Home Blog Page 5

 ,,ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე დაკავებულები გათავისუფლდებიან”- პრემიერი

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება განვუმარტეთ – ძალადობრივი აქტების გამო ძირითადად ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა და განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან შეხვედრების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბერსეს ასევე განუმარტა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მიტინგებმა მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.

„ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულება. გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები. განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება. განვუმარტეთ ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაშიც. ასევე, განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. ძალადობრივი აქტების გამო ძირითადად ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე. შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული. ეს არის განმარტება, რომელიც გენერალურ მდივანს მივეცით ამ საკითხზე. ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთი დაახლოებით 30 პატიმარია. ესეც განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს. რაც შეეხება გამოძიებას – როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით წარიმართება გამოძიებები. ამაზეც მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ვახტანგ გომელაურის დანიშვნა ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს დააჩქარა, მინდა, წარმატებები ვუსურვო მას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე

ირაკლი კობახიძე – ვახტანგ გომელაურის დანიშვნა ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს დააჩქარა, მინდა, წარმატებები ვუსურვო მას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე

ვახტანგ გომელაურის დანიშვნა ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ვახტანგ გომელაურს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე წარმატება უსურვა. 

„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის”- ალენ ბერსე

აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – საქართველოსთვის კრიტიკული დროა, საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერსეს თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შეხვედროდა ყველას, რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი.

„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია, დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება.

გამომდინარე იქიდან, რაც საქართველოში ხდება, ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, აქ რომ არ ვიყო და ხალხის გვერდით რომ არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის. მადლობა მინდა გადავუხადო, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი. გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსია მქონდა ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია. საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“,- განაცხადა ალენ ბერსემ.

 საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგს -ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.

ალენ ბერსეს თქმით, „დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში“.

„ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს, გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა-ზაზა ოქუაშვილი

აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა-ზაზა ოქუაშვილი
გამოსავალი „მთავარი არხის“ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთია, შეწყდეს „მთავარი არხის“ ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისთვის. ამისთვის აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა, – ნათქვამია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჯერ კიდევ არაშორეულ წარსულში, 2004 წელს, პირველად მე გავასაჯაროვე ხელისუფლების მიერ ბიზნესის შევიწროების, კერძოდ, „ომეგა“ ჯგუფისთვის წილების გამოძალვის ფაქტები, ტვ „იბერიას“ ჩათვლით. ასევე 2018 წელს, მე პირველმა გამოვამჟღავნე ივანიშვილის რეალური სახე, ისევ ჩემი „ომეგა“ ჯგუფისა და ტვ „იბერიას“ გამოძალვის მაგალითზე და დღეისთვის, ივანიშვილისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ მაქვს ოთხი მიმდინარე საერთაშორისო სამართლებრივი დავა, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სასამართლოებში.
დღეს ბიძინა ივანიშვილზე, ნიკა გვარამიასა და „მთავარ არხში“ მისი პროტეჟე გიორგი გაბუნიაზე მიწევს საუბარი. ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ტვ „იბერიას“ ბაზაზე დავაფუძნე. გახსნისთანავე ნიკა გვარამიამ, ჯერ იყო და 88,500 ლარი დაინიშნა ყოველთვიური ხელფასის სახით, შემდეგ კი, ფულის გათეთრებით დაკავდა – მილიონობით არადეკლარირებული ნაღდი დოლარის გათეთრებით, საქართველოდან საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით, ევროპისა და ბრიტანეთის ჩათვლით. როგორც დირექტორმა, ხელოვნურად გაკოტრების პირას მიიყვანა “მთავარი არხი“ წლების მანძილზე სახელმწიფო საბიუჯეტო დავალიანებით, რომელიც დღესდღეობით 13 მილიონი ლარია. ამავდროულად ომეგა ჯგუფის კუთვნილი თანხები, ნიკა გვარამიამ, როგორც დირექტორმა, არამიზნობრივად გახარჯა და ომეგა ჯგუფი, როგორც „მთავარი არხის“ მფლობელი, დამატებით 6 მილიონამდე ლარით დააზარალა.
გვარამია და გაბუნია, „მთავარ არხზე“ საკუთარი ფინანსური დანაშაულებების ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ. ნიკა გვარამიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციის დასანაწევრებლად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
ცხრა თვეა, რაც „მთავარ არხზე“ ჩემ მიერ წარდგენილმა დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ „მთავარი არხის“ ძველი და ახალი გენერალური დირექტორების დანაშაულებები გამოავლინა. მას 50-ზე მეტი გაფრთხილების წერილი აქვს მიწერილი გიორგი გაბუნიასა და სხვა პასუხისმგებელი პირებისთვის, ნიკა გვარამიას ჩათვლით, „მთავარ არხზე“ დანაშაულებრივი მაქინაციების შეწყვეტის მოთხოვნით.
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ცხრა თვის განმავლობაში, მათი მხრიდან ყოველმხრივი ზეწოლისა და წერილობითი მუქარის მიუხედავად, არ აწერს ხელს კანონშეუსაბამო დოკუმენტაციას და მოითხოვს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან, რომ ტელევიზიის საქმიანობა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ტელევიზია განთავისუფლდეს ერთპიროვნული კონტროლისგან ნიკა გვარამიასი, რომელიც დღეისთვის თვითონ არის ივანიშვილის და მისი ჯგუფის ინსტრუქტაჟისა და მფარველობის ქვეშ, უკანონოდ მითვისებული მილიონობით ლარისა და დოლარის გამო.
ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ, ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე პერიოდი აირჩიეს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად და შეეცადნენ საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები და თანაც ახლა. ეს იმ ფონზე, როდესაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიმდინარეობს გიორგი ქურდაძის, როგორც დირექტორის ხელმოწერის კანონგარეშედ უგულებელყოფა. ტელეკომპანია „მთავარ არხში“ არაფერი იცვლება, იმის მიუხედავადაც, რომ სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური და გენერალური პროკურატურა, ფლობენ აღნიშნულ ფაქტებს.
საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ გამოსავალი „მთავარი არხის“ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთია: შეწყდეს „მთავარი არხის“ ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისთვის. ამისთვის აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. ტელეკომპანიაში კი, ვაკანტურ ადგილას უნდა დაინიშნოს „მთავარი არხის“ თანამშრომლებთან ერთად შერჩეული პირი, აგრეთვე აირჩეს ბორდი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, რათა ტელეკომპანიამ კანონიერად იმუშაოს, მაუწყებლობა იყოს დაბალანსებული და ობიექტური. არხის თანამშრომლების პროფესიული და თავდადებული შრომა კი არ უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური სარგებლისთვის, ნიკა გვარამიას მართული როლით.
ჩემ გარდა „მთავარი არხის“ მსხვილი წილის მეორე რეალურ მფლობელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად, ჯერ კიდევ სანამ დროა, აქტიურად ჩაერიოს პროცესში, რომ „მთავარი არხი“ არ შეეწიროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ნიკა გვარამიას გამოყენებით. ისინი „მთავარ არხზე“ კონტროლის დაკარგვას და დამოუკიდებლად დატოვებას, „მთავარი არხის“ დახურვას ამჯობინებენ. დღეისთვის, დროული მოქმედებით, ჩვენ ორს ერთად, „მთავარი არხის“ ყველაზე დიდი წილის მფლობელებს, შეგვწევს ძალა, ჩავაყენოთ ტელევიზია საზოგადოების სამსახურში“, – წერს ზაზა ოქუაშვილი.

 ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ უბედურების ზარმა ჩამოკრა, მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს, რადგან კარგად იციან, რას ნიშნავს ეს ვიზიტი -გურამ მაჭარაშვილი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს ლეგიტიმურობას და გზას უხსნის ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გადატვირთვის პროცესი აუცილებლად დაიწყება.

„რადიკალური პროცესების მომხრე „ნაცმოძრაობაში“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა. საქართველოში ასეთი მაღალი მაღალჩინოსნის ვიზიტი ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ლეგიტიმურობას და მეორე მხრივ, მწვანეს უნთებს და გზას უხსნის ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან. ამიტომაც არის, რომ „ნაცმოძრაობის“ ფრთის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს. რატომ? – კარგად იციან, რას ნიშნავს რამდენიმე დღით საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი. ეს ნიშნავს ისედაც არსებული ლეგიტიმაციის დადასტურებას და გადატვირთვის დაწყებას. ბუნებრივად ხდება ის, რომ გადატვირთვის პროცესი აუცილებლად დაიწყება, რადგან ჩვენი ქვეყანა აქამდე ღირსეულად მოვიტანეთ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. თბილისში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ასევე შეხვდა ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილთან.

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

27 დეკემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

20 დეკემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„20 დეკემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს, ღამით მოიმატებს ყინვები, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია -2 გრადუსამდე ყინვა.  შემდეგ დღეებს რაც შეეხება, ყინვა არ არის მოსალოდნელი და გამოიდარებს. დღის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში მოიმატებს და +15 +17 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში და დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ზოგან იქნება ნისლი.

გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში, მოსალოდნელია -10 -12 გრადუსი.

უნალექო ამინდები 27 დეკემბრამდე შენარჩუნდება“

უკრაინა და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპული გაზის ჰაბის შექმნას გეგმავენ, რომლის საშუალებითაც ევროპა ბუნებრივ აირს, რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს

უკრაინა და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპული გაზის ჰაბის შექმნას გეგმავენ.

ამ ჰაბის მეშვეობით ევროპა ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს.

ცნობისთვის, რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის კონტრაქტის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვარს იწურება. როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი კოლესნიკი აცხადებს, უკრაინული მიწისქვეშა საცავებისა და პოლონური გათხევადებული გაზის ტერმინალებით შესაძლებელი იქნება ახალი ბიზნესმოდელის შექმნა, რაც რუსული გაზის ტრანზიტს ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე მიმართა პარტნიორებს შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის შეთავაზებით. კოლესნიკის თქმით, ის ელოდება გრძელვადიანი და საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებას, როგორც ეს აშშ-ში მოქმედ ბიზნესმოდელებში ხდება.

„ეს დაეხმარება უკრაინასა და პოლონეთს, შეინახოს იმდენი ბუნებრივი აირი, რამდენიც მთელ აღმოსავლეთ ევროპას სჭირდება“, – განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კიევმა და ვარშავამ ბუნებრივი აირის ბაზრების ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში გააფორმეს. აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ევროპელი კოლეგების თხოვნის საფუძველზე კიევს შეუძლია, სხვა კომპანიების გაზის ტრანსპორტირება მოახდინოს. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინა მზადაა, ნებისმიერი გაზი მიაწოდოს ევროპას, გარდა რუსულისა.

17 დეკემბერს ევროკავშირის წამყვანმა კომპანიებმა უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრიიდან და იტალიიდან განაცხადეს, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ვადის ამოწურვამ, შესაძლოა, გაართულოს ბუნებრივი აირის მიწოდება და გაზზე ფასების მატება გამოიწვიოს. მათ თხოვნით მიმართეს ევროკომისიას, რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივება სცადოს. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა, კონტრაქტი გაახანგრძლივოს. უკრაინა „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს ამბობს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება -შსს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

თუმცა, საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

აღსანიშნავი გარემოებაა, რომ აქციაზე მიმსვლელ პირთა ნაწილის მიზანი, თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ მათ შეკრებაზე მისვლისთანავე თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები – ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა და სხვა. ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციების ორგანიზატორების ოფისებიდან ამოღებულია აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის.

აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა.

ხაზგასასმელია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე, სპეციალური ხმოვანი საშუალებებით.

სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული მომიტინგეების შესახებ.

საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ პოლიცია ახორციელებდა მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე პირები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაკავების მომენტში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ: 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის, კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა.

რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.

აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმები, ქურდობის 60-მდე ფაქტი, მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.

დაფიქსირებულია პირადი ნივთების ქურდობის ათეულობით ფაქტი. დამტვრეული და დაზიანებულია რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა შენობების გარე ფასადი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასი ათასობით ლარს აღემატება.

ბოლო დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა.

პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

27 დეკემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში

20 დეკემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„20 დეკემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს, ღამით მოიმატებს ყინვები, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია -2 გრადუსამდე ყინვა.  შემდეგ დღეებს რაც შეეხება, ყინვა არ არის მოსალოდნელი და გამოიდარებს. დღის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში მოიმატებს და +15 +17 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში და დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ზოგან იქნება ნისლი.

გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში, მოსალოდნელია -10 -12 გრადუსი.

უნალექო ამინდები 27 დეკემბრამდე შენარჩუნდება“,

უსამშობლოებს შევახსენებ – ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა-ზარქუა

მე ამ უსამშობლოებს შევახსენებ, ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ლეგიტიმაცია ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.

„ევროპის სხვადასხვა ლიდერები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩამოვლენ და მივიღებთ, დაველაპარაკებით როგორ მოხდეს იმ გაუგებრობის აღმოფხვრა, რომელიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ლობისტური ჯგუფების დამსახურებით მივიდა აქამდე“, – აღნიშნა ზარქუამ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ოპოზიციური სპექტრის უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ალენ ბერსი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა.