Home Blog Page 5

სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქემ დაზიანება მიიყენა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქემ ყელზე დაზიანება მიიყენა. აღნიშნულ პიროვნებას დახმარება ადგილზე გაეწია და ადგილზე რჩება.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქემ თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. ის ბუფერულ ზონაში არსებულ პირობებს აპროტესტებდა და ქვეყნის დატოვების უფლებას მოითხოვდა.

როგორც შსს-მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალ პირებს, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.

როგორც უწყება აღნიშნავს, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. უწყება იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი შეწყდება – ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენებას მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატის განმარტებით, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოს ქვეყანამ ევროკავშირის გზას გადაუხვია, უარგუმენტოა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

„როდესაც ევრობიუროკრატების ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციით შანტაჟისა და მოსახლეობაზე ზეწოლის შეჩერების მოლოდინი არ აქვს, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება.

„საგარეო ურთიერთობების მხრივაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენს მიმართ გაჟღერებულია ბრალდებები პრორუსულობის შესახებ, თითქოს საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს ა.შ. როდესაც ევრობიუროკრატების ამ ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ
განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, მაგალითად ხორციელდება ასოცირების ხელშეკრულება, სხვადასხვა უწყებები მუშაობენ, ქვეყნის პოლიტიკური კურსი აბსოლუტურად პროდასავლური და ცივილიზებული ღირებულებებისკენ არის მიმართული და ამას ადასტურებს სხვადასხვა რეიტინგიც, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება.

რაც შეეხება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თემას, ეს არის მათი ერთ-ერთი იარაღი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის შანტაჟისკენ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი [ევრობიუროკრატები] ამ იარაღს გადააგდებენ, შეწყდება შანტაჟი და არ იქნება ზეწოლა მოსახლეობაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში კვლავ გაიმარჯვებს საღი და გონივრული აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება. ეს რომ მოხდეს, საქართველომ უნდა დაარღვიოს ის ტექნიკური მოთხოვნები, რაც ვიზალიბერალიზაციით არის გათვალისწინებული. ეს არის ოთხი დიდი ბლოკი – დოკუმენტების უსაფრთხოება, ადამიანების უფლებების დაცვა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ყველა ამ ოთხი მიმართულებით საქართველოში არის პროგრესი და ამას ადასტურებს სხვადასხვა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს – 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვამ ახალ დონეს მიაღწია. ისრაელის მთავრობის დახმარების მიწოდების მოდელი საშიშია, არასტაბილურობას აღვივებს და ღაზაში მოსახლეობას ადამიანურ ღირსებას ართმევს. საშინელებაა ის, რომ დახმარების მიღებისას 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოწოდებით გამოდიან.

„2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი მძევლები საშინლად იტანჯებიან. ჩვენი მოწოდება მათი უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა. მოვუწოდებთ მხარეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად ერთად იმუშაონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.

თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„22 ივლისს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბებში.

სამივე გვირაბში არსებული განათებები თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით იცვლება.

აღნიშნულ პერიოდში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში საგზაო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება; გალაკტიონის ხიდის ქვეშ გვირაბში შეზღუდვა ცალმხრივად, „ლაგუნა ვერედან“ მშრალი ხიდის მიმართულებით იმოქმედებს; დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით ერთ ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაატარე ზაფხული შენებურად-  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის  უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი ან თიბისი კონცეპტ 360,  21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაგეგმოთ და დასაჩუქრდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობით.

ის მომხმარებლები, რომლებიც შეთავაზების პერიოდში (21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით) მობაილბანკიდან პირველად აიღებენ ახალ თიბისი ბარათს და ყველაზე სწრაფად შეასრულებენ  ნებისმიერი ოდენობის პირველ 10 ტრანზაქციას, დასაჩუქრდებიან საზღვარგარეთ მოგზაურობით.

გადახდა შესაძლებელია მომხმარებლისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ქვეყანაში: ფიზიკურად, ონლაინ, ციფრული საფულით.

საგზურით დასაჩუქრდება სულ 5 მომხმარებელი, რომელებსაც გამარჯვების შესაძლებლობა შემდეგ პერიოდებში ექნებათ: 21 ივლისი- 27 ივლისი, 28 ივლისი- 3 აგვისტო, 4 აგვისტო- 10 აგვისტო, 11 აგვისტო-17 აგვისტო, 18 აგვისტო-24 აგვისტო.

გამარჯვებულები თიბისის მიერ შერჩეული ტურისტული სააგენტოს დახმარებით, 10,000 ლარის ფარგლებში, თავადვე დაგეგმავენ საზღვარგარეთ მოგზაურობას- შეარჩევენ დანიშნულების ადგილს და ყველა სხვა მათთვის საჭირო მომსახურებას.

გაატარე ზაფხული შენებურად — დაგეგმე შენი მოგზაურობა ისე, როგორც თავად გსურს. აიღე ბარათი მობაილბანკიდან სულ რაღაც 30 წამში.

შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალები და აუცილებელი პირობები იხილეთ ბმულზე.

(R)

“რატომ თვლის პუტინი ბლეფად ტრამპის მიერ ტარიფების ზრდას რუსეთის წინააღმდეგ”-The Spectator

„რუსეთში დონალდ ტრამპის 50-დღიანი ულტიმატუმი დაცინვის ობიექტად იქცა, – ნათქვამია ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით:
„რატომ თვლის პუტინი ბლეფად ტრამპის მიერ ტარიფების ზრდას რუსეთის წინააღმდეგ“ (ავტორი – ალექსანდრე კოლიანდრი, ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ულტიმატუმს, თუ რუსეთი 50 დღის განმავლობაში არ დათანხმდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებენ, აშშ-სთან ვაჭრობაში დრაკონული სანქციები დაუწესდებათ – ტარიფები 100%-ით გაეზრდებათო, რუსულმა დიპლომატიამ თავისი მთავარი იარაღი დაუპირისპირა – დასავლეთისადმი დაცინვა და აგდებული დამოკიდებულება. აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას რუსი პროკრემლური პოლიტიკოსები თეატრალურად გამოხატული ისეთი ზიზღით შეხვდნენ, რუს დრამატურგს და მწერალს ანტონ ჩეხოვს რომ დაენახა, იამაყებდა მისი მოთხრობების გმირების სახის რეალიზებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელიდან არ გაუშვა სარკაზმის დიპლომატურად გამოხატვის შესაძლებლობა და შანხაის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების კოლეგებთან პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა: „მოსმენილი გვაქვს მისი 24-საათიანი და 100-დღიანი დაპირებები, მაგრამ ეს უკვე გავლილი ეტაპია. ახლა 50 დღე დაგვითქვა… რა უნდა მისტერ ტრამპს, დღემდე ვერ გავიგეთ… იქნებ გვითხრა, რისი სურვილი ამოძრავებსო“.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების შესრულებას“ – ჯორჯ ორუელისებური ამ ევფემიზმით სახელით მათ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრა მონათლეს, ჩვენ კი მას ომს ვუწოდებთ. მართალია, თვითონ ვლადიმერ პუტინს სიტუაციისათვის ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი არასოდეს არ ყოფილა ის ადამიანი, ვისაც სხვის ნოტაციების მოსმენა უყვარს, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის ბაგეთაგან წარმოთქმული. „როცა პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, ის აუცილებლად მოახდენს რეაგირებას’, – განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რა თქმა უნდა, რუსი ჩინოვნიკების მოქმედება შეიძლება ზოგს ყოყოჩობად და გამომწვევ მოქმედებად მოეჩვენოს, მაგრამ თუ ყველა მათ განცხადებას თვალს გავადევნებთ, ნათლად დავინახავთ, რომ ისინი უფრო მეტად გათვლილია, ვიდრე საჩვენებელი.

დონალდ ტრამპის რიტორიკის მკვეთრი ცვლილება ერთი შეხედვით შთამბეჭდავია და მოულოდნელიც. აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში „თავს ევლებოდა“ ვლადიმერ პუტინს და უკრაინას – ტანჯულ ქვეყანას – კედელთან აყენებდა კაპიტულაციისათვის, მაგრამ გასული კვირაში, ორშაბათს, დონალდ ტრამპმა მკვეთრად შეცვალა საგარეოპოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ: დაიღალა რა თავისი რუსი კოლეგის ჯიუტობით, იგი უკრაინას იარაღის მიწოდების განახლებას დაპირდა, რუსეთს კი მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფების 100%-იან გადიდებას, რომ მათ კრემლთან აღარ ივაჭრონ და პუტინს შემოსავლები შეუმცირდეს ომის გასაგრძელებლად.

ქაღალდზე ეს მუქარები ძალიან სახიფათოდ მოჩანს: რუსული ნავთობის ექსპორტი, რომელიც პუტინის სამხედრო მანქანას სიცოცხლის ძალას ანიჭებს, ამერიკის სამიზნედ იქცა. ასეთი სანქციების შედეგად რუსეთს შეიძლება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება დღეში ხუთი მილიონი ბარელით შეუმცირდეს და თავისი საბიუჯეტო შემოსავლების თითქმის მეოთხედი დაკარგოს. მაგრამ რადგანაც საერთაშორისო ფასები ენერგორესურსებზე არ შეცვლილა, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბირჟები კრემლის სკეპტიციზმს იზიარებენ და არცთუ უსაფუძვლოდ.

ძირითადი პრობლემა იმაშია, რომ ვერც მოსკოვი და ვერც საბირჟო სპეკულანტები, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ დაიწყებენ მოქმედებას ვაშინგტონის სასანქციო საბაჟო ტარიფები. ეს გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ იდეა, როგორც ჩანს, ჩაფიქრებულია როგორც პოლიტიკური ჟესტი და არა როგორც პრაქტიკაში რეალურად განსახორციელებელი ნაბიჯი.

ტრამპის განცხადების ტონი და ხასიათი ნაკლებ ოპტიმიზმს უნერგავს მათ, ვისაც მისი შესრულების იმედი აქვთ. ამერიკის პრეზიდენტს ადრეც ბევრი ულტიმატუმი წაუყენებია ვლადიმერ პუტინისათვის, მაგრამ ისინი ცარიელი სიტყვები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას 2025 წლის მარტში დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაზე, რომელიც იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ვენესუელის ნავთობს ყიდულობენ, აშშ-სთან ვაჭრობის ტარიფები უნდა გაიზარდოს. პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი კი მოაწერა, მაგრამ დღემდე ბრძანებულება არ ამოქმედებულა.
50-დღიანი ვადა ვლადიმერ პუტინს აძლევს როგორც შესაძლებლობებს, ასევე სტიმულებს. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთმა საზაფხულო შეტევა გააგრძელოს – ყველაზე წარმატებული და ყველაზე ძვირადღირებულიც, თუ 2023 წელს შევადარებთ. იმის ნაცვლად, რომ ცეცხლი შეწყვიტოს და მშვიდობა დაუყოვნებლივ დაამყაროს, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია ვა-ბანკზე წავიდეს, გააძლიეროს ყოველდღიური დაბომბვები და უკრაინის თავდაცვას ძირი გამოუთხაროს. სექტემბრისათვის კრემლს შეუძლია მისთვის მომგებიან სიტუაციაში დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ან თეთრი სახლი დაარწმუნოს – ცოტაც დააცადოს და მოსკოვი თავის მიზნებს უკვე მიაღწევს.

თუ საბაჟო ტარიფების მატება ნამდვილად განხორციელდება, ისინი ამერიკის პრობლემებს შეუქმნის თავის ძალზე მნიშვნელოვან პარტნიორებთან ურთიერთობაში. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი – რუსული ნავთობის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე, ისინი უზომოდ გაზრდილი სავაჭრო ბარიერების წინაშე აღმოჩნდებიან. იდეა, რომ ამერიკას 100%-იანი ტარიფების შემოღებით, შეუძლია პეკინთან ვაჭრობა, უბრალოდ, შეწყვიტოს, ეკონომიკურ რეალობას ეწინააღმდეგება. გავიხსენოთ სავაჭრო ომი, რომელიც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ ტარიფების მატებით გააჩაღა: რა შედეგი გამოიღო? პრაქტიკულად არაფერი, პრეზიდენტმა უკან დაიხია.
ანალოგიური სახით აშშ პრობლემებს გაიჩენს ინდოეთთანაც იმ დროს, როცა ვაშინგტონს დელის მხარდაჭერა სჭირდება ჩინეთის ეკონომიკური დომინირების შესუსტებაში.

თურქეთთან დაკავშირებით ამერიკული სატარიფო სცენარი საერთოდ აბსურდულად გამოიყურება: რა სანქციები, რის სანქციები სამხედრო მოკავშირისა და ნატოს წევრის მიმართ? თურქეთი ხომ აშშ-ის ინტერესების გამტარებელ ქვეყანას წარმოადგენს სირიაში და სამხრეთ კავკასიაში!

არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპის სანქციების ყველაზე საჩვენებელი ნეგატიური პროგნოზი იქნება ის, თუ როგორ გაიზრდება ნავთობის ფასები, რომლის თავიდან აცილებას დონალდ ტრამპი აცხადებდა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. იმ დროს, როცა ისეთი ალტერნატიული ქვეყანა არ არსებობს, რომელიც რუსეთის მიერ ყოველდღიურად მოპოვებულ ხუთ მილიონ ბარელ ნავთობს ჩაანაცვლებს – მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამერიკელი ავტომობილისტები ბენზინის ფასის სწრაფი მატების წინაშე დადგებიან. და თუ პლუს ამას ინფლაციაც დაემატება, ტრამპისეული ანტირუსული სანქცია ამერიკელების ჯიბესაც მტკივნეულად დაარტყამს. პრეზიდენტისათვის, რომლის წინასაარჩევნო კამპანია ეკონომიკურად „კარგად გათვლილ პროგრამას“ ეფუძნებოდა, ასეთი მოქმედება თვითმკვლელურ სტრატეგიად შეიძლება შეფასდეს. .

ბედის ირონიით, დონალდ ტრამპის მუქარამ ვლადიმერ პუტინს უკვე მოულოდნელი საჩუქარი მოუტანა: პრეზიდენტის განცხადებამ ფაქტიურად დაბლოკა კონგრესის მცდელობები კონკრეტულად რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციები დაწესებულიყო. სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტიუნმა განაცხადა, რომ ორპარტიული ანტირუსული პაკეტის განხილვას შეაჩერებს, რომელსაც კონგრესის ზედა პალატაში უკვე 85 მხარდამჭერი ჰყავს. სენატის კანონპროექტი ითვალისწინებდა ტარიფების ზრდას… 500%-ით. ასე რომ, ვლადიმერ პუტინს ოცნებაც კი არ შეეძლო ესოდენ კარგ შედეგზე.

„მე თქვენი არ მჯერა“, – ასე უთხრა ერთხელ რუსმა თეატრალურმა რეჟისორმა კონსტანტინე სტანისლავსკიმ თავისი თეატრის იმ მსახიობებს, რომლებიც სიმართლის იმიტაციას ახდენდნენ და არადამაჯერებლად წარმოსახავდნენ რეალობას. იგივეს გავიმეორებ – არც მე მე არ მჯერა დონალდ ტრამპისა. ბაზრებიც, როგორც ჩანს, ამ შეფასებას იზიარებენ. დონალდ ტრამპის განცხადება უფრო რიტორიკის ცვლილებაა, ვიდრე მისი არსისა.
ამიტომაც მოსკოვის დამცინავი დამოკიდებულება შეიძლება გამართლდეს. ვლადიმერ პუტინმა უკვე არაერთხელ ამხილა დონალდ ტრამპის ბლეფები და მასთან საუბრებში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური რეალობა, პოლიტიკური სიტუაცია და აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები (ანუ ის, რომ აშშ-სათვის ნავთობი ფასის გაზრდა საზარალოა) ამ შემთხვევაში კრემლის სასარგებლოდ მუშაობენ, რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ შეუძლია ვაშინგტონის ულტიმატუმს დასცინოს.
მოსკოვის დამაჯერებლობა იმას მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე დიდი ხანია იცის პასუხი თავისი ამერიკელი კოლეგის მცდელობაზე – ტრამპის მუქარა ბლეფია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება

დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება, მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება საშუალება, ისარგებლოს ინიციატივით და მიმართოს სააგენტოს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით.

„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტის შემუშავება განხორციელდა სააგენტოს მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესწავლილ იქნა სახელმწიფოს ძირითადი დოკუმენტები, როგორიც არის „ხედვა 2030“, ასევე სექტორული დოკუმენტები. ამის შემდეგ უკვე ჩავატარეთ არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა, საბჭოს წევრები ჩართული იყვნენ ამ პროცესში. საბჭომ მოკვლევის, კონსულტაციების შედეგების, ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შემდეგ წარედგინა მთავრობას დასამტკიცებლად. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირად, საგრანტო განაცხადის მაძიებლებად მოვიაზრებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ეს გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირები. ნებისმიერ მათგანს შეუძლია, ისარგებლოს ამ ინიციატივით. დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით.

რაც შეეხება ბიუროკრატიას, ჩვენ იმისათვის შევიმუშავეთ ყველა წინაპირობა, განვსაზღვრეთ დანართები, რომ ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ პირს, ისარგებლოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სატელეფონო იქნება თუ ასევე პირადი კონსულტაციით, ხელი შევუწყოთ ყველა პირს, რომელიც კონკურსის მონაწილედ, გადაწყვეტს, მომართოს სააგენტოს. წელს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია 20 მილიონის ასიგნებები. რაც შეეხება ინდივიდუალურ საგრანტო წინადადებას, ამ კუთხით თავად გრანტის მაძიებელი განსაზღვრავს, თუმცა საკონკურსოდ ჩვენ გამოვაცხადებთ პირველ ეტაპზე მცირე გრანტებს, რომლის ბიუჯეტი 100 ათასს ლარს არ უნდა აღემატებოდეს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7113 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1568 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს -საპატრიარქო

ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც საპატრარქოს განცხადებაშია ნათქვამი, „საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას“.

„აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას. მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე (რომელთა ჩანაწერებიც არსებობს) ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა.

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი. დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია.

სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს“,- აღნიიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

“მართლაც სურს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? – ტრამპი ზელენსკით და პუტინით მანიპულირებას ცდილობს”-Evrensel 

თურქული გაზეთ „ევრენსელში“ (Evrensel) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “მართლაც სურს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? – ტრამპი ზელენსკით და პუტინით მანიპულირებას ცდილობს” (ავტორი – იუჯელ ოზდემირი).

პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგობრივი და არასტაბილური დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რომელიც მისი პოზიციების ხშირ ცვლილებაში გამოიხატება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპისათვის ჩვეულებრივ საქმედ იქცა ის, რომ იგი სასურველი შედეგების მიღწევას დიპლომატიური წესების გვერდის ავლით ცდილობს – ზოგიერთ ქვეყნებს და მათ ლიდერებს ემუქრება, ზოგს კი დასცინის და ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს. და როცა აშშ-ის პრეზიდენტი ატყობს, რომ თავისი მიზნების შესრულება არ შეუძლია, იგი სწრაფად ცვლის თავის მიმართულებას 180 გრადუსით. ასეთი მოქმედების მაგალითები უამრავია და საკმაოდ გრძელი სიით დასტურდება.
ამ პრაგმატულ, იმპერიალისტურ და მერკანტილურ მიდგომას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები და შედეგები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა, სადაც სამწლინახევრის განმავლობაში სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებს. დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინს ჯერ ტელეფონით ესაუბრა, შემდეგ ხელი შეუწყო დელეგაციებს შორის პირდაპირი შეხვედრების გამართვას, ე.წ. „მშვიდობის ატმოსფეროს“ შექმნით კუთხეში მიიმწყვდია უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ქვეყნის იშვიათი მიწა ლითონების საბადოთა 50% მიისაკუთრა.

წარმატებით მოთოკა რა „მშვიდობის დამყარების მუქარებით“ ვოლოდიმირ ზელენსკი, ახლა დონალდ ტრამპი ცდილობს „ომის მუქარით“ ვლადიმერ პუტინს უკან დაახევინოს. მიიღო რა თავისი კიევისაგან, აშშ-ის პრეზიდენტი 180 გრადუსით შებრუნდა და უკრაინისადმი სამხედრო დახმარება განაახლა, ხოლო გასულ კვირას, როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი წერს, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვის დასაბომბად წააქეზა. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია – „მოსკოვის დაბომბვისაკენ არ მომიწოდებიაო“, მაგრამ მისი პრაქტიკული მოქმედება რეალურად უბიძგებს უკრაინის ადმინისტრაციას საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს. სხვათა შორის, დონალდ ტრამპის უარყოფის მიუხედავად, დევიდ იგნატიუსმა სხვა მომენტებიც გაამხილა კომპეტენტური წყაროებიდან: ტრამპს უთქვამს, რომ არამარტო მოსკოვი, „სანქტ-პეტერბურგიც შეგიძლიათ დაბომბოთო“. ამ ინფორმაციის გაჟონვა, როგორც ჩანს, განგებ მოხდა, ვლადიმერ პუტინისათვის სიგნალის სახით.
დონალდ ტრამპის შებრუნებამ ომისაკენ ყველაზე მეტად ევროპული ქვეყნები გაახარა, რომლებიც თავის დროზე რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ იყვნენ მიწვეულნი. ახლა, კი, როგორც გერმანული გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ წერს, ნატოს ევროპული წევრები და ევროკავშირის ქვეყნები აღტაცებულები არიან ვაშინგტონის პოლიტიკის შეცვლით კიევის მიმართ.

პოლიტიკის ასეთი ცვლილება სუფტა მერკანტილური მოსაზრებით საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან იარაღი აშშ-სგან შეისყიდონ და შემდეგ უკრაინას აჩუქონ: გერმანია იყიდის ორ საზენიტო-სარაკეტი კომპლექსს „პეტრიოტს“, ხოლო ნორვეგია – ერთს და კიევს მისცემენ. თითოეულის ღირებულება ორიდან სამ მილიარდამდე დოლარს შეადგენს. ბუნებრივია, „პერტიოტების“ ფასს გერმანელი და ნორვეგიელი ხალხი საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის.

გერმანია, რომელიც ფრიდრიხ მერცის კანცლერობის დაწყებიდან სულ უფრო აქტიურად გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად და ომშიც ჩაბმასაც კი ცდილობს, ახლახან განაცხადა, რომ აშშ-საგან დამატებით შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტის „ტაიფუნის“ შესყიდვასაც აპირებს, რომლის ფრენის მანძილი 2 ათას კილომეტრს აღწევს.

ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს, რუსეთისადმი დარტყმის მისაყენებლად, არ მიჰყიდის, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთი უარის თქმას, თუ აშშ გერმანიას მისცემს და ბერლინი, თავის მხრივ, კიევს გაუგზავნის?

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ისევ კლავს ორ კურდღელს ერთი გასროლით: ერთი მხრივ, იგი აწოდებს იარაღს ევროპას უკრაინისათვის მისაცემად და რუსეთთან ომის გასაგრძელებლად და მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინს ემუქრება, მასზე ზეწოლას ახდენს ომის შესაწყვეტად. ანუ უკრაინამ და ევროპამ ომი უნდა გააგრძელონ, რუსეთმა კი უნდა შეწყვიტოს.

რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დასავლეთი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: სინამდვილეში მართლაც სურს თუ არა დონალდ ტრამპს ომის შეწყვეტა? უკრაინის კონფლიქტის ხარჯები ფაქტიურად ევროპის სახელმწიფოების, ანუ ევროპელი ხალხების კისერზე და ჯიბეზე გადადის, „ნაღებს“ კი ამერიკელები „ხდიან“. ამიტომაც სინამდვილეში ომის შეწყვეტა აშშ-სა და მისი ლიდერისათვის გადაუდებელ ამოცანას არ წარმოადგენს.

იმ ვარაუდით, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია თავისი პოზიცია ნებისმიერ მომენტში შეცვალოს, ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან „სტრატეგიულ ურთიერთობებს“ აღრმავებენ. გასულ კვირას საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელშიც სამხედრო კომპონენტიც შედის. ცოტა ხნის წინათ ბრიტანეთთან მსგავს დოკუმენტს ხელი მოაწერა გერმანიამაც.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი მოქმედება და მისი მერკანტილური ზრახვები ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აახლოებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აშშ-სგან დამოუკიდებლად მოქმედება აქვთ გადაწყვეტილი. მათ სჭირდებათ ამერიკა ისევე, როგორც ამერიკას სჭირდება ისინი – გლობალური კონკურენციის პირობებში (ერთი მხრივ, აშშ და ევროპა და მეორე მხრივ, ჩინეთი-რუსეთი).

დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისათვის წაყენებული 50-დღიანი ულტიმატუმი, რომლის უკან უკრაინისათვის იარაღის მიწოდება დგას და რომლითაც თეთრი სახლი კრემლზე ზეწოლას ცდილობს, შეიძლება უშედეგო გამოდგეს. ამ ვადის გასვლამდე – სექტემბრის დასაწყისამდე, კონკრეტულად კი აგვისტოში, როგორც ჩანს, ბევრი მოვლენა მოხდება და, ალბათ, არა უკრაინის სასიკეთოდ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ექვს თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა -ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას, თითქმის ორ მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.

„საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლი სმეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ითდა 241.9 მლნ. აშშშეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტნეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ითდა 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ითდა 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ითდა 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ითდა 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა)“,- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დაახლოებით რვა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს -რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, მაგრამ რბილად მოქმედებს, – ამ სათაურით აქვეყნებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას.

როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, თუმცა ევროპულმა კომისიამ წერილი გაუგზავნა თბილისს გაფრთხილებით, რომ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა თუ არ შესრულდება, ქართველების უვიზო მგზავრობის პრივილეგიები, შეიძლება, შეჩერდეს.

„ახლა კითხვა ისაა, რამდენად სერიოზულია ეს ვადა, შეცვლის თუ არა საქართველოს მთავრობა პოზიციას და, საბოლოო ჯამში, შეძლებს თუ არა ბრიუსელი, რეალურად იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეცვლის. ერთი რამ დასაწყისიდანვე იყო ნათელი. სანქციები, ორი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აქტივების გაყინვისა და ვიზების აკრძალვის უახლესი წინადადების ჩათვლით, განსახილველი არ იყო.

როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა მომზადებით შეხვედრებზე ნათლად განაცხადეს, რომ ისინი ამას არ დაამტკიცებდნენ. ევროკავშირის დიპლომატების თქმით, რომლებსაც განხილვების შესახებ ინფორმაცია აქვთ, საკითხს მოკლედ შეეხნენ, მაგრამ რადგან ერთსულოვნება აუცილებელია და აშკარად მიღწევადი არ იყო, შეთანხმდნენ, რომ სანქციების მიმართ მუშაობა ბრიუსელში უფრო დაბალ დონეზე გაგრძელდებოდა. ეს ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ ამგვარი შემზღუდველი ზომები ახლო მომავალში არ მოხდება. და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ იმავე მინისტრებმა იმავე შეხვედრაზე ვერ მიიღეს სანქციები ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებებისა და რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ევროკავშირის კონსენსუსის წესი კვლავ უშლის ხელს ბლოკს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

გასაკვირი იყო ისიც, რომ არ მომხდარა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის დაწყების ინიციატივა, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული დებულებების შეჩერება, განსაკუთრებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. საკითხი ისაა, რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამას, რადგან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან იმპორტი მხოლოდ, დაახლოებით, 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ეს საკითხი დააყენა და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მინისტრები ამ საკითხს დაუბრუნდებიან, როდესაც ისინი ოქტომბერში ფორმალურად კვლავ შეიკრიბებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, რიკარდ იოზვიაკის სტატიაში ვკითხულობთ, რომ, დაახლოებით, რვა წევრმა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს.

„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა დაასკვნა, რომ გადახედვის მექანიზმის ამოქმედების ვარიანტის განხილვა სავსებით შესაძლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნაბიჯი ერთსულოვნებას არ მოითხოვს. ამგვარად, თბილისზე ზეწოლის ერთადერთ დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის განსახორციელებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა იქნება საჭირო. დაახლოებით, რვა წევრმა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს და, შესაბამისად, არაპროპორციული იქნება. კალასმა მოუწოდა ქვეყნებს, მზად იყვნენ რეაგირებისთვის, თუ თბილისი ვერ დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში შემოთავაზებული უვიზო მიმოსვლის რვა კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმები მოიცავს საკამათო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას და ასევე საკამათო კანონმდებლობის პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ. ახლა მთავარი განსახილველი საკითხია, მართლა გააკეთებს თუ არა ევროკავშირი რამეს და რა არის საბოლოო ვადა?

საქართველოს პარლამენტი მთელი აგვისტოს განმავლობაში ისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია, საგანგებო სხდომა მოიწვიოს, ბრიუსელში ცოტას სჯერა, რომ ეს მოხდება. თუმცა, აგვისტოში ევროკავშირიც „შვებულებაშია“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 აგვისტოს დანიაში არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან, ხოლო სექტემბერში – ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეიაზე, მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი, 20 ოქტომბერს გაიმართება“, – ნათქვამია რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.