Home Blog Page 5

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრ საკითხში წარმატებას მიაღწევთ. გარშემომყოფების კარგად გესმით და ყველაზე რთული ხასიათის ადამიანებთანაც კი საერთო ენის გამონახვას შეძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ გრძნობებსა და შესაძლებლობებში გაერკვეთ. საეჭვოა, ვინმემ მოგატყუოთ ან გეგმებზე უარი გათქმევინოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ და ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობა, საიდანაც სახლში ნამდვილი მეგობრებით დაბრუნდებით.

კურო

ამჟამად სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს და თვალთახედვიდან არაფერი გეპარებათ. ის კუროები, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრების შეცვლას გეგმავენ, ახალ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადადგამენ და მიხვდებიან, რომ სწორ გზას დაადგნენ. ამ დღეს კარგად გამოვლინდება თქვენი ლიდერული თვისებები და შესაძლოა, ყოფილმა მეტოქეებმაც კი მხარი დაგიჭირონ.

ტყუპები

ამ დღეს უმჯობესია მნიშვნელოვანი და რთული საქმეების დაგეგმვას თავი აარიდოთ, რადგან მათი ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ, დასვენება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება – ძალებს აღიდგენთ. გირჩევთ, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, ვინც ხშირად გაკრიტიკებთ ან თქვენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს. საღამოს ძველ მეგობრებთან შეხვედრა და საუბარი სასიამოვნო იქნება.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია. ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ყველა საქმე სწრაფად და სასურველი შედეგით დაასრულოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ურთიერთობაში აგრესიულობამ და ზედმეტმა თავდაჯერებამ შეიძლება ნათესავებისა და მეგობრების პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ, თითოეულ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და, რაც მთავარია, კომპრომისი მოძებნოთ. გირჩევთ, საყვარელი ადამიანი პრეტენზიებით არ დაღალოთ.

ლომი

საკმაოდ კარგი დღეა მათთვის, ვინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. გაჩნდება შანსი, რომ რაიმე ახალი ისწავლოთ ან სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. ბოლოს და ბოლოს, დაასრულებთ საქმეს, რომელსაც ბევრი დრო და ენერგია დაუთმეთ. საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის – მათი მხარდაჭერის მიღებას შეძლებთ, ვისთანაც ადრე ურთიერთობა არ გამოგდიოდათ.

ქალწული

ამ დღეს აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ან გეგმების შეცვლას ნუ იჩქარებთ – ამჟამად ემოციებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ სიტუაციაში გაერკვეთ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, აღმოაჩენთ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება შექმნილ ვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულონ. მოსალოდნელია უთანხმოება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, თუმცა საღამომდე ყველა კამათი და წყენა წარსულს ჩაჰბარდება.

სასწორი

თუ გსურთ თანამოაზრეები და მოკავშირეები შეიძინოთ, ამ საქმით დილიდან უნდა დაკავდეთ. თქვენი მიზანდასახულობა გადამდებია, ხოლო ენთუზიაზმი – ყველას აღაფრთოვანებს. საკუთარი საქმეებისა და მიღწევების შესახებ საუბარი არ მოგერიდოთ. ამ დღეს პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება უმნიშვნელო პრობლემამაც კი გონება აგირიოთ და დაგეგმილზე ხელი აგაღებინოთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც ამ დროს მხარს დაგიჭერთ და გამოგაფხიზლებთ. გრძელვადიანი პროექტის დაწყებამდე დაფიქრდით, რა არის ის, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ცდით, შესაძლოა ბევრი ენერგია ფუჭად დაკარგოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე უფრო შესაფერისია დასვენებისთვის, ვიდრე რთული და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. გადაღლის და დაბნეულობის გამო მოსალოდნელია შეცდომები იქ, სადაც სხვა დროს თავს იოლად გაართმევთ. დაწყებული საქმეების მიმართ ხშირად ინტერესს კარგავთ, ამიტომ ახლის დაწყება სიფრთხილით უნდა განიხილოთ. ძველი პროექტის განხორციელებამ შეიძლება, შემოსავლის ახალი წყაროები გაპოვნინოთ.

თხის რქა

რთული და ქაოსური დღეა. ყოველ წუთს ახალ-ახალი საქმეები იჩენს თავს და თითოეული მათგანი ყურადღებას მოითხოვს. პრიორიტეტების სწორად დალაგება გაგიჭირდებათ, ამიტომ ერთი საქმიდან მეორეზე გადადიხართ, ისევ პირველს უბრუნდებით და ა.შ.; სწორად შერჩეულ ადამიანთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, რომ ბევრ საკითხს სხვაგვარად შეხედოთ. ზოგიერთები მიხვდებიან, რა შეცდომა დაუშვეს და ეცდებიან, რაც შეიძლება სწრაფად გამოასწორონ.

მერწყული

ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზებითა და წარმატებული დამთხვევებით გაგახარებთ. ხელიდან არ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ წარმატებას მიაღწიოთ ან მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრათ. როგორც მეგობრული, ისე საქმიანი შეხვედრები კარგად ჩაივლის, მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაც. ეცადეთ, თითოეულ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და, საჭიროების შემთხვევაში, კომპრომისი იპოვოთ.

თევზები

დღის დასაწყისში ფინანსურ საკითხებთან მიმართებით განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ეცადეთ, ზედმეტი არ დახარჯოთ, თავი შეიკავეთ სპონტანური შენაძენებისგან და ხელშეკრულებებს ნუ გააფორმებთ, სანამ პირობებს დაწვრილებით არ შეისწავლით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მეგობრული შეხვედრებისა და გართობისთვის. თევზ მამაკაცებს საინტერესო ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი ელით, თუმცა ის მხოლოდ იმედგაცრუებას და ნერვიულობას მოუტანთ.

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტოს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა ისევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურას რუსთავში – +38 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო მინიმალურს – +22 გუდაურში.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +30 – უმეტესად ღრუბლიანი 

სოხუმი +30 – უმეტესად ღრუბლიანი 

ზუგდიდი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +29 – უმეტესად მზიანი

ფოთი +29 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +28 – წვიმა

ოზურგეთი +29 – წვიმა

ქუთაისი +33 – უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური +34 – უმეტესად ღრუბლიანი 

ახალციხე +34 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +32 – უმეტესად მზიანი

ბაკურიანი +28 – უმეტესად ღრუბლიანი 

გორი +36 – უმეტესად ღრუბლიანი 

ცხინვალი +34 – უმეტესად ღრუბლიანი 

სტეფანწმინდა +26 – უმეტესად ღრუბლიანი 

გუდაური +22 – უმეტესად ღრუბლიანი 

თელავი +34 – უმეტესად ღრუბლიანი 

რუსთავი +38 – უმეტესად მზიანი

თბილისი +36 –  უმეტესად მზიანი 

,,ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს ის და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები”- ევროკავშირის პრესსპიკერი

ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას ორი წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და უსამართლოდ დაკავებული პირები“.

„მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას, მის ევროპულ მისწრაფებებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

,,პარტია „ლელომ“ გადაიხადა ჯარიმა, შესაბამისად, დასრულდა საქმისწარმოება და ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა”- აღსრულების ეროვნული ბიურო

,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა.

კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს „ლელო – ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა. მოგვიანებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ ყადაღა გავრცელდა „ლელოს“ ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატებოდა. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა”- ხარაგაულის მერია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით ხარაგაულის მერია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

მერიის ინფორმაციით, სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი გაიყვანეს ალტერნატიულ საცხოვრებლებში, ნაწილი კი გაყვანაზე უარს აცხარებს.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.

მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 3,73133 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას „ალფაპევეპეს“ (α-PVP).

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

,,ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს”- ვიქტორ ორბანი

ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამიტომ გაჩნდა ტრანსატლანტიკური განხეთქილება.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ამერიკელებმა „მშვიდობის“ პოზიცია დაიკავეს, ამავდროულად, ევროპელ ლიდერებს სურთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება და ტრამპმა ამ პოზიციის შეცვლა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

„მეგონა, ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი იქნებოდა იმისთვის, რომ ევროპელი ლიდერები მიემხრო, მოეწონებოდათ თუ – არა. შემდეგ ყველას ერთი და იმავე გზის გავლა მოუწევდა, მაგრამ ის საკმარისად ძლიერი არ იყო. ასე რომ, პრობლემას რუსებსა და უკრაინელებში ვერ ვხედავ, არამედ იმაში, რომ ამერიკის პრეზიდენტი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს. შეგიძლიათ, ამ მარშრუტით კიდევ რამდენიმე თვე იაროთ, მაგრამ ეს გზა გაუვალია ან გზა გავლილია და ბოლოს ნაპრალია. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დაფინანსება. ჩვენ არ გვაქვს ფული, განსაკუთრებით არ გვაქვს ფული იმისთვის, რომ საკუთარი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ნაცვლად, ამერიკული იარაღის ყიდვაზე დავხარჯოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად ტრენერების გადამზადება დაიწყო

ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განხორციელება დაიწყო, რაც ტრენერთა კორპუსის გადამზადებას ითვალისწინებს.

პროექტი მასშტაბურია, სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.

ტრენერთა ტრენინგი 2025 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში  განხორციელდება. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლებისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო სერვისის უზრუნველყოფას. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს გააცნო არჩევნებისთვის შემუშავებული  ტრენინგების კონცეფცია, რომელიც, თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, საარჩევნო ადმინისტრატორთა კვალიფიკაციის ზრდას ემსახურება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სასწავლო პროგრამების იმპლემენტაციის მიზნით, ტრენერები გადამზადებას გაივლიან ორი პროფილური მიმართულებით:

  • პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით (სამიზნე აუდიტორია: 2 284 კომისიის წევრები);
  • პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე (სამიზნე აუდიტორია: 767 კომისიის წევრები).

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის სერვისების განხორციელების პროცესში. სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა, არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა, პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა. ამ ჭრილში განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი), ეთიკის ნორმები და საუბნო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს შემდეგი სისტემით ჩაატარებენ:

  • ხუთ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა – დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით;
  • ოთხ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა – დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე.

ამასთან, ტრენერები უზრუნველყოფენ ტრენინგების დამატებითი ეტაპის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს კომბინირებული სწავლების მეთოდოლოგიით განახორციელებენ. გათვალისწინებულია სიმულაციები და როლური თამაშები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის, ხმის მიცემის პროცედურული ასპექტების, ხმების დათვლის პროცესის წარმართვის გაანალიზება-შესწავლის მიზნით. პრაქტიკული სავარჯიშოების მაქსიმალური დატვირთვით წარიმართება ტრენინგები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების წესის სწავლებასთან დაკავშირებით.

გადამზადების პროგრამის გავლის შემდგომ, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2025 წლის 21 აგვისტოდან – 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებენ. დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება.

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6993 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6993 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7013 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1184 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა. 

ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში.

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობები გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მოუწოდებენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ყადაღა ვრცელდება “ლელოს” ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატება -აღსრულების ეროვნული ბიურო

ყადაღა ვრცელდება „ლელო – საქართველოს“ ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატება, – ამის შესახებ ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ „ლელო – საქართველოს“ მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს „ლელო – ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა.