Home Blog Page 5

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7201 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7201 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7238 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1714 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1967 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0253 ლარი შეადგინა.

საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „Pro V&V“-მ საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სამივე ფაზის აუდიტის შედეგები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად და შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

„გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ამერიკული კომპანია „Pro V&V“-ის შესაბამისობის განმახორციელებელ აუდიტორებთან, რომლის ფარგლებშიც გადმოგვეცა მესამე ფაზის ანგარიში ტექნოლოგიურ საშუალებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სამივე ფაზის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ტექნოლოგიური საშუალებები, ისევე როგორც შესაბამისი ბიზნეს პროცესები სრულ თანხვედრაშია ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან. ფაქტობრივად, ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ამომწურავი პასუხია გაცემული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეორე თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ორიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ პასუხს სცემს ყველა იმ მანიპულაციასა და სპეკულაციას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, „Pro V & V“- ის დირექტორმა, ჯეკ კობიმ აუდიტის შედეგების წარდგენისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გამართულად მუშაობს.

„ამ დროისთვის აუდიტის სამივე ფაზა შევასრულეთ. პირველ ეტაპზე გადავამოწმეთ მონაცემთა ბაზა და გადავამოწმეთ სისტემაში ხომ არ იყვნენ დამატებითი ამომრჩევლები, ან ისეთი პირები, რომელთაც ერთზე მეტი პირადობის მოწმობა აქვთ. მეორე ეტაპზე კონფიგურაციის პროცესის მონიტორინგი განვახორციელეთ, თითოეულ მოწყობილობაზე, მათ შორის ვერიფიკაციის აპარატზე, ხმის მთვლელი აპარატსა და პლანშეტებზე. მეორე ეტაპი, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე განხორციელდა. მესამე ეტაპი კი იყო საველე სამუშაოები. გავედით 23 საუბნო საარჩევნო უბანზე და მოვახდინეთ პროცესის იდენტიფიკაცია. ამ იდენტიფიკაციის საფუძველზე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებს ჰქონდა სწორედ ის კონფიგურაცია, რაც ჩვენ წინა ორ ეტაპებზე დავაფიქსირეთ. დღეს კი ცესკოში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ სამივე ფაზის აუდიტის შედეგები“, – განაცხადა ჯეკ კობიმ.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებდა კვლევის განხორციელებას სამ ფაზად.

„შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები არჩევნებამდე გადმოეცა საარჩევნო ადმინისტრაციას. საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:
• ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
• ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
• არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული;
• ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
• ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
• ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.

შესაბამისობის აუდიტის წარმატებით დასრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არის არა მხოლოდ ტექნიკური შემოწმება, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მკაფიო გამოხატულებაა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ტარდება ღიად და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს პროფესიონალიზმისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცების პრინციპებით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამერიკული აუდიტორული კომპანია „Pro V&V“ ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია შესაბამისი ავტორიზაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნების საარჩევნო ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებით და თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას მწარმოებელი ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ამერიკულ ბაზარზე“, – აცხადებენ ცესკოში.

არ მივიღებ შენიშვნას, თითქოს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე, შეგრძნება მქონდა, რომ ისინი აღარ იყვნენ რუსთაველზე, პაატა მანჯგალაძე კი სახლში მეგონა -ლევან სანიკიძე

არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან ერთად და ხომ არ გაემიჯნენ პროცესებს.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქვს ნანახი, ხუთი საათის განმავლობაში სად ვიყავი და სად ვმოძრაობდი. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა მანჯგალაძე მეგონა, რომ სახლში იყო წასული, იგივე შეგრძნება მქონდა, რომ ის ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. ჩატებში რა ხდებოდა, ყველამ კარგად იცის და საკუთარ თავზე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე. რომ მცოდნოდა, იქ იყვნენ დარჩენილი, მივიდოდი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ჟურნალისტმა ლევან სანიკიძეს აჩვენა ვიდეოკადრი და სანიკიძეს მიმართა: „კადრში მურთაზ ზოდელავა, ასევე ირაკლი ნადირაძე სპეცრაზმელების პირისპირ იყვნენ, მიდიოდნენ დასალაპარაკებლად და შემდეგ დაიძაბა ვითარება. მათთან ერთად მხოლოდ სამი ადამიანია, არცერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, რაზეც სანიკიძემ აღნიშნა:

„არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ, მაგალითად, ამ კადრიდან 5 წუთში ვიყავი ორბელიანის მოედანზე და ირაკლი ნადირაძე უკვე წიწაკის სპრეით იყო მოთხვრილი. მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვნახე და ფიზიოლოგიური ხსნარი ვასხი სახეში“.

თიბისის დაფინანსებით თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა

თიბისის დაფინანსებით, მონტესორის პირველი ლიცენზირებული ბაღი – „მონტესორი უნივერსი“ – გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება საქართველოში ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედდა. ბაღი თბილისში, ლისის ტბასთან, მდებარეობს და 2.5-დან 6-წლამდე ასაკის 180 ბავშვს მიიღებს.

პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 4.7 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება მილიონ ლარამდეა.

ბაღის შენობა დაპროექტდა და აშენდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბავშვებზე, რათა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად საქმიანობა და თამაში შეძლონ. მასწავლებლები გადამზადებულები არიან აშშ-ში, მონტესორის სასწავლო ცენტრში.

თიბისისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადად, განათლების სფეროს მხარდაჭერა. ბანკი სექტორს აქტიურად აფინანსებს – ამ მიმართულებით თბისის სასესხო პორტფელი 162 მილიონ ლარს შეადგენს. საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერით, თიბისი პარტნიორებთან ერთად საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და განათლების მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.

(R)

კალაძე და სხვა მერები თუ „20%-იანები“ არიან, რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში, რატომ დატოვე სახლში? პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, აუცილებლად გადაფასდება ყველაფერი -ბერდია სიჭინავა

თუ კალაძე და სხვა მერები „20%-იანები“ არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა?, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

„ორი დღეა, ვაკვირდები ბოიკოტისტების და ვერშემდგარი რევოლუციონერების მოლაპარაკე ფუყე თავთავებს: კალაძე 20%-იანი მერია“, „კალაძეს 20%-იანი ლეგიტიმაცია“ აქვს და ამ ამბავში ყველაზე თავხედობა ისაა, რომ ამ ფაქტს თავიანთი მავნე ბოიკოტისტური პოზიციის არგუმენტად იყენებენ. აი, თუ კალაძე და სხვა მერები „20%-იანები“ არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა? ვინ ხარ შენ, სულელი თუ „ოცნებასთან“ გარიგებული? რატომ აჩუქე „ოცნებას“ ყველაფერი ადგილობრივ დონეზე? რატომ დატოვე ხალხი სრულიად მარტო „ოცნების“ ადგილობრივი ფეოდალების და კორუფციონერი ჩინოვნიკების პირისპირ? ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, აუცილებლად გადაფასდება ეს ყველაფერი“, – წერს სიჭინავა.

არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია დაიწო.

ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან – პროფესიულ დონემდე.

საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.

კურსი ხელმისაწვდომია ორ ფორმატში:

  1. დამოუკიდებლად– ყველა ლექცია ხელმისაწვდომი იქნება YouTube-ზე. დისქორდის სერვერზე გაწევრიანების შემდეგ კი წვდომა გექნება კურსის ლექციებზე, მასალებზე, დავალებებზე და შეძლებ დასვა კითხვები და მიიღო პასუხები კურსის სხვა მონაწილეებისგან და ლექტორებისგან
  2. საოლიმპიადო ლაივ ფორმატში –საოლიმპიადო ფორმატში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ Google Meet-ით დაესწრონ ლექციებს რეალურ დროში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ლაივ ფორმატში.

საოლიმპიადო ფორმატში მონაწილეობისთვის უნდა გაიარო ტესტირებარომელიც შეეხება ლოგიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, ალბათობისა და პროგრამირების საფუძვლებს.

 არ გადადო, რეგისტრაციების დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, დარეგისტრირდი ბმულზე.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.

(R)

 2017 წელს 204 000 ხმა მივიღე, ახლა – 215 000, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ -კახა კალაძე

პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მათ მხარს არ უჭერენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, არჩევნები მშვიდ და თანასწორ გარემოში ჩატარდა და ეს შედეგებზეც აისახა.

„ჯერ არ აღიარებდნენ არჩევნებს და შემდეგ თავიანთ ამორმჩეველს მადლობა გადაუხადეს. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო. ყოველთვის ასე ხდება – არჩევნებამდე არსებულ სიტუაციაზეც, არჩევნების დღეზეც და შემდგომ მიღებულ შედეგებზეც. გაიხსენეთ სულ ერთი და იგივე მესიჯები აქვთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით არის ხოლმე გაჯერებული.

რაც შეეხება შედეგებს, ყველაფერი ცხადია, როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორი მშვიდი და თანასწორი გარემო იყო და ყველა პოლიტიკურ კანდიდატს შეეძლო ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ვიღაცებმა გამოიყენეს, ვიღაცებმა ნაკლებად, ზოგს ხედვა არ ჰქონდა საერთოდ. ყველაფერი შედეგებზე აისახა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს და შედეგებს, რომლის თანახმადაც მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა ბარიერი, დედაქალაქის მერის თქმით: „მინდა გავიხსენო წინასაარჩევნოდ გამართული დებატები. მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველა ოლქში მოიგებენო და ამაში ჩვენ გვადანაშაულებდა. ძალიან მარტივია – არავის უყვარს გააკეთოს სწორი ანალიზი. როდესაც შეცდომას თავად უშვებენ, ამას არ იაზრებენ, თუ რატომ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა ან როგორ უნდა შეცვალონ სიტუაცია და ხვალ მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ. საკუთარ შეცდომებზე არავინ საუბრობს, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მხარს არ უჭერენ.“

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არჩევნებზე დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 20%-მა დაუჭირა მხარი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე 2017 წელს ჰქონდა.

„შემიძლია, გაჩვენოთ 2017 წლის მონაცემები. მაშინ 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით არჩვნებში ხმების 71% მიიღო. აშკარად მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ გაქვთ ინფორმაცია და არ იცით როგორ ითვლება.

მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას. 215 000 ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და ვპირდები ყველას, რომ ამ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ უკან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან – კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის შედეგადაც საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ როგორი ძალა დგას მეორე მხარეს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს.

„ბევრი პრობლემა შექმნეს დედაქალაქში. მგონი, აქაც ხედავს საზოგადოება განსხვავებას – ჩვენ ვაშენებთ, ვქმნით, რეაბილიტაციას ვუტარებთ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს, ეს რადიკალები და მოძალადეები კი ანგრევენ, ანადგურებენ მათ. ძალიან მძიმეა და ცუდია. ხალხი ამ ყველაფერს აფასებს. ჩვენ, ცხადია, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით. მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას აქციის ორგანიზატორებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აღჭურვილობის შესაძენად ემიგრანტებისგან თანხის შეგროვებას ეხება.

„არ მინდა, შიდა დაპირისპირებაში ჩავერიო. ვიღაცამ ვიღაცას ფული მოპარა, ვიღაცა არასწორად მოიქცა, ვიღაცამ ეს თქვა – ეს არ არის ჩემი საქმე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სწორი, ჯანსაღი პოზიციისთვის. ზუსტად იმ 1 100 000-მა ადამიანმა გასცა პასუხი იმ მოძალადეებსა და ქვეყნის მტრებს, რომლებიც აგენტურის სახით გვყავს წარმოდგენილი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო “საშინლად დაბალი” სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი

სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში, – წერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, „ქართული ოცნების“ მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტებია, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ დიდ ქალაქებში სრული კონტროლი დაამყარა.

„ცნობისთვის, მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პროცენტი იყო „საშინლად დაბალი“, ვიცოდეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 41%. ანალოგიურ არჩევნებზე დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა (რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით) ბოლო 5 წელიწადში მერყეობს 40-45 პროცენტის დიაპაზონში. სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში. თბილისში აქტივობა იყო საშუალოზე ბევრად დაბალი -31% (თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში ნორმალური მოვლენა), რაც სწორედ აქ არსებული დიდი ოპოზიციური რესურსის გამო მოხდა. აქ ოცნებას დამარცხების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, რომ არა ბოიკოტი და 4 ოქტომბრისთვის გაცემული დაპირება რეჟიმის უალტერნატივოდ დამხობის შესახებ. საპროტესტო ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი იმისა რომ, „უკვე ჩამოგდებისთვის გამზადებული ხელისუფლების არჩევნებზე მისვლას“ აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, არის ოცნების მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტები და, პირველ რიგში, დიდი ქალაქების სრული კონტროლი. რომც მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ამ შედეგების გასაუქმებლად საკმარისი ლეგალური საფუძველი პრაქტიკულად არ იარსებებს“, – წერს გოგოლაშვილი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ოქტომბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.

ოქტომბრის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში 8 და 29 ოქტომბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  24, 27, 31 ოქტომბერს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა.  შეხვედრას ტრენერები – მირანდა მანჯგალაძე და ია ნადირაშვილი გაუძღვებიან.
  • მესამე ტრენინგი, რომელიც 13 და 16 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის როლს შეეხება. თიბისის AI-სა და მონაცემთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნუცა აბაზაძე ისაუბრებს, რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს და როგორ შეგვიძლია გავამარტივოთ ყოველდღიური ამოცანები AI-ის სწორად გამოყენებით.
  • ოქტომბრის კიდევ ერთი ტრენინგის თემა  იქნება ფინანსურ ანალიზი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, 21 ოქტომბერს გაიმართება და მას ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • მე-5 ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 21 ოქტომბერს ჩატარდება ESG თემატიკაზე  – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი”.  შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ ჩაატარებს. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

“გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო” – საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს” -რას წერს უცხოური პრესა

უცხოურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ტრადიციულად ყურადღება დაუთმეს და გააშუქეს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკაციებში და რეპორტაჟებში გარკვეული ტენდენციურობა და ცალმხრივობა შეიმჩნევა: გაზვიადებულია ოპოზიციის აქტიურობა, ხოლო ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები დემოკრატიული ნორმების დარღვევად არის წარმოჩენილი.

ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუბლიკაციად შეიძლება ჩაითვალოს გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებული სტატია სათაურით:  „გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო“ – საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს“ (ავტორი – ფლორიან ზადლერი), რომელშიც ვრცლად არის გადმოცემული თბილისში ოთხ ოქტომბერს განვითარებული მოვლენები.

“ქაოსი საქართველოში: ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა მთავრობის დამხობა მოისურვა. მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეს შეუტიეს და პოლიციის სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ. არიან დაშავებულები. ძლიერდება ნეგატიური ნიშნები იმისა, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ავტორიტარულ სახელმწიფოდ შეიძლება გადაიქცეს“, – წერს გერმანელი ჟურნალისტი სტატიის დასაწყისში.

„გერმანული საზოგადოების ყურადღება გადატანილია უკრაინაში და ღაზას სექტორში მიმდინარე ომებზე, ეკონომიკურ კრიზისზე და კოალიციურ მთავრობაში მომხდარ უთანხმოებაზე, ამ დროს კი საქართველოში დრამატული მოვლენები ვითარდება. უკვე თითქმის ერთი წელია ქართველები ყოველდღიურად აპროტესტებენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს, ამას კი ახლა არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენებიც დაემატა. ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებს, წესით, შედარებით ნაკლები პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ საქართველოში საქმე სხვაგვარადაა. ადგილობრივი არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, უკმაყოფილებისა და მრისხანების გამომწვევ მოვლენას წარმოადგენს. ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან თვლის, რომ ხელისუფლება მას მაინც გააყალბებს. არჩევნებს არც ევროკავშირისა და სხვა ორგანიზაციების საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებიან. ქართველებს როგორც კი დაელაპარაკები, მათგან მუდმივად გესმის, რომ ქვეყანა თანდათან ბელარუსს ემსგავსება“, – წერს პუბლიკაციის ავტორი.

სტატია რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, რომლებთაც ასეთი ქვესათაურები აქვთ:

ა) „დაპატიმრებები, ძალადობა და ხალხის მრისხანება“ – გადმოცემულია ოპოზიციის დამოკიდებულება მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსის მიმართ, „რომელიც სულ უფრო ანტიდასავლურ კანონებს იღებს და მის საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო მეტად ჩანს პრორუსული ორიენტაცია. ხელისუფლება სულ უფრო მეტად აქტიურობს დასავლეთის მხარდამჭერ მოქალაქეთა დასაშინებლად, რომლებსაც აპატიმრებს და დევნის“. ყურადღება გამახვილებულია აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებზე – ოპოზიციური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ იგორ ნარმანიაზე და ა.შ.

ბ) „ბრიუსელისკენ თუ მოსკოვისაკენ?“ – პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანულენოვანი იურისტია, რომელმაც დოქტორის ხარისხი დიუსელდორფში მიიღო, მაგრამ სწორედ მან გამოაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება საქართველოს გაწევრიანების მიზნით. ამის მიზეზი ისაა, რომ თბილისის პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია ორი მიმართულება ებრძვის ერთმანეთს – საიდ წავიდეს ქვეყანა – ბრიუსელისკენ თუ მოსკოვისაკენ? ბოლო დროს პრომოსკოვური კურსი შესამჩნევი გახდა. როგორც ჩანს, ამას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტები განაპირობებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა.

გ) „ოპოზიციის ნაწილის იმედები: „ხელისუფლება დაემხობა“ – სტატიის ამ ნაწილში საუბარია „ცნობილი საოპერო მომღერლის“ პაატა ბურჭულაძის დეკლარაციაზე მთავრობის მშვიდობიანი დამხობის მიზნით. ავტორი ესაუბრება თინათინ ერქვანიას, სამართლის პროფესორს, რომელმაც დოქტორის წოდება ბერლინში მიიღო და მიხეილ სააკაშვილის პარტიის მომხრეა და რომელიც აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ქართველების ოცნება – დემოკრატია და კანონის უზენაესობა – დაასამარა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, „ძნელია იმის წარმოდგენა, რომ საქართველო – ტურიზმისა და დასვენების ქვეყანა, რომელიც გერმანელებში პოპულარობით სარგებლობს თავისი ღვინით და ეროვნული საჭმელებით, რომელსაც ევროკავშირში წევრად მიღების კანდიდატის სტატუსი აქვს, რომლის მოსახლეობის 80%-ს პროევროპული ორიენტაცია აქვს, უეცრად ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცეს. სამწუხაროდ, ავტორიტარიზმის ნიშნები სულ უფრო მეტი ხდება, რაც სხვადასხვა ფაქტებით და მოვლენებით დასტურდება. მაგალითად, იმით, თუ როგორ უპატივცემლოდ ეპყრობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელები გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, ან სხვა დასავლელ დიპლომატებს: მათ მმართველი პარტიის ფუნქციონერები ყოველდღიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.  პარლამენტის სპიკერმა გერმანიის ელჩს სიტუაციის ესკალაცია დააბრალა – იმიტომ, რომ იგი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ერევა და მმართველ პარტიას საჯაროდ აკრიტიკებს. გერმანიის ელჩი ამას წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს [და მისი მოქმედებით უკმაყოფილება გამოხატეს] – პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში“.

დ) „რეპრესიები ძლიერდება“ – საქართველოს დამოუკიდებელი მასმედია წნეხის ქვეშაა. კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლები ან ზეწოლის ქვეშ არიან, ან მათ სამსახურებიდან ათავისუფლებენ. ქვეყანაში შიშის გრძნობაა გაბატონებული. რეპრესიებს ვერ გაექცნენ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და ისინი, რომლებიც ადრე ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები იყვნენ, მაგალითად, გიორგი ბაჩიაშვილი.

„და მაინც თბილისში არჩევნების დღეს რევოლუცია არ მომხდარა. ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, პრეზიდენტის სასახლის შტურმი მთავრობის დაკვეთით განხორციელდა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას აფრთხილებს, რომ სახელმწიფოს პასუხი იქნება უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ. სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია „დი ველტში“ გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს.

კიდევ ერთი გერმანული მედიასაშუალების – სამაუწყებლო კომპანიის – რადიო „დოიჩე ველეს” (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „საქართველოში პოლიციამ მთავრობის მოაწინააღმდეგე მომიტინგებიის მიმართ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა“ (ავტორი – ემა სასიპორნკარი), რომელიც გადმოცემულია ქართული საზოგადოების ოპოზიციური ნაწილის უკმაყოფილება მმართველი პარტიის ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ.

პუბლიკაციები გამოქვეყნდა აგრეთვე ბრიტანულ მასმედიაშიც – გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) დაბეჭდა სტატია სათაურით „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისში მომხდარი პროტესტების შემდეგ, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე დევნა გამოაცხადა და ევროკავშირის ელჩი „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ მცდელობაში დაადანაშაულა“ (ავტორი – დებორა ქოული). პუბლიკაცია მომზადებულია დასავლური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ამბების საფუძველზე. გარდა ამისა, მსგავსი სტატია გამოაქვეყნა სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“-მ (BBC) თავის ვებ-გვერდზე სათაურით „საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს“ (ავტორი – რაიჰან დემიტრი და ანრი ასტე).

თბილისურ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკული პრესაც – გაზეთ „ლოს ანჟელეს თაიმსში“ (Los Anjeles Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რეპრესიები საქართველოში, რუსეთის მსგავსად, მიმართულია როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეების, ასევე უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი მასმედიიის წინააღმდეგ“ (ავტორები – სოფიკო მეგრელაძე და დაშა ლიტვინოვა).

პუბლიკაციის მთავარი მომენტები: საქართველოს მმართველი პარტია უპრეცედენტო რეპრესიებს ახორციელებს იმ ადამიანებისა და მასმედიის მიმართ, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები არიან. პროტესტის მონაწილეებს დიდი ჯარიმები და პატიმრობა ელოდებათ. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ კურსს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ ბრიუსელმა თბილისზე ზეწოლა მოახდინოს და მმართველმა პარტიამ დემოკრატიისაგან უკუსვლა შეწყვიტოს.

რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ყოველთვის რუსული მასმედიაც ყურადღებას აქცევს. არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციები აქტიურად გაშუქდა ტელეარხების («Первый канал», «Россия-1» და ა.შ.) მიერ მომზადებულ ახალი ამბების გამოშვებებში, ხოლო პრესაში – 6 ოქტომბრის ნომრებში. მაგალითად, გაზეთ „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) დაიბეჭდა სტატია სათაურით „მცირე ოქტომბრის რევოლუცია“: ქართულმა ოპოზიციამ თავისი დაპირება ვერ შეასრულა – მტავრობა ვერ დაამხო“ (ავტორი – გიორგი დვალი), „საქართველოს მუნიციპალური არჩევნების შედეგები, რომელშიც გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა, სრულიად მოსალოდნელი იყო, თუმცა იმავდროულად ინტრიგაც იქნა შენარჩუნებული მთავარი საკითხის მიმართ – რა ელოდება ქვეყანას მომავალში.  არცევნებმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ გააშიშვლა ქართული პოლიტიკის ქრონიკული პრობლემები: ელექტორატის მზარდი დაღლილობა პოლიტიკური ელიტის ღრმა განხეთქილების ფონზე ქვეყნის სტრატეგიული განვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, აგრეთვე ქართველი „მარადიული რევოლუციონერების“ მიერ მოწყობილი ქუჩის პროტესტების სულ უფრო მეტი რადიკალიზაცია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ამ საკითხებზე ავტორი ესაუბრება პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც იმავდროულად ქუთაისის მერობის კანდიდატიც იყო. მისი აზრით, რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია ზომიერ ოპოზიციონერებს მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს, რომ მათ რეჟიმთან ბრძოლის განსხვავებული ხედვა აქვთ. „ძალზე სიმბოლურია, რომ სალომე ზურაბიშვილმაც კი, რომელიც თავის თავს „ერთადერთ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“ უწოდებს, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და სხვა რადიკალები „პროვოკატორებად“ და „ხელისუფლების აგენტებად“ მონათლა“.

კიდევ ერთ რუსულ გაზეთში – „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა: შედეგი მსოფლიო კულტურისათვის – საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს „ჯგუფური დანაშაულის“ ბრალი წაუყენეს“ (ავტორი – მარინა პერევოზკინა). „აშკარაა, რომ საოპერო მომღერლის გაპოლიტიკოსება ქართული ოპოზიციის სასოწარკვეთილი მდგომარეობას მოწმობს: ოპოზიციას აღარ ჰყავს ცნობადი და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებსაც მოსახლეობის აყოლიება შეუძლია. არაპოპულარულ სალომე ზურაბიშვილზე დადებულმა ფსონებმა არ გაამართლა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ავტორი ეხება კონკრეტულად პაატა ბურჭულაძის ბიოგრაფიულ მომენტებსაც: „იგი მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვლავია, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა თეატრებში – მილანის „ლა სკალაში“, მოსკოვის დიდ თეატრში, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერაში“… სხვათა შორის, 2017 წლიდან პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობს. იგი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ნემო ბურჭულაძის ნათესავია. არ არის გამორიცხული, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკოსად გადაქცევაზე ოჯახმა გარკვეული გავლენა მოახდინა“.

„მოკლედ, არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ პრეზიდენტის სასახლეზე იერიში ხელისუფლების ხრიკების შედეგი იყო, თვითონ ისინი მშვიდობიან მიტინგს ატარებდნენ…“.

პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.

„კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.

პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის. მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ. აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.

„საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 4 ოქტომბერს უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებული სპეციალური ღონისძიებებისთვის“, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.