კი აკრიტიკებდა სააკაშვილს, დროზე რატომ არ ჩამოდიხარო“.

„ეს არის თვითაღიარება, თვითლუსტრაცია ამ ვითომ ოპოზიციონერის, რომელიც კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე კი აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილს, თურმე დროზე რატომ არ ჩამოდიხარო. ეს ადამიანი ბაქიბუქობდა და იყო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის სუპერძალოვანი, რომელსაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ჩადენილ დანაშაულზე, როცა ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსულ ქართველ ახალგაზრდებს თვალები დათხარა. ახლა ბუნებრივია, უფრო ღიად ლაპარაკობს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, ვამბობთ – ეს არის ამ მოღალატეთა ბანდის გაგრძელება.

საერთოდ არ მიკვირს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებს, რადგან მისი ამოცანა სწორედ ეს იყო. დავალებაა ივანიშვილის, რუსეთის მხრიდან, რომ მოახდინოს ამ მოღალატეობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია, ზუსტად ამას აკეთებს პარლამენტში დარჩენით, თუმცა ქართველ ხალხს ეუბნებოდა, რომ ჩვენ ისე ვართ, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ შევუწყობთ ხელს და არ ვიქნებით ამ პარლამენტშიო. ახლა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, უტიფარი მატყუარაა, რომ მონაწილეობას იღებს რუსულ სპეცოპერაციაში სწორედ იგივე მიზნისთვის, რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

პროფესიული უნარების სააგენტომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირებისთვის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი შეიმუშავა, – ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

„სსსმ აპლიკანტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის სირთულეები (შემეცნებითი, სმენის, მხედველობის, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და ა.შ.) და სწავლის პროცესში დამატებით დახმარებას საჭიროებს.

ახალი მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომია და რეგისტრაციის გავლა 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ, ვებგვერდზე – https://vet.emis.ge შეეძლებათ.

პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი მექანიზმის მიხედვით, სსსმ აპლიკანტებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის პროცესი პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე წარიმართება, რომელიც გულისხმობს აპლიკანტის მიერ პროგრამის შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში. მოსინჯვის მიზანია აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევა და მისთვის საუკეთესო, ინფორმირებული პროფესიული არჩევანის გაკეთება.

ასევე, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის, სახელმწიფოს მიერ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად, 1000 ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა. ამასთანავე, საჭიროების შესაბამისად, სწავლების პროცესში, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და სასწავლო პროცესის ასისტენტები ჩაერთვებიან და თითოეული სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.

პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას აგრძელებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა”-The New York Times

„პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა“, – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ პოლ სონის სტატიას, რომელშიც განხილულია ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩინეთში და მისი შეხვედრები ევრაზიელ ლიდერებთან, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO – Shanghai Cooperation Organisation) წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის ჩარჩოებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამი წლის წინათ ევრაზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და თავდაცვითი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ყოველწლიურ სამიტზე მძიმე განწყობა სუფევდა: ისე ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თავში იყო ჩაკეტილი და დამარცხების წინაშე იდგა. იმ სამიტის დროს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა შეშფოთება გამოხატა ვლადიმერ პუტინის სპეცოპერაციის გამო უკრაინაში. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მრავალმნიშვნელოვნად თქვა: „დღეს ომების ეპოქა არ არის“. სამიტის მონაწილე სხვა სახელმწიფოების ლიდერები თავიანთ რუს კოლეგას თითქოსდა იძულებით ხვდებოდნენ და მოკლე საუბრის შემდეგ სწრაფად მარტოდმარტო ტოვებდნენ. რუსეთის არმია ბრძოლის ველზე მარცხდებოდა და უკან იხევდა…

მაგრამ ეს სამი წლის წინ იყო. დღეს ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა შეცვლილია – ისევე როგორც მისი გარემომცველი მსოფლიო. ეს ყველაზე ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა ევრაზიის თავდაცვისა და უსაფრთხოების მთავარი ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ტიანძინში ჩატარდა.
ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა მაღალი ტრიბუნით და დასავლეთი ყველას გასაგონად დაადანაშაულა უკრაინის ომში. მან ბედნიერი სახით ჩამოართვა ხელი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის და რაღაცაზე სიცილით საუბარი დაიწყო, როცა მათ ორივეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი შეუერთდა. ირანის, ნეპალის, ტაჯიკეთის, თურქეთის და ვიეტნამის ლიდერები რუს პრეზიდენტს თამამად და სიხარულით ესალმებოდნენ, მათი დახურული მოლაპარაკებები შუაღამემდე გრძელდებოდა.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინის ომი გარკვეულწილად მოცემულობად გადაიქცა, ჩვეულებრივ მოვლენად“, – ამბობს ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი მარია რეპნიკოვა, ჩინეთისა და რუსეთის სპეციალისტი, – „ყველაფერი თავის რიგით მიდის, თითქოს არავითარი ომი არ არის და არც ათასობით ჯარისკაცი არ იღუპება“.

უკრაინის საგარეო საქმეტრა სამინისტრომ თავის განცხადებაში გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ სამიტის შემაჯამებელ, დასკვნით კომუნიკეში საერთოდ არ არის ნახსენები ის „უდიდესი, სისხლისმღვრელი და ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ხდება“.
თანაც ამ დროს ყველა ჩუმად არის და არაფერს ამბობენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომელიც არათუ დაეხმარა თავის რუს კოლეგას იზოლაციიდან გამოსვლაში და პირველად ათწლიანი პაუზის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ამერიკის მიწაზე მიიღო, არამედ წაეჩხუბა ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერებს და ამით ისინი პუტინს დაუახლოვა.

დონალდ ტრამპისა და ნარენდრა მოდის ურთიერთობა ძალიან გაუარესდა. იმის ნაცვლად, რომ ინდოელმა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადოს პაკისტანთან ომის შეწყვეტაში შუამავლობის გამო, ნარენდრა მოდი აშშ-ის მიმართ უკმაყოფილობას ამჟღავნებს – დონალდ ტრამპმა ინდოეთს სავაჭრო ტარიფები გაუზარდა, რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. ჩაუჯდა რა ვლადიმერ პუტინს პირად ლიმუზინში მოსალაპარაკებლად, ორივემ 50 წუთი საიდუმლოდ ისაუბრა, შემდეგ კი ტელეკამერების წინაშე ნარენდრა მოდი თბილად მოეხვია ვლადიმერ პუტინს და ზოგიერთებს მკაფიოდ მიანიშნა, რომ ინდოეთს აქვს სხვა ვარიანტებიც.

უკრაინასთან ომის პირველივე დღეებიდანვე რუსეთი დიდ ყურადღებას უთმობს თავის დიპლომატიურ ურთიერთობებს არადასავლურ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან, ინდოეთთან და თურქეთთან, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არტერიებად გადაიქცნენ რუსეთის სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკისათვის.

„საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ რუსეთმა სამწლინახევრიან მძიმე კონფლიქტს გაუძლო, საკმაოდ მტკიცედ დგას ფეხზე და ნელა, მაგრამ მაინც წინსვლას აგრძელებს, არამედ იმაშიც, რომ რუსული დიპლომატია მოხერხებული და ოსტატური გამოდგა“, – ამბობს მაიკლ ქიმიჯი, ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამების დირექტორი, – „მოსკოვმა დიპლომატიური ურთიერთობების ისეთი ქსელი ააწყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკისათვის, ძალას მატებს პუტინის სისტემას და ომის ნეგატიურ შედეგებს არბილებს“.

რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოჩენილ თბილ დამოკიდებულოებასაც აქვს თავისი საზღვრები. რუსეთის ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან ღრმა გამყინვარებაშია. ბრიუსელი ლაგამს სდებს რუსეთის იმ პარტნიორებს, რომელებიც ევროკავშირთან ვაჭრობით შემოსავალს იღებენ. ასეთი ქვეყნები თავს იკავებენ რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიების აღიარებისაგან და კრემლის სპეცოპერაციის მხარდაჭერისაგან.
მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ გაჩაღებულმა სავაჭრო ომებმა და მისმა ცვალებადმა საგარეო პოლიტიკამ კრემლს შესაძლებლობების „ფანჯარა გაუღო“. შედეგმაც არ დააყოვნა: პუტინმა და სი ძინპინმა განაცხადეს, რომ ერთმანეთისათვის ისინი უფრო მჭიდრო და სტაბილური პარტნიორები გახდნენ. სხვათა შორის, პუტინი ჩინეთს წლების წინ აფრთხილებდა იმ „ხელოვნური ქაოსზე, რომელსაც აშშ თესავს მსოფლიოში“.

„ჩინური დასაბუთება, რომელსაც მხარს რუსებიც უჭერენ, იმაში გამოიხატება, რომ მსოფლიოში განხეთქილების შემტან წყაროს სწორედ აშშ წარმოადგენს, – ამბობს მაიკლ ქიმიჯი, – მათთვის ეს უკვე უბრალო მემი და დისკუსიის საკითხი აღარ არის, არამედ სრული ჭეშმარიტება და სიმართლეა“.

ტიანძინის შეხვედრის შემდეგ ჩინეთი მეორე მსოფლიო ომში იაპონელ ოკუპანტებზე გამარჯვების (კაპიტულაციის) 80 წლისთავს აღნიშნავს. ვლადიმერ პუტინი ჩინეთში დარჩა და მონაწილეობა მიიღო პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმში – ანალოგიურად იმისა, რაც რუსეთმა 9 მაისს ჩაატარა მოსკოვში, წითელ მოედანზე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად. სი ძინპინი იმ სამხედრო აღლუმს პირადად ესწრებოდა, ახლა კი მან რუს სტუმარს უმასპინძლა.

მაგრამ მოსკოვის ძალისხმევისა და რუსული დიპლომატიის სიმარჯვის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებსაც რუსეთი თავისი ინტერესების სფეროდ თვლის, კრემლის გავლენა სუსტდება.
შანხაის სამიტის დროს კრემლს პასუხის გაცემა მოუწია რთულ კითხვაზე აზერბაიჯანთან მიმართებით – შეხვდებოდა თუ არა იგი ილჰამ ალიევს, რომელიც ასევე იმყოფებოდა ტიანძინში.

გასულ თვეში ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ჩავიდნენ და დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. ანუ ეს ნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა კრემლს დაასწრო და შუამავლის ინიციატივა „ხელში ჩაიგდო“, რასაც ადრე რუსეთი ასრულებდა ხოლმე. სხვათა შორის, პუტინი ტიანძინში მყოფ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, ილჰამ ალიევს კი არა.

სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა ტიანძინის სამიტს „დასავლეთისადმი პასუხი“ უწოდა, რომელსაც ბაჟებისა და ტარიფების ზრდით და დოლარის როლით მსოფლიო ბატონობის მოპოვება სურს.
„ის, რომ დასავლეთის კონკურენტები არამარტო გაიზარდნენ, არამედ ისტორიულ „კოლექტიურ დასავლეთს“ ბევრ სფეროში სჯობნიან კიდეც, ეს ყველასათვის აშკარაა“, – განაცხადა რუსმა მინისტრმა რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ცესკო და სახალხო დამცველი, „სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისია და სახალხო დამცველი  ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.

„2025 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა 4 ოქტომბერს დანიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები და შესაბამისად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო, საქართველოს სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ორი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუცია, ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს. საარჩევნო მთლიანობა და ჯანსაღი საარჩევნო გარემო ფუნდამენტურია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. თუმცა, როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ამ პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას. სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში, არაერთხელ დაფიქსირებულა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება. გასულ წლებში ასეთი თავდასხმის ობიექტები საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები და წევრებიც გამხდარან. ამასთანავე, პოლიტიკური დებატები მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით, რიგ შემთხვევებში, შეურაცხმყოფელი განცხადებებით ხასიათდება. სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტები საზიანოა და ხელს უშლის თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობას, საარჩევნო პროცესების შეუფერხებლად წარმართვასთან ერთად ამ პროცესებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რაც თავის მხრივ, უკიდურესად აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვის, ასევე, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის შეუცვლელი როლის გათვალისწინებით, ყველა მხარის ხელშეწყობით საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა უნდა მიეცეს სიძულვილის ენისგან თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა/წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის სამართლიან და თანასწორ პირობებში წარმართვას. ამავდროულად, აღსანიშნავია მედიის განსაკუთრებული როლი წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და სამართლიანად წარმართვის კონტროლისა და ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იქნება მედიის წარმომადგენლებმა, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას, გამოავლინონ მაღალი პროფესიული სტანდარტი. სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება და მსგავს ფაქტებს კრიტიკულად გამოეხმაურონ. დასასრულს, სიძულვილის ენის თავიდან აცილება და მასზე ადეკვატური რეაგირება აუცილებელია საარჩევნო მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად. აღნიშნული კი, თავის მხრივ არის სამართლიანობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი“,-აღნიშნულია ცესკოსა და სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.

როგორც დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების D ან E კატეგორია.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით და ვისაც სურვილი გაქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. საკითხი ეხება ავტობუსის მძღოლებს. ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების D კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში E კატეგორია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. კალაძის განცახდებით, ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მისამართზე: სადგურის მოედანი №2.

კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება. მისივე ინფორმაციით, ავტობაზები განლაგებულია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, ე.წ. გლდანის ხიდებთან, დიდ დიღომში და სამგორის რაიონში.

თბილისის მერია 2026 წლიდან ისტორიული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს

2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.

„ჩვენი ოთხი წლის წინანდელი დაპირებისამებრ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა. პროექტი დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ის იქცა ნათელ მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ერთად, პარტნიორობითა და ნდობით, მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიწყებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის იდეაც ვიცე-მერს, გიორგი ტყემელაძეს ეკუთვნის. კერძოდ, ეს არის ავარიული შენობების ჩანაცვლება ისტორიულ თბილისში. თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი. ეს არის ჩვენი ქალაქის იდენტობის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის სწორი და გრძელვადიანი გზა. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, მუნიციპალოტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

„გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება და ამ შესაძლებლობას უამრავი ადამიანი გამოიყენებს. ამ გზით ჩვენ ვაღწევთ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს: ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვაზე და, ამავდროულად, ვინარჩუნებთ ჩვენი ისტორიული არეალების უნიკალურობასა და ავთენტურობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – სამ კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ  დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს – დაკავებულია ოთხი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა. ა. და წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული თ.ნ., 1991 წელს დაბადებული გ.ძ. და 1981 წელს დაბადებული ბ.მ.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” მოიშორეს კონკურენტი – ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ -ანა წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, გადაცემაში “პოზიცია”, გაიხსენა 2015 წელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა, მისი მოკავშირეებიდან თუ ვის უხაროდა ეს ამბავი ყველაზე მეტად.

წითლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ამბავი “გიჟივით უხაროდა”, რამდენადაც შემდეგ მან დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი.

“2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ თინა ხიდაშელი გიჟივით მინისტრი გახდა. “რესპუბლიკელებმა” მაშინ მოიშორეს კონკურენტი. შიგნით მოკავშირეები მაინც ალასანია და “რესპუბლიკელები” იყვნენ, როგორც ორი პროევროპული. ალასანია გამოვიდა და თქვა, რომ იცვლება ქვეყნის კურსი და მივდივარო. ალასანია წავიდა, ყველაზე პროევროპელი ტიპი, რომელიც ამერიკულ კადრად ითვლებოდა, ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ. დოლიძე წაიყვანა მერე მოადგილედ, იქ ხომ კურიოზებია მერე. ჯარი ჰყვებოდა, რომ მოვიდნენ ჩვენთან, აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა ჯარშიო, დადიოდა დოლიძე ლეპტოპით და wifi-ის ეძებდა, სანგარში ვისხედით სადღაცო”, – აცხადებს ანა წითლიძე.