Home Blog Page 5

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

20 ივნისიდან, თბილისმა რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უპასპინძლა. იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავი ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა ტექ პროფესიონალებმა მოიყარეს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა.

“ასეთი კონფერენციები საქართველოსთვის და მთლიანად, რეგიონისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების მომცემია, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააჩინონ შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის.

ქვეყანაში და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” – ამბობს ნიკა ქურდიანი, “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, რომელიც 21 ივნისს, GTWT-ს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო და აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 20 მილიონამდე მომხმარებელს.

Global Tech Weekend 2025-ის სამი დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეში გააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები -იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარებს.

25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და არჩევნების ისტორიაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე. 

პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასში  სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია! – მიხეილ ყაველაშვილი

ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

იგი ამგვარად ეხმაურება 26 ივნისს – ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნარკომანია და ნარკოდანაშაული ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევად რჩება, რომელიც საფრთხეს არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის, არამედ უამრავ საზოგადოებრივ პრობლემას წარმოშობს და მომავალ თაობებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

ჩვენი მიზანია მკაფიო, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმით, მომავალი თაობა მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ.

ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება და ნარკოტიკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი ვალდებულებაა, რათა მომავალი თაობა უსაფრთხო გარემოში აღიზარდოს, არჩევანი კი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, განათლებასა და განვითარებაზე გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა.

ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია. ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა ინსტიტუციურ დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები.

მივესალმები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ორი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია!” – წერს პრეზიდენტი.

საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს – ნორვეგიის საგარეო უწყება

საქართველოში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს, – ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ნორვეგია უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის თაობაზე შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება, ძალაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან შევიდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შეთანხმების ამოქმედებისთანავე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM“, „A“,„A1“, „A2“, „B“, „B1“, „C“, „D“, „C1“, „D1“, „BE“, „CE“, „DE“,„C1E“, „D1E“კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას, 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს, ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი ხდება? – The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი ხდება? ირანზე დარტყმით და კონგრესის დაქვემდებარებით დონალდ ტრამპი აბრამ ლინკოლნის დროიდან ყველაზე მეტი ცალმხრივი და ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე ლიდერია“ (ავტორი – ჯონ ბოუდენი). პუბლიკაციაში განხილულია დონალდ ტრამპის მართვის მეთოდები – იგი ყველა საკითხში ჩარევასა და ყველაფრის დაქვემდებარებას ერთპიროვნულად ცდილობს, იგნორირებს საკუთარი ადმინისტრაციის წევრების პოზიციას და ყველას თვითონ მიუთითებს, რა და როგორ გააკეთოს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ნათლად მიანიშნა, რომ მას სურს ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი იყოს აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში. შესაძლოა, იგი უკვე არის უძლიერესი ლიდერი. დონალდ ტრამპის განცხადებამ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის თაობაზე დემოკრატების მწვავე რეაქცია გამოიწვია – მათ პრეზიდენტი მორიგი ახლოაღმოსავლური ომის ესკალაციაში დაადანაშაულეს, რომელიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ირან-ისრაელის კონფლიქტში უშუალოდ ჩარევამ დონალდ ტრამპს შესაძლებლობა მისცა გაეფართოვებინა აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვრები და გაეგრძელებინა ის ტენდენცია, რომელიც მან იანვარში დაიწყო, სახელდობრ, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ცენტრალიზაცია და მისი პირადად მართვა ოვალური კაბინეტიდან. ამ ძალისხმევის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პრეზიდენტის მზადყოფნა – არაფრად არ ჩათვალოს თავისი მოადგილის (ვიცე-პრეზიდენტის) და მრჩევლების პოზიცია, რომლებსაც ხშირად საჯაროდ აკრიტიკებს და უარყოფს თავის გამოსვლებში

რაც შეეხება ირანს, დონალდ ტრამპმა ამ საკითხში დინამიკა ისე ააჩქარა, რომ მისი ბრძანებით ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამართლება ძალიან დაემსგავსა ერაყის ომში, 2002 წელს, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის თავის მართლებას.

ხომ გახსოვთ, რომ ჯორჯ ბუშმა ერაყში შეჭრა იმით გაამართლა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი აქვსო. დონალდ ტრამპმა კი საწინააღმდეგო ტაქტიკა აირჩია: მან საჯაროდ უარყო მთავრობის ერთ-ერთი პასუხისნგებელი პირის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის განცხადება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.

როცა პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, „რას იტყვით დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომ ირანს ბირთვული ბომბის შესაქმნელად რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამსო, პრეზიდენტმა უპასუხა:

„- ჩემი სადაზვერვო უწყება სცდება… მოიცა, რომელმა თქვა ასე დაზვერვის უწყებაში?

– თქვენს მიერ დანიშნულმა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა…

– იგი სცდება… და საერთოდ, მე სულ არ მადარდებს, თუ რა თქვა ტულსი გაბარდმა. მე გეუბნებით, რომ ირანელები ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვული ბომბის შექმნასთან“.

აი, ასე ამბობს პრეზიდენტი დაზვერვის ინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გამოიცანით, ვინ გაიმარჯვა…

იგივე შეიძლება ითქვას ვიცე-პრეზიდენტის მიმართაც: ჯეიმს ვენსმა ტელეარხ NBC-ის გადაცემაში „შეხვედრა პრესასთან“ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს განზრახული ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი დონალდ ტრამპმა  თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკურად არაკორექტული იქნება „რეჟიმის შეცვლა“ ვთქვა, მაგრამ თუ ირანის დღევანდელ რეჟიმს არ შეუძლია ქვეყნისათვის ძველი დიდების დაბრუნება, მაშინ ის უნდა შეიცვალოს. MAKE IRAN GREAT AGAIN! MAGA – MIGA!!!”

აზრი ერთიდაიგივეა: ამჟამად მხოლოდ პრეზიდენტის შინაგან რწმენას უნდა დავუჯეროთ. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი თავის რწმენას ელვისებურად იცვლის ხოლმე: ჯერ ამბობს, რომ „მე მტკიცე სამშვიდობო ზავი დავადებინე ისრაელს და ირანსო“, მაგრამ შემდეგ მტკიცე მეგობარს და მოკავშირეს ბენიამინ ნეთანიუჰუს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს და გაბრაზებული ეუბნება – „დააბრუნე უკან თვითმფრინავებიო“.

ორშაბათს MAGA-ს წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა მარჯორი ტეილორ-გრინმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრია ჯორჯიას შტატიდან და მხარს უჭერს დონალდ ტრამპს, ამჯერად ანტიტრამპისტულად განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის ცვლილებისადმი აშშ-ის ძალისხმევა ხანგრძლივ  სისხლიან ომს გამოიწვევსო. როც კონგრესვუმენს უთხრეს, რომ იგი პრეზიდენტის ნათქვამის წინააღმდეგ გამოდის, მან ასე უპასუხა: „ტრამპი მეფე არ არის, და არც MAGA არ არის კულტი… და საერთოდ, მე ჩემი აზრი მაქვს ამ საკითხში“.

დემოკრატებისათვის, რასაკვირველია, სასიამოვნო იყო ტრამპისტ მარჯორი ტეილორ-გრინის განცხადება, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ჯორჯიელ დეპუტატს მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს არც კონგრესის წევრ რესპუბლიკელებში და არც სახელმწიფო დეპარტამენტში, რომ მისმა მოქმედებამ ტრამპისტებში რაიმე ღრმა განხეთქილება გამოიწვიოს

პრეზიდენტის მცდელობის კვალობაზე, რომ მან მთლიანად დაიქვემდებაროს კონგრესის წევრი რესპუბლიკელები, მას ასევე განზრახული აქვს (და აკეთებს კიდეც), რომ ფედერალური სააგენტოების ფუნქციებიც კი ოვალური კაბინეტიდან განახორციელოს, თავისი მაგიდიდან. ანუ თეთრი სახლი მართვის ცენტრალიზებას ცდილობს, ყველგან და ყველაფერში.

დონალდ ტრამპის მოქმედებაში შესამჩნევია ერთი ნიუანსი – იგი არ ცდილობს კონგრესისათვის „კისერის მოგრეხვას“, რაც ყველა დროის ამერიკელი პრეზიდენტების ნატვრას წარმოადგენდა, კონგრესის ორივე პალატა მას ისედაც ხელში ჰყავს: წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც რესპუბლიკელები არიან უმრავლესობაში. ეს საკმაოდ უნიკალური სიტუაციაა რესპუბლიკელი პრეზიდენტისათვის. მაგრამ სამაგიეროდ, მან ბრძოლა გამოუცხადა ამერიკულ თემიდას – სასამართლოებს და ადგილობრივ ხელისუფლებს. ტრამპის იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა იმ მოსამართლეებს, რომლებიც შეცდომით დეპორტირებულ სალვადორელ კილმარ აბრეგო გარსიის უკან, ამერიკაში დაბრუნებას ითხოვდნენ. იგი დღეს ისევ ამერიკაშია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბოლოოდ მას მაინც გააძევებენ ქვეყნიდან. საერთოდ, დონალდ ტრამპი, მისი საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ინციდენტების გამო, მოსამართლეებს ნეგატიურად უყურებს და ცდილობს, ნებისმიერი მომენტით ისარგებლოს მათ საწინააღმდეგოდ.

ცალკე ყურადღების ღირსია კალიფორნიაში მომხდარი გამოსვლების დეტალები. პრეზიდენტის ძალის დემონსტრაცია, რომელიც შტატში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების შეყვანაში გამოიხატა, იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს მისთვის საძულველ  სახელმწიფო ჩინოვნიკებს – კერძოდ, შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს და ლოს-ანჟელესისი მერს კარენ ბასს (სხვათა შორის, ორივენი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები არიან) უფლებამოსილება წაართვას და თვითონ შეასრულოს.

და ბოლოს, ინციდენტი ტელეარხ „სი-ენ-ენთან“ დაკავშირებით, რომლის ჟურნალისტმა ნატაშა ბერტრანმა ეჭვქვეშ დააყენა დონალდ ტრამპის განცხადება ირანის ბირთვული ობიექტების განადგურების შესახებ და გამოაქვეყნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საიდუმლო მოხსენების ფრაგმენტები (ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით), რომლის თანახმად, აშშ-ის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული ოპერაცია ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა – ირანმა თავისი ბირთვული პოტენციალი შეინარჩუნა. „ნატაშა ბერტრანი მატყუარაა და ის CNN-დან უნდა გათავისუფლდეს. მას საყვედური უნდა გამოეცხადოს და ძაღლივით უნდა იქნას გაგდებული ტელეარხიდან. მან ჩვენი პატრიოტი პილოტების დამსახურება ცუდად წარმოაჩინა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში.

მოკლედ, დონალდ ტრამპისათვის საკითხი იმით კი არ გამოიხატება, მზადაა თუ არა ადმინისტრაცია „წითელ ხაზს“ გადააბიჯოს (მან ეს უკვე გააკეთა), არამედ იმაში, თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლია. როგორ შეძლებენ დემოკრატები დონალდ ტრამპისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საერთოდ, ექნებათ თუ არა მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს წლებში? ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ივნისს საქართველოში

26 ივნისს ქუთაისში დღისით +32 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +29 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +20, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენს LGBTQ+ პრაიდის ჩატარების მოთხოვნის გამო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს. ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, სადაც მან უნგრეთის ხელისუფლებას LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდა.

„ასევე მოვუწოდებ კომისიას, ძალისხმევა ევროკავშირის წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევებისკენ მიმართოს – სფეროებზე, სადაც მას ნამდვილად აქვს მკაფიო როლი და პასუხისმგებლობა და სადაც ბოლო წლებში სერიოზული შეცდომები დაუშვა, როგორებიცაა ენერგეტიკული კრიზისი და ევროპული კონკურენტუნარიანობის შესუსტება“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ფონ დერ ლაიენმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარება დაეშვა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ განვიხილავთ“ – ანა წითლიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ განვიხილავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სტრატეგია არის ბრძოლა.

„რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, 13 წლის განმავლობაში და ბოლო წლებში, რასაც ახლა ოპოზიცია უძლებს, წარმოუდგენელია. გარანტიას ვდებ, რომ „ქართული ოცნება,“ როდესაც აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, ერთ დღეში დაიშლებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ მისცემენ ჩვენებებს. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ.

გადარჩენა არის ბრძოლაში, ეს ბრძოლა შეიძლება იყოს მოკლე და შეიძლება იყოს ხანგრძლივი. შესაბამისად, რა დრო დასჭირდება ამას, რომ რეჟიმი ჩამოშალო, ამის თქმა არ შეუძლია არავის. სტრატეგია არის ბრძოლა. ჩვენი ღრმა რწმენით და „ნაციონალური მოძრაობა“ამაში მტკიცედ ვდგავართ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი 13-წლიანი გამოცდილების შედეგი – არ არსებობს არანაირ არჩევნებში შეყოლა ბიძინა ივანიშვილის,“ – აღნიშნა ანა წითლიძემ.

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოულოდნელობების დღეა, გახალისდით და გაახალისეთ თქვენი გარემოცვა, დაგეგმეთ რომანტიკული ვახშამი, ან თუ მეწყვილე არ გყავთ, მცირე საჩუქრებით ოჯახის წევრები გაახარეთ.

კურო

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება. ნაყოფიერი დღეა საქმიანი კუთხით, მოლაპარაკებები და შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება.

ტყუპები

ნუ მოდუნდებით, გააანალიზეთ მოვლენები, რომელიც აქტუალურია თქვენს ცხოვრებაში. რომელ სფეროშია პრობლემები? სწორედ იქაა სამუშაო, სწორედ აქ უნდა მიმართოთ თქვენი ძირითადი დრო და ძალები.

კირჩხიბი

სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები, სტრატეგიულად გაწერეთ გეგმები, ნუ იმოქმედებთ სპონტანურად, ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს.

ლომი

ცვლილებებით აღსავსე დღეა. ნუ იმოქმედებთ სტანდარტული გზებით. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდ სიახლეებს შემოიტანს.

ქალწული

მეტი წინდახედულობა გამოიჩინეთ მგზავრობისას. იყავით ჩართული სოციალურ აქტივობებში, განსაკუთრებით, ისეთ თემებში, რომელიც განათლებას უკავშირდება.

სასწორი

მოუსმინეთ თქვენს გულს, აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებები და მიეცით საშუალება საკუთარ თავს, დატკბეთ არსებული რეალობით.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, სასიკეთო დღეა მგზავრობისთვის. დაფიქრდით იმაზე, თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში, პასუხებს, დიდი ალბათობით, დღესვე მიიღებთ.

მშვილდოსანი

თუ საშუალება გაქვთ, დაისვენეთ, აიმაღლეთ ენერგოტონუსი, შემოიფარგლეთ რუტინული საქმიანობით. ახალი წამოწყებებისთვის, ჯერ შესაფერისი დრო არ არის.

თხის რქა

მოდუნდით, არ არის საჭირო ყველაფრის კონტროლი, მიანდეთ პროცესები სამყაროსეულ დინებას. ყველაფერს თავის დრო აქვს, ის, რაც ახლა არ გამოგივიდათ, სამომავლოდ, აუცილებლად გამოვა.

მერწყული

მთავარია, შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, სხვა მხრივ, სასიკეთო დღეა მოლაპარაკებებისთვის და პარტნიორული ურთიერთობების დალაგებისთვის.

თევზები

მნიშვნელოვანი დღეა, სწორი ქმედებით მარტივად დაალაგებთ ურთიერთობებს როგორც თანამშრომლებთან, ასევე, ხელმძღვანელ პირებთან.

,,პუტინს შესაძლოა, უკრაინის მიღმა ჰქონდეს ტერიტორიული ამბიციები, მაგრამ მას ახლა საკითხის გადაწყვეტა სურს”- დონალდ ტრამპი 

პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს ტერიტორიული ამბიციები უკრაინის მიღმა, მაგრამ მას ახლა საკითხის გადაწყვეტა სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინს ისეთ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ირანის მსგავსად, რუსეთის პრეზიდენტთანაც შეძლებს საკითხის მოგვარებას.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე არ უსაუბრია.

„ის სინამდვილეში ძალიან კარგია. იცით, ცოტა რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ უფრო კარგი ვერც იქნებოდა. მგონი, მას სურს, ეს ყველაფერი დასრულდეს. რაც შეხვედრიდან გამოვიტანე, ვფიქრობ, მას სურს, ეს ყველაფერი დასრულდეს. ვფიქრობ, მას სურს, ეს დასრულდეს. ვფიქრობ, ახლა ამის დასრულებისთვის შესანიშნავი დროა. ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები და ვნახავ, შეგვიძლია თუ არა, ამის დასრულება. გასულ კვირას შვიდი ათასამდე ახალგაზრდა უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს სიგიჟეა. ზელენსკისთან კარგი შეხვედრა მქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათის განმავლობაში დასრულებასთან დაკავშირებით სარკასტული იყო, რადგან სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

„ვლადიმერ პუტინი უფრო რთული იყო. გულწრფელად რომ ვთქვა, ზელენსკისთან გარკვეული პრობლემები მქონდა. შესაძლოა, ამის შესახებ წაგიკითხავთ. ეს უფრო რთულია სხვა ომებთან შედარებით. ჩვენ 12 დღეში დავასრულეთ ომი, რომელიც 30 წელია დუღდა. ჩვენ დავასრულეთ რუანდის და კონგოს კონფლიქტი, დავასრულეთ სერბეთი და კოსოვო, ყველაზე მნიშვნელოვანი კი – ინდოეთი და პაკისტანია, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი. მე მათ ვუთხარი, თუ ბრძოლას გააგრძელებდნენ, სავაჭრო შეთანხმებები არ გვექნებოდა. მათ თქვეს, არა, ჩვენ უნდა გვქონდეს ეს შეთანხმებებიო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, მისცემს თუ არა აშშ-ი უკრაინას „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნახავს, შეუძლია თუ არა, აშშ-ს ზოგიერთი მათგანის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თუმცა აღიარებს, რომ მათი „მოპოვება ძალიან რთულია“.

,,არცერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე”- მიხეილ სარჯველაძე

“არცერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებაზე, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

“სახელმწიფო პასუხისმგებლობას ამავდროულად, იღებს იმაზე, რომ ეს სერვისი იქნება მიწოდებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. თვითონ სერვისის დიზაინი, რაც შეეხება იმას, როგორ იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, დარჩება უცვლელი – იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო, სადაც იყო ფასიანი, იქაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დარჩება ეს უცვლელად. მაგრამ, რასაკვირველია, ეს იქნება ორიენტირებული ხელმისაწვდომობაზე, საჭიროებაზე და არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე.

რაც შეეხება ასეთი ობიექტების დისტანცირებას დასახლებული პუნქტებიდან, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად შეწუხებულია ამ პრობლემით და ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ მიმართულებით ამ დრომდეც იდგმებოდა ნაბიჯი, თუმცა ეს გაცილებით უფრო ინტენსიური გახდება. მე მივიღე კონკრეტული დავალება პრემიერ-მინისტრისგან და, ბუნებრივია, რომ ეს უალტერნატივოდ შესრულდება,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, კერძო სექტორისთვის იკრძალება. ორივე მიმართულებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. ამას გარდა, პროგრამებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან გავა. მთავრობის ინიციატივაზე ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა გამართა. არგუმენტებად დასახელდა მკურნალობაზე ზრუნვა და ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება.