Home Blog Page 5

“დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ: როგორ შეიცვალა აშშ-ის ტონი უკრაინასთან დაკავშირებით” -Financial Times

“დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ: როგორ შეიცვალა აშშ-ის ტონი უკრაინასთან დაკავშირებით” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები არიან ქრისტოფერ მილერი, ჰენრი ფოი და მაქს სედონი. „მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს აკრიტიკებს, ეს სულაც არ ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტის „პროკიევურ“ პოზიციას. ამერიკას ჯერ არ აქვს მკვეთრად გადაწყვეტილი, რომ რუსეთს საბოლოოდ ზურგს შეაქცევს და უკრაინას დაეხმარება. დონალდ ტრამპი ძველებურად თვლის ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებაში პარტნიორად, ვოლოდიმირ ზელენსკის კი დაბრკოლებად“, – აღნიშნავენ ჟურნალისტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ კიევს დამატებით იარაღს მიაწვდის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო დანადგარს „პეტრიოტს“ (Patriot), რამდენიმე ერთეულის სახით. ამერიკელმა ლიდერმა ღიად გააკრიტიკა თავისი რუსი კოლეგა და არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მზად არის მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებისათვის. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვანი განცხადებით გამოვა უკრაინაში საომარი მოქმედებების თაობაზე, თუმცა რაიმე დეტალები და წვრილმანები არ გაუმჟღავნებია. „გულწრფელად რომ გითხრათ, პუტინი ჩვენ ბევრ სისულელეს გვეუბნება… საუბრის დროს თითქოსდა კეთილია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი ნათქვამი უაზრობაა“, – უთხრა დონალდ ტრამპმა მასმედიის წარმომადგენლებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ძალზე უკმაყოფილო ტონი პირდაპირ მომწონს იმას, თუ როგორ იცვლება თეთრი სახლის რიტორიკა. თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველ თვეებში ამერიკელი ლიდერი საომარი მოქმედებების გაგრძელებაში მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა, რაც ყველგან და ყოველი მხრიდან ჟღერდა – თვით თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდანაც კი.

მაგრამ, როგორც ნათქვამია, „დრონი იცვალნენ“: თებერვალში თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი ჯიუტობის გამო დონალდ ტრამპის უკმაყოფილება ბევრად გაიზარდა. იგი ახლა თავის განცხადებებში აქცენტს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აკეთებს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპის მრისხანება თავისი რუსი კოლეგის მიმართ ზოგიერთებს იმედს უნერგავს, რომ თეთრი სახლი ახლა უკვე მხარს ნამდვილად უკრაინას დაუჭერს, ასეთი პოზიტიური დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. ამგვარი რიტორიკა ჯერჯერობით კარდინალურად არ ცვლის ოფიციალური ვაშინგტონის მიდგომას კიევის მიმართ.

„რუსეთისა და პუტინისათვის ეს დარტყმას ნიშნავს: იმიტომ, რომ აშკარაა – ტრამპს მოთმინების ფიალა აევსო“, – განმარტავს მაქს ბერგმანი, ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, – თუმცა არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ აშშ უახლოეს ხანში უკრაინის ერთგულ მოკავშირედ გადაიქცევა და ყველანაირ იარაღს მიაყრის“.

ამასთან ნიუ-გემპშირელ სენატორს ჯინ შიჰანს, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მთავარი დემოკრატი წევრია, დიდი იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას სწრაფად გადასცემს აღთქმულ „პეტრიოტებს“. „ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პრეზიდენტი თავისი სიტყვის პატრონი იქნება და მისი განცხადება რეალურ და კონკრეტულ მოქმედებად გადაიქცევა“.

იმედმოცემულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც: „ჩვენ უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ – თანაც ძალიან კარგი – ჩვენი მეგობრებისაგან, მათ შორის აშშ-დან და ევროპიდან“, – თქვა მან შაბათის მიმართვის დროს უკრაინელი ხალხისადმი.

უკრაინის დრონების 429-ე ავიაპოლკ „აქილევსის“ მეთაურის იური ფედორენკოს თქმით, დონალდ ტრამპის რიტორიკის შეცვლა „უკრაინის არმიისათვის პოზიტიურ და სასარგებლო როლს ასრულებს“. „ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება დაძაბულობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რაც კიევისათვის ძალიან კარგ სიტუაციას ნიშნავს“, – უთხრა მან „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპის რიტორიკამ ევროპელებში გარკვეული იმედები გააჩინა აშშ-ის საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილების თაობაზე, თუმცა, როგორც ევროკავშირის ორი მაღალჩინოსანი ამბობს (ისინი ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ) „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში, ჯერჯერობით რეალურ ცვლილებებზე ლაპარაკი ადრეა. „ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავინახეთ ის მომენტები, რომლებიც თეთრ სახლში „პროკიევური“ პოზიციის გაჩენაზე მიუთითებდეს“, – განაცხადეს მათ.

თუ ზემოთ დასახელებულ მაღალჩინოსანთა კონფიდენციალურ ნათქვამს დავუჯერებთ, უკრაინის დასავლეთევროპელი მოკავშირეებიც ძველებურად ვარაუდობენ იმას, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს თავის მთავარ პარტნიორად განიხილავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისაკენ მიმართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი, თავის მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, ისევ ინარჩუნებს სამშვიდობო მოლაპარაკების მთავარი ხელშემშლელის არაოფიციალურ ტიტულს.

ევროჩინოვნიკებმა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ რა თქმა უნდა, „პეტრიოტის“ სარაკეტო კომპლექსებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისინი მშვიდობიან ქალაქებს იცავენ, მაგრამ მათი ქონა თუ არქონა არანაირ გავლენას არ ახდენს უკრაინის არმიის საომარი მოქმედების სასარგებლოდ სახმელეთო ფრონტის ხაზზე.
ატლანტიკური საბჭოს ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რეიჩელ რიცოს კომენტარის თანახმად, „დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადებები, ალბათ, უფრო მეტად მისი პირადი იმედგაცრუებაა ვლადიმერ პუტინის მიმართ, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკისაკენ გადახრა და უკრაინისადმი მხარდაჭერა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გარკვეულ და აშკარა წარმატებას მიაღწია დონალდ ტრამპის თვალსაზრისის შეცვლაში. ოვალურ კაბინეტში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ ბრიტანელმა პრემიერმა კირ სტარმერმა და ფრანგმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ურჩიეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ აუცილებელი იყო მისი მიდგომების კორექტირება აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ. მათ დაარიგეს უკრაინელი ლიდერი, რომ ნებისმიერი საჯარო გამოსვლის დროს ქება-დიდება მიეძღვნა დონალდ ტრამპისათვის, კიევის მხარდაჭერის აღსანიშნავად.

ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღიურად უწევს საქმე ჰქონდეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან, სადაც საკმაოდ ღრმა სკეპტიციზმი არსებობს კიევისადმი დახმარების გაწევის საკითხში. ამერიკელი ოფიციალური პირების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ვაშინგტონმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს არა ევროპის, არამედ აზიის ქვეყნებთან პარტნიორობას. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა საერთოდ უარი უნდა განაცხადოს რუსეთ-უკრაინის ომში რაიმე სახით ჩარევაზე.

ჯინ შაჰინი კი კატეგორიულია: „ამჟამად ჩვენ ვხედავთ დღევანდელი ადმინისტრაციის არათანამიმდევრულობას უკრაინის საკითხებისადმი მიდგომაში. ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, არის ის, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ომი და გავაგრძელოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე“. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც აგრძელებს რუსეთისადმი ზეწოლას, მათ შორის დიპლომატიურადაც – სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტის დროს მალაიზიაში შეხვდა, თუმცა უშედეგოდ – რაიმე არსებითი „გარღვევა“ არ მომხდარა. რუსმა მინისტრმა დაადასტურა პოზიცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის ჩამოყალიბებული.

„დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მომენტიდან ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება მხოლოდ საკუთარი პირობებით აინტერესებს. კრემლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში, – „ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან გარიგების დადებას აზრი არ აქვს, რადგან დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისედაც სუსტდება. ვნახოთ, როგორ იქნება სიტუაცია ბრძოლის ველზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

კერძო სექტორში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად, თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თიბისის, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და იყოს გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.

ამისათვის, თიბისი წლებია ქმნის მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ზრუნავს თავისი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე.

თანამშრომლობა თიბისისა და  UNFPA-ის საქართველოს ოფისს შორის გაზრდის შესაძლებლობებს, გააღმაოს და განამტკიცოს:

  • ოჯახზე ორიენტირებული სამუშაო პრაქტიკის დანერგვა;
  • გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ოჯახური პოლიტიკის ხელშეწყობა;
  • თანასწორი მშობლობა და შვილების ერთობლივი აღზრდის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებში ციფრული უსაფრთხოების ხელშეწყობა;
  • ყველა ასაკობრივ ჯგუფში ქალებისა და გოგონების გაძლიერება.

თიბისის მდგრადი განვითარებისთვის – ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის ყოლა როგორიცაა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყველა მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი – სრულად რეალიზებული. ამის მისაღწევად კი, UNFPA საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, მხარს უჭერს ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, რომელსაც სარგებელი მოაქვს, როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლებისათვის.

მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა – როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული – მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებადი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს.

(R) 

გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ა.ს. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან – წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული ნ.ვ. და 2003 წელს დაბადებული ნ.ა.

„დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ვ.ა-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ვ.-ს.

წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ბრალდებული ნ.ვ., თანმხლებ პირებთან ერთად, რომელთა შორისაც იმყოფებოდა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული რ.კ, ვ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა. ადგილზე მომხდარი განმეორებითი დაპირისპირებისას, ვ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც რ.კ დაიჭრა. მომხდარის შემდეგ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა რ.კ.-მ ტერიტორია მის ძმისშვილთან – ნ.ა.-სთან ერთად დატოვა, რომელიც ასევე დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, 1980 წელს დაბადებული ა.ს-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელიც ასევე დაკავებულია როგორც ბრალდებული პირი.

საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

“შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტემპერატურის მატების ფონზე ტყეში ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ აფრთხილებს

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ხანძრების გაჩენის რისკის ზრდის შესახებ აფრთხილებს.

„ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.

ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 300- დან 500 ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არასასურველია – შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. კომერციულ გარიგებებში მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. გირჩევთ, ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ერიდოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი აურა ძლიერდება და მომხიბვლელობა იზრდება. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა გელით. არ არის გამორიცხული, რომ პირადი ცხოვრების ან სასიყვარულო პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ.

კურო

გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენს აქტიურ ქმედებებს ფინანსური ზარალი მოჰყვება. მოერიდეთ აჩქარებას, ზედმეტად ნდობას და ახლობლებთან დაპირისპირებას. ამ ღამის სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

ტყუპები

ამ დღეს ბიზნესსაქმიანობა ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. სამთავრობო ორგანიზაციებთან ან დოკუმენტებთან მუშაობის დროს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და გადაჭარბებულ ნდობას უნდა ერიდოთ. სავარაუდოდ, ახალი ხანმოკლე გატაცება გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავების მხარდაჭერას იგრძნობთ. ის, რაც ადრე მიუწვდომელი გეჩვენებოდათ, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან ადვილად მიიღოთ. ძველი მეგობრების ან ნათესავებისგან მოულოდნელი დახმარება გელით. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს მოთმინება გამოიჩინოთ და საკუთარ ინტუიციას ენდოთ.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას ვერ შეძლებთ. ნებისმიერი საქმის დასრულებას დიდი სირთულეები მოჰყვება. ვარსკვლავების განლაგება კომერციულ გარიგებებში მოტყუების საშიშროებაზე მიუთითებს. მოულოდნელი პრობლემები გაიძულებთ, სრული დატვირთვით იმუშაოთ, რათა რთული ვითარებიდან გამოსვლა შეძლოთ.

ქალწული

ამ დღიდან თქვენი აურა ძლიერდება. იზრდება შრომის ნაყოფიერება და პიროვნული ხიბლი. ამასთან, მერკურის რეგრესული მოძრაობა ბიზნესსაქმიანობაში მეტი ყურადღებისკენ მიგანიშნებთ. უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე და ეცადეთ, ამ დღეებში ხალხმრავალ ადგილებში არ იაროთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

სასწორი

ეს დღე აურის შესუსტებას, დეპრესიას და ცდუნებებისკენ სწრაფვას განასახიერებს. ფრთხილად იყავით, სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება და მოვლენების ობიექტურად შეფასება გიჭირთ.

მორიელი

ჭეშმარიტების შეცნობისა და სულიერ პრობლემებზე ფიქრის დღეა. ამ ტენდენციამ შეიძლება, პროფესიული საქმიანობის შეცვლისკენ გიბიძგოთ. სავარაუდოდ, პერსპექტიულ წინადადებას მიიღებთ და დათანხმდებით. ახალი ბიზნესი, რომლის გახსნაზეც ფიქრობთ, ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუ ამის გაკეთება გადაწყვიტეთ, არასდროს ინანებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებთან დასაკავშირებლად ან დოკუმენტებთან მუშაობისთვის, მაგრამ აჩქარებას შეიძლება, ფინანსური ზარალი მოჰყვეს. სავარაუდოდ, ახალი ხანმოკლე გატაცება გელით.

თხის რქა

ამ დღიდან თქვენი აურა იზრდება, ძლიერდება მიზნების მიღწევის უნარი და პირადი ხიბლი. ამასთან, სატურნის გავლენა ჯანმრთელობის მცირე პრობლემებს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გართულებებს გამოიწვევს. წარმატებისკენ სწრაფვა ან გარშემო მყოფების მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიები ნერვულ სტრესს მოგიტანთ. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტი თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ოპტიმისტური განწყობითა და ენთუზიაზმით სავსე დღეა. ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოსკენ გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, პოზიციების განმტკიცების შესანიშნავი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. მერწყული ქალების უნიკალურობა და იდუმალება ბევრს მიიზიდავს.

თევზები

არახელსაყრელი დღეა მოგზაურობის, საბუთების გაფორმებისა და ქორწინებისთვის. ამჟამად თევზების ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. მოულოდნელი ხარჯები შეიძლება სახლში და სამსახურში ნეგატიურ ცვლილებებთან ასოცირდეს. სავარაუდოდ, ძველი ვალების დაბრუნება მოგიწევთ. არასტაბილურ წყვილებს დაშორება ელით.

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა

„დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც.

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე. თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ ამ ორ მცნებას ეფუძნება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ მოციქულს იხსენებს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა. დასრულების შემდეგ, კი მრევლს ქადაგებით მიმართა. 

 ,,ყოველი ქვეყანა ახლა გადაიხდის არსებითად მეტ ფულს თავდაცვაში” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ნატო-ს პრობლემა მოაგვარა და ახლა წევრი ქვეყნები მშპ-ს 5%-ს გადაიხდიან. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი ქვეყანა ახლა გადაიხდის არსებითად მეტ ფულს თავდაცვაში.

„ისინი 2%-ს არ იხდიდნენ, მაგრამ ახლა 5%-ს იხდიან. ასე რომ, ჩვენ წელიწადში ტრილიონ დოლარს ვხარჯავთ და ნატო-ში ძლიერი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში. მან არ იცოდა, სად იყო“, – აღნიშნავს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე და ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.

„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ამ ქვეყნის პოტენციალი წარმოუდგენელია. ის იყო ძალიან სულელურად მართული“, – განაცხადა ტრამპმა ტარიფებზე საუბრისას.

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებაში საუბარია, იმაზე, რომ დღევანდელობაში ევროპის დემოკრატია უკუსვლას განიცდის, რის ფონზეც მათ მიერ დაწესებული სანქციები, თუ დეზინფორმაციული წერილები არავის უკვირს.

„დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობას წართმეული აქვს სუვერენიტეტი და ისინი ერთი ხელით იმართებიან, უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს“,-ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოხატავს სრულ მზაობას ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ აღნიშნულ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დაუშვებენ ქართველი ხალხის საზიანოდ.

„ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო მზად არის პარტნიორებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და ევრაზიულ სატრანზიტო მარშრუტებში საკუთარი როლის გასაძლიერებლად – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში შემდგარ პანელურ დისკუსიაზე „ევროპისა და აზიის დაკავშირება: გზა პარტნიორობისა და კეთილდღეობისკენ”.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებში, ისაუბრა ევროკავშირთან, აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დაკავშირების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია გახდეს ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის დამაკავშირებელი ჰაბი.

„ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობით. ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებაზე და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური თავისუფლების, ღია ბაზრებისა და ბიზნესისთვის საიმედო გარემოს დამსახურებით, წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების მაგალითად იქცა, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული.

„ამგვარი ეკონომიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს თანმიმდევრულ განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და უწყვეტ რეფორმებს’’, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

საქართველო-ევროკავშირის შესახებ საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ევროპული იდენტობითა და საუკუნოვანი ევროპული მისწრაფებებით.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გარეშე, ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა რთული იქნება, ხოლო ძლიერი, ეკონომიკურად მდგრადი, მშვიდობიანი და სტაბილური ევროკავშირის შესახებ ხედვა – არასრული’’ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთის ოკუპაცია საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ რჩება და საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ობიექტურობის შენარჩუნება, ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება და საქართველოს როლის აღიარება.

2025 წლის 11-12 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრ გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს. აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფაზე ფიქრობს – CBS

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას CBS News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ახალი დაფინანსება შესაძლოა პასუხი იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურ თავდასხმებზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ახალი დახმარება მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს მიაწვდის, რათა ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა – ვლადიმერ პუტინი

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირმა აუტოდაფე მოახდინა, თვითლიკვიდაცია მოახდინა, ისინი ითვალისწინებდნენ, რომ რუსეთი გახდებოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დასავლეთში გადაწყვიტეს: კარგი, საბჭოთა კავშირი არ არსებობს, რატომ უნდა დავიცვათ წესები რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც არ აქვს ის პოტენციური ძალა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა; კარგი, ახლა ჩვენ რაღაცას ისე გამოვთვლით, როგორც გვინდა და ვიცხოვრებთ იმ წესებით, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით ჩვენთვის, რუსეთის ინტერესების იგნორირებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთს რუსეთზე გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღწევა სურდა.

მისი მტკიცებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა შეინარჩუნა აგდებული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების მიმართ.

„ეს იყო არა მხოლოდ აგდებული დამოკიდებულება, არამედ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო გარკვეული გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღწევის აშკარა სურვილთან“, – აღნიშნა პუტინმა.